საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 49 გვ. 255-გვ. 257 აბზ. 3
  • დამაჯერებელი არგუმენტაცია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დამაჯერებელი არგუმენტაცია
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • დაარწმუნე მსმენელი, დააფიქრე ისინი
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • ბიბლიური მუხლების ეფექტური წარდგენა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • ბიბლიური მუხლების სწორად ახსნა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსმენელისთვის შინაარსიანი მასალა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 49 გვ. 255-გვ. 257 აბზ. 3

გაკვეთილი 49

დამაჯერებელი არგუმენტაცია

რა უნდა გააკეთო?

ნათქვამის დასადასტურებლად დამაჯერებელი ფაქტები მოიყვანე.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

თუ მსმენელი არ დარწმუნდა, რომ სიმართლეს ლაპარაკობ, შენს ნათქვამს არ დაიჯერებს და არ გაითვალისწინებს.

როდესაც რაღაცას ამბობ, მსმენელებს შეიძლება სავსებით სამართლიანად დაებადოთ კითხვები: „რატომ არის ეს მაინცდამაინც ასე? რის საფუძველზე უნდა დავეთანხმო ნათქვამს?“ შენი, როგორც მასწავლებლის, მოვალეობაა, უპასუხო ასეთ შეკითხვებს ან დაეხმარო მსმენელებს, თვითონვე გასცენ პასუხები. თუ მნიშვნელოვან აზრს გადასცემ, მის დასადასტურებლად აუცილებლად მოიყვანე საფუძვლიანი არგუმენტები, რათა შენი სიტყვები უფრო მეტად დამაჯერებელი იყოს.

პავლე მოციქული დამაჯერებლად ქადაგებდა. ის დამაჯერებელი არგუმენტაციით, ლოგიკური მსჯელობითა და გულწრფელი მოწოდებებით ცდილობდა, შეეცვალა მსმენელის მცდარი თვალსაზრისი. ამით მან შესანიშნავი მაგალითი მოგვცა (საქ. 18:4; 19:8). ზოგი ორატორი დამაჯერებლობას ხალხის შესაცდენად იყენებს (მათ. 27:20; საქ. 14:19; კოლ. 2:4). ისინი ხალხს თავს ახვევენ არასწორ შეხედულებებს, ეყრდნობიან არცთუ მიუკერძოებელ წყაროებს, იშველიებენ ზედაპირულ არგუმენტებს, უგულებელყოფენ ფაქტებს, რომლებიც მათ შეხედულებებს ეწინააღმდეგება და ზემოქმედებენ გრძნობებზე ნაცვლად იმისა, რომ მსმენელებთან ერთად გონივრულად იმსჯელონ. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერი ასეთი მეთოდის გამოყენებას.

ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული არგუმენტები. ჩვენ საკუთარი აზრების მასწავლებლები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ ხალხს ბიბლიიდან ნასწავლი უნდა გადავცეთ. სწავლებაში გვეხმარება „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებული პუბლიკაციები, რომლებიც წმინდა წერილების საფუძვლიანი გამოკვლევის შესაძლებლობას გვაძლევს. შედეგად, ჩვენ ბიბლიაზე ვამახვილებთ სხვების ყურადღებას. ამ დროს ჩვენი მიზანი საკუთარი სიმართლის დამტკიცება კი არ არის, არამედ იმის თავმდაბლურად ჩვენება, თუ რა არის ბიბლიაში ნათქვამი. ჩვენ ვეთანხმებით იესოს, რომელმაც ლოცვაში უთხრა მამას: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ყველაზე ავტორიტეტული იეჰოვას, ცისა და დედამიწის შემოქმედის, სიტყვაა. ამიტომაც, ჩვენი არგუმენტები დამაჯერებელი რომ იყოს, ისინი მის სიტყვაზე უნდა დავაფუძნოთ.

ზოგჯერ შეიძლება საუბარი მოგიწიოს ისეთ ადამიანთან, რომელიც ბიბლიას არ იცნობს ან მას ღვთის სიტყვად არ აღიარებს. ასეთ შემთხვევებში გონივრულად უნდა განსაზღვრო, როდის და როგორ გამოიყენო ბიბლიური მუხლები. მაგრამ უნდა შეეცადო, შეძლებისდაგვარად, მალევე გაამახვილო მოსაუბრის ყურადღება ინფორმაციის ამ ავტორიტეტულ წყაროზე.

შეიძლება იმის თქმა, რომ სათანადო ბიბლიური მუხლის წაკითხვა თავისთავად დამაჯერებელი არგუმენტის მოყვანაა? ყოველთვის არა. ზოგჯერ საჭიროა, ყურადღება გაამახვილო კონტექსტზე, რათა მსმენელს დაანახვო, რომ ბიბლიური მუხლი ნამდვილად ადასტურებს შენს ნათქვამს. თუ ბიბლიური მუხლიდან მხოლოდ პრინციპს იყენებ და კონტექსტი საუბრის თემას საერთოდ არ უკავშირდება, სხვა არგუმენტების მოყვანაც დაგჭირდება. შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სხვა ბიბლიური მუხლების მოყვანაც, რითაც მსმენელს დაარწმუნებ, რომ შენი ნათქვამი ნამდვილად ბიბლიაზეა დაფუძნებული.

არ გააზვიადო მუხლში მოცემული აზრი. ყურადღებით წაიკითხე ის. შეიძლება მუხლი ნამდვილად უკავშირდება თქვენი საუბრის თემას, მაგრამ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, თუ მსმენელი დაინახავს, რომ მასში მოცემული აზრი ადასტურებს შენს ნათქვამს.

დამატებითი ფაქტები. ზოგჯერ საჭიროა, არაბიბლიური სანდო წყაროებიდანაც მოიყვანო დამაჯერებელი ფაქტები, რათა მსმენელებს წმინდა წერილებში ნათქვამის გონივრულობა დაანახვო.

მაგალითად, შეგიძლია ილაპარაკო სამყაროზე, რომელიც შემოქმედის არსებობაზე მოწმობს. შესაძლოა, ყურადღება გაამახვილო ბუნების კანონებზე — ვთქვათ, მიზიდულობის კანონზე — და მსმენელებთან ერთად იმსჯელო, რომ ასეთი კანონები კანონმდებლის არსებობაზე მეტყველებს. შენი მსჯელობა ლოგიკური იქნება, თუ ღვთის სიტყვასთან იქნება შეთანხმებული (იობ. 38:31—33; ფსალმ. 19:1; 104:24; რომ. 1:20). ასეთი არგუმენტები გამოსადეგია, რადგან მათი მეშვეობით მსმენელებს დაანახვებ, რომ ბიბლია ეთანხმება საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს.

დავუშვათ, გსურს მსმენელი დაარწმუნო, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა. შეიძლება მოიყვანო რომელიმე მეცნიერის სიტყვები, მაგრამ ამტკიცებს ეს რამეს? ამა თუ იმ მეცნიერის სიტყვები მხოლოდ მათთვის იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, ვინც მას ენდობა. მართებულია თუ არა, მეცნიერებას მიმართო იმის დასადასტურებლად, რომ ბიბლია ჭეშმარიტია? თუ შენთვის მთავარი ავტორიტეტი არასრულყოფილ ადამიანთა, მეცნიერთა, აზრები იქნება, მსჯელობას ვერ ააგებ მყარ საფუძველზე. იმ შემთხვევაში კი, თუ ღვთის სიტყვით დაიწყებ, ხოლო შემდეგ მოიხსენიებ მეცნიერულ აღმოჩენებს, რომლებიც ბიბლიაში ნათქვამის ჭეშმარიტებას ადასტურებს, შენს არგუმენტებს მყარი საფუძველი ექნება.

რასაც უნდა ამტკიცებდე, საჭიროა საკმარისი არგუმენტების მოყვანა. იფიქრე მსმენელებზე იმის განსასაზღვრავად, თუ რამდენი არგუმენტის მოყვანა აჯობებს. ვთქვათ, განიხილავ 2 ტიმოთეს 3:1—5-ს, სადაც ბოლო დღეებია აღწერილი. შეგიძლია მოიყვანო საინფორმაციო საშუალებების მიერ გაშუქებული ყველასთვის კარგად ცნობილი შემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანები „თბილ გრძნობებს მოკლებულები“ არიან. ერთი ასეთი მაგალითი შეიძლება საკმარისი იყოს იმის დასამტკიცებლად, რომ ბოლო დღეების ნიშნის ეს ნაწილი სრულდება.

ხშირად საჭიროა ანალოგიის გამოყენება, ანუ ორი საერთო ნიშნის ან ნიშნების მქონე საგნის, მოვლენის ან ცნების შედარება. მართალია, ანალოგია თავისთავად არგუმენტი არ არის და მისი საფუძვლიანობა, ისევ და ისევ, ბიბლიას უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ ის მსმენელს ამა თუ იმ აზრის გაგებაში ეხმარება. მაგალითად, როდესაც ხსნი, რომ ღვთის სამეფოში ხელისუფლება იგულისხმება, შეგიძლია ის ადამიანთა მიერ შექმნილ ხელისუფლებებს შეადარო. ამ შედარების განსამტკიცებლად შეგიძლია კონკრეტულად შეეხო ღვთის სამეფოს მმართველებს, ქვეშევრდომებს, კანონებს, სასამართლო თუ განათლების სისტემას.

ცხოვრებისეული მაგალითები ხშირად გვაძლევს შესაძლებლობას, მსმენელებს დავანახვოთ, რამდენად გონივრულია ბიბლიის რჩევების გამოყენება. ნათქვამის დასადასტურებლად შესაძლებელია პირადი მაგალითის მოყვანაც. მაგალითად, როდესაც მსმენელს უხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის კითხვა და შესწავლა, შეგიძლია მოუყვე, პირადად როგორ დაგეხმარა ეს. პეტრე მოციქულმა ძმების გასამხნევებლად მოიხსენია ქრისტეს გარდასახვა, რომლის თვითმხილველიც თავად იყო (2 პეტ. 1:16—18). პავლეც უამბობდა თანამორწმუნეებს იმას, რაც თავს გადახდა (2 კორ. 1:8—10; 12:7—9). ცხადია, ხშირად არ უნდა მოიყვანო შემთხვევები პირადი ცხოვრებიდან, რათა ყურადღება საკუთარ თავზე არ მიიქციო.

განსხვავებული წარმოშობისა და აზროვნების გამო, რაც დამაჯერებელია ერთისთვის, შეიძლება სულაც არ იყოს დამაჯერებელი მეორისთვის. ამიტომაც მხედველობაში უნდა მიიღო მსმენელების შეხედულებები, ვიდრე გადაწყვეტ, რა არგუმენტები მოიყვანო და როგორ წარმოადგინო ისინი. იგავების 16:23-ში ნათქვამია: „ბრძენის გული მის საუბარს წვდომის უნარს სძენს, მის ბაგეებს კი დამაჯერებლობას მატებს“.

მოიყვანე დამაჯერებელი არგუმენტები

  • დაუსაბუთებელი არ დატოვო ნათქვამი, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ აზრი მნიშვნელოვანია.

  • ბიბლიაზე დააფუძნე არგუმენტები.

  • მოიყვანე დამატებითი ფაქტები იმისდა მიხედვით, თუ რა მიზანი გაქვს და ვინ არის შენი მსმენელი.

სავარჯიშოები: 1) წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ გადაშალე თემაზე „იესო ქრისტე“. დააკვირდი, დასმულ შეკითხვებზე გაცემულ პასუხებში როგორ მახვილდება ყურადღება უშუალოდ ბიბლიაზე. 2) შეისწავლე „საგუშაგო კოშკის“ ან „გამოიღვიძეთ!“-ის რომელიმე ნომრის შესავალი სტატიები. შეარჩიე რამდენიმე მთავარი აზრი. გახაზე ამ აზრების დასადასტურებლად მოყვანილი ძირითადი ბიბლიური მუხლები და დამატებითი ფაქტები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება