რუსეთი
„მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში“ (მალ. 1:11). ეს წინასწარმეტყველება, რომელიც დაახლოებით 2 450 წლის წინათ დაიწერა, დღეს რუსეთზეც სრულდება. რუსეთის ტერიტორიაზე 11 სასაათო სარტყელია. ამიტომ, როცა იეჰოვას ერთგული მსახურებისთვის ქვეყნის დასავლეთით ქალაქ კალინინგრადში დაისია, აღმოსავლეთით ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე, რომელსაც ალასკისგან ბერინგის სრუტე ჰყოფს, მოწმეებისთვის ახალი დღე დგება. ასე რომ, რუსეთის ტერიტორიაზე სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადება არ წყდება. საბჭოთა კავშირში მცხოვრები უშიშარი და-ძმების დაუღალავი შრომა უხვად დაჯილდოვდა. როგორც შემდეგ დავინახავთ, სასტიკი დევნის ატანით მათ გზა გაუხსნეს 150 000-ზე მეტ მაუწყებელს, რომლებიც დღეს რუსეთში მსახურობენ.
რუსეთის ფედერაცია მხოლოდ ერთი ერის ან ხალხის ქვეყანა არ არის. როგორც მისი სახელიდან ვიგებთ, ეს არის ერთა, ტომთა, ენობრივ ჯგუფთა და ხალხთა კავშირი, რომელთაგან თითოეული უნიკალური კულტურით გამოირჩევა. ჩვენ თხრობას დავიწყებთ არა დღევანდელ დემოკრატიულ რუსეთში მიმდინარე მოვლენებით, არამედ ას წელზე მეტი ხნის წინათ მეფის რუსეთში დაწყებული მოვლენებით.
მოსკოვის სამღვდელოებასთან გაბედულად ქადაგება
რელიგიური აღორძინების პერიოდში სემიონ კოზლიცკი, ღრმად მორწმუნე ადამიანი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, შეხვდა ჩარლზ ტეიზ რასელს, ბიბლიის მკვლევართა ხელმძღვანელს (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს). სემიონის შვილიშვილი ნინა ლუპო წერდა: „1891 წელს ბაბუამ იმოგზაურა შეერთებულ შტატებში და შეხვდა ძმა რასელს. ის ინახავდა რასელთან ერთად გადაღებულ სურათს და მას ყოველთვის თავის ძმად მოიხსენიებდა“. XIX საუკუნის მიწურულს ძმა რასელი თანამოაზრეებთან ერთად ბიბლიის ჭეშმარიტებას ქადაგებდა და წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას ხელმძღვანელობდა. ის ამხელდა ქრისტიანული ეკლესიების სამღვდელოებასა და ცრუ სწავლებებს. სემიონი ბიბლიის ჭეშმარიტებამ და წმინდა თაყვანისმცემლობისადმი ძმა რასელისა და მისი თანამოაზრეების ენთუზიაზმმა აღძრა, გაბედულად ექადაგა სამღვდელოებისთვის მოსკოვში. რა მოჰყვა ამას?
„ის მოსკოვის არქიეპისკოპოსის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს, ბორკილები დაადეს და გაუსამართლებლად გადაასახლეს ციმბირში. ასე დაიწყო 1891 წელს ღვთის სიტყვის გავრცელება ციმბირის ტერიტორიაზე“, — წერდა ნინა. მოგვიანებით სემიონ კოზლიცკი ციმბირის სხვა ნაწილში გადაიყვანეს, რომელიც დღეს ყაზახეთს ეკუთვნის. იქ ის სიცოცხლის ბოლომდე, 1935 წლამდე გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას.
„რუსეთი მზად არ არის ჭეშმარიტების მისაღებად“
იმ წელს, როცა სემიონ კოზლიცკი ციმბირში გადაასახლეს, ძმა რასელი პირველად ეწვია რუსეთს. „ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მზად არ არის ჭეშმარიტების მისაღებად“, — თქვა ამ ვიზიტის შესახებ ძმა რასელმა. შემდგომში ძმები ხშირად ციტირებდნენ მის სიტყვებს. ნიშნავდა ეს, რომ ხალხს არ სურდა ჭეშმარიტების მოსმენა? რასაკვირველია, არა. ამაში მათ დიქტატორული რეჟიმი უშლიდა ხელს.
1892 წლის 1 მარტის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ძმა რასელმა დეტალურად აღწერა რუსეთში არსებული მდგომარეობა: „რუსეთის მთავრობა მეტისმეტად ზღუდავს იმპერიაში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს და ეჭვის თვალით უყურებს ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ უცხოელს. უცხოელმა პასპორტი უნდა წარადგინოს სასტუმროში და რკინიგზის სადგურზე ქალაქში შესვლისას თუ იქიდან გამოსვლისას. სასტუმროს მეპატრონე იღებს პასპორტს და მას პოლიციის უფროსს აძლევს, რომელთანაც ის მანამდე ინახება, სანამ სტუმარი ქვეყანას დატოვებს; ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ მისი შესვლა-გასვლის დრო დააფიქსირონ. ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩინოვნიკები ფორმალურ თავაზიანობას ავლენენ, რითაც უცხოელს აგრძნობინებენ, რომ მისი იქ ყოფნა დიდად არ სიამოვნებთ. ისინი ყურადღებით ამოწმებენ ნებისმიერ წიგნსა თუ ქაღალდს, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი არ ეწინააღმდეგება მათ იდეოლოგიას“.
ადვილი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში სასიხარულო ცნობის ქადაგება რთული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, რუსეთში ჭეშმარიტების თესლის აღმოცენებას ვერაფერმა შეუშალა ხელი.
დგება „მცირე წამოწყების დღე“
„სიონის საგუშაგო კოშკი“ ჯერ კიდევ 1887 წელს იუწყებოდა, რომ ამ ჟურნალის ცალკეული ეგზემპლარი სხვადასხვა ადგილას გაიგზავნა, „მათ შორის რუსეთში“. 1904 წელს ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფმა რუსეთიდან წერილი გაუგზავნა გერმანიის ფილიალს, რომელშიც იტყობინებოდნენ, რომ დაბრკოლებების მიუხედავად მათ ბიბლიური ლიტერატურა მიიღეს. წერილში ნათქვამი იყო: „ლიტერატურა შეუმჩნეველი არ დარჩა, ამიტომ შემოტანა გაჭირდა“ ცენზურის გამო. ეს პატარა ჯგუფი მადლიერი იყო ლიტერატურისთვის; ისინი წერდნენ: „ეს ლიტერატურა ოქროსავით ძნელი საშოვნელია“. წერილიდან კარგად ჩანდა, რომ მათ ესმოდათ ლიტერატურის დანიშნულება. „დაე, გვაკურთხოს უფალმა და შეგვაძლებინოს ლიტერატურის გავრცელება“, — წერდნენ ისინი.
ამგვარად, რუსეთში დაიწყო სასიხარულო ცნობის ქადაგება და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დასამკვიდრებლად პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. დასაწყისი მცირე იყო, მაგრამ როგორც ზაქარია წინასწარმეტყველმა დაწერა, „ვინ ჩათვალა უმნიშვნელოდ მცირე წამოწყების დღე?“ (ზაქ. 4:10).
მომდევნო წლებში ძმები გერმანიიდან რუსეთში გზავნიდნენ ლიტერატურას. ის უმეტესწილად გერმანულ ენაზე იყო, ამიტომ ბევრმა გერმანულენოვანმა მიიღო ჭეშმარიტება. 1907 წელს რუსეთში გერმანელ ბაპტისტთა ეკლესიის წევრებმა ფოსტით მიიღეს წიგნის „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ რამდენიმე ტომი. ეკლესიის 15-მა წევრმა ჭეშმარიტება მიიღო, ამიტომ ისინი ეკლესიიდან განკვეთეს. ეკლესიის მსახური, რომელიც მათ ეწინააღმდეგებოდა, მოგვიანებით დარწმუნდა, რომ წიგნ „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟში“ ჭეშმარიტება ეწერა.
1911 წელს ქადაგების საქმეს უჩვეულო მიზეზმა შეუწყო ხელი. ახალდაქორწინებულმა გერმანელმა წყვილმა ჰერკენდელებმა გადაწყვიტეს, თაფლობის თვე რუსეთში გაეტარებინათ და გერმანულენოვანი მოსახლეობისთვის ექადაგათ. მათ გაუხარდათ, რომ იპოვეს სამეფოს მაუწყებლების რამდენიმე ჯგუფი და სულიერად გააძლიერეს ისინი.
უფრო ადრე ერთ-ერთმა მკითხველმა ძმებს რუსეთიდან მისწერა: „გერმანიიდან მიღებული ლიტერატურა ჩემთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც ზეციური მანანა ისრაელის ძეებისთვის . . . სამწუხაროა, რომ ლიტერატურა რუსულ ენაზე არა გვაქვს! ძალას არ ვიშურებ, რომ სხვადასხვა სტატია რუსულად ვთარგმნო“. ასე დაიწყო რუსულ ენაზე ლიტერატურის თარგმნა, თუმცა ეს ზღვაში წვეთი იყო.
„მრავალი ეძებს ღმერთს“
1911 წელს ვარშავაში მცხოვრებმა ძმა ოლეშინსკიმ მოახერხა, რუსულ ენაზე დაებეჭდა ტრაქტატი „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ (პოლონეთის ნაწილი მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა). ოლეშინსკი ძმა რასელს სწერდა: „ამ წერილს ვურთავ ერთ ეგზემპლარს . . . ათი ათასი ტრაქტატის დაბეჭდვა სამოცდაცამეტი რუბლი დაჯდა . . . სირთულეების მიუხედავად, მრავალი ეძებს ღმერთს“. ეს ტრაქტატი და სხვა ლიტერატურა გავრცელდა რუსულენოვანთა შორის, რომლებმაც ისინი რუსეთში ჩაიტანეს. ამგვარად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა რუსულ ენაზე ლიტერატურის გამოსაცემად. ცოტა ხანში სხვა ტრაქტატების, ბროშურებისა და ბუკლეტების გამოცემაც მოხერხდა. დროთა განმავლობაში მთარგმნელობითმა საქმემ დიდ მასშტაბებს მიაღწია.
1912 წელს ძმა რასელი ჩავიდა ფინეთში, რომელიც იმ დროს რუსეთის იმპერიაში შედიოდა. ფინეთში ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა კარლო ჰარტევა. 1913 წლის 25 სექტემბერს რუსეთის იმპერიის საკონსულომ ნიუ-იორკში სახელმწიფო ბეჭდითა და ხელმოწერით დაამტკიცა მისი უფლებამოსილება.
ორთვიანი ქადაგება გრძელდება
პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჯოზეფ რუტერფორდმა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რამდენიმე ქვეყანა მოინახულა. ამ მოგზაურობის დროს პოლონეთის ქალაქ ლოძში ის შეხვდა ბიბლიის მკვლევარ ძმა დოიჩმანს. ცოტა ხანში ძმა დოიჩმანი ქადაგების მიზნით ოჯახთან ერთად ორი თვით გაემგზავრა რუსეთში. მაგრამ ომის დაწყების გამო მოგზაურობა გაუხანგრძლივდათ.
არაერთი სირთულის გადატანის შემდეგ დოიჩმანები მდინარე ვოლგასთან პატარა ქალაქში დასახლდნენ. 1918 წელს მათ პოლონეთში დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ ყვავილის ეპიდემიამ ხელი შეუშალათ. მოგვიანებით სამოქალაქო ომი დაიწყო და საზღვრები ჩაიკეტა. რუსეთში ყოფნის დროს დოიჩმანებს სამი შვილი მოუკვდათ: ერთი — ყვავილით, ერთი — პნევმონიით და ერთიც — სხვა მიზეზით.
ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდა და ხალხი პანიკამ მოიცვა. შიმშილით დახოცილები ქუჩებში ეყარა. არეულობის დროს მრავალს, განსაკუთრებით უცხოელებს, ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ და გაუსამართლებლად სჯიდნენ სიკვდილით. ერთხელ დოიჩმანების სახლში ერთი მამაკაცი შეიჭრა ჯარისკაცის თანხლებით.
— ის მტერია, შეიპყარი! — ყვიროდა კაცი.
— რატომ? — ჰკითხა ჯარისკაცმა. — რა დააშავა?
კაცი ცდილობდა ისე მოეწყო საქმე, რომ ძმა დოიჩმანისთვის ფული არ გადაეხადა შესრულებული სადურგლო საქმისთვის. ორივე მხარის მოსმენის შემდეგ ჯარისკაცი მიუხვდა ამ კაცს ბოროტ განზრახვას და სახლიდან გააძევა. შემდეგ ჯარისკაცმა გაახსენა დოიჩმანს, რომ მათ ოდესღაც ბიბლიის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ჩანს, ამ საუბარმა გადაარჩინა სიკვდილს ძმა დოიჩმანი და მისი ოჯახი. 1921 წელს კომუნისტურმა მთავრობამ დაამარცხა მოწინააღმდეგეები და სამოქალაქო ომი დასრულდა. მალე დოიჩმანები პოლონეთში გაემგზავრნენ.
ბიბლიის მკვლევარები და ბოლშევიკები
პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთში მცხოვრებ ძმებთან ყველანაირი კავშირი გაწყდა. ქრისტეს სულითცხებულ ძმებს რუსეთში, ისევე როგორც მსოფლიო საძმოს, ბოლომდე არ ესმოდათ ქრისტეს გამეფების მნიშვნელობა. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი ქვეყანა XX საუკუნეში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენების მომსწრე გახდებოდა, რომლებითაც ბიბლიის წინასწარმეტყველება შესრულდებოდა.
1917 წლის მეორე ნახევარში რევოლუციამ ბოლო მოუღო 370-წლიან მონარქიას რუსეთში. რუსეთის ახალი ბოლშევიკური მთავრობა, რომელმაც არაფერი იცოდა უფალ იესო ქრისტეს მოსვლის შესახებ, ახალი მმართველობის სისტემის შექმნას გეგმავდა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა მანამდე არსებული ყველა სხვა მმართველობისგან. ასე რომ, რამდენიმე წელიწადში შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ანუ სსრკ, რომელმაც საბოლოოდ ხმელეთის თითქმის მეექვსედი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე საბჭოთა კავშირის პირველმა ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა განაცხადა: „ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, იწამოს არა მარტო ის, რაც უნდა, არამედ გაავრცელოს ან შეიცვალოს კიდეც აღმსარებლობა. მთავრობის არც ერთ მოხელეს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ადამიანს კითხვები დაუსვას მისი რელიგიის შესახებ; ეს თითოეული ადამიანის სინდისის საკითხია და არავის არა აქვს ჩარევის უფლება“.
სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიწონა ეს პრინციპები, რის შედეგადაც ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ გულწრფელ ადამიანებს ბიბლიის ჭეშმარიტების ქადაგების შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა ახალი სახელმწიფო იმთავითვე ათეისტური იყო, რელიგიის მიმართ მტრულად იყო განწყობილი და მას „ხალხის ოპიუმს“ უწოდებდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბოლშევიკებმა გამოსცეს განკარგულება ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შესახებ. მათ უკანონოდ აღიარეს რელიგიური ქადაგება და ეკლესიის ქონება სახელმწიფოს საკუთრებად აქციეს.
როგორ უყურებდა ეს ახალი მთავრობა ბიბლიის მკვლევართა ჯგუფებს, რომლებიც სხვადასხვა მხარეში იყვნენ გაფანტულნი და ღვთის სამეფოს უჭერდნენ მხარს? 1917 წლის რევოლუციიდან მალევე ციმბირში მცხოვრებმა ერთმა ბიბლიის მკვლევარმა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა შემდეგნაირად აღწერა: „თქვენ ალბათ იცით, რა ვითარებაა რუსეთში. ჩვენ გვყავს საბჭოთა მთავრობა, რომელიც კომუნისტური პრინციპებით ხელმძღვანელობს. მართალია, ისინი ცდილობენ სამართლიანობის დამკვიდრებას, მაგრამ ღმერთს რაც უკავშირდება, ყველაფერს უარყოფენ“.
1923 წლისთვის ბიბლიის მკვლევართა შევიწროება გახშირდა. ძმები წერდნენ: „ამ წერილს გწერთ, რომ გაიგოთ, რა ხდება რუსეთში . . . გვაქვს პირველადი მოხმარების საგნები, საკვები, ჩასაცმელი, . . . მაგრამ ძალიან გვჭირდება სულიერი საზრდო. თქვენ მიერ გამოგზავნილი წიგნები მთავრობამ ჩამოგვართვა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რუსულ ენაზე არსებული ლიტერატურა წერილების სახით . . . მრავალს სწყურია ჭეშმარიტების სიტყვის მოსმენა. ცოტა ხნის წინ მიძღვნის ნიშნად ხუთი ადამიანი მოინათლა; ასევე შემოგვიერთდა თხუთმეტი ბაპტისტი“.
1923 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „საზოგადოება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ლიტერატურა რუსეთში ჩაიტანოს და უფლის წყალობით კვლავაც გააკეთებს ამას“. 1925 წელს „საგუშაგო კოშკი“ ხელმისაწვდომი გახდა რუსულ ენაზე. რუსეთში ქადაგების საქმეზე ამან მალევე მოახდინა დიდი გავლენა. მაგალითად, ერთი ევანგელისტი ვერ იჯერებდა, რომ მოსიყვარულე ღმერთი ჯოჯოხეთის ცეცხლში აწამებდა ადამიანებს. როდესაც ეს საკითხი თანამორწმუნეებთან წამოჭრა, მათ ღმერთს სთხოვეს ლოცვაში, რომ ასეთი ფიქრებისგან დაეცვა ის. მოგვიანებით მას და მის მეუღლეს რამდენიმე „საგუშაგო კოშკი“ ჩაუვარდათ ხელში. ცოლ-ქმარი მალევე მიხვდა, რომ ეს ჭეშმარიტება იყო. ქმარმა ძმებს წერილი გაუგზავნა და მეტი ლიტერატურა სთხოვა. ის წერდა: „ოკეანის გაღმიდან მანანას ველოდებით“. რუსეთიდან სხვა ძმებიც იტყობინებოდნენ, რომ ასეთ „მანანას“ იღებდნენ და მადლობას უხდიდნენ ძმებს შეერთებულ შტატებში იმ ქრისტიანული სიყვარულისთვის, რომელსაც ისინი რწმენის გამაძლიერებელი ლიტერატურის გამოცემით ავლენდნენ.
„ცოტ-ცოტა ყველაფერი გამომიგზავნეთ“
1925 წლის სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა გულის ამაჩუყებელი წერილი ციმბირიდან. სკოლის მასწავლებელი, რომელიც გლეხის ოჯახიდან იყო, წერდა, რომ ის და მისი ოჯახი 1909 წელს სამხრეთ რუსეთიდან ციმბირში გადავიდნენ საცხოვრებლად. ის იტყობინებოდა, რომ პუბლიკაციები დიდი სიამოვნებით წაიკითხა და დასძენდა: „ვნატრობ, რომ უფრო ღრმად ჩავწვდე ღვთის წმინდა ჭეშმარიტებას, რათა მეტი ძალითა და შემართებით ვიბრძოლო სიბნელის წინააღმდეგ“. წერილის ბოლოს ის მეტ ლიტერატურას ითხოვდა: „გთხოვთ, ცოტ-ცოტა ყველაფერი გამომიგზავნეთ“.
წერილზე პასუხი იმავე ჟურნალში დაიბეჭდა: «ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვცდილობთ რუსეთში ლიტერატურის შეტანას, მაგრამ ჩვენი მცდელობა უშედეგოა, რადგან რუსეთის მთავრობა ხელს გვიშლის. ეს წერილი, ისევე როგორც სხვა მსგავსი, ჰგავს მაკედონელის თხოვნას: „ჩამოდი . . . და დაგვეხმარე“ (საქმეები 16:9). ჩვენ ჩამოვალთ, თუ შესაძლებლობა მოგვეცემა და უფალი ინებებს».
მართლაც, რა ძლიერი იარაღი იქნებოდა „საგუშაგო კოშკი“ და სხვა პუბლიკაციები რუსულ ენაზე სასიხარულო ცნობის დასამოწმებლად! (მათ. 24:14). 2006 წელს იეჰოვას მოწმეების მიერ რუსულ ენაზე გამოცემული პუბლიკაციების რაოდენობამ 691 243 952-ს მიაღწია, რაც ესპანური, ინგლისური და პორტუგალიური ენების შემდეგ ყველაზე მაღალი ტირაჟია. იეჰოვამ უხვად აკურთხა თავისი მოწმეების მცდელობა, გაეცხადებინათ მისი სამეფოს შესახებ.
ქადაგება საზღვარგარეთ მცხოვრები რუსებისთვის
ბოლშევიკების მთავრობაში მოსვლისა და კომუნისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერიოდში მრავალი რუსი უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად. „საგუშაგო კოშკი“ და სხვა პუბლიკაციები რუსულ ენაზე საბჭოთა კავშირის გარეთ იბეჭდებოდა. ასე რომ, საბჭოთა მთავრობამ ხელი ვერ შეუშალა სხვა ქვეყნებში სულიერი საზრდოს გავრცელებას. 1920 -იანი წლების მიწურულს რუსულ ენაზე ლიტერატურა დედამიწის სხვადასხვა ნაწილში იგზავნებოდა; რუსი მკითხველებისგან სამადლობელი წერილები მოდიოდა ავსტრალიიდან, ლატვიიდან, პარაგვაიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ურუგვაიდან, ფინეთიდან და შეერთებული შტატებიდან.
ზოგიერთ ქვეყანაში ძმებმა ორგანიზება გაუწიეს რუსულ ენაზე ქრისტიანულ შეხვედრებსა და სამქადაგებლო მსახურებას. შეერთებულ შტატებში რადიოთი რეგულარულად გადმოიცემოდა ბიბლიური ლექციები რუსულ ენაზე. ჩამოყალიბდა რუსულენოვანი კრებები; ერთ-ერთი მათგანი იყო ბრაუნსვილში (პენსილვანია, აშშ); იმართებოდა კონგრესებიც. 1925 წლის მაისში კარნეგიში (პენსილვანია) ძმებმა გამართეს სამდღიანი კონგრესი რუსულ ენაზე, რომელსაც 250 ადამიანი დაესწრო და 29 მოინათლა.
მდგომარეობა იცვლება
ლენინის სიკვდილის შემდეგ მთავრობამ გააძლიერა რელიგიებზე თავდასხმა. 1926 წელს დაარსდა მებრძოლ უღვთოთა კავშირი, რომლის სახელწოდებაც შეესაბამებოდა მის მიზნებს. ათეისტური პროპაგანდა მიზნად ისახავდა ადამიანთა გულიდან და გონებიდან რწმენის ამოშლას. მოკლე დროში ათეიზმი მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა. ერთმა ბიბლიის მკვლევარმა მსოფლიო მთავარ სამმართველოს რუსეთიდან მისწერა: „ახალგაზრდები ადვილად ითვისებენ ამ იდეოლოგიას, რაც ხელს უშლით, რომ ჭეშმარიტება მიიღონ“.
მებრძოლ უღვთოთა კავშირი გამოსცემდა ათეისტური შინაარსის ლიტერატურას, მათ შორის ჟურნალ „ანტირელიგიოზნიკს“. 1928 წელს გამოცემულ ჟურნალში ნათქვამი იყო: „ვორონეჟის ოლქი გაივსო სექტებით“. სხვებთან ერთად ჟურნალში მოხსენიებული იყო 48 „საღვთო წერილების მკვლევარი“, რომელთა „ლიდერები იყვნენ ზინჩენკო და მიტროფან ბოვინი“. 1926 წლის სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა მიხეილ ზინჩენკოს წერილი რუსეთიდან, რომელშიც ნათქვამი იყო: „ადამიანები სულიერ საზრდოს არიან მოწყურებულნი . . . ლიტერატურა ძალიან ცოტა გვაქვს. ძმა ტრუმპი და სხვები რუსულ ენაზე თარგმნიან ლიტერატურას და ასლებს აკეთებენ. ასე ვიკვებებით სულიერად და ვეხმარებით ერთმანეთს. მოკითხვებს გითვლით ყველა ძმა რუსეთიდან“.
1926 წლის სექტემბერში ძმა ტრუმპი წერდა, რომ იმედი ჰქონდა, მთავრობა ძმებს რუსულ ენაზე ლიტერატურის შეტანის უფლებას მისცემდა. მან სთხოვა ბრუკლინის ბეთელს, მაგდებურგის ოფისის (გერმანია) დახმარებით გამოეგზავნა ტრაქტატები, ბროშურები, წიგნები და „საგუშაგო კოშკის“ აკინძული ტომები. ამ თხოვნის საპასუხოდ ძმა რუტერფორდმა მოსკოვში გაგზავნა ჯორჯ იანგი, რომელიც 1928 წლის 28 აგვისტოს ჩავიდა იქ. ერთ-ერთ წერილში ძმა იანგი წერდა: „რამდენიმე საინტერესო შემთხვევა მქონდა, მაგრამ არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ აქ დარჩენას“. თუმცა მან მოახერხა მოსკოვში მაღალჩინოსანთან შეხვედრა, მას მხოლოდ 1928 წლის 4 ოქტომბრამდე გაუგრძელეს ვიზა.
ამ პერიოდში ახლად შექმნილი საბჭოთა სახელმწიფოს დამოკიდებულება რელიგიისადმი გაურკვეველი იყო. რამდენიმე სამთავრობო დოკუმენტში გამოთქმული იყო იმედი, რომ რელიგიური ჯგუფები საბჭოთა კავშირის მუშათა კლასში გაერთიანდებოდნენ. მომდევნო წლებში მთავრობამ მიზნად დაისახა ამ იმედის განხორციელება. აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა მთავრობას იეჰოვას ხალხის განადგურება არ სურდა; ის იდეოლოგიურ ბრძოლას ეწეოდა. ის ცდილობდა ღვთის ხალხის დაყოლიებას ან იძულებას, რომ ისინი მხოლოდ სახელმწიფოს ერთგულები ყოფილიყვნენ. მთავრობას არანაირად არ უნდოდა, რომ ადამიანებს იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი.
ძმა იანგის გამგზავრების შემდეგ რუსი ძმები კვლავაც ენთუზიაზმით ქადაგებდნენ ღვთის სამეფოს შესახებ. ქადაგების ორგანიზება რუსეთში დაევალა დანიილ სტარუხინს. ამ საქმის ხელშესაწყობად და ძმების გასამხნევებლად ძმა სტარუხინი ჩავიდა მოსკოვში, კურსკში, ვორონეჟსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, ასევე უკრაინაში. სხვა ძმებთან ერთად ის ქადაგებდა ბაპტისტების ეკლესიებში და ხალხს იესო ქრისტესა და ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტებას უხსნიდა. 1929 წლის იანვარში შეხვედრების საჯაროდ ჩასატარებლად რუსმა ძმებმა კურსკში დაიქირავეს ეკლესიის შენობა, რომელშიც წელიწადში 200 დოლარს იხდიდნენ.
იმავე წელს ბრუკლინის ბეთელმა ნებართვა სთხოვა სსრკ-ს ვაჭრობის სახალხო კომისარიატს, რომ საბჭოთა კავშირში ცოტაოდენი ბიბლიური ლიტერატურა შეეტანათ. ამ ლიტერატურაში შედიოდა წიგნების „ღვთის არფისა“ და „ხსნის“ 800 ეგზემპლარი, ასევე 2 400 ბუკლეტი. ორი თვეც არ იყო გასული, რომ ძმებს ლიტერატურა უკან დაუბრუნდათ. მასზე ეწერა: „ქვეყანაში შეტანა აკრძალა მაკონტროლებელმა უწყებამ“. მიუხედავად ამისა, ძმებმა იმედი არ დაკარგეს. ზოგმა ძმამ იფიქრა, ლიტერატურა იმიტომ დააბრუნეს, რომ ის ძველი რუსული შრიფტით იყო დაბეჭდილი. იმ დროიდან მოყოლებული ძმები ზრუნავდნენ, რომ ლიტერატურა ზუსტად თარგმნილიყო და ენის უახლესი ნორმების გათვალისწინებით დაბეჭდილიყო.
საჭიროა ხარისხიანი თარგმანი
1929 წლიდან „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე ნომერში გაკეთდა განცხადება, რომ საჭირონი იყვნენ ინგლისური და რუსული ენების მცოდნე გამოცდილი მთარგმნელები. 1930 წლის მარტის რუსულ „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „მთარგმნელად გვჭირდება გამოცდილი და მონათლული ძმა, რომელმაც კარგად იცის რუსული და ინგლისური ენები“.
იეჰოვას დახმარებით ამ განცხადებებს მთარგმნელები რამდენიმე ქვეყნიდან გამოეხმაურნენ. ერთ-ერთი გულმოდგინე მთარგმნელი, ალექსანდრე ფორსტმანი, რომელიც 1931 წელს დანიის ფილიალის (კოპენჰაგენი) მეშვეობით უგზავნიდა მსოფლიო სამმართველოს რუსულ ენაზე ნათარგმნ სტატიებს, ლატვიაში ცხოვრობდა. ის განათლებული ადამიანი იყო, კარგად ფლობდა ინგლისურ და რუსულ ენებს და სწრაფად თარგმნიდა ბიბლიურ ლიტერატურას. თავიდან ის თარგმანს მხოლოდ რამდენიმე საათს უთმობდა კვირაში, რადგან მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. 1932 წლის დეკემბრიდან ის სრული დროით მთარგმნელი გახდა და თარგმნიდა ტრაქტატებს, ბუკლეტებსა და წიგნებს. 1942 წელს ძმა ფორსტმანი გარდაიცვალა.
ძმები ცდილობდნენ ხელმისაწვდომი ყოფილიყო უმაღლესი ხარისხის თარგმანი, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთში სამეფოს საქმიანობას მალე ოფიციალურად აღიარებდნენ. ჩრდილოეთ ევროპის ოფისის ზედამხედველი უილიამ დეი ძმა რუტერფორდს სწერდა: „ალბათ, რუსეთში აკრძალვები მალე მოიხსნება, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენი პუბლიკაციების ხარისხიანი თარგმანი გვექნება, რათა 180 მილიონ ადამიანს შევთავაზოთ“.
რადიომაუწყებლობა
რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე სასიხარულო ცნობის ქადაგების კიდევ ერთი საშუალება რადიომაუწყებლობა იყო. 1929 წლის თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ გაკეთებული იყო განცხადება: „რადიოთი გადაცემული იქნება ლექციები რუსულ ენაზე“. საბჭოთა კავშირში პროგრამა გადაიცემოდა ესტონეთიდან ყოველი თვის მეორე და მეოთხე კვირა დღეს.
ესტონეთის ფილიალის ზედამხედველი ძმა უოლეს ბაქსტერი მოგვიანებით იხსენებდა: „1929 წელს, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ხელი მოვაწერეთ ერთწლიან ხელშეკრულებას. გადაცემის დაწყებიდან მალევე გავიგეთ, რომ ხალხი ლენინგრადშიც ისმენდა ლექციებს. საბჭოთა მთავრობას იგივე რეაქცია ჰქონდა, რაც ესტონეთის სამღვდელოებას — ორივენი ხალხს სამეფოს შესახებ ცნობის წინააღმდეგ განაწყობდნენ“. 1931 წელს რუსულ ენაზე პროგრამა გადაიცემოდა საშუალო სიხშირის ტალღაზე მსმენელებისთვის ხელსაყრელ დროს — 17:30-დან 18:30-მდე. სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, 1934 წლის ივნისში, ეს რადიოგადაცემა შეწყდა. ესტონეთის ფილიალიდან მიღებულ წერილში ძმებმა ახსნეს რადიოგადაცემის აკრძალვის მიზეზი: „სამღვდელოებამ აცნობა [ესტონეთის] მთავრობას, რომ სახელმწიფოს ინტერესებში არ შედიოდა ასეთი რადიოგადაცემები, რადგან ისინი კომუნისტური და ანარქიული შინაარსისა იყო“.
ცვლილება
1935 წელს ძმებმა ბრუკლინის ბეთელიდან საბჭოთა კავშირში გამოგზავნეს ანტონ კერბერი იმ იმედით, რომ ის იქ ფილიალს გახსნიდა. მათ უნდოდათ საბჭოთა კავშირში გაეგზავნათ საბეჭდი დაზგა გერმანიიდან, რომელსაც ცოტა ხნით ადრე ადოლფ ჰიტლერი ჩაუდგა სათავეში. კერბერმა გეგმა ვერ განახორციელა, მაგრამ რუსეთში ზოგ ძმასთან შეხვედრა მაინც მოახერხა.
რამდენიმე წლის განმავლობაში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება რუსეთში წინ მიიწევდა. რუსულ ენაზე ბიბლიური ლიტერატურის თარგმნას ხელმძღვანელობდა ლატვიის ფილიალი. მაგრამ დაბეჭდილი ლიტერატურის ქვეყანაში შეტანა ჭირდა. ამიტომ დიდი რაოდენობით ლიტერატურა საწყობში იდო.
1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იეჰოვას მოწმეები ბევრნი არ იყვნენ. შესაბამისად, ისინი დიდად არ იქცევდნენ საბჭოთა მთავრობის ყურადღებას. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. 1939 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ მალევე საბჭოთა კავშირმა თხუთმეტი რესპუბლიკიდან ბოლო ოთხი შემოიერთა — ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და მოლდავეთი. ათასობით იეჰოვას მოწმე საბჭოთა კავშირის საზღვრებში აღმოჩნდა. მალე საბჭოთა კავშირს სასტიკ ომში არსებობისთვის ბრძოლა მოუწევდა. მილიონობით ადამიანისთვის ეს ტანჯვისა და გაჭირვების პერიოდი იქნებოდა. იეჰოვას მოწმეებისთვის ეს აგრეთვე იქნებოდა სასტიკი დევნის დრო, როცა ისინი ღვთისადმი ერთგულებას დაამტკიცებდნენ.
მზადყოფნა სიმტკიცის შესანარჩუნებლად
1941 წლის ივნისში გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, რაც მისი ლიდერისთვის, იოსებ სტალინისთვის, სრულიად მოულოდნელი იყო. წლის ბოლოს გერმანიის ჯარები მოსკოვის შემოგარენს მიადგნენ; საბჭოთა კავშირის დაცემა გარდაუვალი ჩანდა.
რთულ მდგომარეობაში მყოფი სტალინი დიდი სამამულო ომის დასაწყებად ერის მობილიზაციას ცდილობდა. სტალინი მიხვდა, რომ ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად საჭირო იყო ეკლესიის თანადგომა, რადგან მილიონობით ადამიანი მაინც მორწმუნე იყო. 1943 წლის სექტემბერში სტალინი კრემლში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამ წარმომადგენელს შეხვდა. შედეგად ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა და ასობით ეკლესიამ კვლავ დაიწყო ფუნქციონირება.
გერმანიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების მსგავსად, რუსი ძმები ომის დროს სრულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი განაჩენისთვის და მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, დაეცვათ უფლის მცნება (მათ. 22:37—39). 1940—1945 წლებში ნეიტრალიტეტის დაცვის გამო უკრაინიდან, მოლდავეთიდან და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან ათასზე მეტი იეჰოვას მოწმე გაგზავნეს ცენტრალური რუსეთის სხვადასხვა კოლონიაში.
ვასილ სავჩუკი იხსენებს: «მოვინათლე 1941 წელს უკრაინაში თოთხმეტი წლის ასაკში. ომის დროს თითქმის ყველა აქტიური ძმა ცენტრალური რუსეთის ციხეებსა და კოლონიებში იხდიდა სასჯელს. მაგრამ იეჰოვას საქმე არ შეწყვეტილა. ერთგულმა დებმა და ახალგაზრდებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობები კრებასა და სამქადაგებლო საქმიანობაში. ჩვენს სოფელში მხოლოდ ერთი ინვალიდი ძმა დარჩა. მან მითხრა: „ვასილ, შენი დახმარება გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ხალხი არ გვყოფნის“. როცა დავინახე, როგორ ზრუნავდა ეს ავადმყოფი ძმა იეჰოვას საქმეზე, ცრემლები ვერ შევიკავე. გახარებულმა ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რაც საჭირო იქნებოდა. თვითნაკეთი საბეჭდი მოწყობილობები სარდაფებში გვქონდა, სადაც ჩვენს ძვირფასს სულიერ საზრდოს ვამრავლებდით, შემდეგ კი ძმებს ვაწვდიდით, განსაკუთრებით მათ, ვინც ციხეში იჯდა».
დებისა და ახალგაზრდების თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, სულიერი საზრდო საკმარისი მაინც არ იყო. ამ მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი იპოვეს რუსეთიდან პოლონეთში დაბრუნებულმა ძმებმა, რომლებმაც პოლონეთის ფილიალში ჩაიტანეს სამქადაგებლო ანგარიშები. უკრაინელმა და რუსმა ძმებმა, რომლებიც რუსეთში ბრუნდებოდნენ, წამოიღეს სულიერი საზრდო, ცვილის ტრაფარეტები, მელანი და სხვა ხელსაწყოები.
„შინ დაბრუნდნენ“
1946 წელს პოლონეთში მცხოვრები ზოგიერთი ძმა იძულებული გახდა, საბჭოთა უკრაინაში დაბრუნებულიყო. ივან პაშკოვსკი იხსენებს: «ძმებმა ჰკითხეს ლოძში არსებულ ფილიალს, როგორ მოქცეულიყვნენ. პასუხში მსაჯულების 7:7 იყო ციტირებული: „შინ დაბრუნდნენ“. მრავალი წლის შემდეგ მივხვდი, რომ იეჰოვა თავისი სიბრძნით ხელმძღვანელობდა სამქადაგებლო საქმეს ამ მეტად რთულ ტერიტორიებზე. „შინ“ ჩვენთვის იყო იქ, სადაც იეჰოვა გაგვიშვებდა. ჩვენ იმასაც მივხვდით, რომ მნიშვნელოვანია, დავემორჩილოთ მთავრობის მითითებებს. ასე რომ, მოვემზადეთ ათეისტურ ქვეყანაში გადასასვლელად.
თავდაპირველად, ჩვენ შევხვდით 18 ადამიანს, რომლებიც ერთი ძმის სახლში მოიყვანეს, და მოსანათლად მოვამზადეთ ისინი. აგრეთვე მოვიმარაგეთ ლიტერატურა რუსულ და უკრაინულ ენებზე და ისე ჩავალაგეთ ჩანთებში, რომ ჩხრეკისას თვალში არ მოხვედროდათ. გამთენიისას სოფელს გარს შემოერტყნენ პოლონელი ჯარისკაცები, რომლებმაც გვიბრძანეს, გზას დავდგომოდით. ჩვენ ნება დაგვრთეს, რომ ერთი თვის სამყოფი საკვები და საოჯახო ნივთები წაგვეღო. მათ რკინიგზის სადგურამდე მიგვაცილეს. ასე გახდა საბჭოთა უკრაინა ჩვენი სახლი.
დანიშნულების ადგილზე ჩასულთ სადგურზე ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვხვდნენ. ჩვენ გვინდოდა, ჩასვლისთანავე გვექადაგა მათთვის, ამიტომ თამამად ვუთხარით, რომ იეჰოვას მოწმეები ვიყავით. მეორე დღეს მოულოდნელად კოლმეურნეობის თავმჯდომარე გვეწვია. მან გვითხრა, რომ მამამისი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და იქიდან იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას უგზავნიდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! განსაკუთრებით ის გაგვიხარდა, რომ თავმჯდომარემ ლიტერატურა შემოგვთავაზა. მან ოჯახთან ერთად დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება და მაშინ მივხვდით, რომ ეს ქვეყანა სავსე იყო იეჰოვას „საუნჯით“ (ანგ. 2:7). მალე ისინი იეჰოვას მოწმეები გახდნენ და მრავალი წელი ერთგულად მსახურობდნენ».
წინ კიდევ ბევრი საქმეა
მეორე მსოფლიო ომის დროს და მას შემდეგ რუსეთში ჩვენი საქმიანობა ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა. პოლონეთის ფილიალიდან მთავარ სამმართველოში გაგზავნილი წერილი, რომელიც 1947 წლის 10 აპრილით იყო დათარიღებული, იტყობინებოდა: «რელიგიური წინამძღოლები აშინებენ მრევლს, რომ მათ ათი წლით იძულებითი შრომა ან გადასახლება ელით, თუ იეჰოვას მოწმეებს გამოართმევენ „საგუშაგო კოშკს“ ან რაიმე ტრაქტატს. მოსახლეობა შიშმა და ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ ხალხს სულიერი სინათლე სწყურია».
1947 წლის „წელიწდეულში“ ნათქვამი იყო: «მოწმეებს არც მიმზიდველი ფორმატით დაბეჭდილი „საგუშაგო კოშკი“ აქვთ და არც სხვა ლიტერატურა . . . უმეტეს შემთხვევაში ისინი ხელით ამზადებენ ასლებს და სხვებს აძლევენ . . . ზოგჯერ ჩვენს კურიერებს იჭერენ და „საგუშაგო კოშკს“ თუ უპოვიან, ციხეში სვამენ».
რეგინა კრივოკულსკაია ამბობს: «ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს მთელი ქვეყანა ეკლიანი მავთულით იყო შემოღობილი და ჩვენ პატიმრები ვიყავით. ჩვენი ქმრები, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს, უმეტესწილად, ციხეებსა და კოლონიებში ისხდნენ. ქალებს მძიმე ხვედრი გვერგო: უძილო ღამეები, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კა-გე-ბე) გამუდმებული მეთვალყურეობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, სამსახურის დაკარგვა და სხვა განსაცდელები. ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ, რომ ჭეშმარიტების გზიდან გადავეყვანეთ (ეს. 30:21). ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ სატანა იყენებდა ამ მდგომარეობას სამეფოს შესახებ ქადაგების შესაჩერებლად. მაგრამ იეჰოვას არ მიუტოვებია თავისი ხალხი; მისი დახმარება აშკარა იყო.
ბიბლიური ლიტერატურა, რომლის შემოტანაც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, გვაძლევდა „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და სიბრძნეს ამ მდგომარეობის ასატანად (2 კორ. 4:7). იეჰოვა უძღვებოდა თავის ხალხს და სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლები ემატებოდნენ მის ორგანიზაციას. გასაოცარი იყო, რომ ისინი თავიდანვე მზად იყვნენ, იეჰოვას ხალხთან ერთად გადაეტანათ სირთულეები. ეს მხოლოდ იეჰოვას სულით იყო შესაძლებელი».
ღობის იქით გადაყრილი წერილები
1944 წელს პიოტრი, რომელიც მოგვიანებით რეგინაზე დაქორწინდა, ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს და გორკის ოლქში არსებულ ბანაკში გაგზავნეს. მიუხედავად ამისა, მას ქადაგების სურვილი არ განელებია. პიოტრი წერდა წერილებს, რომლებშიც მოკლედ ხსნიდა ბიბლიის ერთ-ერთ სწავლებას. წერილს კონვერტში დებდა, შემდეგ ქვას აბამდა და ეკლიანი მავთულის მაღალი ღობის იქით ისროდა. პიოტრს იმედი ჰქონდა, რომ ამ წერილებს ვინმე წაიკითხავდა. ეს მართლაც ასე მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს ლიდია ბულატოვამ წაიკითხა მისი წერილი. პიოტრმა დაინახა ის და ჩუმად დაუძახა. მან ჰკითხა, ხომ არ უნდოდა, მეტი გაეგო ბიბლიის შესახებ. ლიდიას მოეწონა ეს აზრი და მათ შეხვედრა დათქვეს. ამის შემდეგ, ის რეგულარულად მოდიოდა ამ ძვირფასი წერილების ასაღებად.
ლიდია სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მქადაგებელი გახდა და მალევე დაიწყო ბიბლიის შესწავლა მარია სმირნოვასა და ოლგა სევრიუგინასთან. ისინიც იეჰოვას მსახურები გახდნენ. ამ დების დასახმარებლად ძმებმა კოლონიიდან დაიწყეს სულიერი საზრდოს მიწოდება. ამ მიზნით პიოტრმა გააკეთა პატარა ჩემოდანი ორმაგი ძირით, სადაც ის ჟურნალებს მალავდა. ის ახერხებდა კოლონიიდან ჩემოდნის გატანა-შეტანას უცხო ადამიანების დახმარებით, რომლებიც პატიმრები არ იყვნენ. მათ ერთ-ერთ დასთან მიჰქონდათ ჩემოდანი.
ცოტა ხანში დებმა იმ ტერიტორიაზე ქადაგება დაიწყეს. პოლიციამ შეამჩნია ეს და ჯაშუში მიუგზავნა მათ. ჯაშუშმა, რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო, თავი მოიკატუნა, თითქოს ჭეშმარიტება აინტერესებდა და დების ნდობა მოიპოვა. დები გამოუცდელები იყვნენ, ამიტომ დიდი სიხარულით უზიარებდნენ ჭეშმარიტებას ახალ „დას“; მოგვიანებით ისიც უთხრეს, როგორ იღებდნენ ლიტერატურას. ჩემოდნის შემდეგი გაგზავნის დროს პიოტრი დაიჭირეს და სასჯელზე 25 წელი დაუმატეს. სამივე დას 25-25 წელი მიუსაჯეს.
„საჭიროა ინფორმირება“
ომის დროს და მისი დამთავრების შემდეგ საბჭოთა მთავრობა კვლავაც ძალიან ზღუდავდა იეჰოვას მოწმეების საქმიანობას. 1947 წლის მარტში ძმები პოლონეთიდან იტყობინებოდნენ, რომ ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, გაზაფხულის ბოლოს საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილში არც ერთი იეჰოვას მოწმე აღარ იქნებოდა. წერილში ნათქვამი იყო: „ამ წერილის შედგენის დროს, შევიტყვეთ, რომ ერთ დღეში 100 და-ძმა დააპატიმრეს“. სხვა წერილში კოლონიებში მყოფ ძმებზე ეწერა: „ისინი საოცარ ერთგულებას ავლენენ იეჰოვასადმი. მრავალი მათგანი უკვე მოკლეს; იმ ძმების მსგავსად, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში იყვნენ, საძმო იეჰოვასგან ელის ხსნას“.
მოწმეებს ქადაგებისა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამოც აპატიმრებდნენ. პასუხისმგებელი ძმები 1947 წელს წერდნენ: „ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თითქმის არაფერი იცის ჩვენი საძმოს მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათი მიზანი არ არის მათი განადგურება. საჭიროა [მთავრობის] ინფორმირება“.
რეგისტრაციაში გატარების მცდელობა
მალე პოლონეთის ფილიალმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ორი რუსი ძმა და გამოცდილი ადვოკატი მოამზადებდნენ საჭირო საბუთებს საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის დასარეგისტრირებლად. რუსეთში მცხოვრები ძმებისთვის პოლონეთიდან მიწერილ წერილში ნათქვამი იყო: „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ნაქადაგები უნდა იყოს ყველგან, მათ შორის რუსეთში (მარკოზი 13:10)“. წერილის ბოლოს ეწერა: „მოითმინეთ. იეჰოვა მწუხარებას სიხარულით შეგიცვლით (ფსალმუნი 126:2—6)“.
1949 წლის აგვისტოში მიკოლა პიატოხამ, მიხაილო ჩუმაკმა და ილია ბაბიჩუკმა განცხადება შეიტანეს რეგისტრაციაზე. ხელისუფლება კანონიერად აღიარებდა იეჰოვას მოწმეებს, თუ ისინი გარკვეულ პირობებს შეასრულებდნენ, მათ შორის დაასახელებდნენ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ მოწმეებს. ცხადია, ძმები არ დათანხმდნენ. თუმცა ჩვენი საქმიანობა წინ მიიწევდა და მაუწყებლების რიცხვი იზრდებოდა, მრავალი ძმა კვლავაც დაპატიმრებული იყო.
„შენი იეჰოვა აქედან ვერ გიხსნის“
პიოტრ კრივოკულსკი 1945 წლის ზაფხულს იხსენებს: «გასამართლების შემდეგ ძმები სხვადასხვა კოლონიაში გადაგვიყვანეს. ჩემს კოლონიაში მრავალი პატიმარი გულწრფელად დაინტერესდა ჭეშმარიტებით. ერთი მათგანი სასულიერო პირი იყო; ის მალე მიხვდა, რომ, რაც მოისმინა, ჭეშმარიტება იყო და იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა.
კოლონიაში გაუსაძლისი პირობები იყო. ერთხელ პატარა საკანში ჩამსვეს, სადაც მხოლოდ დგომა შემეძლო. საკანი სავსე იყო ბაღლინჯოებით, ამიტომ მას ბაღლინჯოების ბუდეს უწოდებდნენ. მათ შეეძლოთ ადამიანისთვის მთლიანად გამოეწოვათ სისხლი. საკანთან მდგომმა გამომძიებელმა მითხრა: „შენი იეჰოვა აქედან ვერ გიხსნის“. ჩემი დღიური რაციონი 300 გრამი პური და ერთი ჭიქა წყალი იყო. საკანში საშინელი უჰაერობა იყო, ამიტომ პირს ვადებდი კარის ჭრილს და ხარბად ვსუნთქავდი. ვგრძნობდი, როგორ მწოვდნენ ბაღლინჯოები სისხლს. ბაღლინჯოების ბუდეში ათი დღე გავატარე და გამუდმებით ვევედრებოდი იეჰოვას, მოთმინების ძალა მოეცა ჩემთვის (იერ. 15:15). საკნის კარი რომ გააღეს, გონება დავკარგე და როცა გონზე მოვედი, უკვე სხვა საკანში ვიყავი.
ამის შემდეგ კოლონიის სასამართლომ ათი წელი მომისაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში „ანტისაბჭოური აგიტაციისა და პროპაგანდისთვის“. კოლონიაში შეუძლებელი იყო ამანათის მიღება ან იქიდან რაიმეს გაგზავნა. იქ ძირითადად ძალმომრეობითი დანაშაულის, მაგალითად მკვლელობის გამო იხდიდნენ სასჯელს. მითხრეს, რომ რწმენას თუ არ უარვყოფდი, პატიმრები იმას გამიკეთებდნენ, რასაც დაავალებდნენ. სულ რაღაც 36 კილოგრამს ვიწონიდი და ძლივს დავლასლასებდი. თუმცა იქაც შევძელი გულწრფელი ადამიანების პოვნა, რომლებიც ჭეშმარიტების მიმართ კარგად განეწყვნენ.
ერთხელ ბუჩქნარში ვიყავი წამოწოლილი და ვლოცულობდი. ამ დროს ერთი მოხუცი კაცი მოვიდა და მკითხა: „როგორ მოხვდი ამ ჯოჯოხეთში?“ როცა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი, გვერდით მომიჯდა, ჩამეხუტა და მაკოცა. „შვილო, რომ იცოდე, რამდენი ხანია ბიბლიის სწავლა მინდა! შეგიძლია მასწავლო?“ — მკითხა მან. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაშინვე ამოვიღე დაფლეთილ ტანსაცმელში ჩაკერებული გაცრეცილი ფურცლები, რომლებზეც სახარების მონაკვეთები ეწერა. მოხუცს ცრემლი მოადგა. იმ საღამოს დიდხანს ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ კოლონიის სასადილოში მუშაობდა და საჭმელს მომცემდა. ასე დავმეგობრდით. ის სულიერად ძლიერდებოდა, მე კი — ფიზიკურად. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამაზე იეჰოვამ იზრუნა. რამდენიმე თვის შემდეგ მოხუცი გაათავისუფლეს, მე კი გორკის ოლქში სხვა კოლონიაში გადამიყვანეს.
პირობები იქ გაცილებით უკეთესი იყო. მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ოთხ პატიმართან ბიბლიის შესწავლას ვატარებდი. 1952 წელს კოლონიის თანამშრომლებმა ლიტერატურა გვიპოვეს. წინასწარი დაკითხვების დროს ჰერმეტულ ყუთში ჩამსვეს; როცა ჰაერი აღარ მყოფნიდა და ვიგუდებოდი, ყუთს ხსნიდნენ, რომ ცოტაოდენი ჰაერი ჩამესუნთქა, და ისევ ხურავდნენ. მათი მიზანი იყო, რწმენაზე უარი მეთქვა. ყველა გაგვასამართლეს. განაჩენის წაკითხვის დროს ბიბლიის არც ერთ შემსწავლელს წარბი არ შეუხრია, რამაც ძალიან გამახარა! ოთხივეს 25-25 წელი მიუსაჯეს სხვადასხვა კოლონიაში. მე უფრო მკაცრი განაჩენი გამომიტანეს, მაგრამ შემდეგ შემიცვალეს ის დამატებითი 25-წლიანი პატიმრობით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და 10-წლიანი გადასახლებით. ოთახის დატოვების შემდეგ ცოტა ხნით შევჩერდით, რომ იეჰოვასთვის მადლობა გადაგვეხადა მხარდაჭერისთვის. მცველები გაკვირვებულები გვიყურებდნენ — ვერ გაეგოთ, რა გვიხაროდა. ჩვენ სხვადასხვა კოლონიაში წაგვიყვანეს. მე ვორკუტის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოვხვდი».
ქრისტიანულმა ნეიტრალიტეტმა მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა
კოლონიაში ცხოვრება მძიმე იყო. ბევრმა პატიმარმა, ვინც იეჰოვას მოწმე არ იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ივან კრილოვი იხსენებს: „მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ დავუკავშირდი და-ძმებს, რომლებიც ქვანახშირის მაღაროებში იძულებით მუშაობდნენ და დავეხმარე მათ, რომ ერთმანეთთან კავშირი ჰქონოდათ. ვისაც ჩვენი ჟურნალების ხელნაწერები ჰქონდა, სხვებსაც აძლევდა. მოწმეები ყველა კოლონიაში ქადაგებდნენ და ბევრი ავლენდა ინტერესს. გათავისუფლების შემდეგ ზოგი მდინარე ვორკუტაში მოინათლა.
იეჰოვასა და მისი სამეფოს გულისთვის ჩვენ ყოველთვის ვხვდებოდით რწმენის გამოცდებს. ერთხელ, 1948 წელს, ვორკუტის კოლონიაში ზოგიერთმა პატიმარმა აჯანყების გეგმა შეადგინა. მათ სხვა პატიმრებს უთხრეს, რომ აჯანყება წარმატებით დამთავრდებოდა, თუ ეროვნებისა და რელიგიის მიხედვით ჯგუფებად გაერთიანდებოდნენ. მაშინ კოლონიაში 15 მოწმე ვიხდიდით სასჯელს. ჩვენ ვუთხარით აჯანყებულებს, რომ ქრისტიანები ვიყავით და მათ არ შევუერთდებოდით. ავუხსენით, რომ ადრინდელი ქრისტიანებიც არ მონაწილეობდნენ რომაელების წინააღმდეგ აჯანყებაში. ჩვენმა განაცხადმა ბევრი გააოცა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიდექით“.
აჯანყება ტრაგიკულად დასრულდა. ჯარისკაცებმა ჩაახშეს ამბოხება და აჯანყებულები სხვა ბარაკებში გადაიყვანეს. ბარაკებს ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. იქ თითქმის ყველა დაიღუპა. ჯარისკაცებს მოწმეებისთვის არაფერი დაუშავებიათ.
ივანი განაგრძობს: „1948 წლის დეკემბერში ერთ კოლონიაში შევხვდი რვა ძმას, რომელთაც 25-25 წელი ჰქონდათ მისჯილი. მკაცრი ზამთარი იდგა და მაღაროებში მუშაობა რთული იყო. მიუხედავად ამისა, ძმების თვალებში ძლიერი რწმენა და იმედი დავინახე. მათი დადებითი განწყობა იმ პატიმრებსაც ამხნევებდა, ვინც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ“.
ციმბირში გადასახლება
მთავრობის მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოწმეები გულმოდგინედ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას იეჰოვას სამეფოს შესახებ. ამას მდგომარეობიდან გამოჰყავდა ცენტრალური ხელისუფლება მოსკოვში, განსაკუთრებით კა-გე-ბე. 1951 წლის 19 თებერვლით დათარიღებულ მემორანდუმში კა-გე-ბე სტალინს სწერდა: „იეღოველთა ანტისაბჭოური საქმიანობის ჩახშობის მიზნით სსრკ-ს ემ-გე-ბემ [სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, მოგვიანებით კა-გე-ბე] საჭიროდ ჩათვალა, რომ ირკუტსკისა და ტომსკის ოლქებში გადაასახლოს ის იეღოველები და მათი ოჯახები, ვისი ვინაობაც ცნობილია“. კა-გე-ბემ იცოდა მოწმეების ვინაობა და სტალინს სთხოვა ნებართვა, 8 576 ადამიანი საბჭოთა კავშირის ექვსი რესპუბლიკიდან ციმბირში გადაესახლებინათ. მათ მიიღეს ნებართვა.
მაგდალინა ბელოშიცკაია იხსენებს: «1951 წლის 8 აპრილს, კვირას, დილის ორ საათზე კარზე ბრახუნმა გაგვაღვიძა. დედაჩემი წამოხტა საწოლიდან და კართან მიირბინა. კართან მდგომმა ოფიცერმა გამოგვიცხადა: „ღვთისადმი რწმენის გამო თქვენ გადასახლებული ხართ ციმბირში. ბარგის ჩასალაგებლად ორი საათი გაქვთ. შეგიძლიათ ოთახიდან ნებისმიერი რამე წაიღოთ მარცვლეულის, ფქვილის, ბურღულეულის, ავეჯის, ხის ნაკეთობებისა და საკერავი მანქანის გარდა; ეზოდან არაფრის აღების უფლება არა გაქვთ. აიღეთ თქვენი ლოგინი, ტანსაცმელი, ტომრები და გამოდით“.
ჩვენს პუბლიკაციებში წაკითხული გვქონდა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. ჩვენ მივხვდით, რომ დადგა დრო, ეს საქმე გაკეთებულიყო.
არც ერთი არ მოვთქვამდით და არ ვქვითინებდით. გაოცებულმა ოფიცერმა გვითხრა: „თვალიდან ცრემლიც კი არ გადმოგვარდნიათ“. ჩვენ ვუთხარით, რომ ამას 1948 წლიდან ველოდებოდით. ოფიცერს ვთხოვეთ, ერთი ცოცხალი ქათამი მაინც მოეცათ ჩვენთვის, მაგრამ უარი გვითხრა. ოფიცრებმა ჩვენ თვალწინ გაიყვეს ჩვენი საქონელი. ქათმებიც დაინაწილეს: ერთმა ხუთი წაიყვანა, მეორემ — ექვსი და მესამემ — სამი თუ ოთხი. როცა საქათმეში ორი ქათამიღა დარჩა, ოფიცერმა ბრძანა, დაეკლათ და ჩვენთვის მოეცათ.
ჩემი რვა თვის გოგონა აკვანში იწვა. ოფიცერს ვთხოვეთ, აკვანი დაეტოვებინა ჩვენთვის, მაგრამ მან ბრძანა, დაეშალათ და მხოლოდ ის ნაწილი დაეტოვებინათ, სადაც ბავშვი იწვა.
მალე მეზობლებმა გაიგეს, რომ გვასახლებდნენ. ერთმა პატარა ტომრით ორცხობილა მოგვიტანა და ურემში ჩაგვიგდო. ჯარისკაცმა შენიშნა ეს და ტომარა უკან გადაუგდო. ჩვენ ექვსნი ვიყავით: დედაჩემი, ჩემი ორი ძმა, მე, ჩემი ქმარი და ჩვენი რვა თვის გოგონა. სოფელს რომ გავცდით, მანქანაში გადაგვსხეს და რაიონულ ცენტრში წაგვიყვანეს, სადაც ჩვენი დოკუმენტები შეავსეს. იქიდან სატვირთო მანქანით რკინიგზის სადგურზე წაგვიყვანეს.
მზიანი კვირადღე იდგა. სადგური სავსე იყო ხალხით — ზოგს ასახლებდნენ, ზოგი კი მათ სანახავად იყო მოსული. მანქანა იმ ვაგონთან გაჩერდა, სადაც ჩვენი ძმები იყვნენ. მატარებელი გაივსო და ჯარისკაცებმა სია ამოიკითხეს. ვაგონში 52 ვიყავით. სანამ მატარებელი დაიძვრებოდა, ჩვენ სანახავად მოსულებმა ტირილი დაიწყეს. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან ზოგს არც კი ვიცნობდით. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვიყავით და ციმბირში გვასახლებდნენ. გაისმა მატარებლის საყვირის ხმა. ძმებმა უკრაინულად დაიწყეს სიმღერა: „დაე, თქვენთან იყოს ქრისტეს სიყვარული! განვადიდოთ იესო ქრისტე და მის სამეფოში შევხვდებით ერთმანეთს“. თითქმის ყველას გვწამდა, რომ იეჰოვა არ მიგვატოვებდა და მომავალს იმედით ვუყურებდით. ჩვენ რამდენიმე სტროფი ვიმღერეთ. ამან იმდენად იმოქმედა ზოგ ჯარისკაცზე, რომ ატირდნენ. შემდეგ მატარებელი დაიძრა».
„შედეგები სრულიად საპირისპირო იყო“
პეტერბურგში არსებული გერცენის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლაი გორდიენკომ თავის წიგნში აღწერა, რა მოჰყვა დევნას: «შედეგები სრულიად საპირისპირო იყო; მათ სურდათ, დაესუსტებინათ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია სსრკ-ში, სინამდვილეში კი მხოლოდ გააძლიერეს ის. ახალ დასახლებებში, სადაც არავის ჰქონდა გაგონილი მათი მრწამსის შესახებ, იეჰოვას მოწმეებმა ადგილობრივ მოსახლეობას „გადასდეს“ თავიანთი რწმენა და ერთგულება».
მრავალი მოწმე მალევე შეეგუა ახალ პირობებს. მათ ჩამოაყალიბეს პატარა კრებები და დაანაწილეს სამქადაგებლო უბნები. ნიკოლაი კალიბაბა ამბობს: «ციმბირში ყოფნისას იყო დრო, როცა კარდაკარ ვაკითხავდით ხალხს, უფრო სწორად ორი ან სამი კარის გამოტოვებით ვქადაგებდით. ეს ძალიან სარისკო იყო. როგორ ვაკეთებდით ამას? პირველი მონახულებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ვცდილობდით ხელმეორედ მივსულიყავით. ხალხს ვეკითხებოდით: „ხომ არ ყიდით ქათმებს, თხებს ან ძროხებს?“ შემდეგ საუბარი ნელ-ნელა გადაგვქონდა სამეფოზე. ცოტა ხანში კა-გე-ბემ შეიტყო ამის შესახებ და გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც აფრთხილებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იეჰოვას მოწმეებთან არ ელაპარაკათ. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მოწმეები კარდაკარ დადიან და სურთ, ხალხისგან თხების, ძროხებისა და ქათმების ყიდვა, სინამდვილეში კი ჩვენ „ცხვრებს“ ვეძებდით!»
გავრიილ ლივი გვიამბობს: «კა-გე-ბეს თვალთვალის მიუხედავად, ძმები ცდილობდნენ ექადაგათ. ჩვეულებრივ, საბჭოთა კავშირში ხალხი მაშინვე მილიციას ატყობინებდა, თუ შენიშნავდნენ, რომ ვინმე რელიგიურ თემაზე საუბრის წამოწყებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ქადაგება, თუმცა თავიდან ისე ჩანდა, რომ ჩვენი საქმიანობა უშედეგო იყო. დროთა განმავლობაში ჭეშმარიტებამ შეცვალა ზოგი ადგილობრივი მოსახლე. ერთ-ერთი იყო რუსი მამაკაცი, რომელიც უზომოდ სვამდა. ჭეშმარიტების შესწავლის შემდეგ მან ცხოვრება ბიბლიის პრინციპების თანახმად შეცვალა და მოწმე გახდა. მოგვიანებით ის კა-გე-ბეს ოფიცერმა გამოიძახა და უთხრა: „ვისთან ხარჯავ დროს?! ეს მოწმეები უკრაინელები არიან“.
ძმამ უპასუხა: „როცა ვლოთობდი და თხრილში ვეგდე, ყურადღების ღირსად არ მთვლიდით. ახლა რომ ნორმალური ადამიანი და მოქალაქე გავხდი, არ მოგწონთ. ბევრი უკრაინელი მიდის ციმბირიდან, მაგრამ ისინი აქ ისეთ ციმბირელებს ტოვებენ, რომლებიც ღმერთმა სწორ გზაზე დააყენა“».
რამდენიმე წლის შემდეგ ირკუტსკიდან ერთი თანამდებობის პირი მოსკოვს სწერდა: „რამდენიმე ადგილობრივმა მუშაკმა განაცხადა, რომ ყველა ესენი [იეჰოვას მოწმეები] უნდა გავგზავნოთ ერთ ადგილას, სადღაც ჩრდილოეთში, რათა არავითარი კონტაქტი არ ჰქონდეთ მოსახლეობასთან და თავიდან აღვზარდოთ ისინი“. არც ციმბირის ხელისუფლებამ და არც ოფიციალურმა მოსკოვმა იცოდა, როგორ გაეჩუმებინათ იეჰოვას მოწმეები.
„ყველას ერთიანად დაგხვრეტდით“
1957 წლის დასაწყისში მთავრობამ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყო. ძმებს უთვალთვალებდნენ და მათ სახლებს ჩხრეკდნენ. ვიქტორ გუტშმიდტი იხსენებს: «ერთხელ მსახურებიდან სახლში დაბრუნებულს ყველაფერი აყრილი დამხვდა. კა-გე-ბე ლიტერატურას ეძებდა. მათ დამაპატიმრეს და ორი თვის მანძილზე დაკითხვებს მიწყობდნენ. ჩემი უმცროსი გოგონა 11 თვის იყო, უფროსი კი — ორი წლის.
დაკითხვის დროს ინსპექტორმა მკითხა: „გერმანელი არა ხარ?“ მაშინ სიტყვა „გერმანელს“ „ფაშისტის“ სინონიმად იყენებდნენ. ხალხს სძულდა გერმანელები.
„მე პატრიოტი არა ვარ, მაგრამ იმ გერმანელებზე თუ საუბრობთ, რომლებიც ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაყარეს, მაშინ მე ვამაყობ იმ გერმანელებით! მათ იმ დროს ბიბელფორშერები ერქვათ, დღეს კი იეჰოვას მოწმეები ეწოდებათ. ვამაყობ, რომ არც ერთ მოწმეს არ აუღია ხელში ავტომატი და არც ქვემეხიდან უსვრია. ასეთი გერმანელებით ვამაყობ!“
ინსპექტორს ხმა არ ამოუღია, ამიტომ განვაგრძე: „დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ იეჰოვას მოწმეს არ მიუღია მონაწილეობა აჯანყებებსა და ამბოხებებში. იეჰოვას მოწმეები აკრძალვის დროსაც კი ღვთის თაყვანისმცემლები არიან. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვაღიარებთ და ვემორჩილებით კანონიერ ხელისუფლებასაც, თუ მათი დადგენილი კანონები არ ეწინააღმდეგება ჩვენი შემოქმედის კანონებს“.
მოულოდნელად ინსპექტორმა საუბარი შემაწყვეტინა და მითხრა: „ისე კარგად არც ერთი ჯგუფის საქმიანობა არ შეგვისწავლია, როგორც მოწმეების. რაიმე რომ გვეპოვა თქვენ წინააღმდეგ, თუნდაც ერთი წვეთი სისხლი ყოფილიყო დაღვრილი, ყველას ერთიანად დაგხვრეტდით“.
მაშინ გავიფიქრე: „ჩვენი ძმები გაბედულად ემსახურებოდნენ იეჰოვას მთელ მსოფლიოში და მათმა კარგმა მაგალითმა სიცოცხლე შეგვინარჩუნა საბჭოთა კავშირში. ამიტომ შეიძლებოდა ღვთისადმი ჩვენი მსახურებაც როგორმე დახმარებოდა ძმებს სხვა ტერიტორიებზე“. ეს აზრი მეხმარებოდა, რომ არასოდეს მიმეტოვებინა იეჰოვას გზა».
მოწმეები 50-ზე მეტ კოლონიაში
საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეთა ნეიტრალური პოზიცია და გულმოდგინე მსახურება კვლავაც აღიზიანებდა მთავრობას (მარ. 13:10; იოან. 17:16). ხშირად სწორედ ასეთი მტკიცე პოზიციის გამო უსჯიდნენ ძმებს ხანგრძლივ და უსამართლო პატიმრობას.
1956 წლის ივნისიდან 1957 წლის თებერვლამდე მთელ მსოფლიოში ჩატარდა 199 კონგრესი, რომელთაც 462 936 დელეგატი დაესწრო; მათ ერთხმად მიიღეს პეტიცია, რომლის ასლებიც გაეგზავნა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მოსკოვში. სხვა საკითხებთან ერთად პეტიციაში ნათქვამი იყო: «იეჰოვას მოწმეები დაპატიმრებულნი არიან 50-ზე მეტ კოლონიაში რუსეთის ევროპული ნაწილიდან ციმბირამდე და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანემდე, არქტიკულ კუნძულ ახალ მიწაზეც კი . . . ამერიკასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში იეჰოვას მოწმეებს კომუნისტებს უწოდებენ, კომუნისტურ ქვეყნებში კი — იმპერიალისტებს . . . კომუნისტურმა მთავრობებმა ბრალი დასდეს მათ „იმპერიალისტთა ჯაშუშობაში“ და ოცი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მათ არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში». სამწუხაროდ, პეტიციამ ვერ შეცვალა იეჰოვას მოწმეთა მდგომარეობა საბჭოთა კავშირში.
რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ოჯახებისთვის განსაკუთრებით რთული იყო შვილების აღზრდა. მოსკოველი ვლადიმირ სოსნინი, რომელიც იმ დროს სამ ვაჟს ზრდიდა, ამბობს: „საბჭოთა სკოლაში სწავლა სავალდებულო იყო. მასწავლებლები და ბავშვები აიძულებდნენ ჩვენს შვილებს, რომ კომუნისტურ ორგანიზაციებში შესულიყვნენ. ჩვენ გვინდოდა, რომ შვილებს ელემენტარული განათლება მიეღოთ და ვეხმარებოდით სწავლაში. ადვილი არ იყო ბავშვისთვის იეჰოვას სიყვარულის ჩანერგვა. სკოლის პროგრამა სოციალისტური და კომუნისტური აზრებით იყო გაჟღენთილი. მშობლებს დიდი მოთმინება და შეუპოვრობა გვჭირდებოდა“.
შვილისთვის ყურის ახევაში ბრალდადებულნი
სემიონ და დარია კოსტილევები სამ შვილს ზრდიდნენ ციმბირში. სემიონი გვიამბობს: «მაშინ იეჰოვას მოწმეებს ფანატიკოსებად მიიჩნევდნენ. ჩვენი შუათანა ქალიშვილი ალა 1961 წელს შევიდა პირველ კლასში. ერთხელაც ბავშვებთან თამაშის დროს ერთ-ერთმა შემთხვევით ყური დაუზიანა. მეორე დღეს მასწავლებელი დაინტერესდა, რა მოხდა; ალას არ უნდოდა კლასელი დაესმინა, ამიტომ გაჩუმდა. მასწავლებელმა იცოდა, რომ ჩვენ მოწმეები ვიყავით და დაასკვნა, რომ ცემით ვაიძულებდით ბავშვს, ბიბლიის პრინციპების თანახმად ეცხოვრა. მომხდარის შესახებ სკოლამ პროკურორს შეატყობინა. ამ საქმეში ჩაერია ის საწარმოც, რომელშიც ვმუშაობდი. გამოძიება დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. ბოლოს, 1962 წლის ოქტომბერში სასამართლოს უწყება მივიღეთ.
სასამართლომდე ორი კვირით ადრე კულტურის სასახლის ფასადზე ჩამოკიდეს პლაკატი: „მალე იეღოველთა საშიშ სექტას გაასამართლებენ“. მე და ჩემს ცოლს ბრალი დაგვდეს, რომ შვილებს ბიბლიის პრინციპების თანახმად ვზრდიდით; ასევე სისასტიკეში დაგვადანაშაულეს. სასამართლოს მტკიცებით, თითქოს შვილს ვაიძულებდით, ელოცა, და ჩვენ ავახიეთ ყური. ჩვენი ერთადერთი მოწმე ალა იყო, მაგრამ იმ დროს ის უკვე ქალაქ კირენსკის ობოლთა თავშესაფარში იმყოფებოდა, რომელიც ირკუტსკიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 700 კილომეტრში იყო.
დარბაზი გაივსო ახალგაზრდა კომკავშირლებით. როცა მოსამართლეები განაჩენის გამოსატანად გავიდნენ, ხალხმა აურზაური ატეხა. ხელს გვკრავდნენ და გვწყევლიდნენ; ერთმა მოითხოვა, რომ „საბჭოთა“ ტანსაცმელი გაგვეხადა. ყველანი ხმამაღლა ითხოვდნენ, სიკვდილით დავესაჯეთ; ერთ მათგანს უნდოდა, იქვე მოვეკალით. ბრბო უფრო და უფრო მძვინვარდებოდა, მოსამართლეები კი არ ჩანდნენ. მათი თათბირი ერთ საათს გაგრძელდა. როცა ბრბო ჩვენკენ მოიწევდა, ერთი და და მისი ურწმუნო ქმარი ჩვენსა და ხალხს შორის ჩადგნენ და ეხვეწებოდნენ, არ შეგვხებოდნენ. ისინი ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლო იყო; ბრბოს მათ პირდაპირი გაგებით ხელიდან გამოსტაცეს ჩვენი თავი.
ბოლოს მოსამართლე სახალხო მსაჯულებთან ერთად გამოვიდა და განაჩენი წაგვიკითხა: მშობლის უფლების ჩამორთმევა. მე დამაპატიმრეს და ორი წლით შრომა-გასწორების კოლონიაში წამიყვანეს. ჩვენს უფროს გოგონას უთხრეს, რომ მისი მშობლები საშიში სექტის წევრები იყვნენ და მასზე ცუდ გავლენას მოახდენდნენ, ამიტომ ის ობოლთა თავშესაფარში წაიყვანეს.
ჩვენი ვაჟი დარიას დაუტოვეს, რადგან ის მხოლოდ სამი წლის იყო. სასჯელის მოხდის შემდეგ სახლში დავბრუნდი. როგორც ადრე, ახლაც მხოლოდ არაფორმალურად ვქადაგებდით».
„ჩვენ ვამაყობდით შვილებით“
«ალა 13 წლის იყო, როცა ობოლთა თავშესაფრიდან სახლში დაბრუნდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ალამ თავი მიუძღვნა იეჰოვას და 1969 წელს მოინათლა! ამ პერიოდში ჩვენი ქალაქის კულტურის სასახლეში რელიგიურ თემაზე ლექციები იკითხებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგო, ამჯერად რას იტყოდნენ. როგორც ყოველთვის იეჰოვას მოწმეები საუბრის მთავარი თემა იყო. ერთმა მომხსენებელმა ამოიღო „საგუშაგო კოშკი“ და თქვა: „ეს არის საზიანო და საშიში ჟურნალი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას“. შემდეგ მან მოიყვანა მაგალითი: „ამ სექტის წევრები აიძულებენ შვილებს, რომ წაიკითხონ ასეთი ჟურნალები და ილოცონ. ერთ ოჯახში პატარა გოგონას არ სურდა ჟურნალის წაკითხვა, ამიტომ მამამ მას ყური აახია“. ალა გაოცებული იყო, რადგან ორივე ყური მთელი ჰქონდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, რადგან ეშინოდა, ისევ არ დაეკარგა მშობლები.
როცა ჩვენი ვაჟი, ბორისი, 13 წლის გახდა, მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. ერთხელ ის თანატოლებთან ერთად ქადაგებდა ქუჩაში, თუმცა ჩვენი საქმიანობა ჯერ კიდევ აკრძალული იყო. მათ არც ბიბლია ჰქონდათ და არც ბიბლიური ლიტერატურა. მოულოდნელად მანქანა გაჩერდა და ბიჭები მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ისინი დაკითხეს და გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი უპოვეს ქაღალდის გარდა, რომელზეც რამდენიმე ბიბლიური მუხლი ეწერა. ბიჭები სახლებში გამოუშვეს. როცა ბორისი სახლში დაბრუნდა, ამაყად გვითხრა, რომ ის და სხვა ძმები იეჰოვას სახელისთვის იყვნენ დევნილები. ჩვენ ვამაყობდით შვილებით და გვიხაროდა, რომ იეჰოვა მხარში ედგა მათ განსაცდელების დროს. ამ შემთხვევის შემდეგ მე და დარიას ხშირად გვიძახებდნენ კა-გე-ბეში. ერთმა ოფიცერმა გვითხრა: „ეს ბავშვები კოლონიაში არიან გასაგზავნები, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ 14 წლისანი არ არიან“. ჩვენ დაგვაჯარიმეს იმის გამო, რომ ჩვენი ბიჭი ქადაგებდა.
ახლა ჩემს ვაჟთან და შვილიშვილებთან ვცხოვრობ; ისინიც მოწმეები არიან. ჩემი უფროსი ქალიშვილი უზბეკეთში ცხოვრობს, და თუმცა იეჰოვას ჯერ არ ემსახურება, პატივს გვცემს ჩვენც და ბიბლიასაც და ხშირად ჩამოდის ჩვენთან. დარია 2001 წელს დაიღუპა; ის სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. მე სანამ ძალა მერჩის, კრებასთან ერთად ვქადაგებ დაშორებულ ტერიტორიებზე და ვეძებ ‘მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილ ადამიანებს’ (საქ. 13:48). მჯერა, რომ ძალიან მალე იეჰოვა თითოეული ჩვენგანის სურვილს შეასრულებს, ისევე როგორც ეს ესაიას 65:23-ში წერია».
მშობლების შესანიშნავი მაგალითი
ვლადისლავ აპანიუკი რუსეთის ბეთელში მსახურობს. ის იხსენებს, როგორ უნერგავდნენ ბავშვობიდანვე მშობლები მას და მის და-ძმებს ღვთის სიყვარულს: «1951 წელს ჩვენი მშობლები უკრაინიდან ციმბირში გადაასახლეს. ისინი გვასწავლიდნენ, როგორ მიგვეღო იეჰოვასთვის მოსაწონი გადაწყვეტილებები. ძალიან ვაფასებდი, რომ მშობლები ყოველთვის თავისუფლად აღიარებდნენ თავიანთ შეცდომებს ჩვენთან და არ მალავდნენ. ჩვენთვის ნათელი იყო, რომ მათ ძალიან უყვარდათ იეჰოვა. მშობლებს დიდ სიხარულს ანიჭებდათ ჩვენთან სულიერ საკითხებზე მსჯელობა. ვხედავდით, რომ მათ ძალიან მოსწონდათ იეჰოვაზე ფიქრი და საუბარი. მათი საქციელი აღგვძრავდა, ჩვენც გვეფიქრა იეჰოვაზე. ჩვენ წარმოვიდგენდით ხოლმე, როგორ იცხოვრებდნენ ადამიანები ახალ ქვეყნიერებაში, როცა ყველაფერი მშვენიერი იქნებოდა და აღარ იარსებებდა ავადმყოფობა და ომები.
მესამე კლასში ვიყავი, როცა მთელ კლასს მოგვიწოდეს საბჭოთა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში შევსულიყავით და პიონერები გავმხდარიყავით. საბჭოთა კავშირში ბავშვთა უმეტესობას დიდ პატივად მიაჩნდა პიონერობა. ჩემი კლასელები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. თითოეულს უნდა დაგვეწერა ფორმალური ფიცი, რომ მზად ვიყავით საბჭოთა პიონერების, კომუნიზმის მომავალი მშენებლების, რიგებში გავერთიანებულიყავით. მე უარი ვთქვი. ამიტომ მასწავლებელმა დამსაჯა და საკლასო ოთახში ჩამკეტა. „სანამ ფიცს არ დაწერ, აქედან ვერ გამოხვალ“, — მითხრა მან. რამდენიმე საათის შემდეგ კლასელებმა ფანჯარაზე მომიკაკუნეს; ისინი სათამაშოდ მეპატიჟებოდნენ. მაგრამ კლასი არ დამიტოვებია, თანაც გადაწყვეტილი მქონდა, არაფერი დამეწერა. საღამოსკენ სხვა მასწავლებელი მოვიდა და სახლში გამიშვა. ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო. მეამაყებოდა, რომ იეჰოვას გული გავუხარე (იგავ. 27:11). სახლში რომ დავბრუნდი, ყველაფერი მშობლებს მოვუყევი. მათ ძალიან გაუხარდათ. მამამ შემაქო: „ყოჩაღ, შვილო!“»
ბიბლიას ანტისაბჭოურ წიგნად მიიჩნევენ
ზოგჯერ ძმებს მხოლოდ იმიტომ ასამართლებდნენ, რომ ბიბლია ჰქონდათ. ნადეჟდა ვიშნიაკი ამბობს: «მე და ჩემი ქმარი იეჰოვას მოწმეები არ ვიყავით, მაგრამ ჭეშმარიტებამ ღრმა კვალი დატოვა ჩვენზე. ერთხელ პოლიციამ სამსახურში მომაკითხა და განყოფილებაში წამიყვანა. ჩემი ქმარი პიოტრიც სამსახურიდან აიყვანეს. პოლიციას ჩვენი სახლი გაუჩხრიკავს და უპოვია ბიბლია და ბუკლეტი „არმაგედონის შემდეგ — ღვთის ახალი ქვეყნიერება“. პიოტრი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მეც დამაპატიმრებდნენ, რადგან შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი.
ჩვენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებაში დაგვადანაშაულეს. ავუხსენით, რომ გვწამდა ბიბლიის, რომელსაც უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლებას.
„ბიბლია ღვთის სიტყვაა და ამიტომ გვინდა, მისი პრინციპებით ვიცხოვროთ“, — ვუთხარი მე.
როცა სასამართლო განხილვა დაიწყო, მშობიარობამდე ორი კვირა მქონდა დარჩენილი. სასამართლო მოსმენებს შორის მოსამართლე პატარა შესვენებებს აცხადებდა, რომ შეიარაღებული ჯარისკაცის თანხლებით გარეთ გავსულიყავი. ერთხელაც ჯარისკაცმა მკითხა, რისთვის მასამართლებდნენ. დამოწმების შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა.
მოსამართლემ გამოაცხადა, რომ ჩამორთმეული ბიბლია და ლიტერატურა „ანტისაბჭოური“ იყო. გამამხნევა იმან, რომ მხოლოდ მე და ჩემს ქმარს კი არ გვადანაშაულებდნენ ანტისაბჭოურ ქმედებებში, არამედ ჩვენს ლიტერატურასა და ბიბლიასაც კი ანტისაბჭოურად მიიჩნევდნენ! მათ გვკითხეს, სად გავიცანით იეჰოვას მოწმეები. როცა ვუთხარით, რომ ვორკუტის შრომა-გასწორების კოლონიაში, განრისხებულმა მოსამართლემ იყვირა: „შეხედეთ ერთი, რა ხდება ჩვენს კოლონიებში!“ დამნაშავეებად გვცნეს და ორივეს ათ-ათი წელი მოგვისაჯეს შრომა-გასწორების კოლონიაში.
პიოტრი გაგზავნეს ცენტრალურ რუსეთში მორდვეთის კოლონიაში. მე სამარტოო საკანში ჩამსვეს. 1958 წლის მარტში ვაჟი შეგვეძინა. ამ რთულ პერიოდში იეჰოვა ჩემი საუკეთესო მეგობარი და შემწე იყო. ბავშვს დედაჩემი უვლიდა. მე ციმბირში კემეროვოს კოლონიაში გადამიყვანეს.
სრული სასჯელი არ მომიხდია, რადგან რვა წლის შემდეგ გამათავისუფლეს. მახსოვს, ზედამხედველმა ქალმა ბარაკში ხმამაღლა გამოაცხადა, რომ არასოდეს მითქვამს ანტისაბჭოური რამ და ჩვენი ლიტერატურა მხოლოდ რელიგიური იყო. გათავისუფლების შემდეგ 1966 წელს მოვინათლე».
ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა განსაკუთრებით ძვირფასი იყო ციხეებსა და კოლონიებში. 1958 წელს მორდვეთის კოლონიაში ძმები რეგულარულად ატარებდნენ კრების შეხვედრებს. კოლონიის ზედამხედველები რომ არ დასდგომოდნენ თავს, რამდენიმე ძმა მოშორებით იდგა, რათა გაეფრთხილებინათ ისინი, ვინც „საგუშაგო კოშკს“ სწავლობდა. თუ ზედამხედველი გამოჩნდებოდა, ძმები ერთმანეთს აფრთხილებდნენ: „მოდის“. ძმები იფანტებოდნენ და ჟურნალს საგულდაგულოდ მალავდნენ. თუმცა ხშირად ზედამხედველები მოულოდნელად ადგებოდნენ ძმებს თავზე.
ერთხელაც ზედამხედველებმა ფაქტზე დაიჭირეს ძმები. ბორის კრილცოვმა გადაწყვიტა, გაეტყუებინა ისინი, რომ ჟურნალი გადაერჩინა. მან ხელი დასტაცა წიგნს და ბარაკიდან გავარდა. ზედამხედველებმა დიდხანს სდიეს; როცა დაიჭირეს, ნახეს, რომ ხელში ლენინის ერთ-ერთი ტომი ეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ შვიდი დღით სამარტოო საკანში ჩასვეს, მას უხაროდა, რომ ჟურნალი ზედამხედველებს არ ჩაუვარდა ხელში.
მოსკოვში ჭეშმარიტების თესლის თესვა
პატარა ჯგუფმა მოსკოვში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დაიწყო. ბორის კრილცოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დედაქალაქში ენთუზიაზმით ქადაგებდა. ის იხსენებს: «ვმუშაობდი სამშენებლო სამმართველოში. და-ძმებთან ერთად ვცდილობდი, არაფორმალურად მექადაგა. კა-გე-ბემ გაიგო ჩემი საქმიანობის შესახებ და 1957 წლის აპრილში ჩემი ბინა გაჩხრიკეს, ბიბლიური ლიტერატურა მიპოვეს და დაუყოვნებლივ დამაპატიმრეს. დაკითხვის დროს ინსპექტორმა მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეები ქვეყანაში ყველაზე საშიში ხალხი იყო. მან მითხრა: „თუ გაგიშვებთ, ბევრი საბჭოთა მოქალაქე შემოგიერთდებათ. აი, რატომ ვთვლით, რომ სახელმწიფოს სერიოზულ საფრთხეს უქმნით“.
„ბიბლია გვასწავლის, რომ კანონმორჩილი მოქალაქეები ვიყოთ, — ვუთხარი მე. — აგრეთვე ბიბლიაში ნათქვამია, რომ უპირველესად ღვთის სამეფო და მისი სიმართლე უნდა ვეძებოთ. ჭეშმარიტ ქრისტიანებს არც ერთ ქვეყანაში არ უცდიათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება“.
„საიდან მიიღეთ ლიტერატურა, რომელიც ჩხრეკის დროს გიპოვეთ?“ — მკითხა გამომძიებელმა.
„რა არის ცუდი ამ ლიტერატურაში? — ვკითხე მე. — მასში ბიბლიის წინასწარმეტყველებებია განხილული და არა — პოლიტიკური საკითხები“.
„კი, მაგრამ ის საზღვარგარეთ დაიბეჭდა“, — მიპასუხა მან.
მე მკაცრი რეჟიმის ციხეში გადამიყვანეს ქალაქ ვლადიმირში. თავიდან ბოლომდე გამჩხრიკეს, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, მოვახერხე კოლონიაში ოთხი ცალი „საგუშაგო კოშკის“ შეტანა, რომლებიც ძალიან თხელ ფურცლებზე იყო გადაწერილი. დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვა დამეხმარა. საკანში ოთხივე ეგზემპლარი ახლიდან გადავწერე. ვიცოდი, რომ ჩემ გარდა იქ სხვა მოწმეებიც იყვნენ და შვიდი წლის მანძილზე სულიერი საზრდო არ მიუღიათ. მათთან ჟურნალები იმ დას გავატანე, რომელიც კიბეებს ხვეტდა.
როგორც გავიგე, ერთ-ერთმა პატიმარმა ციხის დარაჯებთან დაასმინა ძმები, რომ ვიღაცა ბიბლიურ ლიტერატურას აწვდიდა მათ. დაუყოვნებლივ დაიწყეს ჩხრეკა და მთელი ლიტერატურა ამოიღეს. მალე ჩემს საკანსაც მოადგნენ და ლეიბში მიპოვეს ლიტერატურა. 85 დღე ვიჯექი სამარტოო საკანში. ყველაფრის მიუხედავად, იეჰოვა კვლავაც ზრუნავდა ჩვენზე».
ზოგს ლექციები დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში
საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იდეოლოგიურ ბრძოლას ლექციების მეშვეობით ეწეოდნენ. ვიქტორ გუტშმიდტი იხსენებს: «„ჩვენს კოლონიაში რეგულარულად მოდიოდნენ მომხსენებლები, რომლებიც ათეიზმის გავრცელების მიზნით ლექციებს კითხულობდნენ. ძმები ყოველთვის კითხვებს უსვამდნენ. ზოგჯერ მომხსენებლები მარტივ კითხვებსაც კი ვერ პასუხობდნენ. ჩვეულებრივ, დარბაზი ხალხით იყო სავსე და ყველა ყურადღებით ისმენდა. ისინი ნებაყოფლობით მოდიოდნენ, რადგან აინტერესებდათ, რას იტყოდნენ ლექციის ბოლოს იეჰოვას მოწმეები.
ერთხელ კოლონიაში გვეწვია მომხსენებელი, რომელიც ადრე მართლმადიდებელი მღვდელი იყო. ყველამ იცოდა, რომ კოლონიაში ყოფნის დროს მან რწმენა უარყო და ათეისტი გახდა.
ერთმა ძმამ ლექციის ბოლოს ჰკითხა მას: „ციხეში მოხვედრამდეც ათეისტი იყავით, თუ მერე გახდით?“
მომხსენებელმა უპასუხა: „აბა, დაფიქრდით, ადამიანი კოსმოსში გაფრინდა, მაგრამ ღმერთი ვერ ნახა“.
ძმამ ჰკითხა: „როცა მღვდელი იყავით, მართლა გეგონათ, რომ ღმერთი ადამიანებს დაახლოებით 200 კილომეტრიდან აკვირდება?“ მომხსენებელმა ვერაფერი უპასუხა. ასეთმა განხილვებმა მრავალი პატიმარი დააფიქრა; შედეგად, ზოგმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო ჩვენთან.
ერთ-ერთი ლექციის დროს დამ თავისი აზრის გამოსათქმელად ნებართვა ითხოვა. მომხსენებელმა უთხრა: „თქვი. შენ ალბათ იეჰოვას მოწმე ხარ“.
დამ ჰკითხა: „რას იფიქრებთ ადამიანზე, რომელიც უკაცრიელ მინდორში გაჰყვირის: მოგკლავ?“
მომხსენებელმა უპასუხა: „ასეთ ადამიანს ჭკვიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებ“.
„ღმერთი თუ არ არსებობს, რატომღა ვებრძვით მას? ვის ვებრძვით, თუ ის არ არის?!“ აუდიტორიას სიცილი წასკდა».
„მქადაგებელი თავს არ დაგანებებთ“
საბჭოთა იდეოლოგიას ლექციებით მხოლოდ კოლონიებში არ ქადაგებდნენ. ისინი ძირითადად დიდი ქალაქების ფართო აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი. გამოცდილი მომხსენებლები ჩადიოდნენ დიდ თუ პატარა ქალაქებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ბევრი იეჰოვას მოწმე იყო, მაგალითად ვორკუტაში, ინტაში, უხტასა და სიქტივკარში. ძმა გუტშმიდტი იხსენებს: «ერთხელ, 1957 წელს მომხსენებელი ეწვია მაღაროელებს ინტის კულტურის სასახლეში, სადაც 300-მა ადამიანმა მოიყარა თავი. მან ილაპარაკა იეჰოვას მოწმეების მრწამსსა და ქადაგების მეთოდებზე. მას შემდეგ, რაც ზედმიწევნით აღწერა, როგორ ვქადაგებთ 15-ზე მეტი განმეორებითი მონახულების დროს, თქვა: „თუ არ აგრძნობინებთ, რომ საუბარი არ გსურთ, მქადაგებელი თავს არ დაგანებებთ. თუ მეორე მონახულების დროს უარს არ ეტყვით, მესამე ვიზიტი არ აგცდებათ“.
ორი საათის განმავლობაში მან ზუსტად წარმოადგინა ექვსი განმეორებითი მონახულება და თავისი რვეულიდან წაიკითხა ბიბლიის ის მუხლები, რომელსაც ჩვენ განმეორებითი მონახულების დროს ვიყენებდით. ჩემმა მეუღლემ პოლინამ მომწერა კოლონიაში, რომ ლექციაზე მისული ძმები გაკვირვებისგან ყურებს არ უჯერებდნენ. ლექციის შემდეგ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, სადაც მოწმეებზე უარყოფითი კომენტარები იყო გაკეთებული, თუმცა სტატია დეტალურად ხსნიდა, რა არის ღვთის სამეფო. გარდა ამისა, სრული ლექცია რადიოთიც გადასცეს. შედეგად ქალაქში მცხოვრებმა ათასობით ადამიანმა გაიგო, რას და როგორ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები.
1962 წელს იეჰოვას მოწმეებზე ლექციის წასაკითხად მოსკოვიდან ჩამოვიდა მომხსენებელი. იეჰოვას მოწმეების უახლესი ისტორიის მიმოხილვის შემდეგ, მან თქვა: „სხვადასხვა ქვეყანაში მოწმეების საქმიანობა რომ გაფართოვდეს, ბრუკლინში ყოველთვე მილიონობით დოლარი შედის ნებაყოფლობითი შესაწირავების სახით. მაგრამ მათ ლიდერებს ტანსაცმლის კარადაც კი არა აქვთ. დამლაგებელი თუ პრეზიდენტი, ყველა ერთად სადილობს. ისინი ერთმანეთს არ ასხვავებენ და და-ძმებს უწოდებენ, როგორც ჩვენ ვუწოდებთ ერთმანეთს ამხანაგს“.
დარბაზში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მომხსენებელმა დასძინა: „მაგრამ ჩვენ არ გავიზიარებთ მათ იდეოლოგიას, როგორი კარგიც არ უნდა ჩანდეს ის, რადგან ამ ყველაფერს გვინდა ღმერთის გარეშე მივაღწიოთ ჩვენი გონებითა და ხელებით“.
ამან ძალიან გაგვამხნევა, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პირველად გავიგეთ სიმართლე. ამ ლექციებით მრავალს მიეცა შესაძლებლობა, რომ იეჰოვას მოწმეების შესახებ სიმართლე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოესმინათ. მაგრამ ადამიანებს პირადად უნდა გაეგოთ, როგორ შეცვლიდა ბიბლია მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ».
თვალთვალი ხშირად უშედეგო იყო
მრავალი წლის მანძილზე კა-გე-ბე ფართოდ იყენებდა თვალთვალის სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის სატელეფონო საუბრების მოსმენასა და წერილების კითხვას. ზოგჯერ კა-გე-ბე კრების პასუხისმგებელი ძმების სახლებში ფარულად აყენებდა მოსასმენ აპარატებს. გრიგორი სივულსკი, რომელიც აკრძალვის დროს 25 წელი მსახურობდა საოლქო ზედამხედველად, იხსენებს, როგორ იპოვა 1958 წელს სახლის სხვენზე ასეთი აპარატი: „ციმბირში ქალაქ ტულუნის გარეუბანში ვცხოვრობდით ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე. ერთხელ სახლში დაბრუნებულს სხვენიდან ბურღვის ხმა შემომესმა. მივხვდი, რომ კა-გე-ბე სხვენზე მოსასმენ აპარატს აყენებდა. მოსმენა მათი კარგად ცნობილი მეთოდი იყო. ლიტერატურის უმეტესობას სხვენზე და სახურავის შვერილზე ვმალავდით.
საღამოს, როცა მთელი ოჯახი შევიკრიბეთ, ჩემი ეჭვების შესახებ ვთქვი და შევთანხმდით, რომ გარკვეულ ხანს კრების საკითხებზე სახლში აღარ ვილაპარაკებდით. ჩვენ ჩავრთეთ რადიო, ხმას ავუწიეთ და მთელი კვირა არ გამოგვირთავს. კვირის ბოლოს მე და ერთი ძმა ავედით სხვენზე და მივაგენით მოსასმენ აპარატზე შეერთებულ კაბელს. ის შვერილზე ორ ფიცარს შორის იყო გაყვანილი და პირდაპირ კა-გე-ბეს შენობისკენ მიდიოდა. უეჭველი იყო, მათ ყველაფერი ჩაიწერეს, ანუ ყველა რადიოგადაცემა“.
კა-გე-ბეს ჯაშუშები ორგანიზაციაში
კა-გე-ბე მიხვდა, რომ აშკარა დევნამ მოწმეებს ენთუზიაზმი ვერ დაუკარგა. ამიტომ მათ ეშმაკობასა და ტყუილს მიმართეს და პასუხისმგებელი ძმებისა და ორგანიზაციის მიმართ კრებებში უნდობლობა ჩათესეს. კა-გე-ბეს ერთ-ერთი სტრატეგია იყო კრებებში გამოცდილი ჯაშუშების შეგზავნა.
კა-გე-ბეს რამდენიმე აგენტმა კრებაში პასუხისმგებლობების მიღება მოახერხა. ეს ცრუ ძმები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამქადაგებლო საქმიანობა შეეფერხებინათ — ისინი კრებაში შიშს, გაურკვევლობასა და ხელმძღვანელი ძმებისადმი უნდობლობას თესავდნენ. უფრო მეტიც, ისინი ძმებს უმალავდნენ ბიბლიურ ლიტერატურას და კა-გე-ბეს აწვდიდნენ. ერთ ანგარიშში ეწერა, რომ მხოლოდ ორმა აგენტმა 1957—1959 წლებში კა-გე-ბეს გადასცა 500-ზე მეტი „საგუშაგო კოშკი სხვა ლიტერატურასთან ერთად“.
1950-იანი წლების შუა პერიოდში ზოგ ძმას ქვეყნის კომიტეტის მიმართ რწმენა შეერყა. ხმები დაირხა, რომ ქვეყნის კომიტეტის ზოგი წევრი კა-გე-ბესთან თანამშრომლობდა და ღალატობდა ერთგულ ძმებს, მათ შორის ლიტერატურის ასლების დამმზადებლებს. ივან პაშკოვსკი იხსენებს: „1959 წლის აპრილში შეიქმნა ქვეყნის ახალი კომიტეტი, რომლის ერთ-ერთი წევრი მე ვიყავი. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, ჭეშმარიტება დაგვეცვა, მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკი ცდილობდა საძმო დაებრკოლებინა. სსრკ-ში იეჰოვას მოწმეთა ისტორიაში ურთულესი პერიოდი დაიწყო“.
ეჭვები მატულობდა, ამიტომ ზოგმა ძმამ შეწყვიტა ქვეყნის კომიტეტისთვის კრების ანგარიშების გაგზავნა. მაუწყებლები კვლავაც აქტიურად ქადაგებდნენ და რეგულარულად აბარებდნენ ანგარიშებს, თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ მათი ანგარიშები ქვეყნის კომიტეტს აღარ ეგზავნებოდა. 1958 წლისთვის რამდენიმე ათასი მაუწყებელი მოწყვეტილი იყო ქვეყნის კომიტეტისგან. ირკუტსკსა და ტომსკში, მოგვიანებით კი რუსეთის სხვა ქალაქებში ორგანიზაციას მოწყვეტილ ჯგუფებში ზრდა არ შეჩერებულა. 1958 წლის მარტში მათ შექმნეს თავიანთი „ქვეყნის კომიტეტი“ იმ იმედით, რომ მას ყველა კრება აღიარებდა.
ხელმძღვანელმა საბჭომ ყველაფერი იღონა, რომ დახმარებოდა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ძმებს, იეჰოვას თაყვანისმცემლობაში ერთიანობა აღედგინათ. შვეიცარიაში მცხოვრები ალფრედ რიუტიმანი ზედამხედველობდა ჩრდილოეთ ევროპის ოფისს, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას უწევდა ხელმძღვანელობას. 1959 წელს მან წერილი გაუგზავნა ძმებს რუსეთში, რომელშიც აუხსნა, რომ იეჰოვა მხოლოდ მათ აკურთხებს, ვინც ერთიანობისკენ ისწრაფვის და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებს. ზოგმა ძმამ გაითვალისწინა ეს რჩევა და შეეცადა ქვეყნის კომიტეტის მიმართ მეტი ნდობა გამოევლინა. მაგრამ სრული ნდობის აღდგენას წლები დასჭირდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ქვეყნის კომიტეტი კურიერების მეშვეობით აწვდიდა ძმებს ბიბლიურ ლიტერატურას. თუმცა გამოყოფილი ჯგუფები კითხულობდნენ ამ ლიტერატურას, ისინი მაინც არ უგზავნიდნენ ქვეყნის კომიტეტს სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებს.
კა-გე-ბე კვლავაც თესავდა ძმებს შორის უნდობლობას. ზოგ ძმას აპატიმრებდნენ, ზოგს კი განზრახ არ ჰკიდებდნენ ხელს. ამიტომ ძმებს ეგონათ, რომ ისინი, ვინც დაპატიმრებულები არ იყვნენ, კა-გე-ბესთან თანამშრომლობდნენ. ბევრი ეჭვით უყურებდა პასუხისმგებელ ძმებს და აკრიტიკებდა მათ.
გახმაურებული სასამართლო
ირკუტსკის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოსკოვის ხელმძღვანელობას მისწერა: „[ირკუტსკის ოლქში იეჰოვას მოწმეები] ფართომასშტაბიან იატაკქვეშა საქმიანობას ეწევიან. 1959 წლის მეორე ნახევარში კა-გე-ბეს აგენტებმა ხუთი არალეგალური სტამბა აღმოაჩინეს“. ეს სტამბები ნაპოვნი იყო ციმბირის ქალაქ ზიმასა და ტულუნში, აგრეთვე კიტოის, ოქტიაბრსკისა და ზალარის სოფლებში. ამას მოჰყვა იმ ძმების დაპატიმრება, რომლებიც ლიტერატურას ბეჭდავდნენ.
თავიდან დააპატიმრეს ოთხი ძმა, რომელთაც გამომძიებლებმა მოტყუებით ჩამოართვეს წერილობითი ჩვენება ბეჭდვით საქმიანობაზე. შემდეგ კა-გე-ბემ მათი ჩვენებები დაამახინჯა და ადგილობრივ გაზეთებში გამოაქვეყნა. ეს ოთხი ძმა გაათავისუფლეს, სხვა რვა კი დააკავეს. 1960 წლის აპრილში ტულუნში სასამართლო დანიშნეს. კა-გე-ბემ იზრუნა, რომ ეს სასამართლო გახმაურებული, ყველასთვის საჩვენებელი ყოფილიყო. ისინი გეგმავდნენ, რომ ოთხი გათავისუფლებული ძმა ბრალმდებლის მოწმეებად გამოვიდოდნენ. კრებებში ბევრს ისეთი წარმოდგენა შეექმნა, რომ ეს ძმები კა-გე-ბესთან თანამშრომლობდნენ.
კა-გე-ბეს მიზანი იყო, ამ პროცესით სასამართლოში მისული იეჰოვას მოწმეების რწმენა შეერყია და მოსახლეობა მათ წინააღმდეგ აემხედრებინა. ამ მიზნით კა-გე-ბე სასამართლო პროცესამდე ატარებდა ექსკურსიებს ერთ-ერთ სარდაფში, სადაც წლების მანძილზე ძმები ლიტერატურას ბეჭდავდნენ. მალე ქალაქში ჭორი გავრცელდა იატაკქვეშა „სექტის“ საქმიანობის შესახებ. პროცესს 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები და ტელე-კორესპონდენტები, რომელთაგან ზოგი მოსკოვიდან ჩავიდა. დარბაზში იეჰოვას მოწმეებიც იყვნენ.
მოსამართლეები დაიბნენ
მოულოდნელად კა-გე-ბეს გეგმები ჩაიშალა. ძმები, რომლებმაც ადრე ჩვენება მისცეს, მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, ამიტომ პროცესის წინა დღეს მათ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იეჰოვას განსადიდებლად. სასამართლოზე მათ განაცხადეს, რომ ისინი მოატყუეს და მათი ჩვენებები დაამახინჯეს. შემდეგ დასძინეს: „ჩვენ მზად ვართ, ჩვენს ძმებთან ერთად დავსხდეთ ბრალდებულის სკამზე“. ეს იმდენად მოულოდნელი განცხადება იყო, რომ მოსამართლეები დაიბნენ.
გარდა ამისა, ჯვარედინი დაკითხვის დროს ძმები ისე პასუხობდნენ, რომ სხვა ძმები არ გაეცათ. როცა მოსამართლემ გრიგორი ტიმჩუკს ჰკითხა, ვინ დადგა მის სახლში სტამბა, მან უპასუხა: „მე დავდგი“. „ვინ ბეჭდავდა ლიტერატურას?“ „მე ვბეჭდავდი“. „ვინ ავრცელებდა ლიტერატურას?“ „მე ვავრცელებდი“. ბოლოს, კითხვაზე, ვინ ყიდულობდა ქაღალდს და ვის მოჰქონდა ის, გრეგორიმ უპასუხა: „ამასაც მე ვაკეთებდი“. შემდეგ პროკურორმა უთხრა: „ბოლოს და ბოლოს, ვინა ხარ? უფროსიც შენა ხარ, მომმარაგებელიც და მუშაც?!“
„წერილმა გულები გაგვითბო!“
როცა პროკურორი მიხვდა, რომ მოწმეები აღარ ჰყავდა, ძმები უცხოელებთან შეთქმულებაში დაადანაშაულა. სამხილად მან ბრუკლინის ბეთელიდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა. მიხაილ სავიცკი, რომელიც ამ სასამართლოს ესწრებოდა, იხსენებს: „პროკურორმა ხმამაღლა დაიწყო იმ წერილის კითხვა, რომელიც ძმა ნორმა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ძმებს მოგვწერა და რომელიც კა-გე-ბემ ხელში ჩაიგდო. ეს შესანიშნავი საჩუქარი იყო იეჰოვასგან დარბაზში მსხდომი იეჰოვას მოწმეებისთვის. ამ წერილმა გულები გაგვითბო! წერილში ძმამ ბრძნული რჩევები მოგვცა ბიბლიიდან და მოგვიწოდა, სიყვარულით მოვმსახურებოდით თანამორწმუნეებს და გამოცდების დროს ერთგულება შეგვენარჩუნებინა. მან გვთხოვა, რომ ყველაფერში ღმერთს მივნდობოდით და მისგან სიბრძნე და ხელმძღვანელობა გვეთხოვა, ასევე მჭიდროდ გვეთანამშრომლა პასუხისმგებელ ძმებთან. პროკურორმა წერილი თავიდან ბოლომდე წაიკითხა. ჩვენ გაფაციცებული ვუსმენდით. ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ კონგრესს ვესწრებოდით“. სასამართლომ ძმებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა დარბაზში მყოფ იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, იეჰოვასადმი მსახურება არ შეეწყვიტათ.
თაყვანისმცემლობაში კვლავ გაერთიანებულნი
კა-გე-ბეს მიაჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა შეაჩერა და ახლა უკვე საბოლოო თავდასხმისთვის დაიწყო მზადება. 1960 წელს 450-ზე მეტი ძმა მოულოდნელად დააპატიმრეს და მორდვეთის ერთ-ერთ კოლონიაში გადაიყვანეს. დაპატიმრებულებს შორის იყვნენ როგორც ორგანიზაციიდან გამოყოფილი, ისე ორგანიზაციაში დარჩენილი კრებების პასუხისმგებელი ძმები. კა-გე-ბეს აზრით, მათი ერთად ყოფნა საბოლოო განხეთქილებამდე მიიყვანდა ორგანიზაციას. შრომა-გასწორების კოლონიის გაზეთში დაიბეჭდა შეურაცხმყოფელი სტატია, რომელშიც გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ იეჰოვას მოწმეები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. მაგრამ ძმებმა ისარგებლეს შემთხვევით და ერთიანობა აღადგინეს.
იოვ ანდრონიკი იხსენებს: «პასუხისმგებელი ძმები მოუწოდებდნენ თითოეულ მოწმეს, მათ შორის გამოყოფილებს, ერთიანობა აღედგინათ. მათ ყურადღება გაუმახვილეს ძმებს 1961 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაზე „კეთილი ნების ადამიანთა დაპირებული ერთიანობა“. სტატიაში მოცემული პრინციპებიდან და მაგალითებიდან ჩანდა, როგორ ხელმძღვანელობდა ძველად იეჰოვა თავის ხალხს. მასში ასევე ახსნილი იყო, რომ თითოეულს უნდა ესწრაფა ქრისტიანულ კრებაში მშვიდობისა და ერთიანობისკენ. სტატიის გულმოდგინედ შესწავლის შემდეგ მრავალმა დააფასა ქრისტიანული ერთიანობა და თვალსაზრისი შეიცვალა».
„სულიერმა საზრდომ ბზარი გაამთელა“
„საგუშაგო კოშკის“ ეს სტატია ციხის გარეთ მყოფ მოწმეებსაც დაეხმარა ერთიანობის აღდგენაში. იმ დროს ციმბირში მცხოვრებმა ძმებმა მიიღეს „საგუშაგო კოშკი“, რომელშიც დაბეჭდილი იყო სტატია „დაემორჩილეთ იეჰოვას ორგანიზაციას“. პასუხისმგებელმა ძმებმა ილოცეს და სტატია ერთად წაიკითხეს. მასში ეწერა, რომ ძმა რუტერფორდმა 1941 წლის აგვისტოში ჩატარებულ კონგრესზე თავისი ბოლო მოხსენება წარმოთქვა. ის მოუწოდებდა ძმებს, რომ იეჰოვას ორგანიზაციას მიჰყოლოდნენ და არა ადამიანებს: «როცა რაიმე გამოჩნდება და წინ მიიწევს, ხალხი ამბობს, რომ ამის უკან დგას ადამიანი, ლიდერი, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს. თუ თქვენ გჯერათ, რომ მე უბრალოდ უფლის ერთ-ერთი მსახური ვარ და თქვენთან ერთად მხარდამხარ ვემსახურები ღმერთსა და ქრისტეს, მაშინ თქვით „დიახ“!» აუდიტორიამ ერთხმად და ხმამაღლა წარმოთქვა: „დიახ!“
მიხაილ სავიცკი იხსენებს: «იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში მცხოვრები მოწმეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ერთიანობა. ძალიან მადლიერნი ვიყავით, რომ იეჰოვა სიყვარულითა და მოთმინებით გვეპყრობოდა და სულიერად გვედგა მხარში. ერთმა ძმამ, რომელიც ადრე ორგანიზაციას გამოეყო, მთხოვა ეს ჟურნალი და მითხრა: „მომეცი, რომ წავუკითხოთ ის ბრატსკსა და სხვა ქალაქებში მცხოვრებ ძმებს“. ვუთხარი, რომ მხოლოდ ეს ერთი ჟურნალი გვქონდა. ის შემპირდა, რომ ერთ კვირაში დამიბრუნებდა. ჟურნალი მართლაც დამიბრუნა და თან მომიტანა რამდენიმე კრების დიდი ხნის ჩაუბარებელი ანგარიშები. ასობით და-ძმა დაბრუნდა იეჰოვას თაყვანისმცემელთა გაერთიანებულ ოჯახში».
ივან პაშკოვსკი, რომელიც 30 წელზე მეტხანს იყო ქვეყნის კომიტეტის წევრი, იხსენებს: „საზღვარგარეთიდან ჩამოსული ძმის მეშვეობით ვთხოვეთ ძმა ნორს, რომ წერილობით მიემართა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ძმებისთვის, გაერთიანებულიყვნენ და თეოკრატიულ წესრიგს დამორჩილებოდნენ. შედეგად, 1962 წელს ძმა ნორისგან მივიღეთ წერილის 25 ასლი ინგლისურ და რუსულ ენებზე. ეს წერილი ბევრისთვის გამომაფხიზლებელი აღმოჩნდა“.
ცხვარი ისმენს მწყემსის ხმას
ქვეყნის კომიტეტი ძალ-ღონეს არ იშურებდა ძმების გასაერთიანებლად. იმ პირობებში ეს ადვილი არ იყო. 1962 წლის ზაფხულისთვის ერთ-ერთი ოლქის კრებები კვლავ გაერთიანდნენ ორგანიზაციაში. სულიერად მოწიფული ძმებისგან შეიქმნა სპეციალური კომიტეტი. იეჰოვამ აკურთხა ძმების მცდელობა და მათ „ზემოდან მომავალი სიბრძნე“ მისცა (იაკ. 3:17). ალექსეი გაბურიაკი, რომელიც 1986—1995 წლებში სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, ყვება: „1965 წელს ჩვენ შევხვდით ქვეყნის კომიტეტს უსოლიე-სიბირსკოეში. კომიტეტმა გვთხოვა მოგვეძებნა და-ძმები, რომლებიც გადასახლების, პატიმრობისა და განხეთქილების გამო იყვნენ გაფანტულნი და კრებებში გაგვეერთიანებინა ისინი. ჩვენ რამდენიმე მისამართი მოგვცეს. მე მერგო ტომსკისა და კემეროვოს ოლქები და ქალაქები ნოვოკუზნეცკი და ნოვოსიბირსკი. დანარჩენ ძმებს სხვა ტერიტორიები დაუნაწილეს. ჩვენ დაგვევალა კრებებისა და ცალკეული ჯგუფების ორგანიზება, ასევე კრებებში პასუხისმგებელი ძმების დანიშვნა და მათი მომზადება. გარდა ამისა, უნდა დაგვეგეგმა, აკრძალვის დროს არსებულ პირობებში როგორ მივიდოდა კრებებამდე ლიტერატურა და როგორ ჩატარდებოდა შეხვედრები. მოკლე ხანში ჩვენ მოვახერხეთ 84 და-ძმის მონახულება, რომელთაც ორგანიზაციასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ. ძალიან გვიხაროდა, რომ იეჰოვას „ცხვრებმა“ კვლავ მოისმინეს კარგი მწყემსის ხმა და მის ხალხთან ერთად ემსახურებოდნენ მას!“ (იოან. 10:16).
მალე ორგანიზაციიდან გამოყოფილები კვლავ ქვეყნის კომიტეტს დაექვემდებარნენ და სამქადაგებლო ანგარიშების ჩაბარება დაიწყეს. 1971 წლისთვის 4 500-ზე მეტი მაუწყებელი დაუბრუნდა იეჰოვას ორგანიზაციას. აკრძალვის მიუხედავად, 80-იანი წლების შუა რიცხვებში ძმები განაგრძობდნენ ქადაგებას და ახალი მაუწყებლები ემატებოდნენ კრებებს.
ფოტოფირის ძვირფასი ნაწყვეტები
საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ფრთხილ და გაბედულ ძმებს დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდათ სულიერი საზრდოს გამრავლება. მაგრამ, როგორ შედიოდა სულიერი საზრდო საბჭოთა კავშირში?
ძირითადად, მიკროფილმის საშუალებით. ერთ მეზობელ ქვეყანაში ძმები ფირზე იღებდნენ რუსულ, უკრაინულ და რამდენიმე სხვა ენაზე გამოცემულ ჟურნალებს, წიგნებსა და ბროშურებს. ძმები თითოეულ გვერდს რამდენჯერმე გულდასმით უღებდნენ სურათს მიკროფილმის აპარატით, რომელშიც 30-მეტრიანი ფირი იდო და გასავრცელებლად ამრავლებდნენ. წლების განმავლობაში სულიერი საზრდოს გასამრავლებლად კილომეტრობით ფირი დაიხარჯა. კურიერებისთვის მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, ფირებს დაახლოებით 20 სანტიმეტრის სიგრძეზე ჭრიდნენ, რის შემდეგაც ისინი მზად იყო საბჭოთა კავშირში შესატანად.
იატაკქვეშა სტამბები ციმბირში
ბიბლიური ლიტერატურის გამრავლება ადვილი არ იყო, მაგრამ იეჰოვა მხარს უჭერდა ამ საქმეს. მხოლოდ 1949—1950 წლებში ძმებმა გაამრავლეს და კრებებს გაუგზავნეს სხვადასხვა პუბლიკაციის 47 165 ეგზემპლარი. გარდა ამისა, ძლიერი დევნის მიუხედავად, ქვეყნის კომიტეტის მონაცემებით ამ პერიოდში ქვეყანაში 31 488 შეხვედრა ჩატარდა.
ლიტერატურაზე მზარდი მოთხოვნილების გამო საჭირო იყო ახალი სტამბები. სტახ სავიცკი ამბობს: «1955 წელს ჩვენს სახლში ფარული სტამბა მოაწყვეს. მამაჩემი იეჰოვას მოწმე არ იყო, ამიტომ მისგან ნებართვის აღება დაგვჭირდა. დაახლოებით ორი თვე ვთხრიდით პარმაღის ქვეშ მიწას ოთახისთვის, რომელიც 2X4 მეტრზე უნდა ყოფილიყო. ჩვენ დაახლოებით 30 კუბური მეტრი მიწა ამოვთხარეთ. საჭირო იყო ამ მიწის სხვებისგან შეუმჩნევლად გატანა და დამალვა. 1,5 მეტრის სიღრმეზე რომ ჩავედით, მიწა გაყინული იყო; როცა სამსახურში ვიყავით, დედა პატარა კოცონს ანთებდა და მიწას ალღობდა ისე, რომ მეზობლებს არ შეემჩნიათ. შემდეგ იატაკზე და ჭერზე ფიცრები დავაკარით. ყველაფერს რომ მოვრჩით, იქ ერთი წყვილი გადმოვიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. დედა მათთვის საჭმელს ამზადებდა, რეცხავდა და ზრუნვას არ აკლებდა მათ. ეს სტამბა 1959 წლამდე არსებობდა.
1957 წელს ლიტერატურის გამრავლებაზე პასუხისმგებელმა ძმამ მკითხა: „შეგიძლია სტამბაში მუშაობა? თვეში სულ ცოტა 200 ჟურნალი გვჭირდება“. თავიდან 200 ასლს ვამზადებდი, შემდეგ კი — 500-ს. მაგრამ ლიტერატურაზე მოთხოვნილება იზრდებოდა. სამუშაო ღამით უნდა შესრულებულიყო, რადგან გადასახლებულები დღისით წარმოებებში ვმუშაობდით. კვირაში მხოლოდ ერთი დღე ვისვენებდით.
სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ სარდაფში ჩავდიოდი სამუშაოდ. თითქმის არ მეძინა, რადგან ბეჭდვა არ უნდა შეჩერებულიყო. მელანი შრებოდა, ამიტომ სხვა დროს გაგრძელება შეუძლებელი იყო. ზოგჯერ 500 გვერდი უნდა დამებეჭდა და შემდეგ ტექსტი ნემსით გამესწორებინა, რომ ადვილად წასაკითხი ყოფილიყო. ვენტილაცია თითქმის არ იყო, რის გამოც დაბეჭდილი ფურცლები გვიან შრებოდა.
ჟურნალები ღამით მიმქონდა ქალაქ ტულუნში, რომელიც სახლიდან 20 კილომეტრით იყო დაშორებული. ზუსტად არ ვიცოდი, სად მიჰქონდათ იქიდან, მაგრამ ვიცოდი, რომ მას კითხულობდნენ და-ძმები კრასნოიარსკში, ბრატსკში, უსოლიე-სიბირსკოესა და სხვა დიდ თუ პატარა ქალაქებში.
1959 წელს პასუხისმგებელმა ძმებმა მთხოვეს, რკინიგზის სადგურთან ახლოს ტულუნში ახალი სტამბის მოწყობაში დავხმარებოდი. კიდევ ერთხელ მომიწია იმავე საქმის გაკეთება: მიწის ამოთხრა, დენის გაყვანა და ა. შ. იეჰოვამ სიბრძნე მოგვცა. დაახლოებით ერთი წლის მანძილზე იქ ერთი ოჯახი ცხოვრობდა და მუშაობდა. ბოლოს კა-გე-ბემ ჩვენი სტამბა აღმოაჩინა. ადგილობრივი გაზეთი იუწყებოდა: „დენი ისე იყო გაყვანილი, რომ გამოცდილმა ელექტრიკოსებმაც კი ვერ გაუგეს თავი და ბოლო“.
ოჯახის წევრების გარდა, მხოლოდ რამდენიმე ძმამ იცოდა, რომ სტამბაში ვმუშაობდი. ვინაიდან საღამოობით ვერ მხედავდნენ, და-ძმებმა დაასკვნეს, რომ სულიერად მოვსუსტდი. ისინი ჩემ გასამხნევებლად მოდიოდნენ, მაგრამ სახლში არასოდეს ვხვდებოდი. ინტენსიური თვალთვალის დროს სტამბის არსებობა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული».
ლიტერატურის გამრავლება მოსკოვში
მთავრობამ მშვენივრად იცოდა, რომ მოწმეებს ჰაერივით სჭირდებოდათ ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა. ხელმძღვანელმა საბჭომ არაერთხელ სთხოვა მთავრობას, ქვეყანაში დაებეჭდათ ან შემოეტანათ ლიტერატურა, მაგრამ მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ლიტერატურის დეფიციტის გამო, ძმები გამუდმებით ეძებდნენ საშუალებებს პუბლიკაციების გასამრავლებლად ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის მოსკოვში, რათა კრებებისა თუ ცალკეული ჯგუფებისთვის სულიერი საზრდო მიეწოდებინათ.
1957 წელს სტეპან ლევიცკის ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ „საგუშაგო კოშკი“ უპოვეს. ის ყვება: «სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა. გათავისუფლებამდე ძმებმა მირჩიეს, მოსკოვთან ახლოს გადავსულიყავი საცხოვრებლად, რომ მექადაგა და კრების საქმეებში მიმეღო მონაწილეობა. ასეც მოვიქეცი და დავსახლდი ადგილზე, რომელიც მოსკოვიდან ორი საათის სავალით იყო დაშორებული. ვქადაგებდი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. იეჰოვამ აკურთხა ჩემი მცდელობა და რამდენიმე წლის შემდეგ მოსკოვში ჯგუფი ჩამოყალიბდა. 1970 წელს დამნიშნეს სარაიონო ზედამხედველად. ჩემს რაიონში შედიოდა მოსკოვის, ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგი), გორკის (ნიჟნი-ნოვგოროდი), ორიოლისა და ტულის კრებები; მევალებოდა აგრეთვე ამ კრებების ლიტერატურით უზრუნველყოფა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვას სურდა, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ნაწილებში კრებებს საკმარისად მიეღოთ ბიბლიური ლიტერატურა. ლოცვაში იეჰოვას ვუთხარი, რომ ამ საქმეში მეტის გაკეთება მინდოდა. ცოტა ხნის შემდეგ გავიცანი სასტამბო საქმის სპეციალისტი, რომელსაც მოსკოვის რამდენიმე სტამბაში ნაცნობები ჰყავდა. ერთხელ სასხვათაშორისოდ ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა მოსკოვის რომელიმე სტამბაში წიგნის მცირე ტირაჟით დაბეჭდვა.
— რა წიგნია? — მკითხა მან.
— „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“, — ვუპასუხე აღელვებულმა.
მისი ახლო მეგობარი ერთ-ერთ სტამბაში მუშაობდა. ის კომუნისტი და პარტიის ლიდერი იყო. ის დათანხმდა, რომ ნაღდ ფულზე წიგნების პატარა შეკვრას დაბეჭდავდა. ძმებს ძალიან უხაროდათ, რომ ბიბლიის შესასწავლი სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი გახდა.
ლიტერატურის ასე დაბეჭდვა ძალიან სარისკო იყო როგორც ჩემთვის, ისე მესტამბისთვის. ჩვეულებრივ, ლიტერატურა ღამით იბეჭდებოდა და ყოველი შეკვრის დაბეჭდვისთანავე შეუმჩნევლად უნდა გაგვეტანა. იეჰოვამ ხელი მოგვიმართა და დიდი რაოდენობით ბიბლიური ლიტერატურა ამ სტამბაში დაიბეჭდა, მათ შორის წიგნები: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ და სიმღერების წიგნი. ეს მართლაც დროული საზრდო იყო ჩვენთვის (მათ. 24:45). ამ სტამბაში 9 წლის განმავლობაში ვბეჭდავდით ლიტერატურას.
ერთხელ სტამბაში ჩვენი ლიტერატურა იბეჭდებოდა, როცა მოულოდნელად სტამბის უფროსი შემოვიდა. მესტამბემ უმალ სხვა ჟურნალი გაუშვა დასაბეჭდად, მაგრამ სიჩქარეში შემთხვევით ჩვენი პუბლიკაციის ექვსი გვერდი ჩაუყვა და ახლად დაბეჭდილი ჟურნალი უფროსმა თავის კაბინეტში წაიღო. კითხვის დროს მან შეამჩნია, რომ ზოგი რამ ჟურნალში საერთო თემას არ შეესაბამებოდა. მან გამოიძახა მესტამბე და ჰკითხა, როგორ აღმოჩნდა ეს მასალა ჟურნალში. რასაკვირველია, კა-გე-ბე ამ საქმით დაინტერესდა. ხანგრძლივი პატიმრობის შიშით მესტამბემ, რაც იცოდა, ყველაფერი უამბო მათ. კა-გე-ბემ ადვილად მომაგნო, რადგან მოსკოვში მათთვის ცნობილი ერთადერთი იეჰოვას მოწმე ვიყავი. მე ხუთ წელიწად-ნახევარი მომისაჯეს». მესტამბეს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
„დაე, მოვიდეს არმაგედონი!“
მრავალი და-ძმა დიდხანს იჯდა ციხეში. გრიგორი გატილოვმა 15 წელი გაატარა საპატიმროში. ის იხსენებს: «ბოლო ციხეს, სადაც ვიყავი, რომანტიკული სახელი ჰქონდა — „თეთრი გედი“. ის ულამაზეს ადგილას, კავკასიის ერთ-ერთ მთაზე მდებარეობდა და გადაჰყურებდა საკურორტო ქალაქ პიატიგორსკს, რომელსაც გარშემო ხუთი მთა ერტყა. ამ ციხეში მთელი წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, ჭეშმარიტება მრავალი პატიმრისთვის მექადაგა. ჩემი საკანი შესანიშნავი სამქადაგებლო „უბანი“ იყო, რადგან არსად გასვლა არ მიწევდა. ციხის მცველებს ყოველთვის ახალ-ახალი ადამიანები მოჰყავდათ საკანში და რამდენიმე დღეში სხვაგან გადაჰყავდათ, მე კი ერთ ადგილას ვრჩებოდი. სხვა საკანში იშვიათად გადავყავდი. ვცდილობდი იეჰოვას სამეფოს შესახებ ყველასთან საფუძვლიანად მექადაგა. ბევრი არმაგედონის შესახებ კითხვებს მისვამდა. ზოგ პატიმარს უკვირდა, რომ რწმენის გამო ამდენი ხანი ციხეში ვიჯექი. „რატომ არ უარყავი რწმენა და სახლში არ დაბრუნდი?“ — მეკითხებოდნენ პატიმრები და ზოგჯერ მცველებიც კი. მიხაროდა, როცა ვინმე გულწრფელად ინტერესდებოდა ჭეშმარიტებით. ერთხელ საკნის კედელზე შევამჩნიე წარწერა: „დაე, მოვიდეს არმაგედონი!“ ციხეში ყოფნა არავის უხარია, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ჭეშმარიტების ქადაგების შესაძლებლობა მქონდა».
„არიან აქ იონადაბები?“
კოლონიებში ასევე იყვნენ ქრისტიანი დები, რომლებიც გულმოდგინედ ემსახურებოდნენ იეჰოვას (ფსალმ. 68:11). ზინაიდა კოზირევა იხსენებს, როგორ ავლენდნენ დები სიყვარულს თანამორწმუნეებისა და სხვა პატიმრების მიმართ: «1959 წელს ჩემი ნათლობიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ვერა მიხაილოვა, ლუდმილა ევსტაფიევა და მე ციმბირში კემეროვოს კოლონიაში წაგვიყვანეს. კოლონიაში 550 პატიმარი იყო. როცა ჩავედით რამდენიმე ქალი შესასვლელთან დაგვხვდა.
„არიან თქვენ შორის იონადაბები?“ — გვკითხეს მათ.
მივხვდით, რომ ეს ჩვენი ძვირფასი დები იყვნენ. მათ დაგვაპურეს და კითხვები დაგვისვეს. მათგან ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, როგორიც საკუთარ ოჯახშიც კი არასოდეს მიგრძნია. კოლონიაში ახლები ვიყავით, ამიტომ დები მხარში გვედგნენ (მათ. 28:20). მალე მივხვდით, რომ კოლონიაში სულიერი პროგრამა კარგად იყო ორგანიზებული.
ჩვენ ნამდვილი ოჯახი ვიყავით. განსაკუთრებით კარგი იყო ზაფხულის პერიოდი, როცა ბალახს ვთიბავდით. კოლონიის ადმინისტრაციას არ ეშინოდა, რომ გავიპარებოდით ან რომელიმე წესს დავარღვევდით. ერთი ჯარისკაცი დაახლოებით 20-25 დას გვყარაულობდა, თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ ვყარაულობდით მას. ჩაძინებულს თავზე რომ არ დასდგომოდნენ და არ დაესაჯათ, გამოჩნდებოდა თუ არა ვინმე, მაშინვე ვაღვიძებდით. შესვენებების დროს სულიერ საკითხებზე ვმსჯელობდით. ეს ჩვენთვისაც ხელსაყრელი იყო და ჯარისკაცისთვისაც.
1959 წლის ბოლოს ზოგ დასთან ერთად გადამიყვანეს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში. ჩვენს საკანში ციოდა, რადგან ფანჯარას მინა არ ჰქონდა. ღამით ფიცრებზე გვეძინა, დღისით კი ვმუშაობდით. ზედამხედველებმა ბოსტნეულის დახარისხება დაგვავალეს, თან გვაკვირდებოდნენ, როგორ ვიქცეოდით. მალე ისინი დარწმუნდნენ, რომ სხვა პატიმრებისგან განსხვავებით ჩვენ არ ვიპარავდით, ამიტომ თივა მოგვიტანეს ფიცრებზე დასადებად და ფანჯარაში მინა ჩაგვისვეს. ერთი წლის შემდეგ ყველა და გადაგვიყვანეს ირკუტსკის საერთო რეჟიმის კოლონიაში.
კოლონიაში დაახლოებით 120 და ვიყავით. წელიწადი და სამი თვე გავატარეთ იქ. პირველ ზამთარს ძალიან ციოდა და დიდი თოვლი მოვიდა. სამხერხაოში მუშაობა ადვილი არ იყო. ზედამხედველები ხშირად გვჩხრეკდნენ, რომ ლიტერატურა ეპოვათ, თითქოს ეს დროის გაყვანის ერთადერთი საშუალება ჰქონდათ. ლიტერატურის დამალვის ხერხებს კარგად დავეუფლეთ და ზოგჯერ ეს მეტისმეტად კარგადაც გამოგვდიოდა. ერთხელ მე და ვერამ ისე დავმალეთ ქაღალდზე გადაწერილი ყოველდღიური მუხლი სამუშაო ტანსაცმელში, რომ ვეღარ ვიპოვეთ. სამაგიეროდ, ზედამხედველმა იპოვა და ხუთი დღით სამარტოო სატუსაღოში ჩაგვსხეს. გარეთ -40 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა იყო და საკნის კედლებიც გაყინული იყო.
საკანს ბეტონის თაროები ჰქონდა, რომლებზეც მხოლოდ დაჯდომა თუ შეიძლებოდა. ძალიან რომ შეგვცივდებოდა, ვიკუნტებოდით და ზურგით ერთმანეთს ვეყრდნობოდით. ძილი მოგვერეოდა თუ არა, წამოვხტებოდით ხოლმე იმის შიშით, რომ ძილში არ გავყინულიყავით. დღეში გვაძლევდნენ ერთ ჭიქა ცხელ წყალს და 300 გრამ შავ პურს. მიუხედავად ამისა, ბედნიერები ვიყავით, რადგან იეჰოვა გვაძლევდა „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). როცა ბარაკში დავბრუნდით, დებმა დიდი ყურადღება გამოავლინეს — მათ ცხელი კერძი და დასაბანი წყალი დაგვახვედრეს».
„კეთილმოსურნე“
ზინაიდა განაგრძობს: «კოლონიაში ქადაგება ადვილი არ იყო, რადგან პატიმრები ცოტანი იყვნენ და მოწმეებს ყველა იცნობდა. 1 პეტრეს 3:1-ში მოცემული პრინციპი კარგად მიესადაგებოდა ჩვენს მდგომარეობას. ჩვენ უსიტყვოდ ვქადაგებდით. ბარაკებში სისუფთავეს და წესრიგს ვიცავდით, ასევე სითბოსა და მზრუნველობას არ ვაკლებდით ერთმანეთს (იოან. 13:34, 35). გარდა ამისა, სხვა პატიმრებთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვცდილობდით ღვთის სიტყვის რჩევით მოვქცეულიყავით და სხვების მიმართ ყურადღება გამოგვევლინა. ზოგჯერ ვეხმარებოდით მათ, ვინც იეჰოვას მოწმე არ იყო. მაგალითად, ერთი და ხალისით ეხმარებოდა პატიმრებს მათემატიკურ გამოთვლებში. ბევრი მიხვდა, რომ იეჰოვას მოწმეები განსხვავდებოდნენ სხვა რწმენის ადამიანებისგან.
1962 წელს ირკუტსკის კოლონიიდან მორდვეთის ერთ-ერთ კოლონიაში გადაგვიყვანეს. იქაც ვცდილობდით მოწესრიგებულები და სუფთები ვყოფილიყავით. ჩვენი ლოგინი ყოველთვის სუფთა და კარგად გასწორებული იყო. ბარაკებში დაახლოებით 50 პატიმარი ვიყავით, უმეტესად დები. ბარაკებს მხოლოდ ჩვენ ვასუფთავებდით, რადგან სხვა პატიმრებს არ უნდოდათ ამის გაკეთება. იატაკებს მხოლოდ დები ვხეხავდით; კოლონიის ადმინისტრაცია კი საჭირო ინვენტარს გვაძლევდა. მონაზვნები და ინტელიგენცია უარს ამბობდნენ დასუფთავებაზე, ამიტომ ბარაკებში სისუფთავე ძირითადად ჩვენზე იყო დამოკიდებული. როცა რომელიმე დას კოლონიიდან ათავისუფლებდნენ, დახასიათებაში უწერდნენ, რომ ის იყო „ადვილად შემგუებელი და კეთილმოსურნე“».
სანდო სამალავი ყვავილებში
«ერთხელ დებმა ოჯახის წევრებს მისწერეს, რომ დიდი ყვავილების თესლები გამოეგზავნათ მათთვის, — განაგრძობს ზინაიდა. — ჩვენ კოლონიის ადმინისტრაციას ვუთხარით, რომ ლამაზი ყვავილების დათესვა გვინდოდა და შავი მიწის მოტანა ვთხოვეთ. ჩვენდა გასაკვირად, ისინი სიხარულით დაგვთანხმდნენ. ბარაკებისა და ბილიკების გაყოლებაზე გავაშენეთ ყვავილნარი. მალე კოლონიაში გაჩნდა დიდი ვარდების ბუჩქები, სურნელოვანი მიხაკები და სხვა ლამაზი ყვავილები; და რაც ყველაზე მთავარი იყო, მათ მაღალი ღერო ჰქონდათ. კოლონიის ცენტრში იყო საუცხოო გეორგინებისა და სხვადასხვა ფერის დიდი ზიზილების ყვავილნარი. იქ ვსეირნობდით, ბიბლიას ვსწავლობდით და ვარდის დიდ ბუჩქებში ლიტერატურას ვმალავდით.
შეხვედრებს სეირნობის დროს ვატარებდით. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჯგუფები, რომლებშიც ხუთ-ხუთი და იყო. ჩვენი პუბლიკაციებიდან თითოეული წინასწარ იზეპირებდა ერთ აბზაცს. შეხვედრას ლოცვით ვიწყებდით, შემდეგ რიგრიგობით ვყვებოდით და ვარჩევდით ამ აბზაცებს; ბოლოს ლოცვით ვამთავრებდით და სეირნობას განვაგრძობდით. „საგუშაგო კოშკი“ პატარა ბუკლეტისოდენა იყო [იხილეთ 161-ე გვერდზე მოთავსებული ფოტო]. ყოველდღე რაღაცას განვიხილავდით, განსაკუთრებით ყოველდღიურ მუხლს, და ვიმეორებდით აბზაცებს შეხვედრებისთვის, რომლებსაც კვირაში სამჯერ ვატარებდით. გარდა ამისა, ზეპირად ვსწავლობდით ბიბლიის მთლიან თავებს, ხმამაღლა ვყვებოდით და ერთმანეთს ვამხნევებდით. ასე რომ, თუ ჩხრეკის დროს ლიტერატურას ჩამოგვართმევდნენ, ზედმეტად არ ვნერვიულობდით.
თუმცა კოლონიის ადმინისტრაცია ცდილობდა, სხვა პატიმრებისგან გაეგო, როგორ ვახერხებდით შეხვედრების ჩატარებას, მრავალი პატიმარი ჩვენდამი კარგად იყო განწყობილი; ერთ-ერთი იყო მწერალი ოლგა ივინსკაია, ცნობილი პოეტისა და მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ბორის პასტერნაკის მეგობარი. მას მოსწონდა ჩვენი ორგანიზებულობა. იეჰოვა სიბრძნეს გვაძლევდა, რომ სულიერი საზრდო გვქონოდა» (იაკ. 3:17).
„საკმარისია!“
ზინაიდა განაგრძობს: «ლიტერატურა სხვადასხვა გზით აღწევდა ჩვენამდე. უდავოა, ეს იეჰოვას ხელმძღვანელობით ხდებოდა, რადგან ის დაგვპირდა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5). ზოგჯერ მცველებს ღმერთი თითქოს თვალებს უბრმავებდა. ერთხელ ზამთარში, როცა ჩვენი ბრიგადა სამუშაოდან კოლონიაში დაბრუნდა, ჩვეულებისამებრ, გაგვჩხრიკეს და ტანსაცმელი გაგვახდევინეს. მე ბოლოს შევედი; ორი შარვლის შიგნით „ცხელ-ცხელი“ ლიტერატურა მქონდა.
ძალიან ციოდა, ამიტომ კომბოსტოსავით ფენა-ფენა მეცვა. ზედამხედველმა ქალმა ჯერ პალტო შემიმოწმა, შემდეგ დაბამბული მოსაცმელი. გადავწყვიტე, გახდის პროცესი გამეხანგრძლივებინა იმ იმედით, რომ მობეზრდებოდა და თავს დამანებებდა. აუჩქარებლად გავიხადე ჯერ ერთი სვიტერი, შემდეგ მეორე; სანამ მათ ამოწმებდა, შარფები მოვიხსენი, შემდეგ გავიხადე მაისური, ერთი პერანგი, მეორე პერანგი; ბოლოს ორი წყვილი შარვალი და ნაბდის ჩექმებიღა დარჩა. ნელა გავიხადე ერთი ჩექმა, შემდეგ მეორე და ასევე აუჩქარებლად დავიწყე ზედა შარვლის გახდა. ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. თუ მეტყოდა, შიდა შარვალიც გაიხადეო, გავიქცეოდი და ლიტერატურას დებს გადავუგდებდი. როგორც კი ზედა შარვალი გავიხადე, გაღიზიანებულმა ზედამხედველმა ქალმა დამიყვირა: „საკმარისია! გაეთრიე!“ მე სასწრაფოდ ჩავიცვი და კოლონიაში შევვარდი.
როგორ ვშოულობდით ლიტერატურას? წინასწარ მოველაპარაკეთ ძმებს, სად დაგვიტოვებდნენ ლიტერატურას, შემდეგ კი მის წამოსაღებად რიგრიგობით მივდიოდით. კოლონიაში ლიტერატურას უსაფრთხო ადგილას ვმალავდით და დროდადრო სამალავს ვცვლიდით. აგრეთვე გამუდმებით ვიწერდით ხელით პუბლიკაციებს და ასლებს ვმალავდით. გადაწერას ღამით საბნის ქვეშ ვახერხებდით; საბნის კიდეს ვწევდით, რომ ქუჩიდან შემოსულ სინათლეს ჩვენთვის გაენათებინა. არც ერთ წუთს ტყუილად არ ვკარგავდით. საერთო სასადილოშიც რომ მივდიოდით, თითოეულს ფურცელზე დაწერილი ბიბლიური მუხლი მიგვქონდა».
„თქვენი საშველიც დადგა“
1965 წელს მოულოდნელად საბჭოთა მთავრობამ გასცა განკარგულება, რომ 1949—1951 წლებში ციმბირში გადასახლებული ყველა იეჰოვას მოწმე გაეთავისუფლებინათ. მაგრამ და-ძმების უმეტესობას სამშობლოში დაბრუნების ნება არ მისცეს. ვისაც ციმბირში დარჩენა არ უნდოდა, გადაწყვიტა იქ წასულიყო, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო.
მაგდალინა ბელოშიცკაია ამბობს: «ციმბირში დაახლოებით 15 წელი გავატარეთ. ზამთარში ტემპერატურა -60 გრადუსს აღწევდა, ზაფხულში კი იმდენი ბუზანკალი და კოღო იყო, რომ თვალებში გვიცვივდებოდა. მაგრამ იეჰოვას დახმარებით ყველაფერს გავუძელით. ამ ცივ მიწაზე ჭეშმარიტების თესლის თესვა მართალაც არაჩვეულებრივი იყო! 15 წლის განმავლობაში კომენდატურაში ყოველთვე ვაწერდით ხელს განცხადებას, რომ გადასახლების ადგილიდან არ გავიპარებოდით. კომენდანტი ზოგჯერ ჩვენთან ღამისთევით რჩებოდა. ამ დროს ის განსაკუთრებით კარგად გვექცეოდა და ბევრ კითხვას გვისვამდა ბიბლიაზე; მას აინტერესებდა, რა უნდა გაეკეთებინა, რომ ბიბლიის სწავლებების თანახმად ეცხოვრა. ის გვეკითხებოდა, რატომ ავირჩიეთ ცხოვრების ეს გზა, თუ ვიცოდით, რომ დევნილები ვიქნებოდით. ერთხელ ვკითხეთ, ოდესმე გაგვათავისუფლებდნენ თუ არა აქედან. მან ხელისგული დაგვანახვა და გვკითხა: „შეიძლება ამაზე ბეწვი ამოვიდეს?“
„არა“, — ვუპასუხე მე.
„ჰოდა თქვენი გათავისუფლებაც შეუძლებელია“, — გვითხრა მან. შემდეგ დაფიქრდა და თქვა: „თუმცა, რატომაც არა, თუ თქვენი ღმერთი სასწაულს მოახდენს“.
ერთხელ, 1965 წლის ზაფხულში წერილის გასაგზავნად სადგურში წავედი. დამინახა თუ არა, კომენდანტმა დამიძახა: „მაგდალინა, სად მიდიხარ ნებართვის გარეშე?“
„არსად არ მივდივარ, წერილი მაქვს გასაგზავნი“, — ვუპასუხე მე. შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა: „დღეს გაგათავისუფლებენ. თქვენი საშველიც დადგა“. კომენდანტმა მრავლისმეტყველად შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა, ღმერთმა გაგათავისუფლათო! საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი!
ჩვენ უფლება მოგვცეს, საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ნაწილში გადავსულიყავით მშობლიური მხარის გარდა. თითქოს იეჰოვა გვეუბნებოდა: „გაიფანტეთ და იქადაგეთ! დრო არ ითმენს, გაიფანტეთ!“ უფლება რომ მოეცათ, მშობლიურ მიწა-წყალზე დავბრუნდებოდით; და რადგან ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, ყველანი სხვადასხვა მხარეში დავსახლდით. ჩვენი ოჯახი კავკასიაში გადავიდა საცხოვრებლად».
ათასობით მოწმე გაიფანტა საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. იმავე წელს ერთ-ერთ სახელმწიფო სხდომაზე მთავრობის ერთმა წარმომადგენელმა გაკვირვებულმა იკითხა: „ვინ მეტყვის, როგორ აღმოჩნდა იეღოველთა სექტა ჩვენს ახალ ქალაქში, რომელიც ახალგაზრდა ენთუზიასტებმა ააშენეს? სამწუხაროდ, ამ ახლად აშენებულ, სუფთა ქალაქშიც გაჩნდნენ იეღოველები!“ მთავრობა უბრალოდ უძლური იყო იეჰოვას მოწმეების წინაშე. არავის შეუძლია წინ აღუდგეს ღვთის დაპირებას, რომ დედამიწა „იეჰოვას ცოდნით“ აივსება (ეს. 11:9).
„წმინდა წყალი“
ქადაგების გამო მოწმეებს საჯარიმო კოლონიებში გზავნიდნენ. ნიკოლაი კალიბაბა, რომელმაც არაერთი წელი გაატარა ასეთ კოლონიებში, იხსენებს: «ოთხი ძმა გაგვგზავნეს სოფელ ვიხორევკას (ირკუტსკის ოლქი) საჯარიმო კოლონიაში, სადაც უკვე 70 ძმა იყო დაპატიმრებული. სასმელი წყალი არ ვარგოდა. ერთადერთი წყლის მილი საკანალიზაციო სისტემას უერთდებოდა, ამიტომ წყლის დალევა ჯანმრთელობისთვის საშიში იყო. საკვებიც უვარგისი იყო, მაგრამ იეჰოვას დახმარებით ესეც გადავიტანეთ. ამ კოლონიაში მოწმეების გარდა მუშაობა არავის უნდოდა. ჩვენ გამრჯე მშრომელები ვიყავით. ადმინისტრაცია მალე მიხვდა ამას და სამუშაოდ კოლონიის სხვა ნაწილებში გადაგვიყვანა. იქიდან ვედროებით მოგვქონდა სასმელი წყალი. პატიმრები მოდიოდნენ და გვთხოვდნენ: გავიგეთ, „წმინდა წყალი“ გაქვთ და ნახევარი ჭიქა მაინც მოგვეცითო. რასაკვირველია, წყალს ვაძლევდით.
პატიმრებს შორის კეთილი გულის ადამიანებიც იყვნენ. ზოგი მათგანი ყოფილი ქურდი და კრიმინალი იყო. მათ გაიგეს ჭეშმარიტება და იეჰოვას მოწმეები გახდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ღიად გამოდიოდა ჩვენ წინააღმდეგ. თუმცა ერთხელ, როცა მომხსენებელი კოლონიაში იეჰოვას მოწმეებზე ლექციას კითხულობდა, ამ ხალხმა დაგვიცვა და თქვა, რომ მომხსენებელი მოწმეებს ცილს სწამებდა».
„ჩვენ ჯგუფებად მოვალთ თქვენთან“
ძმები სიბრძნეს სთხოვდნენ იეჰოვას და სამეფოს ინტერესების გასაფართოებლად ყოველთვის ეძებდნენ საშუალებებს. ნიკოლაი განაგრძობს: «გავიგეთ, რომ მალე მორდვეთის ერთ-ერთ კოლონიაში გადაგვიყვანდნენ მოსკოვთან ახლოს. გამგზავრებამდე საინტერესო შემთხვევა გვქონდა. ჩვენდა გასაკვირად, რამდენიმე ოფიცერი და ზედამხედველი, რომლებიც წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს მეთვალყურეობდნენ, ჩვენთან მოვიდნენ და გვთხოვეს, გვემღერა და ჩვენი რწმენის შესახებ გვესაუბრა. მათ გვითხრეს: „ჩვენ ჯგუფებად მოვალთ თქვენთან, დაახლოებით 10-20 კაცი ან მეტი“.
უსაფრთხოების მიზნით, მათ გვითხრეს, რომ შეხვედრის ადგილას გუშაგებს დააყენებდნენ. ჩვენ ვუთხარით, რომ გუშაგებს ჩვენც დავაყენებდით, რადგან მათზე მეტი გამოცდილება გვქონდა. ჯარისკაცები ჩვენი გუშაგების მსგავსად გვყარაულობდნენ — ისინი საყარაულო სახლსა და შეხვედრის ადგილს შორის იდგნენ. წარმოიდგინეთ, ჩვენ ოფიცრებისა და ზედამხედველების წინაშე ვმღეროდით, შემდეგ კი რომელიმე ძმა მოკლე ბიბლიურ მოხსენებას კითხულობდა. ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში ვიმყოფებოდით. ასე ვატარებდით რამდენიმე შეხვედრას დაინტერესებულებთან. ჩვენ ვხედავდით, რომ იეჰოვა არა მარტო ჩვენზე ზრუნავდა, არამედ ამ გულწრფელ ადამიანებზეც.
ამ კოლონიიდან ბევრი ჟურნალი მორდვეთის კოლონიაში გადავიტანეთ. იქ ბევრი მოწმე იხდიდა სასჯელს. ძმებმა მომცეს ჩემოდანი, რომელსაც გვერდებზე ორი შრე ჰქონდა, რათა ლიტერატურა დამემალა. ვცდილობდით, ჩხრეკის დროს ზედამხედველებს ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ ჩემოდნისთვის. მორდვეთის კოლონიაში გულდასმით გაგვჩხრიკეს. ერთმა ზედამხედველმა ჩემოდანი ასწია და თქვა: „რა მძიმეა, განძი ხომ არ გიდევს?!“ მოულოდნელად, მან გვერდზე გადადო ჩემოდანი ჩემს ნივთებთან ერთად და სხვების ნივთების შემოწმება დაიწყო. ჩხრეკის შემდეგ სხვა ზედამხედველმა მითხრა: „აიღე შენი ნივთები და წადი!“ ჩემი ჩემოდანი ჩხრეკას გადაურჩა, ამიტომ „ცხელ-ცხელი“ სულიერი საზრდო, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა, ბარაკში მივიტანე.
ხელით გადაწერილი ტრაქტატები რამდენჯერმე ჩექმებითაც შევიტანე კოლონიაში. ვინაიდან დიდი ფეხი მაქვს, ქაღალდებისთვის ადგილი ჩექმებში ყოველთვის მქონდა. ქაღალდებს ღაბაშის ქვეშ ვდებდი და ჩექმებს კარგად ვქონავდი. ქონწასმული ჩექმა ხელიდან სხლტებოდა და საშინლად ყარდა, ამიტომ ზედამხედველები ჩექმებს არ ეკარებოდნენ».
„ზედამხედველები ჩვენ გვითვალთვალებდნენ, მე კი — მათ“
ნიკოლაი განაგრძობს: «მორდვეთის კოლონიაში ძმებმა დამნიშნეს ბიბლიური ლიტერატურის ასლების გაკეთების მეთვალყურედ. ჩემს მოვალეობაში შედიოდა ზედამხედველებზე მეთვალყურეობაც, რომ ძმებს ასლების დამალვა შეძლებოდათ. ზედამხედველები ჩვენ გვითვალთვალებდნენ, მე კი — მათ. ზოგიერთი ჩვენს გამოჭერას ცდილობდა; ისინი ბარაკებში ხშირად და მოულოდნელად მოდიოდნენ. ყველაზე რთული მათი გაკონტროლება იყო. სხვები დღეში ერთხელ შემოდიოდნენ ბარაკებში. ისინი უფრო ლმობიერები იყვნენ და პრობლემებს არ გვიქმნიდნენ.
იმ პერიოდში ჩვენ ორიგინალებს უსაფრთხო ადგილას ვინახავდით და ასლებს ვაკეთებდით. ზოგს კოლონიის ადმინისტრატორის კაბინეტში ღუმელში ვმალავდით. ძმებმა, რომელთაც მისი კაბინეტის დასუფთავება ევალებოდათ, ღუმელში პატარა სათავსო გააკეთეს, სადაც „საგუშაგო კოშკის“ ორიგინალებს ვინახავდით. როგორც არ უნდა გავეჩხრიკეთ, ორიგინალები უსაფრთხოდ ინახებოდა ადმინისტრატორის კაბინეტში».
ძმები ლიტერატურის დამალვის ოსტატები გახდნენ. ერთ-ერთი მოსახერხებელი სამალავი ფანჯრის რაფა იყო. ძმები ლიტერატურას კბილის პასტის ტუბშიც კი მალავდნენ. მხოლოდ ორმა-სამმა ძმამ თუ იცოდა, სად ინახებოდა ორიგინალები. როცა საჭიროება მოითხოვდა, ძმას გამოჰქონდა ორიგინალი და გადაწერის შემდეგ უკან აბრუნებდა. ამგვარად, ორიგინალები ყოველთვის უსაფრთხო ადგილას იყო. ძმების უმეტესობა დიდ პატივად მიიჩნევდა ასლების გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ 15 დღით სამარტოო სატუსაღო ემუქრებოდათ. ვიქტორ გუტშმიდტი იხსენებს: „კოლონიებში გატარებული ათი წლიდან სამი წელი სამარტოო სატუსაღოში ვიჯექი“.
მინიატურული „საგუშაგო კოშკები“
ძმები ფიქრობდნენ, რომ კოლონიის ადმინისტრაციას ბიბლიური ლიტერატურის მოძებნისა და კონფისკაციის განსაკუთრებული მეთოდები ჰქონდა შემუშავებული. ზოგი ოფიცერი ამას გულმოდგინედ აკეთებდა. ივან კლიმკო იხსენებს: „ერთხელ ჯარისკაცებმა ძმები გაიყვანეს მორდვეთის მე-19 კოლონიის ტერიტორიიდან და საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. ყველა გააშიშვლეს და ფეხსახვევებიც კი მოახსნევინეს. ძმებს ფურცლები ფეხისგულებზე ჰქონდათ მიწებებული, ამიტომ ისინი ვერ უპოვეს. მათ ასევე ძალიან პატარა ბუკლეტები გააკეთეს, რომელთა დამალვაც თითებში შეიძლებოდა. როდესაც მცველებმა ძმებს ხელების აწევა უბრძანეს, თითებში დამალული ბუკლეტები ვერ შენიშნეს“.
ძმები სულიერი საზრდოს დაცვას სხვანაირადაც ახერხებდნენ. ალექსეი ნეპოჩატოვი ამბობს: «ზოგ ძმას შეეძლო მინიატურული ხელნაწერების დამზადება. ისინი წვრილწვერიანი კალმით რვეულის ხაზებს შორის სამ-ოთხ ხაზს წერდნენ. ასანთის კოლოფში „საგუშაგო კოშკის“ ხუთი-ექვსი ასეთი ხელნაწერი ეტეოდა. ამ ხელნაწერების დასამზადებლად კარგი მხედველობა და ძლიერი ნებისყოფა იყო საჭირო. როცა შუქს აქრობდნენ და ყველა დასაძინებლად მიდიოდა, ეს ძმები საბნის ქვეშ იწყებდნენ გადაწერას. სინათლის ერთადერთი წყარო ბარაკის შემოსასვლელის მბჟუტავი ნათურა იყო. რამდენიმე თვეში გადამწერს მხედველობა უქვეითდებოდა. ზოგჯერ მცველი ამჩნევდა, რომ ვიწერდით, მაგრამ თუ ის ჩვენ მიმართ კარგად იყო განწყობილი, გვეუბნებოდა: „ისევ წერთ? როდისღა უნდა დაიძინოთ?“»
ძმა კლიმკო იხსენებს: «ერთხელ დიდი რაოდენობით ლიტერატურა და ბიბლია დავკარგეთ. ეს ყველაფერი ერთი ძმის ხელოვნურ ფეხში ინახებოდა. მცველებმა აიძულეს ძმა, პროთეზი მოეხსნა, შემდეგ კი დაამტვრიეს ის. გაფანტულ ფურცლებს მათ სურათები გადაუღეს და კოლონიის გაზეთში დაბეჭდეს. ეს ალბათ კარგიც იყო, რადგან ყველა დარწმუნდა, რომ იეჰოვას მოწმეები მხოლოდ რელიგიურ საქმიანობას ეწეოდნენ. ამ შემთხვევის შემდეგ კოლონიის ადმინისტრატორმა ძმებს ღვარძლიანად უთხრა: „ხომ მოგიწყვეთ არმაგედონი?!“ თუმცა მეორე დღეს ადმინისტრატორს მოახსენეს, რომ იეჰოვას მოწმეები ჩვეულებრივ იკრიბებოდნენ, მღეროდნენ და კითხულობდნენ».
საუბარი გენერალურ პროკურორთან
1961 წლის ბოლოს რსფსრ-ს გენერალურმა პროკურორმა მორდვეთის კოლონია მოინახულა. კოლონიის შემოვლისას ის მოწმეების ბარაკებშიც შევიდა. მან ძმებს კითხვების დასმის უფლება მისცა. ვიქტორ გუტშმიდტმა ჰკითხა: „თქვენი აზრით, უქმნის იეჰოვას მოწმეთა რელიგია საფრთხეს საბჭოთა საზოგადოებას?“
„არა, ასე არ ვფიქრობ“, — უპასუხა გენერალურმა პროკურორმა, მაგრამ მოგვიანებით საუბარში წამოსცდა: „მხოლოდ 1959 წელს ირკუტსკის ოლქმა 5 მილიონი რუბლი გამოყო მოწმეთა რელიგიის გამოსაკვლევად“.
ამით მან მიანიშნა, რომ მთავრობამ კარგად იცოდა, ვინ იყვნენ იეჰოვას მოწმეები, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი რუბლი დახარჯეს ამის გასარკვევად. ეს უზარმაზარი თანხა იყო. იმ დროს ხუთი ათას რუბლად ახალი მანქანის ან კეთილმოწყობილი ბინის ყიდვა შეიძლებოდა. უეჭველია, მოსკოვის მთავრობამ იცოდა, რომ იეჰოვას მოწმეები საშიში ადამიანები არ იყვნენ.
გენერალურმა პროკურორმა დასძინა: „საბჭოთა ხალხისთვის რომ გვეთქვა, იეჰოვას მოწმეებს რაც გინდათ, ის უყავითო, თქვენი კვალიც აღარ იქნებოდა“. ის გულისხმობდა, რომ საბჭოთა საზოგადოება ცუდად იყო განწყობილი მოწმეების მიმართ. ცხადია, მილიონობით ადამიანზე ათეისტური პროპაგანდა მოქმედებდა.
ჩვენ ვუთხარით: „სიმართლეს მაშინ გაიგებთ, როცა მოწმეები კონგრესებს მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე ჩაატარებენ“.
გენერალურმა პროკურორმა მოგვიგო: „შეიძლება თქვენ ნახევარმა მილიონმა დაგიჭიროთ მხარი, მაგრამ დანარჩენი მაინც ჩვენს მხარეს იქნება“.
ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი გენერალურ პროკურორთან. ის ნაწილობრივ მართალი იყო. დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 700 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს, სადაც ხალხი პროპაგანდას კი არა, ბიბლიის ჭეშმარიტებას ისმენს».
„კურორტი მოგიწყვიათ მოწმეებისთვის“
ვიქტორი განაგრძობს: «კოლონიის ადმინისტრაციამ გენერალურ პროკურორს აჩვენა მოწმეების დარგული ყვავილები და ხეები, აგრეთვე ახლობლებისგან გამოგზავნილი ამანათები, რომელთაც ისინი არ მალავდნენ, რადგან მოპარვის არ ეშინოდათ. პროკურორმა გაოცება ვერ დამალა. თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ მან კოლონიის ადმინისტრაციას ყვავილებისა და ხეების განადგურება უბრძანა. გენერალურმა პროკურორმა კოლონიის ადმინისტრატორს უსაყვედურა: „შრომა-გასწორების კოლონია კი არა, კურორტი მოგიწყვიათ მოწმეებისთვის“. მან მოწმეებს ამანათების მიღება აუკრძალა და დახურა სურსათის კიოსკი“.
საბედნიეროდ, ადმინისტრატორმა გენერალური პროკურორის ყველა ბრძანება არ შეასრულა. მაგალითად, დები კვლავინდებურად უვლიდნენ ყვავილებს, შემოდგომით კრეფდნენ და კოლონიის მუშაკებსა და მათ ბავშვებს დიდ თაიგულებს ჩუქნიდნენ. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო, როგორ ეგებებოდნენ ბავშვები მშობლებს ჭიშკართან, იღებდნენ ყვავილებს და გაბრწყინებული სახეებით მირბოდნენ სკოლისკენ. მათ უყვარდათ მოწმეები».
ვიქტორი იხსენებს: „1964 წლის დასაწყისში ერთმა ზედამხედველმა, რომლის ძმაც კა-გე-ბეს თანამშრომელი იყო, გვითხრა, რომ სახელმწიფო დიდ კამპანიას ამზადებდა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. იმავე წელს ნიკიტა ხრუშჩოვი მოულოდნელად გაათავისუფლეს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან და წინააღმდეგობაც შემცირდა“.
სამეფოს სიმღერები მკაცრი რეჟიმის კოლონიაში
1960-იან წლებში მორდვეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიის პატიმრებს წელიწადში ერთხელ ამანათის მიღების უფლება ჰქონდათ; მაგრამ ამ „განსაკუთრებულ ჯილდოს“ მხოლოდ დამსახურების შემთხვევაში იღებდნენ. პატიმრებს გამუდმებით ჩხრეკდნენ. თუ ვინმეს ფურცელზე დაწერილ ბიბლიურ მუხლს უპოვიდნენ, ათი დღით სამარტოო სატუსაღოში სვამდნენ. გარდა ამისა, სხვა კოლონიებთან შედარებით იქ პატიმრები უფრო ნაკლებ საკვებს იღებდნენ და უფრო მძიმედ შრომობდნენ; მოწმეებს უზარმაზარი ხის ფესვებს ათხრევინებდნენ. ალექსეი ნეპოჩატოვი ამბობს: „ხშირად ქანცის გაწყვეტამდე ვმუშაობდით. მაგრამ სიფხიზლესა და მხნეობას არ ვკარგავდით. მხნეობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საშუალება სამეფოს სიმღერების მღერა იყო. ძმებმა ჩამოვაყალიბეთ მრავალხმიანი გუნდი, რომელიც ქალის ხმის გარეშეც არაჩვეულებრივი მოსასმენი იყო. ამ სიმღერებით მოწმეების გარდა ოფიცრებიც მხნევდებოდნენ, რომლებიც ძმებს სთხოვდნენ, სამუშაო საათებში ემღერათ. ერთხელ, როცა ხეებს ვჭრიდით, მცველთა უფროსი მოვიდა და გვთხოვა: „დივიზიის უფროსმა გთხოვათ, რომ რამდენიმე სიმღერა იმღეროთ“.
ამ ოფიცერს ბევრჯერ ჰქონდა მოსმენილი სამეფოს სიმღერები. ეს თხოვნა დროული იყო, რადგან მუშაობისგან არაქათი გვქონდა გამოცლილი. ჩვენ სიხარულით დავიწყეთ სიმღერით იეჰოვას განდიდება. ჩვეულებრივ, როცა კოლონიაში ვმღეროდით, ოფიცრების ცოლები მეზობელი სახლებიდან პარმაღზე გამოდიოდნენ და დიდხანს გვისმენდნენ. მათ განსაკუთრებით მოსწონდათ ძველი სიმღერების წიგნიდან სიმღერა №6: „დაე, ხოტბა შეგასხას დედამიწამ“. სიმღერას ლამაზი სიტყვები და სასიამოვნო მელოდია ჰქონდა».
ის „სულ სხვა ხალხში“ მოხვდა
გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც კი ყველასთვის ნათელი იყო, როგორი ადამიანები იყვნენ იეჰოვას მოწმეები. ვიქტორ გუტშმიდტი იხსენებს: «ერთხელ სამუშაო კვირის ბოლოს, როცა ბაღში ვისვენებდით, ჩვენს კოლონიაში სატვირთო მანქანით შემოიტანეს ძვირადღირებული ელექტრომოწყობილობები. მძღოლი ჩვენს კოლონიაში იხდიდა სასჯელს, მომმარაგებელი კი სხვა კოლონიიდან იყო. საწყობის ზედამხედველი შვებულებაში წავიდა, ამიტომ საწყობი დაკეტილი დახვდათ. მათ გვთხოვეს, საქონელი მიგვეღო და გადმოგვეტვირთა.
გადმოტვირთული საქონელი საწყობთან დავაწყვეთ, რომელიც ძმების ბარაკთან ახლოს იყო. მომმარაგებელი ძალიან ნერვიულობდა, რომ ტვირთს საწყობის ზედამხედველის ხელმოწერის გარეშე ტოვებდა. მაგრამ მძღოლმა დაამშვიდა: „ნუ გეშინიათ. ხელს არავინ დაადებს. თქვენ სულ სხვა ხალხში მოხვდით. აქ ისე არ არის, როგორც კოლონიის გარეთ ხდება. საათი რომ მოიხსნათ და სადმე დადოთ, ხვალ ისევ იქ დაგხვდებათ“. მაგრამ მომმარაგებელი ხელმოწერის გარეშე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებდა, რადგან საქონელი ნახევარი მილიონი მანეთი ღირდა.
მალე კოლონიის ადმინისტრაციიდან კაცები მოვიდნენ და კოლონიის ტერიტორიიდან მანქანის გაყვანა მოითხოვეს. ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა მომმარაგებელს, რომ დაეტოვებინა საქონლის ფაქტურა და მეორე დღეს მოსულიყო მის წასაღებად. მომმარაგებელი იძულებული გახდა, წასულიყო. მეორე დილას დაბრუნდა და კოლონიაში შესვლა ითხოვა ხელმოწერის მისაღებად, მაგრამ დარაჯმა ხელმოწერილი ფაქტურა გადასცა.
მოგვიანებით დარაჯმა გვითხრა, რომ მომმარაგებელი ნახევარი საათის მანძილზე ადგილიდან არ იძვროდა; ის ხან ჭიშკარს უყურებდა, ხან — საბუთებს. წასვლა რომ დააპირა, ისევ შემობრუნდა და ჭიშკარს შეხედა. ალბათ, მის ცხოვრებაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ძვირფასი საქონლის მიღება და საბუთებზე ხელმოწერა მის გარეშე მოხდა, თანაც ყველაფერი პატიოსნად გაკეთდა. მაგრამ გასაკვირი ის იყო, რომ ეს ყველაფერი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ხდებოდა, სადაც „განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედები“ იხდიდნენ სასჯელს. უდავოა, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის მიუხედავად, მსგავს სიტუაციებში ყველას შეეძლო დაენახა, როგორი ადამიანები იყვნენ ისინი სინამდვილეში».
„დღეს ისინი ისევ ქადაგებენ“
1960 წელს მორდვეთის პირველ კოლონიაში ძმების ჩაყვანიდან რამდენიმე დღეში ასზე მეტი მოწმე გადაიყვანეს სოფელ უდარნისთან მდებარე სპეციალურ მე-10 კოლონიაში. ეს იყო „ექსპერიმენტული“ ციხე, სადაც იეჰოვას მოწმეებისთვის აზროვნების შეცვლას ცდილობდნენ. მათ ისეთივე ზოლიანი ფორმა ეცვათ, როგორიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფ პატიმრებს. სხვა სამუშაოებთან ერთად მოწმეებს ტყეში კუნძები უნდა ამოეთხარათ. ყოველდღე თითო კაცს 11-12 კუნძის ამოთხრა მოეთხოვებოდა. მაგრამ ზოგჯერ მთელი დღის მანძილზე ერთობლივი ძალებითაც ვერ თხრიდნენ მუხის ერთ კუნძს. ხშირად ერთმანეთის გასამხნევებლად ძმები სამეფოს სიმღერებს მღეროდნენ. ამ დროს კოლონიის ადმინისტრატორი, ჩვეულებრივ, უყვიროდა მათ: „მოწმეებო, დღეს რომ სადილს ვერ მიიღებთ, გნახავთ, როგორ იმღერებთ. მე თქვენ გასწავლით მუშაობას!“ ერთი ძმა, რომელიც ამ კოლონიაში იხდიდა სასჯელს, იხსენებს: „მიუხედავად ამისა, იეჰოვა ყოველთვის მხარში გვედგა. ცუდი პირობების გამო სულიერ მხნეობას არ ვკარგავდით. გვიხაროდა, რომ საკამათო საკითხში ყოველთვის იეჰოვას მხარე გვეკავა“ (იგავ. 27:11).
ციხის რამდენიმე „აღმზრდელის“ გარდა, თითოეულ საკანს თავისი აღმზრდელი ჰყავდა, რომელსაც კაპიტანზე ნაკლები ჩინი არ ჰქონდა. მათ მიზნად ჰქონდათ დასახული, რომ იეჰოვას მოწმეებს საკუთარ რწმენაზე უარი ეთქვათ. ვინც რწმენას უარყოფდა, ათავისუფლებდნენ. აღმზრდელები ყოველთვე წერდნენ მოწმეების დახასიათებას, რომელსაც ხელს აწერდა ციხის რამდენიმე თანამშრომელი. თითოეული მოწმის დახასიათებაში ეწერა: „არ ექვემდებარება აღმზრდელობით ზომებს; მტკიცედ იცავს თავის პოზიციას“. ივან კლიმკო იხსენებს: „მოსჯილი ათი წლიდან ექვსი წელი ამ ციხეში გავატარე და სხვა ძმებთან ერთად მეც „განსაკუთრებით საშიშ, გამოუსწორებელ ბოროტმოქმედად“ დამახასიათეს. როგორც ოფიცრებმა გვითხრეს, მთავრობა სპეციალურად ქმნიდა გაუსაძლის პირობებს, რათა მოწმეების საქციელს დაჰკვირვებოდნენ“.
იოვ ანდრონიკმა, რომელმაც ამ ციხეში ხუთი წელი გაატარა, ერთხელ კოლონიის მეთაურს ჰკითხა: „კიდევ რამდენ ხანს დავრჩებით ამ ციხეში?“ მეთაურმა ტყისკენ გაიშვირა თითი და უთხრა: „სანამ ყველას იქ არ გაგიტანთ“. იოვი იხსენებს: «სხვებისგან იზოლირებული ვიყავით, რათა არ გვექადაგა. გამუდმებით გვითვალთვალებდნენ. როცა კოლონიის სხვა ნაწილში გვჭირდებოდა წასვლა, ყოველთვის ზედამხედველი გვახლდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა საერთო რეჟიმის კოლონიაში გადაგვიყვანეს, ზოგმა პატიმარმა, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო, კოლონიის ადმინისტრაციას უთხრა: „იეჰოვას მოწმეებმა გაჯობეს; თუმცა იზოლირებული გყავდათ, დღეს ისევ ქადაგებენ“».
ოფიცერმა იცნო თავისი ბიბლია
მე-10 კოლონიაში ლიტერატურის, განსაკუთრებით ბიბლიის შეტანა ძალიან რთული იყო. ძმებს ეგონათ, რომ ღვთის სიტყვის ციხეში შეტანა თითქმის შეუძლებელი იყო. ერთი ძმა, რომელიც ამ ციხეში რამდენიმე წელი იჯდა, ამბობს: „იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერია. ღმერთმა მოისმინა ჩვენი ლოცვები. ციხეში მყოფი 100 მოწმისთვის ჩვენ მხოლოდ ერთ ბიბლიას ვითხოვდით, მაგრამ ორი მივიღეთ!“ (მათ. 19:26). როგორ მოხდა ეს?
ერთი პოლკოვნიკი ციხის აღმზრდელად დანიშნეს. მაგრამ როგორ შეძლებდა ის მოწმეების „აღზრდას“, როცა ბიბლია საერთოდ არ იცოდა?! მან როგორღაც იშოვა დაფლეთილი ბიბლია და შვებულებაში წასვლამდე სთხოვა ერთ მოხუც პატიმარს, რომელიც ბაპტისტი იყო, აეკინძა ის; მან გააფრთხილა ზედამხედველები, რომ მისთვის ბიბლია არ წაერთმიათ. ბაპტისტმა დაიტრაბახა მოწმეებთან, რომ ბიბლია ჰქონდა და დაჰპირდა, რომ ათხოვებდა მათ. როცა ძმებს ხელში ჩაუვარდათ ეს ძვირფასი განძი, მათ მაშინვე დაანაწევრეს და ციხეში მყოფ ყველა იეჰოვას მოწმეს მისცეს გადასაწერად. რამდენიმე დღის განმავლობაში მოწმეთა საკნები გადამწერთა „კაბინეტებად“ იქცა. თითოეული გვერდის ორი ასლი გააკეთეს. ერთი ძმა იხსენებს: „როცა ყველა გვერდი ავკინძეთ, სამი ბიბლია გამოვიდა! პოლკოვნიკმა მიიღო თავისი ახლად აკინძული ბიბლია, ჩვენ კი ორი ასლი დაგვრჩა. ერთ ბიბლიას ვკითხულობდით, მეორეს კი ვინახავდით მაღალი ძაბვის კაბელებში. იქ სპეციალური სამალავი გვქონდა. დარაჯებს კაბელებთან ახლოს მისვლის ეშინოდათ, ამიტომ იმ ადგილს არასდროს ამოწმებდნენ. მაღალი ძაბვა საიმედოდ იცავდა ჩვენს ბიბლიოთეკას“.
მაგრამ ერთ-ერთი ჩხრეკის დროს პოლკოვნიკმა ხელით გადაწერილი ბიბლიის ერთი გვერდი აღმოაჩინა. მან გაბრაზებულმა წამოიძახა: „ეს ხომ იმ ბიბლიის ნაწილია, ჩემი ხელით რომ მოვიტანე კოლონიაში!“
გახსენების საღამოს აღნიშვნა
კოლონიებში ძმები ყოველ წელს ცდილობდნენ გახსენების საღამოს აღნიშვნას. იმ წლების მანძილზე, რაც მორდვეთის ერთ კოლონიაში იყვნენ, არც ერთ ძმას არ გაუცდენია ეს შეხვედრა. თუმცა კოლონიის ადმინისტრაცია მათთვის ხელის შეშლას ცდილობდა. მათ იცოდნენ, რომელ დღეს ტარდებოდა გახსენების საღამო, ამიტომ ამ დღეს კოლონიის მთელი შემადგენლობა მობილიზებული ჰყავდათ. მათ არ იცოდნენ, სად და რომელ საათზე ჩატარდებოდა გახსენების საღამო, ამიტომ საღამოსთვის მცველთა უმეტესობა ძმების თვალთვალით უკვე დაღლილი იყო.
ძმები ყოველთვის ზრუნავდნენ, რომ ჰქონოდათ ღვინო და უფუარი პური. ერთხელ მცველებმა იმ დღეს იპოვეს სიმბოლოები, როცა გახსენების საღამო უნდა ჩატარებულიყო, და ძმებს ჩამოართვეს ისინი. მოგვიანებით ეს მცველები სხვებმა შეცვალეს; ძმამ, რომელიც მათი უფროსის კაბინეტს ალაგებდა, შეძლო სიმბოლოების გამოტანა და ძმებისთვის უჩუმრად გადაცემა. იმ საღამოს მცველთა მესამე ცვლის დროს ძმებმა აღნიშნეს გახსენების საღამო. სიმბოლოები განსაკუთრებით საჭირო იყო, რადგან ერთი ძმა იღებდა მათ.
გახსენების საღამოს აღნიშვნა ქალთა კოლონიაში
მსგავსი პრობლემები სხვა კოლონიებშიც ჰქონდათ. ვალენტინა გარნოვსკაია იხსენებს, როგორ უჭირდათ გახსენების საღამოს აღნიშვნა კემეროვოს ქალთა კოლონიაში. ის ამბობს: «კოლონიაში დაახლოებით 180 და ვიყავით. ერთად შეკრება გვეკრძალებოდა. ათი წლის მანძილზე მხოლოდ ორჯერ შევძელით გახსენების საღამოს აღნიშვნა. ერთხელ გადავწყვიტეთ, გახსენების საღამო აღგვენიშნა ერთ-ერთ კაბინეტში, რომელსაც მე ვალაგებდი. გახსენების საღამოს დაწყებამდე დები ჩუმად მოდიოდნენ იქ რამდენიმე საათის განმავლობაში. დაახლოებით 80-მა დამ მოახერხა მოსვლა. მაგიდაზე დავაწყვეთ უფუარი პური და წითელი ღვინო.
გადავწყვიტეთ, შეხვედრა სიმღერის გარეშე დაგვეწყო. ერთმა დამ ილოცა და ყველაფერი მოვლენის შესაფერისად დაიწყო. მოულოდნელად შემოგვესმა ხმაური და ყვირილი; მივხვდით, რომ მცველები გვეძებდნენ. კაბინეტის მაღალი ფანჯრიდან მცველების უფროსმა შემოიხედა. მაშინვე კარზე ბრახუნი გაისმა და ვიღაცამ გვიბრძანა, დაუყოვნებლივ გაგვეღო კარი. მცველები შემოცვივდნენ კაბინეტში და გარეთ გაათრიეს და, რომელიც მოხსენებას კითხულობდა და სამარტოო საკანში ჩასვეს. მეორე დამ გამბედაობა მოიკრიბა და განაგრძო მოხსენების კითხვა, მაგრამ ისიც გარეთ გაათრიეს. მაშინ მესამე და შეეცადა მოხსენების წაკითხვას, რის გამოც ყველანი მეორე ოთახში გაგვათრიეს და სამარტოო საკანში ჩაყრით დაგვემუქრნენ. იქ დავამთავრეთ გახსენების საღამოს აღნიშვნა სიმღერითა და ლოცვით.
ბარაკებში რომ დავბრუნდით, სხვა პატიმრებმა გვითხრეს: „როცა მოულოდნელად გაქრით, გვეგონა, არმაგედონი დაიწყო და ღმერთმა წაგიყვანათ ზეცაში, ჩვენ კი გასანადგურებლად დაგვტოვა!“ ეს პატიმრები ჩვენთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ჭეშმარიტება არ მიუღიათ. ამ შემთხვევის შემდეგ ზოგმა ინტერესი გამოავლინა».
„ერთმანეთს ვეხუტებოდით“
ვორკუტის ერთ-ერთ კოლონიაში უკრაინიდან, მოლდავეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან უამრავი მოწმე იხდიდა სასჯელს. ივან კლიმკო იხსენებს 1948 წლის ზამთარს: „ბიბლიური ლიტერატურა არ გვქონდა, ამიტომ პატარა ფურცლებზე ვწერდით, რაც ძველი ჟურნალებიდან გვახსოვდა და ფურცლებს ზედამხედველებისგან ვმალავდით. მათ იცოდნენ, რომ ეს ფურცლები გვქონდა, ამიტომ არაერთ ხანგრძლივ და დამქანცველ ჩხრეკას გვიწყობდნენ. ზამთრის სიცივეში გარეთ გავყავდით, რიგში ხუთ-ხუთ კაცს გვაყენებდნენ და სიას ხშირ-ხშირად კითხულობდნენ. როგორც ჩანს, ისინი მოელოდნენ, რომ სიცივეში დგომას ფურცლების გადაცემას ვამჯობინებდით. სიის კითხვის დროს ერთმანეთს ვეხუტებოდით და ბიბლიურ საკითხებზე ვმსჯელობდით. ყოველთვის სულიერ საკითხებზე ვფიქრობდით. იეჰოვას დახმარებით შევძელით ერთგულების შენარჩუნება. ცოტა ხნის შემდეგ ძმებმა მოახერხეს კოლონიაში ბიბლიის შემოტანა. ის რამდენიმე ნაწილად დავყავით, რათა ჩხრეკის დროს მთელი ბიბლია არ წაერთმიათ.
იყვნენ ისეთი მცველებიც, რომლებსაც კარგად ესმოდათ, რომ იეჰოვას მოწმეები კოლონიაში არ უნდა ყოფილიყვნენ. ეს კეთილი ადამიანები შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ. ზოგი, უბრალოდ, თვალს ხუჭავდა, როცა ერთ-ერთი ჩვენგანი ამანათს იღებდა. ჩვეულებრივ, ამანათში დამალული იყო „საგუშაგო კოშკის“ ერთი-ორი გვერდი. ეს ფურცლები სულ რამდენიმე გრამს იწონიდა, მაგრამ კილოობით საკვებზე ძვირფასი იყო. კოლონიებში მოწმეებს არასდროს გვქონდა საკმარისი საჭმელი, მაგრამ სულიერად არ გვიშიმშილია“ (ეს. 65:13, 14).
„ის 50 ნაწილად გაყოფს!“
ძმები ბიბლიის შესწავლებს ყოველკვირა ატარებდნენ დაინტერესებულებთან. ბევრმა პატიმარმა, მათაც კი, ვისაც არ აინტერესებდათ ბიბლია, იცოდნენ, რომ საღამოს შვიდი საათის შემდეგ ბარაკებში ბიბლიის შესწავლები ტარდებოდა და ცდილობდნენ, არ ეხმაურათ. იოვ ანდრონიკი იხსენებს: «იეჰოვა აშკარად ზრუნავდა ჩვენზე და ამ საქმეში გვეხმარებოდა. ვცდილობდით ბიბლიის პრინციპების თანახმად გვეცხოვრა და ერთმანეთის მიმართ ქრისტიანული სიყვარული გამოგვევლინა. ამანათით მიღებულ საკვებს ერთმანეთს ვუნაწილებდით, რაც კოლონიაში უჩვეულო იყო.
ერთ კოლონიაში მიკოლა პიატოხას ევალებოდა ძმებისთვის საკვების განაწილება. ერთხელ კა-გე-ბეს ოფიცერმა თქვა: „მიეცით მიკოლას საწუწნი კანფეტი და ის 50 ნაწილად გაყოფს!“ სწორედ ასე იქცეოდნენ ძმები. ყველაფერს, რასაც კოლონიაში ვიღებდით, იქნებოდა ეს ფიზიკური თუ სულიერი საკვები, ერთმანეთს ვუყოფდით. ეს ჩვენც გვეხმარებოდა და გულწრფელი ადამიანებისთვისაც კარგი დამოწმება იყო» (მათ. 28:19, 20; იოან. 13:34, 35).
დამატებითი ანაზღაურება კარგი ქცევისთვის
ერთ კოლონიაში თანამშრომლები, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს ზედამხედველობდნენ, ხელფასზე 30 პროცენტით მეტ ანაზღაურებას იღებდნენ. ვიქტორ გუტშმიდტი იხსენებს: «კოლონიის ყოფილმა მოლარემ მითხრა, რომ იმ კოლონიებში, სადაც ბევრი ძმა იხდიდა სასჯელს, თანამშრომლებს უთხრეს, არ განრისხებულიყვნენ, გინება არ დასცდენოდათ და ყოველთვის ტაქტიანები და თავაზიანები ყოფილიყვნენ. კარგი ქცევისთვის ისინი მაღალ ხელფასს მიიღებდნენ. მიზანი იყო, ყველას დაენახა, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ სამაგალითოები და არაფრით განსხვავდებოდნენ სხვებისგან. ასე რომ, თანამშრომლებს კარგი ქცევისთვისაც უხდიდნენ ფულს. კოლონიაში დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობდა, მათ შორის იყვნენ მედპერსონალი, მუშები, ბუხჰალტრები და ზედამხედველები. არავის სურდა დამატებითი ანაზღაურების დაკარგვა.
ერთხელ ძმამ, რომელიც კოლონიის გარეთ მუშაობდა, გაიგო, რომ ბრიგადის ზედამხედველი იგინებოდა. მეორე დღეს ძმა შეხვდა მას და უთხრა: „ალბათ რომელიმე დარაჯმა ძალიან გაგაბრაზათ, რადგან ხმამაღლა იგინებოდით“. ზედამხედველმა აღიარა: „ძალიან მძიმე დღე მქონდა, ამიტომ კოლონიის გარეთ გავედი და ბოლომდე დავიცალე“. მართლაც, ბევრს უჭირდა იეჰოვას მოწმეებივით კარგად მოქცევა».
მინის იქით ქადაგება
ძმები ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდნენ, რომ ექადაგათ და ზოგჯერ ამას კარგი ნაყოფი გამოჰქონდა. ნიკოლაი გუცულიაკი იხსენებს: «კოლონიის კიოსკში ხშირად ვყიდულობდით საკვებს. როცა საყიდლებზე მივდიოდი, ვცდილობდი გამყიდველთან რამდენიმე სიტყვა მეთქვა ბიბლიის შესახებ. ის ყოველთვის ყურადღებით მისმენდა; ერთხელ მთხოვა, მისთვის რამე წამეკითხა. სამი დღის შემდეგ ოფიცერმა ჭიშკართან გამომიძახა. მან მითხრა, რომ კოლონიის მეთაურის სახლში მე და ერთ მოწმეს მინა უნდა ჩაგვესვა ფანჯარაში.
ჯარისკაცების თანხლებით ქალაქში წავედით. კარი გაგვიღო კიოსკის გამყიდველმა ქალმა, რომელიც კოლონიის მეთაურის ცოლი აღმოჩნდა. ერთი ჯარისკაცი შიგნით შემოგვყვა, ორი კი ქუჩაში იდგა ფანჯრის წინ. ქალი ჩაით გაგვიმასპინძლდა და გვთხოვა, მეტი გვეთქვა ბიბლიის შესახებ. ჩვენ მინა ჩავსვით და საფუძვლიანად დავუმოწმეთ. საუბრის ბოლოს მან გვითხრა: „ნუ გეშინიათ, ჩემი მშობლებიც თქვენსავით ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ“. ის ქმრისგან მალულად კითხულობდა ჩვენს ლიტერატურას, რადგან ქმარს სძულდა მოწმეები».
„ხვალიდან სამუშაოზე გახვალთ“
მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი კარგად იყო განწყობილი იეჰოვას მოწმეების მიმართ და ზოგჯერ იცავდა კიდეც მათ. 1970-იან წლებში ბრატსკში (ირკუტსკის ოლქი) ადგილობრივი სამხერხაოს კომპარტიულმა ბიურომ გადაწყვიტა, სამსახურიდან დაეთხოვა იეჰოვას მოწმეები. ძმებს უთხრეს: „თქვენ არ მოგწონთ საბჭოთა მთავრობა, ამიტომ ის აღარ იზრუნებს თქვენზე. თქვენმა იეჰოვამ იზრუნოს თქვენზე!“ სამსახურიდან გათავისუფლებულმა ძმებმა გადაწყვიტეს, რომ საჯაროდ, კარდაკარ ექადაგათ. ქადაგებისას ძმებს კარი ქალმა გაუღო. მათ გააცნეს თავი და მოკლედ აუხსნეს მოსვლის მიზეზი. სამზარეულოდან გაისმა მამაკაცის ხმა: „ვის ელაპარაკები? შემოუშვი სახლში“. როცა ძმები შევიდნენ სახლში, კაცმა ჰკითხა: „რატომ არ მუშაობთ? დღეს ხომ სამუშაო დღეა?!“ ძმებმა უთხრეს, რომ სამსახურიდან დაითხოვეს და აუხსნეს, რატომ.
აღმოჩნდა, რომ ეს კაცი პროკურორი იყო, რომელიც სადილად დაბრუნდა სახლში. გაბრაზებულმა სამხერხაოში გადარეკა, რომ გაეგო, მართლა დაითხოვა თუ არა ბიურომ იეჰოვას მოწმეები. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ პროკურორმა ჰკითხა: „რის საფუძველზე? გესმით, რომ თქვენ კანონი დაარღვიეთ? ამის უფლება არ გქონდათ! გიბრძანებთ, დააბრუნოთ მოწმეები სამსახურში და გადაუხადოთ იმ სამი თვის ხელფასი, როცა თქვენი მიზეზით მათ სამუშაო არ ჰქონდათ“. პროკურორმა ყურმილი დადო, ძმებს მიუბრუნდა და უთხრა: „ხვალიდან სამუშაოზე გახვალთ“.
„ლიტერატურას 1947 წლიდან ვმალავ“
1970-იან წლებში ძმები უკვე მოხერხებულად ამრავლებდნენ, ავრცელებდნენ და მალავდნენ ლიტერატურას. თუმცა ისინი ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში ხვდებოდნენ, რომლის დროსაც მეტი გამჭრიახობა სჭირდებოდათ. გრიგორი სივულსკი იხსენებს: «ერთხელ 1976 წელს ჩვენი სახლი გაჩხრიკეს. წინა საღამოს სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები და ძმების მისამართები დაუდევრად დავდე კომოდის ქვეშ. ჩხრეკის დროს კა-გე-ბეს აგენტებს ისე ეჭირათ თავი, თითქოს იცოდნენ, სად იპოვიდნენ ლიტერატურას. ერთმა მათგანმა მითხრა: „მომიტანე ბრტყელტუჩა და სახრახნისი, ტახტი უნდა დავშალოთ!“ ვილოცე და მშვიდად ვუთხარი:
— ჩვენთვის მოულოდნელი რომ ყოფილიყო თქვენი მოსვლა, როგორც სხვა მოწმეებისთვის, ალბათ, რაღაცას იპოვიდით, მაგრამ დაგაგვიანდათ — დღეს ვერაფერს იპოვით.
— რას ვიპოვიდით?
— „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს, მაგრამ დღეს ვერაფერს იპოვით.
შემდეგ ინსტრუმენტები მივეცი და ვუთხარი: „ჩხრეკის შემდეგ ტახტი ისევ ისე უნდა ააწყოთ“.
მივხვდი, რომ ისინი დაიბნენ, ამიტომ ერთ მათგანს, ახალგაზრდა კაცს ვუთხარი: „ალბათ, სამ წელზე მეტი არ არის, რაც იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას ეძებ, მე კი ლიტერატურას 1947 წლიდან ვმალავ. ტყუილად ნუ დაკარგავთ აქ დროს; ლიტერატურა საიმედო ადგილზეა“.
ჩემდა გასაკვირად, ისინი წავიდნენ. ძმების ანგარიშები და მისამართები ისეთ ადგილას იდო, რომ არავის გაუჭირდებოდა მათი პოვნა».
„პერესტროიკა“
1985 წელს დაწყებულმა „პერესტროიკამ“ მაშინვე არ გაამართლა იმედები. ქვეყნის ზოგ რეგიონში მოწმეებს კვლავაც ასამართლებდნენ და ციხეებში სვამდნენ. თუმცა 1988 წელს გერმანიის ფილიალი მსოფლიო მთავარ სამმართველოს სწერდა: „სამსახურებრივი წლის დასაწყისში მთავრობამ მიანიშნა [ძმებს სსრკ-ში], რომ მეტი თავისუფლება ექნებათ შეხვედრების ჩასატარებლად და ლიტერატურის მისაღებად, თუ ადგილობრივად დარეგისტრირდებიან. უმეტეს ადგილას ძმებმა შეუფერხებლად ჩაატარეს გახსენების საღამო. ისინი ფიქრობენ, რომ მათდამი მთავრობის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა“.
მოგვიანებით პასუხისმგებელმა ძმებმა გერმანიის ფილიალს მიაწოდეს იმ ძმების მისამართები, ვინც სურვილი გამოთქვა, რომ სულიერი საზრდო მათ მისამართზე მისულიყო. თავის მხრივ, ისინი ამ ლიტერატურას აწვდიდნენ უხუცესებს, რომლებიც კრებაში ანაწილებდნენ მას. 1990 წლის თებერვლისთვის ყოველთვე დაახლოებით 1 600 მისამართზე იგზავნებოდა სულიერი საზრდო.
1989 წელს პოლონეთში ჩატარებულ სპეციალურ კონგრესს ათასობით მოწმე დაესწრო საბჭოთა კავშირიდან. ევდოკია, რომელიც ნაბერეჟნიე-ჩელნიში ცხოვრობს, იხსენებს: «ჩვენ მხურვალედ ვლოცულობდით, რომ იეჰოვას შესაძლებლობა მოეცა, დავსწრებოდით ჩვენთვის პირველ, ნამდვილ კონგრესს. როცა ჩემმა უფროსმა გაიგო, რომ საზღვარგარეთ ვაპირებდი წასვლას, წამოიძახა: „შენ რა, ტელევიზორს არ უყურებ?! საზღვრები ჩაკეტილია და არავის უშვებენ!“
„საზღვრები გაიხსნება“, — ვუპასუხე თავდაჯერებით. ასეც მოხდა. ქალაქ ბრესტთან საბაჟოზე მხოლოდ იეჰოვას მოწმეები გაგვიშვეს, არც კი გაგვჩხრიკეს და თავაზიანად მოგვექცნენ. ერთ კაცს ჩვენთან ერთად უნდოდა საზღვრის გადაკვეთა, როგორც კონგრესის დელეგატს, მაგრამ საბაჟოს თანამშრომლები მაშინვე მიხვდნენ, რომ ის იეჰოვას მოწმე არ იყო და დააკავეს. მისგან განსხვავებით კონგრესის დელეგატებს სახე უბრწყინავდათ და ცოტა ბარგი ჰქონდათ».
თბილი შეხვედრა მოსკოვში
40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1949 წელს იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი საქმიანობის დასარეგისტრირებლად მთავრობას მიმართეს მოსკოვში. მაგრამ ძმებს სინდისმა არ დართო ნება, რომ სტალინის ხელისუფლების მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. 1990 წლის 26 თებერვალს რელიგიური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავმჯდომარის ორი მოადგილე და კომიტეტის სამი წევრი. იეჰოვას მოწმეთა დელეგაცია შედგებოდა 15 კაცისგან: 11 ძმა იყო რუსეთიდან და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან, მილტონ ჰენშელი და თეოდორ იარაჩი — ბრუკლინიდან, უილი პოლი და ნიკიტა კარლშტრემი კი გერმანიის ფილიალიდან იყვნენ.
თავმჯდომარემ შეხვედრა შემდეგი სიტყვებით გახსნა: „მოხარულები ვართ, რომ შევხვდით იეჰოვას მოწმეებს. თქვენ შესახებ ბევრი რამ მსმენია, მაგრამ ახლა პირველად შეგხვდით. ჩვენ მზად ვართ ღია საუბრისთვის“. ძმებმა უთხრეს მას, რომ სურდათ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის დარეგისტრირება საბჭოთა კავშირში. თავმჯდომარემ თქვა: «ძალიან სასიამოვნოა. ახლა დროც ხელსაყრელია. მალე ქვეყანაში „გაზაფხული“ დადგება, ამიტომ შეგვიძლია კარგ შედეგებს მოველოდეთ».
როცა თავმჯდომარემ სთხოვა ძმებს, წარედგინათ საკუთარი თავი, ცხადი გახდა, რომ იეჰოვას მოწმეები ქვეყნის ყველა კუთხეში იყვნენ. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა თქვა: „მე წარმოვადგენ ირკუტსკის ოლქის ოთხ კრებას, ასევე უკიდურეს აღმოსავლეთს — ხაბაროვსკისა და კრასნოიარსკის მხარეებსა და ნოვოსიბირსკისა და ომსკის ოლქებს“. თავმჯდომარემ წამოიძახა: „უზარმაზარ ტერიტორიას წარმოადგენთ; ის მრავალი ქვეყნის ტერიტორიას აღემატება!“
თავმჯდომარის მოადგილემ ძმებს უთხრა: „ჩვენ უკეთ უნდა გავიგოთ თქვენი სწავლებები, რადგან ზოგიერთი რამ არ გვესმის. მაგალითად, თქვენს ერთ-ერთ წიგნში წერია, რომ ღმერთი განწმენდს დედამიწას და დღეს არსებულ მთავრობებს გაანადგურებს. როგორ გავიგოთ ეს?“ ძმა პოლმა უპასუხა: „იეჰოვას მოწმეები არ მიმართავენ ძალადობას. თუ წიგნში მსგავსი რამ წერია, ეს ბიბლიის კონკრეტულ წინასწარმეტყველებაზე მიუთითებს. იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოსა და დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების შესახებ ქადაგებენ“.
„ამაში ცუდი არაფერია“, — თქვა თავმჯდომარის მოადგილემ.
საუბრის ბოლოს თავმჯდომარემ თქვა: „ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. თქვენი ორგანიზაციის რეგისტრაცია რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“.
1991 წლის მარტში იეჰოვას მოწმეები რუსეთში კანონიერად ცნეს. იმ დროს რუსეთის მოსახლეობა 150 მილიონზე მეტი იყო, მაუწყებლები კი — 15 987. ასე რომ, რუსეთში მცხოვრებ და-ძმებს იეჰოვასგან მეტი მითითებები სჭირდებოდათ (მათ. 24:45; 28:19, 20).
„რა ბედნიერებაა თავისუფლება!“
ვინაიდან ფინეთი რუსეთთან ახლოსაა, ხელმძღვანელმა საბჭომ ფინეთის ფილიალს სთხოვა, დახმარებოდა ძმებს საერთაშორისო კონგრესის ორგანიზებაში, რომელიც 1992 წლის 26—28 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართებოდა. რას გრძნობდნენ ძმები, როცა ათწლეულების განმავლობაში არსებული აკრძალვის შემდეგ თავისუფლად ესწრებოდნენ კონგრესს? ერთი ძმა იხსენებს: «სტადიონზე ათასობით ადამიანი ვიყავით. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოგვდიოდა. რა ბედნიერებაა თავისუფლება! ამ სისტემაში ასეთ თავისუფლებაზე ვერც კი ვიოცნებებდით. მაგრამ იეჰოვამ გვაჩუქა ეს თავისუფლება. გავიხსენეთ, როგორ ვიწექით ხუთნი კოლონიის მაღალი ღობის შიგნით იზოლირებულ საკანში და ერთმანეთს ვათბობდით. სტადიონსაც მაღალი კედელი ჰქონდა, მაგრამ იქიდან წასვლა არ გვინდოდა. შეუძლებელია ჩვენი გრძნობები სიტყვებით გადმოვცე.
მთელი კონგრესის მანძილზე თვალზე ცრემლი არ შეგვშრობია. ასეთი სასწაულის ნახვაზე სიხარულის ცრემლები მოგვდიოდა. თუმცა სამოცდაათს უკვე გადავცდით, სტადიონზე „ფრთაშესხმულები“ დავდიოდით. თავისუფლებას 50 წელი ველოდებოდით. იეჰოვამ დაუშვა, რომ ციმბირში გადავესახლებინეთ და ციხეებსა და კოლონიებში მოვხვედრილიყავით. მაგრამ ახლა სტადიონზე ვიყავით! იეჰოვა ყველაზე ძლევამოსილია. ერთმანეთს ვუყურებდით და გულამოსკვნილი ვტიროდით. თავი სიზმარში გვეგონა. ახალგაზრდა ძმები შემოგვეხვივნენ და გვკითხეს: „ყველაფერი წესრიგშია? ხომ არავინ გაწყენინათ?“ ვსლუკუნებდით და პასუხს ვერ ვაძლევდით. ბოლოს ერთმა ძმამ უპასუხა: „სიხარულისგან ვტირით!“ ჩვენ მოვუყევით მათ, როგორ ვემსახურებოდით აკრძალვის დროს იეჰოვას მრავალი წლის განმავლობაში. გვიჭირდა იმის დაჯერება, რომ იეჰოვამ ყველაფერი ასე უცბად შეცვალა».
ამ დაუვიწყარი კონგრესის შემდეგ ფინეთის ფილიალს სთხოვეს, რუსეთში 15 სპეციალური პიონერი გაეგზავნა. 1992 წლის 1 ივლისს ფინეთიდან სანკტ-პეტერბურგში გულმოდგინე მქადაგებელი ცოლ-ქმარი, ჰანუ და ეია ტანინენები ჩავიდნენ. თავიდან მათთვის ყველაზე დიდი სირთულე ენის სწავლა იყო. პირველი გაკვეთილის შემდეგ ისინი საქადაგებლად წავიდნენ და ხალხს ბიბლიის შესწავლას სთავაზობდნენ. ჰანუ იხსენებს: „90-იანი წლების დასაწყისში ქალაქში თითქმის ყველას უნდოდა ბიბლიის შესწავლა. ქუჩაში ქადაგების დროს ხალხი თავისუფლად გვაძლევდა მისამართს. ლიტერატურას ყველა იღებდა. ქუჩაში ერთს რომ მივცემდით ჟურნალს ან ტრაქტატს, ათი კაცი მოდიოდა და გვთხოვდა ლიტერატურას. ბევრი მაშინვე იწყებდა კითხვას ქუჩაში თუ მეტროში“.
1992 წლის ოქტომბრიდან მრავალი სპეციალური პიონერი ჩავიდა იქ პოლონეთიდან. პირველ ჯგუფში დაუქორწინებელი დებიც იყვნენ. მალე პოლონეთიდან მეორე ჯგუფიც ჩავიდა სანკტ-პეტერბურგში. ერთი წლის შემდეგ პოლონელი პიონერები მოსკოვშიც ჩავიდნენ. წლების განმავლობაში რუსეთში 170-ზე მეტი პოლონელი მსახურობდა, რომელთაგან უმრავლესობას დამთავრებული ჰქონდა მსახურებაში დახელოვნების სკოლა.
მოღვაწეობისთვის დიდი კარი იხსნება
სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული საერთაშორისო კონგრესის შემდეგ ხელმძღვანელმა საბჭომ ნება დართო ძმებს, ქალაქთან ახლოს დაბა სოლნეჩნოეში შეეძინათ 7 ჰექტარი მიწა, სადაც ძველი ნაგებობები იდგა. დადგა დრო, რომ რუსეთში ბეთელი აშენებულიყო. ფინეთის ფილიალს სამშენებლო პროექტის განხორციელებაში დახმარება სთხოვეს. 1992 წლის სექტემბერში ფინეთიდან მოხალისეთა პირველი ჯგუფი ჩავიდა სოლნეჩნოეში. ამ ჯგუფში იყო აულის ბერიდალი, რომელიც მოგვიანებით ფილიალის კომიტეტის წევრი გახდა. ის იხსენებს: „მე და ჩემმა ცოლმა, ევა-ლიზამ სიხარულით მივიღეთ მოწვევა, მონაწილეობა მიგვეღო რუსეთში ბეთელის მშენებლობაში. ცხადი იყო, რომ ამ მშენებლობას იეჰოვა ხელმძღვანელობდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ძმებმა მხარი დაუჭირეს ამ პროექტს“.
მშენებლობის ზედამხედველი ფინეთიდან ალფ სედერლეფი და მისი მეუღლე მარია-ლენა მშენებლებისთვის გამხნევების წყარო იყვნენ. ფინეთის ფილიალის კომიტეტიც დიდ დახმარებას უწევდა მათ. მშენებლობის დროს ბრუკლინის ბეთელიდან ძმები ჩადიოდნენ სოლნეჩნოეში. აულისი იხსენებს: „1993 წელს მოსკოვში ჩატარებული საერთაშორისო კონგრესის შემდეგ მილტონ ჰენშელი ჩამოვიდა სოლნეჩნოეში. მან მოხალისეებს წაუკითხა გამამხნევებელი მოხსენებები და პირადად გაესაუბრა მათ“.
ბეთელის მშენებლობაზე დაახლოებით 700 მოხალისე მუშაობდა სკანდინავიიდან, ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან. ისინი სხვადასხვა კულტურისა და წარმოშობის ადამიანები იყვნენ და სხვადასხვა მეთოდით მუშაობდნენ. მიუხედავად ამისა, სამუშაო შესრულდა „‘არა ჯარითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით’, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“, როგორც ეს ზაქარიას 4:6-ში წერია. იეჰოვამ მართლაც ააშენა ეს „სახლი“ (ფსალმ. 127:1). რუსი ძმები მზადყოფნით შეუდგნენ სამეფოს საქმეს. უმეტესობა ახალგაზრდა და ახალმონათლული იყო, მაგრამ ბევრი მათგანი უკვე პიონერად მსახურობდა. ისინი მოწადინებული იყვნენ, რომ ესწავლათ სწრაფად და ხარისხიანად შენება და თეოკრატიული საქმეების წარმართვა.
საქმის ორგანიზება
1993 წლის ბოლოს სოლნეჩნოეში ჩავიდნენ ქვეყნის კომიტეტის წევრები: ივან პაშკოვსკი, დიმიტრი ლივი, ვასილ კალინი, ალექსეი ვერჟბიცკი, ანატოლი პრიბიტკოვი და დიმიტრი ფედუნიშინი; ერთი წლის შემდეგ იქ მიხაილ სავიცკი ჩავიდა. ხელმძღვანელმა საბჭომ გერმანიის ფილიალიდან ჰორსტ ჰენშელი დანიშნა, რათა ძმებს საქმის ორგანიზებაში დახმარებოდა.
ერთ-ერთი პირველი საქმე იყო მიმომსვლელი ზედამხედველების საქმიანობის ორგანიზება. თავიდან ქვეყანაში ხუთი რაიონი შეიქმნა: ორი პეტერბურგში, სამი კი მოსკოვსა და მის შემოგარენში. პირველი სარაიონო ზედამხედველები იყვნენ: არტურ ბაუერი, პაველ ბუგაისკი და როი ესტერი მოსკოვში, ქშიშტოვ პოპლავსკი და ჰანუ ტანინენი სანკტ-პეტერბურგში. მოგვიანებით სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა რომან სკიბა. საოლქო ზედამხედველად დროდადრო მსახურობდა მეთიუ კელი, რომელმაც 1992 წელს შეერთებულ შტატებში დაამთავრა მსახურებაში დახელოვნების სკოლა.
ჰანუ ტანინენი იხსენებს, როგორ ტარდებოდა სარაიონო მონახულებები 90-იანი წლების დასაწყისში: «მონახულებამდე წერილი გავუგზავნე კრებას პეტროზავოდსკში (კარელია). წერილში მივუთითე, როგორი იქნებოდა მონახულების კვირის განრიგი. როცა მე და ჩემი ცოლი ჩავედით, რკინიგზის სადგურზე იმ კრების უხუცესი დაგვხვდა და სახლში წაგვიყვანა. მან წერილი მაჩვენა და მითხრა: „მართალია, წერილი მივიღეთ, მაგრამ ვერაფერი გავიგეთ. ამიტომ არაფერი გაგვიკეთებია. გადავწყვიტეთ, შენ დაგლოდებოდით“.
მურმანსკში ჩემი პირველი მონახულების დროს 385 მაუწყებელი 1 000-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებდა. სინამდვილეში, შემსწავლელთა რიცხვი უფრო დიდი იყო, რადგან მრავალი შესწავლა ჯგუფ-ჯგუფად ტარდებოდა. მაგალითად, ერთ პიონერ დას 13 ბიბლიის შესწავლა ჰქონდა, რომელთაც დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა.
მეორე დანიშვნა მივიღეთ რაიონში, რომელშიც შედიოდა ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქები. ვოლგოგრადში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ მხოლოდ ოთხი კრება იყო. ძმებს ძალიან უნდოდათ, ესწავლათ, როგორ ჩაეტარებინათ კრების შეხვედრები, ბიბლიის შესწავლები და როგორ ემსახურათ კარდაკარ. ყოველი მონახულების დროს ახალ-ახალი კრებები ყალიბდებოდა. სარაიონო ზედამხედველის ანგარიშის მომზადებისას, ვითვლიდით, რამდენი მოინათლა ბოლო მონახულების შემდეგ. ყოველ კრებაში მონახულებებს შორის 50, 60 ან 80 ადამიანი ინათლებოდა, ერთ კრებაში კი 100-ზე მეტი მოინათლა. შედეგად, სულ რაღაც სამ წელიწადში ვოლგოგრადში 16 კრება ჩამოყალიბდა».
1996 წლის იანვარში რუსეთში ფილიალის კომიტეტი შეიქმნა და პირველად დაინიშნენ სრული დროით საოლქო ზედამხედველები: რომან სკიბა (ციმბირი და ქვეყნის უკიდურესი აღმოსავლეთი), როი ესტერი (ბელორუსია, მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგიდან ურალის მთების ჩათვლით), ჰანუ ტანინენი (კავკასიიდან ვოლგამდე) და არტურ ბაუერი (ყაზახეთი და ცენტრალური აზია). იმ პერიოდში თითოეულ საოლქო ზედამხედველს ოლქის გარდა პატარა რაიონიც ეკუთვნოდა.
შორეულ ტერიტორიებზე მოგზაურობა
რომან სკიბა, რომელიც 1993 წლის დასაწყისში პოლონეთიდან რუსეთში ჩასულ სპეციალურ პიონერებს შორის იყო, იხსენებს: „1993 წლის ოქტომბერში სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. ჩემს პირველ რაიონში შედიოდა სანკტ-პეტერბურგის სამხრეთი ნაწილი, ფსკოვის ოლქი და ბელორუსია. მაგრამ ამაზე დიდი რაიონებიც იყო. მალე უნდა შევგუებოდი შორ მანძილებზე მოგზაურობას. 1995 წლის ნოემბერში სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს ურალში; ასევე ვეხმარებოდი საოლქო ზედამხედველს. ჩემი ტერიტორია იყო ურალი, ციმბირი და ქვეყნის უკიდურესი აღმოსავლეთი. ერთმა ძმამ გამოთვალა, რომ ამ ოლქში პოლონეთის ზომის 38 ქვეყანა დაეტეოდა. ის რვა სასაათო სარტყელს მოიცავდა. ორი წლის შემდეგ ფილიალმა მთხოვა მომენახულებინა ჯგუფი მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში“.
ძმა სკიბა დასძენს: „ერთხელ ნორილსკიდან (ჩრდილოეთი პოლარული წრის ჩრდილოეთი) ეკატერინბურგში ჩასასვლელად ორი თვითმფრინავი გამოვიცვალე — ჯერ ნორილსკიდან ნოვოსიბირსკამდე, შემდეგ ნოვოსიბირსკიდან ეკატერინბურგამდე. ეს მოგზაურობა იმით იყო დაუვიწყარი, რომ მას ბოლო არ უჩანდა. ნორილსკიდან ფრენა 12 საათით გადაიდო, ასე რომ, მე და ჩემმა ცოლმა, ლუდმილამ ერთი დღე აეროპორტში გავატარეთ. სამაგიეროდ ვისწავლეთ, რომ დრო უქმად არ დავკარგოთ და პირად შესწავლას ვიტარებთ.
მცდელობის მიუხედავად, ზოგჯერ მონახულებაზე გვაგვიანდებოდა. ერთხელ სოფელ უსტ-კანის (ალთაი) კრების მოსანახულებლად მანქანით მოგვიწია მთებში უასფალტო გზებზე სიარული. სამწუხაროდ, გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და შეხვედრაზე ორი საათი დავაგვიანეთ, აღარაფერს ვამბობ კრების მონაცემების გადახედვაზე. ძალიან ვწუხდით და ვფიქრობდით, რომ იქ აღარავინ დაგვხვდებოდა. მაგრამ გაგვაოცა იმის დანახვამ, რომ დაქირავებულ დარბაზში 175 ადამიანი გველოდებოდა, თუმცა კრებაში მხოლოდ 40-მდე მაუწყებელი იყო. როგორც ჩანს, სანამ მივიდოდით, მრავალმა დაინტერესებულმა მოახერხა მეზობელი სოფლებიდან შეხვედრაზე მოსვლა“.
დაუვიწყარი კონგრესები
პირველად დაიწყეს საოლქო კონგრესების ზოგიერთ დიდ ქალაქში ჩატარება, მაგრამ ძმებს კონგრესების ორგანიზების გამოცდილება არ ჰქონდათ. 1996 წელს ეკატერინბურგში საოლქო კონგრესის ჩასატარებლად ძმებმა სტადიონი შეარჩიეს. რომან სკიბა იხსენებს: „სკამებზე ბალახი იზრდებოდა, სტადიონზე კი ორმეტრიანი არყის ხეები იდგა. კონგრესამდე სამი კვირაღა რჩებოდა, ქალაქსა და მის გარეუბნებში კი მხოლოდ სამი კრება იყო. საბედნიეროდ, სტადიონის დირექტორი მზად იყო ჩვენთან ეთანამშრომლა, თუმცა ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა ამ სტადიონზე კონგრესის ჩატარება. ძმები შეუდგნენ საქმეს და დანიშნული დროისთვის სტადიონი გააკრიალეს. დირექტორი თვალებს არ უჯერებდა!“ მადლიერების ნიშნად, მან ნება დართო ძმებს, სტადიონის ერთ-ერთ შენობაში პიონერული მსახურების სკოლა ჩაეტარებინათ. ერთი ძმა იხსენებს: „კონგრესის შემდეგ სტადიონზე დაიწყეს სპორტული შეჯიბრებების ჩატარება, რაც ქალაქისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო გახდა“.
ზოგჯერ კონგრესების ჩასატარებლად საჭირო იყო სიტუაციის შესაბამისად მოქმედება და ამტანობა. 1999 წელს ვლადიკავკაზში ძმებმა ვერ შეძლეს სტადიონის დაქირავება სარაიონო კონგრესისთვის, რომელსაც დაახლოებით 5 000 ადამიანი დაესწრებოდა. ასე რომ, ძმებმა დაუყოვნებლივ შეადგინეს კონგრესის ალტერნატიული პროგრამა. შემოკლებული ერთდღიანი პროგრამა ხუთჯერ ჩატარდებოდა ვლადიკავკაზის ერთ-ერთ კინოთეატრში. შემდეგ ორდღიანი სარაიონო კონგრესი შაბათ-კვირას ჩატარდებოდა ქალაქ ნალჩიკში ორ ადგილას, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით ორი კილომეტრით იყო დაშორებული. კონგრესის პროგრამა მეორე ადგილას ორი საათით გვიან იწყებოდა, რათა ძმებს იქაც წაეკითხათ იგივე მოხსენება. ზოგი მიმომსვლელი ზედამხედველი ფიქრობდა, რომ კონგრესების დამთავრებამდე ხმას დაკარგავდა. ერთმა ძმამ გამოთვალა, რომ იმ კვირის განმავლობაში 35 მოხსენება წაიკითხა! პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობდა, მაგრამ შაბათს ნაშუადღევს ერთ-ერთ დარბაზში შეიჭრნენ ფორმიანი მამაკაცები ძაღლით; ისინი ითხოვდნენ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო შენობა დაუყოვნებლივ დაეცალათ. და-ძმებმა მშვიდად დატოვეს დარბაზი, გარეთ ისადილეს და ერთმანეთთან ურთიერთობით გაიხარეს. როგორც გაირკვა, ერთმა რელიგიურმა ფანატიკოსმა დაურეკა მთავრობის წარმომადგენელს და შეატყობინა, რომ შენობაში ბომბი იყო. დარბაზი დაათვალიერეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს, ამიტომ კონგრესის პროგრამა გაგრძელდა. ძმებმა პროგრამაში უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანეს; კონგრესი კარგად დასრულდა და ყველამ შეძლო პროგრამიდან სარგებლობის მიღება.
ქვები, ფარები და მახვილები
ჭეშმარიტება მალე გავრცელდა მთელ ქვეყანაში. ეია ტანინენი იხსენებს: „1998 წელს ერთი საოლქო კონგრესიდან მეორე კონგრესზე წასასვლელად ვემზადებოდით; მატარებლით 15 საათი უნდა გვემგზავრა. ძმებმა გვთხოვეს, თან წაგვეღო დიდი რაოდენობით რეკვიზიტი კონგრესის დრამისთვის. ეს სარისკო იყო, რადგან ვაგონის გამცილებლებს არ მოსწონდათ, რომ მგზავრებს ბევრი ბარგი ჰქონდათ. მაგრამ ძმების დახმარებით, ჩვენ თამამად შევიტანეთ ჩვენს ოთხადგილიან კუპეში ქვები, ფარები, მახვილები და კოსტიუმებით სავსე ჩანთები. ჩვენ როგორღაც მოვთავსდით კუპეში, სადაც კიდევ ორი მგზავრი იყო.
ბილეთების შემოწმების დროს გამცილებელმა გვკითხა, რატომ გვქონდა ამდენი ბარგი. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე წარმოსადგენი დრამის რეკვიზიტი იყო. ის თბილად მოგვექცა და გვითხრა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ თავის ქალაქში დაესწრო საჯარო მოხსენებას, რომელიც ჩემმა ქმარმა წაიკითხა. ჩვენ მივხვდით, რომ იეჰოვა დაგვეხმარა“.
დები ესწრებოდნენ ბიბლიის შესწავლას
დები ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობდნენ. ეია იხსენებს: „რუსეთში მსახურება რომ დავიწყეთ, ენა არ ვიცოდით და შემიძლია მხოლოდ წარმოვიდგინო, რამხელა მოთმინება და თავმდაბლობა დასჭირდათ დებს. გული მიჩუყდებოდა, როცა ვხედავდი, თუ როგორ უნდოდათ დებს ბიბლიის შესწავლების ჩატარება ესწავლათ. მრავალი მათგანი ახალი მონათლული იყო, ზოგი კი მსახურობდა აკრძალვის დროს, როცა იეჰოვას ორგანიზაციის მითითებები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
1995—1996 წლებში ჩვენ ქალაქ ვოლჟსკში ვმსახურობდით. ხშირად, როცა დას ბიბლიის შესწავლაზე მივყავდი, რამდენიმე და გვთხოვდა, თან წაგვეყვანა. თავიდან არ მესმოდა მიზეზი, მაგრამ შემდეგ ამიხსნეს, რომ უნდოდათ ბიბლიის შესწავლების ჩატარება ესწავლათ. მე ვუთხარი, რომ საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, თუ შემსწავლელი თანახმა იქნებოდა და არ მოერიდებოდა მათი. ჩვეულებრივ, ექვსიდან ათამდე და მოგვყვებოდა შესწავლაზე; ისინი ფიქრობდნენ, რომ ხელს არ შეუშლიდნენ შემსწავლელს, და ეს მართლაც ასე იყო. რამდენიმე თვეში ბიბლიის შემსწავლელთაგან ბევრი სხვა დაინტერესებულებთან ატარებდა შესწავლას. იმ დროისთვის ვოლჟსკიში ორი კრება იყო, ათი წლის შემდეგ კი — თერთმეტი“.
მან ლოცვაზე პასუხი მიიღო
აშკარა იყო, რომ თეოკრატიულ მითითებებს დიდი სარგებლობა მოჰქონდა არა მხოლოდ ახალმონათლული და-ძმებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც აკრძალვის დროს მრავალი წელი ემსახურებოდა იეჰოვას. ჰანუ ტანინენი იხსენებს: «ჩვენ სხვადასხვა სიტუაციაში ვგრძნობდით ანგელოზების ხელმძღვანელობას და ისეთი მოვლენების თვითმხილველები ვხდებოდით, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე. 1994 წელს ახალი კრების მოსანახულებლად ჩავედით ქალაქ ნოვგოროდში, რომელსაც ამჟამად ველიკი-ნოვგოროდი ეწოდება. ძმებმა მიგვიყვანეს სახლში, სადაც ერთი კვირა უნდა დავრჩენილიყავით. ამავე სახლში სტუმრად იყო მოხუცი და მარია, რომელმაც 50 კილომეტრი გამოიარა, რომ ამ მონახულებას დასწრებოდა. ის უკვე 50 წელი ჭეშმარიტებაში იყო და ძალიან უნდოდა, რომ აკრძალვის შემდეგ ერთ-ერთ პირველ სარაიონო ზედამხედველს შეხვედროდა. ჩვენ ვკითხეთ მარიას, როგორ გაიგო ჭეშმარიტება. მან გვითხრა, რომ 17 წლის იყო, როცა გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. იქ პირველად შეხვდა იეჰოვას მოწმეებს. მარიამ მიიღო ჭეშმარიტება და ბანაკში ერთმა სულითცხებულმა დამ მონათლა. გათავისუფლების შემდეგ ის რუსეთში დაბრუნდა, რათა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ექადაგა. რამდენიმე ხნის შემდეგ სამქადაგებლო საქმიანობისთვის მარია დააპატიმრეს. მან მრავალი წელი გაატარა საბჭოთა კოლონიებში.
მისი ამბის დასასრულს, გავოცდით, როცა ამ თავმდაბალმა დამ თქვა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლოცვაში სთხოვდა იეჰოვას, დაენახვებინა, რაიმე არასწორს ხომ არ აკეთებდა მისდამი თაყვანისმცემლობაში. იმავე საღამოს ვუთხარი, რომ დიდი ხნის წინ „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვებში“ ერთი საინტერესო საკითხი განიხილებოდა. მასში ნათქვამი იყო, რომ ადამიანს ნათლობა მხოლოდ მაშინ ეთვლებოდა, როცა მას ქრისტიანი ძმა ნათლავდა. მარიამ მადლობა გადამიხადა. ის მიხვდა, რომ ლოცვაზე პასუხი მიიღო. ის სიამოვნებით დათანხმდა, რომ აბაზანაში მონათლულიყო. 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარიამ 1944 წელს იეჰოვას თავი მიუძღვნა“.
სულიერი საზრდო ქვეყნის 11-ვე სასაათო სარტყელზე
1991 წლის დასაწყისში გერმანიიდან და ფინეთიდან დაიწყეს რუსეთში ლიტერატურის პატარ-პატარა შეკვრებად გაგზავნა. 1993 წლის ივლისში გერმანიიდან სოლნეჩნოეში პირველად ჩამოვიდა 20 ტონა ლიტერატურით დატვირთული მანქანა. რუსეთის ფილიალიდან ლიტერატურა სატვირთო მანქანებით იგზავნებოდა მოსკოვში, ბელარუსსა და ყაზახეთში. მაგრამ ეს ადვილი არ იყო. მაგალითად, ყაზახეთში ლიტერატურის ჩასატანად ძმებს 5 000 კილომეტრი უნდა გაევლოთ. მათ ხშირად უწევდათ საზღვართან ლოდინი; ამასთან, ზამთარში ნამქერიც უშლიდათ ხელს.
დღეისათვის სოლნეჩნოეში ყოველთვე დაახლოებით 200 ტონა ლიტერატურა ჩადის. ბეთელის მძღოლები ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რომ უქადაგონ მესაზღვრეებსა და მებაჟეებს. ზოგი მათგანი სიამოვნებით კითხულობს ბიბლიურ ლიტერატურას. ერთ-ერთი შემოწმების დროს პოლიციელი მიხვდა, რომ მანქანა რელიგიური ორგანიზაციის საკუთრება იყო, ამიტომ ხმამაღლა დაიწყო რელიგიების ძაგება. მან თქვა, რომ ერთხელ მღვდელმა წყევლა-კრულვით აიკლო, რადგან საგზაო წესების სერიოზული დარღვევისთვის გააჩერა. ძმებმა აუხსნეს, როგორ ეპყრობა ღმერთი ადამიანებს და რა აქვს განზრახული დედამიწისა და კაცობრიობისთვის. პოლიციელმა ხმის ტონი შეცვალა და უფრო მეგობრული გახდა. მან კითხვებიც კი დასვა, ამიტომ ძმებმა გადაუშალეს ბიბლია და მათ შორის სასიამოვნო საუბარი შედგა. პოლიციელზე იმდენად იმოქმედა ამ საუბარმა, რომ ძმებს უთხრა: „აუცილებლად მოვძებნი იეჰოვას მოწმეებს, რომ ეს საუბარი განვაგრძო“.
1995—2001 წლებში ვლადივოსტოკის კრებებს იაპონიის ფილიალი ამარაგებდა ლიტერატურით. ვლადივოსტოკიდან კი ძმები კამჩატკის კრებებს გემით უგზავნიდნენ ლიტერატურას. ძმებმა გაიცნეს კამჩატკაზე მიმავალი ზოგი გემის კაპიტანი. ერთმა კაპიტანმა ლიტერატურა თავისი კაიუტით გადაიტანა ყოველგვარი გადასახადის გარეშე და ძმებს გემზე ლიტერატურის ატანაშიც დაეხმარა. მან ძმებს უთხრა: „თუმცა მორწმუნე არა ვარ, მინდა სიკეთე გავაკეთო. მომწონს თქვენი ხალხი და თქვენი ორგანიზებულობა. როცა დანიშნულების ადგილზე ჩავდივარ, დიდხანს ლოდინი არ მიწევს, რომ ლიტერატურა გადმოტვირთონ. თქვენს ხალხს თითქოს ფრთები აქვს — ისინი ელვის სისწრაფით ტვირთავენ ყუთებს“.
ზრდასთან ერთად მოთხოვნილებებიც იზრდება
მრავალი წლის განმავლობაში რუსულ ენაზე ყოველთვე გამოიცემოდა 16-გვერდიანი „საგუშაგო კოშკი“, რომლის ფორმატიც ამჟამინდელზე ცოტათი დიდი იყო. ყველა სასწავლო სტატია ითარგმნებოდა რუსულად და ეგზავნებოდა ძმებს საბჭოთა კავშირში, მაგრამ ინგლისურთან შედარებით ექვსი თვიდან ორ წლამდე იგვიანებდა. სხვა სტატიები კი უფრო გვიან იბეჭდებოდა. 1981 წლიდან რუსულ ენაზე ყოველთვე გამოიცემოდა 24-გვერდიანი „საგუშაგო კოშკი“, 1985 წლიდან კი თვეში ორი ნომერი გამოდიოდა. 1990 წლის 1 ივნისის გამოცემა იყო პირველი 32-გვერდიანი ფერადი ჟურნალი, რომელიც ინგლისური ნომრის პარალელურად გამოვიდა.
ერთ-ერთი მთარგმნელი, ტანია, ამბობს: „როცა წარსულს ვიხსენებთ, ვხვდებით, რომ ჩვენი თარგმანების უდიდესი ნაწილი არც თუ ისე ბუნებრივი და ადვილად გასაგები იყო. მაგრამ იმ პირობებში უკეთესის გაკეთება არ შეგვეძლო. ხალხი სულიერად შიმშილობდა, ამიტომ მათ სჭირდებოდათ ეს სულიერი საზრდო“.
როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჩვენი საქმიანობა დაიწყო, ლიტერატურაზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა. გერმანიაში მყოფ რუსულ მთარგმნელობით ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა. თარგმანის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო ორმა ფაქტორმა. პირველი, მათდა სასიხარულოდ, თარგმანში დახელოვნების მიზნით გერმანიის ფილიალში გაიგზავნა რამდენიმე და-ძმა რუსეთიდან და უკრაინიდან. ხუთი მათგანი იქ 1991 წლის 27 სექტემბერს ჩავიდა; მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ. ასე რომ, დაიწყო რუსული მთარგმნელობითი ჯგუფის რეორგანიზაცია. ამას სირთულეებიც ახლდა. „ხე და ქვა“ უცბად არ იქცა „ოქროდ“ და ჯგუფმა ესაიას 60:17-ში მოხსენიებული ყველა ეტაპი გაიარა.
მეორე, რუსულ მთარგმნელებს დიდი დახმარება გაუწია ახლად შექმნილმა მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებამ. როცა მთარგმნელთა პირველი ჯგუფი რუსეთიდან ზელტერსში, გერმანიის ფილიალში ჩავიდა, მთარგმნელებს სემინარი ჩაუტარდათ.
სასურველია, რომ თარგმანი გაკეთდეს ქვეყანაში, სადაც ამ ენაზე საუბრობენ. ამიტომ სასიხარულო იყო, რომ 1994 წლის იანვარში რუსული მთარგმნელობითი ჯგუფი გერმანიის ფილიალიდან გადავიდა სოლნეჩნოეში, სადაც ბეთელის მშენებლობა მიმდინარეობდა.
რასაკვირველია, რუსი და-ძმებისთვის ადვილი არ იყო იმ მთარგმნელებთან განშორება, რომლებიც ათობით წელი მალულად თარგმნიდნენ ლიტერატურას საბჭოთა კავშირში მყოფი ძმებისთვის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლეს რუსეთში გადასვლა. როცა ეს დღე დადგა, ისინი ტიროდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. 1994 წლის 23 იანვარს, კვირა დღეს, 17 და-ძმისგან შემდგარმა მთარგმნელობითმა ჯგუფმა და მათთან ერთად ორმა ძმამ, რომლებსაც სპეციალურ პიონერებად უნდა ემსახურათ, ზელტერსი დატოვეს.
„მე პაციენტის ღმერთი ვარ“
ათობით წლის განმავლობაში ათეისტური განათლება და საბჭოთა მედიცინაში სისხლის ფართოდ გამოყენება დიდ გავლენას ახდენდა მორწმუნე პაციენტისადმი ექიმებისა და მედპერსონალის დამოკიდებულებაზე. ამიტომ, როცა მოწმეები უსისხლო მკურნალობას ითხოვდნენ, ექიმებისთვის გაუგებარი იყო მათი პოზიცია და უხეშად ეპყრობოდნენ.
ექიმები ხშირად ამბობდნენ: „მე პაციენტის ღმერთი ვარ!“ თუ პაციენტი ექიმის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებდა, მას საავადმყოფოდან მაშინვე გაწერდნენ. გარდა ამისა, მოწინააღმდეგეები ხშირად იყენებდნენ მოწმეების ბიბლიაზე დაფუძნებულ პოზიციას სისხლის გადასხმაზე, რათა მათი საქმიანობა რუსეთში აეკრძალათ.
1995 წლიდან რუსეთის ფილიალში მოქმედებს სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო განყოფილება, რომელიც სამედიცინო პერსონალს ზუსტ ინფორმაციას აწვდის იეჰოვას მოწმეების პოზიციის შესახებ. არაერთი სემინარი ჩატარდა უხუცესებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებთან თანამშრომლობის 60-ზე მეტ კომიტეტში მსახურობენ. სემინარებზე ძმებმა ისწავლეს, მედპერსონალისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ისეთი ექიმების მოძებნა, რომლებიც მოწმე პაციენტებს უსისხლოდ უმკურნალებდნენ.
1998 წელს მოსკოვში რუსმა ექიმებმა და მათმა უცხოელმა კოლეგებმა პირველად ჩაატარეს საერთაშორისო კონფერენცია დევიზით „სისხლის გადასხმის ალტერნატივები ქირურგიაში“. კონფერენციას დაესწრო რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 500-ზე მეტი ექიმი. 1998—2002 წლებში რუსი ექიმები ათობით ასეთ კონფერენციას ატარებდნენ რუსეთის დიდ ქალაქებში. ამას სასურველი შედეგი მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და მთავარმა ჰემატოლოგმა დ-რ ვორობიოვმა ოფიციალური წერილით მიმართა ადვოკატებს, რომლებიც იეჰოვას მოწმე პაციენტების უფლებებს იცავდნენ. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ექიმებმა გადაამოწმეს თავიანთი მიდგომა გადასხმასთან დაკავშირებით, „ქვეყანაში მშობიარე ქალთა სიკვდილიანობა 34 პროცენტით შემცირდა“. პროფესორმა დასძინა: „ჯანდაცვის სისტემის მონაცემებით ევროპასთან შედარებით რუსეთში მშობიარე ქალთა სიკვდილიანობა აქამდე რვაჯერ მეტი იყო, რადგან რუსეთში ბებიაქალები საჭიროების გარეშე უსხამდნენ დედებს სისხლს“.
2001 წელს რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ინსტიტუტებს გაუგზავნა მთელი რიგი მითითებები, რომელთა თანახმადაც ექიმმა უნდა გაითვალისწინოს უსისხლო მკურნალობაზე მორწმუნე პაციენტის მოთხოვნა. 2002 წელს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა „მითითებები სისხლის კომპონენტების გამოყენების შესახებ“. ამ სახელმძღვანელოში ეწერა, რომ სისხლის გადასხმა პაციენტისთვის მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობის შემდეგ შეიძლებოდა. მასში ასევე ნათქვამი იყო, რომ პაციენტი თუ რელიგიური მიზეზით იტყოდა უარს სისხლის კომპონენტების გადასხმაზე, ექიმებს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები უნდა გამოეყენებინათ.
მრავალმა ექიმმა თვალსაზრისი მას შემდეგ შეიცვალა, რაც თანამშრომლობა დაიწყო სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო განყოფილების წარმომადგენლებთან. ერთმა ექიმმა მათ უთხრა: „თქვენგან და [მოწმე] პაციენტებისგან გავიგე, რომ სისხლის გადასხმაზე უარის თქმა უბრალოდ ახირება კი არ არის, არამედ ბიბლიის მცნებიდან მომდინარეობს. გადავწყვიტე, თავად შემემოწმებინა ეს. თქვენ მიერ მოცემულ ლიტერატურაში მითითებული ყველა მუხლი ამოვიკითხე ბიბლიიდან. ფიქრის შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ თქვენი პოზიცია მართლაც ბიბლიაზეა დაფუძნებული. მაგრამ, რატომ არაფერს ამბობენ მღვდლები ამაზე? როცა სხვა ექიმებთან სისხლის გადასხმაზე ვსაუბრობ, ვეუბნები, რომ მოწმეები მართლა იცავენ ბიბლიის მცნებებს“. ამჟამად რუსეთში 2 000-ზე მეტი ექიმი უსისხლოდ მკურნალობს მოწმე პაციენტებს.
ისინი სიხარულით ასრულებენ დავალებას
არნო და სონია ტიუნგლერებმა, რომლებმაც სკოლა „გალაადის“ კურსი გერმანიაში გაიარეს, 1993 წლის ოქტომბერში დაიწყეს რუსეთში მსახურება. როგორ წაიწია წინ იეჰოვას საქმემ იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი მსახურობდნენ? ამის შესახებ ისინი თავად გვიამბობენ.
არნო: «ჩვენ მოსკოვში დაგვნიშნეს. რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად გამოვედით დავალებით „თეოკრატიული მსახურების სკოლაში“. რუსეთში ჩამოსვლიდან ექვსი კვირის თავზე კი პირველად წავიკითხე მოხსენება კონგრესზე. ჩვენს კრებაში დაახლოებით 140 მონათლული მაუწყებელი იყო, კრების ტერიტორია კი გერმანიის ერთი რაიონისოდენა იყო. ჩვენი სამქადაგებლო უბანი ახლოს იყო პიონერთა სახლთან, სადაც ვცხოვრობდით. ჩვენ პირველებმა დავიწყეთ იქ კარდაკარ ქადაგება და ეს მართლაც ამაღელვებელი იყო!»
სონია: „თუმცა რუსულად თითქმის ვერ ვლაპარაკობდით, დამოუკიდებლადაც ვქადაგებდით ქუჩაში და ხალხს ტრაქტატებსა და ლიტერატურას ვთავაზობდით. ადგილობრივი და-ძმები ძალიან გვეხმარებოდნენ და მზად იყვნენ, ჩვენთან ერთად ექადაგათ. ისინი უაღრესად კეთილები და მომთმენები იყვნენ და საშუალებას გვაძლევდნენ, რომ მსახურებაში დამტვრეული რუსულით გველაპარაკა. მობინადრეებიც დიდ მოთმინებას ავლენდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხს რელიგია ძალიან აინტერესებდა“.
არნო: „ენის სწავლაში ძალიან დაგვეხმარა კარდაკარ ქადაგება და ბიბლიის შესწავლების ჩატარება. ჩამოსვლიდან ოთხი თვის შემდეგ, 1994 წლის იანვარში ბიბლიის 22 შესწავლას ვატარებდით, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა, რომ სალაპარაკო რუსული გვესწავლა.
იმ პერიოდში კონგრესებზე ბევრი ინათლებოდა. ზოგჯერ მათი რიცხვი კონგრესზე დამსწრეთა 10 პროცენტი ან მეტი იყო. ბევრ კრებაში არ იყვნენ ისეთი ძმები, რომლებიც უხუცესად ან მომსახურეებად შეძლებდნენ მსახურებას. ერთი უხუცესი ხუთ კრებაში ასრულებდა თავმჯდომარე ზედამხედველის მოვალეობას. ერთხელ მან მთხოვა, გახსენების საღამოზე ერთ-ერთ კრებაში მოხსენება წამეკითხა. გახსენების საღამოს 804 ადამიანი დაესწრო; მათ შეხვედრის დამთავრებისთანავე დატოვეს დარბაზი, რადგან სხვა კრებაც იმავე დარბაზში უნდა შეკრებილიყო. მაგრამ მომხსენებელი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და შეხვედრაზე დააგვიანდა. მოხსენების წაკითხვა ისევ მე მომიწია. მეორე მოხსენებას 796 ადამიანი დაესწრო. ასე რომ, მხოლოდ ორ კრებაში ჩატარებულ გახსენების საღამოს 1 600 ადამიანი დაესწრო, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ უამრავი ადამიანი ჭეშმარიტებით იყო დაინტერესებული“.
იეჰოვა მკას აჩქარებს
თავის სიტყვაში იეჰოვა დაგვპირდა, რომ დააჩქარებდა „ხალხთა საუნჯის“ შეკრებას (ეს. 60:22; ანგ. 2:7). 1980 წელს სანკტ-პეტერბურგში 65 მაუწყებელი იყო, რომლებიც კა-გე-ბეს მკაცრი თვალთვალის მიუხედავად, ცდილობდნენ ქალაქის მცხოვრებლებთან ბიბლიურ თემებზე ესაუბრათ. 1990 წლისთვის კი 170-ზე მეტი მოწმე არაფორმალურად ქადაგებდა ქალაქის სხვადასხვა რაიონში. 1991 წლის მარტში რეგისტრაციის მიღებიდან მალევე სანკტ-პეტერბურგში იეჰოვას მოწმეთა ხუთი კრება ჩამოყალიბდა. 1992 წელს სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულმა საერთაშორისო კონგრესმა და სხვა თეოკრატიულმა ღონისძიებებმა მაუწყებელთა სწრაფი რიცხობრივი ზრდა გამოიწვია. 2006 წელს სანკტ-პეტერბურგში 70-ზე მეტი კრება იყო.
1995 წელს ასტრახანში, ყაზახეთის საზღვართან ახლოს, მხოლოდ ერთი კრება იყო. კრებაში არც უხუცესები იყვნენ და არც მომსახურეები. მიუხედავად ამისა, ძმებმა მოახერხეს იქ სარაიონო კონგრესისა და სპეციალური ერთდღიანი კონგრესის ჩატარება. პროგრამას უძღვებოდნენ ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩამოსული ძმები, რომლებმაც 700 კილომეტრი გამოიარეს. მათ წინასწარ არ იცოდნენ, რამდენი ადამიანი მოინათლებოდა ამ კონგრესებზე. რომან სკიბა იხსენებს: „ასტრახანში კონგრესამდე ორი კვირით ადრე ჩავედი ერთ უხუცესთან ერთად, რათა კრების წევრებთან გვემსახურა და ნათლობის კანდიდატებს გავსაუბრებოდით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსახურებაში წასასვლელად დრო საერთოდ არ გვქონდა. მთელი ორი კვირა ნათლობის ოც კანდიდატთან გასაუბრებას მოვანდომეთ“.
1999 წელს ეკატერინბურგში ძმებმა ბაზრიდან რამდენიმე გამყიდველი მოიწვიეს გახსენების საღამოზე. გამყიდველებმა ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა შეხვედრაზე მეგობრების მოყვანა. მოწმეები გაოცდნენ, როცა დარბაზში გამყიდველებთან ერთად ასი ადამიანი მოვიდა. დაქირავებული დარბაზი დიდი იყო, მაგრამ ბევრს მაინც ფეხზე დგომა მოუწია.
50-კაციანი ბიბლიის შესწავლები
ივანოვოს ოლქში, მოსკოვთან ახლოს, სამქადაგებლო საქმიანობა 1991 წლის ბოლოს დაიწყო, როცა პაველ და ანასტასია დიმოვები იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. მათ რთული საქმე ელოდათ წინ — უნდა ექადაგათ ერთ მილიონზე მეტი ადამიანისთვის. როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს? მათ შეარჩიეს მარტივი და ეფექტური მეთოდი. ქალაქის მთავარ მოედანზე ბიბლიური ლიტერატურის სტენდი დადგეს. გამვლელები ჩერდებოდნენ და ბევრი მათგანი გულწრფელად ინტერესდებოდა. შემდეგ დიმოვები ყველა დაინტერესებულს ბიბლიის შესწავლაზე ეპატიჟებოდნენ, რომელსაც ნამდვილად ვერ დაარქმევდი ბიბლიის საშინაო შესწავლას, რადგან დაქირავებულ დარბაზში ტარდებოდა და 50-მდე ადამიანი ესწრებოდა. ეს შესწავლები კრების შეხვედრების მსგავსად ტარდებოდა და ორი ნაწილისგან შედგებოდა. თავდაპირველად განიხილავდნენ წიგნს „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, შემდეგ კი — სტატიას „საგუშაგო კოშკიდან“. შესწავლა კვირაში სამჯერ ტარდებოდა და სამ საათს გრძელდებოდა. ასეთი შეხვედრები ქალაქის სამ რაიონში ტარდებოდა. პაველის სამქადაგებლო ანგარიშში ყოველთვის ეწერა ბიბლიის სამი შესწავლა. როცა ჰკითხეს, რატომ ჰქონდა ასე ცოტა შესწავლა, მაშინ როცა სხვები ათიდან ოცამდე შესწავლას ატარებდნენ, გაირკვა, რომ თითოეულ მის შესწავლას 50-მდე დაინტერესებული ესწრებოდა. ეს აშკარად იეჰოვას კურთხევით ხდებოდა, რადგან ცოტა ხანში ბიბლიის მრავალმა შემსწავლელმა მოინდომა სასიხარულო ცნობის ქადაგება. ერთ-ერთი შესწავლის შემდეგ პაველმა სთხოვა მაუწყებლობის მსურველთ, დარბაზში დარჩენილიყვნენ. დარბაზი არავის დაუტოვებია და ყველა მაუწყებელი გახდა. ქალაქში ბიბლიური ლიტერატურის სტენდებმა იმატა და მალე მოედნები თუ პარკები სავსე იყო ჩვენი ლიტერატურის სტენდებით.
დადგა დრო სხვა სახის მსახურებაში, კერძოდ კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობისთვის. მაგრამ როგორ იქნებოდა ეს შესაძლებელი, როცა მაუწყებელთაგან თითქმის არავის ჰქონდა გამოცდილება? ვისაც კარდაკარ ქადაგების სწავლა სურდა, დიმოვებს მიჰყვებოდა საქადაგოდ, მსურველი კი ბევრი იყო. ზოგჯერ პაველს კარდაკარ საქადაგებლად ათი მაუწყებელი მიჰყვებოდა. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ეს მობინადრეებს არ აფრთხობდა, პირიქით, ისინი სიამოვნებით ესაუბრებოდნენ მათთან მისულ ჯგუფს. ზოგი სახლშიც კი ეპატიჟებოდა მოწმეების დელეგაციას.
მალე ახალმა მაუწყებლებმა მოისურვეს ქალაქგარეთ ქადაგება, ამიტომ ძმებმა ორგანიზება გაუწიეს ივანოვოს ოლქის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრებას. 50-კაციანი ჯგუფი ქადაგებას მატარებელში იწყებდა, დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას კი ისინი ორ-ორად ნაწილდებოდნენ. ისინი კორპუსებში ქადაგებდნენ და იწვევდნენ ხალხს შეხვედრაზე, რომელიც იმავე საღამოს ჩატარდებოდა. შეხვედრაზე ძმები იეჰოვას მოწმეების გადაღებულ ვიდეოფილმს უჩვენებდნენ და მოხსენებას კითხულობდნენ. შეხვედრის შემდეგ დამსწრეებს ბიბლიის შესწავლას სთავაზობდნენ, მსურველები კი მისამართებს უტოვებდნენ ძმებს. ასეთი ღონისძიებების შედეგად ივანოვოს ოლქის მრავალ ქალაქში კრებები დაარსდა; ზოგ ქალაქში 5 კრება ჩამოყალიბდა.
1994 წელს ივანოვოში 125 მაუწყებელი იყო; გახსენების საღამოს კი 1 008 ადამიანი დაესწრო. იმავე წელს საოლქო კონგრესზე ივანოვოდან 62 ადამიანი მოინათლა, რაც ერთი ახალი კრების ჩამოყალიბებას ნიშნავდა. დღეს ივანოვოს ოლქში სასიხარულო ცნობას 1 800 მაუწყებელი ქადაგებს.
ერთად შეკრება წინააღმდეგობის მიუხედავად
ზოგ ქალაქში კონგრესის ჩასატარებლად სტადიონის დაქირავებაზე ნებართვის მიღება ჭირდა. მაგალითად, ნოვოსიბირსკში სამღვდელოების წაქეზებით მოწინააღმდეგეებმა პიკეტი მოაწყვეს იმ სტადიონის შესასვლელთან, სადაც კონგრესი უნდა ჩატარებულიყო. ერთ პლაკატზე ეწერა: „უფრთხილდით იეჰოვას მოწმეებს!“ (Берегитесь Свидетелей Иеговы). მაგრამ მათ ვერ შენიშნეს, რომ პლაკატზე პირველი სიტყვის ბოლო ორი ასო გათხაპნილი იყო, ამიტომ პლაკატი იუწყებოდა: „გაუფრთხილდით იეჰოვას მოწმეებს!“ (Берегите Свидетелей Иеговы).
1998 წელს ომსკში სარაიონო კონგრესის დაწყების წინ ძმები სირთულეებს წააწყდნენ. მოწინააღმდეგეების ზეწოლით ადგილობრივმა მთავრობამ აიძულა დარბაზის დირექტორი, რომ მოწმეებთან დადებული ხელშეკრულება გაეუქმებინა. დარბაზის წინ თავი მოიყარა ასობით ადამიანმა, რომლებიც კონგრესზე დასასწრებად იყვნენ მისულნი. შეშინებული დირექტორი ეხვეწებოდა ძმებს, ხალხისთვის ეთქვათ, რომ ძალადობისთვის არ მიემართათ. ძმებმა დაამშვიდეს ის და უთხრეს, რომ არავინ არავის ახლებდა ხელს. დელეგატებმა ამ მოვლენის აღსანიშნავად სურათები გადაიღეს და შემდეგ დაიშალნენ. დირექტორი დარწმუნდა, რომ იეჰოვას მოწმეები მშვიდობიანი ხალხია. ორი კვირის შემდეგ კონგრესი სხვა დარბაზში ჩატარდა. მოწინააღმდეგეებმა გვიან გაიგეს ეს; ისინი მხოლოდ კონგრესის პროგრამის დასასრულს მივიდნენ იქ და ვერ შეძლეს კონგრესის ჩაშლა.
კონგრესი „მოციმციმე ვარსკვლავების ქვეშ“
2003 წლის 22—24 აგვისტოს კავკასიის ქალაქ სტავროპოლში ჩატარდა საოლქო კონგრესი ჟესტების ენაზე. დელეგატები რუსეთის 70 ქალაქიდან ჩამოვიდნენ. მაგრამ კონგრესს ჩაშლა ემუქრებოდა, რადგან ქალაქის ადმინისტრაცია მტრულად იყო განწყობილი. კონგრესის წინა დღეს დარბაზის დირექტორმა გააუქმა ქირავნობის ხელშეკრულება. მაგრამ 22 აგვისტოს, პარასკევს, ძმებმა ხელშეკრულება დადეს ცირკის ადმინისტრაციასთან, რათა ცირკის არენა კონგრესისთვის გამოეყენებინათ.
პროგრამა დაიწყო დღის სამ საათზე, მაგრამ შესვენების შემდეგ მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა. კონგრესის დელეგატები მშვიდად ისხდნენ თავიანთ ადგილებზე; ერთი საათის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და პროგრამა საღამოს ათის ნახევარზე დასრულდა.
კონგრესის მეორე დღეს პროგრამა ელექტროენერგიის გარეშე დაიწყო დილის ათის ნახევარზე. მალე წყალიც შეწყდა. როგორ შეძლებდნენ ძმები კონგრესის ჩატარებას ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე? დილის 10 საათსა და 50 წუთზე კონგრესის კომიტეტმა გადაწყვიტა, გაეღოთ ცირკის არენის ყველა კარი, რადგან გარეთ მზიანი დღე იდგა. ძმებმა უცბად მოისაზრეს, გარეთ დიდი სარკეები დაედგათ, რომ მზის შუქს დარბაზი გაენათებინა. მზის შუქი პირდაპირ მომხსენებლისკენ იყო მიმართული. აუდიტორია კარგად ხედავდა მომხსენებელს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მომხსენებელი ვეღარ ხედავდა თავის ჩანაწერებს. ამიტომ ძმებმა სხვა სარკეების დახმარებით მზის შუქი არენის თავზე ჩამოკიდებულ მინის დიდ ბურთს მიანათეს. ცირკის არენა აციმციმდა და მომხსენებელიცა და დამსწრენიც მთლიანად პროგრამაზე გადაერთნენ. დელეგატებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო უნიკალური კონგრესი „მოციმციმე ვარსკვლავების ქვეშ“.
მალე კონგრესის ადგილას მოვიდნენ ქალაქის მერი და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი. ისინი გაოცდნენ, როცა დაინახეს, რომ იეჰოვას მოწმეებმა კონგრესი არ შეწყვიტეს. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი კონგრესის დელეგატების ქცევამ გააოცა. დელეგატები არ წუწუნებდნენ და არც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ; მათი მზერა სცენისკენ იყო მიმართული. პოლიციის უფროსზე, რომელიც მოწმეების მიმართ მანამდე აგრესიულად იყო განწყობილი, იმდენად იმოქმედა ნანახმა, რომ თქვა: „მთელი გულითა და სულით თქვენთან ვარ, მაგრამ ქვეყნიერებას, სადაც ვცხოვრობთ, არ მოსწონხართ“.
ხელისუფლების წარმომადგენლების წასვლის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. თუმცა კონგრესის პირველი ორი დღე გვიან დასრულდა, დელეგატები ბოლომდე ადგილებზე დარჩნენ. წინააღმდეგობის მიუხედავად, დელეგატების რიცხვი ყოველდღე მატულობდა; პარასკევს კონგრესს დაესწრო 494 ადამიანი, შაბათს — 535, კვირას კი — 611. დასკვნით ლოცვაში ძმამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იეჰოვას, რომ ასეთი შესანიშნავი კონგრესის ჩატარების შესაძლებლობა მისცა მათ. კონგრესით კმაყოფილი დელეგატები დაიშალნენ; მათ უფრო მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ კვლავაც ემსახურათ თავიანთი ზეციერი მამისთვის და განედიდებინათ მისი სახელი.
ყრუ-მუნჯები განადიდებენ იეჰოვას
1990 წელს პოლონეთში ჩატარებულ სპეციალურ კონგრესზე საბჭოთა კავშირიდან ჩასულ ათასობით დელეგატს შორის რამდენიმე ყრუ-მუნჯიც იყო. კონგრესზე მიღებული სულიერი გამხნევების შემდეგ ამ პირველმა ყრუ-მუნჯმა „მთესველებმა“ ინტენსიურად დაიწყეს ქადაგება. შეიძლება ითქვას, რომ 1992 წლისთვის ეს ტერიტორია მზად იყო „მკისთვის“ და ‘სამკალიც ბევრი იყო’ (მათ. 9:37). ჟესტების ენაზე პირველი კრება 1997 წელს ჩამოყალიბდა; ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე უამრავი ჯგუფი დაარსდა. 2002 წელს ჩამოყალიბდა პირველი რაიონი, რომელიც ტერიტორიულად უდიდესია მსოფლიოში. 2006 წელს ქვეყანაში ერთ მაუწყებელზე 1000 მოსახლე მოდიოდა, ერთ ყრუ-მუნჯ მაუწყებელზე კი — 300 ყრუ-მუნჯი მოსახლე.
გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ჟესტების ენაზე გაკეთებულიყო ჩვენი პუბლიკაციების ხარისხიანი თარგმანი. 1997 წელს რუსეთის ფილიალში დაიწყეს ჟესტების ენაზე თარგმნა. ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი მთარგმნელი, სახელად ევდოკია, ამბობს: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბეთელში ვმსახურობ და ჟესტების ენაზე პუბლიკაციებს ვთარგმნი. ქვეყნიერებაში ყრუ-მუნჯებს ეჭვის თვალით უყურებენ და არასრულფასოვან ადამიანებად მიიჩნევენ. ღვთის ორგანიზაციაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. პირველი, იეჰოვა გვენდობა ყრუ-მუნჯებს, რომ ჩვენს ენაზე ვთარგმნოთ ჭეშმარიტება. მეორე, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ იეჰოვას ხალხში და გვიხარია, რომ ამ დიდი ოჯახის წევრები ვართ“.
სასიხარულო ცნობა ყველა ენაზე
საბჭოთა კავშირში დაახლოებით 150 ენაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა ოფიციალური ენა რუსული იყო. 1991 წელს საბჭოთა კავშირის 15 დამოუკიდებელ ქვეყნად დაშლის შემდეგ ამ ქვეყნებში მცხოვრებმა ხალხმა ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გამოავლინა. გამოცხადების 14:6-ის თანახმად, ყველაფერი გაკეთდა, რომ ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე სასიხარულო ცნობა ნაქადაგები ყოფილიყო „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“. რუსეთის ფილიალის ტერიტორიაზე საჭირო გახდა „საგუშაგო კოშკის“ 14 დამატებით ენაზე თარგმნა, რათა ათიათასობით ახალ მოწაფეს სულიერი საზრდო ჰქონოდა. სასიხარულო ცნობის გავრცელების მიზნით, რუსეთის ფილიალი ზედამხედველობას უწევს ლიტერატურის 40-ზე მეტ ენაზე თარგმნას; შედეგად, ბიბლიის ჭეშმარიტება უფრო სწრაფად და ღრმად აღწევს ადამიანების გულებს.
ამ ენებიდან უმეტესობაზე რუსეთის ფედერაციაში ლაპარაკობენ. მაგალითად, ოსურ ენაზე ლაპარაკობენ ბესლანსა და ვლადიკავკაზში; ტბა ბაიკალთან ახლოს მცხოვრები ბურიატები ლაპარაკობენ ბურიატულ ენაზე, რომელიც მონღოლურ ენათა ჯგუფში შედის; იაკუტურ ენაზე, რომელიც ალთაურ-თურქულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ლაპარაკობენ ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში მცხოვრებნი, მათ შორის ჩრდილოეთის ირმების მწყემსები; ასევე სხვა 30 ენაზე ლაპარაკობენ კავკასიაში. რუსული ენის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ენა თათრულია, რომელზეც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. ისინი, ძირითადად, თათრეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
თათრულ ენაზე მოლაპარაკენი ხშირად სიამოვნებით კითხულობენ ლიტერატურას მშობლიურ ენაზე, თუმცა ზოგი რუსულ ენაზეც იღებს პუბლიკაციებს. როცა ვრცელდებოდა ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ №35“, ის წაიკითხა ერთ სოფელში მცხოვრებმა ქალმა და ფილიალს წერილობით სთხოვა ბროშურა „რას მოითხოვს?“ თათრულ ენაზე. ერთმა დამ გაუგზავნა მას ეს ბროშურა და წერილი, რაზეც ქალმა არ დაიზარა და რვაგვერდიანი წერილით უპასუხა. მან მალევე დაიწყო ბიბლიის შესწავლა თათრულ ენაზე გამოცემული პუბლიკაციებით. ერთმა კაცმა, რომელმაც თათრულ ენაზე მიიღო ბროშურა „ზრუნავს ღმერთი?“ თქვა, რომ ეს ბროშურა დაეხმარა მას, სხვა თვალით შეეხედა მსოფლიოში არსებული მდგომარეობისთვის. ასეთი შედეგების მიღწევა თათრულ ენაზე არსებული ლიტერატურის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ერთმა ქალმა, რომელიც მარი ენაზე ლაპარაკობს, მიიღო ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ №35“. წაკითხვის შემდეგ მას უფრო მეტის გაგება სურდა, მაგრამ იმ ტერიტორიაზე არ ცხოვრობდნენ იეჰოვას მოწმეები. ერთხელ, ქალაქში ყოფნისას, ის დაუკავშირდა იეჰოვას მოწმეს, რომელმაც მისცა წიგნი „შემეცნება“ და სხვა ლიტერატურა რუსულ ენაზე. ამ ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ მან ქადაგება დაიწყო მშობლიურ მხარეში და მალე დაინტერესებულთა ჯგუფთან ბიბლიას სწავლობდა. მან გაიგო, რომ ქალაქ იჟევსკში ტარდებოდა სპეციალური ერთდღიანი კონგრესი და გაემგზავრა, რომ მონათლულიყო. მაგრამ იქ ჩასულმა გაიგო, რომ მონათვლის მსურველებს ჯერ ბიბლია უნდა შეესწავლათ. ძმები დაეხმარნენ მას, რომ სულიერად წინ წაეწია. ეს ყველაფერი იმის შედეგად მოხდა, რომ ქალმა მშობლიურ ენაზე წაიკითხა „ცნობა სამეფოს შესახებ“.
ვლადიკავკაზში ოსურ ენაზე მხოლოდ ერთი კრება ტარდებოდა. სარაიონო და საოლქო კონგრესებზე არც ერთი მოხსენება არ ითარგმნებოდა ოსურად. 2002 წელს პირველად ითარგმნა პროგრამა ამ ენაზე და ოსი და-ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ვინც კარგად იცოდა რუსული ენა, მათაც კი აღნიშნეს, რომ მშობლიურ ენაზე თარგმნილი პროგრამა მეტად შეეხო მათ გულს. ამან ხელი შეუწყო კრების სულიერ ზრდას და მრავალმა ოსმა ირწმუნა ჭეშმარიტება. 2006 წელს ოსეთში ჩამოყალიბდა რაიონი და პირველად ჩატარდა სარაიონო კონგრესები ოსურ ენაზე.
მიმომსვლელ ზედამხედველთა მონახულების დროს შორეულ სოფელ აქთაშში (ალთაი) დაახლოებით 30 ადამიანი შეიკრიბა მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში მხოლოდ რამდენიმე მაუწყებელი იყო. ყველამ მოისმინა საჯარო მოხსენება, მაგრამ საოლქო ზედამხედველის სამსახურებრივი მოხსენების დროს თითქმის ნახევარმა ოთახი დატოვა. შეხვედრის შემდეგ საოლქო ზედამხედველმა ჰკითხა ადგილობრივ ძმებს, რატომ წავიდა ამდენი ხალხი. ერთმა მოხუცმა ალთაელმა ქალმა დამტვრეული რუსულით უთხრა: „შენ კარგ საქმეს აკეთებ, მაგრამ შენი ნათქვამიდან ბევრი ვერაფერი გავიგე“. შემდეგი სარაიონო მონახულების დროს მოხსენება ითარგმნა ალთაურად და ყველა დამსწრემ ბოლომდე მოისმინა პროგრამა.
ქალაქ ვორონეჟში ბევრი უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს. მომსახურემ, რომელიც ჩინურ ენაზე ლაპარაკობდა, 2000 წელს ორგანიზება გაუწია ჩინური ენის შემსწავლელ კურსებს. ბევრმა მოწმემ დაიწყო ენის შესწავლა და ჩინელ სტუდენტებთან ქადაგება. ჩინური ენის სწავლა ძალიან რთულია, მაგრამ ძმებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს. 2004 წლის თებერვალში ქალაქში ჩამოყალიბდა წიგნის შესწავლის ჯგუფი ჩინურ ენაზე. იმავე წლის აპრილში ერთი ჩინელი მოინათლა, ორი თვის შემდეგ კი — მეორე. ახლა წიგნის შესწავლას რეგულარულად ესწრებიან დაინტერესებულები და 15-მდე ბიბლიის შესწავლა ტარდება ჩინურ ენაზე. სასიხარულო ცნობა აღწევს ამ უზარმაზარი ტერიტორიის ყველა ნაწილში, ამიტომ რუსეთის ფილიალი ცდილობს დააკმაყოფილოს ლიტერატურაზე მზარდი მოთხოვნილება უამრავ ენაზე.
პიონერების მომზადება
რუსეთში რამდენიმე წელია, რაც პიონერული მსახურების სკოლა ტარდება. თითოეულ კლასში 20-30 პიონერია და მათ შორს წასვლა არ უწევთ. მაგრამ ასე არ იყო, როცა რუსეთში პირველი სკოლა ჩატარდა. რომან სკიბა იხსენებს: „ყველაზე კარგად 1996 წელს ეკატერინბურგში ჩატარებული პიონერული მსახურების სკოლა დამამახსოვრდა. მას 40-ზე მეტი და-ძმა ესწრებოდა. სკოლას რომ დასწრებოდნენ, ბევრს ასობით კილომეტრი, ზოგს კი ათასი კილომეტრი უნდა გაევლო“.
სვეტლანა 1997 წლიდან სრული დროით პიონერად მსახურობს ჟესტების ენაზე. 2000 წლის იანვარში ის დაესწრო ჟესტების ენაზე ჩატარებულ პიონერული მსახურების სკოლას. სვეტლანა გვიზიარებს, რომ სკოლა დაეხმარა, დახელოვნებულიყო მსახურებაში და მიმხვდარიყო, რას ნიშნავს ქრისტიანობა ოჯახსა და კრებაში. ის ამბობს: „უფრო მეტად შემიყვარდა სხვები. ასევე მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია და-ძმებთან თანამშრომლობა და დღეს უფრო ადვილად ვიღებ რჩევებს. მას შემდეგ, რაც სწავლებისას თვალსაჩინო მაგალითების გამოყენება დავიწყე, ჩემი ბიბლიის შესწავლების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა“.
ალიონა პიონერად მსახურობს ხაბაროვსკში და ყრუ-მუნჯებს ჭეშმარიტების გაგებაში ეხმარება. ამ საქმეში დახელოვნების მიზნით, ალიონას სურდა ჟესტების ენაზე გაევლო პიონერული მსახურების სკოლა. რა სირთულეების გადალახვა მოუწია მას? ის ამბობს: „ჟესტების ენაზე პიონერული სკოლა ყველაზე ახლოს მოსკოვში ტარდებოდა, რომელიც ხაბაროვსკიდან 9 000 კილომეტრითაა დაშორებული. მოსკოვამდე რვა დღე ვიმგზავრე მატარებლით და იმდენივე უკან დასაბრუნებლად“. მაგრამ ალიონას ერთი წუთითაც არ უნანია!
ჟესტების ენაზე ჩატარებული სკოლების გარდა 1996—2006 წლებში რუსეთში პიონერული მსახურების ასობით სკოლა ჩატარდა. პიონერების მომზადებამ დიდი გავლენა მოახდინა სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლასა და კრებების სულიერ კეთილდღეობაზე. მარჩინი, რომელიც ამჟამად სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, იხსენებს: «1995 წელს სპეციალურ პიონერად დავინიშნე კუნცევოს კრებაში (მოსკოვი). პირველად საჯარო მოხსენებასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე რომ მივედი, მეგონა, კონგრესი ტარდებოდა. დარბაზში დაახლოებით 400 ადამიანი იყო. იმ პერიოდში კრებაში 300 მაუწყებელი იყო. ათ წელზე ნაკლები გავიდა და ამ კრებისგან ათი ახალი კრება ჩამოყალიბდა.
1996—1997 წლებში სარაიონო მსახურების დროს ჩემს რაიონში არაჩვეულებრივი ზრდის თვითმხილველი გავხდი. ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ ვოლჟსკში მოვინახულე ერთი კრება და, როცა ექვსი თვის შემდეგ კვლავ ჩავედი იქ, კრებაში 75 ახალი მაუწყებელი იყო. თითქოს ახალ კრებაში მოვხვდი! ენით ვერ აღვწერ იმ ენთუზიაზმსა და გულმოდგინებას, რასაც ეს ახალი მაუწყებლები ავლენდნენ. მსახურების შეხვედრებს, რომლებიც მაღალსართულიან კორპუსში ტარდებოდა, რეგულარულად ესწრებოდა 80-მდე ადამიანი. ბევრი სადარბაზოში იდგა, რადგან ბინაში ადგილი აღარ იყო».
ახალგაზრდები განადიდებენ იეჰოვას
მრავალი ახალგაზრდა მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გულწრფელ ინტერესს ავლენს სასიხარულო ცნობის მიმართ. ერთი 20 წლის და გვიამბობს: „1995 წელს ცხრა წლის ვიყავი, როცა იეჰოვას მოწმეებმა ჩემს მშობლებს უქადაგეს, მაგრამ მათ არ მიიღეს ჭეშმარიტება. მე ძალიან მინდოდა მეტი გამეგო ღვთის შესახებ. საბედნიეროდ, ჩემმა მეგობარმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მეც ვესწრებოდი მის შესწავლას. როცა ჩემმა მშობლებმა გაიგეს ამის შესახებ, მოწმეებთან ურთიერთობა ამიკრძალეს. ზოგჯერ სახლში მკეტავდნენ, რომ შესწავლაზე არ წავსულიყავი. როცა სრულწლოვანი გავხდი, სხვა ქალაქში გადავედი სასწავლებლად და იქ დავუკავშირდი მოწმეებს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბიბლიის შესწავლა განვაახლე! მთელი გულით შემიყვარდა იეჰოვა და 2005 წელს საოლქო კონგრესზე მოვინათლე. ნათლობის შემდეგ დამხმარე პიონერად დავიწყე მსახურება. ახლა ჩემს მშობლებსაც მოსწონთ ის, რაც ჩემთვის ბავშვობიდან ძვირფასია“.
სხვა და იხსენებს: «1997 წელს, როცა 15 წლის ვიყავი, მოწმეებმა ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ შემომთავაზეს. ჟურნალის სათაური და შინაარსი ძალიან მომეწონა და მინდოდა, ის რეგულარულად მიმეღო. მამაჩემმა გაიგო, რომ ამ ჟურნალს ვკითხულობდი, ამიტომ მოწმეების სახლში შემოშვება ამიკრძალა. მოგვიანებით ჩემმა ბიძაშვილმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და 2002 წლის დასაწყისში მასთან ერთად მეც დავიწყე კრების შეხვედრებზე სიარული. იქ გავიგე, რომ იეჰოვას მოწმეთაგან ზოგი მისიონერად მსახურობს; თანდათანობით გამიჩნდა ძლიერი სურვილი, რომ ადამიანებს ღვთის გაცნობაში დავხმარებოდი. ბიძაშვილმა ამიხსნა, რომ უპირველესად სიგარეტის მოწევა უნდა მიმეტოვებინა, ღვთის ნების შესაბამისად ცხოვრება უნდა დამეწყო და ღვთის მსახური გავმხდარიყავი. რჩევა გავითვალისწინე. ექვსი თვის შემდეგ მოვინათლე და მაშინვე დამხმარე პიონერად მსახურება დავიწყე. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების ნამდვილი აზრი ვიპოვე».
„ხალხთა საუნჯის“ ძებნა სახაში
ერთ-ერთ თეოკრატიულ რაიონს მიეკუთვნება ამურის ოლქი და სახას ტერიტორია. 2005 სამსახურებრივი წლის განმავლობაში პირველად იაკუტსკში, სახას დედაქალაქში, ჩატარდა სარაიონო კონგრესი და სპეციალური ერთდღიანი კონგრესი. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ამ კონგრესებს ადგილობრივი ხალხიც დაესწრო.
ძმებისთვის მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, რაიონი ხუთ ნაწილად გაყვეს და კონგრესი თითოეულ ნაწილში ჩატარდა. ერთი კონგრესიდან მეორეზე ჩასასვლელად მიმომსვლელ ზედამხედველებს დასჭირდათ მგზავრობა 24 საათი მატარებლით, 15 საათი მანქანით და 3 საათი თვითმფრინავით.
ზამთარი აქ მკაცრია და ტემპერატურა ზოგჯერ -50 გრადუსზე ნაკლებია. მიუხედავად ამისა, მაუწყებლები კორპუსებშიც ქადაგებენ და კერძო სახლებშიც.
2005 წლის დასაწყისში მაუწყებელთა ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ერთი ჯგუფი სოფელ ხაიირში იყო, რომელიც 80 კილომეტრითაა დაშორებული ლაპტევების ზღვიდან და ჩრდილოეთის პოლარული წრის ჩრდილოეთითაა. სოფელში 500 ადამიანი ცხოვრობს; აქედან ოთხი იეჰოვას მოწმეა. 2004 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 76 ადამიანი დაესწრო. ამ ჯგუფის მოსანახულებლად სარაიონო ზედამხედველს ჯერ 900 კილომეტრი უნდა ემგზავრა თვითმფრინავით, შემდეგ დათოვლილ გზებზე მანქანით 450 კილომეტრი უნდა გაევლო.
მეორე ჯგუფი ჩამოყალიბდა სოფელ უსტ-ნერაში, რომელიც 100 კილომეტრით არის დაშორებული სოფელ ოიმიაკონიდან. ზამთარში ტემპერატურა აქ ზოგჯერ -60 გრადუსს აღწევს. შარშან სარაიონო კონგრესზე მაუწყებელთა ეს ჯგუფი ორი მანქანით გაემგზავრა. ადგილზე ჩასასვლელად მათ 2 000 კილომეტრი გაიარეს შორეულ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც ტემპერატურა -50 გრადუსი იყო.
ერთ სარაიონო ზედამხედველს ზღვის დონიდან 4 000 მეტრზე საინტერესო შემთხვევა გადახდა. ის გვიამბობს: «ბროშურა „იფხიზლეთ!“-ის კამპანიის დროს ჩვენს რაიონში რამდენიმე კონგრესი ჩატარდა. მე და საოლქო ზედამხედველი ერთი კონგრესიდან მეორეზე თვითმფრინავით მივემგზავრებოდით. სამწუხაროდ, ბროშურები აღარ დაგვრჩა, ამიტომ სტიუარდესას შევთავაზეთ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“. მან გვითხრა, რომ უკვე მისცეს ბიბლიური ლიტერატურა და, ჩვენდა გასაკვირად, ბროშურა „იფხიზლეთ!“ გვიჩვენა. გაგვიხარდა, რომ ჩვენი ძმები გულმოდგინედ ქადაგებდნენ. საუბარში პილოტის თანაშემწე შემოგვიერთდა. ის დაინტერესდა და თითქმის მთელი გზა ვისაუბრეთ. საუბრით ნასიამოვნებმა რამდენიმე ჟურნალი გამოგვართვა ეკიპაჟის სხვა წევრებისთვის».
სასიხარულო ცნობა სახალინზე
კუნძული სახალინი იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარეობს. მოწმეები იქ პირველად 1970 წლის ბოლოს გამოჩნდნენ. ვლადივოსტოკში მცხოვრებმა ძმებმა, რომლებიც ზედამხედველობდნენ ქადაგების საქმეს სახალინზე, აღძრეს ძმა სერგეი საგინი, გაეფართოებინა მსახურება, გადასულიყო კუნძულზე და ექადაგა. პორტში მუშაობის დროს სერგეი ცდილობდა თანამშრომლებთან ბიბლიურ თემებზე ესაუბრა. მალე მან ბიბლიის რამდენიმე შესწავლა დაიწყო. თუმცა მოგვიანებით სერგეი იძულებული გახდა, კუნძული დაეტოვებინა, ჭეშმარიტების თესლმა ნაყოფი გამოიღო.
1989—1990 წლებში პოლონეთში ჩატარებულმა კონგრესებმა სტიმული მისცა რუს მოწმეებს, გაეფართოებინათ მსახურება და გადასულიყვნენ იქ, სადაც მეტი საჭიროება იყო. 1990 წელს სერგეი და გალინა ავერინები ხაბაროვსკიდან გადავიდნენ სახალინის ქალაქ კორსაკოვში. რამდენიმე თვეში ორი პიონერი და რამდენიმე მაუწყებელი გადავიდნენ იუჟნო-სახალინსკში, სადაც მხოლოდ ერთი იეჰოვას მოწმე ცხოვრობდა.
პაველ სივულსკი, რომელიც ზემოხსენებული პაველ სივულსკის შვილია, იმ ორ პიონერს შორის იყო. დღეს ის ბეთელში მსახურობს. პაველი იხსენებს: „როცა იუჟნო-სახალინსკში ჩავედით, მე და ერთი ძმა სასტუმროში გავჩერდით, რადგან ბინას უცებ ვერ ვიშოვიდით. ჩვენ სასტუმროს წინ კარდაკარ ვქადაგებდით და თან მცხოვრებლებს ვეკითხებოდით, ხომ არ აქირავებდა ვინმე ბინას. ხალხი ინტერესდებოდა, სად შეიძლებოდა ბიბლიაზე საუბრის გაგრძელება; ჩვენ ვეუბნებოდით, რომ სასტუმროში ვცხოვრობდით და როგორც კი ბინას ვიშოვიდით, აუცილებლად დავპატიჟებდით. ჩვენ ვევედრებოდით იეჰოვას, სამსახურისა და ბინის შოვნაში დაგვხმარებოდა. იეჰოვამ ლოცვაზე გვიპასუხა და მალე ბინაც გვქონდა და სამსახურიც. ერთმა ქალმა თავის ბინაში ცხოვრება შემოგვთავაზა, ისე რომ ქირის ფულს არ გვართმევდა და საჭმელსაც გვიმზადებდა, რაც მეტი მსახურების საშუალებას გვაძლევდა. იეჰოვამ დაგვანახვა, რომ ჩვენთან იყო. ცოტა ხანში ბიბლიის ბევრ შესწავლას ვატარებდით და წიგნის შესწავლის ჯგუფებიც ჩამოვაყალიბეთ. ორი თვის შემდეგ შეხვედრების ჩასატარებლად სახლი დავიქირავეთ“.
კრება იზრდებოდა და მრავალი მაუწყებელი პიონერად მსახურებას იწყებდა. ისინი პიონერულ სულს ავლენდნენ და ჭეშმარიტების საქადაგებლად კუნძულის სხვა ნაწილებში გადადიოდნენ. იეჰოვამ უხვად აკურთხა ამ კრების ერთგული მსახურები და სამი წლის შემდეგ, 1993 წელს რვა ახალი კრება ჩამოყალიბდა.
დროთა განმავლობაში მრავალმა მაუწყებელმა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ასევე მსახურების გაფართოების მიზნით, დატოვა კუნძული. მათ შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ახლა იუჟნო-სახალინსკის ცენტრში მშვენიერი სამეფო დარბაზი დგას. კუნძულზე დღეს ცხრა კრება და ოთხი ჯგუფია, რაც ერთ რაიონს შეადგენს.
უამრავი მოწინააღმდეგის მიუხედავად კარი ღიაა
პირველ საუკუნეში პავლე მოციქულმა დაწერა: „მოღვაწეობისთვის დიდი კარი გამეღო, თუმცა მოწინააღმდეგეებიც მრავლად არიან“ (1 კორ. 16:9). მოწინააღმდეგეების რიცხვი ორი ათასი წლის შემდეგაც არ შემცირებულა. 1995—1998 წლებში მოსკოვის პროკურატურამ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ოთხჯერ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. იეჰოვას მოწმეებს ბრალად ედებოდათ, რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივება, ოჯახების ნგრევა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და სხვა მოქალაქეების უფლებების დარღვევა. ეს ბრალდებები ვერ დაამტკიცეს, ამიტომ 1998 წელს კვლავ აღიძრა საქმე სამოქალაქო წესით იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იმავე ბრალდებებით.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი კვლავ რეგისტრაციაში გაატარა და აღიარა, რომ არც იეჰოვას მოწმეები და არც მათი ლიტერატურა არ აღვივებენ ხალხში რელიგიურ შუღლს, არ ანგრევენ ოჯახებს და არ ხელყოფენ ადამიანთა უფლებებს. ამის მიუხედავად, პროკურატურამ იმავე ბრალდებებით საქმე ხელმეორედ აღძრა.
ზოგმა რელიგიათმცოდნე პროფესორმა აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეები თავიანთ რწმენას მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიაზე აფუძნებენ. დ-რ ნიკოლაი გორდიენკომ, სანკტ-პეტერბურგის გერცენის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორმა, აღნიშნა: „როცა სპეციალისტები იეჰოვას მოწმეების სწავლებებს აპროტესტებენ, ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამით ბიბლიის წინააღმდეგ გამოდიან“.
მიუხედავად ამისა, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მოსკოვში არსებულ იეჰოვას მოწმეთა საზოგადოებას კანონიერი სტატუსი წაართვა. თუმცა ეს ხელს არ უშლის ძმებს, შეასრულონ ბიბლიის კანონი და სასიხარულო ცნობა იქადაგონ. იეჰოვას მოწმეების აზრით, მოსკოველებმა რელიგიურ საკითხებში გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. რწმენის თავისუფლების შეზღუდვა თითოეული მოსკოველის თავისუფლების ხელყოფას ნიშნავს. ამიტომ იეჰოვას მოწმეები კვლავაც შეასრულებენ მოსკოვში იესო ქრისტეს მცნებას — იქადაგებენ და მოწაფეებს მოამზადებენ (მათ. 28:19, 20). ამჟამად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
1998 წლის სექტემბერში, როდესაც იეჰოვას მოწმეების საზოგადოების გაუქმებაზე სასამართლოში პირველი მოსმენები დაიწყო, მოსკოვში 43 კრება იყო. რვა წლის შემდეგ კი კრებების რიცხვმა 93-ს მიაღწია. იეჰოვა თავის ხალხს დაჰპირდა: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“ (ეს. 54:17). 2007 წელს იეჰოვას მოწმეებმა მოსკოვში „ლუჟნიკის“ სტადიონზე, სადაც ერთ დროს ოლიმპიური თამაშები იმართებოდა, საოლქო კონგრესი ჩაატარეს. ამ კონგრესს 29 040 დელეგატი დაესწრო და 655 მოინათლა.
ღვთის სახელი დიდებულია რუსეთში
მალაქიას 1:11-ში იეჰოვა ღმერთი ამბობს: „მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში“. ამ უზარმაზარ ქვეყანაში ყოველი ახალი დღის დაწყება კიდევ ერთი ცხვრისმაგვარი ადამიანის პოვნის შესაძლებლობას იძლევა. გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში 7 000-ზე მეტი ადამიანი მოინათლა. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ „მეფეთა მეფე“, როგორც ეს იესო ქრისტეს ეწოდება ბიბლიაში, თავის ქვეშევრდომებთანაა, როცა ისინი ქადაგებენ (მათ. 24:14; გამოცხ. 19:16).
პეტრე მოციქული ამბობს: „იეჰოვას დღე ქურდივით მოვა“ (2 პეტ. 3:10). ამიტომ რუსეთში იეჰოვას მოწმეებს გადაწყვეტილი აქვთ, დარჩენილი დრო გამოიყენონ ყოველი ერიდან, ტომიდან, ენიდან და ხალხიდან გულწრფელი ადამიანების მოსაძებნად.
[ჩანართი 110 გვერდზე]
„რაიმე რომ გვეპოვა თქვენ წინააღმდეგ, თუნდაც ერთი წვეთი სისხლი ყოფილიყო დაღვრილი, ყველას ერთიანად დაგხვრეტდით“
[ჩანართი 128 გვერდზე]
„თუ გაგიშვებთ, ბევრი საბჭოთა მოქალაქე შემოგიერთდებათ. აი, რატომ ვთვლით, რომ სახელმწიფოს სერიოზულ საფრთხეს უქმნით“
[ჩანართი 219 გვერდზე]
„თქვენს ხალხს თითქოს ფრთები აქვს — ისინი ელვის სისწრაფით ტვირთავენ ყუთებს“
[ჩარჩო⁄სურათი 69 გვერდზე]
ციმბირი
როგორ წარმოგიდგენიათ ციმბირი? მრავალი ადამიანისთვის ციმბირი ველური, შორეული და უდაბური ტერიტორიაა, სადაც მკაცრი ზამთარი იცის და სადაც საბჭოთა მთავრობის მტრებს ასახლებდნენ. თუმცა ციმბირი მხოლოდ ეს არ არის.
ციმბირი უზარმაზარი ტერიტორიაა; ის აღემატება კანადას, რომელიც სიდიდით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. დღეს ციმბირის ფართობი 13 მილიონი კვადრატული კილომეტრია; ის გადაჭიმულია ურალის მთებიდან წყნარ ოკეანემდე და მონღოლეთისა და ჩინეთის საზღვრებიდან ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანემდე. ციმბირი მდიდარია ისეთი ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ხე-ტყე, ნავთობი და გაზი. იქ არის მთაგრეხილები, ვაკეები, ჭაობები, ტბები და დიდი მდინარეები.
დაახლოებით საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ციმბირში გზავნიდნენ პატიმრებს, იძულებით მომუშავეებს და გადასახლებულებს. მეოცე საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში იოსებ სტალინის ბრძანებით მილიონობით ადამიანი მოხვდა კოლონიებში. 1949 და 1951 წლებში ციმბირში დაახლოებით 9 000 იეჰოვას მოწმე გადაასახლეს მოლდავეთიდან, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან და უკრაინიდან.
[ჩარჩო⁄სურათები 72, 73 გვერდებზე]
მოკლე მიმოხილვა
ტერიტორია.
რუსეთი მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა და ჩრდილოეთის პოლარულ წრესთან გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით 7 700 კილომეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთით 3 000 კილომეტრზე; მისი საერთო ფართობია 17 075 400 კვადრატული კილომეტრი. რუსეთში არის 11 სასაათო სარტყელი და ის ჩრდილოეთის ნახევარსფეროს თითქმის ნახევარს შეადგენს. რუსეთში გვხვდება ყველაზე მაღალი მთა და ყველაზე გრძელი მდინარე ევროპაში, აგრეთვე ყველაზე ღრმა ტბა მსოფლიოში.
ხალხი.
მოსახლეობის 80 პროცენტს რუსები შეადგენენ. თუმცა რუსეთში 70-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ზოგ მათგანს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი მიეკუთვნება, ზოგს კი — მილიონზე მეტი.
ენა.
ოფიციალური ენა არის რუსული, რომელზეც მოსახლეობის უმეტესობა ლაპარაკობს. ამასთანავე, ქვეყანაში არის 100-ზე მეტი ენა; ზოგ ენაზე მილიონამდე ადამიანი ლაპარაკობს.
ეკონომიკა.
რუსეთი მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. სხვა წამყვანი დარგებია ხე-ტყის მრეწველობა, სამთო მრეწველობა და სხვადასხვა საქონლის წარმოება.
საკვები.
ნოყიერ კერძებს ამზადებენ ხორცის, თევზის, კომბოსტოსა და ხაჭოსგან; მათ მიირთმევენ ჭვავის პურთან, კარტოფილსა და წიწიბურასთან. რუსული სამზარეულო მდიდარია ცხიმებითა და ნახშირწყლებით, რაც ხალხს ენერგიას აძლევს გრძელი და ცივი ზამთრის გადასატანად. ტიპური კერძი არის პელმენი, რომელსაც არაჟანთან მიირთმევენ, ან კომბოსტოს, ხორცის, ყველის და კარტოფილის ღვეზელი. პოპულარული წვნიანი კერძებია ბორში და შჩი.
კლიმატი.
ზაფხული ცხელია, ზამთარი კი — ბნელი და ცივი. ეს ორი სეზონი გაზაფხულსა და შემოდგომაზე უფრო გრძელია.
(რუსეთის რუკები იხილეთ 116-ე და 167-ე გვერდებზე)
[სურათები]
კრემლი
მთა ელბრუსი, ყაბარდო-ბალყარეთი
მურა დათვი, კამჩატკის ნახევარკუნძული
[ჩარჩო 92, 93 გვერდებზე]
იდეოლოგიური ბრძოლა
საბჭოთა მთავრობის მიზანი არ იყო იეჰოვას მოწმეების განადგურება. მისი მიზანი იყო, მოწმეებს საბჭოთა იდეოლოგია მიეღოთ ან დაყოლიებით, ან ძალის გამოყენებით. ამისთვის მთავრობა იყენებდა კა-გე-ბეს — სახელმწიფო დაზვერვისა და უშიშროების ორგანიზაციას. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მეთოდი, რომელსაც კა-გე-ბე მიმართავდა:
ჩხრეკა: მოწმეების სახლებს ჩხრეკდნენ, ზოგჯერ ღამითაც კი. ხშირი ჩხრეკის გამო ზოგიერთი ოჯახი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა.
თვალთვალი: ამაში შედიოდა სატელეფონო საუბრების მოსმენა, წერილების გახსნა და ძმების სახლებში სასმენი მოწყობილობების დამონტაჟება.
ჯარიმები და შეხვედრების ჩაშლა: ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ადგილობრივი მთავრობა ცდილობდა მიეგნო იმ ადგილებისთვის, სადაც ძმები კრებებს ატარებდნენ. ყველა დამსწრეს ჯარიმას ახდევინებდნენ. ხშირად ჯარიმა შეადგენდა ხელფასის ნახევარს ან მეტს.
ქრთამი და შანტაჟი: კა-გე-ბეს აგენტები ზოგ მოწმეს მათთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ ბინებს მოსკოვის ცენტრში და მანქანებს. უარის თქმის შემთხვევაში ძმებს კოლონიებში მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ.
პროპაგანდა: კინოფილმებში, სატელევიზიო გადაცემებსა და საგაზეთო სტატიებში მოწმეებს საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებად წარმოაჩენდნენ. ციხეებსა და კოლონიებში იკითხებოდა ლექციები, რომლებშიც ძმებს ბრალს სდებდნენ, რომ ბიბლიას საფრად იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის. პროპაგანდას დისკრიმინაცია მოჰყვა — მასწავლებლები მოწაფეებს დაბალ ნიშნებს უწერდნენ, სამსახურში ძმებს არ უწევდნენ შეღავათებს და არ აძლევდნენ შვებულებას, რომლებიც მათ კანონიერად ეკუთვნოდათ.
კრებებში შეპარვა: კა-გე-ბეს აგენტები მოჩვენებით ინტერესდებოდნენ ღვთის სამეფოს ცნობით, სწავლობდნენ ბიბლიას და ინათლებოდნენ. ზოგმა ორგანიზაციაში პასუხისმგებლობების მიღებაც კი მოახერხა. მათი მიზანი იყო მოწმეებს შორის ეჭვებისა და განხეთქილებების შეტანით სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერება.
გადასახლება: მოწმეებს ქვეყნის დაშორებულ ტერიტორიებზე ასახლებდნენ. იქ ძმები დღეში 12 საათს მძიმედ შრომობდნენ ლუკმაპურისთვის. ზამთარში მათ საშინელი სიცივე აწუხებდათ, ზაფხულში კი — კოღოები და ბუზანკლები.
ქონების კონფისკაცია და ოჯახის წევრების დაშორება: მოწმეებს ართმევდნენ სახლებს და სხვა ქონებას. ზოგჯერ შვილებს მშობლებს აშორებდნენ.
დაცინვა და ფიზიკური შეურაცხყოფა: მრავალი მოწმე, მათ შორის ქალები, შეურაცხყოფისა და დაცინვის მსხვერპლი გახდა. ზოგი სასტიკად სცემეს.
დაპატიმრება: დაპატიმრების მიზანი იყო, მოწმეებს უარი ეთქვათ რწმენაზე ან სხვა მოწმეებისგან იზოლირებულნი ყოფილიყვნენ.
კოლონიები: ასეთ კოლონიებში მოწმეები ძალაგამოცლილნი და დაუძლურებულნი იყვნენ. ხშირად მათ უზარმაზარი ხეების ფესვებს ათხრევინებდნენ. ძმები მუშაობდნენ ქვანახშირის საბადოებში, გაჰყავდათ გზები და აგებდნენ ლიანდაგებს. ისინი ოჯახებიდან შორს იყვნენ და ბარაკებში ცხოვრობდნენ.
[ჩარჩო⁄სურათი 96, 97 გვერდებზე]
ორჯერ მომისაჯეს სიკვდილი
პიოტრ კრივოკულსკი
დაიბადა: 1922 წელს
მოინათლა: 1956 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ჭეშმარიტების მიღებამდე სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. 22 წელი გაატარა ციხეებსა და კოლონიებში. გარდაიცვალა 1998 წელს.
უკრაინის იმ ნაწილში, სადაც მე ვცხოვრობდი, პოლონელმა მოწმეებმა 1940 წელს დაიწყეს ქადაგება. მე სულითცხებულმა ძმამ კორნეიმ მიქადაგა. მთელი ღამე ვისაუბრეთ და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი, რაც მითხრა, ჭეშმარიტება იყო.
1942 წელს გერმანელებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს და საბჭოთა ჯარმა დატოვა ტერიტორია, სადაც ვცხოვრობდი. ქვეყანა ანარქიამ მოიცვა. უკრაინის ეროვნულმა არმიამ მომთხოვა, მათთან ერთად მებრძოლა გერმანიისა და საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ. უარის თქმის შემდეგ გონების დაკარგვამდე მცემეს და ქუჩაში დამაგდეს. იმავე ღამით წამიყვანეს ადგილზე, სადაც ხალხს ხოცავდნენ. იქ კვლავ მკითხეს, ვემსახურებოდი თუ არა უკრაინელ ხალხს. მტკიცედ და ხმამაღლა განვაცხადე: „მე მხოლოდ იეჰოვა ღმერთს ვემსახურები!“ მათ გადაწყვიტეს, სიკვდილით დავესაჯე. როცა ერთმა ჯარისკაცმა ჩემი დახვრეტა ბრძანა, მეორემ იარაღი გამოსტაცა და დაუყვირა: „არ ისროლო! ის შეიძლება გამოგვადგეს“. განრისხებულმა ჯარისკაცმა ცემა დამიწყო. მითხრა, რომ ერთ კვირაში საკუთარი ხელით მომკლავდა, მაგრამ რამდენიმე დღეში თავად გამოასალმეს სიცოცხლეს.
1944 წლის მარტში საბჭოთა ჯარი დაბრუნდა ჩვენს მხარეში და ყველა მამაკაცი აგვიყვანეს. ამჯერად საბჭოთა ჯარს სჭირდებოდა მებრძოლები. თავშეყრის ადგილას ვნახე ძმა კორნეი, რომელმაც პირველად მიქადაგა ჭეშმარიტება. იქ კიდევ 70 მოწმე იყო. ჩვენ განცალკევებით ვიდექით და ერთმანეთს ვამხნევებდით. ერთი ოფიცერი მოვიდა და გვკითხა, რატომ ვიდექით მოშორებით. კორნეიმ აუხსნა, რომ ქრისტიანები ვიყავით და იარაღს ხელში არ ავიღებდით. ის მაშინვე დასახვრეტად წაიყვანეს. მას შემდეგ კორნეი აღარ გვინახავს. ისინი დაგვემუქრნენ, რომ ჩვენც დაგვხვრეტდნენ, და სათითაოდ გვეკითხებოდნენ, შევუერთდებოდით თუ არა მათ ჯარს. უარის თქმის შემდეგ სამმა ჯარისკაცმა და ერთმა ოფიცერმა ტყეში წამიყვანეს. მეთაურმა სამხედრო ტრიბუნალის განაჩენი წამიკითხა: „სამხედრო ფორმის ჩაცმასა და იარაღის ხელში აღებაზე უარის თქმის გამო მიესაჯოს დახვრეტა“. მხურვალედ ვლოცულობდი, რადგან მონათლული არ ვიყავი და არ ვიცოდი, მოიწონებდა თუ არა იეჰოვა ჩემს მსახურებას. მოულოდნელად გაისმა ბრძანება: „ცეცხლი!“ მაგრამ ჯარისკაცებმა ჰაერში გაისროლეს. შემდეგ ოფიცერმა ცემა დამიწყო. ათი წლით პატიმრობა მომისაჯეს და, საბოლოოდ, ცენტრალურ რუსეთში გორკის კოლონიაში აღმოვჩნდი.
1956 წელს გამათავისუფლეს. მოგვიანებით დავქორწინდი რეგინაზე, რომელიც ერთგული ქრისტიანი და იყო. ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ მოულოდნელად დამაპატიმრეს და კვლავ ათი წელი მომისაჯეს.
გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა მითხრა: „თქვენისთანებისთვის საბჭოთა კავშირში ადგილი არ არის“. ის შეცდა. რა კარგია, რომ მთელი დედამიწა იეჰოვას ეკუთვნის და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ იცხოვრებს მასზე მარადიულად! (ფსალმ. 37:18).
[ჩარჩო⁄სურათი 104, 105 გვერდებზე]
„გოგოებო, თქვენ შორის რომელიმე იეჰოვას მოწმე ხომ არ არის?“
ევგენია რიბაკი
დაიბადა: 1928 წელს
მოინათლა: 1946 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: დაიბადა უკრაინაში. ტყვედ წაიყვანეს გერმანიაში, სადაც ჭეშმარიტება გაიგო. ის დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას რუსეთში.
ერთ კვირადღეს ფანჯრიდან სიმღერა შემომესმა. აღმოჩნდა, რომ იეჰოვას მოწმეები მღეროდნენ. მალე მათ კრებებზე დავიწყე დასწრება. არ მესმოდა, რატომ დევნიდნენ გერმანელები სხვა გერმანელებს რწმენის გამო. უკრაინელმა მეგობრებმა, ვისთან ერთადაც გერმანიაში ჩამიყვანეს, შემიძულეს იმის გამო, რომ გერმანელებთან მქონდა ურთიერთობა. ერთხელ ერთმა მათგანმა დამიყვირა და სახეში სილა გამაწნა. ჩემმა ყოფილმა დაქალებმა ამის დანახვაზე სიცილი დაიწყეს.
1945 წელს გამათავისუფლეს და უკრაინაში დავბრუნდი. პაპაჩემმა მითხრა: „დედაშენი ჭკუიდან შეიშალა. ყველა ხატი გადაყარა და ახლა სხვა ღმერთს ეთაყვანება“. როცა მარტონი დავრჩით, დედამ გადამიშალა ბიბლია და წამიკითხა, რომ ღმერთს სძულს კერპთაყვანისმცემლობა. შემდეგ მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს ესწრებოდა. გადავეხვიე და თვალცრემლიანმა ჩავჩურჩულე: „საყვარელო დედიკო, მეც იეჰოვას მოწმე ვარ!“ ორივე სიხარულისგან ვტიროდით.
დედა გულმოდგინე მქადაგებელი იყო. ვინაიდან ძმების უმეტესობა კოლონიებში იყვნენ, ის ჯგუფის მსახურად დანიშნეს. მისი ენთუზიაზმი მეც გადმომედო.
1950 წელს რელიგიური საქმიანობის გამო დამაპატიმრეს და ათი წელი მომისაჯეს კოლონიაში. ხუთი და წაგვიყვანეს ციმბირის ქალაქ უსოლიე-სიბირსკოეში. 1951 წლის აპრილში დავიწყეთ რკინიგზის დაგება. მძიმე შპალებს ორ-ორნი ვეზიდებოდით მხრებით. ჩვენი ხელით ვეზიდებოდით და ვაგებდით 10-მეტრიან და 320-კილოიან ლიანდაგებს. ძალიან ვიღლებოდით. ერთხელ, როცა სახლში ქანცგაწყვეტილები ვბრუნდებოდით, პატიმრებით სავსე მატარებელი გაჩერდა ახლოს. ერთმა კაცმა ფანჯრიდან გადმოგვხედა და გვკითხა: „გოგოებო, თქვენ შორის რომელიმე იეჰოვას მოწმე ხომ არ არის?“ დაღლილობა სადღაც გაქრა. „ხუთივენი დები ვართ!“ — შევყვირეთ ჩვენ. ისინი ჩვენი ძვირფასი და-ძმები აღმოჩნდნენ, რომლებიც უკრაინიდან გადმოასახლეს. სანამ მატარებელი დაიძვრებოდა, ისინი აღელვებულები გვიყვებოდნენ, რა გადახდათ და როგორ აღმოჩნდნენ გადასახლებაში. შემდეგ ბავშვებმა ძმების დაწერილი ლექსები წაგვიკითხეს. არც ერთი ჯარისკაცი არ გვიშლიდა ხელს, ამიტომ ვტკბებოდით და-ძმებთან ურთიერთობით და ერთმანეთს ვამხნევებდით.
უსოლიე-სიბირსკოედან ქალაქ ანგარსკთან ახლოს მდებარე დიდ კოლონიაში გადაგვიყვანეს. იქ 22 და იხდიდა სასჯელს. მათ ყველაფერზე იზრუნეს, მათ შორის სამქადაგებლო უბნების დანაწილებაზე. ეს სულიერობის შენარჩუნებაში დაგვეხმარა.
[ჩარჩო⁄სურათი 108, 109 გვერდებზე]
რამდენჯერმე ვიყავი „მეხუთე კუთხეში“
ნიკოლაი კალიბაბა
დაიბადა: 1935 წელს
მოინათლა: 1957 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1949 წელს გადაასახლეს ციმბირში, კურგანის ოლქში.
ისე ჩანდა, თითქოს საბჭოთა კავშირში ყველა მოწმეს უთვალთვალებდნენ. ცხოვრება ჭირდა, მაგრამ იეჰოვა სიბრძნეს გვაძლევდა. 1959 წლის აპრილში რელიგიური საქმიანობის გამო დამაპატიმრეს. არ მინდოდა ძმები დამებეზღებინა, ამიტომ ყველაფერზე უარს ვაცხადებდი. გამომძიებელმა მაჩვენა ძმების სურათები და მითხრა, რომ დამესახელებინა ისინი. ვუთხარი, რომ ვერც ერთს ვერ ვცნობდი. მან ჩემი უმცროსი ძმის სურათი მაჩვენა და მკითხა: „ეს შენი ძმაა?“ მე ვუპასუხე: „არ ვიცი, ის არის თუ არა. ვერაფერს გეტყვით“. შემდეგ გამომძიებელმა ჩემი სურათი მაჩვენა და მკითხა: „ეს შენა ხარ?“ მე ვუპასუხე: „კი მგავს, მაგრამ ვერ გეტყვით, მე ვარ თუ არა“.
ამის შემდეგ ორი თვით საკანში ჩამკეტეს. ყოველ დილით იეჰოვას მადლობას ვეუბნებოდი მისი სიკეთისთვის. შემდეგ ვიხსენებდი რომელიმე ბიბლიურ მუხლს და მასზე ვმსჯელობდი. მერე სამეფოს სიმღერას ვმღეროდი დაბალ ხმაზე, რადგან საკანში მღერა მეკრძალებოდა. ამის შემდეგ განვიხილავდი რომელიმე ბიბლიურ საკითხს.
კოლონიაში, სადაც გადამიყვანეს, ბევრი მოწმე იყო. საშინელ პირობებში ვიყავით და ერთმანეთთან საუბარი გვეკრძალებოდა. ხშირად ძმებს გვამწყვდევდნენ იზოლატორში, რომელსაც „მეხუთე კუთხეს“ უწოდებდნენ. მეც რამდენჯერმე ვიყავი „მეხუთე კუთხეში“. იქ დღეში მხოლოდ 200 გრამ პურს გვაძლევდნენ. მეძინა ფიცარზე, რომელიც რკინის სქელი ფენით იყო დაფარული. ფანჯრის მინები ჩამსხვრეული იყო და საკანი კოღოებით იყო სავსე. ბალიშის მაგივრობას ჩექმები მიწევდა.
ძირითადად, ყველა ძმას თავისი სამალავი ჰქონდა ლიტერატურისთვის. გადავწყვიტე, ჩემი ლიტერატურა ცოცხში დამემალა. ჩხრეკის დროს ზედამხედველს აზრადაც არ მოსვლია, რომ ცოცხიც ენახა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გულდასმით შეამოწმა. ლიტერატურას კედლებშიც ვმალავდით. ვისწავლე, რომ უნდა მივენდო იეჰოვას ორგანიზაციას. იეჰოვა ყველაფერს ხედავს, ყველაფერი იცის და ეხმარება თავის ერთგულ მსახურებს. ის ყოველთვის მხარში მედგა.
1949 წელს ჩემი ოჯახის გადასახლებამდე მამაჩემმა თქვა, რომ იეჰოვას შეუძლია ხალხს შორეულ ციმბირშიც გააგებინოს ჭეშმარიტება. ვფიქრობდით: „ნეტავ, ეს როგორ მოხდებაო“. როგორც გამოჩნდა, ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი, რომ ციმბირში ათასობით გულწრფელი ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე დამდგარიყო.
ქვეყანაში დიდი ძვრები მოხდა; ძმებმა ვისარგებლეთ შემთხვევით და 1989 წელს საერთაშორისო კონგრესზე გავემგზავრეთ პოლონეთში. ეს დაუვიწყარი დღეები იყო. ბოლო ლოცვის შემდეგ დიდხანს ვიდექით და ტაშს ვუკრავდით. არაჩვეულებრივი გრძნობა გვქონდა! მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე არაერთ სირთულესა და პრობლემას შევხვდით, იშვიათად ვტიროდით. მაგრამ პოლონეთში ძვირფას ძმებთან განშორებისას თვალებიდან ღვარად მოგვდიოდა ცრემლები და არავინ ცდილობდა მათ შეკავებას.
[ჩარჩო⁄სურათი 112, 113 გვერდებზე]
ყველაფერს ვაკეთებდი სასიხარულო ცნობისთვის
პიოტრ პარცეი
დაიბადა:1926 წელს
მოინათლა:1946 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პიოტრი პირველად 1943 წელს შეხვდა იეჰოვას მოწმეებს. ის იყო ნაცისტების ორ საკონცენტრაციო ბანაკსა და რუსეთის შრომა-გასწორების კოლონიაში. მოგვიანებით, აკრძალვის დროს, სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა.
ბიბლიის ძირითადი სწავლებები ნაცისტურ გერმანიაში გავიგე და მაშინვე დავიწყე ნაცნობებთან ქადაგება; მათგან ბევრი შემომიერთდა წმინდა თაყვანისმცემლობაში. 1943 წელს ერთმა მღვდელმა დამასმინა გესტაპოში; მათ დამაპატიმრეს და ახალგაზრდებთან ანტიფაშისტურ აგიტაციაში დამადანაშაულეს. მალე გადამიყვანეს პოლონეთში მაიდანეკის მასობრივი მოსპობის ბანაკში. და-ძმებთან ურთიერთობას ძალიან ვაფასებდი. ბანაკში ქადაგების სურვილი უფრო გაგვიძლიერდა. ბევრი ავლენდა ჭეშმარიტებისადმი ინტერესს, ამიტომ შესაძლებლობებს ვეძებდით, რომ იეჰოვას სამეფოს შესახებ დაგვემოწმებინა. ერთხელ 25-ჯერ დამარტყეს ორმაგი შოლტი. წამოვდექი და ხმამაღლა ვთქვი გერმანულად: „დანკე შონ!“ („მადლობა!“). ერთმა გერმანელმა წამოიძახა: „ნახე, რა მაგარი ბიჭია! ჩვენ ვცემთ, ის კი მადლობას გვიხდის!“ ცემისგან ზურგი დალილავებული მქონდა.
მძიმე შრომისგან ქანცგაწყვეტილები ვიყავით. დახოცილებს კრემატორიუმში წვავდნენ, რომელიც დღედაღამ მუშაობდა. ვფიქრობდი, მეც მალე დამწვავდნენ ღუმელში. მეგონა, ბანაკიდან ცოცხალი ვერ გავაღწევდი. მაგრამ მიღებულმა ტრავმამ სიცოცხლე შემინარჩუნა. ყველა, ვინც შედარებით ჯანმრთელი იყო, სამუშაოდ წაიყვანეს, დანარჩენები კი სხვა ბანაკებში გადაგვიყვანეს. ამ შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში აღმოვჩნდი.
ომის მიწურულს ხმები დაირხა, რომ გერმანელები ჩვენს დახოცვას აპირებდნენ. შემდეგ გავიგეთ, რომ მცველები გაიქცნენ. პატიმრებმა გაიგეს თუ არა, რომ თავისუფლები იყვნენ, აქეთ-იქით გაიფანტნენ. მე ავსტრიაში გადავედი, სადაც ჯარში შესვლა შემომთავაზეს, რაზეც უარი განვაცხადე და ავუხსენი, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში რელიგიური შეხედულების გამო ვიყავი. მათ ნებართვა მომცეს, მშობლიურ უკრაინაში დავბრუნებულიყავი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. 1949 წელს დავქორწინდი ეკატერინაზე, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთგული მეგზური გახდა. 1958 წელს ისევ დამაპატიმრეს და მორდვეთის შრომა-გასწორების კოლონიაში გადამიყვანეს.
გათავისუფლების შემდეგ ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვას შევუდექი. ერთხელ, 1986 წელს, მთელი ღამე ვიმუშავეთ, რომ 1 200 გვერდი დაგვებეჭდა. იატაკზე, საწოლებზე და სადაც კი შესაძლებელი იყო, ყველგან ქაღალდის შეკვრები ეწყო. მოულოდნელად კა-გე-ბეს აგენტი დაგვადგა და, როგორც თავად თქვა, ლაპარაკი უნდოდა. ეკატერინამ ჰკითხა, სად სურდა ლაპარაკი და არც კი დაფიქრებულა, რომ შეიძლებოდა მას სახლში შემოსვლა მოენდომებინა. მაგრამ საბედნიეროდ, მან სამზარეულოში მოინდომა საუბარი, რომელიც ეზოში იდგა. ის რომ სახლში შემოსულიყო, ყველას დაგვაპატიმრებდნენ.
დღემდე ვცდილობთ მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ და ყველაფერი გავაკეთოთ სასიხარულო ცნობისთვის. ჩვენი 6 შვილი, 23 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას; ჩვენ მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომ ჩვენი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.
[ჩარჩო 122 გვერდზე]
სამარტოო ტუსაღობა
საბჭოთა დასჯის სისტემაში სამარტოო ტუსაღობა დასჯის ჩვეულებრივი ფორმა იყო ისეთი დარღვევის დროს, როგორიცაა რელიგიური ლიტერატურის ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმა. პატიმრებს ბამბის ძველმანებს აძლევდნენ და საკანში ამწყვდევდნენ.
წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ, როგორ გამოიყურებოდა საკანი: ეს იყო პატარა ოთახი დაახლოებით 3X3 მეტრზე, ბნელი, ნესტიანი, ჭუჭყიანი და საშინლად ცივი, განსაკუთრებით ზამთარში. ბეტონის კედლების ზედაპირი უსწორმასწორო იყო. ერთი მეტრის სისქის კედელში გამოჭრილი იყო პატარა ფანჯარა. მინები ჩამსხვრეული იყო. ელექტროფარანი სუსტ შუქს გამოსცემდა; ის კედელში იჯდა და ზემოდან რკინის ცხაურა ეკეთა. ბეტონის იატაკის გარდა, ერთადერთი ჩამოსაჯდომი კედლის შვერილი იყო. მაგრამ დიდხანს ჯდომა იქ შეუძლებელი იყო. პატიმარს ფეხები და ზურგი ეღლებოდა და სტკიოდა, უსწორმასწორო კედელი კი ზურგს უსერავდა.
ღამით მცველები პატიმარს დასაძინებლად აწვდიდნენ ხის დაბალ ყუთს, რომელიც გამაგრებული იყო რკინის ნაჭრებით. პატიმარს შეეძლო დაწოლილიყო ამ ფიცრებსა და რკინაზე, მაგრამ სიცივე არ დააძინებდა. საბანი არ იყო. ჩვეულებრივ, სამარტოო საკანში პატიმარს დღეში 300 გრამ პურს და სამ დღეში ერთხელ წყალწყალა სუპს აძლევდნენ.
საპირფარეშოს მაგივრობას სწევდა იატაკში დატანებული მილი, საიდანაც მძაფრი და საშინელი სუნი ამოდიოდა. ზოგ საკანში დამონტაჟებული იყო ვენტილატორი, რომელსაც კანალიზაციის სუნი შემოჰქონდა. ზედამხედველები ზოგჯერ სპეციალურად რთავდნენ ამ ვენტილატორს, რომ სულიერად გაეტეხათ და დაესაჯათ პატიმრები.
[ჩარჩო⁄სურათი 124, 125 გვერდებზე]
მორდვეთის კოლონია №1
1959—1966 წლებში 450-ზე მეტი ძმა იხდიდა სასჯელს ამ კოლონიაში, რომელიც 600 პატიმარს იტევდა. ეს იყო მორდვეთის 19 კოლონიიდან ერთ-ერთი; მას ერტყა 3 მეტრის სიმაღლის ეკლიანი მავთულის ღობე, რომელშიც დენი გადიოდა. ამ ღობის გარდა, მას კიდევ 13 ღობე ჰქონდა შემოვლებული, რომლებიც ასევე ეკლიანი მავთულის იყო. კოლონიის გარშემო მიწას ამუშავებდნენ, რომ გაქცეული პატიმრის ნაფეხურები დაჩნეოდა.
იეჰოვას მოწმეების სრული იზოლირებით მთავრობა ცდილობდა, ისინი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაემონებინა. მიუხედავად ამისა, ძმები ახერხებდნენ კოლონიაში თეოკრატიული ღონისძიებების ორგანიზებას.
კოლონია გახდა რაიონი, რომელსაც თავისი სარაიონო ზედამხედველი ჰყავდა. რაიონი შედგებოდა ოთხი კრებისგან, რომლებშიც წიგნის შესწავლის 28 ჯგუფი იყო. სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად ძმებმა გადაწყვიტეს, კვირაში შვიდი შეხვედრა ჩაეტარებინათ. თავიდან მათ მხოლოდ ერთი ბიბლია ჰქონდათ, ამიტომ შეადგინეს გეგმა, რომ კრებებს ბიბლია რიგრიგობით წაეკითხათ. როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, ძმებმა ბიბლიის ასლების გაკეთება დაიწყეს; ბიბლიის თითოეული წიგნი ცალ-ცალკე რვეულებში გადაწერეს, ბიბლია კი უსაფრთხო ადგილას დამალეს. შედეგად ძმებს შეეძლოთ ბიბლიის კითხვის გეგმას მიჰყოლოდნენ. ასევე ორგანიზება გაუწიეს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას. ჟურნალების მინიატურული ასლები კოლონიაში შეჰქონდათ დებს, რომლებიც ქმრების სანახავად მიდიოდნენ. ისინი ასლებს მალავდნენ პირში, ფეხსაცმლის ქუსლში ან თმაში იწნავდნენ თხელ ფურცლებს. მრავალი ძმა ლიტერატურის ასლების გაკეთებისთვის ერთიდან თხუთმეტ დღემდე ჩასვეს სამარტოო საკანში.
ეს იყო პატიმრებისგან მოშორებული და იზოლირებული ადგილი. მცველები ამოწმებდნენ, რომ მოწმეებს იქ არაფერი წაეკითხათ. მაგრამ ძმებმა გამონახეს გზა, რომ მათთვის სულიერი საკვები მიეწოდებინათ. ერთი ძმა ადიოდა შენობის სახურავზე, რომელიც იმ ადგილს გადაჰყურებდა, სადაც სამარტოო სატუსაღოს პატიმრები სეირნობდნენ. მას ჩამოწერილი ჰქონდა ბიბლიური მუხლები ქაღალდებზე, რომლებსაც შემდეგ პატარა, დაახლოებით ერთსანტიმეტრიანი დიამეტრის გორგოლებად ჭმუჭნიდა, ამ გორგოლებს მილის ბოლოში დებდა და ეზოში მოსეირნე მოწმის მიმართულებით ისროდა. მოწმე იხრებოდა დაბლა, ვითომ ფეხსაცმელზე თასმის შეკვრა უნდოდა, და შეუმჩნევლად იღებდა გორგოლას.
საუზმესა და ვახშამზე პატიმრებს აძლევდნენ თხელ ფაფას, რომელსაც ცოტაოდენ ბამბის ზეთს უმატებდნენ. სადილად ჰქონდათ წყალწყალა ბორში ან სუპი და უბრალოდ მომზადებული ძირითადი კერძი. პური, რომელსაც პატიმრები ჭამდნენ, ქეჩასავით იყო. ივან მიკიტკოვი იხსენებს: „შვიდი წელი გავატარე ამ კოლონიაში და მთელი ამ ხნის მანძილზე ყველას კუჭის მწვავე ტკივილები გვქონდა“.
ძმები მტკიცედ იდგნენ რწმენაში. იზოლირებამ ღვთის ერთგულ მსახურებს სულიერი წონასწორობა ვერ დააკარგვინა; ისინი კვლავაც ავლენდნენ რწმენას და ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულს (მათ. 22:37—39).
[ჩარჩო⁄სურათი 131, 132 გვერდებზე]
„რატომ ტირი?“
პოლინა გუტშმიდტი
დაიბადა: 1922 წელს
მოინათლა: 1962 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ის გახდა ვიქტორ გუტშმიდტის ცოლი. ციხეში ყოფნისას პოლინაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იეჰოვას მოწმეების სიკეთემ.
მე კომუნიზმის ერთგული ვიყავი. მიუხედავად ამისა, 1944 წლის მაისში კომუნისტებმა დამაპატიმრეს და ვორკუტის შრომა-გასწორების კოლონიაში გადამიყვანეს. სამი წლის მანძილზე ჩემი დაპატიმრების მიზეზი არ ვიცოდი. თავიდან ვფიქრობდი, რომ გაუგებრობა მოხდა და გათავისუფლებას ველოდებოდი. ნაცვლად ამისა, ანტისაბჭოური შენიშვნების გაკეთებაში დამადანაშაულეს და კოლონიაში ათი წლით პატიმრობა მომისაჯეს.
ვინაიდან სამედიცინო განათლება მქონდა, პატიმრობის პირველ წლებში კოლონიის საავადმყოფოში ვმუშაობდი. 1949 წელს გადამიყვანეს ინტის პოლიტპატიმრების კოლონიაში. იქ შედარებით მკაცრი რეჟიმი იყო. კოლონიაში გულისწყრომა, უხეშობა, უზნეობა, აპათია და იმედგაცრუება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. პატიმრების მდგომარეობა გაამწვავა ხმებმა, რომ მალე ყველას დახვრეტდნენ ან სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ. სტრესის გამო ზოგი მათგანი ჭკუიდან შეიშალა. კოლონიაში ბევრი ინფორმატორი იყო, ამიტომ პატიმრებს შორის უნდობლობასა და სიძულვილს დაესადგურებინა. ხალხი საკუთარ თავში ჩაიკეტა და შეძლებისდაგვარად ეგუებოდა მდგომარეობას. ყველგან ეგოიზმი და სიხარბე იყო.
ერთი ჯგუფი, რომელშიც დაახლოებით 40 პატიმარი ქალი იყო, ძალიან განსხვავდებოდა სხვებისგან. ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ; რა გასაკვირიც უნდა იყოს, ისინი ლამაზები, სუფთები, კეთილები და მეგობრულები იყვნენ. გავიგე, რომ ეს ახალგაზრდა ქალები და პატარა გოგონები მორწმუნეები, იეჰოვას მოწმეები იყვნენ. პატიმრების დამოკიდებულება მათდამი სხვადასხვანაირი იყო. ზოგი მტრულად იყო განწყობილი, სხვებს მოსწონდათ მათი საქციელი, განსაკუთრებით ის, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ. მაგალითად, თუ ერთი მოწმე ავად გახდებოდა, სხვები მორიგეობით ედგნენ თავზე. ასეთი რამ კოლონიაში უჩვეულო იყო.
მაოცებდა, რომ განსხვავებული ეროვნების მიუხედავად, ისინი კეთილად ექცეოდნენ ერთმანეთს. იმ დროს ცხოვრების აზრს ვერ ვხედავდი. ერთხელ გულდამძიმებული ვიყავი და ტირილი ამივარდა. ერთი გოგონა მოვიდა და მკითხა: „პოლინა, რატომ ტირი?“
„სიცოცხლე მომბეზრდა“, — ვუპასუხე მე.
ეს გოგონა ლიდია ნიკულინა იყო; მან მანუგეშა და მითხრა, რა არის სიცოცხლის აზრი, როგორ გადაჭრის ღმერთი კაცობრიობის პრობლემებს, და სხვა მრავალ საკითხზეც მესაუბრა. 1954 წლის ივლისში გამათავისუფლეს. ამ დროისთვის უკვე ბევრი რამ ვიცოდი მოწმეებისგან და ძალიან მინდოდა იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი.
[ჩარჩო⁄სურათი 140, 141 გვერდებზე]
სამხედრო ინჟინერი სასიხარულო ცნობის მქადაგებელი გახდა
ვლადიმირ ნიკოლაევსკი
დაიბადა: 1907 წელს
მოინათლა: 1955 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 256-ჯერ გადაიყვანეს სხვადასხვა კოლონიასა თუ ციხეში. გარდაიცვალა 1999 წელს.
მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტი 1932 წელს დავამთავრე. 1941 წლამდე ვმუშაობდი მოსკოვის ერთ-ერთ ინსტიტუტში ინჟინრად და მთავარ არქიტექტორად. გამოვიგონე საომარი გემების სპეციალური მოწყობილობები. ომის დროს დამაპატიმრეს და გამგზავნეს ცენტრალური ყაზახეთის კოლონიაში სოფელ კენგირთან ახლოს.
ჩემი ყურადღება იეჰოვას მოწმეების ჯგუფმა მიიპყრო. ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ სხვა პატიმრებისგან. კოლონიის სამ ბლოკში მყოფ 14 000 პატიმარს შორის დაახლოებით 80 მოწმე იყო. ეს სხვაობა განსაკუთრებით გამოიკვეთა 1954 წელს კენგირში მომხდარი აჯანყების დროს. იეჰოვას მოწმეები უარს ამბობდნენ აჯანყების მომზადებასა და მასში მონაწილეობაზე. ისინი გასაოცარ სიმშვიდეს ავლენდნენ და ცდილობდნენ, სხვა პატიმრებისთვის აეხსნათ თავიანთი პოზიცია. მათმა საქციელმა იმდენად მომხიბლა, რომ მათი მრწამსით დავინტერესდი. მოგვიანებით იეჰოვას თავი მივუძღვენი. კოლონიაში იეჰოვას მოწმეების რწმენა არაერთხელ გამოიცადა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები ტანკებით შეიჭრნენ კოლონიაში აჯანყების ჩასახშობად.
ერთხელ მაცნობეს, რომ ორი გენერალი მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოვიდა ჩემთან შესახვედრად. ერთ-ერთმა მითხრა: „ვლადიმირ, გეყოფა რა! შენ სამხედრო ინჟინერი და არქიტექტორი ხარ. ქვეყანას სჭირდები. გვინდა, რომ ძველ სამსახურს დაუბრუნდე. რა გინდა ამ გაუნათლებელ ხალხში?!“
„საამაყო არაფერი მაქვს, — ვუპასუხე მე. — ყველა ნიჭი ღვთისგან გვაქვს ბოძებული. ღვთის მორჩილი ადამიანები ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს გაიხარებენ, გასრულყოფილდებიან და ჭეშმარიტად განათლებული ადამიანები იქნებიან“.
ბედნიერი ვიყავი, რომ ამ გენერლებთან ჭეშმარიტების შესახებ საუბრის შესაძლებლობა მომეცა. რამდენჯერმე მითხრეს, ყოფილ სამსახურს დავბრუნებოდი. მაგრამ ვთხოვე, ჩემთვის თავი დაენებებინათ და სულიერ ძმებთან დავეტოვებინე.
1955 წელს განაჩენი გამიუქმეს. მუშაობა დავიწყე არქიტექტორად დაწესებულებაში, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა სამხედრო საქმესთან. გულმოდგინედ ვქადაგებდი ჭეშმარიტებას და ერთი ინჟინრის ოჯახთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მალე ოჯახის ყველა წევრი იეჰოვას მოწმე და გულმოდგინე მქადაგებელი გახდა. კა-გე-ბე თვალთვალს არ წყვეტდა და ერთ-ერთი ჩხრეკის დროს ბინაში ბიბლიური ლიტერატურა მიპოვეს. სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მომისაჯა და ციმბირის ქალაქ კრასნოიარსკის კოლონიაში გამგზავნეს. ერთხელ დავთვალე და აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე 256-ჯერ შევიცვალე ციხე თუ კოლონია.
[ჩარჩო⁄სურათი 147, 148 გვერდებზე]
დიდი ჩემოდნები გვჭირდებოდა
ნადეჟდა იაროში
დაიბადა: 1926 წელს
მოინათლა: 1957 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ნადეჟდამ ჭეშმარიტება რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში გაიგო. საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ ის მრავალი წლის განმავლობაში აწვდიდა ძმებს ლიტერატურასა და წერილებს. ამჟამად კავკასიაში ცხოვრობს.
საკონცენტრაციო ბანაკში 1943 წელს მოვხვდი; იეჰოვას მოწმეებთან შეხვედრამდე ცხოვრების აზრს ვერ ვხედავდი. ბედნიერი ვიყავი, რომ სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედით დავბრუნდი მშობლიურ უკრაინაში. რწმენაში გაძლიერების მიზნით მოწმეებთან მიმოწერა დავიწყე. მაგრამ კა-გე-ბემ ჩემი წერილები წაიკითხა და კოლონიაში 15 წლით პატიმრობა მომისაჯეს.
1947 წლის ნოემბერში კოლიმას კოლონიაში აღმოვჩნდი; იქ არც ერთ მოწმეს არ შევხვედრივარ. იეჰოვას დახმარებით ქადაგებას ვახერხებდი. ერთი პატიმარი ევდოკია ბიბლიით დაინტერესდა. ჩვენ დავმეგობრდით და ერთმანეთს სულიერად და ემოციურად მხარში ვედექით. მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტების შესახებ ძალიან ცოტა ვიცოდი, იეჰოვასადმი ერთგულებას ვინარჩუნებდი.
1957 წლის დასაწყისში, გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ, საცხოვრებლად გადავედი სუეტიხაში, ირკუტსკის ოლქში. ძმებმა სიყვარულით მიმიღეს. ისინი სამსახურისა და ბინის პოვნაში დამეხმარნენ. მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ თეოკრატიულ საქმეებში მონაწილეობა შემომთავაზეს. ვინაიდან მონათლული არ ვიყავი, წყლით სავსე კასრში მომნათლეს. ამის შემდეგ მზად ვიყავი იეჰოვას ორგანიზაციაში პასუხისმგებლობების მისაღებად. ჩემი მოვალეობა იყო ბიბლიური ლიტერატურის და კორესპონდენციის დატარება.
ლიტერატურა დამქონდა მთელ ციმბირში, ცენტრალურ რუსეთსა და დასავლეთ უკრაინაში. ყველა წვრილმანს წინასწარ ვგეგმავდი. დასავლეთ უკრაინაში ლიტერატურის წასაღებად დიდი ჩემოდნები გვჭირდებოდა. ერთხელ მოსკოვში იაროსლავის სადგურში ერთ-ერთი ჩემოდნის საკეტი გატყდა და ლიტერატურა დაიფანტა. სიმშვიდე შევინარჩუნე; გულში ვლოცულობდი და ლიტერატურას დინჯად ვაგროვებდი. როგორც იქნა ყველაფერი ავკრიფე და საჩქაროდ დავტოვე სადგური. საბედნიეროდ, ყურადღება არავინ მომაქცია.
ერთხელ ლიტერატურით სავსე ორი ჩემოდანი უკრაინიდან მოსკოვის გავლით მიმქონდა ციმბირში. კუპეში ერთი ჩემოდანი ქვემოთა საწოლის ქვეშ ჩავდე. ცოტა ხანში კუპეში ორი მგზავრი შემოვიდა — კა-გე-ბეს აგენტები. საუბრისას მათ იეჰოვას მოწმეები ახსენეს და თქვეს, რომ ისინი „ავრცელებდნენ ლიტერატურას და ანტისაბჭოურ აგიტაციას ეწეოდნენ“. ეჭვი რომ არ აეღოთ, ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რადგან ისინი, ფაქტობრივად, ჩვენს ლიტერატურაზე ისხდნენ.
ლიტერატურა გადამქონდა თუ სხვა დავალებას ვასრულებდი, ვიცოდი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ციხეში აღმოვჩენილიყავი. ბევრმა შემთხვევამ იეჰოვაზე მინდობა მასწავლა.
[ჩარჩო⁄სურათი 158, 159 გვერდებზე]
„თქვენი ხალხი სულ სხვანაირი ყოფილა“
ზინაიდა კოზირევა
დაიბადა: 1919 წელს
მოინათლა: 1958 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მრავალი წელი გაატარა სხვადასხვა კოლონიაში. გარდაიცვალა 2002 წელს.
ბავშვობიდან ვნატრობდი, ღვთის მსახური გავმხდარიყავი. 1942 წელს დაქალმა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წამიყვანა, რადგან არ სურდა, „ჯოჯოხეთში მოვხვედრილიყავი“. მღვდელმა რომ გაიგო, ოსი ვიყავი, ნათლობაზე უარი მითხრა. მაგრამ როცა დაქალმა ფული მისცა, მღვდელმა გადაიფიქრა და მომნათლა. ჭეშმარიტებას ვეძებდი, ამიტომ დავდიოდი ადვენტისტებთან, ორმოცდაათიანელებსა და ბაპტისტებთან, რის გამოც მთავრობამ შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მომისაჯა. იქ შევხვდი იეჰოვას მოწმეებს და მალევე მივხვდი, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ. გათავისუფლების შემდეგ, 1952 წელს სახლში დავბრუნდი და სასიხარულო ცნობის ქადაგება დავიწყე.
1958 წლის დეკემბრის დილას კარზე ბრახუნის ხმა გავიგე. კარი გავაღე თუ არა, სახლში ჯარისკაცები შემოცვივდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. მე ოთახის კუთხეში ორი ჯარისკაცი მყარაულობდა. ამასობაში მამაჩემმაც გაიღვიძა; ის ძალიან ნერვიულობდა ოჯახზე, განსაკუთრებით კი ჩემს ხუთ ძმაზე. ჯარისკაცებმა მთელი სახლი გაჩხრიკეს. მამაჩემი მიხვდა, რომ მიზეზი ჩემი რწმენა იყო. მან თოფს ხელი დაავლო და დამიყვირა: „შე, ამერიკელების ჯაშუშო!“ მამას ჩემი მოკვლა უნდოდა, მაგრამ ჯარისკაცებმა ხელიდან თოფი გამოსტაცეს. დაუჯერებელი იყო, რომ საკუთარ მამას შეიძლებოდა მოვეკალი. ჩხრეკის შემდეგ ბრეზენტით გადახურულ სატვირთო მანქანაში ჩამსვეს და იქიდან წამიყვანეს. მიხაროდა, რომ ცოცხალი გადავრჩი. რელიგიური საქმიანობისთვის 10 წლით პატიმრობა მომისაჯეს.
1965 წლის დეკემბერში ვადამდე ადრე გამათავისუფლეს. მშობლებს ჩემი ნახვა გაუხარდათ, მაგრამ მამას არ უნდოდა, სახლში დავრჩენილიყავი. უცნაურია, მაგრამ კა-გე-ბეს თანამშრომლებმა აიძულეს მამა, ბინაში ჩავეწერე; ისინი სამსახურის პოვნაშიც კი დამეხმარნენ. მამა კვლავ მტრულად იყო განწყობილი, მაგრამ დროთა განმავლობაში იეჰოვას მოწმეებზე წარმოდგენა შეეცვალა. მან გაიცნო და-ძმები, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ. ჩემი ძმები არ მუშაობდნენ, ლოთები და აგრესიულები იყვნენ. ერთხელ მამაჩემმა მითხრა: „თქვენი ხალხი სულ სხვანაირი ყოფილა, ვიდრე ვფიქრობდი. შეხვედრების ჩასატარებლად ერთ ოთახს დაგითმობთ“. ვერ ვიჯერებდი, რომ მამამ ერთი დიდი ოთახი დაგვითმო. მან მითხრა: „ნუ გეშინია, შეხვედრის დროს გიყარაულებთ; შიგნით არავის შემოვუშვებ“. ასეც მოხდა, მამაჩემის მკაცრი ხასიათის გამო შიგნით შემოსვლას ვერავინ ბედავდა.
ასე რომ, იეჰოვასა და მამაჩემის დახმარებით, საკუთარ ჭერქვეშ ქრისტიანულ შეხვედრებს ვატარებდით. შეხვედრებს 30-მდე ადამიანი ესწრებოდა; იმ ხანებში ოსეთში ამდენი მოწმე იყო. ძალიან მიხაროდა, როცა ფანჯრიდან ვიხედებოდი და ქუჩაში მოყარაულე მშობლებს ვხედავდი. ამჟამად ოსეთში დაახლოებით 2 600 მაუწყებელი გულმოდგინედ ქადაგებს იეჰოვას სამეფოს შესახებ (ეს. 60:22).
[ჩარჩო⁄სურათი 162, 163 გვერდებზე]
კოლონიაში ერთადერთი მოწმე დავრჩი
კონსტანტინ სკრიპჩუკი
დაიბადა: 1922 წელს
მოინათლა: 1956 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ჭეშმარიტება 1953 წელს გაიგო შრომა-გასწორების კოლონიაში და 1956 წელს მოინათლა. რწმენის გამო 25 წელი უწყვეტად იხდიდა სასჯელს. გარდაიცვალა 2003 წელს.
ძმა ვასილი 1953 წლის დასაწყისში გავიცანი ციხეში. მან მითხრა, რომ რწმენისთვის იყო დაპატიმრებული. არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა რწმენის გამო ადამიანის ციხეში ჩასმა. ამან ძილი გამიკრთო. მეორე დღეს ვასილიმ მიზეზი ამიხსნა. რაც დრო გადიოდა, ვრწმუნდებოდი, რომ ბიბლია ღვთისგან ბოძებული წიგნია.
1956 წელს მოვინათლე. წლის ბოლოს ზედამხედველებმა გაგვჩხრიკეს და დიდი რაოდენობით ბიბლიური ლიტერატურა გვიპოვეს. გამოძიება დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა და 1958 წელს რელიგიური საქმიანობის გამო სასამართლომ 23 წლით პატიმრობა მომისაჯა. მანამდე ხუთ წელიწად-ნახევარი სხვადასხვა კოლონიაში ვიხდიდი სასჯელს. სულ კოლონიებში 28 წელი და ექვსი თვე გავატარე; ამ ხნის მანძილზე თავისუფლება არ მიგემია.
1962 წელს სასამართლომ „განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედად“ გამომაცხადა და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადამიყვანეს, სადაც 11 წელი გავატარე. ეს კოლონია უამრავი მიზეზით იყო „განსაკუთრებული“. მაგალითად, საკვების დღიური ნორმა მხოლოდ 11 კაპიკი ღირდა, რითაც მაშინ ერთ პურსაც ვერ იყიდიდი. სიმაღლეში 192 სანტიმეტრი ვიყავი და 59 კილოგრამს ვიწონიდი. კანი ისე მქონდა გამომშრალი, რომ მექერცლებოდა.
ვინაიდან კარგი ხელოსანი ვიყავი, ხშირად მავალებდნენ კოლონიის თანამშრომლების ბინების შეკეთებას. მობინადრეებს ჩემი არ ეშინოდათ, ამიტომ ნივთებს არ მალავდნენ. როცა ერთი თანამშრომლის ცოლმა გაიგო, რომ მათ ბინაში რემონტს გავაკეთებდი, ექვსი წლის ბავშვი ბაღში არ წაიყვანა და მე დამიტოვა. წარმოიდგინეთ, „განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი“ მთელი დღე მარტოა ექვსი წლის ბავშვთან! ყველასთვის აშკარა იყო, რომ ბოროტმოქმედი არ ვიყავი, მით უმეტეს „განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი“.
დროთა განმავლობაში კოლონიიდან ყველა ძმა გაათავისუფლეს. 1974 წელს კოლონიაში ერთადერთი მოწმე დავრჩი. შვიდი წლის შემდეგ, 1981 წლის აგვისტოში გამათავისუფლეს. იეჰოვა სულიერად კვლავაც მაძლიერებდა. ამ შვიდი წლის მანძილზე „საგუშაგო კოშკს“ წერილობით ვიღებდი. ერთი ძმა რეგულარულად მიგზავნიდა წერილებს, რომლებშიც უახლესი ჟურნალიდან ფაქიზად გადაწერილი სტატიები იყო. კოლონიის ცენზორი ყოველთვის გახსნილ წერილს მაძლევდა ხელში. წერილის შინაარსი ორივემ კარგად ვიცოდით. დღემდე არ ვიცი, რატომ იგდებდა თავს საფრთხეში კოლონიის ცენზორი, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ შვიდი წელი იქ იმუშავა. ყველაზე მეტად კი იეჰოვას მადლიერი ვარ. ამ წლების მანძილზე მასზე მინდობა ვისწავლე და ის ყოველთვის მაძლიერებდა (1 პეტ. 5:7).
[ჩარჩო⁄სურათი 168, 169 გვერდებზე]
ომის შემდეგ რუსეთში დავბრუნდი
ალექსეი ნეპოჩატოვი
დაიბადა: 1921 წელს
მოინათლა: 1956 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ჭეშმარიტება 1943 წელს გაიგო ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში; 19 წელი გაატარა რუსეთის ციხეებსა და კოლონიებში. 30 წელი მსახურობდა სრული დროით პიონერად, უმეტესწილად, აკრძალვის დროს.
ოცი წლის ალექსეი ნაცისტურ გერმანიაში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. მოგვიანებით ის ბუხენვალდის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ჭეშმარიტება გაიგო. გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე ორმა ცხებულმა ძმამ უთხრა: „ალექსეი, კარგი იქნება, თუ ომის დამთავრების შემდეგ რუსეთში დაბრუნდები. ამ უზარმაზარ ქვეყანას მომკელები განსაკუთრებით სჭირდება. იქ ძალიან რთული მდგომარეობაა, ამიტომ ნებისმიერი განსაცდელისთვის მზად იყავი! ჩვენ ვილოცებთ შენთვისაც და შენი მსმენელისთვისაც“.
1945 წელს ბრიტანელებმა ალექსეი გაათავისუფლეს. მას რუსეთში დაბრუნებისთანავე ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ის წერს: „თავიდან ციხეში ერთადერთი მოწმე ვიყავი. იეჰოვას ხელმძღვანელობას ვთხოვდი, რომ „ცხვრები“ მეპოვა; მალე ცამეტნი გავხდით. მთელი ამ ხნის მანძილზე ბიბლიური ლიტერატურა არ გვქონდა. ბიბლიურ მუხლებს ციხის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნებიდან ვიწერდით“.
სასჯელის მოხდის შემდეგ ალექსეი საცხოვრებლად გადავიდა იქ, სადაც იცოდა, რომ ბევრი მორწმუნე იყო. ის ყვება: „ხალხი სულიერად შიმშილობდა. ისინი დღისითაც მოდიოდნენ ჩემთან და ღამითაც, თან ბავშვები მოჰყავდათ. რასაც ისმენდნენ, ყველაფერს ბიბლიაში ამოწმებდნენ“.
რამდენიმე წელიწადში ალექსეი 70-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა, რომ მონათლულიყვნენ. ერთ-ერთი იყო მარია, რომელიც მოგვიანებით მას ცოლად გაჰყვა. ალექსეი იხსენებს: „კა-გე-ბემ მომაგნო და 25 წლით პატიმრობა მომისაჯეს. შემდეგ მარიაც დააკავეს. სასამართლომდე მარია შვიდი თვით სამარტოო სატუსაღოში ჩასვეს. გამომძიებელმა უთხრა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდა, თუ იეჰოვას უარყოფდა. მარიამ უარი უთხრა. სასამართლომ მას შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა კოლონიაში. ერთმა თანაქრისტიანმა ჩვენი პატარა გოგონა სახლში წაიყვანა და ზრუნავდა მასზე“.
ალექსეი და მარია ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ისინი ტვერის ოლქში გადავიდნენ საცხოვრებლად. ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ მათ; ერთხელ მეზობელმა მათ სახლს ცეცხლი წაუკიდა. წლების მანძილზე ალექსეის და მარიას არაერთხელ მოუწიათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; მიუხედავად ამისა, მოწაფეებს ისინი ყველგან ამზადებდნენ.
ალექსეი ამბობს: „მთელი პატიმრობის განმავლობაში ღვთის სიტყვის წაკითხვის შესაძლებლობა არ გვქონდა. გათავისუფლების შემდეგ კი მიზნად დავისახეთ, ბიბლია ყოველდღე გვეკითხა. მე და მარიამ ბიბლია 40-ზე მეტჯერ წავიკითხეთ. სწორედ ღვთის სიტყვა გვაძლევს ძალასა და ენთუზიაზმს მსახურებისთვის“.
ალექსეიმ ნაცისტურ ბანაკებში 4 წელი გაატარა, რუსეთის ციხეებსა და კოლონიებში კი — 19. ის 30 წელი მსახურობდა პიონერად და ამ ხნის მანძილზე მეუღლესთან ერთად ათეულობით ადამიანს დაეხმარა, რომ გასცნობოდნენ იეჰოვას და ჰყვარებოდათ ის.
[ჩარჩო⁄სურათი 177, 178 გვერდებზე]
ჯარისკაცი მართალი იყო
რეგინა კუკუშკინა
დაიბადა: 1914 წელს
მოინათლა: 1947 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მრავალი წელი კრებასთან კონტაქტი არ ჰქონდა; მიუხედავად ამისა, ერთგულად ქადაგებდა სასიხარულო ცნობას.
ერთმა მოწმემ 1947 წელს ბაზარში მიქადაგა. იმავე საღამოს სახლში მივაკითხე და რამდენიმე საათი ვისაუბრეთ. იმ დღეს გადავწყვიტე, მეც მთელი გულით მემსახურა იეჰოვასთვის. მოწმეს ვუთხარი: „მეც მინდა შენსავით ვიქადაგო“.
1949 წელს ლვოვში ქადაგების გამო დამაკავეს და ქმარსა და ორ პატარა ქალიშვილს დამაშორეს. ეგრეთ წოდებულმა ტროიკამ ანუ სამმა მოსამართლემ დახურულ სასამართლო მოსმენაზე დახვრეტა მომისაჯა. მაგრამ განაჩენის წაკითხვისას ერთ-ერთმა მითხრა: „ვინაიდან ორი შვილი გყავთ, გადავწყვიტეთ, სიკვდილით დასჯა 25-წლიანი პატიმრობით შეგიცვალოთ“.
მე კაცების საკანში ჩამსვეს. მათ იცოდნენ, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. როცა გაიგეს, რომ 25 წელი მომისაჯეს, ჩემი სიმშვიდით გაოცდნენ. ციხიდან კოლონიაში რომ გადავყავდი, ერთმა ახალგაზრდა ჯარისკაცმა საკვები მომცა და თბილად მითხრა: „ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება“.
სასჯელს 1953 წლამდე ვიხდიდი ჩრდილოეთ რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში. იქ ბევრი და იყო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან. ჩვენ ერთი ოჯახივით ვიყავით.
ვცდილობდით ჩვენი საქციელით გვექადაგა და იმედი გვქონდა, რომ სხვებიც ღვთის მსახურები გახდებოდნენ. კოლონიაში მძიმედ ვშრომობდით. მართალია, ვადაზე ადრე გამათავისუფლეს, მაგრამ სხვა სახის იზოლაციაში აღმოვჩნდი. ხუთი წელი კავშირი არ მქონდა კრებასთან. ეს პატიმრობაზე უარესი იყო. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას მხარდაჭერასა და სიყვარულს. გამუდმებით ვკითხულობდი ბიბლიას და წაკითხულზე ვფიქრობდი, რაც სულიერად მაძლიერებდა.
იეჰოვა უჩვეულოდ დამეხმარა მოწმეების პოვნაში. გაზეთ „საბჭოთა რუსეთში“ წავიკითხე სტატია, რომელიც ცუდად მოიხსენიებდა ოსეთში მცხოვრებ ძმებს. მასში ნათქვამი იყო, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ანტისაბჭოური იყო. სტატიაში ასევე ჩამოწერილი იყო და-ძმების გვარები და მისამართები. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! მივწერე, რომ მათთან შეხვედრა მინდოდა. როცა ძმებს შევხვდი, ძალიან გამამხნევეს და მითხრეს, რომ ის სტატია იეჰოვას ნებით გამოიცა, რათა მის ხალხს შევხვედროდი.
ამჟამად 92 წლის ვარ. ის კეთილი ჯარისკაცი მართალი იყო. სირთულეების მიუხედავად, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მართლაც კარგად იყო!
[ჩარჩო⁄სურათი 188, 189 გვერდებზე]
შეძლებისდაგვარად გავამაგრეთ „კარვის პალოები“
დიმიტრი ლივი
დაიბადა: 1921 წელს
მოინათლა: 1943 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: რუსეთში ოც წელზე მეტხანს იმსახურა ქვეყნის კომიტეტის წევრად. ამჟამად უხუცესად მსახურობს ციმბირის ერთ-ერთ კრებაში.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე, 1944 წელს, ქრისტიანული ნეიტრალიტეტისთვის სამხედრო ტრიბუნალის წინაშე ვიდექი. მოსამართლემ დახვრეტა მომისაჯა, მაგრამ განაჩენი 10 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობით შემიცვალა.
1945 წლის იანვარში გადამიყვანეს რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ პეჩორის კოლონიაში (კომის რესპუბლიკა). ასობით პატიმარს შორის ათი ძმა იყო. სამწუხაროდ, „საგუშაგო კოშკის“ ერთადერთი ნომერი ჩამომართვეს და სულიერი საზრდოს გარეშე დავრჩით. ფიზიკურად დაუძლურებულს მუშაობა არ შემეძლო. ბანაობის დროს ერთმა ძმამ მითხრა, რომ ცარიელი ჩონჩხი ვიყავი. მართლაც, ისე საცოდავად გამოვიყურებოდი, რომ ვორკუტის მედკოლონიაში გადამიყვანეს.
ცოტა რომ მოვმაგრდი, ქვიშის საბადოზე სამუშაოდ წამიყვანეს. ერთ თვეში ისევ ჩონჩხს დავემსგავსე. ექიმს ეგონა, რომ საჭმელს თამბაქოზე ვცვლიდი, მაგრამ ვუთხარი, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი და არ ვეწეოდი. ამ კოლონიაში ორ წელზე მეტი გავატარე. თუმცა ერთადერთი მოწმე ვიყავი, ყოველთვის ვნახულობდი ხალხს, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ ჭეშმარიტებას. ზოგი მათგანი გამოეხმაურა კიდეც სასიხარულო ცნობას.
ერთხელ ნათესავებმა „საგუშაგო კოშკის“ ხელნაწერი გამომიგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველები გულდასმით ჩხრეკდნენ ყველა ამანათს, ხელნაწერმა მოაღწია ჩემამდე. გაინტერესებთ, როგორ? დაკეცილი გვერდები მოთავსებული იყო ორმაგძირიან კონსერვის ყუთში და ზემოდან ქონის სქელი ფენა ედო. ციხის ზედამხედველმა ჩახვრიტა კონსერვის ყუთი და, ვინაიდან საეჭვო ვერაფერი იპოვა, მომცა. ამ „სიცოცხლის წყალმა“ კარგა ხანს შემინარჩუნა ძალა (იოან. 4:10).
1949 წლის ოქტომბერში ვადაზე ადრე გამათავისუფლეს და ნოემბერში მშობლიურ უკრაინაში დავბრუნდი. გავიგეთ, რომ რამდენიმე ძმა ჩავიდა მოსკოვში ჩვენი საქმიანობის დასარეგისტრირებლად, მაგრამ ჩანდა, რომ მთავრობას არ უნდოდა საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეების ოფიციალურად აღიარება.
1951 წლის 8 აპრილს ღამით იეჰოვას მოწმეების სხვა ოჯახებთან ერთად მატარებლის ვაგონებში ჩაგვსხეს და ციმბირში გაგვგზავნეს. ორი კვირის შემდეგ ჩავედით ციმბირის სოფელ ხაზანში (ირკუტსკის ოლქი).
გულში ჩავიბეჭდეთ ესაიას 54:2-ში ჩაწერილი სიტყვები: „დააგრძელე შენი კარვის თოკები და გაამაგრე შენი კარვის პალოები!“ ვფიქრობდი, რომ ეს წინასწარმეტყველება ჩვენზე სრულდებოდა. რომელი ჩვენგანი წავიდოდა ციმბირში თავისი ნებით?! ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა გაგვემაგრებინა კარვის პალოები. ასე რომ, ციმბირში 55 წელზე მეტხანს ვიცხოვრე.
[ჩარჩო⁄სურათი 191, 192 გვერდებზე]
ჩემი სახლი არასოდეს მქონია
ვალენტინა გარნოვსკაია
დაიბადა: 1924 წელს
მოინათლა: 1967 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 21 წელი გაატარა ციხეებსა და კოლონიებში; აქედან 18 წელი მონათვლამდე იხდიდა სასჯელს. ის 44 ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. ვალენტინა 2001 წელს გარდაიცვალა.
დედასთან ერთად ბელორუსიის დასავლეთ ნაწილში ვცხოვრობდი. პირველად იეჰოვას მოწმეებს 1945 წლის თებერვალში შევხვდი. ერთმა ძმამ სამჯერ მოგვაკითხა სახლში და ბიბლიურ საკითხებზე გვესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ის მეტად აღარ მინახავს, მეზობლებთან და ნაცნობებთან დავიწყე ქადაგება. რელიგიური საქმიანობისთვის დამაკავეს და ულიანოვსკის ოლქში არსებულ კოლონიაში 8 წლით პატიმრობა მომისაჯეს.
კოლონიაში ყურადღებით ვაკვირდებოდი პატიმრებს და ვუსმენდი მათ საუბრებს იმ იმედით, რომ იეჰოვას მოწმეებს შევხვდებოდი. 1948 წელს ყური მოვკარი ერთი პატიმრის საუბარს ღვთის სამეფოს შესახებ. პატიმარს ასია ერქვა. ძალიან გამიხარდა, რომ მასთან სულიერ საკითხებზე საუბრის საშუალება მომეცა. ცოტა ხანში ჩვენს კოლონიაში სამი და გადმოიყვანეს. ლიტერატურა ძალიან ცოტა გვქონდა, ამიტომ ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი გვესაუბრა სულიერ საკითხებზე.
1953 წელს გამათავისუფლეს, მაგრამ სამ-წელიწად ნახევრის შემდეგ ისევ გამასამართლეს ქადაგებისთვის და 10 წლით პატიმრობა მომისაჯეს. 1957 წელს გამგზავნეს კემეროვოს კოლონიაში, სადაც დაახლოებით 180 და იხდიდა სასჯელს. ბიბლიური ლიტერატურა ყოველთვის გვქონდა. ზამთარში ლიტერატურას თოვლში ვმალავდით, ზაფხულში კი — ბალახსა და მიწაში. ჩხრეკის დროს მხრებზე შემოხვეული მქონდა დიდი შალი, რომლის ბოლოები ხელნაწერებთან ერთად ხელში მეჭირა. როცა ერთი კოლონიიდან მეორეში გადავყავდი „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე ასლს ვდებდი ქუდში, რომელიც მე თვითონ შევკერე.
ბოლოს მორდვეთის ერთ-ერთ კოლონიაში გადამიყვანეს. ბიბლიას იქ საიმედო ადგილას მალავდნენ. მას მხოლოდ იმ დის თანდასწრებით ვკითხულობდით, ვისაც მისი დამალვა ევალებოდა. მანამდე ბიბლია მხოლოდ ერთხელ მქონდა ნანახი იმ ძმის ხელში, რომელმაც 1945 წელს ჭეშმარიტება მიქადაგა.
გათავისუფლების შემდეგ, 1967 წელს უზბეკეთის ქალაქ ანგრენში გადავედი საცხოვრებლად. იქ იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. ანგრენში პირველად შევხვდი ძმებს, რადგან სასჯელს ქალთა კოლონიებში ვიხდიდი. კრებაში და-ძმები ენთუზიაზმით ქადაგებდნენ და ისინი მალე შემიყვარდნენ. 1969 წლის იანვარში ქადაგების გამო ჩვენი კრებიდან 8 ძმა და 5 და დაგვაკავეს. მე, როგორც „განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედს“, სამი წლით პატიმრობა მომისაჯეს. ქადაგებისთვის არაერთხელ ვყოფილვარ სამარტოო სატუსაღოში.
დაინტერესებულებთან ბიბლიას საბნის ქვეშ ვსწავლობდით. სეირნობის დროს საუბარი გვეკრძალებოდა. თუ გამოგვიჭერდნენ, რომ ვლაპარაკობდით, სამარტოო სატუსაღოში მივყავდით. ჩვენ მხოლოდ ხელით გადაწერილი ლიტერატურა გვქონდა, რომლის ასლებსაც გამუდმებით ვაკეთებდით.
ჩემი სახლი არასოდეს მქონია. რაც გამაჩნდა, ყველაფერი ერთ ჩემოდანში ეტეოდა. მიუხედავად ამისა, ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი, რომ იეჰოვას ვემსახურებოდი.
[ჩარჩო⁄სურათი 200, 201 გვერდებზე]
გამომძიებელმა სულიერად გამაძლიერა
პაველ სივულსკი
დაიბადა: 1933
მოინათლა: 1948
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: არაერთხელ სცადეს იდეოლოგიური ზეწოლით მისთვის აზროვნების შეცვლა. ამჟამად რუსეთის ერთ-ერთ კრებაში მსახურობს უხუცესად.
რელიგიური საქმიანობისთვის 1958 წელს დამაპატიმრეს. ოფიცერმა მატარებლამდე მიმაცილა და მითხრა: „კიდევ ერთხელ შეხედე შენს ცოლს, რადგან ვეღარასოდეს ნახავ“.
ირკუტსკის ციხეში სპეციალურ საკანში ჩამსვეს, რომელიც იმდენად პატარა იყო, რომ მხოლოდ ფეხზე დგომა შემეძლო. სასამართლომდე ექვსი თვე სამარტოო საკანში გავატარე. დაკითხვა ღამით მიმდინარეობდა; გამომძიებლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბიბლიისა და ღვთის ორგანიზაციისადმი რწმენა დამეკარგა. ბრალად მედებოდა იეჰოვას მოწმეთა უკანონო საქმიანობაში მონაწილეობა. ზოგჯერ ძალადობასაც მიმართავდნენ, თუმცა, ძირითადად, იდეოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ვევედრებოდი იეჰოვას, სიმტკიცის შესანარჩუნებლად ჩემთვის ძალა მოეცა. ის ყოველთვის ჩემთან იყო.
ერთხელაც, დაკითხვების პერიოდში, გამომძიებელმა თავის კაბინეტში გამომიძახა და მითხრა: „ახლა გაიგებ, რას წარმოადგენს შენი ორგანიზაცია და არის თუ არა ის ღმერთისგან!“
მან თვალებში ჩამხედა და მითხრა: „წელს ნიუ-იორკში ორ სტადიონზე ჩატარდა თქვენი კონგრესი, რომელსაც 253 000 ადამიანი დაესწრო. თუ გავითვალისწინებთ ამ შეკრების მასშტაბებს, შეუძლებელია, ეს ცე-ერ-უს დახმარების გარეშე მომხდარიყო. კონგრესი რვა დღე გრძელდებოდა. მას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები, რომლებიც იქ თვითმფრინავით, მატარებლით, გემით და სხვა ტრანსპორტით ჩავიდნენ. როგორ იქნებოდა ეს შესაძლებელი მთავრობის დახმარების გარეშე?! ვინ გადაიხადა ფული ამ უზარმაზარ სტადიონებზე რვადღიანი კონგრესის ჩასატარებლად?!“
გამომძიებელმა მაგიდაზე ფოტოსურათები დადო. ერთ-ერთ სურათზე გამოსახული იყვნენ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ბედნიერი დელეგატები, რომლებიც ერთმანეთს ეხვეოდნენ; სხვა სურათზე ძმა ნორი მოხსენებას კითხულობდა; იყო ნათლობის სურათიც; ერთ სურათზე ძმა ნორი ახალმონათლულებს აძლევდა წიგნს „შესრულდეს შენი ნება დედამიწაზე“. ჩვენ ეს წიგნი არ გვქონდა, მაგრამ მოგვიანებით „საგუშაგო კოშკიდან“ გავიგეთ მისი გამოქვეყნების შესახებ. შემდეგ გამომძიებელმა თვალებში შემომხედა და მითხრა: „რაზეა ეს წიგნი? ჩრდილოეთის მეფეზე და იმაზე, თუ რა ელის მას?! იეჰოვას მოწმეები ვერ შეძლებდნენ ამ შეკრების ორგანიზებას დამოუკიდებლად! ჩვენ ვიცით, რომ ასეთ შეხვედრებს ამერიკელი სამხედროებიც ესწრებიან, რათა ჯარის მართვა ისწავლონ. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ერთმა მილიონერმა დიდი თანხა გაიღო ამ კონგრესის ჩასატარებლად, მილიონერები კი ფულს ტყუილად არ ხარჯავენ!“
გამომძიებელი ვერც კი წარმოიდგენდა, რას ვგრძნობდი იმ დროს — თითქოს კონგრესს ციხეში ვესწრებოდი! ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ხელმეორედ დავიბადე. ეს სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა! იეჰოვამ არაჩვეულებრივად მაკურთხა. მე მზად ვიყავი, სხვა გამოცდებიც ამეტანა.
[ჩარჩო⁄სურათი 214, 215 გვერდებზე]
თეატრი სავსე იყო იეჰოვას მოწმეებით
ვენერა გრიგორიევა
დაიბადა: 1936 წელს
მოინათლა: 1994 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პროფესიით მსახიობი. 1960 წელს ითამაშა როლი საბჭოთა პროპაგანდისტულ ფილმში. 1995 წლიდან პიონერად მსახურობს სანკტ-პეტერბურგში.
კარიერის დასაწყისში, 1960 წელს მთავარი როლი ვითამაშე ფილმში „ღვთის მოწმეები“, რომელიც საბჭოთა კავშირის კინოთეატრებში გადიოდა. ფილმში მოთხრობილია „იეჰოვას მოწმეთა საშიში სექტის“ შესახებ, ვისი მიზეზითაც მთავარი გმირი ტანია იღუპება. სცენარის მიხედვით, ტანია ღამით, ქარბუქში, პალტოს გარეშე იპარება „სექტიდან“. ის თოვლში უჩინარდება, რის შემდეგაც მთხრობელი სევდიანად ამბობს: „ასე დასრულდა ტანია ვესელოვას ამბავი“. სცენარი ძალიან მომეწონა და დიდ პატივად ჩავთვალე იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება; თუმცა სცენარის იქით არაფერი ვიცოდი მათ შესახებ.
ფილმი საბჭოთა კავშირის მრავალ კინოთეატრსა და კლუბში აჩვენეს. ყველა პრემიერას ვესწრებოდი და ფილმის შემდეგ მაყურებლის წინაშე გამოვდიოდი. ეს ის დრო იყო, როცა საბჭოთა ხალხს ყველაფერი სჯეროდა, რასაც ეკრანზე ხედავდა. სცენაზე რომ გავდიოდი, ყველა შვებით ამოისუნთქავდა და ამბობდა: „ცოცხალი ყოფილა!“ შემდეგ აუდიტორიას ვუყვებოდი, როგორ გადაიღეს ფილმი და როგორ შექმნეს სპეცეფექტით ქარბუქი, რომელმაც ვიწრო ხევში ჩამაგდო და თოვლით დამფარა.
ერთხელ ვიშნი-ვოლოჩოკში კალინის ოლქში (ამჟამად ტვერის ოლქი) ვესტუმრე თეატრს, რომელიც ხალხით იყო გადაჭედილი; თუმცა სხვებისგან განსხვავებით ამ პრემიერამ უჩვეულოდ ჩაიარა. ფილმის ჩვენების შემდეგ ერთმა ხანდაზმულმა მამაკაცმა რელიგიური შინაარსის რამდენიმე კითხვა დამისვა. სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მე ათეისტური შეხედულებები დავიცავი. ფილმის შესახებ სიტყვა არავის დაუძრავს. ჩუმად გავედი კულისებში და შეხვედრის ორგანიზატორს ვკითხე, იმ წუთას ვის ველაპარაკე.
მან მითხრა: „ეს იეჰოვას მოწმეთა სექტის უფროსია; თეატრი სავსეა მოწმეებით“. ასე შევხვდი პირველად იეჰოვას მოწმეებს. ბიბლიის წაკითხვა მინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვე. მოგვიანებით, ცოლად გავყევი პოლონელ მამაკაცს და საცხოვრებლად პოლონეთში გადავედით. 1977 წელს ორმა მოწმემ კარზე მოგვიკაკუნა; მალე მათთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ბიბლია ძალიან შემიყვარდა. ამასთან, მე და ჩემი ქმარი იეჰოვას მოწმეებს დავუმეგობრდით. 1985 წელს მამაჩემი, რომელიც ლენინგრადში (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი) ცხოვრობდა, მოულოდნელად ავად გახდა და იქ გადავედით საცხოვრებლად. იეჰოვას ვთხოვდი, რომ მოწმეებს შევხვედროდი.
ბოლოს, როგორც იქნა, იეჰოვას მოწმე გავხდი. 12 წელია სანკტ-პეტერბურგში პიონერად ვმსახურობ, ჩემი ქმარი ზჯისვავი კი მომსახურეა კრებაში.
საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ კინოინდუსტრიას „ცბიერებით გამიზნული სიცრუით“ შეცდომაში შეჰყავს მრავალი ადამიანი (ეფეს. 4:14). საბჭოთა პროპაგანდისტულ ფილმში მონაწილეობისას ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 30 წლის შემდეგ იეჰოვას მოწმე გავხდებოდი.
[ჩარჩო 237 გვერდზე]
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რუსულ ენაზე
ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში იეჰოვას მოწმეები იყენებდნენ ბიბლიის სხვადასხვა თარგმანს რუსულ ენაზე. ერთ-ერთი სინოდალური თარგმანია. თუმცა თარგმანის ენა ძველია და ღვთის სახელი მასში იშვიათად მოიხსენიება, ის დაეხმარა ათასობით რუსულენოვან მკითხველს, გაეგო ღვთის განზრახვა. ასევე დამხმარე იყო ბიბლიის მაკარისეული თარგმანი, რომელშიც ღვთის სახელი 3 000-ზე მეტჯერ მოიხსენიება. თუმცა რუსეთში მოწმეების რიცხობრივმა ზრდამ ბიბლიის ზუსტ, ნათელ და თანამედროვე თარგმანზე მოთხოვნილება გაზარდა.
ხელმძღვანელმა საბჭომ იზრუნა, რომ რუსულ ენაზე გაკეთებულიყო „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ამ დიდ პროექტზე რუსეთის ფილიალი ათ წელზე მეტხანს მუშაობდა.
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რუსულ ენაზე 2001 წელს გამოქვეყნდა. 2007 წელს რუსულ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რამაც ძალიან გაახარა რუსულენოვანი მკითხველი მთელ მსოფლიოში. თარგმანის გამოცემა პირველად გამოაცხადეს ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა თეოდორ იარაჩმა სანკტ-პეტერბურგში და სტივენ ლეტმა მოსკოვში, რასაც აუდიტორია მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა. ამას მალევე მოჰყვა მადლიერი მკითხველის გამოხმაურება. „ძალიან ნათელი, გასაგები და ცოცხალი ენით შესრულებული თარგმანია! — წერდა ერთი და. — ბიბლიის კითხვა ახლა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს“. ბევრი მადლიერების სიტყვებს სწერდა ფილიალს: „ეს უძვირფასესი საჩუქარია იეჰოვასგან“; „გთხოვთ, მიიღოთ ჩვენგან გულითადი მადლობა“. რუსულ ენაზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჭეშმარიტების მოყვარულთათვის მართლაც რომ ნიშანსვეტია!
[ჩარჩო⁄სურათი 244, 245 გვერდებზე]
ჩვენი პრობლემები ერთ დღეში გადაიჭრა
ივან და ნატალია სლავები
დაიბადნენ: 1966 წ. (ივანი) და 1969 წ. (ნატალია)
მოინათლნენ: 1989 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პიონერებად მსახურების პერიოდში გადავიდნენ ტერიტორიაზე, სადაც მქადაგებლების მეტი საჭიროება იყო. ამჟამად ივანი რუსეთის ფილიალის კომიტეტის წევრია.
მე და ნატალია 1990-იანი წლების დასაწყისში უკრაინიდან რუსეთში გადავედით. ბელგოროდის ოლქში, რომლის მოსახლეობაც მილიონ-ნახევარს შეადგენდა, ათამდე მაუწყებელი იყო. აშკარად ჩანდა, რომ იქ „სამკალი ბევრი [იყო], მუშები კი ცოტა“ (მათ. 9:37).
თავის რჩენა რომ შეგვძლებოდა, სამსახური უნდა გვეპოვა. მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ბევრმა სამსახური დაკარგა. მოსახლეობის ძირითადი საკვებით მომარაგების მიზნით მთავრობამ გამოუშვა კუპონები, ანუ ტალონები, რომლებსაც სამუშაო ადგილებზე არიგებდნენ. რადგან არ ვმუშაობდით, ტალონები არ გვქონდა. ამიტომ პროდუქტებს ძვირად ვყიდულობდით ბაზარში. ჩვენ ბინის პრობლემაც გვქონდა და სასტუმროში ვცხოვრობდით. ოცი დღის ქირის გადახდის შემდეგ ჯიბეში კაპიკი აღარ დაგვრჩა. ყოველდღე ვევედრებოდით იეჰოვას, სამსახურისა და იაფფასიანი ბინის პოვნაში დაგვხმარებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე გულმოდგინედ ვქადაგებდით და გულწრფელ ადამიანებს ვეძებდით. დადგა ჩვენი სასტუმროში ყოფნის ბოლო დღე. დარჩენილი ფულით პური და ერთი კოლოფი რძე ვიყიდეთ. საღამოს დაწოლის წინ კიდევ ერთხელ ვთხოვეთ ლოცვაში იეჰოვას, სამსახურისა და საცხოვრებლის პოვნაში დაგვხმარებოდა, რადგან მეორე დილით ოთახი უნდა დაგვეცალა.
დილით ტელეფონის ზარმა გაგვაღვიძა. ჩვენდა გასაკვირად, სასტუმროს ადმინისტრატორმა გვაცნობა, რომ მიმღებში ჩემი დეიდაშვილი გველოდებოდა. მან ცოტა ფული შემოგვთავაზა და გვითხრა, რომ სოლიდური პრემია აიღო და სურდა, ჩვენთვის ფული ეჩუქებინა. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთმა ძმამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ იაფფასიანი ბინა გვიშოვა. იმავე დღეს ჩვენ საბავშვო ბაღში სამსახურიც ვიშოვეთ მეეზოვედ. ასე რომ, ჩვენი პრობლემები ერთ დღეში გადაიჭრა. გვქონდა მცირეოდენი თანხა, საცხოვრებელი ადგილი და სამუშაო. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ იეჰოვამ მოისმინა ჩვენი ლოცვები.
1991 წელს ბელგოროდში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 55 ადამიანი დაესწრო, მეორე წელს დამსწრეთა რიცხვი 150 იყო, მესამე წელს კი — 354. 2006 წელს ქალაქში ექვსი კრება იყო, ბელგოროდის ოლქში კი — 2 200-ზე მეტი მაუწყებელი.
[ჩარჩო 250 გვერდზე]
ბოლოდროინდელი სასამართლო საქმეები
2007 წლის იანვარში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა, რომ გვაქვს თაყვანისმცემლობის თავისუფლება, და ჩვენ სასარგებლოდ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომელშიც ეწერა: „იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ჯგუფის მიერ რელიგიური ლიტერატურის ერთად შესწავლა და განხილვა მათი თაყვანისცემისა და სწავლების ნაწილია, რაც კანონით ნებადართულია“.
თუმცა 2004 წელს მოსკოვში მოწმეთა საქმიანობა კანონით შეიზღუდა, ძმები კვლავაც იკრიბებოდნენ თაყვანისმცემლობისთვის და სრულად მონაწილეობდნენ სამქადაგებლო საქმიანობაში. 2007 წელს მოსკოვში ძმებმა დაბრკოლების გარეშე აღნიშნეს უფლის გახსენების საღამო და ჩაატარეს საოლქო კონგრესები; მსგავსი სიტუაცია იყო თითქმის მთელ რუსეთში.
იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ძმები კვლავაც გაბედულად უმკლავდებიან წინააღმდეგობებს. მაგალითად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანეთ ახალი საჩივარი იმის თაობაზე, რომ მოსკოვში ლიუბლინოს პოლიციამ 2006 წლის 12 აპრილს ჩაშალა უფლის გახსენების საღამო. პოლიციამ დააკავა 14 ძმა და დანით დაემუქრა მათ ადვოკატს. თუმცა ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ძმების სასარგებლოდ იყო, სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. ამასთანავე, 2007 წლის ივლისში შევიტანეთ საჩივარი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არაკანონიერად იძიებდნენ ჩვენს რელიგიურ საქმიანობას სანკტ-პეტერბურგში.
[ცხრილი⁄სქემა 228—230 გვერდებზე]
დროის დიაგრამა რუსეთში
1890
1891 გაბედულად ქადაგების გამო სემიონ კოზლიცკი აღმოსავლეთ რუსეთში გადაასახლეს.
1904 გერმანიის ფილიალმა ბიბლიური ლიტერატურისთვის მადლობის წერილები მიიღო რუსეთიდან.
1910
1913 რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა ბიბლიის მკვლევართა ოფისი ფინეთში, რომელიც იმ დროს რუსეთის იმპერიაში შედიოდა.
1923 რუსეთიდან დაიწყეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ წერილების გაგზავნა, რომლებშიც ბიბლიურ ლიტერატურას ითხოვდნენ.
1928 მოსკოვში ჯორჯ იანგმა მთავრობას სთხოვა, კანონიერად ეცნო ბიბლიის მკვლევარების საქმიანობა რუსეთში. მთავრობამ მას ვიზა აღარ გაუგრძელა.
1929 ხელშეკრულება დაიდო ტალინის (ესტონეთი) ერთ-ერთ რადიოსადგურთან. ბიბლიის შესახებ ლექციებს გადასცემდნენ ლენინგრადსა და სხვა ქალაქებში.
1930
1939—1940 სსრკ-მ შეიერთა დასავლეთი უკრაინა, მოლდავეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ათასობით იეჰოვას მოწმე აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
1944 ასობით მოწმე ჩასვეს რუსეთის სხვადასხვა მხარეში არსებულ ციხეებსა და შრომა-გასწორების კოლონიებში.
1949 იეჰოვას მოწმეები მოლდავეთიდან გადაასახლეს ციმბირსა და ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში.
1950
1951 დასავლეთ უკრაინიდან, ბელარუსიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და ესტონეთიდან 8 500 მოწმე გადაასახლეს ციმბირში.
1956—1957 მსოფლიოში ჩატარებული 199 საოლქო კონგრესის დელეგატებმა საბჭოთა მთავრობას გაუგზავნეს პეტიცია რელიგიის თავისუფლების შესახებ.
1950-იანი წლების მიწურულს მორდვეთის მკაცრი რეჟიმის სპეციალურ კოლონიაში 600-ზე მეტი მოწმე იყო.
1965 საბჭოთა მთავრობის სპეციალური განკარგულების თანახმად, ციმბირში გადასახლებულებს შეეძლოთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მოწმეები ქვეყნის სხვადასხვა მხარეში გადავიდნენ.
1970
1989—1990 ხელმძღვანელი საბჭოს წევრები პირველად შეხვდნენ ძმებს რუსეთში. მოწმეები სსრკ-დან გაემგზავრნენ სპეციალურ კონგრესებზე პოლონეთში.
1990
1991 წლის 27 მარტს იეჰოვას მოწმეები კანონიერად აღიარეს რუსეთში.
1992—1993 სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში ჩატარდა საერთაშორისო კონგრესები.
1997 რუსეთის ფილიალის მიძღვნა დაბა სოლნეჩნოეში სანკტ-პეტერბურგთან ახლოს.
1999 პირველი საკონგრესო დარბაზის მიძღვნა რუსეთში, სანკტ-პეტერბურგი.
2000
2003 დასრულდა ფილიალის გაფართოება.
2007 რუსეთში 2 100-ზე მეტი აქტიური კრება და ჯგუფია.
[დიაგრამა]
(იხილეთ პუბლიკაცია)
მაუწყებლების რიცხვი
პიონერების რიცხვი
მაუწყებლების რიცხვი
პიონერების რიცხვი
მაუწყებლების რიცხვი ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყანაში
360 000
300 000
240 000
180 000
120 000
60 000
40 000
20 000
1890 1910 1930 1950 1970 1990 1990 2000
[დიაგრამა⁄რუკა 218 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რუსეთის ფილიალს სხვა ფილიალები ეხმარებიან, რომ ლიტერატურის ტრანსპორტირება ქვეყნის ყველა ნაწილში მოხდეს
გერმანია ფინეთი
↓ ↓
სოლნეჩნოე
↓ ↓ ↓ ↓
ბელორუსია ყაზახეთი მოსკოვი რუსეთი
იაპონია
↓
ვლადივოსტოკი
↓
კამჩატკა
[რუკები 116, 117 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ჩრდილოეთის პოლარული წრე
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე
ჩრდილოეთის პოლარული წრე
ბარენცის ზღვა
კარის ზღვა
ლაპტევების ზღვა
აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
ჩუკოტკის ზღვა
ბერინგის სრუტე
შვედეთი
ნორვეგია
დანია
კოპენჰაგენი
გერმანია
პოლონეთი
ლოძი
ვარშავა
ბალტიის ზღვა
ფინეთი
ესტონეთი
ლატვია
ლიტვა
ბელორუსია
ბრესტი
უკრაინა
ლვოვი
მოლდოვა
კასპიის ზღვა
ყაზახეთი
ასტანა
კენგირი
უზბეკეთი
ტაშკენტი
ანგრენი
ჩინეთი
მონღოლეთი
ულან-ბატორი
ჩინეთი
იაპონიის ზღვა
იაპონია
ტოკიო
ჰოკაიდო
ოხოტის ზღვა
ბერინგის ზღვა
რუსეთი
პეტროზავოდსკი
სანკტ-პეტერბურგი
სოლნეჩნოე
კალინინგრადი
ნოვგოროდი
ვიშნი-ვოლოჩოკი
მოსკოვი
ტულა
ორიოლი
კურსკი
ვორონეჟი
უდარნი
ვლადიმირი
ივანოვო
ნიჟნი-ნოვგოროდი
სიქტივკარი
უხტა
პეჩორა
ინტა
ახალი მიწა
ვორკუტა
ურალის მთები
ციმბირი
ეკატერინბურგი
ნაბერეჟნიე-ჩელნი
იჟევსკი
სარატოვი
ვოლჟსკი
სტავროპოლი
პიატიგორსკი
მთა ელბრუსი
ნალჩიკი
ნართყალა
ბესლანი
ვლადიკავკაზი
კავკასიის მთები
ასტრახანი
მდინარე ვოლგა
ტომსკი
ნოვოსიბირსკი
კემეროვო
კრასნოიარსკი
ნოვოკუზნეცკი
უსტ-კანი
აქთაში
ბირიუსინსკი
ოქტიაბრსკი
ბრატსკი
ვიხორევკა
ტულუნი
ცენტრალური ყაზანი
ზიმა
ზალარი
უსოლიე-სიბირსკოე
კიტოი
ანგარსკი
ირკუტსკი
ბაიკალის ტბა
კირენსკი
ხაბაროვსკი
ვლადივოსტოკი
კორსაკოვი
იუჟნო-სახალინსკი
სახალინი
იაკუტსკი
ოიმიაკონი
უსტ-ნერა
კამჩატკა
ჩუკოტკის ნახევარკუნძული
მდინარე კოლიმა
ხაიირი
ნორილსკი
[რუკა 167 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
კასპიის ზღვა
ბალტიის ზღვა
ბარენცის ზღვა
კარის ზღვა
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე
ჩრდილოეთ პოლუსი
ლაპტევების ზღვა
აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
ჩუკოტკის ზღვა
ბერინგის სრუტე
ოხოტის ზღვა
იაპონიის ზღვა
ყაზახეთი
ჩინეთი
მონღოლეთი
მურმანსკი
ფსკოვი
ტვერი
მოსკოვი
ბელგოროდი
ვორონეჟი
როსტოვი
ყაბარდო-ბალყარეთი
ალანია
ივანოვო
ნიჟე-გოროდი
მორდვეთი
ულიანოვსკი
ვოლგოგრადი
თათრეთი
პერმი
კომის რესპ.
ურალის მთები
ციმბირი
ეკატერინბურგი
ჩელიაბინსკი
კურგანი
ტიუმენი
ომსკი
ტომსკი
ნოვოსიბირსკი
ალთაი
ალთაის რესპ.
კემეროვო
ხაკასეთის რესპ.
კრასნოიარსკი
ტუვის რესპ.
ირკუტსკი
ბურიატია
ჩიტა
სახას რესპუბლიკა
ამური
ხაბაროვსკი
პრიმორიეს მხარე
სახალინი
კამჩატკა
[სურათი 66 გვერდზე]
აისი ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე
[სურათები 68 გვერდზე]
ტრაფარეტი ყაზახურ და რუსულ ენებზე მიუთითებს ციმბირის სოფელ ბუხტარმაზე, სადაც სემიონ კოზლიცკი გადაასახლეს
[სურათები 71 გვერდზე]
ჰერკენდელებმა თაფლობის თვე რუსეთში გაატარეს და გერმანულენოვან ხალხს დაეხმარნენ
[სურათები 74 გვერდზე]
კარლო ჰარტევას (მარჯვნივ) უფლებამოსილება მთავრობის ბეჭდის დასმით კანონიერად აღიარა რუსეთის იმპერიის საკონსულომ ნიუ-იორკში
[სურათი 80 გვერდზე]
1925 წლის მაისში კარნეგიში (პენსილვანია, აშშ) რუსულ კონგრესს დაესწრო 250 ადამიანი და 29 მოინათლა
[სურათი 81 გვერდზე]
ამ ჟურნალში ეწერა, რომ „ვორონეჟის ოლქი გაივსო სექტებით“
[სურათი 82 გვერდზე]
ჯორჯ იანგი
[სურათები 84 გვერდზე]
ალექსანდრე ფორსტმანი დაახლოებით ათი წელი თარგმნიდა ტრაქტატებს, ბუკლეტებსა და წიგნებს რუსულ ენაზე
[სურათი 90 გვერდზე]
რეგინა და პიოტრ კრივოკულსკები 1997 წელს
[სურათები 95 გვერდზე]
ოლგა სევრიუგინა პიოტრის წერილების დახმარებით გახდა იეჰოვას მსახური
[სურათი 100 გვერდზე]
ივან კრილოვი
[სურათები 101 გვერდზე]
ციმბირში გადასახლებულმა მოწმეებმა სახლები ააშენეს
[სურათი 102 გვერდზე]
მაგდალინა ბელოშიცკაია და მისი ოჯახი ციმბირში გადაასახლეს
[სურათი 110 გვერდზე]
ვიქტორ გუტშმიდტი
[სურათი 115 გვერდზე]
ალა 1964 წელს
[სურათი 118 გვერდზე]
სემიონ კოსტილიევი დღეს
[სურათი 120 გვერდზე]
ვლადისლავ აპანიუკს რწმენის გამოცდების გადატანაში მშობლები დაეხმარნენ
[სურათები 121 გვერდზე]
პოლიციამ ნადეჟდა ვიშნიაკის ბინაში იპოვა ბუკლეტი „არმაგედონის შემდეგ — ღვთის ახალი ქვეყნიერება“
[სურათი 126 გვერდზე]
ბორის კრილცოვი
[სურათი 129 გვერდზე]
ვიქტორ გუტშმიდტი დასთან ერთად (უკან), ქალიშვილებთან და ცოლთან, პოლინასთან ერთად 1957 წელს, დაპატიმრებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე
[სურათი 134 გვერდზე]
ივან პაშკოვსკი
[სურათი 136 გვერდზე]
1959 წელს ჟურნალ „ნიანგში“ დაიბეჭდა თივის ზვინში დამალული ლიტერატურის სურათი
[სურათი 139 გვერდზე]
1959 წელს კა-გე-ბემ ამ სახლის სარდაფში სტამბა აღმოაჩინა
[სურათი 142 გვერდზე]
ალექსეი გაბურიაკი მრავალს დაეხმარა, ორგანიზაციაში დაბრუნებულიყვნენ
[სურათები 150 გვერდზე]
თვითნაკეთი საბეჭდი მოწყობილობა
როტარული საბეჭდი მანქანა
ქაღალდის პრესი
საჭრელი დანადგარი
სტეპლერი
[სურათი 151 გვერდზე]
ტრამვაის მძღოლმა სტეპან ლევიცკიმ თამამად მიმართა მესტამბეს ლიტერატურის დასაბეჭდად
[სურათი 153 გვერდზე]
გრიგორი გატილოვი საკანში სხვა პატიმრებთან ქადაგებდა
[სურათები 157 გვერდზე]
დიდ ყვავილებში ბიბლიის შესწავლა და განხილვა მოსახერხებელი იყო
[სურათი 161 გვერდზე]
ბუკლეტის ფორმატის „საგუშაგო კოშკი“ (ნატურალური ზომა)
[სურათი 164 გვერდზე]
„სსრკ-ს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულება“
[სურათი 170 გვერდზე]
ძმები „განძს“ ჩემოდნების ორშრიან გვერდებსა და ჩექმებში მალავდნენ
[სურათი 173 გვერდზე]
ივან კლიმკო
[სურათი 175 გვერდზე]
ასანთის კოლოფში წვრილი შრიფტით დაწერილი ხუთი-ექვსი „საგუშაგო კოშკი“ ეტეოდა
[სურათი 184, 185 გვერდებზე]
მორდვეთის ერთ-ერთ კოლონიაში წლების მანძილზე არც ერთ ძმას არ გაუცდენია გახსენების საღამო
[სურათი 194 გვერდზე]
ნიკოლაი გუცულიაკი არაფორმალურად ქადაგებდა კოლონიის მეთაურის ცოლთან
[სურათები 199 გვერდზე]
საერთაშორისო კონგრესები
1989 წელს რუსი დელეგატები ესწრებოდნენ პოლონეთში ჩატარებულ სამ საერთაშორისო კოგრესს
ვარშავა
ხორჟოვი
პოზნანი
[სურათი 202 გვერდზე]
ოფიციალური რეგისტრაციის მიღების შემდეგ (მარცნიდან მარჯვნივ): თეოდორ იარაჩი, მიხაილ დასევიჩი, დიმიტრი ლივი, მილტონ ჰენშელი, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, ანანი გროგული, ალექსეი ვერჟბიცკი და უილი პოლი
[სურათები 205 გვერდზე]
მილტონ ჰენშელი კითხულობს მოხსენებას სანკტ-პეტერბურგში კიროვის სტადიონზე ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე დევიზით „სინათლის მატარებელნი“, 1992 წელი
[სურათი 206 გვერდზე]
ფილიალისთვის შეძენილი ტერიტორია სოლნეჩნოეში, რუსეთი
[სურათი 207 გვერდზე]
აულის და ევა-ლიზა ბერიდალები სოლნეჩნოეში ჩასულ მოხალისეთა პირველ ჯგუფში იყვნენ
[სურათი 208 გვერდზე]
ჰანუ და ეია ტანინენები სანკტ-პეტერბურგში სპეციალურ პიონერებად დანიშნეს
[სურათი 210 გვერდზე]
რომან სკიბას ცოლთან, ლიუდმილასთან ერთად საოლქო ზედამხედველად მსახურებისას შორ მანძილებზე მოგზაურობა უწევდა
[სურათი 220 გვერდზე]
ძმები ტვირთავენ ლიტერატურას ვლადივოსტოკის პორტში
[სურათი 224 გვერდზე]
არნო და სონია ტიუნგლერებმა რუსეთში მსახურების სხვადასხვა სფეროში მიიღეს მონაწილეობა
[სურათი 226, 227 გვერდებზე]
კრების შეხვედრა სანკტ-პეტერბურგთან ახლოს ტყეში 1989 წელს
[სურათი 238 გვერდზე]
რუსეთის ფილიალი ხელმძღვანელობს ლიტერატურის 40-ზე მეტ ენაზე თარგმნას
[სურათი 243 გვერდზე]
პიონერული მსახურების პირველი სკოლა, 1996 წლის ივნისი, სანკტ-პეტერბურგი
[სურათები 246 გვერდზე]
ქადაგება რუსეთში
პერმის ოლქსა და ქალაქ ნარტკალაში
სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში
იაკუტსკში კარდაკარ
სარატოვის ბაზარზე
[სურათები 252, 253 გვერდებზე]
რუსეთის ფილიალი
ხედი ზემოდან, საცხოვრებელი კორპუსები და მიმდებარე ტერიტორია
[სურათი 254 გვერდზე]
2006 წელს მოსკოვში ჩატარებულ საოლქო კონგრესს 23 537 დელეგატი დაესწრო
[სურათი 254 გვერდზე]
ლუჟნიკის სტადიონი