საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საჯარო მოხსენების მომზადება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • საჯარო მოხსენების მომზადება

      იეჰოვას მოწმეთა კრებების უმრავლესობაში ყოველკვირეულად იკითხება საჯარო მოხსენება რომელიმე ბიბლიურ თემაზე. თუ უხუცესი ან მომსახურე ხარ, მეტყველებს შენი გამოსვლები იმაზე, რომ კარგ მომხსენებლად და მასწავლებლად ჩამოყალიბდი? თუ ასეა, საჯარო მოხსენებებით გამოსვლის შესაძლებლობაც გექნება. თეოკრატიული მსახურების სკოლამ ათიათასობით ძმა მოამზადა ამგვარი მსახურებისთვის. რით უნდა დაიწყო საჯარო მოხსენების მომზადება?

      შეისწავლე გეგმა

      ვიდრე მასალის მოძებნას შეუდგებოდე, წაიკითხე გეგმა და იფიქრე მასზე, რომ კარგად ჩასწვდე აზრებს. გონებაში ჩაიბეჭდე მოხსენების თემა, რომელიც სათაურიდან ჩანს. რა უნდა ასწავლო მსმენელს? რა მიზანი გაქვს?

      გაეცანი ქვესათაურებს. ეს შენი თემის მთავარი აზრებია, რომლებიც უნდა გააანალიზო. როგორ უკავშირდება ისინი თემას? მთავარი აზრების ქვევით მოცემულია მათი მხარდამჭერი აზრები. მათ დაბლა კი ის დამატებითი აზრებია მოცემული, რომლებიც ამ მხარდამჭერ აზრებს განავრცობს. დააკვირდი გეგმის თითოეულ ნაწილს. რა კავშირი აქვს წინა ნაწილთან, როგორ უკავშირდება მომდევნოს და როგორ უწყობს ხელს მოხსენების ძირითადი მიზნის მიღწევას? თუ გაანალიზებული გაქვს თემა, მოხსენების მიზანი და მთავარი აზრების როლი ამ მიზნის მისაღწევად, დროა, მასალის მომზადებაზე გადახვიდე.

      თავიდან შეიძლება უფრო გაგიადვილდეს, თუ წარმოიდგენ, რომ შენი მოხსენება ოთხი ან ხუთი პატარა მოხსენებისგან შედგება და თითოეულ მათგანში ერთი მთავარი აზრია. თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე მოამზადე.

      გეგმა მოხსენების მოსამზადებლად გეძლევა და არა მოხსენებით გამოსვლის დროს გამოსაყენებელ კონსპექტად. გეგმა, უბრალოდ, ჩონჩხია. შენ მას, ასე ვთქვათ, ხორცი უნდა შეასხა, გული ჩაუდგა და სული შთაბერო.

      ბიბლიური მუხლების გამოყენება

      იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების სწავლება წმინდა წერილებზე იყო დაფუძნებული (ლუკ. 4:16—21; 24:27; საქ. 17:2, 3). შენც მათ უნდა მიჰბაძო. ბიბლიური მუხლები შენი მოხსენების საფუძველი უნდა იყოს. ამიტომაც გეგმაში მოცემული აზრების ახსნისა და მათი პრაქტიკული მნიშვნელობის განსაზღვრის გარდა, იმასაც დაუკვირდი, თუ როგორ დასტურდება ბიბლიური მუხლებით ის, რაც გეგმაში არის ნათქვამი, და შემდეგ ბიბლიის გამოყენებით ასწავლე.

      მოხსენების მომზადებისას გეგმაში მოყვანილი თითოეული მუხლი გამოიკვლიე. დაუკვირდი კონტექსტს. ზოგი მუხლი უბრალოდ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის. მოხსენებით გამოსვლისას საჭირო არ არის ყველა მუხლის წაკითხვა ან განხილვა. მხოლოდ ის მუხლები შეარჩიე, რომლებიც საუკეთესოა მსმენელისთვის. თუ გეგმაში მოცემულ მუხლებს საფუძვლიანად განიხილავ, ალბათ, აღარ დაგჭირდება დამატებითი მუხლების მოყვანა.

      ის, თუ რამდენად კარგი გამოგივა მოხსენება, გამოყენებული მუხლების რაოდენობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ სწავლების ხარისხზე. მუხლების წაკითხვისას მსმენელს დაანახვე, რატომ მოგყავს ისინი. იმსჯელე მათ პრაქტიკულ მნიშვნელობაზეც. მუხლის წაკითხვის შემდეგ, განხილვის დროს, ბიბლია გადაშლილი გეჭიროს. მსმენელიც, ალბათ, ასევე მოიქცევა. როგორ უნდა აღუძრა მსმენელს ინტერესი და როგორ უნდა დაეხმარო ღვთის სიტყვიდან მეტი სარგებლობის მიღებაში? (ნეემ. 8:8, 12). ამას შეძლებ ბიბლიური მუხლების ახსნით, მაგალითების მოყვანითა და მუხლების პრაქტიკული ღირებულების ჩვენებით.

      ბიბლიური მუხლების ახსნა. ვიდრე მოიფიქრებ, როგორ ახსნა ძირითადი მუხლი, ჰკითხე საკუთარ თავს: „რა იგულისხმება ამ სიტყვებში? რატომ ვიყენებ მას მოხსენებაში? რა შეკითხვები დაებადება მსმენელს ამ მუხლთან დაკავშირებით?“ ალბათ, დაგჭირდება, გააანალიზო კონტექსტი, ისტორიული ფონი, ტექსტის დაწერისას არსებული მდგომარეობა, გამოყენებული სიტყვების აზრობრივი დატვირთვა და ღვთისგან შთაგონებული მწერლის მიზანი. ამისათვის კი გამოკვლევაა საჭირო. საკმარისზე მეტ ფასდაუდებელ ინფორმაციას იპოვი „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციებში (მათ. 24:45—47). ნუ შეეცდები მუხლის ყოველმხრივ ახსნას; მსმენელს ის აუხსენი, თუ რატომ წააკითხე ეს მუხლი განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

      მაგალითები. მაგალითების მიზანი ის არის, რომ მსმენელმა უკეთ გაიგოს და დაიმახსოვროს განხილული აზრი ან პრინციპი. მაგალითები ეხმარება მსმენელებს, ჩასწვდნენ შენს ნათქვამს და დაუკავშირონ იმას, რაც უკვე იციან. იესო ქრისტე სწორედ მაგალითებს იყენებდა მთაზე ქადაგებისას, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი. „ცის ფრინველები“, „მინდვრის შროშანები“, „ვიწრო ჭიშკარი“, „კლდოვან ადგილზე აშენებული სახლი“ — ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რომლებმაც იესოს სწავლება შთამბეჭდავი, ნათელი და დაუვიწყარი გახადა (მათე, თავები 5—7).

      ბიბლიური მუხლების პრაქტიკული ღირებულების ჩვენება. ბიბლიური მუხლების ახსნა და მაგალითების მოყვანა ადამიანს ცოდნის შეძენაში ეხმარება, მაგრამ სასურველი შედეგი მხოლოდ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას მოაქვს. ცხადია, მსმენელზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ბიბლიიდან მიღებულ ინფორმაციას, მაგრამ, შენი მხრივ, შეგიძლია დაანახვო, როგორ შეუძლია ამის გაკეთება. როდესაც დარწმუნდები, რომ მსმენელს ესმის შენ მიერ განხილული ბიბლიური მუხლი და ხვდება, რატომ იქნა მოყვანილი, კარგად დაანახვე, რა გავლენა უნდა მოახდინოს ამ მუხლმა მის მრწამსსა და ქცევაზე. ახსენი, რა სიკეთე მოაქვს მცდარი შეხედულებებისგან გათავისუფლებას ან არასწორი საქციელის მიტოვებას, რაზეც მოხსენებაშია საუბარი.

      როდესაც ფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მუხლის პრაქტიკული ღირებულების ჩვენება, გაითვალისწინე, რომ სხვადასხვა კატეგორიის მსმენელი გეყოლება. მათ შორის შეიძლება იყვნენ ახალი დაინტერესებულები, ახალგაზრდები, ასაკოვნები ან სხვადასხვა პრობლემის წინაშე მდგომი ადამიანები. ეცადე, შენი მოხსენება პრაქტიკული და ცხოვრებისეული გახადო. მოერიდე ისეთი რჩევების მიცემას, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას შექმნის, თითქოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გყავს მხედველობაში.

      რა არის დამოკიდებული მომხსენებელზე?

      შენი მოხსენებისთვის ზოგი რამ გეგმაში უკვე დადგენილია. მთავარი აზრები წინასწარ განსაზღვრულია, აგრეთვე მითითებულია, რა დრო უნდა დაუთმო თითოეულ ქვესათაურს. დანარჩენი შენზეა დამოკიდებული. თავად შეგიძლია გადაწყვიტო, რომელ დამატებით აზრზე შეჩერდები შედარებით დიდხანს და რომელს ნაკლებ დროს დაუთმობ. არ იფიქრო, რომ ყველა აზრი საგულდაგულოდ უნდა გააშუქო. ასეთ შემთხვევაში აჩქარება მოგიწევს და მსმენელს გადატვირთავ ინფორმაციით. როგორ უნდა განსაზღვრო, თუ რაზე შეჩერდე შედარებით დიდხანს და რა მხოლოდ მოიხსენიო? დაფიქრდი: „რომელი აზრები დამეხმარება მოხსენების ძირითადი აზრის გადაცემაში? განსაკუთრებით რომელი აზრები გამოადგება მსმენელს? გაწყდება თუ არა ლოგიკური კავშირი? ხომ არ შესუსტდება მსჯელობის ლოგიკა რომელიმე მუხლისა და მასთან დაკავშირებული აზრის ამოღებით?“

      მოერიდე შეუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენებას და მსმენელს თავს არ მოახვიო საკუთარი აზრები. თავად ღვთის ძე, იესო ქრისტეც კი არ ლაპარაკობდა ‘თავისით’ (იოან. 14:10). გახსოვდეს, რომ ხალხი იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე ბიბლიის განხილვის მოსასმენად მოდის. თუ კარგ მომხსენებლად ითვლები, მიზეზი ალბათ ის არის, რომ ყურადღებას საკუთარ თავზე კი არა, ღვთის სიტყვაზე ამახვილებ. სწორედ ამის გამო ფასდება შენი მოხსენებები (ფილ. 1:10, 11).

      ახლა, როცა გეგმას „ხორცი შეასხი“ და მზად გაქვს მოხსენება, რომელშიც საფუძვლიანად არჩევ ბიბლიურ მუხლებს, უკვე დროა, გამოსვლისთვის ივარჯიშო. კარგი იქნება, ხმამაღლა წარმოთქვა მოხსენება. მნიშვნელოვანია, რომ გონებაში ნათლად გქონდეს ჩაბეჭდილი თითოეული აზრი. უნდა შეგეძლოს მასალის სულითა და გულით, ცოცხლად და ენთუზიაზმით გადმოცემა. მოხსენების წარმოთქმამდე დაფიქრდი: „რა მიზნის მიღწევა მსურს?“ აგრეთვე ჰკითხე საკუთარ თავს: „გამოკვეთილია მთავარი აზრები? ნამდვილად ბიბლიაზე დავაფუძნე ჩემი მოხსენება? ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს მთავარი აზრები? უნერგავს თუ არა ჩემი მოხსენება მსმენელს მადლიერებას იმისათვის, რასაც იეჰოვა აკეთებს? შეესაბამება დასკვნა თემას? დაანახვებს დასკვნა მსმენელს, როგორ მოიქცეს? აღძრავს კონკრეტული მოქმედებისკენ?“ თუ ამ შეკითხვებზე დადებითად უპასუხებ, ნამდვილად შეძლებ ცოდნის სასიკეთოდ გამოყენებას და იეჰოვას განდიდებას (იგავ. 15:2).

      როდესაც შენი მოხსენება ითარგმნება

      ბევრ ქვეყანაში რამდენიმე ენაზე ლაპარაკობენ, ამიტომაც ზოგჯერ მოხსენებები ითარგმნება. თუ ოდესმე შენი მოხსენებაც გადაითარგმნება, შემდეგი მითითებები დამხმარე იქნება როგორც პირადად შენთვის, ისე მთარგმნელისთვის.

      • შენი მოხსენების ხარისხი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თარგმანზე. გამოცდილი მთარგმნელიც კი ბევრად უკეთესად გადათარგმნის, თუ მომზადების საშუალებას მისცემ.

      • ჩვეულებრივ, მოხსენების, სულ მცირე, ერთი მესამედით შემცირება მაინც დაგჭირდება იმისათვის, რომ მთარგმნელსაც მისცე დრო (ჟესტების ენა გამონაკლისია, რადგან შესაძლებელია სინქრონულად თარგმნა).

      • გამოსვლამდე მთარგმნელთან ერთად გადახედე გეგმას და აუხსენი მოხსენების მიზანი. თუ კონგრესზე მზა ტექსტი უნდა წაიკითხო, მთარგმნელს წინასწარ მიეცი ტექსტის ასლი.

      • მთარგმნელთან ერთად განიხილე ბიბლიური მუხლები, რომელთა გამოყენებასაც აპირებ. შეამოწმე, ერთი და იგივე აზრს გადმოსცემს თუ არა ბიბლიის ორივე თარგმანი. უჩვენე მთარგმნელს, რომელ სიტყვებზე გაამახვილებ ყურადღებას და რომლებს ახსნი.

      • წინასწარ გადაწყვიტეთ, ორივე ენაზე წაიკითხავთ ბიბლიურ მუხლებს, თუ მხოლოდ ერთზე. ჩვეულებრივ, საკმარისია მხოლოდ იმ ენაზე წაკითხვა, რომელზეც მოხსენება ითარგმნება.

      • თარიღების, რიცხვებისა და მოყვანილი ბიბლიური მუხლების სწრაფად წარმოთქმამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას მთარგმნელს. გააკეთე პაუზები და შეეცადე, სტატისტიკური მონაცემების მოყვანისას რიცხვები დაამრგვალო.

      • განიხილეთ თითოეული მაგალითი, იდიომი ან იშვიათი ფრაზა, რომელთა გამოყენებასაც აპირებ. დარწმუნდი, რომ მთარგმნელს ესმის ისინი და შეუძლია იგივე აზრის გადმოცემა.

      • ილაპარაკე მოკლე წინადადებებით. ეცადე აზრი დაასრულო, ვიდრე მთარგმნელს დაუთმობ სიტყვას (ის აზრებს თარგმნის და არა თითოეულ სიტყვას). იმისათვის, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ, საშუალება მიეცი მთარგმნელს, დაასრულოს წინადადება და შემდეგ განაგრძე.

      • თარგმნა ადვილი იქნება, თუ საკმაოდ ხმამაღლა ილაპარაკებ და გარკვევით წარმოთქვამ სიტყვებს.

  • განივითარე სწავლების უნარი
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • განივითარე სწავლების უნარი

      რა მიზანს ისახავ, როგორც მასწავლებელი? თუ არც ისე დიდი ხნის წინათ გახდი სამეფოს მაუწყებელი, უეჭველად გექნება სურვილი, ისწავლო ბიბლიის შესწავლების ჩატარება; იესომ ხომ თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება დაავალა (მათ. 28:19, 20). თუ გამოცდილი მაუწყებელი ხარ, შეიძლება მიზნად გაქვს დასახული, უკეთ მიიტანო სათქმელი მათ გულებამდე, ვისი დახმარებაც გწადია. შვილები თუ გყავს, უსათუოდ გენდომება, ისე ასწავლო მათ, რომ ღვთისადმი მიძღვნის სურვილი აღუძრა (3 იოან. 4). თუ უხუცესი ხარ ან ისწრაფვი ამ პასუხისმგებლობისკენ, ალბათ, გსურს უკეთესი მომხსენებელი გახდე, რომ იეჰოვასა და მისი გზების მიმართ მადლიერება ჩაუნერგო მსმენელს. როგორ უნდა მიაღწიო ამ მიზნებს?

      მიჰბაძე დახელოვნებულ მასწავლებელს, იესო ქრისტეს (ლუკ. 6:40). მთის ფერდობზე შეკრებილ დიდძალ ხალხს ელაპარაკებოდა თუ გზაზე მიმავალ რამდენიმე კაცს, მისი სწავლება ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მსმენელზე. იესო მსმენელის გულსა და გონებას „აღვიძებდა“. ის მათ უხსნიდა, როგორ უნდა გამოეყენებინათ ნასწავლი ცხოვრებაში. შესაძლებელია, რომ შენც მის მსგავსად ასწავლო?

      მიენდე იეჰოვას

      იესოს სწავლების ბრწყინვალე უნარი იმით იყო განპირობებული, რომ მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ზეციერ მამასთან და ღვთის სულით იყო კურთხეული. გულითადად სთხოვ ლოცვაში იეჰოვას, რომ შეძლო ბიბლიის შესწავლების კარგად ჩატარება? თუ მშობელი ხარ, ლოცულობ რეგულარულად, რომ გიხელმძღვანელოს ღმერთმა შვილების სწავლებისას? ლოცულობ მთელი გულით, როცა მოხსენებით გამოსასვლელად ან შეხვედრის ჩასატარებლად ემზადები? თუ იეჰოვას ენდობი და ლოცულობ ასეთ საკითხებზე, უკეთესი მასწავლებელი გახდები.

      იეჰოვაზე მინდობის ერთ-ერთი საშუალება მის სიტყვაზე, ბიბლიაზე, დაყრდნობაა. თავისი, როგორც სრულყოფილი ადამიანის, სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს იესომ იეჰოვას ლოცვაში უთხრა: „შენი სიტყვა მივეცი მათ“ (იოან. 17:14). თუმცა იესოს უდიდესი გამოცდილება ჰქონდა, არასდროს ლაპარაკობდა თავის აზრებს. ის მუდამ იმას ამბობდა, რაც მამისგან ჰქონდა ნასწავლი; ამით მან მაგალითი მოგვცა (იოან. 12:49, 50). ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის სიტყვებს ადამიანებზე — მათ ქცევებზე, ფიქრებსა და გრძნობებზე — ზემოქმედების ძალა აქვს (ებრ. 4:12). ღვთის სიტყვის ცოდნა და მსახურებაში მისი სათანადოდ გამოყენება კარგ მასწავლებლად ჩამოგაყალიბებს და უკეთ დაეხმარები ხალხს ღმერთთან დაახლოებაში (2 ტიმ. 3:16, 17).

      განადიდე იეჰოვა

      სწავლებაში ქრისტეს მიბაძვა უბრალოდ საინტერესო მოხსენების წაკითხვას არ ნიშნავს. მართალია, ხალხს აოცებდა იესოს „მადლიანი სიტყვები“ (ლუკ. 4:22). მაგრამ რა იყო იესოს მიზანი, როცა ასე კარგად ლაპარაკობდა? იეჰოვას განდიდება და არა საკუთარ თავზე ყურადღების გამახვილება (იოან. 7:16—18). მან მოუწოდა თავის მიმდევრებს: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათ. 5:16). იესოს ამ რჩევამ ზეგავლენა უნდა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ვასწავლით. უნდა ვეცადოთ, არაფერმა შეგვიშალოს ხელი ამ მიზნის მიღწევაში. ამიტომაც, როდესაც ვფიქრობთ, რა ვთქვათ და როგორ ვთქვათ, კარგი იქნება, საკუთარ თავს ვკითხოთ: „ჩაუნერგავს ეს სიტყვები მსმენელს იეჰოვასადმი მადლიერებას? თუ ამით მხოლოდ საკუთარ თავზე მივიქცევ ყურადღებას?“

      მაგალითად, სწავლებისას ეფექტურია ცხოვრებისეული შემთხვევებისა და მაგალითების მოყვანა. მაგრამ მეტისმეტად ვრცელი მაგალითის მოყვანისას ან რაიმე შემთხვევის დაწვრილებით მოყოლისას შეიძლება აღარ გამოჩნდეს მისი მიზანი. აგრეთვე, ისეთი ამბების მოყოლა, რომლებიც მსმენელს მხოლოდ გაართობს, ხელს შეგვიშლის მიზნის მიღწევაში. ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვერ მივაღწევთ თეოკრატიული განათლების ნამდვილ მიზანს.

      „განასხვავე“

      ბიბლიის შემსწავლელი ნამდვილი მოწაფე რომ გახდეს, საჭიროა, კარგად გაიგოს ის, რასაც სწავლობს. მან უნდა მოისმინოს ჭეშმარიტება და დაინახოს, რით განსხვავდება ის სხვა შეხედულებებისგან. ამაში დაპირისპირების მეთოდის გამოყენება დაგეხმარება.

      იეჰოვა მოუწოდებდა თავის ხალხს, რომ ‘განესხვავებინათ წმინდა უწმინდურისგან’ (ლევ. 10:9—11). მან განაცხადა, რომ დიდებული სულიერი ტაძრის მსახურებს ხალხისთვის უნდა ესწავლებინათ „წმინდისა და შებღალულის ერთმანეთისგან გარჩევა“ (ეზეკ. 44:23). ბიბლიის წიგნში „იგავები“ მრავალჯერ არის ერთმანეთთან დაპირისპირებული სიკეთე და ბოროტება, სიბრძნე და უგუნურება. ორი რამის ერთმანეთისგან განსხვავება იმ შემთხვევაშიც კი შეიძლება, თუ ისინი სრულიადაც არ არის ურთიერთსაპირისპირო. მოციქულმა პავლემ რომაელების 5:7-ში ერთმანეთისგან განასხვავა მართალი და კარგი კაცი. ებრაელების მიმართ წერილში მან დაგვანახვა, რომ ქრისტეს მღვდელმთავრად მსახურება აღემატება აარონის მღვდელმთავრად მსახურებას. მე-17 საუკუნის პედაგოგი, იან ამოს კომენსკი, წერდა: „სწავლება იმას ნიშნავს, რომ დაანახვო, როგორ განსხვავდება ერთი რამ მეორისაგან დანიშნულებით, ფორმითა და წარმოშობით . . . ამიტომაც, ვისაც განსხვავების ჩვენება შეუძლია, ის კარგადაც ასწავლის“.

      ვთქვათ, ვინმეს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლი. თუ მას არ ესმის, რა არის ღვთის სამეფო, შეგიძლია აუხსნა, რით განსხვავდება ბიბლიის სწავლება იმ აზრისგან, რომ ეს სამეფო უბრალოდ ადამიანის გულშია. ან შეგიძლია დაანახვო, რა განსხვავებაა ღვთის სამეფოსა და ადამიანთა ხელისუფლებებს შორის. თუ მსმენელისთვის ცნობილია ეს ძირითადი სწავლებები, შეიძლება კიდევ უფრო დაწვრილებით გაარჩიო საკითხი. შეგიძლია დაანახვო, რით განსხვავდება მესიის სამეფო იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისგან, რომელიც ფსალმუნის 103:19-შია ნაგულისხმები, ან „საყვარელი ძის სამეფოსგან“, რომელიც კოლოსელების 1:13-შია მოხსენიებული, ანდა ‘ქრისტეში ყველაფრის თავმოყრისგან‘, რაზეც ეფესოელების 1:10-შია ლაპარაკი. დაპირისპირების მეთოდი შენს მსმენელს ამ მნიშვნელოვანი ბიბლიური სწავლების ნათლად გაგებაში დაეხმარება.

      იესო ხშირად მიმართავდა სწავლების ამ მეთოდს. ის ერთმანეთს უპირისპირებდა მოსეს კანონის შესახებ საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებებსა და კანონის ნამდვილ არსს (მათ. 5:21—48). ღვთისადმი ჭეშმარიტ ერთგულებას განასხვავებდა ფარისეველთა თვალთმაქცობისგან (მათ. 6:1—18). ერთმანეთთან აპირისპირებდა მმართველების მიერ გამოვლენილ სულსა და თავგანწირვის სულს, რომელიც მის მიმდევრებს უნდა გამოევლინათ (მათ. 20:25—28). ერთხელ, როგორც მათეს 21:28—32-შია მოთხრობილი, იესომ მსმენელებს შესთავაზა, თავად გაეკეთებინათ განსხვავება საკუთარ თვალში მართალ ადამიანსა და ჭეშმარიტ მომნანიებელს შორის. ამით კარგად სწავლების სხვა მნიშვნელოვან მეთოდზე გადავდივართ.

      აღძარი მსმენელი, იფიქროს

      მათეს 21:28-ში ვკითხულობთ, რომ მაგალითის მოყვანამდე იესომ შეკითხვა დასვა: „ამაზე რას ფიქრობთ?“. კარგი მასწავლებელი მხოლოდ ფაქტებზე როდი ამახვილებს ყურადღებას ან მხოლოდ კითხვებზე როდი პასუხობს. ის მსმენელს ფიქრისკენ აღძრავს (იგავ. 3:21; რომ. 12:1). ეს, გარკვეულწილად, კითხვების დასმით არის შესაძლებელი. მათეს 17:25-ის თანახმად, იესომ პეტრეს ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მიწიერი მეფეები ბაჟს ან სულადობრივ გადასახადს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“. დამაფიქრებელი შეკითხვა პეტრეს დაეხმარა, თავადვე გამოეტანა სწორი დასკვნა — უნდა გადაეხადა თუ არა იესოს ტაძრის გადასახადი. აგრეთვე, იესომ მღვდლისა და ლევიანის საქციელს დაუპირისპირა სამარიელის საქციელი, როდესაც ერთმა კაცმა ჰკითხა, თუ ვინ იყო მისი მოყვასი; და შემდეგ თავადაც დაუსვა შეკითხვა: „როგორ ფიქრობ, რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“ (ლუკ. 10:29—36). ამ შემთხვევაშიც იესომ მსმენელის მაგივრად კი არ გამოიტანა დასკვნა, არამედ თავად მას გააცემინა პასუხი (ლუკ. 7:41—43).

      ჩასწვდი მსმენელის გულს

      მასწავლებლებს, რომლებიც ჩასწვდნენ ღვთის სიტყვის არსს, ესმით, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მხოლოდ ფაქტების დამახსოვრება და კანონების შესრულება არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა და მისი გზების სიყვარული. ასეთ თაყვანისმცემლობაში მნიშვნელოვან როლს გული ასრულებს (კან. 10:12, 13; ლუკ. 10:25—27). ბიბლიაში „გული“ ხშირად პიროვნების შინაგან სამყაროს — სურვილებს, მისწრაფებებსა და გრძნობებს — გამოხატავს.

      იესოს ესმოდა, რომ ადამიანებისგან განსხვავებით ღმერთი გულს უყურებს და არა — გარეგნობას (1 სამ. 16:7). ღვთისადმი მსახურებისას მისი სიყვარული უნდა გვამოძრავებდეს და არა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი (მათ. 6:5—8). ფარისევლები ბევრ რამეს სხვების დასანახად აკეთებდნენ. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კანონის თითოეული წვრილმანის შესრულებას და მათ მიერვე დაწესებული კანონების მორჩილებას. თითქოსდა ღმერთს ემსახურებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში არ ჰბაძავდნენ ღმერთს მისი თვისებების გამოვლენაში (მათ. 9:13; ლუკ. 11:42). იესო ასწავლიდა, რომ ღვთის მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვანია, მაგრამ მორჩილების ფასი იმით განისაზღვრება, რაც გულში აქვს ადამიანს (მათ. 15:7—9; მარ. 7:20—23; იოან. 3:36). თუ იესოს მივბაძავთ, სწავლებისას საუკეთესო შედეგებს მივაღწევთ — ხალხს დავეხმარებით იმის გაგებაში, თუ რას მოითხოვს ღმერთი მათგან. აგრეთვე გავაცნობთ და შევაყვარებთ იეჰოვას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაშინ ისინი ქცევით ცხადყოფენ, რას ნიშნავს მათთვის ჭეშმარიტ ღმერთთან კარგი ურთიერთობა.

      ცხადია, ასეთი სწავლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შედეგიანი, თუ ადამიანი გულწრფელად შეაფასებს საკუთარი გულის მდგომარეობას. იესო ხალხს მოუწოდებდა, გამოეკვლიათ, რა ამოძრავებდათ და შეემოწმებინათ თავიანთი გრძნობები. როდესაც მსმენელებს თვალსაზრისს უსწორებდა, ეკითხებოდა, რა იყო მათი ამა თუ იმ აზრის, ნათქვამის ან საქციელის მიზეზი. გარდა ამისა, სიტყვით, მაგალითის მოყვანით ან საკუთარი მოქმედებით ეხმარებოდა მათ, სწორად შეეხედათ საკითხისთვის (მარ. 2:8; 4:40; 8:17; ლუკ. 6:41, 46). იესოს მსგავსად, ჩვენც დავეხმარებით მსმენელს, თუ აღვძრავთ მას, საკუთარ თავს დაუსვას, მაგალითად, ასეთი შეკითხვები: „რატომ მომწონს ასეთი საქციელი? რატომ მაქვს ასეთი რეაქცია ამა თუ იმ საკითხზე?“ შემდეგ კი უნდა დავანახვოთ, რატომ ღირს, იეჰოვას თვალსაზრისით შეხედოს ყოველივეს.

      პრაქტიკული ღირებულება

      კარგმა მასწავლებელმა იცის, რომ მთავარი „სიბრძნის შეძენაა“ (იგავ. 4:7). სიბრძნე არის ცოდნის გამოყენების უნარი, მაგალითად, პრობლემების გადასაჭრელად, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მიზნების მისაღწევად და სხვების დასახმარებლად. მასწავლებლის მოვალეობაა, მოსწავლეს სიბრძნით მოქმედება ასწავლოს, მაგრამ მის მაგივრად არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. ბიბლიის პრინციპების განხილვისას დაეხმარე მსმენელს, იმსჯელოს. შეგიძლია მაგალითად მოუყვანო რაიმე ცხოვრებისეული სიტუაცია და შემდეგ ჰკითხო, როგორ დაეხმარებოდა ნასწავლი ბიბლიური პრინციპი, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყო (ებრ. 5:14).

      ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრე მოციქულმა მსმენელებს შესანიშნავად დაანახვა წმინდა წერილების პრაქტიკული ღირებულება, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე (საქ. 2:14—36). მან ჯერ წმინდა წერილებიდან სამი ისეთი მონაკვეთი განიხილა, რომლებიც შეკრებილი ხალხისთვის ნაცნობი და მისაღები იყო. შემდეგ კი მათ დაანახვა, თუ რა კავშირი ჰქონდა ამ ინფორმაციას იმ მოვლენებთან, რომელთა მოწმენიც თავად იყვნენ. ამან ხალხი აღძრა, მოსმენილის შესაბამისად მოქცეულიყო. ახდენს მსმენელზე მსგავს გავლენას შენი სწავლება? მხოლოდ ფაქტები მოგყავს თუ იმის გაგებაშიც ეხმარები, რატომ უნდა ესმოდეს ესა თუ ის საკითხი მაინცდამაინც ასე? აღძრავ თუ არა, დაფიქრდნენ, როგორ უნდა იმოქმედოს ნასწავლმა მათ ცხოვრებაზე? მსმენელებმა შეიძლება ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილი ხალხივით არ წამოიძახონ: „როგორ მოვიქცეთ?“; მაგრამ თუ სათანადოდ გამოიყენებ ბიბლიას, ისინი დაფიქრდებიან იმაზე, თუ რამდენად საჭიროა შესაბამისად მოქმედება (საქ. 2:37).

      შვილებთან ერთად ბიბლიის კითხვისას მშობლებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ, მიაჩვიონ ისინი იმაზე დაფიქრებას, თუ როგორ შეუძლიათ ბიბლიური პრინციპების გამოყენება (ეფეს. 6:4). მაგალითად, ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან შეგიძლია შეარჩიო რამდენიმე მუხლი, განიხილო და შემდეგ დასვა შეკითხვები: „რას ვსწავლობთ აქედან? როგორ შეგვიძლია ამ მუხლების გამოყენება მსახურებაში? რას ვიგებთ იეჰოვასა და მისი საქმეების შესახებ და როგორ გვინერგავს ეს მისადმი მადლიერებას?“ აღძარი ოჯახის წევრები, კომენტარები გააკეთონ ამ აზრებზე თეოკრატიული მსახურების სკოლაში ბიბლიის მნიშვნელოვანი აზრების განხილვისას. ცხადია, ისინი უკეთ დაიმახსოვრებენ მუხლებს, რომლებზეც კომენტარებში გაამახვილებენ ყურადღებას.

      მიეცი მაგალითი

      სწავლება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც შეგიძლია. შენი საქციელით იძლევი მაგალითს, პრაქტიკულად როგორ შეიძლება იმის გამოყენება, რაზეც ლაპარაკობ. სწორედ ასე სწავლობენ ბავშვები. ისინი მშობლებს ჰბაძავენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სურთ, მათ დაემსგავსონ. ბავშვებს უნდათ, თვითონაც სცადონ იმის გაკეთება, რასაც მშობლები აკეთებენ. ასეა ბიბლიის შემსწავლელების შემთხვევაშიც. როდესაც ისინი ‘გბაძავენ შენ, ისევე როგორც შენ ჰბაძავ ქრისტეს’, ხედავენ, რა კურთხევები მოაქვს იეჰოვას გზებით სიარულს (1 კორ. 11:1). ისინი პირად ცხოვრებაშიც იგრძნობენ იეჰოვას ხელმძღვანელობას.

      ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად აუცილებელია კარგი მაგალითის მიცემა. ჩვენი „წმიდა საქციელი და ღვთისადმი ერთგულება“ ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენების ცოცხალი მაგალითი იქნება მათთვის, ვისაც ვასწავლით (2 პეტ. 3:11). თუ ბიბლიის შემსწავლელს აღძრავ, რეგულარულად იკითხოს ბიბლია, თავადვე იყავი გულმოდგინე ამაში. თუ გინდა, რომ შვილებმა ყოველთვის ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელონ, ისინი უნდა ხედავდნენ, რომ თავადაც ღვთის ნებისამებრ იქცევი. თუ კრების წევრებს მოუწოდებ, რომ მონდომებით იქადაგონ, შენც გულმოდგინე მქადაგებელი უნდა იყო. როდესაც თავად იყენებ ცხოვრებაში იმას, რასაც ასწავლი, სხვებს უკეთ აღძრავ სწორად მოქმედებისკენ (რომ. 2:21—23).

      თუ სწავლების უნარის გაუმჯობესება გსურს, ჰკითხე საკუთარ თავს: „ჩემი სწავლების შედეგად იცვლიან მსმენელები აზროვნებას, საუბარს ან ქცევას? საკითხს რომ ნათელი მოეფინოს, ვუხსნი მათ, რით განსხვავდება ერთი აზრი ან მოქმედება მეორისაგან? რას ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ნათქვამი უკეთესად დაიმახსოვრონ ბიბლიის შემსწავლელებმა, ჩემმა შვილებმა და კრების შეხვედრებზე დამსწრეებმა? ნათლად ვუხსნი მსმენელებს, როგორ გამოიყენონ ის, რასაც სწავლობენ? ხედავენ, რომ მე თვითონ ვიძლევი ამის მაგალითს? ესმით, რა გავლენას მოახდენს იეჰოვასთან მათ ურთიერთობაზე განხილული საკითხისადმი მათივე დამოკიდებულება?“ (იგავ. 9:10). ყოველთვის მიაქციე ყურადღება ამ საკითხებს, თუ სწავლების უნარის გაუმჯობესებას ცდილობ. „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი. ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმ. 4:16).

      იმისათვის, რომ იყო კარგი მასწავლებელი. . .

      • მიენდე იეჰოვას და არა საკუთარ თავს

      • გახსოვდეს ღვთის სიტყვის ძალა და სათანადოდ გამოიყენე ის

      • მიზნად დაისახე იეჰოვას განდიდება და ნუ მიიქცევ ყურადღებას საკუთარ თავზე

      • ახსნისას გამოიყენე დაპირისპირების მეთოდი

      • დაეხმარე მსმენელს, დაფიქრდეს

      • აღძარი მსმენელი, გამოიკვლიოს საკუთარი მისწრაფებები და გრძნობები

      • დაანახვე მსმენელს, რა გავლენა უნდა მოახდინოს ბიბლიურმა ცოდნამ მის ცხოვრებაზე

      • იყავი სამაგალითო

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება