გაკვეთილი 53
გაამხნევე და განამტკიცე მსმენელი
ღვთის მსახურები შეიძლება სხვადასხვა პრობლემის წინაშე იდგნენ. ასეთ დროს ქრისტიანული კრება მათთვის გამხნევების წყარო უნდა იყოს. ამიტომ უხუცესებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი მოხსენებები და რჩევები გამამხნევებელი იყოს. ისინი უნდა იყვნენ „როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში, როგორც წყლის ნაკადულები უწყლო ქვეყანაში, როგორც დიდი კლდის ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე“ (ეს. 32:2).
თუ უხუცესი ხარ, გამომაცოცხლებელი და მანუგეშებელია შენი მოხსენებები? ამხნევებ მათ, ვინც ცდილობს, ერთგულად ემსახუროს იეჰოვას? მატებს შენი მოხსენებები მათ ძალებს იმისათვის, რომ კვლავაც მტკიცედ განაგრძონ ღვთის ნების შესრულება წინააღმდეგობისა და გულგრილობის მიუხედავად? როგორ უნდა მოიქცე, თუ მსმენელებიდან ვინმე გულდამძიმებულია, მატერიალურად ძალიან გაჭირვებულია ან უკურნებელი დაავადებით იტანჯება? შენ შეგიძლია შენი ‘სიტყვებით განამტკიცო’ ძმები (იობ. 16:5).
როგორც მომხსენებელმა, გამოიყენე და-ძმების გამხნევების შესაძლებლობა. დაეხმარე მათ, რომ ნუგეშისა და ძალებისათვის მიმართონ იეჰოვას და იმ საშუალებებს, რომლებსაც ის გვთავაზობს (რომ. 15:13; ეფეს. 6:10).
შეახსენე მსმენელს, რა გააკეთა იეჰოვამ. და-ძმების გასამხნევებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება იმის შეხსენებაა, თუ როგორ ეხმარებოდა ძველად იეჰოვა გაჭირვებაში ჩაცვენილ თავის ხალხს (რომ. 15:4).
აღთქმულ მიწაზე ისრაელების შესვლამდე იეჰოვამ მოსეს უთხრა, ‘გაემხნევებინა და განემტკიცებინა’ იესო ნავეს ძე, რადგან ეს ტერიტორია იმ დროს მტრულად განწყობილი ერებით იყო დასახლებული. როგორ გააკეთა ეს მოსემ? იესო ნავეს ძის თანდასწრებით მან მთელ ერს შეახსენა სასწაულები, რომლებიც იეჰოვამ ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დროს მოახდინა (კან. 3:28; 7:18). მოსე აგრეთვე დაწვრილებით მოჰყვა, როგორ გაამარჯვებინა იეჰოვამ თავის ერს ამორეველებთან ბრძოლებში. შემდეგ კი იესო ნავეს ძეს მოუწოდა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი“ (კან. 31:1—8). როდესაც ძმების გამხნევებას ცდილობ, ახსენებ ხოლმე იმას, რაც იეჰოვამ უკვე გააკეთა მათთვის?
ხანდახან ადამიანი იმდენად არის პრობლემებისგან ძალაგამოცლილი, რომ ეჭვიც კი ეპარება, ოდესმე თუ იხილავს ღვთის სამეფოს კურთხევებს. ასეთ ადამიანებს შეახსენე, რომ იეჰოვას აღთქმები ნამდვილად საიმედოა (იესო 23:14).
ზოგ ქვეყანაში სასიხარულო ცნობის ქადაგება კანონით აკრძალულია. ამ დროს მოსიყვარულე უხუცესებს თანამორწმუნეთა გამხნევება იმ შემთხვევების შეხსენებით შეუძლიათ, რომლებიც იესო ქრისტეს მოციქულებს ჰქონდათ (საქ. 4:1—5:42). ასევე ძმებს სიმხნევეს შემატებს იმის შეხსენება, თუ როგორ წარმართა იეჰოვამ მოვლენები, რომელთა შესახებაც მოთხრობილია წიგნში „ესთერი“.
ზოგი, მიუხედავად იმისა, რომ კრების შეხვედრებს ესწრება, არ დგამს ნაბიჯებს. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ ღმერთი არასოდეს აპატიებს მათ წარსულში ჩადენილ ცოდვებს. კარგი იქნებოდა, მათთვის მოგეთხრო, როგორ მოექცა იეჰოვა მეფე მენაშეს (2 მატ. 33:1—16). ან შეახსენე ძველ კორინთში მცხოვრებთა შემთხვევა: მათ შეიცვალეს ცხოვრების წესი და ქრისტიანები გახდნენ, რის შემდეგაც ღმერთმა მართლებად აღიარა ისინი (1 კორ. 6:9—11).
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ღვთის კეთილგანწყობა დაკარგა და ამის გამო ხვდება პრობლემებს, შეახსენე, რა გადაიტანა იობმა და როგორ აკურთხა ის იეჰოვამ ურყევი ერთგულების გამო (იობ. 1:1—22; 10:1; 42:12, 13; ფსალმ. 34:19). იობის ვაი-ნუგეშისმცემლები უსაფუძვლოდ აცხადებდნენ, რომ ის ცოდვების გამო იტანჯებოდა (იობ. 4:7, 8; 8:5, 6). ამის საპირისპიროდ, როდესაც მოწაფეებს განამტკიცებდნენ და „რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ“, პავლე და ბარნაბა მათ ეუბნებოდნენ, „ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო“ (საქ. 14:21, 22). შენც შეგიძლია გაამხნევო ისინი, ვინც განსაცდელებს ხვდება. ამისათვის აუხსენი მათ, რომ ყველა ქრისტიანისგან მოითხოვება გასაჭირის ატანა. ამ დროს გამოვლენილ ჩვენს ერთგულებას ძალიან აფასებს ღმერთი (იგავ. 27:11; მათ. 24:13; რომ. 5:3, 4; 2 ტიმ. 3:12).
აღძარი მსმენელი, დაფიქრდეს და გაიხსენოს, როგორ გამოსცადა საკუთარ თავზე, რომ იეჰოვა აღთქმების შემსრულებელი ღმერთია. ეს დაანახვებს, რომ იეჰოვამ მათთან მიმართებაშიც შეასრულა თავისი სიტყვა. ფსალმუნის 32:8-ში ვკითხულობთ: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“. აღძარი მსმენელები, გაიხსენონ, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უხელმძღვანელა მათ ღმერთმა ან როგორ გააძლიერა ისინი. ასეთნაირად ისინი დარწმუნდებიან, რომ იეჰოვა ზრუნავს მათზე და კვლავაც დაეხმარება ნებისმიერი განსაცდელისას (ეს. 41:10, 13; 1 პეტ. 5:7).
აჩვენე, რომ აღტაცებული ხარ იმით, რასაც დღეს აკეთებს ღმერთი. როდესაც ძმების გამხნევებას ცდილობ, ხაზი გაუსვი, რას აკეთებს დღეს იეჰოვა. თუ გამოხატავ, რომ ღვთის საქმეებით აღტაცებული ხარ, მსმენელსაც გაუღვიძებ მსგავს გრძნობებს.
დავფიქრდეთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში. ის ცხოვრების საუკეთესო გზას გვიჩვენებს (ეს. 30:21); გვიხსნის დამნაშავეობის, უსამართლობის, სიღარიბის, ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზებს და გვაუწყებს, როგორ მოუღებს ბოლოს ამ ყოველივეს. იეჰოვას წყალობით გვყავს მოსიყვარულე და-ძმები, ის გვაძლევს ლოცვის ძვირფას შესაძლებლობას. მან დაგვდო პატივი, ვიყოთ მისი მოწმეები; თვალები აგვიხილა და დაგვანახვა, რომ ქრისტე უკვე მეფობს ზეცაში და ამ ქვეყნიერების ბოლო დღეები მალე დასრულდება (გამოცხ. 12:1—12).
ყოველივე ამას დავუმატოთ კრების შეხვედრები და კონგრესები. როდესაც ამ ღონისძიებებისთვის გულწრფელ მადლიერებას გამოხატავ, სხვებს ამხნევებ, უფრო მეტად დააფასონ და არ უგულებელყონ ძმებთან შეკრების შესაძლებლობა (ებრ. 10:23—25).
გამამხნევებელია იმ ანგარიშების მოსმენა, საიდანაც ვიგებთ, როგორ აკურთხებს იეჰოვა სამქადაგებლო მსახურებაში ჩვენს მცდელობებს. პირველ საუკუნეში იერუსალიმისკენ მიმავალი პავლე და ბარნაბა ძმებს „დაწვრილებით უყვებოდნენ უცხოტომელების მოქცევის შესახებ, რაც ძმებს ძალიან ახარებდათ“ (საქ. 15:3). შენც შეგიძლია ძმების გახარება გამამხნევებელი შემთხვევების მოყოლით.
ადამიანს დიდ სიხარულს ანიჭებს, როდესაც თავისი შრომის ნაყოფს ხედავს და ესმის, რამდენად ღირებულ საქმეს აკეთებს. შეაქე ძმები იმისათვის, რასაც ქრისტიანულ მსახურებაში აკეთებენ. ისინიც შეაქე, ვინც ხანდაზმულობისა თუ ავადმყოფობის მიუხედავად ერთგულებასა და მოთმინებას ავლენს. შეახსენე მათ, რომ იეჰოვა არ ივიწყებს სიყვარულს, რომელსაც მისი სახელისთვის ავლენენ (ებრ. 6:10). გამონაცადი რწმენა ფასდაუდებელი განძია (1 პეტ. 1:6, 7). ძმებს სჭირდებათ ამის შეხსენება.
სულითა და გულით ილაპარაკე ჩვენს იმედზე. მათთვის, ვისაც უყვარს იეჰოვა, გამხნევების ძირითად წყაროს მომავალთან დაკავშირებული, ღვთის შთაგონებით დაწერილი აღთქმები წარმოადგენს. ალბათ, შენი მსმენელების უმეტესობას არაერთხელ სმენია ეს აღთქმები. მიუხედავად ამისა, თუ ღვთის დაპირებებზე მადლიერებით ილაპარაკებ, ისინი უფრო რეალური გახდება მსმენელებისთვის; უფრო მეტად დარწმუნდებიან მათ შესრულებაში და გული მადლიერებით აევსებათ. ამის გაკეთებაში კი თეოკრატიული მსახურების სკოლაში ნასწავლი დაგეხმარება.
მართალია, იეჰოვაა თავისი ხალხისთვის გამხნევებისა და განმტკიცების უდიდესი წყარო, მაგრამ შენც შეგიძლია მასთან თანამშრომლობა. ამის შესანიშნავი შესაძლებლობა კი კრების წინაშე მოხსენებით გამოსვლისას გეძლევა.