თავი 14
მშვიდობა და სიწმინდე კრებაში
ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვას სამწყსოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ერთიანდება (მიქ. 4:1, 2). ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ისინი „ღვთის კრებას“ უერთდებიან (საქ. 20:28). მათაც უხარიათ ჩვენთან ერთად მსახურება და სულიერ სამოთხეში ყოფნა, სადაც სიწმინდე და მშვიდობა სუფევს. ღვთის წმინდა სული და მის სიტყვაში ჩაწერილი ბრძნული რჩევები დაგვეხმარება, რომ კრებაში სიწმინდე დავიცვათ და მშვიდობას შევუწყოთ ხელი (ფსალმ. 119:105; ზაქ. 4:6).
2 ბიბლიური პრინციპები ახალი პიროვნებით შემოსვაში გვეხმარება (კოლ. 3:10). ჩვენ ვცდილობთ, გვერდი ავუაროთ გაუგებრობებსა თუ უთანხმოებებს, ყველაფერს იეჰოვას თვალით ვუყუროთ და არ მოვექცეთ ქვეყნიერების გავლენაში, რომელშიც არ არის ერთობა, და როგორც საერთაშორისო საძმოს ნაწილი, ერთიანობას შევუწყოთ ხელი (საქ. 10:34, 35).
3 თუმცა დროდადრო მაინც იჩენს თავს სირთულეები, რაც საფრთხეს უქმნის კრების მშვიდობასა და ერთობას. ასეთ სირთულეებს უმეტეს შემთხვევაში ბიბლიური რჩევის უგულებელყოფა იწვევს. ჩვენ არასრულყოფილ მიდრეკილებებთან გვიწევს ბრძოლა; უცოდველი არავინაა (1 იოან. 1:10). ქრისტიანის მიერ გადადგმულმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება კრების ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს შეუქმნას საფრთხე. მაგალითად, დაუფიქრებელი საქციელითა თუ ლაპარაკით შეიძლება თანაქრისტიანს გული ვატკინოთ ან დავაბრკოლოთ იგი (რომ. 3:23). როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?
4 იეჰოვამ თავის სიტყვაში ჩაგვიწერა, რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც უთანხმოებები წამოიჭრება. შეგვიძლია დახმარებისთვის სულიერ მწყემსებს, უხუცესებს, მივმართოთ. თუ მათ მიერ მოცემულ ბიბლიურ რჩევას გავითვალისწინებთ, თანამორწმუნეებთანაც კარგი ურთიერთობა გვექნება და იეჰოვას კეთილგანწყობითაც ვისარგებლებთ. თუ ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვის გამო დასჯას ან შეგონებას ვსაჭიროებთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ასეთი გამოსასწორებელი ზომები ჩვენი ზეციერი მამის სიყვარულის გამოხატულება იქნება (იგავ. 3:11, 12; ებრ. 12:6).
უთანხმოებების მოგვარება
5 დროდადრო თანაქრისტიანებს შორის შეიძლება უთანხმოებებმა იჩინოს თავი. ასეთი სირთულეები ძმური სიყვარულით მალევე უნდა გადაიჭრას (ეფეს. 4:26; ფილ. 2:2—4; კოლ. 3:12—14). უთანხმოებების მოგვარება არ გაგვიჭირდება, თუ გავითვალისწინებთ პეტრე მოციქულის რჩევას: „მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტ. 4:8). ბიბლიაში იმასაც ვკითხულობთ, რომ „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით“ (იაკ. 3:2). თუ გავითვალისწინებთ ოქროს წესს, რომელიც მოგვიწოდებს, რომ სხვებს ისევე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა, რომ მოგვექცნენ, მომხდარს დავივიწყებთ და პატიება არ გაგვიჭირდება (მათ. 6:14, 15; 7:12).
6 თუ ხედავ, რომ სიტყვით თუ საქმით თანაქრისტიანს გული ატკინე, მშვიდობის აღსადგენად დაუყოვნებლივ გადადგი ნაბიჯი, რადგან უმოქმედობა უარყოფითად აისახება იეჰოვასთან შენს ურთიერთობაზე. იესომ მოწაფეებს უთხრა: „თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდება, რომ შენი ძმა განაწყენებულია შენზე, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე კი დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათ. 5:23, 24). გაუგებრობის დროს გულღია საუბარი აუცილებელია. თუ თანაქრისტიანებს ერთმანეთთან გულწრფელი ურთიერთობა ექნებათ, გაუგებრობაც ნაკლებად იჩენს თავს, და თუ არასრულყოფილების გამო მაინც წამოიჭრება უთანხმოება, მისი მოგვარება არ გაუჭირდებათ.
ბიბლიური რჩევის მიცემა
7 ზოგჯერ ზედამხედველები საჭიროდ თვლიან, რომ თანაქრისტიანს რჩევა მისცენ და სწორი შეხედულების ჩამოყალიბებაში დაეხმარონ, თუმცა ეს ყოველთვის ადვილი არ არის. პავლე მოციქულმა გალატელ ქრისტიანებს მისწერა: „ძმებო, თუ კაცი გაუაზრებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად მოწიფულები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ“ (გალ. 6:1).
8 ზედამხედველები სამწყსოზე ზრუნავენ, რითაც მათ სულიერი საფრთხისა თუ სერიოზული პრობლემებისგან იცავენ. იეჰოვამ უხუცესების შესახებ ესაიას მეშვეობით თქვა: „თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში და საფარი ქარიშხალში, როგორც წყლის ნაკადულები უწყლო მიწაზე, როგორც დიდი კლდის ჩრდილი გადახრუკულ ადგილას“ (ეს. 32:2). უხუცესები ცდილობენ, რომ სწორედ ასეთი მწყემსები იყვნენ.
შენიშნული გყავდეთ წესრიგის დამრღვევები
9 პავლე მოციქულმა თანაქრისტიანებს უთხრა, რომ ზოგიერთებს კრებაზე შეიძლება ცუდი გავლენა მოეხდინათ. ამიტომაც მისწერა მათ: „გაძლევთ მითითებას, ძმებო, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს არღვევს და ჩვენგან ნასწავლის თანახმად არ იქცევა“. მან დააკონკრეტა: „თუკი ვინმე არ ემორჩილება იმას, რასაც ამ წერილში გწერთ, შენიშნული გყავდეთ და ნუღარ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. ოღონდ მტრად არ მიიჩნიოთ, არამედ კვლავაც ძმასავით შეაგონეთ“ (2 თეს. 3:6, 14, 15).
10 ქრისტიანი შეიძლება მძიმე ცოდვას არ სჩადიოდეს, რომლის გამოც კრებიდან გაირიცხებოდა, მაგრამ აშკარა უპატივცემულობას ავლენდეს ღვთის ნორმების მიმართ, მაგალითად, უკიდურესად ზარმაცი იყოს, ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება, არ იცავდეს სისუფთავეს ან სხვის საქმეში ერეოდეს (2 თეს. 3:11). შეიძლება ქრისტიანი მატერიალური გამორჩენის მიზნით მაქინაციებს მიმართავდეს ან მიუღებელი გართობით იყოს დაკავებული. ასეთი საქციელი უარყოფითად იმოქმედებს კრებაზე და იმის საშიშროებაც იარსებებს, რომ სხვებმაც იგივე გააკეთონ.
11 უხუცესები შეეცდებიან, რომ დაეხმარონ წესრიგის დამრღვევს, და ბიბლიურ რჩევას მისცემენ. თუ ისინი დაინახავენ, რომ რამდენჯერმე მიცემული რჩევის მიუხედავად ის კვლავაც უგულებელყოფს ბიბლიურ პრინციპებს, მათ შეიძლება გადაწყვიტონ კრებაში გამაფრთხილებელი მოხსენების წაკითხვა. უხუცესებს გამჭრიახობა მართებთ, განსაზღვრონ, არის თუ არა ვითარება იმდენად შემაშფოთებელი, რომ გამაფრთხილებელი მოხსენება წარმოითქვას. თუ გადაწყდება, რომ მოხსენება უნდა წარმოითქვას, მომხსენებელი განიხილავს შესაბამის ბიბლიურ რჩევებს, ოღონდ წესრიგის დამრღვევის ვინაობას არ დაასახელებს. ის ქრისტიანები, რომლებმაც მოხსენებაში განხილული სიტუაციის შესახებ იციან, იმოქმედებენ მოსმენილი რჩევების თანახმად და მასთან არანაირი საერთო არ ექნებათ, გარდა სულიერი საქმეებისა, რათა გაითვალისწინონ ბიბლიაში ჩაწერილი მოწოდება: „ძმასავით შეაგონეთ“.
12 იმედია, ერთგული ქრისტიანების მტკიცე პოზიციის წყალობით წესრიგის დამრღვევს სირცხვილის გრძნობა გაუჩნდება და ცვლილებებს მოახდენს. როდესაც თვალნათლივ დავინახავთ, რომ ის აღარ არღვევს წესრიგს, საჭირო აღარაა, მას კვლავაც ისე მოვექცეთ, როგორც წესრიგის დარღვევის გამო შენიშნულს.
როცა ვინმე მძიმე ცოდვას სჩადის
13 წყენაზე თვალის დახუჭვა და პატიება არ ნიშნავს იმას, რომ სერიოზულ ცოდვას ვიწყნარებთ ან ვიწონებთ. ყველა ცოდვას არასრულყოფილებას ვერ დავაბრალებთ და ვერ შევიწყნარებთ ისეთ ცოდვებს, რომლებსაც უმნიშვნელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ (ლევ. 19:17; ფსალმ. 141:5). მოსეს კანონის თანახმად, ცოდვები სიმძიმის მიხედვით განსხვავდებოდა და ეს ასეა ქრისტიანულ კრებაშიც (1 იოან. 5:16, 17).
14 იესო ქრისტემ კონკრეტულად დაასახელა ის ნაბიჯები, რომლებიც ქრისტიანებს შორის სერიოზული პრობლემის წამოჭრისას უნდა გადაიდგას: „თუ შენი ძმა შესცოდავს, 1) წადი და ამხილე, როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა. თუ არ მოგისმენს, 2) წაიყოლე ერთი ან ორი სხვა, ორი ან სამი მოწმის პირით რომ დამტკიცდეს ყველაფერი. თუ არც მათ მოუსმენს, 3) კრებას უთხარი და, თუ არც კრებას მოუსმენს, იყოს ის შენთვის როგორც უცხოტომელი და მებაჟე“ (მათ. 18:15—17).
15 ამ სიტყვების შემდეგ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითიდან, რომელიც მათეს 18:23—35-შია ჩაწერილი, ვხედავთ, რომ მათეს 18:15—17-ში მოხსენიებული ცოდვები ფინანსურ ან ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს უნდა ეხებოდეს. ეს შეიძლება იყოს ვალის გადაუხდელობა, თაღლითობა ან ცილისწამებით ვინმესთვის სახელის გატეხვა.
16 თუ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქრისტიანმა შენ წინააღმდეგ რომელიმე ზემოხსენებული ცოდვა ჩაიდინა, ნუ იჩქარებ ამ საქმეში უხუცესების ჩართვას. იესოს რჩევის თანახმად, ჯერ მას დაელაპარაკე, ვინც დაგაზარალა. ეცადე, თავად მოაგვარო პრობლემა და არავინ ჩარიო ამ საქმეში. იესოს არ უთქვამს, რომ მასთან მხოლოდ ერთხელ უნდა მიხვიდე და ამხილო დანაშაულში. ამიტომ, თუ მან თავიდანვე არ აღიარა ცოდვა და პატიება არ გთხოვა, კარგი იქნება, გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ დაელაპარაკო. თუ შეძლებთ პრობლემის მოგვარებას, შემცოდველი მადლიერი იქნება, რომ მისი დანაშაულის შესახებ სხვებს არ გააგებინე და კრებაში სახელი არ გაუტეხე. ასე შეიძენ შენს ძმას.
17 თუ შემცოდველი დანაშაულს აღიარებს, პატიებას ითხოვს და შეცდომას გამოასწორებს, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა საჭირო აღარ იქნება. ცოდვის სიმძიმის მიუხედავად ამ უთანხმოების მოგვარება სხვების ჩარევის გარეშეც შესაძლებელია.
18 თუ ამხელ შენს ძმას „როცა მარტონი იქნებით“, მაგრამ ვერ შეიძენ, მაშინ შეგიძლია იესოს სიტყვების თანახმად მოიქცე და წაიყოლო ერთი ან ორი თანაქრისტიანი და ისევ სცადო მასთან დალაპარაკება. მათი მიზანიც ძმის შეძენა უნდა იყოს. სასურველია, ისინი წაიყვანო, ვინც მოწმენი არიან იმისა, რაც თქვენ შორის მოხდა. მაგრამ, თუ თვითმხილველები არ არიან, შეგიძლია ერთი ან ორი თანამორწმუნე გაიყოლო, რომ თქვენს საუბარს დაესწრონ. მათ შეიძლება გამოცდილება ჰქონდეთ ამგვარ საქმეებში, და ადვილად დაადგინონ, იყო თუ არა ძმის საქციელი არასწორი. თუ ასეთ საუბარზე დასწრებას უხუცესებს სთხოვ, მათ კრების სახელით არ უნდა ილაპარაკონ, რადგან ისინი ამ საქმის განსახილველად უხუცესთა საბჭოს არ დაუნიშნავს.
19 თუ არაერთი მცდელობის, ერთი ერთზე ლაპარაკისა თუ ერთი ან ორი მოწმის წაყვანის მიუხედავად პრობლემა არ გვარდება და ფიქრობ, რომ ამ ცოდვაზე თვალს ვერ დახუჭავ, მაშინ კრების უხუცესებს უნდა მიმართო. გახსოვდეს, რომ მათი მიზანი კრებაში მშვიდობისა და სიწმინდის შენარჩუნებაა. მას შემდეგ, რაც ამ საქმის განხილვას უხუცესებს სთხოვ, მიენდე იეჰოვას. ნუ დაუშვებ, რომ სხვისმა საქციელმა დაგაბრკოლოს ან იეჰოვას მსახურებაში სიხარული წაგართვას (ფსალმ. 119:165).
20 უხუცესები შეისწავლიან ფაქტებს და, თუ დაადგენენ, რომ შენ წინააღმდეგ ძმამ ნამდვილად ჩაიდინა სერიოზული ცოდვა, არ ინანიებს და არ ცდილობს მდგომარეობის გამოსასწორებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, უხუცესებისგან შემდგარი კომიტეტი შემცოდველს კრებიდან გარიცხავს. ამგვარად ისინი სამწყსოს დაიცავენ და კრების სიწმინდეს შეინარჩუნებენ (მათ. 18:17).
მძიმე ცოდვების განხილვა
21 მძიმე ცოდვების ჩადენის შემთხვევაში, როგორიცაა სექსუალური უზნეობა, განდგომილება, კერპთაყვანისმცემლობა და სხვა მსგავსი ცოდვები, საკმარისი არ არის, რომ დაზარალებულმა დამნაშავეს მიუტევოს (1 კორ. 6:9, 10; გალ. 5:19—21). ვინაიდან ამ დროს საფრთხე ექმნება კრების სულიერ და ზნეობრივ სიწმინდეს, ამგვარი ცოდვების შესახებ კრების უხუცესებს უნდა შევატყობინოთ, რათა საქმე მათ განიხილონ (1 კორ. 5:6; იაკ. 5:14, 15). ზოგჯერ უხუცესებთან თავად შემცოდველი მიდის და ჩადენილი ცოდვის შესახებ ატყობინებს, ზოგჯერ კი — ის, ვინც იცის ჩადენილი ცოდვის შესახებ (ლევ. 5:1; იაკ. 5:16). იმის მიუხედავად, თუ როგორ შეიტყობენ უხუცესები ჩადენილი ცოდვის შესახებ, საქმე ჯერ ორმა უხუცესმა უნდა გამოიძიოს. თუ დადგინდება, რომ ინფორმაცია საფუძველს მოკლებული არ არის და არსებობს ფაქტი, რომ ცოდვა ნამდვილად იქნა ჩადენილი, უხუცესთა საბჭო შექმნის სამართლებრივ კომიტეტს, რომელშიც, სულ მცირე, სამი უხუცესი უნდა იყოს.
22 უხუცესები ფხიზლობენ, რომ სამწყსო სულიერი საფრთხისგან დაიცვან. ისინი ცდილობენ, შემცოდველი ღვთის სიტყვით შეაგონონ და სულიერ გამოჯანმრთელებაში დაეხმარონ (იუდ. 21—23). სწორედ ამის შესახებ მისწერა მოციქულმა პავლემ ტიმოთეს: „მოგიწოდებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები . . . შეაგონე, გაკიცხე და წაახალისე, რისთვისაც სულგრძელობა და სწავლების ხელოვნებაა საჭირო“ (2 ტიმ. 4:1, 2). შესაძლოა ამას დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ უხუცესებმა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რადგან ეს მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. კრება აფასებს ამ ძმების შრომას და მათ ორმაგი პატივის ღირსად თვლის (1 ტიმ. 5:17).
23 როცა დადგინდება, რომ მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი, უხუცესები შეეცდებიან, შემცოდველს სულიერ გამოჯანმრთელებაში დაეხმარონ. თუკი უხუცესები ხედავენ, რომ ის გულწრფელად ინანიებს და მზად არის დახმარების მისაღებად, ისინი შემცოდველს პირადად ან მათი თანდასწრებით შეაგონებენ, ვინც სამართლებრივი მოსმენის დროს მოწმედ გამოვიდა. თავის მხრივ, ეს დამნაშავეს გამოსწორებაში დაეხმარება და თვითმხილველთათვისაც გამაფრთხილებელი იქნება (2 სამ. 12:13; 1 ტიმ. 5:20). სამართლებრივი განხილვის შედეგად შეგონების მიღების შემდეგ შემცოდველს ნებისმიერ შემთხვევაში შეზღუდვები დაუწესდება. ეს დაეხმარება მას, დროთა განმავლობაში მოასწოროს თავისი სავალი (ებრ. 12:13). საკმარისი დროის გასვლის შემდეგ, როცა მისი სულიერი გამოჯანმრთელება აშკარა იქნება, მას შეზღუდვები მოეხსნება.
განცხადება შეგონების შესახებ
24 თუ სამართლებრივი კომიტეტი დაადგენს, რომ შემცოდველი ინანიებს, მაგრამ არსებობს იმის ალბათობა, რომ ცოდვის შესახებ კრებაში ან კრების გარეთ გაიგებენ, ან თუ საჭიროა, კრებამ სიფრთხილე გამოიჩინოს მომნანიებელ შემცოდველთან მიმართებით, შეხვედრაზე, „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“, უნდა გაკეთდეს მოკლე განცხადება: „[სახელი, გვარი]-ს მიეცა სამართლებრივი შეგონება“.
თუ გადაწყდა გარიცხვა
25 შემცოდველი შეიძლება აგრძელებდეს ცოდვის ჩადენას, საიდანაც ჩანს, რომ ის მზად არ არის დახმარების მისაღებად. რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი საქმის მოსმენის დროს არ ჩანს, რომ ის მონანიებას საქმით ამტკიცებს? (საქ. 26:20). მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან უნდა გაირიცხოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას იეჰოვას ხალხთან ურთიერთობის საშუალება აღარ ექნება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დაცული იყოს კრების ზნეობრივი და სულიერი სიწმინდე და მისი რეპუტაცია არ შეილახოს (კან. 21:20, 21; 22:23, 24). როდესაც მოციქულმა პავლემ გაიგო, რომ კორინთის კრებაში ერთ-ერთი ქრისტიანი სამარცხვინო საქციელს სჩადიოდა, უხუცესებს მოუწოდა, სატანისთვის გადაეცათ „ასეთი კაცი . . , რათა [კრების] სული“ დაცული ყოფილიყო (1 კორ. 5:5, 11—13). პავლე სხვა ქრისტიანების გარიცხვის შესახებაც წერდა, რომლებიც პირველ საუკუნეში გმობდნენ ჭეშმარიტებას (1 ტიმ. 1:20).
26 როდესაც გადაწყდება მოუნანიებელი შემცოდველის გარიცხვა, სამართლებრივმა კომიტეტმა მას ეს გადაწყვეტილება უნდა შეატყობინოს და ნათლად აუხსნას გარიცხვის ბიბლიური საფუძველი. გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინებისას სამართლებრივმა კომიტეტმა უნდა განუმარტოს შემცოდველს, რომ, თუ მისი აზრით, საქმის განხილვისას სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული და მას სურს გადაწყვეტილების გასაჩივრება, შეუძლია წერილი დაწეროს და გარკვევით მიუთითოს გასაჩივრების მიზეზები. გასაჩივრებისთვის მას შვიდი დღე მიეცემა. თუ უხუცესთა საბჭო მიიღებს გასაჩივრების წერილს, ამის შესახებ მათ სარაიონო ზედამხედველს უნდა შეატყობინონ, რომელიც გამოცდილ უხუცესებს სააპელაციო კომიტეტში საქმის ხელახლა მოსასმენად დანიშნავს. სააპელაციო კომიტეტი ყველანაირად უნდა ეცადოს, საქმე აპელაციის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში მოისმინოს. გასაჩივრების შემთხვევაში გარიცხვის შესახებ განცხადების გაკეთება უნდა გადაიდოს. საქმის განხილვის დასრულებამდე მას, ვისაც ბრალი ედება, არ ექნება კრებაზე კომენტარების გაკეთების, საჯაროდ ლოცვის და საპასუხისმგებლო დავალებების შესრულების უფლება.
27 ბრალდებულისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მიცემა სიკეთის გამოვლენაა. ამიტომ, თუ ის შეგნებულად არ მოდის საქმის ხელახალ მოსმენაზე, კრებაში უნდა გაკეთდეს განცხადება გარიცხვის შესახებ მას შემდეგ, რაც უხუცესები გონიერების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ მასთან დასაკავშირებლად.
28 თუ შემცოდველს არ სურს გასაჩივრება, სამართლებრივმა კომიტეტმა მას უნდა აუხსნას მონანიების საჭიროება და ის, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას კრებაში დასაბრუნებლად. ამით უხუცესები შემცოდველს დაეხმარებიან იმ იმედით, რომ ის შეიცვლება და დროთა განმავლობაში იეჰოვას ორგანიზაციაში დაბრუნდება (2 კორ. 2:6, 7).
განცხადება გარიცხვის შესახებ
29 თუ კრებიდან მოუნანიებელი შემცოდველის გარიცხვა გადაწყდება, ამის შესახებ უნდა გაკეთდეს მოკლე განცხადება: „[სახელი, გვარი] აღარ არის იეჰოვას მოწმე“. განცხადების შემდეგ და-ძმები მასთან აღარ იქონიებენ ურთიერთობას (1 კორ. 5:11).
კრების უარყოფა
30 როდესაც მონათლული იეჰოვას მოწმე შეგნებულად ამბობს უარს თავის მრწამსზე და აცხადებს, რომ აღარ სურს, იყოს იეჰოვას მოწმე, ეს „კრების უარყოფაა“. კრების უარყოფად ითვლება ისიც, როცა ქრისტიანი უერთდება ისეთ ორგანიზაციას, რომლის მიზნებიც ბიბლიურ პრინციპებთან შეუთავსებელია და რომელსაც ღმერთი განსჯის (ეს. 2:4; გამოცხ. 19:17—21).
31 იოანე მოციქულმა კრების უარმყოფელებზე დაწერა: „ისინი ჩვენთან იყვნენ, თუმცა წავიდნენ, რადგან ჩვენიანები არ იყვნენ; ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ“ (1 იოან. 2:19).
32 იეჰოვას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს კრების უარმყოფლისა და არააქტიური ქრისტიანის მიმართ, რომელიც აღარ მონაწილეობს სამქადაგებლო მსახურებაში. მაუწყებელი შეიძლება არააქტიური გახდეს იმის გამო, რომ ღვთის სიტყვას რეგულარულად აღარ სწავლობს ან პრობლემებისა თუ დევნის გამო გულმოდგინედ აღარ ემსახურება იეჰოვას. თუმცა უხუცესები თუ სხვა და-ძმები კვლავაც მხარში უდგანან არააქტიურ ქრისტიანებს (რომ. 15:1; 1 თეს. 5:14; ებრ. 12:12).
33 მაგრამ თუ ქრისტიანი კრებას უარყოფს, უნდა გაკეთდეს მოკლე განცხადება: „[სახელი, გვარი] აღარ არის იეჰოვას მოწმე“. ასეთი ადამიანის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როგორიც გარიცხულის მიმართ.
გარიცხულის აღდგენა
34 გარიცხული ან კრების უარმყოფელი შეიძლება აღდგეს, თუ აშკარაა, რომ ინანიებს, აღარ სჩადის ცოდვილ საქმეებს და სურს იეჰოვასთან დაბრუნება. გარიცხულის აღდგენამდე საკმარისი დრო უნდა გავიდეს — თვეები, წელიწადი ან მეტი, რათა მან დაამტკიცოს, რომ გულწრფელად ინანიებს. როდესაც უხუცესთა საბჭო გარიცხულისგან აღდგენის თაობაზე წერილობით თხოვნას იღებს, მას უნდა შეხვდეს აღმდგენი კომიტეტი. ეს კომიტეტი განიხილავს, ამტკიცებს თუ არა გარიცხულის საქმეები, რომ ის ნამდვილად ინანიებს, და ამის მიხედვით გადაწყვეტს, აღადგენს თუ არა მას კრებაში (საქ. 26:20).
35 თუ აღდგენის მსურველი სხვა კრებაში გაირიცხა, მაშინ მას ადგილობრივი კრების აღმდგენი კომიტეტი შეხვდება და განიხილავს მის თხოვნას. თუ აღმდგენ კომიტეტს მიაჩნია, რომ გარიცხული უნდა აღდგეს, უნდა დაუკავშირდეს იმ კრების უხუცესთა საბჭოს, რომელშიც შემცოდველი გაირიცხა, და თავისი რეკომენდაცია გადასცეს. ორივე კრების აღმდგენი კომიტეტი ერთმანეთთან ითანამშრომლებს, რათა მხედველობაში მიიღონ ყველა ფაქტი სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა გარიცხულის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იმ კრების აღმდგენი კომიტეტი იღებს, რომელშიც მისი საქმე სამართლებრივი წესით იქნა განხილული.
განცხადება გარიცხულის აღდგენის შესახებ
36 როდესაც აღმდგენი კომიტეტი დარწმუნდება, რომ გარიცხული ან კრების უარმყოფელი გულწრფელად ინანიებს, ის უნდა აღადგინონ. ამის შესახებ მოკლე განცხადება უნდა გაკეთდეს: „[სახელი, გვარი] აღდგენილია კრებაში და კვლავ იეჰოვას მოწმეა“. თუ ის, ვინც აღდგა, სხვა კრებაში გაირიცხა, მისი აღდგენის შესახებ განცხადება იმ კრებაშიც უნდა გაკეთდეს.
როცა მძიმე ცოდვას მონათლული არასრულწლოვანი სჩადის
37 თუ მძიმე ცოდვა მონათლულმა არასრულწლოვანმა ჩაიდინა, ამის შესახებ უხუცესებს უნდა ეცნობოს. არასრულწლოვანის მიერ სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში სასურველია, რომ საქმის მოსმენას მისი მონათლული მშობლებიც დაესწრონ და ითანამშრომლონ სამართლებრივ კომიტეტთან. მათ თავიანთ შვილს ხელი არ უნდა დააფარონ სასჯელის თავიდან აცილების მიზნით. როგორც სრულწლოვანის შემთხვევაში, ისე ამ შემთხვევაშიც სამართლებრივი კომიტეტის მიზანი შემცოდველის შეგონება და გამოსწორებაა. მაგრამ, თუ ის არ ინანიებს, კრებიდან გაირიცხება.
როცა მძიმე ცოდვას მოუნათლავი მაუწყებელი სჩადის
38 რა უნდა გაკეთდეს, როცა მძიმე ცოდვას მოუნათლავი მაუწყებელი სჩადის? ვინაიდან ის მონათლული არ არის, შესაბამისად, კრებიდან ვერ გაირიცხება. ზოგს ბოლომდე არ ესმის ბიბლიური ნორმები და რბილად მიცემული რჩევა შეიძლება გამოსწორებაში დაეხმაროს (ებრ. 12:13).
39 თუ მოუნათლავი მაუწყებელი არც მას შემდეგ მოინანიებს, რაც მას ორი უხუცესი შეხვდება და დახმარების ხელს გაუწვდის, ამის შესახებ კრებას უნდა ეცნობოს მოკლე განცხადებით: „[სახელი, გვარი] აღარ არის მოუნათლავი მაუწყებელი“. ამის შემდეგ კრებისთვის ის იქნება ერთ-ერთი რიგითი ადამიანი. მართალია, ის გარიცხული არ არის, მაგრამ ქრისტიანები მასთან ურთიერთობისას სიფრთხილეს გამოიჩენენ (1 კორ. 15:33). მისგან სამქადაგებლო მსახურების ანგარიში აღარ მიიღება.
40 გარკვეული ხნის შემდეგ ყოფილმა მოუნათლავმა მაუწყებელმა შეიძლება კვლავ მოისურვოს მაუწყებლად მსახურება. ასეთ შემთხვევაში მას ორი უხუცესი შეხვდება და შეაფასებს მის სულიერ მდგომარეობას. თუ ის შეესაბამება მოთხოვნებს, კრებაში მოკლე განცხადება გაკეთდება: „[სახელი, გვარი] კვლავ მოუნათლავი მაუწყებელია“.
იეჰოვა აკურთხებს ჩვენს წმინდა თაყვანისმცემლობას
41 ყველა, ვინც ღვთის კრებაშია, იეჰოვას მიერ თავისი ხალხისთვის ბოძებული მდიდარი სულიერი მემკვიდრეობით ხარობს. ჩვენი სულიერი საძოვრები აბიბინებულია და ჭეშმარიტების გამომაცოცხლებელი წყალიც უხვად მოედინება. ჩვენ იმასაც ვხედავთ, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე და როგორ გვიცავს თეოკრატიული ღონისძიებების მეშვეობით, რომელიც ქრისტეს ხელმძღვანელობით ხორციელდება (ფსალმ. 23; ეს. 32:1, 2). ამ მშფოთვარე ბოლო დღეებში სულიერ სამოთხეში ვართ და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ.
თუ კრებაში მშვიდობასა და სიწმინდეს შევუწყობთ ხელს, სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების სინათლე კვლავაც გაანათებს.
42 თუ კრებაში მშვიდობასა და სიწმინდეს შევუწყობთ ხელს, სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების სინათლე კვლავაც გაანათებს (მათ. 5:16; იაკ. 3:18). ღვთის კურთხევით კიდევ მრავალი გაიცნობს იეჰოვას და ყველანი ერთად შევასრულებთ მის ნებას.