გაკვეთილი 45
მაგალითებით სწავლება
მაგალითების გამოყენება სწავლების ეფექტური მეთოდია. ხშირ შემთხვევაში, მაგალითები განსაკუთრებით ეფექტურია მსმენელის ყურადღების მისაპყრობად და შესანარჩუნებლად. ისინი მსმენელს ფიქრისკენ აღძრავს და ემოციებს უღვიძებს; ამგვარად გავლენას ახდენს მის სინდისზე და გულამდე აღწევს. ზოგჯერ მაგალითებით წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრის გადალახვაც შეიძლება. ისინი ინფორმაციის დასამახსოვრებელი ეფექტური საშუალებაცაა. იყენებ ამ მეთოდს სწავლებისას?
გადატანითი მნიშვნელობის მქონე გამოთქმებიც ერთგვარი მაგალითებია, რომლებიც ცოცხალ სურათს წარმოგვისახავს. როდესაც კარგად არის შერჩეული, მათი მნიშვნელობა თავისთავად ცხადი ხდება, თუმცა მასწავლებელს შეუძლია მნიშვნელობის ხაზგასასმელად დამატებით მოკლედ განმარტოს ისინი. ამასთან დაკავშირებით ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ბიბლიიდან.
დაიწყე შედარებებით და მეტაფორებით. შედარება გადატანითი მნიშვნელობით ნახმარი გამოთქმების ყველაზე მარტივი ფორმაა. სწორედ მათი მეშვეობით შეგიძლია დაიწყო მაგალითების გამოყენების სწავლა. შედარებისთვის გამოიყენება თანდებული „-ვით“ და კავშირები „მსგავსად“ ან „როგორც“. შედარება ორ სრულიად განსხვავებულ საგანს შორის მსგავსებაზე ამახვილებს ყურადღებას. ბიბლიაში გადატანითი მნიშვნელობით მრავალი სიტყვა და გამოთქმაა გამოყენებული. შედარების მიზნით გამოყენებულია მცენარეები, ცხოველები, ციური სხეულები და ბევრი ისეთი რამ, რაც ხალხის ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ადამიანზე, რომელიც რეგულარულად კითხულობს ღვთის სიტყვას, ფსალმუნის 1:3-ში ნათქვამია, რომ „იქნება ის წყლის ნაკადულებთან დარგულ ხესავით“, რომელიც ნაყოფს ისხამს და არ ხმება. ბოროტზე კი ნათქვამია, რომ ის მსხვერპლის დასაჭერად ისეა ჩასაფრებული, „როგორც ლომი“ (ფსალმ. 10:9). იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა, რომ მისი შთამომავლობა „ცის ვარსკვლავებივით“ მრავალრიცხოვანი იქნებოდა და „ზღვის ქვიშასავით“ გამრავლდებოდა (დაბ. 22:17). ისრაელ ერთან თავისი ახლო ურთიერთობის შესახებ იეჰოვამ თქვა: „როგორც სარტყელი ეკვრის კაცის წელს, ასევე მივიკარი ისრაელის მთელი სახლი და იუდას მთელი სახლი“ (იერ. 13:11).
მეტაფორაც ორ განსხვავებულ საგანსა თუ მოვლენას შორის მსგავსებაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ის უფრო აძლიერებს აზრს, ერთს მეორის სახელით მოიხსენიებს და, ამგვარად, ერთის თვისებებს მეორეს მიაწერს. იესომ მოწაფეებს უთხრა: „თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე“ (მათ. 5:14). როდესაც იმ ზიანზე საუბრობდა, რომელიც დაუფიქრებელ ლაპარაკს მოჰყვება ხოლმე, მოწაფე იაკობი წერდა: „ენა ცეცხლია“ (იაკ. 3:6). დავითი უგალობდა იეჰოვას: „შენა ხარ ჩემი კლდე და ჩემი ციხესიმაგრე“ (ფსალმ. 31:3). კარგად შერჩეულ მეტაფორას თითქმის, ან საერთოდ, არ სჭირდება განმარტება. მის ეფექტურობას მისი ლაკონიურობაც ზრდის. მსმენელი უკეთესად დაიმახსოვრებს აზრებს, თუ გამოვიყენებთ მეტაფორებს და მხოლოდ ფაქტების გადმოცემას არ დავჯერდებით.
ჰიპერბოლა არის გაზვიადება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით. მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა ის სწორად იქნეს გაგებული. იესომ ამ მეთოდით დაუვიწყარი სურათი დაგვიხატა, როდესაც იკითხა: „რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?“ (მათ. 7:3). სანამ ჰიპერბოლების ან გადატანითი მნიშვნელობის მქონე გამოთქმების სხვა ხერხების გამოყენებას დაიწყებ, ჯერ შედარებებისა და მეტაფორების ეფექტურ გამოყენებას დაეუფლე.
მოიყვანე მაგალითები. სწავლებისას შეგიძლია გამოიყენო მაგალითებიც — შეთხზული ამბები ან რეალური შემთხვევები. მაგალითმა შეიძლება გაგიტაცოს, ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებს. ისინი ნამდვილად მნიშვნელოვანი აზრების მხარდასაჭერად უნდა იყოს გამოყენებული. მსმენელს მხოლოდ მაგალითი კი არ უნდა დაამახსოვრდეს, არამედ მასში ჩადებული აზრიც.
მართალია, აუცილებელი არაა, რომ ყველა მაგალითი ნამდვილ ამბავზე იყოს დაფუძნებული, მაგრამ მათში ცხოვრებისეული სიტუაციები უნდა იყოს ასახული. იმის საჩვენებლად, თუ როგორ უნდა ვუყურებდეთ მომნანიებელ ცოდვილს, იესომ მოიყვანა იმ კაცის მაგალითი, რომელსაც ძალიან უხარია დაკარგული ცხვრის პოვნა (ლუკ. 15:1—7). როდესაც პასუხობდა მამაკაცს, რომელსაც სრულად არ ესმოდა მოყვასის სიყვარულთან დაკავშირებული მცნების მნიშვნელობა, იესო მოჰყვა ამბავს სამარიელზე, რომელიც, მღვდლისა და ლევიანისგან განსხვავებით, დაეხმარა გაჭირვებაში მყოფ ადამიანს (ლუკ. 10:30—37). თუ დაკვირვებული ხარ და ყურადღებას აქცევ ადამიანთა აზროვნებასა და ქცევებს, შეძლებ სწავლების ამ მეთოდის ეფექტურად გამოყენებას.
მეფე დავითი რომ ემხილებინა, წინასწარმეტყველმა ნათანმა მას ერთი შეთხზული ამბავი მოუყვა. ეს ამბავი იმით იყო ეფექტური, რომ მასში აღწერილი სიტუაცია დავითს თავის მართლების საშუალებას არ აძლევდა. მასში მოთხრობილია მდიდარ კაცზე, რომელსაც უამრავი ცხვარი ჰყავდა, და ღარიბზე, რომელსაც ერთი ბატკნის მეტი არაფერი ებადა და ზედ დაჰკანკალებდა. ერთ დროს დავითი თავადაც მწყემსი იყო და, აქედან გამომდინარე, ბატკნის პატრონის გრძნობებს კარგად გაიგებდა. ამიტომ დავითი სამართლიანად განრისხდა მდიდარ კაცზე, როდესაც შეიტყო, რომ მან ღარიბს ეს ნალოლიავები ბატკანი წაართვა. ამის შემდეგ ნათანმა პირდაპირ უთხრა დავითს: „შენა ხარ ის კაცი!“. დავითს გულზე მოხვდა ნათანის სიტყვები და გულწრფელად მოინანია (2 სამ. 12:1—14). დროთა განმავლობაში შენც ისწავლი მაგალითების მეშვეობით გულამდე მიღწევას.
სხვების სასწავლებლად ბევრი ფასდაუდებელი მაგალითის მოყვანა წმინდა წერილებიდანაც შეიძლება. იესოც ასე იქცეოდა. აი, რა თქვა მან: „გახსოვდეთ ლოტის ცოლი“ (ლუკ. 17:32). როდესაც საუბრობდა მოვლენებზე, რომლებიც მისი მოსვლის მიმანიშნებელი იქნებოდა, იესომ „ნოეს დრო“ მოიხსენია (მათ. 24:37—39). ებრაელების მე-11 თავში მოციქულმა პავლემ სამაგალითო რწმენის მქონე 16 მამაკაცი და ქალი დაასახელა. როდესაც კარგად გაეცნობი ბიბლიას, ეფექტური მაგალითების მოყვანას შეძლებ მის ფურცლებზე აღწერილი ამბებისა და მოვლენების გამოყენებით (რომ. 15:4; 1 კორ. 10:11).
კარგი იქნება, თუ დროდადრო, ნათქვამის მხარდასაჭერად, ცხოვრებაში მომხდარ რეალურ შემთხვევებს გამოიყენებ. მაგრამ ამის კეთებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა შეუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელო; ანდა ისეთი შემთხვევა არ მოიყვანო, რომ მსმენელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ან ყურადღება სხვა საკითხზე გადაატანინო. გახსოვდეს, შემთხვევის მოყოლას გარკვეული მიზანი უნდა ჰქონდეს. არ გადატვირთო მაგალითი ზედმეტი დეტალებით, რითაც მსმენელს მხოლოდ ყურადღებას გადაატანინებ სხვა რამეზე და, შედეგად, მიზანს ვერ მიაღწევ.
გასაგები იქნება მსმენელისთვის? შენ მიერ მოყვანილი ნებისმიერი მაგალითი კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. შეძლებ კი ასეთი მიზნის მიღწევას, თუ მაგალითს განხილულ მასალას არ დაუკავშირებ?
მას შემდეგ, რაც იესომ მოწაფეებს „ქვეყნიერების სინათლე“ უწოდა, რამდენიმე სიტყვით განმარტა, როგორ იყენებდნენ ლამპარს და როგორ იყო ეს დაკავშირებული მოწაფეების პასუხისმგებლობასთან (მათ. 5:15, 16). დაკარგულ ცხვარზე მაგალითის მოყვანის შემდეგ მან დასძინა, რა სიხარული მეფობს ზეცაში ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო (ლუკ. 15:7). გულმოწყალე სამარიელზე ამბის მოყოლის შემდეგ, იესომ მოსაუბრეს კარგად გააზრებული კითხვა დაუსვა და შემდეგ პირდაპირ მისცა რჩევა (ლუკ. 10:36, 37). სხვა შემთხვევების დროს იესომ სხვადასხვა სახის ნიადაგთან და მინდორში ჩათესილ სარეველასთან დაკავშირებული მაგალითები მხოლოდ მათ განუმარტა, ვისაც ეყო თავმდაბლობა, რომ მასთან მისულიყო და ეკითხა ამის შესახებ (მათ. 13:1—30, 36—43). სიკვდილამდე სამი დღით ადრე იესო მოჰყვა იგავს ბოროტ მევენახეებზე. ამ შემთხვევაში მას აღარ განუმარტავს, რასთან დაკავშირებით მოიყვანა ეს მაგალითი. ამის საჭიროება არც ყოფილა. „უფროსი მღვდლები და ფარისევლები მიხვდნენ, რომ მათზე ლაპარაკობდა“ (მათ. 21:33—45). ამგვარად, უშუალოდ მაგალითზე, მსმენელზე და შენ მიერ დასახულ მიზანზეა დამოკიდებული, განმარტავ თუ არა მოყვანილ მაგალითს და თუ განმარტავ, რამდენად დეტალურად.
მაგალითების ეფექტურად გამოყენების სწავლას დრო სჭირდება, მაგრამ ამის გაკეთება ღირს ძალისხმევად. კარგად შერჩეული მაგალითები როგორც ადამიანის გონებაზე, ასევე მის გრძნობებზე ახდენს გავლენას. მათი მეშვეობით ჩვენს სათქმელს ისეთი ძალით გადმოვცემთ, რასაც მხოლოდ ფაქტების გადმოცემით ვერ შევძლებდით.