თავი მეთოთხმეტე
ერთად შეხვდით სიბერეს
1, 2. ა) რა ცვლილებები სდევს თან ასაკს? ბ) რატომ იყვნენ ბიბლიურ დროს ღვთისმოშიში ხანდაზმულები ბედნიერები?
ასაკს უამრავი ცვლილება სდევს თან. გული გვერჩის, მაგრამ ძალა — აღარ. სარკეში ვიხედებით და ვხედავთ, რომ ნაოჭები გაგვიჩნდა, თმაში ჭაღარა შეგვერია ან შეგვითხელდა. მეხსიერებაც გვღალატობს. როცა შვილები საკუთარ ოჯახებს ქმნიან, ყალიბდება ახალი ურთიერთობები, ჩნდებიან შვილიშვილები და ურთიერთობები ისევ იცვლება. ბევრი პენსიაში გასვლის შემდეგ სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებს.
2 დიახ, ასაკს თავისი პრობლემები მოაქვს (ეკლესიასტე 12:1—8). მაგრამ გადავხედოთ ბიბლიურ დროში მცხოვრებ ღვთის მსახურებს. თუმცა ისინი სიკვდილს ვერ გაექცნენ, ცხოვრებაში შეძენილმა სიბრძნემ და გამჭრიახობამ ტკბილი სიბერე მოუტანა მათ (დაბადება 25:8; 35:29; იობი 12:12; 42:17). რატომ ვერ წაართვა მათ ასაკმა ბედნიერება? იმიტომ, რომ ისინი ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობდნენ (ფსალმუნი 119:105; 2 ტიმოთე 3:16, 17).
3. რა ურჩია პავლემ ხანდაზმულებს?
3 ტიტესთვის მიწერილ წერილში, მოციქულმა პავლემ ხანდაზმულებს გონივრული რჩევა მისცა. ის წერდა: „ხანში შესული მამაკაცები იყვნენ ზომიერები, სერიოზულები, საღად მოაზროვნეები, ჯანსაღნი რწმენაში, სიყვარულსა და მოთმინებაში. ასევე ხანში შესული ქალებიც ისე მოიქცნენ, როგორც ღვთისმოშიშებს შეშვენით, არ იყვნენ ცილისმწამებლები და ღვინის მონები, არამედ კარგის მასწავლებლები“ (ტიტე 2:2, 3). ამ რჩევის გათვალისწინება დაგეხმარებათ, მზადყოფნით შეხვდეთ სიბერეს და მის პრობლემებს.
შეეგუეთ შვილების დამოუკიდებლობას
4, 5. როგორ რეაგირებენ, ჩვეულებრივ, მშობლები შვილების ცალკე ცხოვრებაზე და როგორ ეგუება მრავალი ახალ სიტუაციას?
4 ნებისმიერი სიახლე შემგუებლობას მოითხოვს, მაგრამ როგორ გინდათ შეეგუოთ იმას, რომ ზრდასრული შვილები გტოვებენ და ოჯახებს ქმნიან?! მრავალი მშობლისთვის ეს იმის პირველი ნიშანია, რომ სიბერემ მოუკაკუნა. თუმცა მშობლებს უხარიათ, რომ შვილები გაიზარდნენ, მათ ეჭვები არ ასვენებთ, სათანადოდ მოამზადეს თუ არა შვილები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ამას ემატება ძლიერი მონატრება.
5 მშობლებს შვილების კეთილდღეობა მაშინ უფრო აღელვებთ, როცა ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. „ხშირად რომ მაგებინებდნენ, რომ არაფერი უჭირთ, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნებოდა“, — თქვა ერთმა დედამ. ერთი მამა ყვება: „ძალიან გაგვიჭირდა, როცა ჩვენი ქალიშვილი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. თითქოს სახლი დაცარიელდა, რადგან ყოველთვის ყველაფერს ერთად ვაკეთებდით“. როგორ შეეგუვნენ ეს მშობლები შვილების დამოუკიდებლობას? მათ დაიწყეს სხვებზე ზრუნვა და სხვების დახმარება, რამაც საგრძნობლად შეუმსუბუქა მათ მდგომარეობა.
6. რა დაეხმარება მშობლებს, რომ სწორად შეაფასონ მოვლენები?
6 როდესაც შვილები ოჯახებს ქმნიან, მშობლების როლი იცვლება. დაბადების 2:24-ში ნათქვამია: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“. მეთაურობისა და წესრიგის შესახებ ღვთის პრინციპების გათვალისწინება დაეხმარება მშობლებს, სწორად შეაფასონ მოვლენები (1 კორინთელები 11:3; 14:33, 40).
7. როგორი პოზიცია დაიკავა ერთმა მამამ, როდესაც მისი ქალიშვილები გათხოვდნენ?
7 მას შემდეგ, რაც ორივე ქალიშვილი გათხოვდა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, მშობლებმა სიცარიელე იგრძნეს. თავიდან მამას გული მოსდიოდა სიძეებზე. მაგრამ, როდესაც ის მეთაურობის პრინციპზე დაფიქრდა, მიხვდა, რომ სიძეები იყვნენ ახლა პასუხისმგებლები თავიანთ ოჯახებზე. ამიტომ, როდესაც მისი ქალიშვილები რჩევას სთხოვდნენ, ის ეკითხებოდა, მათი ქმრები რას ფიქრობდნენ და ცდილობდა, სიძეების აზრისთვის დაეჭირა მხარი. დღეს სიძეებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ სიმამრთან და მის რჩევებსაც ითვალისწინებენ.
8, 9. როგორ ეგუებიან მშობლები ზრდასრული შვილების დამოუკიდებლობას?
8 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ახალდაქორწინებულები არ არღვევენ ბიბლიურ პრინციპებს, მაგრამ არ ითვალისწინებენ თქვენს აზრს? „ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით მათ იეჰოვას თვალსაზრისის დანახვაში, — ხსნის ერთი ცოლ-ქმარი, რომელთაც დაქორწინებული შვილები ჰყავთ, — მაგრამ თუ მათ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, არ ვეკამათებით, ვცდილობთ, მხარში ამოვუდგეთ და წავახალისოთ“.
9 აზიის ზოგიერთ ქვეყანაში მრავალი დედა ვერაფრით ვერ ეგუება ვაჟიშვილების დამოუკიდებლობას. მაგრამ თუ ისინი პატივს სცემენ ქრისტიანულ წესრიგსა და მეთაურობის პრინციპს, ხედავენ, რომ უთანხმოებები რძლებთან მცირდება. ერთი ქრისტიანი ქალი კმაყოფილებას ვერ მალავდა, როდესაც მისი ვაჟები საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. მას ძალიან უხარია იმის დანახვა, რომ შვილები მშვენივრად ართმევენ თავს ახალ ოჯახურ მოვალეობებს. ეს მას და მის მეუღლეს უმსუბუქებს ფიზიკურ თუ ემოციურ ტვირთს.
იზრუნეთ ერთმანეთზე
წლები გადის და ორივეს გჭირდებათ ერთმანეთის სიყვარულში დარწმუნება.
10, 11. რომელი ბიბლიური რჩევა დაეხმარება საშუალო ასაკის ადამიანებს, თავი აარიდონ ამ ასაკისთვის დამახასიათებელ ზოგიერთ მახეს?
10 ასაკი ყველა ადამიანზე თავისებურად მოქმედებს. მამაკაცები ცდილობენ, უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდნენ და განსხვავებულად იცვამენ. ქალბატონებს კი აღელვებთ მენოპაუზით გამოწვეული ცვლილებები. სამწუხაროდ, ბევრი თავისზე ახალგაზრდებს ეარშიყება, რითაც მეუღლეს გულს სტკენს და ეჭვიანობის საბაბს აძლევს. მაგრამ ღვთისმოშიში მამაკაცები „საღად მოაზროვნეები“ არიან და იხშობენ არასწორ სურვილებს (1 პეტრე 4:7). ქმრის სიყვარულით და იეჰოვას გულის გასახარად, მოწიფული ქალებიც ასევე მოქმედებენ თავიანთი ქორწინების მტკიცედ შესანარჩუნებლად.
11 ღვთის შთაგონებით მეფე ლემუელმა საქებარი სიტყვები დაწერა ‘მარჯვე ცოლზე’, რომელიც თავის ქმარს „მთელი თავისი სიცოცხლე ყოველივე კარგით აჯილდოებს და არა ცუდით“. ქრისტიანი მამაკაცი გაუგებს მეუღლეს, რომელსაც ასაკით გამოწვეულ ხასიათის მკვეთრ ცვლილებებთან უწევს ბრძოლა. სიყვარული უკარნახებს მას ‘აქოს ის’ (იგავები 31:10, 12, 28).
12. როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს ერთმანეთთან დაახლოება შვილების ცალკე გადასვლის შემდეგ?
12 სანამ ბავშვებს ზრდიდით, ალბათ, ორივემ გვერდზე გადადეთ პირადი სურვილები, რათა არაფერი მოგეკლოთ შვილებისთვის. ახლა ისინი უკვე ცალკე ცხოვრობენ და დადგა კვლავ ერთმანეთზე ზრუნვის დრო. „როცა ქალიშვილები ცალკე გადავიდნენ, — ამბობს ერთი მამაკაცი, — ხელახლა დავიწყე ჩემს ცოლზე ზრუნვა“. სხვა მამაკაცი ამბობს: „ჩვენ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას და ვახსენებთ ერთმანეთს, რომ ვარჯიშის დროა“. მარტოობა რომ არ იგრძნონ, ის და მისი მეუღლე კრების წევრებს იწვევენ სახლში. დიახ, ადამიანებისადმი ინტერესის გამოვლენას მრავალი კურთხევა მოაქვს. უფრო მეტიც, ეს იეჰოვას ახარებს (ფილიპელები 2:4; ებრაელები 13:2, 16).
13. როგორ ამტკიცებს ქორწინებას გულახდილობა და სიწრფელე?
13 არ დაუშვათ, რომ თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის უფსკრული გაჩნდეს ურთიერთობის ნაკლებობის გამო. გულახდილად ესაუბრეთ ერთმანეთს (იგავები 17:27). „ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა, ერთმანეთის გაგებას გვიადვილებს“, — აღნიშნავს ერთ-ერთი ქმარი. მას ცოლიც ეთანხმება: „რაც ასაკი მოგვემატა, უფრო გვსიამოვნებს ჩაის ერთად დალევა, საუბარი და ერთად ფუსფუსი“. გულახდილობა და სიწრფელე თქვენს ცოლქმრობას სიმტკიცეს შეჰმატებს, რასაც ქორწინების მტერი სატანა ვერაფერს დააკლებს.
იხარეთ შვილიშვილებით
14. რა წვლილი მიუძღვის ბებიას ტიმოთეს ქრისტიანად ჩამოყალიბებაში?
14 „მოხუცებულთა გვირგვინი შვილიშვილებია“ (იგავები 17:6). შვილიშვილებთან ურთიერთობა ნამდვილად სასიამოვნო, მხიარული და გამომაცოცხლებელია. ბიბლია დადებითად ახასიათებს ბებია ლოისს, რომელიც თავის ქალიშვილ ევნიკესთან ერთად რწმენას უზიარებდა თავის პატარა შვილიშვილ ტიმოთეს. ტიმოთე ყოველთვის ხედავდა, რომ მისი დედა და ბებია ბიბლიურ ჭეშმარიტებას აფასებდნენ (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15).
15. რა ძვირფასი წვლილის შეტანა შეუძლიათ პაპებსა და ბებიებს შვილიშვილების აღზრდაში, მაგრამ რას უნდა მოერიდონ?
15 სწორედ ამ მხრივ შეუძლიათ პაპასა და ბებიას ძვირფასი დახმარების გაწევა. პაპებო და ბებიებო, თქვენ უკვე გაუზიარეთ თქვენი ცოდნა იეჰოვას განზრახვების შესახებ თქვენს შვილებს. ახლა იმავეს გაკეთება შემდგომ თაობასთანაც შეგიძლიათ. ხშირად ბავშვები სულგანაბული უსმენენ პაპებისა და ბებიების მოყოლილ ბიბლიურ ამბებს. რა თქმა უნდა, თქვენ ამით თავზე არ აიღებთ მამების პასუხისმგებლობას, ჩაუნერგონ ბიბლიური ჭეშმარიტება შვილებს (მეორე კანონი 6:7). თქვენ მხოლოდ მათ ეხმარებით. ფსალმუნმომღერლის ლოცვა სამაგალითოა თქვენთვის: „ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო, სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა“ (ფსალმუნები 71:18; 78:5, 6).
16. როგორ შეუძლიათ პაპებსა და ბებიებს თავიდან აირიდონ დაძაბულობა ოჯახში?
16 სამწუხაროდ, ზოგიერთი პაპა და ბებია ათამამებს შვილიშვილებს, რის გამოც შვილებთან ურთიერთობა უფუჭდებათ. თქვენი გულწრფელი ინტერესის წყალობით შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შვილიშვილები თქვენ უფრო მოგენდონ და თქვენთან უფრო გულახდილები იყვნენ, ვიდრე მშობლებთან. ზოგჯერ ბავშვებს იმედი აქვთ, რომ მათი შემწყნარებელი პაპები და ბებიები მათ დაუჭერენ მხარს და არა მშობლებს. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში? გამოავლინეთ გონიერება და აღძარით თქვენი შვილიშვილები, გულახდილნი იყვნენ მშობლებთან. აუხსენით, რომ იეჰოვას თვალში ასეა მოსაწონი (ეფესოელები 6:1—3). თუ საჭიროა, შეგიძლიათ შვილიშვილებს შესთავაზოთ თქვენი დახმარება, რომ მშობლები წინასწარ შეამზადოთ მათთან სასაუბროდ. გაუზიარეთ შვილიშვილებს წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. თქვენი გულახდილობა და სიწრფელე მხოლოდ მათ კეთილდღეობას მოემსახურება.
შეეგუეთ იმ აზრს, რომ სიბერეს ვერსად გაექცევით
17. ფსალმუნმომღერლის რომელ მტკიცე გადაწყვეტილებას უნდა მიბაძონ ხანდაზმულმა ქრისტიანებმა?
17 წლები მიდის, ასაკი გემატებათ და ხვდებით, რომ იმდენს ვეღარ აკეთებთ, რამდენსაც ადრე აკეთებდით ან რისი კეთების სურვილიც გაქვთ. როგორ უნდა შეეგუოთ და გაუმკლავდეთ სიბერეს? საკუთარი თავი შესაძლოა, ისევ 30 წლის გვეგონოს, მაგრამ სარკე რეალობაში გვახედებს. არ ღირს გულის გატეხვა. ფსალმუნმომღერალი ევედრებოდა იეჰოვას: „ნუ მიმაგდებ სიბერეში, ნუ მიმატოვებ, როცა ძალა გამომეცლება“. უნდა შევეცადოთ, მივბაძოთ ფსალმუნმომღერლის განწყობას. მან თქვა: „მე კი მუდამ მოლოდინში ვიქნები და უფრო მეტად შეგაქებ“ (ფსალმუნი 71:9, 14).
18. როგორ შეუძლია მოწიფულ ქრისტიანს საუკეთესოდ გამოიყენოს დრო პენსიაზე გასვლის შემდეგ?
18 ბევრი წინასწარ ემზადება, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ უფრო მეტად განადიდოს იეჰოვა. „მე წინასწარ დავგეგმე, რას გავაკეთებდი, როცა ჩემი ქალიშვილი სკოლას დაამთავრებდა, — მოგვითხრობს ერთი მამა, რომელიც ამჟამად პენსიაზეა. — გადავწყვიტე სრული დროით მემსახურა და იეჰოვასათვის მეტი თავისუფალი დრო რომ მქონოდა, გავყიდე ჩემი ბიზნესი. ღმერთს ხელმძღვანელობას ვთხოვდი“. თუ საპენსიო ასაკს უახლოვდებით, ჩვენი დიდებული შემოქმედი გარწმუნებთ: „მე იგივე ვარ კაცის სიბერემდე, გაჭაღარავებამდე მე ვატარებ მას“ (ესაია 46:4).
19. რას ურჩევენ ხანდაზმულებს?
19 პენსიონერის ცხოვრება შეიძლება ადვილი არ იყოს. მოციქული პავლე ურჩევდა ხანდაზმულებს „ზომიერები“ ყოფილიყვნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვდუნდეთ და უღიმღამოდ ვიცხოვროთ. პენსიაზე გასვლის შემდეგ შეიძლება უფრო მეტად იყოს აუცილებელი გარკვეული რეჟიმი და თვითდისციპლინა, ვიდრე მანამდე. ამიტომ იყავით აქტიურნი და „ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში“ (1 კორინთელები 15:58). უფრო მეტად დაეხმარეთ სხვებს (2 კორინთელები 6:13). მრავალი ქრისტიანი ასე იქცევა და, ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გულმოდგინედ ქადაგებს სასიხარულო ცნობას. მიუხედავად წლებისა, იყავით „ჯანსაღნი რწმენაში, სიყვარულსა და მოთმინებაში“ (ტიტე 2:2).
მეუღლის დაკარგვასთან გამკლავება
20, 21. ა) რა არის გარდაუვალი ამ ქვეყნიერებაში? ბ) რა მაგალითს აძლევს ანა ქვრივებს?
20 სამწუხაროა, მაგრამ დღესდღეობით რეალობაა, რომ დაქორწინებულებს ადრე თუ გვიან სიკვდილი აშორებს ერთმანეთს. დაქვრივებულმა ქრისტიანებმა იციან, რომ საყვარელ გარდაცვლილ ადამიანებს სძინავთ და სჯერათ, რომ ხელახლა იხილავენ მათ (იოანე 11:11, 25). მაგრამ საყვარელი ადამიანის დაკარგვა ძალიან მტკივნეულია. როგორ გადავიტანოთ ეს ტკივილი?a
21 დამხმარეა, ბიბლიური პერსონაჟების მაგალითებზე დაფიქრება. ანა დაქვრივდა დაქორწინებიდან შვიდი წლის თავზე და იმ დროისთვის, როცა მის შესახებ ვკითხულობთ, ის უკვე 84 წლისა იყო. ეჭვგარეშეა, მან ძალიან განიცადა ქმრის დაკარგვა. მაგრამ, როგორ გადაიტანა ეს ტკივილი? ის დღე და ღამე წმინდა მსახურებას უსრულებდა იეჰოვა ღმერთს ტაძარში (ლუკა 2:36—38). დიახ, ქვრივ ანას წუხილსა და მარტოობას უქარვებდა ლოცვა და მსახურება.
22. როგორ გაუმკლავდა მრავალი ქვრივი მარტოობას?
22 „ახლა ყველაზე ძალიან ის მიჭირს, რომ დამლაპარაკებელი არა მყავს, — ამბობს 72 წლის მანდილოსანი, რომელიც ათი წლის წინ დაქვრივდა. — ჩემი მეუღლე ყოველთვის გულისყურით მისმენდა. ჩვენ ვსაუბრობდით კრებასა და ქრისტიანულ მსახურებაზე“. სხვა ქვრივი ამბობს: „თუმცა დრო მკურნალია, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჭრილობების მოსაშუშებლად დროის სწორად გამოყენება უკეთესი მკურნალია. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია სხვების დასახმარებლად“. ერთი 67 წლის ქვრივი მამაკაცი ეთანხმება ამას და ამბობს: „მძიმე დანაკლისთან გასამკლავებლად საუკეთესო წამალია, ანუგეშო სხვები“.
ღმერთი თავის ხანდაზმულ მსახურებსაც აფასებს
23, 24. როგორ ანუგეშებს ბიბლია ხანდაზმულებს, განსაკუთრებით კი ქვრივებს?
23 თუმცა სიკვდილი გართმევთ საყვარელ ადამიანს, იეჰოვა მუდამ ერთგული და სანდოა. „ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას, — მღეროდა მოხუცი მეფე დავითი, — ერთ რამეს ვესწრაფვი, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე, ვიხილო იეჰოვას მშვენიერება და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს“ (ფსალმუნი 27:4).
24 „პატივი ეცი ქვრივებს, ნამდვილ ქვრივებს“, — მოგვიწოდებს მოციქული პავლე (1 ტიმოთე 5:3). თუმცა კონტექსტი გვიჩვენებს, რომ ღირსეულ ქვრივებს, რომელთაც ნათესავები არა ჰყავთ, კრებამ მატერიალური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს, პატივისცემაში მათი დაფასება იგულისხმება. როგორი მანუგეშებელია ღვთისმოშიში ქვრივებისთვის ის, რომ იეჰოვა აფასებს მათ და ყოველთვის დაეხმარება! (იაკობი 1:27)
25. რა მიზანი უნდა დაისახონ ხანდაზმულებმა?
25 ‘„მოხუცებულთა სიდიადე ჭაღარაა“, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში. ის „სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგავები 16:31; 20:29). ამიტომ ცოცხალი გყავთ თუ არა მეუღლე, იეჰოვასადმი მსახურება პირველ ადგილზე დააყენეთ. ამგვარად თქვენ ახლავე მოიპოვებთ ღვთის თვალში კარგ სახელს და გექნებათ ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა, სადაც სიბერე და მისი თანმხლები პრობლემები დავიწყებას მიეცემა (ფსალმუნი 37:3—5; ესაია 65:20).
a ეს საკითხი დაწვრილებითაა განხილული ბროშურაში „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“. გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.