საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • fy თ. 11 გვ. 128-141
  • არ დაარღვიოთ მშვიდობა ოჯახში!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • არ დაარღვიოთ მშვიდობა ოჯახში!
  • ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • თუ ქმარს განსხვავებული რწმენა აქვს
  • როცა ცოლს აქვს სხვა რწმენა
  • ბავშვების აღზრდა
  • თუ მშობლები სხვა რელიგიას მისდევენ
  • სხვისი შვილების აღზრდა ადვილი არ არის
  • ჰყოფს თუ არა თქვენს ოჯახს ფუფუნებისკენ სწრაფვა?
  • ხელი შევუწყოთ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • მტკიცე ქორწინების ორი გასაღები
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • ღვთისმოსაწონი ოჯახური ცხოვრება
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
იხილეთ მეტი
ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
fy თ. 11 გვ. 128-141

თავი მეთერთმეტე

არ დაარღვიოთ მშვიდობა ოჯახში!

1. რამ შეიძლება გამოიწვიოს ოჯახის დაყოფა?

ოჯახი ბედნიერია, თუ მასში სიყვარული, ურთიერთგაგება და მშვიდობა სუფევს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ოჯახიც ასეთია. სამწუხაროდ, მრავალი ოჯახი არ შეესაბამება ამ აღწერილობას და ამა თუ იმ მიზეზის გამო დაყოფილია. რა იწვევს ოჯახის დაყოფას? ამ თავში სამ მიზეზზე ვისაუბრებთ. ზოგჯერ ოჯახის წევრები სხვადასხვა რელიგიას მისდევენ. ზოგ ოჯახში ბავშვები დედინაცვალთან ან მამინაცვალთან ერთად ცხოვრობენ. ზოგ ოჯახში კი ლუკმაპურისთვის ბრძოლა ან ფუფუნებისკენ სწრაფვა იწვევს ოჯახის დაყოფას. თუმცა, რაც ერთი ოჯახის დაყოფას იწვევს, ამან შეიძლება საერთოდ არ იმოქმედოს მეორეზე. რატომ?

2. სად ეძებს მრავალი რჩევებს ოჯახურ ცხოვრებაზე და სად შეიძლება საუკეთესო ხელმძღვანელობის პოვნა?

2 უპირველესად, მნიშვნელოვანია თქვენი მიდგომა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. თუ გულწრფელად ცდილობთ სხვისი თვალსაზრისის გაგებას, ალბათ დაინახავთ, როგორ შეინარჩუნოთ ოჯახში ერთიანობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რითი ხელმძღვანელობთ. უმრავლესობა მიჰყვება თანამშრომლების, მეზობლების, ჟურნალისტების ან სხვების რჩევებს. მაგრამ მრავალი გაეცნო, რას ამბობს ღვთის სიტყვა მათ სიტუაციაზე და შემდეგ შესწავლილი ცხოვრებაში გამოიყენა. როგორ დაეხმარება ეს ოჯახებს მშვიდობის შენარჩუნებაში? (2 ტიმოთე 3:16, 17)

თუ ქმარს განსხვავებული რწმენა აქვს

სურათი 130 გვერდზე

შეეცადეთ გაიგოთ სხვისი აზრი.

3. ა) რას გვირჩევს ბიბლია სხვა რწმენის ადამიანთან ოჯახის შექმნაზე? ბ) რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოთ, თუ თქვენი მეუღლე არ იზიარებს თქვენს რწმენას?

3 ბიბლია მტკიცედ გვირჩევს, არ შევქმნათ ოჯახი სხვა რწმენის ადამიანთან (მეორე კანონი 7:3, 4; 1 კორინთელები 7:39). მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ბიბლიური ჭეშმარიტება ოჯახის შექმნის შემდეგ შეისწავლეთ, თქვენმა მეუღლემ კი არ გამოთქვა ამის სურვილი? რა თქმა უნდა, ქორწინების აღთქმა ძალაში რჩება (1 კორინთელები 7:10). ბიბლია ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ცოლქმრული კავშირი არ უნდა დაირღვეს და მეუღლეებს მოუწოდებს, მოაგვარონ უთანხმოებები და თავი არ აარიდონ მათ გადაჭრას (ეფესოელები 5:28—31; ტიტე 2:4, 5). მაგრამ, თუ თქვენი ქმარი სასტიკი წინააღმდეგია თქვენი რელიგიის? მაგალითად, არ გიშვებთ კრების შეხვედრებზე ან ამბობს, რომ არ სურს, მისმა ცოლმა კარდაკარ იაროს და ისაუბროს რელიგიაზე. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

4. როგორ უნდა შეეცადოს ცოლი ქმრის გაგებას?

4 დაფიქრდით: „რატომ ფიქრობს ჩემი ქმარი ასე?“ (იგავები 16:20, 23) შეიძლება მას, სინამდვილეში, არ ესმის, რას აკეთებთ, და განიცდის. არც ის არის გამორიცხული, რომ ნათესავების ენას აჰყვეს, რადგან აღარ მიჰყვებით ტრადიციულ, მათთვის მნიშვნელოვან წეს-ჩვეულებებს. „როცა სახლში მარტო ვრჩებოდი, მიტოვებულად ვგრძნობდი თავს“, — თქვა ერთმა ქმარმა. ის ფიქრობდა, რომ რელიგია ცოლს ართმევდა, მაგრამ სიამაყე ხელს უშლიდა, ეღიარებინა, რომ მარტოობას გრძნობდა. შეიძლება, თქვენს ქმარს დარწმუნება ესაჭიროება, რომ ის უწინდებურად გიყვართ და იეჰოვას სიყვარული ამაში ხელს არ გიშლით. აუცილებლად გამოუყავით მას დრო.

5. როგორი გაწონასწორებული პოზიცია უნდა შეინარჩუნოს ცოლმა?

5 მაგრამ, თუ გსურთ სიტუაციის გონივრულად მოგვარება, გაითვალისწინეთ ღვთის რჩევა: „დაემორჩილეთ ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი“ (კოლოსელები 3:18). ღმერთი გვაფრთხილებს, რომ არ გამოვავლინოთ დაუმორჩილებლობის სული. სიტყვები კი „როგორც უფალშია საკადრისი“ მიუთითებს, რომ ქმრისადმი მორჩილების დროს მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ უფლისადმი მორჩილებაც. საჭიროა გაწონასწორებულობა.

6. რომელი პრინციპები უნდა გაითვალისწინოს ქრისტიანმა ცოლმა?

6 ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და ბიბლიაზე დაფუძნებული მრწამსის სხვებთან გაზიარება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია და ქრისტიანი ამ საკითხებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს (რომაელები 10:9, 10, 14; ებრაელები 10:24, 25). მაგრამ რას გააკეთებდით, თუ ვინმე პირდაპირ გიბრძანებდათ ღვთის რომელიმე მოთხოვნის დარღვევას? იესო ქრისტეს მოციქულებმა განაცხადეს: „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:29). მათთვის მიბაძვა ხშირად ხდება საჭირო ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღგძრავდათ იეჰოვასადმი სიყვარული, გეპასუხათ იმ ერთგულებით, რომელიც სამართლიანად მას ეკუთვნის? ამავე დროს, აღგძრავდათ ქმრისადმი სიყვარული და პატივისცემა, იეჰოვასადმი ერთგულება ისე გამოგეხატათ, რომ ქმარი არ გაგეღიზიანებინათ? (მათე 4:10; 1 იოანე 5:3)

7. როგორი სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს ქრისტიანმა ცოლმა?

7 ასე მოქმედება ყოველთვის არ გაამართლებდა. იესომ აღნიშნა, რომ ჭეშმარიტების გამო ოჯახის წევრები ზოგ შემთხვევაში მტრად ექცეოდნენ ერთმანეთს, თითქოს მახვილი გაყოფდათ მათ (მათე 10:34—36). ერთმა იაპონელმა ქალმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. მას ქმარი 11 წელი ეწინააღმდეგებოდა, უხეშად ეპყრობოდა და ხშირად სახლშიც კი არ უშვებდა. მაგრამ ქალი ამან ვერ გატეხა. მას მხარში უდგნენ ქრისტიანი მეგობრები. ის განუწყვეტლივ ლოცულობდა და თავს იმხნევებდა 1 პეტრეს 2:20-ში ჩაწერილი სიტყვებით. მას სჯეროდა, რომ თუ სიმტკიცეს შეინარჩუნებდა, ერთ მშვენიერ დღეს ქმარი შეუერთდებოდა იეჰოვა ღმერთისადმი მსახურებაში. და ასეც მოხდა.

8, 9. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, რომ არ გააღიზიანოს ქმარი?

8 უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, რომ მეუღლემ შეხედულება შეიცვალოს. მაგალითად, თუ მეუღლეს არ მოსწონს თქვენი რელიგია, ნუ მისცემთ მას უკმაყოფილების საბაბს სხვა საკითხებში. სახლში სისუფთავე დაიცავით. თავს მოუარეთ. არ დაიშუროთ მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვები. მოერიდეთ კრიტიკას და იყავით თანამდგომი. დაანახვეთ, რომ აღიარებთ მის მეთაურობას. თუ გაწყენინებთ, სამაგიეროს ნუ გადაუხდით (1 პეტრე 2:21, 23). გაითვალისწინეთ ადამიანთა არასრულყოფილება და თუ კამათი წამოიჭრება, თავმდაბლობით პირველმა მოიხადეთ ბოდიში (ეფესოელები 4:26).

9 ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება არ არის იმის გასამართლებელი საბუთი, რომ სადილი თავის დროზე არ მოამზადოთ. ქრისტიანული მსახურება ისეთ დროს დაგეგმეთ, როცა ქმარი სახლში არ იქნება. გონიერი ქრისტიანი ცოლი თავს შეიკავებს და არ უქადაგებს ქმარს მაშინ, როდესაც ის არ არის ამის განწყობაზე. პირიქით, ის მოციქულ პეტრეს რჩევისამებრ მოიქცევა: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტრე 3:1, 2). ქრისტიანი ცოლები ცდილობენ, რომ უფრო სრულად გამოავლინონ ღვთის სულის ნაყოფი (გალატელები 5:22, 23).

როცა ცოლს აქვს სხვა რწმენა

10. როგორ უნდა მოექცეს მორწმუნე ქმარი განსხვავებული რწმენის ცოლს?

10 მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეს ქმარი, თუ ცოლი არ იზიარებს მის რწმენას? ბიბლიაში ამის თაობაზეც არის რჩევა: „თუ ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს მას“ (1 კორინთელები 7:12). ბიბლია მოუწოდებს ქმრებს: „გიყვარდეთ ცოლები“ (კოლოსელები 3:19).

11. რა მხრივ იქნება სასარგებლო, თუ მორწმუნე ქმარი გამჭრიახობასა და ტაქტიანობას გამოავლენს ცოლის მიმართ?

11 თუ ცოლს განსხვავებული რწმენა აქვს, თქვენგან მოითხოვება მეტი პატივისცემა და მისი გრძნობების მხედველობაში მიღება. ის უკვე პატარა აღარ არის და აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი რელიგიური შეხედულებები იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მათ არ ეთანხმებით. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ როგორც კი თქვენს რწმენაზე დაელაპარაკებით, მაშინვე გული აუცრუვდება თავის რელიგიაზე, რომელსაც წლობით მიჰყვება. უხეშად ნუ მიახლით, რომ ამდენ ხანს ოჯახი ტყუილუბრალოდ იცავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. მოთმინებით შეეცადეთ დაარწმუნოთ ის საღვთო წერილიდან. შეიძლება, მან მარტოობა იგრძნოს, თუ კრების საქმეებს ბევრ დროს უთმობთ. შეიძლება ეს იყოს მთავარი და უბრალო მიზეზი, თუ რატომ არ უნდა, რომ იეჰოვას ემსახუროთ. მოითმინეთ და დაელოდეთ. თქვენმა სიყვარულმა და ყურადღებამ შეიძლება აღძრას ის, რომ დროთა განმავლობაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე დაიკავოს (კოლოსელები 3:12—14; 1 პეტრე 3:8, 9).

ბავშვების აღზრდა

12. რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოთ რელიგიურად დაყოფილ ოჯახში შვილების აღზრდის საკითხში?

12 რელიგიურად დაყოფილ ოჯახში შვილების რელიგიური აღზრდა, შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოთ? თუმცა ბიბლია შვილების აღზრდის პასუხისმგებლობას უშუალოდ მამას აკისრებს, დედასაც არანაკლები წვლილი შეაქვს ამ საქმეში (იგავები 1:8; შეადარეთ დაბადება 18:19; მეორე კანონი 11:18, 19). მამაა ოჯახის თავი, თუნდაც არ აღიარებდეს ქრისტეს მეთაურობას.

13, 14. რისი გაკეთება შეუძლია ცოლს, თუ ქმარი უკრძალავს ბავშვების ქრისტიანულ შეხვედრებზე ტარებას ან მათთვის ბიბლიის სწავლებას?

13 ზოგიერთი ურწმუნო მამა წინააღმდეგი არ არის, რომ ბავშვებს რელიგიური საკითხები დედამ შეასწავლოს. სხვები ამის წინააღმდეგები არიან. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეუღლე გიკრძალავთ, რომ ბავშვები ქრისტიანულ შეხვედრებზე ატაროთ ან სახლშიც კი გიშლით მათთვის ბიბლიის სწავლებას? გონივრულად უნდა შეასრულოთ რამდენიმე ვალდებულება: ვალდებულება იეჰოვას წინაშე, ქმრის მეთაურობისადმი და თქვენი საყვარელი შვილების წინაშე. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეთავსება?

14 რასაკვირველია, ილოცებთ ამ საკითხზე (ფილიპელები 4:6, 7; 1 იოანე 5:14). ბოლოს, მაინც პირადი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევით. თუ ტაქტიანობას გამოიჩენთ და ქმარს დაანახვებთ, რომ არ აპირებთ მის წინააღმდეგ წასვლას, შეიძლება მოლბეს. ქმარი, კიდეც რომ გიშლიდეთ ბავშვების ქრისტიანულ შეხვედრებზე წაყვანას ან მათთვის ბიბლიის სწავლებას, მაინც შეგიძლიათ მათი სწავლება. ყოველდღიური საუბრებითა და კარგი მაგალითით, ეცადეთ, ჩაუნერგოთ მათ იეჰოვა ღმერთისადმი დიდი სიყვარული, მისი სიტყვისადმი რწმენა და მშობლებისადმი პატივისცემა, მათ შორის, მამისადმი, აგრეთვე ყურადღებიანობა და პატიოსანი შრომის დაფასება. დროთა განმავლობაში მამა, ალბათ, შეამჩნევს დადებით შედეგებს და მადლიერი დაგრჩებათ (იგავები 23:24).

15. რა პასუხისმგებლობა აკისრია მორწმუნე ქმარს ბავშვების აღზრდაში?

15 თუ თქვენი ცოლი არ არის იეჰოვას მოწმე, „იეჰოვას მოსაწონად აღზრდისა და დარიგების“ პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ გეკისრებათ (ეფესოელები 6:4). ამასთანავე, ცოლს უნდა მოეპყროთ თავაზიანად, და იყოთ მოსიყვარულე და გამჭრიახი.

თუ მშობლები სხვა რელიგიას მისდევენ

16, 17. რომელი ბიბლიური პრინციპები უნდა ახსოვდეთ შვილებს, თუ იცვლიან ტრადიციულ რელიგიურ შეხედულებებს?

16 დღეს უკვე არავის უკვირს, თუ ბავშვი იცვლის ტრადიციულ რელიგიურ შეხედულებებს. თქვენც ხომ არ შეიცვალეთ? თუ დიახ, ბიბლიაში თქვენთვისაც არის რჩევა.

17 ღვთის სიტყვა ამბობს: «ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ასეა სწორი: „პატივი ეცი მამას და დედას“» (ეფესოელები 6:1, 2). ამაში თავისთავად იგულისხმება მშობლების მიმართ სათანადო პატივისცემა. მაგრამ, თუმცა მშობლებისადმი მორჩილება მნიშვნელოვანია, არ უნდა დაგვავიწყდეს ჭეშმარიტი ღმერთი. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარ მოქმედებებზე. მისი პასუხისმგებლობა იზრდება არა მხოლოდ ქვეყნიური კანონების შესრულების მიმართ, არამედ ღვთის კანონების მიმართაც. ბიბლია ამბობს: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:12).

18, 19. როგორ უნდა გააცნონ შვილებმა თავიანთი რწმენა მშობლებს?

18 თუ რწმენის გამო გიწევთ რაღაცის შეცვლა ცხოვრებაში, გაიგეთ, რას ფიქრობენ მშობლები ამ საკითხზე. მათ უსათუოდ გაუხარდებათ, თუ ბიბლიის შესწავლისა და მისი ცხოვრებაში გამოყენების შედეგად გახდებით უფრო თავაზიანები და დამჯერები. მაგრამ, თუ თქვენი ახალი რწმენის გამო უარყოფთ მათთვის ძვირფას შეხედულებებსა და წეს-ჩვეულებს, მათ შეიძლება იფიქრონ, რომ უარყოფთ იმ მემკვიდრეობას, რის გადმოცემასაც ცდილობენ. მათ შეიძლება აღელვებდეთ თქვენი კეთილდღეობა, რადგან თქვენი საქმიანობა დიდი მოწონებით არ სარგებლობს საზოგადოებაში, და მათი აზრით, იმ მიზნისკენ არ მიდიხართ, რასაც მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქვია. გამორიცხული არ არის, რომ მათ სიამაყეც აბრკოლებდეთ. მათ შეიძლება ეს ყველაფერი ისე აღიქვან, თითქოს თქვენ ამბობთ, რომ მართალი ხართ, ისინი კი ტყუიან.

19 ამიტომ შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე გააცნოთ მშობლებს თქვენი კრების უხუცესები ან სხვა მოწიფული ქრისტიანები. დაპატიჟეთ მშობლები სამეფო დარბაზში, რათა თავიანთი ყურით მოისმინონ, რასაც იქ ასწავლიან, და თავიანთი თვალით ნახონ, როგორი ხალხია იეჰოვას მოწმეები. იმედს ნუ გადაიწურავთ დროთა განმავლობაში თქვენმა მშობლებმა შეიძლება შეიცვალონ თავიანთი დამოკიდებულება. მაშინაც კი, თუ მშობლები სასტიკი წინააღმდეგები არიან, ანადგურებენ ბიბლიურ ლიტერატურას და უკრძალავენ შვილებს ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებას, შეიძლება გამოინახოს სხვაგან კითხვის, თანაქრისტიანებთან საუბრის, არაფორმალურად დამოწმებისა და სხვების დახმარების შესაძლებლობები. იეჰოვასადმი ლოცვა ყოველთვის შეგიძლიათ. მრავალი მოზარდი ელოდება იმ ასაკს, როცა შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას და უფრო მეტის გაკეთებას. მაგრამ, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს სახლში, არ დაივიწყოთ, ‘პატივი სცეთ მამასა და დედას’. ყველანაირად შეეცადეთ, რომ თქვენი მიზეზით არ დაირღვეს ოჯახში მშვიდობა (რომაელები 12:17, 18). უპირველესად კი მშვიდობა ეძიეთ ღმერთთან.

სხვისი შვილების აღზრდა ადვილი არ არის

20. როგორი გრძნობები შეიძლება დაეუფლოთ ბავშვებს, თუ მათ ჰყავთ დედინაცვალი ან მამინაცვალი?

20 მრავალ ოჯახში უდიდეს პრობლემას რელიგიური უთანხმოება კი არ წარმოადგენს, არამედ მამინაცვალის ან დედინაცვალის ყოლა. დღეს მრავალ ოჯახში არიან შვილები, რომლებიც წინა ქორწინებიდან ჰყავთ ერთ ან ორივე მშობელს. ასეთ ოჯახებში ბავშვები შეიძლება ეჭვიანობენ, ნაწყენები არიან ან საკუთარ თავთან უწევთ ბრძოლა, ჰგონიათ, რომ ღვიძლ დედას ან მამას ღალატობენ. შედეგად კი ახლოს არ იკარებენ მამინაცვალს ან დედინაცვალს, მათი გულწრფელი მცდელობის მიუხედავად. რა დაეხმარება ასეთ ოჯახებს ურთიერთობების მოწესრიგებაში?

სურათი 138 გვერდზე

ღვიძლი მშობელი ხართ თუ არა, ხელმძღვანელობისთვის მიენდეთ ბიბლიას.

21. რატომ უნდა მიმართონ დახმარებისთვის ბიბლიურ პრინციპებს დედინაცვალმა და მამინაცვალმა თავიანთი მდგომარეობის მიუხედავად?

21 უნდა ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებული მდგომარეობის მიუხედავად, ასეთმა ოჯახებმაც უნდა გამოიყენონ ის ბიბლიური პრინციპები, რასაც სხვა ოჯახები იყენებენ წარმატებით. თუ ამ პრინციპებს არ გამოიყენებთ, დროებით შეიძლება შეგიმცირდეთ პრობლემები, მაგრამ ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის, მოგვიანებით შემოგიბრუნდებათ და საკმაოდ მტკივნეულადაც (ფსალმუნი 127:1; იგავები 29:15). განავითარეთ სიბრძნე და გამჭრიახობა. სიბრძნე გიკარნახებთ, რომ ღვთიური პრინციპების გამოყენებას ხანგრძლივი სარგებლობა მოაქვს, გამჭრიახობა კი დაგანახვებთ, თუ რა დგას ოჯახის წევრების სიტყვებისა და მოქმედებების მიღმა. თანაგრძნობაც აუცილებელია (იგავები 16:21; 24:3; 1 პეტრე 3:8).

22. რატომ უძნელდებათ ბავშვებს მამინაცვლის ან დედინაცვლის მიღება?

22 თუ ღვიძლი მშობელი არა ხართ, ალბათ, გეხსომებათ, რა თბილად გეპყრობოდნენ ბავშვები, სანამ ოჯახის მეგობარი იყავით. მაგრამ, როცა ოჯახის წევრი გახდით, მათი დამოკიდებულება შეიცვალა. ბავშვებს ახსოვთ ღვიძლი მშობელი, რომელიც მათთან აღარ ცხოვრობს, და შეიძლება შინაგანი განცდები აქვთ, ფიქრობენ, რომ მას ღალატობენ ან თქვენში ხედავენ მეტოქეს, რომელიც ცდილობს ღვიძლი მშობლის სიყვარულის წართმევას. დროდადრო მათ შეიძლება პირდაპირ მოგახალონ, რომ არა ხართ მათი მამა ან მათი დედა. ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას“ (ეკლესიასტე 7:9). ბავშვებს რომ მიუდგეთ, საჭიროა გამჭრიახობა და თანაგრძნობა.

23. როგორ შეიძლება მოგვარდეს დასჯის საკითხი იმ ოჯახში, სადაც გერები არიან?

23 ეს თვისებები განსაკუთრებით დაგჭირდებათ, თუ ბავშვის მიმართ აღმზრდელობითი ზომებია მისაღები. აღმზრდელობითი ზომები თქვენი ხასიათის მიხედვით არ უნდა ცვალოთ (იგავები 6:20; 13:1). ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შესაბამისად ერთსა და იმავე შეცდომაზე სხვადასხვანაირად უნდა დასაჯოთ. ზოგიერთი მამინაცვალი და დედინაცვალი თვლის, რომ პირველ ხანებში უკეთესი იქნებოდა, ეს მოვალეობა ღვიძლ მშობელს აეღო საკუთარ თავზე. მაგრამ აუცილებელია, რომ დასჯაზე ორივე მშობელს ერთი აზრი ჰქონდეთ და მტკიცედ მისდევდნენ მას, რომ საკუთარ შვილს ხელი არ დააფარონ და გერი არ დაჩაგრონ (იგავები 24:23). მორჩილება საჭიროა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ არასრულყოფილება თავისას შვრება. ნუ გადააჭარბებთ. დასჯა სიყვარულით გააწონასწორეთ (კოლოსელები 3:21).

24. რა საზღვრების დაცვაა საჭირო როგორც ბიჭების, ისე გოგოების მხრიდან უზნეო საქციელის თავიდან ასაცილებლად?

24 ოჯახური საუბრები ბევრ თავსატეხს აგაცილებთ. ასეთი საუბრებით ოჯახი ზოგავს დროს და უფრო მნიშვნელოვან საქმეებს აქცევს ყურადღებას (შეადარეთ ფილიპელების 1:9—11). ოჯახის წევრები იმასაც ხედავენ, თუ თვითონ როგორ დაეხმარებიან ოჯახს დასახული გეგმების განხორციელებაში. ამასთანავე, გულახდილი ოჯახური საუბრები უზნეო საქციელის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. გოგოებს უნდა აუხსნათ, როგორ ჩაიცვან და მოიქცნენ მამინაცვალთან და გერ ძმებთან, ბიჭებს კი ნათლად უნდა დაანახვოთ ის საზღვრები, რაც დედინაცვალთან და გერ დებთან ურთიერთობისას უნდა დაიცვან (1 თესალონიკელები 4:3—8).

25. როგორი თვისებები დაეხმარება მშვიდობის შენარჩუნებაში იმ ოჯახებს, სადაც გერები არიან?

25 თუ არა ხართ ღვიძლი მშობელი, იყავით მომთმენი. ახალი ურთიერთობების გასავითარებლად დროა საჭირო. იმ ბავშვების სიყვარულისა და პატივისცემის დამსახურება, რომლებთანაც ნათესაური კავშირი არა გაქვთ, ადვილი არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელია. თქვენი წარმატების გასაღებია: გონიერი და წინდახედული გული და ძლიერი სურვილი, რომ ასიამოვნოთ იეჰოვას (იგავები 16:20). ასეთი თვისებები სხვა პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

ჰყოფს თუ არა თქვენს ოჯახს ფუფუნებისკენ სწრაფვა?

26. როგორმა პრობლემებმა ან შეხედულებებმა შეიძლება დაყოს ოჯახი?

26 მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და თვალსაზრისს სხვადასხვაგვარად შეუძლია ოჯახების დაყოფა. სამწუხაროდ, მრავალ ოჯახს ანგრევს ფულის სიყვარული და გამდიდრების სურვილი. ოჯახი იმ შემთხვევაშიც დაიყოფა, თუ ორივე მეუღლე მუშაობს და ავითარებს ისეთ დამოკიდებულებას როგორიცაა: „ჩემი ფული, შენი ფული“. კამათსაც რომ თავი აარიდონ, როდესაც ორივე მეუღლე მუშაობს, მათ შეიძლება აღმოაჩინონ, რომ სამუშაო განრიგის გამო ერთმანეთისთვის დრო აღარ რჩებათ. მსოფლიოში შეიმჩნევა მზარდი ტენდენცია: მამები ფულის შოვნის მიზნით დიდი ხნით, თვეობით ან წლობით, ტოვებენ ოჯახებს. ამას სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

27. რომელი პრინციპები დაეხმარება ოჯახს ფინანსური გაჭირვების დროს?

27 შეუძლებელია კონკრეტული რჩევების მოცემა, თუ როგორ მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში, რადგან ყველა ოჯახს თავისი პრობლემები და მოთხოვნილებები აქვს. მაგრამ ბიბლიურ რჩევას შეუძლია დახმარება. მაგალითად, იგავების 13:10 მიუთითებს, რომ თათბირით შეიძლება ზედმეტი უთანხმოებების თავიდან აცილება. თათბირი კი იმას ნიშნავს, რომ აზრები გაუზიაროთ ერთმანეთს და არა იმას, რომ მარტო საკუთარი აზრი გამოთქვათ და სხვისი აზრი არ გაითვალისწინოთ. ოჯახის გაერთიანებას ხელს შეუწყობს ოჯახის ბიუჯეტის შედგენაც. ზოგჯერ აუცილებელია, დროებით მაინც, ორივე მეუღლემ იმუშაოს, რომ დამატებითი ხარჯები დაფარონ, განსაკუთრებით, თუ ბავშვები ჰყავთ ან სხვებიც არიან მათ კმაყოფაზე. ასეთ დროს ქმარმა უნდა აჩვენოს ცოლს, რომ მისთვისაც რჩება დრო. ქმარს შეუძლია შვილებთან ერთად სიყვარულით დაეხმაროს მეუღლეს ზოგიერთ საქმეში, რომელსაც ცოლი აქამდე მარტო უმკლავდებოდა (ფილიპელები 2:1—4).

28. რომელ რჩევებს უნდა მიჰყვეს ოჯახი, ერთიანობის მისაღწევად?

28 მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუმცა ფული საჭიროა ამ ქვეყნიერებაში, მას ბედნიერება არ მოაქვს. და, თავისთავად, არც სიცოცხლე (ეკლესიასტე 7:12). სინამდვილეში, მატერიალურ საგნებზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ შეიძლება სულიერობა დაგვაკარგვინოს და მორალურად დაგვცეს (1 ტიმოთე 6:9—12). უმჯობესია, ვეძიოთ უპირველესად ღვთის სამეფო და მამის სიმართლე, იმაში დარწმუნებულებმა, რომ ღმერთი აკურთხებს ყველა ჩვენს მცდელობას და მოგვცემს, რაც საჭიროა (მათე 6:25—33; ებრაელები 13:5). თუ სულიერ ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებთ და უწინარეს ყოვლისა, ღვთის მშვიდობას ეძიებთ, დაინახავთ, რომ თუმცა თქვენი ოჯახი დაყოფილია რაღაც საკითხებში, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მხარეებში ერთიანია.

როგორ დაეხმარება ეს ბიბლიური პრინციპები ოჯახის წევრებს მშვიდობის შენარჩუნებაში?

ქრისტიანები ავითარებენ გაგების უნარს (იგავები 16:21; 24:3).

ცოლ-ქმარმა სიყვარული და ურთიერთპატივისცემა უნდა გამოავლინონ, მიუხედავად მათი მრწამსისა (ეფესოელები 5:23, 25).

ქრისტიანი განზრახ არასოდეს დაარღვევს ღვთის კანონს (საქმეები 5:29).

ქრისტიანები მშვიდობისმყოფელები არიან (რომაელთა 12:18).

სწრაფად ნუ გაბრაზდებით (ეკლესიასტე 7:9).

ქორწინების რეგისტრაციაში გატარება გაგიღრმავებთ პირადი ღირსების გრძნობას და მოგიტანთ მშვიდობას

დღეს მრავალი მამაკაცი და ქალი ცხოვრობს ერთად, როგორც ცოლ-ქმარი ყოველგვარი კანონიერი ვალდებულებების გარეშე. ვინც ქრისტიანულ გზას ირჩევს, უნდა გაერკვეს ამ საკითხში. შეიძლება საზოგადოება ან ტომის ტრადიცია ესალმებოდეს ასე ცხოვრებას, მაგრამ ეს მაინც უკანონოა. მაგრამ ბიბლია მოითხოვს ქორწინების სათანადო წესით რეგისტრირებას (ტიტე 3:1; ებრაელები 13:4). ქრისტიანული ქორწინება ბიბლიის მიხედვით, არის ერთი კაცისა და ერთი ქალის კავშირი (1 კორინთელები 7:2; 1 ტიმოთე 3:2, 12). ამ ბიბლიური კანონის დაცვა პირველი ნაბიჯია მშვიდობისკენ (ფსალმუნი 119:165). იეჰოვა არ გვთხოვს ისეთ რამეს, რაც შეუძლებელია ან მძიმე. რასაც ის გვასწავლის, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ესაია 48:17, 18).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება