საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 233-გვ. 239
  • ნარკოტიკები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნარკოტიკები
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • მსგავსი მასალა
  • ნარკომანია გამოსავალი არსებობს!
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • რა უნდა ვიცოდე მოწევის შესახებ?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 233-გვ. 239

ნარკოტიკები

განმარტება: ამ შემთხვევაში ნარკოტიკებში ნაგულისხმებია ნივთიერებები, რომლებსაც არასამკურნალო მიზნით იყენებენ პრობლემების დასავიწყებლად, მოსადუნებლად, გუნება-განწყობის ასამაღლებლად და სიამოვნების განსაცდელად.

კრძალავს ბიბლია ნარკოტიკების გამოყენებას სიამოვნების მიღების მიზნით?

ბიბლიაში არ არის მოხსენიებული ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ჰეროინი, კოკაინი, ლსდ (LSD), ფენიციკლიდინი (PCP), მარიხუანა და ნიკოტინი. მაგრამ მასში მოცემულია სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა მოსწონს ღმერთს და რა — არა. მაგალითად, ბიბლია კრძალავს მკვლელობას, მაგრამ მასში არ არის ნათქვამი, რომ ამისთვის არ უნდა გამოვიყენოთ ცეცხლსასროლი იარაღი.

ლუკ. 10:25—27: «„რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ . . . „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი ძალითა და მთელი გონებით“ და „გიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით“» (თუ ადამიანი თავს იბრუებს და თავისი საქციელით სიცოცხლეს ისწრაფებს, შეიძლება მასზე იმის თქმა, რომ ნამდვილად მთელი სულითა და მთელი გონებით უყვარს ღმერთი? გამოავლენს მოყვასისადმი სიყვარულს, თუ ნარკოტიკების საყიდლად ქურდობასაც არ მოერიდება?).

2 კორ. 7:1: „საყვარელნო, რადგან ეს დანაპირები გვაქვს [რომ იეჰოვა იქნება ჩვენი ღმერთი და მამა], განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (შეიძლება ღვთის მოწონების იმედი ჰქონდეს ადამიანს, რომელიც შეგნებულად ბილწავს საკუთარ სხეულს?).

ტიტ. 2:11, 12: «ცხადი გახდა ღვთის წყალობა, რომელსაც ხსნა მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის, გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად [„თავშეკავებით“, ჯთ], სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ» (შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ითვალისწინებს ამ რჩევას, თუ იყენებს ნარკოტიკებს, რომლებიც აქვეითებს აზროვნებისა და თავშეკავების უნარს?).

გალ. 5:19—21: „ხორცის საქმეები აშკარაა. ეს არის . . . სპირიტიზმი . . . ღრეობა და მსგავსი საქმეები . . . ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (ბერძნული სიტყვა „ფარმაკია“, რომელიც „სპირიტიზმად“ არის ნათარგმნი, სიტყვასიტყვით ნიშნავს „წამლების მიცემას, გამოყენებას“. ამ ბერძნულ სიტყვასთან დაკავშირებით ერთ ლექსიკონში ნათქვამია: „ჯადოქრობისას სუსტი თუ ძლიერმოქმედი ნარკოტიკების გამოყენებას, ჩვეულებრივ, თან ახლდა შელოცვები და იდუმალი ძალების მოხმობა, რომლის დროსაც იყენებდნენ თილისმებს, ამულეტებსა და სხვა საგნებს. ამას ვითომდა დემონებისგან უნდა დაეცვა და გაეთავისუფლებინა დახმარების მსურველი ან ავადმყოფი, სინამდვილეში კი იმაზე იყო გათვლილი, რომ მასზე შთაბეჭდილება მოეხდინა ჯადოქრის მაგიურ მოქმედებებსა და ძალას“ [„An Expository Dictionary of New Testament Words“, უ. ვაინი, ლონდონი, 1940, ტ. IV, გვ. 51, 52]. დღესაც ნარკოტიკების მომხმარებელთაგან ბევრს კავშირი აქვს სპირიტიზმთან ან სპირიტიზმის მიმდევრებთან, რადგან დემონები ადვილად ახდენენ გავლენას მათზე, ვისაც დაბინდული გონება და ჰალუცინაციები აქვს. შეადარეთ ლუკას 11:24—26).

ტიტ. 3:1: „დაემორჩილონ და მოუსმინონ მთავრობებსა და ძალაუფლებებს, როგორც მმართველებს“ (ბევრ ქვეყანაში ზოგიერთი ნარკოტიკის შენახვა და გამოყენება კანონით აკრძალულია).

რატომ არის ნარკოტიკები საზიანო, თუ ის ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს?

2 ტიმ. 3:1—5: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან . . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა . . . ასეთებს ზურგი აქციე“ (ბიბლია გვაფრთხილებს, რომ სიამოვნებისკენ სწრაფვა მასში ჩაწერილ სამართლიან პრინციპებზე და ღვთის კეთილგანწყობაზე წინ არ დავაყენოთ).

ზოგიერთი ნარკოტიკი ხსნის ტკივილს და ამაღლებს გუნება-განწყობას, მაგრამ ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება და დოზის გადამეტების შემთხვევაში შეიძლება დაიღუპოს კიდეც. გამხსნელების შესუნთქვა კარგ განწყობაზე აყენებს ადამიანს, მაგრამ ამის შედეგი შეიძლება იყოს გაურკვეველი მეტყველება, მხედველობის გაბუნდოვნება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ამან აგრეთვე შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ტვინს, ღვიძლსა და თირკმელებს. ჰალუცინოგენები იწვევს ეიფორიას და ხსნის დაღლილობას, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გამოიწვიოს მანძილის განსაზღვრის ან ლოგიკური აზროვნების უნარის დაქვეითება, ხასიათის შეცვლა, მკვლელობის ან თვითმკვლელობის ჩადენის სურვილი.

უვნებელია მარიხუანას გამოყენება, როგორც ამას ზოგიერთი ექიმი ამბობს?

დ-რი დეივიდ პაუელსონი (კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებული კოუელის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ყოფილი მთავარი ექიმი) ერთ დროს მხარს უჭერდა იმას, რომ მარიხუანას გამოყენება კანონით ნებადართული ყოფილიყო. მაგრამ მოგვიანებით — მას შემდეგ, რაც უფრო მეტი რამ გახდა ცნობილი — ის წერდა: „ახლა მე ვთვლი, რომ მარიხუანა არის ყველაზე საშიში ნარკოტიკი, რომელსაც ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ. 1) თავიდან ადამიანი ვერ ხვდება, რომ მარიხუანას გამოყენება საზიანოა. მას სასიამოვნო შეგრძნებები ეუფლება. ის ვერ გრძნობს გონებრივი და ემოციური მდგომარეობის გაუარესებას. 2) მისმა ხანგრძლივმა მოხმარებამ ადამიანს შეიძლება დაუკარგოს მოვლენების რეალურად აღქმის უნარი. 1—3 წელიწადში ადამიანის ფსიქიკაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების შედეგად იწყება ნორმალური აზროვნების პროცესის რღვევა“ („Executive Health Report“, ოქტომბერი, 1977, გვ. 8).

დ-რი რობერტ დიუპონტი, აშშ-ს ნარკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი, ერთ დროს თვლიდა, რომ მარიხუანა სერიოზულ საფრთხეს არ უქმნიდა ადამიანს. მაგრამ მოგვიანებით აღნიშნა: „ეს ეპიდემია [ახალგაზრდების მიერ მარიხუანას გამოყენება], სულ მცირე, ორი სახის საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ერთ-ერთია გამაბრუებელი ზემოქმედება, რაც ბევრ რამეში ვლინდება — იქნება ეს მანქანის დაუდევრად მართვა თუ ყველაფრის მიმართ ინტერესის დაკარგვა. მეორე საფრთხე უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას უკავშირდება. მარიხუანას მომხმარებლებს შორის ხშირია ქრონიკული ბრონქიტი. ყველაფერთან ერთად, ისინი ჰორმონალური დარღვევების რეალური საშიშროების წინაშე დგანან, რაც აქვეითებს იმუნიტეტს და შეიძლება კიბოს მიზეზიც გახდეს“ („Gazette“, მონრეალი, 22 მარტი, 1979, გვ. 9).

ერთ ჟურნალში ეწერა: „მარიხუანას რეგულარული მოწევა, საბოლოო ჯამში, იწვევს მანძილის ზრდას თავის ტვინის ნერვულ დაბოლოებებს შორის, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეხსიერების, ემოციების, ქცევისა და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების რეგულირებაში. მათი ურთიერთკავშირი საჭიროა ნერვული სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის“. ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგებთან დაკავშირებით ამავე სტატიაში ნათქვამი იყო: „ყველაზე შესამჩნევი გავლენა იგრძნობოდა გამჭვირვალე ძგიდის უბანზე (რომელიც პასუხისმგებელია ემოციებზე), ჰიპოკამპზე (დაკავშირებულია მეხსიერებასთან) და ნუშისებრ კომპლექსზე (პასუხისმგებელია ქცევის გარკვეულ ფუნქციებზე)“ („Science Digest“, მარტი, 1981, გვ. 104).

ალკოჰოლზე უფრო მავნებელია მარიხუანა?

ალკოჰოლი გარკვეულწილად საკვები პროდუქტია, რადგან ორგანიზმი მას ითვისებს და ენერგიად გარდაქმნის, გამოუსადეგარ ნივთიერებებს კი გამოდევნის. რაც შეეხება მარიხუანას, ერთმა ფსიქოფარმაკოლოგმა თქვა: „მარიხუანა საკმაოდ ძლიერმოქმედი ნარკოტიკია და ალკოჰოლთან მისი შედარება დიდი შეცდომაა“. „თუ გამაბრუებელი ზემოქმედების მიხედვით ვიმსჯელებთ და მოლეკულებს შევადარებთ ერთმანეთთან, ვნახავთ, რომ [მარიხუანაში] არსებული ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) 10 000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ალკოჰოლი . . . ტეტრაჰიდროკანაბინოლი ნელა გამოდის ორგანიზმიდან და თვეები სჭირდება იმას, რომ ორგანიზმი მისი მავნე გავლენისგან გათავისუფლდეს“ („Executive Health Report“, ოქტომბერი, 1977, გვ. 3). ჩვენმა შემოქმედმა იცის, თუ როგორ ვართ შექმნილები და მისი სიტყვა არ კრძალავს ალკოჰოლური სასმელების ზომიერად გამოყენებას (ფსალმ. 104:15; 1 ტიმ. 5:23). თუმცა ღმერთი ისევე გმობს ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღებას, როგორც გაუმაძღრობას (იგავ. 23:20, 21; 1 კორ. 6:9, 10).

რატომ მიიჩნევენ იეჰოვას მოწმეები თამბაქოს წევას სერიოზულ ცოდვად?

თამბაქოს წევა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი არ აფასებს სიცოცხლეს.

საქ. 17:24, 25: „ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია . . . თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს“.

„აშკარაა, რომ თამბაქოს მოწევა ადამიანს სიცოცხლეს უსწრაფებს; მოწევასა და სიკვდილს შორის კავშირი ისევეა დადასტურებული, როგორც ნებისმიერი სხვა ფაქტი მედიცინაში“ („Science 80“, სექტემბერი/ოქტომბერი, გვ. 42).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, „თამბაქოს წევით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად ოთხი მილიონი ადამიანი კვდება — ყოველ რვა წამში ერთი“. ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია: „1950—2000 წლებში მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში თამბაქოს მოწევის შედეგად დაიღუპა 60 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ უფრო მეტი, ვიდრე II მსოფლიო ომის დროს“ (World Health Organization, Fact Sheet № 221).

შეერთებული შტატების ჯანდაცვის, განათლებისა და სოცუზრუნველყოფის ყოფილმა მინისტრმა, ჯოზეფ კალიფანომ აღნიშნა: „დღეს ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ თამბაქოს წევა თვითმკვლელობის შენელებული ფორმაა“ („Scholastic Science World“, 20 მარტი, 1980, გვ. 13).

ეწინააღმდეგება იმას, რასაც ღმერთი ითხოვს ქრისტიანებისგან.

რომ. 12:1: „მაშ, ძმებო, ღვთის თანაგრძნობით გეხვეწებით: წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა“.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამსახურის მთავარმა ექიმმა, ევერეტ კუპერმა თქვა: „თამბაქოს წევა ითვლება სიკვდილის ისეთი შემთხვევების მთავარ მიზეზად, რომელთა თავიდან არიდებაც შესაძლებელია“ („The New York Times“, 23 თებერვალი, 1982, გვ. A1). „სამედიცინო გამოკვლევები ცხადყოფს, რომ . . . არამწეველებთან შედარებით მწეველთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3-4 წლით ნაკლებია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი, ვინც დღეში ორ ან მეტ კოლოფ სიგარეტს ეწევა, შეიძლება 8 წლით შემცირდეს“ („The World Book Encyclopedia“, 1984, ტ. 17, გვ. 430). განა გონივრულია, რომ ადამიანმა ნელ-ნელა მოისწრაფოს სიცოცხლე, რომელიც ღვთის მსახურებას მიუძღვნა?

„თამბაქოს წევა იმდენად ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე, განსაკუთრებით გულსა და ფილტვებზე, რომ სხვა პროფილაქტიკური ზომები ნაკლებად ეფექტურია, თუ ადამიანი ეწევა“ („University of Southern California News Service“, 18 თებერვალი, 1982). „თამბაქოს წევა, როგორც ჩანს, პირველ ადგილზეა დაავადებების გამომწვევ ისეთ მიზეზთა შორის, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია“ (დ-რი ჰ. მალერი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, „World Health“, თებერვალი/მარტი, 1980, გვ. 3). განა გონივრული იქნება, რომ ადამიანმა ღმერთს თავი მიუძღვნას წმინდა მსახურებისთვის და შემდეგ შეგნებულად ზიანი მიაყენოს თავის ჯანმრთელობას?

თამბაქოს წევით ირღვევა ღვთის მოთხოვნა, რომელიც ეხება მოყვასის სიყვარულს.

იაკ. 2:8: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (შეადარეთ მათეს 7:12).

„ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ . . . მწეველი მამაკაცების არამწეველი ცოლები, საშუალოდ, ოთხი წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე არამწეველი მამაკაცების ცოლები“ („The New York Times“, 22 ნოემბერი, 1978, გვ. C5). „თუ ქალი ფეხმძიმობის დროს თამბაქოს ეწევა, ნაყოფში შეიძლება განვითარდეს ისეთი თანდაყოლილი დეფექტები, რომელთა შედეგადაც ბავშვი დაიღუპება ან მუცლადყოფნის პერიოდში, ან დაბადებიდან მალევე“ („Family Health“, მაისი, 1979, გვ. 8). ოჯახის წევრებისადმი ასეთი მოპყრობა აშკარად არაქრისტიანულია (შეადარეთ 1 ტიმოთეს 5:8).

„როგორც გამოკვლევებიდან ჩანს, ვინაიდან მწეველი სიგარეტის მოკიდებიდან ჩაქრობამდე აქტიურად ეწევა მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში, არამწეველს შეიძლება თითქმის იმდენივე ნახშირბადის მონოქსიდის, ფისისა და ნიკოტინის ჩასუნთქვა მოუწიოს, რამდენიც მის გვერდით მჯდომ აქტიურ მწეველს“ („Today’s Health“, აპრილი, 1972, გვ. 39). თუ ადამიანი ასეთი სახით სიყვარულს არ ავლენს მოყვასის მიმართ, როგორ უნდა თქვას მან, რომ ღმერთი უყვარს?! (იხილეთ 1 იოანეს 4:20).

თუ ნარკოტიკების გამოყენება არასწორია, რატომღა შექმნა ღმერთმა მცენარეები, რომელთაგანაც ნარკოტიკებს ამზადებენ?

იმას, რასაც ბოროტად იყენებენ, ჩვეულებრივ, სათანადო დანიშნულებაც აქვს. მაგალითად, ეს შეიძლება ითქვას ადამიანის გამრავლების უნარზე, აგრეთვე ღვინის სმაზე. მარიხუანას ამზადებენ მცენარე კანაფის გამხმარი ფოთლებისა და ყვავილედისგან. მაგრამ კანაფისგან ღებულობენ ბოჭკოსაც, რომელსაც იყენებენ თოკებისა და ქსოვილების დასამზადებლად. თამბაქოს ფოთლებისგან, რომლებსაც ბოროტად იყენებენ მწეველები, აგრეთვე ამზადებენ სადეზინფექციო საშუალებებსა და ინსექტიციდებს (მავნე მწერების მოსასპობ ნივთიერებებს). დედამიწაზე ბევრი რამ არის, რისი სასარგებლო თვისებებიც ჯერ კიდევ უცნობია. გარკვეულწილად, სარეველაც კი სასარგებლოა, რადგან ფარავს დაუმუშავებელ მიწას და ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ცდილობთ სიგარეტისთვის ან ნარკოტიკებისთვის თავის დანებებას, მაგრამ არაფერი გამოგდით?

უპირველესად, ბიბლიის შესწავლისა და მასზე ფიქრის საშუალებით უნდა განივითაროთ იმის სურვილი, რომ ასიამოვნოთ ღმერთს და იცხოვროთ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში. როცა ვუახლოვდებით ღმერთს, ისიც გვიახლოვდება და საჭირო დახმარებას გვიწევს (იაკ. 4:8).

მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რომ ეს ჩვევები საზიანოა და უნდა შეიძულოთ (ფსალმ. 97:10). ამაში დაგეხმარებათ ზემოთ მოცემული მასალის განხილვა. აგრეთვე უნდა იფიქროთ არა დროებით სიამოვნებაზე, რომელიც თამბაქოსა თუ ნარკოტიკების გამოყენებას მოაქვს, არამედ იმაზე, თუ რა სიამოვნებს ღმერთს და რა სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ამ ჩვევებს ადამიანი.

თუ მოწევის ან ნარკოტიკის მიღების ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ, დახმარებისთვის მთელი გულით მიმართეთ ღმერთს ლოცვით (ლუკ. 11:9, 13; შეადარეთ ფილიპელების 4:13). ეს დაუყოვნებლივ გააკეთეთ. გარდა ამისა, გადაშალეთ და ხმამაღლა წაიკითხეთ ბიბლია ან გაესაუბრეთ მოწიფულ ქრისტიანს. მოუყევით მას თქვენი პრობლემის შესახებ და სთხოვეთ დახმარება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება