გააცხადე ჭეშმარიტება იესოს შესახებ
1 ცხებული ქრისტიანები, რომლებთანაც სხვა ცხვრები თანამშრომლობენ, „მოწმობენ იესოს შესახებ“ (გამოცხ. 12:17, აქ). ეს უმნიშვნელოვანესი დავალებაა, ვინაიდან ხსნა მხოლოდ მისი მეშვეობით არის შესაძლებელი (იოან. 17:3; საქ. 4:12).
2 გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, — თქვა იესომ. — მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოან. 14:6). მხოლოდ იესოს — „გზის“ — მეშვეობით შეგვიძლია მივუახლოვდეთ ღმერთს ლოცვით და ვიქონიოთ ახლო და სათანადო ურთიერთობა მასთან (იოან. 15:16). იესო არის „ჭეშმარიტება“, ვინაიდან ებრაულ წერილებში მოცემული მრავალი წინასწარმეტყველება მასზე შესრულდა (იოან. 1:17; კოლ. 2:16, 17). სინამდვილეში, წინასწარმეტყველების ძირითადი მიზანი ის არის, რომ მეტი შუქი მოჰფინოს იესოს უმთავრეს როლს ღვთის განზრახვების შესრულებაში (გამოცხ. 19:10). უფრო მეტიც, იესო არის „სიცოცხლე“. იმისათვის, რომ ძღვნად მიიღონ მარადიული სიცოცხლე, ყველას მართებს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის განვითარება (იოან. 3:16, 36; ებრ. 2:9).
3 კრების თავი და მმართველი მეფე. ხალხმა, აგრეთვე, უნდა აღიაროს უდიდესი ძალაუფლება, რომელიც იეჰოვამ თავის ძეს მიანდო. იესო დაინიშნა ღვთის სამეფოს მეფედ და ‘მას ეკუთვნის ხალხთა მორჩილება’ (დაბ. 49:10, აქ). ამასთანავე, იეჰოვამ ის კრების თავად დანიშნა (ეფეს. 1:22, 23). ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს იმის გაგებაში, თუ როგორ ხელმძღვანელობს იესო კრებას და როგორ სარგებლობს „ერთგული და გონიერი მონით“, რათა „დროულად აძლევდეს მათ [სულიერ] საზრდოს“ (მათ. 24:45—47).
4 მოწყალე მღვდელმთავარი. მრავალი განსაცდელისა და ტანჯვა-წამების შემდეგ იესოს თავად „შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ“ (ებრ. 2:17, 18). რამდენად ამაღელვებელია არასრულყოფილი ადამიანებისთვის იმის გაგება, თუ როგორი თანაგრძნობით ეკიდება იესო მათ სისუსტეებს და როგორ გულთბილად შუამდგომლობს მათ (რომ. 8:34). იესოს მსხვერპლზე დაფუძნებით და იმის წყალობით, რომ ის მღვდელმთავრად მსახურობს, შეგვიძლია „გაბედულად“ მივუახლოვდეთ იეჰოვას, რათა მივიღოთ „დროული დახმარება“ (ებრ. 4:15, 16, აფ).
5 დაე იესოს შესახებ ჭეშმარიტების გასაცხადებლად გამოვლენილმა ჩვენმა ძალისხმევამ აღძრას ყველა ჩვენი მსმენელი, დაემორჩილოს და ჩვენთან ერთად ემსახუროს ღმერთს (იოან. 14:15, 21).