მკითხველთა შეკითხვები
იეჰოვას ზოგიერთ მოწმეს სთავაზობენ რელიგიურ ნაგებობებთან ან საკუთრებასთან დაკავშირებულ სამსახურს. როგორია ბიბლიის თვალსაზრისი ამის შესახებ?
ამ საკითხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ქრისტიანები, რომლებსაც გულწრფელად სურთ, მიჰყვნენ 1 ტიმოთეს 5:8-ში ჩაწერილ სიტყვებს, სადაც ხაზგასმულია ოჯახის მატერიალურად რჩენის აუცილებლობა. მათ უდავოდ უნდა გამოიყენონ ეს პრინციპი, მაგრამ არასწორი იქნებოდა, თუ ისინი თანხმობას განაცხადებდნენ ნებისმიერი სახის ქვეყნიური სამუშაოს შესრულებაზე. ქრისტიანებს შეგნებული აქვთ, რომ აუცილებელია ღვთის სხვა პრინციპების გათვალისწინებაც. მაგალითად, ქრისტიან მამაკაცს გამართლება არა აქვს, თუ უზნეობასა და მკვლელობაში მონაწილეობით არღვევს ბიბლიურ პრინციპებს ოჯახის მატერიალურად უზრუნველსაყოფად (შეადარეთ დაბადება 39:4–9; ესაია 2:4; იოანე 17:14, 16). აგრეთვე მნიშვნელოვანია, ქრისტიანები დაემორჩილონ ბრძანებას და გამოეყონ დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს (გამოცხადება 18:4, 5).
მთელ მსოფლიოში ღვთის მსახურები სამუშაოსთან დაკავშირებით მრავალნაირ სიტუაციას აწყდებიან. ჩვენი მხრიდან არაგონივრული იქნებოდა და ჩვენს უფლებებსაც გასცდებოდა, ჩამოგვეთვალა ყველანაირი სიტუაცია და დაგვედგინა მკაცრი წესები (2 კორინთელთა 1:24). გავიხსენოთ ზოგიერთი ფაქტორი, რომლებიც ქრისტიანებმა მხედველობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილების მიღებისას სამსახურთან დაკავშირებით. 1982 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში, როგორ გვეხმარება ღვთისგან ბოძებული სინდისი, ეს ფაქტორები მოკლედ იყო განხილული. ამ სტატიის ჩარჩოში მოცემულია ორი ძირითადი შეკითხვა და შემდეგ ჩამოთვლილია სხვა სასარგებლო ფაქტორები.
პირველი — განსჯის ბიბლია ქვეყნიურ სამსახურს? „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნულია, რომ ბიბლია განსჯის ქურდობას, სისხლის არასწორად გამოყენებასა და კერპთაყვანისმცემლობას. ქრისტიანი უნდა მოერიდოს ისეთ ქვეყნიურ სამსახურს, რომელიც ხელს უწყობს ღვთისთვის მიუღებელ, უკვე ზემოთ მოხსენიებულ, საქმეებს.
მეორე — ასეთი სამუშაოს შესრულებით ხომ არ გავხდებოდით უკანონო საქმეების თანამონაწილე? თუ ადამიანი კაზინოში, გინეკოლოგიური კლინიკის სააბორტო განყოფილებაში ან საროსკიპოში მუშაობს, ბიბლიური თვალსაზრისით, ის უკანონო საქმეების თანამონაწილეა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთ დაწესებულებებში ყოველდღიურად ასუფთავებს იატაკებს ან ტელეფონის ზარზე პასუხობს, მაინც იმ საქმიანობას უწყობს ხელს, რომელსაც ღვთის სიტყვა მსჯავრს სდებს.
ქრისტიანებმა, რომლებსაც სამუშაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, აღმოაჩინეს, რომ სწორედ ამ საკითხების გაანალიზება დაეხმარათ სწორი ნაბიჯის გადადგმაში.
მაგალითად, ამ ორი საკითხის გამოკვლევამ დაგვანახვა, რატომ არ იქნებოდა მართებული, ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი ცრუ რელიგიური ორგანიზაციის თანამშრომელი გამხდარიყო, ანუ ემუშავა ეკლესიისთვის ან ეკლესიაში. გამოცხადების 18:4-ში მოცემულია შემდეგი ბრძანება: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, რომ არ ეზიაროთ მის ცოდვებს“. თუ ადამიანი რეგულარულად მუშაობს რელიგიურ ორგანიზაციაში, სადაც ცრუ თაყვანისცემას ასწავლიან, დიდი ბაბილონის საქმეებისა და ცოდვების თანაზიარი ხდება. თუ იქ მომსახურე ასრულებს მებაღის, დამლაგებლის, ხელოსნის ან ბუხჰალტრის მოვალეობას, ის ასეთი მომსახურების საშუალებით მხარს უჭერს თაყვანისმცემლობას, რომელიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ რელიგიას. გარდა ამისა, როდესაც სხვები ხედავენ, რომ ადამიანი ალამაზებს და არემონტებს ეკლესიას ან სხვაგვარად უწყობს ხელს მის რელიგიურ საქმიანობას, ცხადია, მას იმ რელიგიას მიაკუთვნებენ.
რა შეიძლება ითქვას მასზე, ვინც რეგულარულად არ მუშაობს ეკლესიისთვის ან რელიგიური ორგანიზაციისთვის? ვინმე შეიძლება მოულოდნელად გამოიძახონ ეკლესიის სარდაფში წყლის გახეთქილი მილის შესაკეთებლად. განსხვავდება ეს იმ სიტუაციისგან, როცა ვინმე თავად იჩენს ინიციატივას და დებს ხელშეკრულებას, რომ გადახურავს ეკლესიას ან შეაკეთებს მის სახურავს?
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მრავალნაირი სიტუაციის წარმოდგენა შეიძლება. განვიხილოთ ხუთი დამატებითი ფაქტორი, რომლებიც ზემოხსენებულ „საგუშაგო კოშკში“ იყო მოცემული.
1) არის თუ არა სამუშაო, უბრალოდ, მომსახურება, რომელიც თავისთავად არ ეწინააღმდეგება ბიბლიას? მოვიყვანოთ ფოსტალიონის მაგალითი. თუ მას ფოსტა მიაქვს ეკლესიისთვის ან სააბორტო განყოფილებისთვის, ეს, მაინცდამაინც, არ ნიშნავს, რომ იგი ხელს უწყობს არასწორ საქმიანობას. ღმერთი გვაძლევს მზის სინათლეს, რომელიც ყველა შენობის ფანჯრებში აღწევს, როგორც ეკლესიის, ასევე აღნიშნული განყოფილების ფანჯრებში (საქმეები 14:16, 17). ფოსტალიონად მომუშავე ქრისტიანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ყოველდღიურად ემსახურება ხალხს. მსგავს მდგომარეობაშია ქრისტიანი, რომელსაც უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში იძახებენ. მაგალითად; თუ სანტექნიკია, შეიძლება გამოიძახონ ეკლესიის წყლით დატბორვის შესაჩერებლად, ხოლო თუ სასწრაფო დახმარებაში მუშაობს — იმისათვის, რომ დახმარება აღმოუჩინოს პირს, რომელიც ეკლესიაში წირვის დროს გახდა ცუდად. მან მსგავსი სიტუაციები შეიძლება მიიჩნიოს ისეთ შემთხვევად, როცა, უბრალოდ, ეხმარება ადამიანს.
2) რამდენად პასუხისმგებელია ადამიანი გარკვეულ საქმიანობაზე? მაღაზიის მფლობელი ქრისტიანი არასოდეს დათანხმდებოდა კერპების, სპირიტული ამულეტების, სიგარეტისა თუ სისხლზე დამზადებული ძეხვების შეკვეთასა და გაყიდვაზე. როგორც მფლობელი, ის განაგებს ყველაფერს. სხვები შეიძლება უბიძგებენ, გაყიდოს სიგარეტი ან კერპები, რაც მოგებას მოიტანდა, მაგრამ ის ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენის შესაბამისად იმოქმედებს. მეორე მხრივ, ქრისტიანი შეიძლება გასტრონომში მოლარედ, დამლაგებლად ან ბუხჰალტრად მუშაობდეს. ასეთ შემთხვევაში ის არ გააკონტროლებს, რა საქონელს უკვეთავენ და ყიდიან, თუნდაც ამაში შედიოდეს ისეთი არასასურველი საქონელი, როგორიცაა სიგარეტი ან რელიგიური დღესასწაულებისთვის განკუთვნილი საგნებიa (შეადარეთ ლუკა 7:8; 17:7, 8). ეს საკითხი მომდევნო პუნქტთან არის კავშირში.
3) რამდენად არის დაკავშირებული ადამიანი გარკვეულ საქმიანობასთან? დავუბრუნდეთ მაგალითს მაღაზიის თაობაზე. დავუშვათ, ვინმეს მაღაზიაში დროგამოშვებით უწევს სიგარეტის ან რელიგიური დღესასწაულებისთვის განკუთვნილი საგნების აღრიცხვა ან თაროებზე დალაგება; ამ შემთხვევაში ეს მისი ძირითადი სამუშაოს მცირე ნაწილია. მაგრამ სულ სხვაა, როდესაც იმავე მაღაზიის თანამშრომელი მუშაობს განყოფილებაში, სადაც მხოლოდ თამბაქოს ყიდიან. ის სრული სამუშაო დღის განმავლობაში იმას აკეთებს, რაც ქრისტიანულ რწმენას ეწინააღმდეგება (2 კორინთელთა 7:1). ეს გვიჩვენებს, რატომ არის საჭირო სამუშაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას დავფიქრდეთ, რამდენად ვიქნებით დაკავშირებული გარკვეულ საქმიანობასთან.
4) ვინ გვიხდის გასამრჯელოს ან სად ვმუშაობთ? განვიხილოთ ორნაირი სიტუაცია. კარგი სახელის მოსაპოვებლად კლინიკის ადმინისტრაცია, სადაც აბორტები კეთდება, გადაწყვეტილებას იღებს, ფული გადაუხადოს მას, ვინც დაასუფთავებს კლინიკის მიმდებარე ქუჩებს. საფასურს, ცხადია, კლინიკა იხდის, მაგრამ მეეზოვე იქ არ მუშაობს და არც არავინ ხედავს მას კლინიკაში მთელი დღის მანძილზე. მას ხედავენ მხოლოდ საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისას, რაც თავისთავად არ ეწინააღმდეგება საღვთო წერილს, და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ უხდის მას გასამრჯელოს. ახლა მოვიყვანოთ სხვა მაგალითი; სახელმწიფოში, სადაც პროსტიტუცია კანონით ნებადართულია, ჯანდაცვის სამსახური გასამრჯელოს უხდის ექთანს საროსკიპოში მუშაობისთვის, რომ გასინჯოს მისი თანამშრომლები სქესობრივი კავშირით გადამდები დაავადებების შემცირების მიზნით. მართალია, მას გასამრჯელოს ჯანდაცვის სამსახური უხდის, მაგრამ ის მთელი დღის განმავლობაში მუშაობს საროსკიპოში, სადაც უზნეობას უვნებელსა და უფრო მეტად მისაღებს ხდის. ეს მაგალითები გვიჩვენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინება, ვინ გვიხდის გასამრჯელოს და სად ვმუშაობთ.
5) რა შედეგი მოჰყვება გარკვეული სამუშაოს შესრულებას; ვინმეს სინდისს ხომ არ შებღალავს ან ხომ არ დააბრკოლებს სხვებს? უნდა გავითვალისწინოთ როგორც ჩვენი, ისე სხვების სინდისი. მაშინაც კი, თუ განსაზღვრული სამუშაო (სამუშაო ადგილისა და შემოსავლის წყაროს ჩათვლით) მისაღებია ქრისტიანების უმრავლესობისთვის, ზოგიერთი შეიძლება ფიქრობდეს, რომ მას სინდისი შეაწუხებდა ასეთი სამუშაოს შესრულებისას. მოციქულმა პავლემ, რომელმაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, განაცხადა: „დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18). გვმართებს, თავი ავარიდოთ ისეთ სამუშაოს, რომლის გამოც სინდისი შეგვაწუხებდა; ამავე დროს, არ უნდა გავაკრიტიკოთ სხვები, რომლებსაც განსხვავებული სინდისი აქვთ. ქრისტიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ გარკვეული სამუშაო არ ეწინააღმდეგება ბიბლიას, მაგრამ გრძნობდეს, რომ ეს დააბრკოლებს ბევრს როგორც ქრისტიანულ კრებაში, ისე მის გარეთ. პავლემ სწორი თვალსაზრისი გამოთქვა: „ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს, არამედ ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი“ (2 კორინთელთა 6:3, 4).
მოდით ახლა დავუბრუნდეთ მთავარ შეკითხვას, რომელიც ეკლესიის შენობაში მუშაობას ეხება. მაგალითად, ეკლესიაში საჭიროა ახალი ფანჯრების ჩასმა, ნოხების დასუფთავება ან ღუმლის შეკეთება. ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინება?
გავიხსენოთ უფლებამოსილების საკითხი. არის თუ არა ქრისტიანი საქმის გამგებელი, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს, შეასრულებს თუ არა ასეთი სახის სამუშაოს ეკლესიაში? მოისურვებდა ასეთი უფლების მქონე ქრისტიანი, ეთანამშრომლა დიდ ბაბილონთან გარკვეული სამუშაოს შესრულების პირობით ან ხელშეკრულების დადებით, რომ დაეხმარებოდა რელიგიას, რომელიც ცრუ თაყვანისმცემლობას ეწევა? არ იქნებოდა ეს იმ მაღაზიის მფლობელის გადაწყვეტილების მსგავსი, რომელიც თანახმაა, მის მაღაზიაში გაყიდონ სიგარეტები ან კერპები? (2 კორინთელთა 6:14–16).
თუ ქრისტიანი უბრალო მუშაა და არა აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება სამუშაოსთან დაკავშირებით, უნდა გაითვალისწინოს სხვა ფაქტორები — სად მუშაობს და რა დატვირთვით ასრულებს განსაზღვრულ სამუშაოს. სთხოვენ ამ მუშას, უბრალოდ, მიიტანოს ან დაალაგოს ახალი სკამები, ანდა შეასრულოს სხვა სამუშაო, მაგალითად ჩააქროს ხანძარი ეკლესიაში? მრავალი განასხვავებდა ამას იმ მუშის საქმიანობისგან, რომელიც დიდ დროს უთმობს ეკლესიის შეღებვას ან რეგულარულად მუშაობს ეკლესიაში მებაღედ, იქაურობის გასალამაზებლად. ასეთი რეგულარული ან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად მეტი ალბათობაა, რომ სხვებმა ეს ქრისტიანი მიაკუთვნონ იმ რელიგიას, რომელსაც თავად არ იწონებს, ეს შეიძლება ბევრისთვის დაბრკოლებად იქცეს (მათე 13:41; 18:6, 7).
ჩვენ განვიხილეთ სამსახურის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც წარმოდგენილი იყო ცრუ რელიგიასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის გათვალისწინებით. მაგრამ ამ ფაქტორების მხედველობაში მიღება სხვა სამუშაოებთან დაკავშირებითაც შეიძლება. თითოეულ შემთხვევაში ლოცვით უნდა გააანალიზოთ და გაითვალისწინოთ მოცემული სიტუაციის კონკრეტული ანუ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მხარეები. ზემოხსენებული ფაქტორები უკვე მრავალ გულწრფელ ქრისტიანს დაეხმარა, მიეღო გონივრული გადაწყვეტილება, რომლითაც დაამტკიცებდა, რომ სურდა სწორად და უმწიკვლოდ ევლო იეჰოვას წინაშე (იგავნი 3:5, 6; ესაია 2:3; ებრაელთა 12:12–14).
[სქოლიოები]
a საავადმყოფოს თანამშრომელმა ზოგიერთმა ქრისტიანმა მხედველობაში უნდა მიიღოს უფლებამოსილების საკითხი. ექიმი შეიძლება უფლებამოსილი იყოს, თავად შეურჩიოს პაციენტს მედიკამენტები და მკურნალობის მეთოდები. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პაციენტი სისხლის გადასხმის ან აბორტის გაკეთების წინააღმდეგი არ არის, განა გააკეთებდა ამას ქრისტიანი ექიმი, რომლისთვისაც ცნობილია ბიბლიის თვალსაზრისი ასეთ მოქმედებებთან დაკავშირებით? ექიმისგან განსხვავებით, ექთანს შეიძლება არ ჰქონდეს მსგავსი უფლებები. ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისას ექიმმა შეიძლება დაავალოს მას, აუღოს პაციენტს სისხლი ანალიზისთვის ან მოუაროს აბორტის გასაკეთებლად მისულ ქალს. 4 მეფეთა 5:17–19-ში მოყვანილ შემთხვევაზე დაყრდნობით, ექთანმა შეიძლება დაასკვნას, რამდენადაც მის მოვალეობაში არ შედის, მოითხოვოს პაციენტისთვის სისხლის გადასხმა ან აბორტის გაკეთება, შეუძლია პაციენტს, უბრალოდ, მოემსახუროს. რასაკვირველია, ის საკუთარ სინდისს უნდა გაუფრთხილდეს, რათა ‘კეთილი სინდისით ცხოვრობდეს ღვთის წინაშე’ (საქმეები 23:1, აფ).