ხელმძღვანელი საბჭოს წერილი
იესოს მსგავსად ჩვენც მთელი გულით ვლოცულობთ: „განიწმინდოს შენი სახელი“. იეჰოვას მოწმეები ჩვენი ცხოვრებით ვაჩვენებთ, რომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავითვალისწინოთ ეს სიტყვები. ჩვენგან ღვთის სახელის ცოდნაზე მეტი მოითხოვება. ყოველი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ მისი სახელის განსადიდებლად. ჩვენ უდიდესი პატივი გვხვდა წილად, ვიწოდებოდეთ იეჰოვას სახელით (მათ. 6:9; ეს. 43:10).
ფსალმუნის 110:3-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, იეჰოვას ხალხი მზადყოფნით მონაწილეობს საქმეში, რომელიც იეჰოვამ მათ დაავალა. რატომ მონაწილეობს გულმოდგინედ ყველა ასაკისა და წარმოშობის ადამიანი სამქადაგებლო საქმიანობაში? უპირველესად იმიტომ, რომ მათ უყვართ ღმერთი და თავი მიუძღვნეს მას. კანონის 6:5, 6-ში ნათქვამია, რომ იეჰოვა „მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“ უნდა გვიყვარდეს. გულითადი სიყვარული აღგვძრავს, რომ ჩვენი დრო, ენერგია და სახსრები ღვთის სამეფოს ინტერესებს მოვახმაროთ, რაშიც სამქადაგებლო მსახურებაში შეძლებისდაგვარად მონაწილეობაც იგულისხმება.
იეჰოვამ ადამიანების სიყვარულის გამო დაგვავალა, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოს ვაუწყოთ. მას არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს; პირიქით, მას სურს, რომ ადამიანებმა მიატოვონ თავიანთი მცდარი გზა, დაუბრუნდნენ შემოქმედს და იცოცხლონ (2 პეტ. 3:9). იეჰოვა ამბობს: „ბოროტის სიკვდილი კი არ მახარებს, არამედ ის, რომ მობრუნდეს ბოროტი თავისი გზიდან და იცოცხლოს“ (ეზეკ. 33:11). სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობით ცხადვყოფთ, რომ იეჰოვას უყვარს ადამიანები. ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობას სიხარული და კმაყოფილება მოაქვს.
იეჰოვასადმი ჩვენი გულითადი სიყვარული იქიდანაც ჩანს, თუ როგორ ვუყურებთ მის შთაგონებით დაწერილ სიტყვას, წმინდა წერილებს. რომ არა ბიბლია, ჩვენ ვერასოდეს გავიცნობდით და დავუახლოვდებოდით ღმერთს, რისკენაც იაკობის 4:8 მოგვიწოდებს. ჩვენ ვერ გავიგებდით, თუ რისთვის გავჩნდით ამქვეყნად და რას მოგვიტანს მომავალი. ვერც იმას გავიგებდით, რომ ჩვენი პრობლემების მიზეზი ჩვენი წინაპარი, ადამია (რომ. 5:12). არც ის გვეცოდინებოდა, რომ ღმერთმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა და თავისი მხოლოდშობილი ძე გაიღო გამოსასყიდად. იეჰოვა სხვა მრავალი საშუალებითაც გვიზიარებს თავის ცოდნასა და სიბრძნეს. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ მისგან ბოძებულ ძღვენს, მის შთაგონებულ სიტყვას! ამ ძვირფასი საჩუქრისთვის მადლიერება აღგვძრავს, რომ „გამოვისყიდოთ დრო“ მის წასაკითხად, შესასწავლად და მასზე დასაფიქრებლად (ეფეს. 5:15, 16; ფსალმ. 1:1—3). ღვთის სიტყვის ყოველდღიურად წასაკითხად არასდროს უნდა დაგვენანოს დრო. ღვთის სიყვარული შეგვაყვარებს მის სიტყვას, უკეთ დაგვანახვებს ღვთის თვისებებს და მისადმი სიყვარულს გაგვიღრმავებს.
ბიბლიიდან გავიგეთ, რომ ადამის შეცოდების შემდეგ მისი ყველა შთამომავალი, მათ შორის ჩვენც, სავალალო, უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ღმერთს შეეძლო კაცობრიობის ხსნა და იზრუნა კიდეც ამაზე. მან ყველაფერი გააკეთა დედამიწასთან დაკავშირებული თავისი განზრახვის შესასრულებლად (დაბ. 3:15).
ჩვენ გვსურს, რომ მონაწილეობა მივიღოთ მისი დიდებული სახელის განწმენდაში. რაც უფრო მეტს ვიგებთ დიდებული ღვთის, იეჰოვას, შესახებ, მით უფრო გვიძლიერდება მასთან და მის ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და მისი დიდებული სახელისა და განზრახვების გაცხადების სურვილი. ჩვენ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ ის კეთილგანწყობილია ჩვენ მიმართ და გვაკურთხებს როგორც ახლა, ისე ახალ ქვეყნიერებაში.
ძვირფასო და-ძმებო, ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს გვსურს, დაგარწმუნოთ ჩვენს სიყვარულში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს გულმოდგინებას, რომ „დიდ გასაჭირამდე“ დარჩენილ დროს არ იშურებთ, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოთ სასიხარულო ცნობა (გამოცხ. 7:14). ამგვარად მათ იმის შესაძლებლობას აძლევთ, რომ თქვენ მსგავსად მათაც გაიცნონ ღმერთი და ქრისტე და მარადიულად იცხოვრონ (იოან. 17:3).
თქვენი ძმები,
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო.