თავი 12
წინააღმდეგობა გაუწიე ბოროტ სულიერ ძალებს
1. როგორ რეაგირებდა იესო, როდესაც ბოროტ სულებს პირისპირ ხვდებოდა?
მალე, თავისი მონათვლის შემდეგ, იესო ქრისტე წავიდა იუდეის უდაბნოში ლოცვისა და ფიქრისთვის. იქ სატანა ეშმაკი შეეცადა, აეძულებინა ის, დაერღვია ღმერთის კანონი. მაგრამ იესომ უარყო სატანის საცდური და არ გაება მახეში. დედამიწაზე თავისი მსახურების დროს, იესო პირისპირ შეეჯახა სხვა ბოროტ სულებს. არაერთხელ გაკიცხა ისინი და წინააღმდეგობა გაუწია მათ (ლუკა 4:1–13; 8:26–34; 9:37–43).
2. რომელი საკითხები უნდა განვიხილოთ?
2 ბიბლიური ცნობები, სადაც აღწერილია ეს პირისპირ შეხვედრები ბოროტ სულიერ ძალებთან, გვარწმუნებს, რომ ისინი არსებობენ. ისინი ცდილობენ, მოატყუონ ადამიანები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ბოროტ სულებს. საიდან წარმოიშვნენ ბოროტი სულები? რატომ ცდილობენ ადამიანების მოტყუებას? რა მეთოდებს იყენებენ ისინი, რომ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს? ასეთ კითხვებზე პასუხების პოვნა დაგვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ ბოროტ სულიერ ძალებს.
ბოროტი სულები — მათი დასაბამი და მიზანი
3. როგორ წარმოიშვა სატანა ეშმაკი?
3 ადამიანების შექმნამდე დიდი ხნით ადრე იეჰოვა ღმერთმა შექმნა მრავალი სულიერი ქმნილება (იობი 38:4, 7). როგორც მე-6 თავში იყო ახსნილი, ამ ანგელოზებიდან ერთ-ერთს განუვითარდა სურვილი, რომ ადამიანებს მისთვის ეცათ თაყვანი და არა იეჰოვა ღმერთისთვის. რადგან ამ მიზნისთვის იღწვოდა, ეს ბოროტი ანგელოზი განუდგა და ცილი დასწამა შემოქმედს, პირველ ქალს კი შთააგონა, რომ ღმერთი მატყუარა იყო. ამიტომ, ეს მეამბოხე სულიერი ქმნილება მართებულად გახდა ცნობილი, როგორც სატანა (მოწინააღმდეგე) და ეშმაკი (ცილისმწამებელი) (დაბადება 3:1–5; იობი 1:6).
4. როგორი ცოდვა ჩაიდინა ზოგიერთმა ანგელოზმა ნოეს დღეებში?
4 მოგვიანებით სხვა ანგელოზებიც შეუერთდნენ სატანა ეშმაკს. სამართლიანი ადამიანის, ნოეს, დროს ზოგიერთმა მათგანმა მიატოვა თავისი მსახურება ზეცაში და ხორცი შეისხა იმისათვის, რომ მიწიერ ქალებთან დაეკმაყოფილებინა თავისი სექსუალური სურვილი. უეჭველია, სატანამ გავლენა მოახდინა ამ ანგელოზებზე, რათა დაუმორჩილებლობის გზა აერჩიათ. შემდეგ ამან გამოიწვია ის, რომ მათ ეყოლათ ჰიბრიდული შთამომავლობა, რომლებსაც უწოდებდნენ ბუმბერაზებს და რომლებიც გახდნენ ძლიერი არსებები; ისინი გახდნენ მოძალადეები. როდესაც იეჰოვამ დიდი წარღვნა მოავლინა, გახრწნილი ადამიანები და ამ დაუმორჩილებელი ანგელოზების ბოროტი შთამომავლობა განადგურდნენ. მეამბოხე ანგელოზები განადგურებას იმით გადაურჩნენ, რომ მოიცილეს ხორციელი სხეულები და დაბრუნდნენ სულიერ სამყაროში. მაგრამ ღმერთმა ჩამოართვა თავისუფლება ამ დემონებს და გარიყა სულიერ სიბნელეში (დაბადება 6:1–7, 17; იუდა 6). მიუხედავად ამისა, სატანა, ‘ეშმაკთა მთავარი’ და მისი ბოროტი ანგელოზები აგრძელებენ თავიანთი მეამბოხე გზით სიარულს (ლუკა 11:15). რა არის მათი მიზანი?
5. როგორი მიზანი აქვთ სატანასა და მის დემონებს და რას იყენებენ ისინი ადამიანების მოსატყუებლად?
5 სატანისა და დემონების ბოროტ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ჩამოაშორონ ადამიანები იეჰოვა ღმერთს. ამიტომ ეს ბოროტი არსებები კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ატყუებენ, აშინებენ და იერიში მიაქვთ ადამიანებზე (გამოცხადება 12:9). დღევანდელობის მაგალითები ადასტურებენ, რომ დემონური აგრესია ახლა უფრო მავნეა, ვიდრე ოდესმე უწინ. იმისათვის, რომ ადამიანები მოატყუონ, ხშირად, დემონები იყენებენ სპირიტიზმის ყველა სახეობას. როგორ იყენებენ დემონები ამ სატყუარას და როგორ შეგიძლია დაიცვა თავი?
როგორ ცდილობენ ბოროტი სულები შენს მოტყუებას
6. რა არის სპირიტიზმი და რომელია მისი ზოგიერთი სახეობა?
6 რა არის სპირიტიზმი? ეს არის პირდაპირი ან ადამიანიმედიუმის მეშვეობით კავშირი დემონებთან, ანუ ბოროტ სულებთან. დემონები ისე იყენებენ სპირიტიზმს, როგორც მონადირეები სატყუარას: ის იზიდავს მსხვერპლს. და ზუსტად ისე, როგორც მონადირე იყენებს სხვადასხვაგვარ სატყუარას იმისათვის, რომ ხაფანგში შეიტყუოს ცხოველები, ასევე ბოროტი სულებიც იყენებენ სპირიტიზმის სხვადასხვა სახეობას, რათა ადამიანები თავიანთი ზეგავლენის ქვეშ მოაქციონ (შეადარე ფსალმუნი 118:110). ამ სახეობიდან ზოგიერთი არის მკითხაობა, ჯადოქრობა, მარჩიელობა, გრძნეულება, მონუსხვა, მედიუმებისგან რჩევის მიღება, მკვდრების გამოკითხვა.
7. რამდენად გავრცელებულია სპირიტიზმი და რატომ არის ის აყვავებული, ეგრეთ წოდებულ, ქრისტიანულ ქვეყნებშიც კი?
7 სატყუარა მოქმედებს, რადგან სპირიტიზმი იზიდავს ადამიანებს მთელ მსოფლიოში. ჯუნგლებში მცხოვრებნი მიმართავენ შამანებს, ქალაქში მცხოვრებნი და დაწესებულებებში მომსახურენი კი — ასტროლოგებს. სპირიტიზმი აყვავებულია, ეგრეთ წოდებულ, ქრიტიანულ ქვეყნებშიც კი. გამოკვლევები მიუთითებს, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 30 ჟურნალი, საერთო ტირაჟით 10 000 000-ზე მეტი ეგზემპლარი, ეძღვნება სპირიტიზმის სხვადასხვა ფორმას. ბრაზილიელები ყოველწლიურად 500 მილიონზე მეტ დოლარს ხარჯავენ სპირიტულ საგნებზე. გარდა ამისა, ამ ქვეყანაში იმ ადამიანების 80 პროცენტი, ვინც ხშირად მიდის სპირიტული თაყვანისცემის ცენტრებში მონათლული კათოლიკეები არიან, რომლებიც აგრეთვე მესას ესწრებიან. იმის გამო, რომ ზოგიერთი მღვდელი პრაქტიკაში იყენებს სპირიტიზმს, მრავალი მორწმუნე ფიქრობს, რომ მისი გამოყენება ღმერთისთვის მისაღებია. მაგრამ ასეა თუ არა ეს?
რატომ გმობს ბიბლია სპირიტიზმის პრაქტიკაში გამოყენებას
8. როგორია ბიბლიის თვალსაზრისი სპირიტიზმის შესახებ?
8 თუ შენ გასწავლეს, რომ სპირიტიზმის ზოგიერთი ფორმა კეთილ სულებთან კავშირის დამყარების საშუალებაა, შესაძლოა, გაგიკვირდეს, როდესაც გაიგებ, რას ლაპარაკობს ბიბლია სპირიტიზმის შესახებ. იეჰოვას ხალხი გაფრთხილებული იყო: „ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს“ (ლევიანნი 19:31; 20:6, 27). ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ გვაფრთხილებს, რომ „გრძნეულთა. . . ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე [მარადიული] სიკვდილია“ (გამოცხადება 21:8; 22:15). სპირიტიზმის ყველა ფორმა იგმობა იეჰოვა ღმერთის მიერ (მეორე რჯული 18:10–12). რატომ?
9. რატომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი ცნობები სულიერი სამყაროდან არ არის იეჰოვასგან?
9 სანამ ბიბლიის წერა დასრულდებოდა, იეჰოვა აგზავნიდა კეთილ სულებს, ანუ ერთგულ ანგელოზებს, რათა დაკავშირებოდნენ ზოგიერთ ადამიანს. მას შემდეგ, რაც ბიბლიის წერა დასრულდა, ღმერთის სიტყვა უზრუნველყოფს ადამიანებს ხელმძღვანელობით, რომელიც ესაჭიროებათ იმისათვის, რომ მისთვის მისაღები სახით ემსახურონ იეჰოვას (2 ტიმოთე 3:16, 17; ებრაელთა 1:1, 2). ის გვერდს არ აუვლის თავის წმინდა სიტყვას, მედიუმებისათვის ინფორმაციის მიწოდებით. ყველა ამჟამინდელი ცნობები სულთა სამყაროდან მოდის ბოროტი სულებისგან. სპირიტიზმის მიყოლამ, შესაძლოა, მიიყვანოს იქამდე, რომ ადამიანი დემონებმა შეაწუხონ ან ბოროტი სულების გავლენაშიც კი მოექცეს. ამიტომ ღმერთი სიყვარულიდან გამომდინარე გვაფრთხილებს, რომ არანაირ სპირიტულ საქმეებში არ გავეხვიოთ (მეორე რჯული 18:14; გალატელთა 5:19–21). უფრო მეტიც, თუ გავაგრძელებდით სპირიტიზმის მიყოლას იმის შემდეგ, რაც გავიგეთ ღმერთის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით, შევუერთდებოდით მეამბოხე ბოროტ სულებს და გავხდებოდით ღმერთის მტრები (პირველი მეფეთა 15:23; პირველი ნეშტთა 10:13, 14; ფსალმუნი 5:5).
10. რა არის მკითხაობა და რატომ უნდა მოვერიდოთ მას?
10 სპირიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის მკითხაობა — მცდელობა, სულების დახმარებით გაიგო რამე მომავლის შესახებ ან რაღაცა უცნობი. მკითხაობის ზოგიერთი ფორმებია: ასტროლოგია, მკითხაობა მაგიური კრისტალის საშუალებით, სიზმრების ახსნა, ქირომანტია და მკითხაობა სათამაშო კარტების გამოყენებით. მრავალ ადამიანს მკითხაობა უწყინარ გართობად მიაჩნია, მაგრამ ბიბლია გვიჩვენებს, რომ მკითხავი და ბოროტი სულები ხელიხელჩაკიდებულები დადიან. მაგალითად, საქმეების 16:16–19-ში მოხსენიებულია „პითონის სული“, რომელიც ‘მისნობის’ შესაძლებლობას აძლევდა ერთ გოგონას. მაგრამ მისი უნარი, ეწინასწარმეტყველებინა მომავლის შესახებ, დაიკარგა, როდესაც დემონი განიდევნა. ნათელია, მკითხაობა არის სატყუარა, რომელსაც იყენებენ დემონები, რათა შეიტყუონ ადამიანები თავიანთ ხაფანგში.
11. როგორ შეუძლია მიგიყვანოს ხაფანგამდე მკვდართან კონტაქტის დამყარების მცდელობამ?
11 თუ შენ დამწუხრებული ხარ ოჯახის საყვარელი წევრის ან ახლო მეგობრის სიკვდილით, შეიძლება ადვილად მოტყუვდე სხვა სატყუარით. სპირიტულ მედიუმს შეუძლია განსაკუთრებული ინფორმაციის მოცემა ან ლაპარაკი იმ ხმით, რომელიც წააგავს მკვდარი პიროვნების ხმას. გაფრთხილდი! მცდელობას, კავშირი დაამყარო მკვდართან, მიჰყავს ხაფანგისკენ. რატომ? იმიტომ, რომ მკვდრებს არ შეუძლიათ ლაპარაკი. როგორც, ალბათ, გახსოვს, ღმერთის სიტყვა პირდაპირ გვეუბნება, რომ მკვდარი ადამიანი „დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“. მკვდრებმა „არაფერი იციან“ (ფსალმუნი 145:4; ეკლესიასტე 9:5, 10). უფრო მეტიც, სინამდვილეში, ესენი დემონები არიან, რომლებიც ცნობილი არიან მიცვალებულის ხმის მიბაძვით და სპირიტულ მედიუმს ინფორმაციას აძლევენ მკვდარ პიროვნებაზე (პირველი მეფეთა 28:3–19). ამიტომ „მკვდართა გამომკითხველი“ მოტყუებულია ბოროტი სულების მიერ და მოქმედებს იეჰოვა ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ (მეორე რჯული 18:11, 12; ესაია 8:19).
დატყვევებიდან იერიშზე
12, 13. როგორი მტკიცება არსებობს, რომ დემონები შეუპოვრად აგრძელებენ ადამიანის დატყვევებასა და შეწუხებას?
12 როდესაც ცხოვრებაში იყენებ ღვთის სიტყვის რჩევას სპირიტიზმთან დაკავშირებით, უარყოფ დემონების სატყუარას (შეადარე ფსალმუნი 140:9, 10; რომაელთა 12:9). ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბოროტი სულები აღარ შეეცდებიან შენს დატყვევებას? არავითარ შემთხვევაში! მას შემდეგ, რაც სატანამ სამჯერ გამოსცადა იესო, ის „დრომდე გაშორდა მას“ (ლუკა 4:13). ამის მსგავსად, ჯიუტი სულები არა მხოლოდ ატყვევებენ ადამიანებს, არამედ იერიშზეც გადადიან.
13 გაიხსენე სატანის იერიშის ადრე გარჩეული შემთხვევა ღმერთის მსახურთან, იობთან, დაკავშირებით. ეშმაკმა გამოიწვია ყველა მისი შინაური ცხოველის და ასევე მსახურთა უმრავლესობის სიკვდილი. ეშმაკმა შვილებიც კი მოუკლა იობს. შემდეგ, ის თავს დაესხა თვით იობს, რადგან შეჰყარა საშინელი ავადმყოფობა. მაგრამ იობმა შეინარჩუნა ღმერთისადმი თავისი უმწიკვლოება და დიდად კურთხეული იყო (იობი 1:7–19; 2:7, 8; 42:12). იმ დროიდან მოყოლებული დემონები ზოგიერთ ადამიანს ამუნჯებენ, აბრმავებენ და აგრძელებენ ადამიანთა ტანჯვა-წამებისგან სიამოვნების მიღებას (მათე 9:32, 33; 12:22; მარკოზი 5:2–5). დღეს, ცნობებიდან ჩანს, რომ დემონები სექსუალურად აწუხებენ ზოგიერთ ადამიანს და სხვები სიგიჟემდეც კი მიჰყავთ. გარდა ამისა, ისინი ადამიანებს აღძრავენ მკვლელობისა და თვითმკვლელობისკენ, რაც ღმერთის წინაშე ცოდვაა (მეორე რჯული 5:17; 1 იოანე 3:15). მიუხედავად ამისა, ათასობით ადამიანმა, რომელიც ერთ დროს დატყვევებული იყო ბოროტი სულების მიერ, შეძლო მათგან გათავისუფლება. როგორ გახდა ეს მათთვის შესაძლებელი? მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმით მიაღწიეს ამას.
როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ბოროტ სულებს
14. როგორ შეგიძლია წინააღმდეგობა გაუწიო ბოროტ სულებს, პირველი საუკუნის ეფესელი ქრისტიანების მაგალითის თანახმად?
14 რომელია ერთ-ერთი საშუალება, რომ შეძლო წინააღმდეგობა გაუწიო ბოროტ სულებს და დაიცვა შენი თავი და ოჯახი მათი მახეებისგან? პირველი საუკუნის ეფესელმა ქრისტიანებმა, რომლებიც სანამ მორწმუნეები გახდებოდნენ, სპირიტიზმს მისდევდნენ, დადებითი ნაბიჯები გადადგეს. ჩვენ ვკითხულობთ, რომ „მრავალმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ“ (საქმეები 19:19). გინდაც, პრაქტიკაში არ იყენებდე სპირიტიზმს, უნდა მოიშორო ყველაფერი, რაც სპირიტიზმის გამოყენებისთვის არის განკუთვნილი და მაცდუნებელია. ამაში შედის: წიგნები, ჟურნალები, ვიდეოკასეტები, პლაკატები, მუსიკალური ჩანაწერები და საგნები, რომლებიც გამოიყენება სპირიტული მიზნებისთვის. ამაში შედის ასევე კერპები, თილისმები და სხვა ნაკეთობები, რომელსაც ატარებენ თავდაცვის მიზნით, და ის საჩუქრებიც კი, რომელიც მიღებულია პიროვნებისგან, ვინც ცხოვრებაში იყენებს სპირიტიზმს (მეორე რჯული 7:25, 26; 1 კორინთელთა 10:21). ილუსტრაციისთვის: ერთ დაქორწინებულ ტაილანდელ წყვილს ხშირად აწუხებდნენ დემონები. შემდეგ მათ მოიცილეს ყველა ის საგანი, რომელიც დაკავშირებული იყო სპირიტიზმთან. რა იყო შედეგი? ისინი გათავისუფლდნენ დემონური თავდასხმებისგან და შემდეგში ნამდვილი სულიერი პროგრესი განიცადეს.
15. რომელია სხვა აუცილებელი ნაბიჯი ბოროტ სულიერ ძალებთან ბრძოლაში?
15 ბოროტ სულებს წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ, სხვა აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს პავლე მოციქულის რჩევის გამოყენება, შევიმოსოთ ღმერთის მიერ ბოძებული სრული სულიერი საჭურველით (ეფესელთა 6:11–17). ქრისტიანებმა უნდა გაამაგრონ თავიანთი თავდასაცავი საშუალებები ბოროტი სულების წინააღმდეგ. რას შეიცავს ეს ნაბიჯი? „ყოველივე ამასთან ერთად, — წერს პავლე მოციქული, — აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას“. სინამდვილეში, რაც უფრო ძლიერია შენი რწმენა, მით უფრო უნარიანი იქნები, წინააღმდეგობა გაუწიო ბოროტ სულიერ ძალებს (მათე 17:14–20).
16. როგორ შეგიძლია განამტკიცო შენი რწმენა?
16 როგორ შეგიძლია განამტკიცო შენი რწმენა? ბიბლიის შესწავლის გაგრძელებით და პრაქტიკაში მისი რჩევების გამოყენებით. პიროვნების რწმენის სიძლიერე ბევრად არის დამოკიდებული მისი საფუძვლის სიმყარეზე — ღვთის შემეცნებაზე. განა არ ეთანხმები იმას, რომ რაც უფრო სწავლობ ბიბლიას, ზუსტი შემეცნება რომელიც შეიძინე და გულთან ახლოს მიიტანე, ამაგრებს შენს რწმენას? (რომაელთა 10:10, 17). უეჭველია, რაც უფრო გააგრძელებ შესწავლას და ჩვევად გაიხდი დაესწრო იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს, შენი რწმენა მით უფრო გაძლიერდება (რომაელთა 1:11, 12; კოლასელთა 2:6, 7). ეს იქნება ძლიერი დაცვა დემონების თავდასხმებისგან (1 იოანე 5:5).
17. რომელი შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ბოროტ სულიერ ძალებს?
17 რომელი შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას პიროვნებამ, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს ბოროტ სულიერ ძალებს? ეფესელ ქრისტიანებს ესაჭიროებოდათ დაცვა, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობდნენ დემონიზმით სავსე ქალაქში. ამიტომ, პავლემ უთხრა მათ: „ილოცეთ ყოველ ჟამს სულით“ (ეფესელთა 6:18). სანამ დემონებით სავსე ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, ღმერთისგან დაცვის მისაღებად აუცილებელია გულმოდგინე ლოცვა, რათა შევძლოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ბოროტ სულებს (მათე 6:13). ამ მხრივ სასარგებლოა ქრისტიანულ კრებაში დანიშნული უხუცესების სულიერი დახმარება და ლოცვები (იაკობი 5:13–15).
ნუ შეწყვეტ ბრძოლას ბოროტი სულების წინააღმდეგ
18, 19. რა შეიძლება გაკეთდეს, თუ დემონები აწუხებენ პიროვნებას?
18 მაგრამ იმის შემდეგაც კი, როცა გადადგმულია ეს ძირითადი ნაბიჯები, ზოგიერთები შესაძლოა შეწუხებული იყვნენ ბოროტი სულების მიერ. მაგალითად, ერთი მამაკაცი, რომელიც კოტ-დ’ივუარიდან იყო, იეჰოვას მოწმეებთან ერთად სწავლობდა ბიბლიას და გაანადგურა ყველა თილისმა. ამის შემდეგ მან კარგ პროგრესს მიაღწია, მიუძღვნა თავისი სიცოცხლე იეჰოვას და მოინათლა. მაგრამ მონათვლიდან ერთი კვირის შემდეგ, დემონებმა კვლავ დაიწყეს მისი შეწუხება და ხმები უბრძანებდა, მიეტოვებინა ახლადშეძენილი რწმენა. თუ შენც ასე დაგემართა, უნდა ნიშნავდეს თუ არა ეს, რომ იეჰოვა ღმერთის დაცვა დაკარგე? რასაკვირველია, არა.
19 თუმცა სრულყოფილ ადამიანს, იესო ქრისტეს, ჰქონდა ღმერთის დაცვა, მას ესმოდა ბოროტი სულიერი ქმნილების, სატანა ეშმაკის ხმა. იესომ გვიჩვენა, რა უნდა გავაკეთოთ ასეთი შემთხვევის დროს. მან უთხრა ეშმაკს: „განვედ, სატანავ“ (მათე 4:3–10). მსგავსად, შენც უნდა თქვა უარი ასეთი ხმების მოსმენაზე სულთა სამყაროდან. წინააღმდეგობა გაუწიე ბოროტ სულებს დახმარებისთვის იეჰოვას მოხმობით. დიახ, ხმამაღლა ილოცე ღმერთის სახელის გამოყენებით. იგავნის 18:10 გვეუბნება: „უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება“. კოტ-დ’ივუარელი ქრისტიანი მამაკაცი ასე მოიქცა და ბოროტი სულები მეტად აღარ აწუხებენ მას (ფსალმუნი 123:8; 144:18).
20. საერთო ჯამში, რა შეგიძლია გააკეთო, რომ წინააღმდეგობა გაუწიო ბოროტ სულებს?
20 იეჰოვა ღმერთმა ბოროტ სულებს არსებობის ნება დართო, მაგრამ ის საკუთარ ძალას ავლენს, განსაკუთრებით თავისი ხალხის სასარგებლოდ და მისი სახელი ემცნობა მთელ დედამიწას (გამოსვლა 9:16). თუ შენ ახლოს ხარ ღმერთთან, ბოროტი სულების არ უნდა შეგეშინდეს (რიცხვნი 23:21, 23; იაკობი 4:7, 8; 2 პეტრე 2:9). მათი ძალა შეზღუდულია. ისინი დაისაჯნენ ნოეს დღეებში, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ გადმოყრილი იქნენ ზეციდან და ახლა, საბოლოო სასჯელს მოელიან (იუდა 6; გამოცხადება 12:9; 20:1–3, 7–10, 14). სინამდვილეში, ისინი შიშით არიან შეპყრობილი თავიანთი მოახლოებული განადგურების გამო (იაკობი 2:19). ამიტომ, როგორც არ უნდა ცდილობდნენ ბოროტი სულები შენს დატყვევებას ზოგიერთი სახის სატყუარით ან თავდასხმას სხვა გზით, შენ შეგიძლია წინააღმდეგობა გაუწიო მათ (2 კორინთელთა 2:11). მოერიდე ყველა ფორმის სპირიტიზმს, გამოიყენე ღმერთის სიტყვის რჩევა და ეძებე იეჰოვას მოწონება. ყოველივე ეს გააკეთე დაუყოვნებლად, რადგან შენი სიცოცხლე დამოკიდებულია შენს წინააღმდეგობაზე ბოროტი სულიერი ძალების მიმართ!
შეამოწმე შენი ცოდნა
როგორ ცდილობენ ბოროტი სულები ადამიანების მოტყუებას?
რატომ გმობს ბიბლია სპირიტიზმს?
როგორ შეუძლია პიროვნებას ბოროტი სულიერი ძალებისგან გათავისუფლება?
რატომ უნდა გაუწიო წინააღმდეგობა ბოროტ სულებს?
[სურათი 110 გვერდზე]
რას ფიქრობ სპირიტიზმის მრავალ ფორმაზე?