მზად ხართ სტიქიური უბედურების შესახვედრად?
1. რატომ არის გონივრული წინასწარ მომზადება სტიქიის შესახვედრად?
1 ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, მათ შორის ჩვენი მრავალი და-ძმა, ზარალდება მიწისძვრების, ცუნამის, მუსონების, ქარიშხლების, ტორნადოებისა და წყალდიდობების გამო. სტიქია შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს მოულოდნელად დაატყდეს თავს, ამიტომ გონივრული იქნება, თუ წინასწარ ვიქნებით მზად ამისთვის (იგავ. 21:5).
2. რატომ უნდა ვაცნობოთ უხუცესებს ჩვენი მისამართი და ტელეფონი?
2 წინასწარ მომზადება: ზოგჯერ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ მოსალოდნელი სტიქიის შესახებ. ასეთი გაფრთხილებები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ (იგავ. 22:3). ამ შემთხვევაში უხუცესები შეეცდებიან, დაუკავშირდნენ კრების ყველა წევრს, რათა მათ აუცილებელი ზომები მიიღონ. სტიქიის შემდეგ უხუცესები კვლავ დაუკავშირდებიან მათ, რომ დაადგინონ, უსაფრთხო ადგილას არიან თუ არა ისინი და სჭირდებათ თუ არა დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ უხუცესებს წინასწარ არ ეცოდინებათ მაუწყებლების მისამართი და ტელეფონი, სტიქიის შემდეგ მათ შეიძლება ძვირფასი დრო დაკარგონ. მაუწყებლებმა მდივანს და წიგნის შესწავლის ზედამხედველს წინასწარ უნდა აცნობონ თავიანთი მისამართი და ტელეფონი.
3. როგორ უნდა ვითანამშრომლოთ უხუცესებთან?
3 თუ კრება სტიქიური უბედურების ზონაშია, უხუცესებმა შეიძლება მაუწყებლებისგან გაიგონ უსაფრთხო ადგილას მცხოვრები მათი ნათესავებისა და მეგობრების ტელეფონის ნომრები, რათა საგანგებო მდგომარეობის დროს დაუკავშირდნენ მათ. ამგვარად უხუცესები დაადგენენ, თუ სად შეიძლება ევაკუირებულთა დაბინავება. უხუცესებს შეუძლიათ შეიმუშაონ მოქმედების გეგმა, რომელშიც შევა საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძენი აუცილებელი ნივთების სია, მითითებები, როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია და როგორ უნდა დაეხმარონ მას, ვისაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობა (ებრ. 13:17).
4. რა უნდა გააკეთო, თუ სტიქიური უბედურება თქვენს მხარეში ხდება?
4 სტიქიის შემდეგ: რა უნდა გააკეთო, თუ სტიქიური უბედურება თქვენს მხარეში ხდება? იზრუნე შენს ოჯახზე. თუ შესაძლებელია, სხვებსაც გაუწოდე დახმარების ხელი. რაც შეიძლება მალე დაუკავშირდი შენი წიგნის შესწავლის ზედამხედველს ან რომელიმე უხუცესს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უსაფრთხო ადგილას ხარ და დახმარება არ გჭირდება. თუ დახმარება გჭირდება, დარწმუნებული იყავი, რომ ძმები ყველაფერს აკეთებენ შენს დასახმარებლად (1 კორ. 13:4, 7). გახსოვდეს, რომ იეჰოვა ხედავს შენს მდგომარეობას, ამიტომ მიენდე მას (ფსალმ. 37:39; 62:8). შეეცადე, სულიერი და ემოციური დახმარება აღმოუჩინო სხვებს (2 კორ. 1:3, 4). რაც შეიძლება მალე დაუბრუნდი შენს ჩვეულ თეოკრატიულ განრიგს (მათ. 6:33).
5. რა გავლენას უნდა ახდენდეს ქრისტიანებზე სტიქიური უბედურებების საფრთხე?
5 სტიქიური უბედურებების საფრთხე ბევრ თავსატეხს უჩენს ამ ქვეყნიერებას, მაგრამ ჩვენ მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ. მალე ყველა სტიქიური უბედურება წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხ. 21:4). მანამდე კი გონივრულად უნდა მოვიქცეთ — მოვემზადოთ საშიშროებისთვის და გულმოდგინედ გავაცხადოთ სასიხარულო ცნობა.