ცრუწინასწარმეტყველები
განმარტება: ცალკეული პირები და ორგანიზაციები, რომელთა მიერ გაცხადებული ცნობებიც, მათი თქმით, ზებუნებრივი წყაროდანაა, სინამდვილეში კი არ მომდინარეობს ჭეშმარიტი ღმერთისგან და არ შეესაბამება მის ნებას.
როგორ გავარჩიოთ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები ცრუწინასწარმეტყველებისგან?
ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებს უნდა სწამდეთ იესო, თუმცა მისი სახელით ქადაგება საკმარისი არ არის.
1 იოან. 4:1—3: „შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა, რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა. აი, როგორ იცნობთ ღვთისგან შთაგონებულ სიტყვებს: ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის, ხოლო ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც იესოს არ აღიარებს, ღვთისგან არ არის“.
მათ. 7:21—23: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? . .“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!».
ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები ღვთის სახელით უნდა ქადაგებდნენ; მაგრამ თუ ვინმე ამბობს, რომ ღვთის წარმომადგენელია, ეს საკმარისი არ არის.
კან. 18:18—20: „მოვუვლენ მათ შენნაირ [მოსეს მსგავს] წინასწარმეტყველს თავიანთი ძმებიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და იმას ილაპარაკებს, რასაც ვუბრძანებ. ვინც არ მოუსმენს ჩემს სიტყვებს, რომლებსაც ის ჩემი სახელით ილაპარაკებს, მე თვითონ მოვკითხავ პასუხს. მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაბედავს იმის თქმას, რაც მე არ მექნება ნაბრძანები ან სხვა ღმერთების სახელით ილაპარაკებს, ის წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს“ (შეადარეთ იერემიას 14:14; 28:11, 15).
იესომ თქვა: „ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოან. 8:28). „მე მამაჩემის სახელით მოვედი“ (იოან. 5:43). „ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს“ (იოან. 7:18).
შეიძლება ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებად ჩაითვალონ ის ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებიც თავს ღვთის წარმომადგენლებად თვლიან, მაგრამ ღვთის სახელზე ყურადღებას არ ამახვილებენ და საკუთარ შეხედულებებს ავრცელებენ?
თუ ვინმე „დიდ ნიშნებსა“ და „სასწაულებს“ ახდენს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ჭეშმარიტი წინასწარმეტყველია.
მათ. 24:24: «გამოჩნდებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ დიდ ნიშნებსა [„სასწაულებსა“, სსგ] და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ».
2 თეს. 2:9, 10: „უკანონობის მოქმედის მოსვლას თან ახლავს სატანის მოქმედება ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით მათთვის, ვინც დაღუპვას იღებს საზღაურად, რადგან არ შეიყვარეს ჭეშმარიტება, რომ გადარჩენილიყვნენ“.
მოსე სასწაულებს იეჰოვას ძალით ახდენდა (გამ. 4:1—9). იეჰოვამ იესოსაც მისცა სასწაულების მოხდენის ძალა (საქ. 2:22). მაგრამ მხოლოდ სასწაულები არ ამტკიცებდა იმას, რომ ისინი ღვთის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ.
ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა სიტყვები ყოველთვის სრულდება, მაგრამ მათ შეიძლება არ იცოდნენ, ზუსტად როდის ან როგორ შესრულდება მათი ნათქვამი.
დან. 12:9: „წადი, დანიელ, რადგან საიდუმლოა ეს სიტყვები და ბეჭედდასმულია უკანასკნელ დრომდე“.
1 პეტ. 1:10, 11: „წინასწარმეტყველები . . . იკვლევდნენ, თუ კონკრეტულად რა და როგორ დროზე მიუთითებდა მათში მყოფი სული ქრისტეს შესახებ, როდესაც წინასწარ ამოწმებდა ქრისტეს ტანჯვისა და შემდგომ დიდებათა შესახებ“.
1 კორ. 13:9, 10: „ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ, მაგრამ როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება“.
იგავ. 4:18: „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“.
მოციქულთა და პირველ საუკუნეში მცხოვრებ სხვა ქრისტიანთა მოლოდინი ზოგ საკითხში არ გამართლდა, მაგრამ მათ ბიბლია არ უწოდებს „ცრუწინასწარმეტყველებს“ (იხილეთ ლუკას 19:11; იოანეს 21:22, 23; საქმეების 1:6, 7).
წინასწარმეტყველმა ნათანმა მოუწოდა მეფე დავითს, განეხორციელებინა თავისი სურვილი და აეშენებინა ტაძარი იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის. მაგრამ მოგვიანებით იეჰოვამ უთხრა ნათანს, დავითისთვის ეცნობებინა, რომ ის არ ააშენებდა ტაძარს. ამის შემდეგ ნათანი კვლავაც აგრძელებდა იეჰოვას წინასწარმეტყველად მსახურებას მიუხედავად იმისა, რაც მან დავითს თავიდან უთხრა. მიზეზი ის იყო, რომ მან იეჰოვას მითითებისამებრ თავმდაბლურად გამოასწორა მდგომარეობა (1 მატ. 17:1—4, 15).
ის, რასაც ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები აცხადებენ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ინტერესებს ემსახურება და შეესაბამება ღვთის ნებას.
კან. 13:1—4: „თუ თქვენ შორის გამოჩნდება წინასწარმეტყველი ან სიზმრის მხილველი და გაგიცხადებთ ნიშანს ან საკვირველებას, და ახდება ის ნიშანი და საკვირველება, რაც გითხრათ, და გეტყვით, გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ, და ვემსახუროთო, არ მოუსმინო ასეთი წინასწარმეტყველის სიტყვებს და ასეთი სიზმრის მხილველს, ვინაიდან გცდით იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რათა გაიგოს, გიყვართ თუ არა იეჰოვა, თქვენი ღმერთი მთელი გულითა და სულით. იეჰოვას, თქვენს ღმერთს გაჰყევით, მისი გეშინოდეთ და მისი მცნებები დაიცავით, მის ხმას მოუსმინეთ, მას ემსახურეთ და მას მიეკარით“.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ქვეყნიერებასთან მეგობრობა“ ღვთის მტრობაა. განა ემსახურებიან სასულიერო პირები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ინტერესებს, როცა მრევლს ქვეყნიერების საქმეებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ? (იაკ. 4:4; 1 იოან. 2:15—17). ჭეშმარიტი ღმერთი ამბობს: „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“. ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ღმერთი „თავისი სახელისთვის“ გამოყოფდა ხალხს. შეიძლება ითქვას, რომ ღვთის ნების თანახმად მოქმედებენ რელიგიები, რომლებიც მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ ღვთის სახელის გამოყენებას? (ეზეკ. 38:23; საქ. 15:14). იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, ელოცათ ღვთის სამეფოს მოსვლისთვის. ამავე დროს, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ადამიანზე არ დავამყაროთ იმედი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებად ჩაითვალონ სასულიერო პირები ან პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც მოუწოდებენ ხალხს, ადამიანთა მმართველობაზე იყვნენ დაიმედებულნი? (მათ. 6:9, 10; ფსალმ. 146:3—6; შეადარეთ გამოცხადების 16:13, 14).
ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების გარჩევა ცრუწინასწარმეტყველებისგან შეიძლება „ნაყოფით“ — როგორც მათი, ისე მათი მიმდევრების საქმეებით.
მათ. 7:15—20: „უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან. მათ მათივე ნაყოფით იცნობთ . . . კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს . . . ასე რომ, მათივე ნაყოფით იცნობთ მათ“.
როგორია მათი ცხოვრების წესი? „ხორცის საქმეები[ა] . . . სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, შური, გადამეტებული სმა, ღრეობა და მსგავსი საქმეები . . . ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ. ხოლო [ღვთის] სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალ. 5:19—23; იხილეთ აგრეთვე 2 პეტრეს 2:1—3).
განა იეჰოვას მოწმეებს არ ჰქონდათ მცდარი შეხედულებები?
იეჰოვას მოწმეები არ ამბობენ, რომ ღვთისგან შთაგონებული წინასწარმეტყველები არიან. ისინი შეცდომებსაც უშვებდნენ. იესო ქრისტეს მოციქულების მსგავსად, ზოგ შემთხვევაში მათი მოლოდინიც არ გამართლდა (ლუკ. 19:11; საქ. 1:6).
ბიბლიაში გვხვდება იესოს მოსვლის დროსთან დაკავშირებული დეტალები, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები დიდი ინტერესით იკვლევდნენ (ლუკ. 21:24; დან. 4:10—17). იესომ აგრეთვე მოგვცა მრავალი მოვლენისგან შემდგარი ნიშანი. ამ ნიშნის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა იმის განსაზღვრა, თუ რომელი თაობა იხილავდა სატანის ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს (ლუკ. 21:7—36). იეჰოვას მოწმეები ყურადღებას ამახვილებდნენ ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებდა ამ ნიშნის შესრულებას. იეჰოვას მოწმეებს არასწორად ესმოდათ ზოგიერთი საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა მომხდარიყო ამა თუ იმ პერიოდის დასასრულს. მაგრამ ისინი ერთ რამეში არ შემცდარან — რწმენა არ დაუკარგავთ და ყოველთვის ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს, თუ როგორ სრულდებოდა იეჰოვას განზრახვები. მათ არასდროს ავიწყდებოდათ იესოს რჩევა: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათ. 24:42).
ზოგიერთ საკითხში დაშვებული მათი შეცდომები უმნიშვნელოა იმ ბიბლიური ჭეშმარიტების ფონზე, რომელსაც ისინი ჩასწვდნენ და საჯაროდ ქადაგებდნენ. მათთვის ნათელი გახდა შემდეგი საკითხები: იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია; იესო ქრისტე ღვთის მხოლოდშობილი ძეა და არა სამების ნაწილი; ცოდვის მონობისგან გათავისუფლება მხოლოდ ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდით არის შესაძლებელი; წმინდა სული არ არის პიროვნება, ის იეჰოვას მოქმედი ძალაა და ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მის ნაყოფს უნდა ავლენდნენ; ადამიანს არა აქვს უკვდავი სული, როგორც ეს ძველად წარმართებს სჯეროდათ; სული კვდება და სიცოცხლის დაბრუნების ერთადერთი საშუალება მკვდრეთით აღდგომაა; ღმერთმა ბოროტება იმიტომ დაუშვა, რომ უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკამათო საკითხი გადაჭრილიყო; ადამიანებმა მხოლოდ ღვთის სამეფოზე უნდა დაამყარონ იმედი; 1914 წლიდან დაიწყო ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეები; ზეცაში მხოლოდ 144 000 ერთგული ქრისტიანი მიდის, რათა ქრისტესთან ერთად იყვნენ მეფეები და მღვდლები; ყველა სხვა მორჩილი ადამიანი კი დედამიწაზე იცხოვრებს მარადიულად.
იეჰოვას მოწმეების სწავლებებთან დაკავშირებით უნდა დავფიქრდეთ კიდევ ერთ ფაქტორზე: ახდენს ეს სწავლებები დადებით გავლენას ხალხის ზნეობრივ ფასეულობებზე? პატიოსან ადამიანებად იცნობენ მათ, ვინც ხელმძღვანელობს ამ სწავლებებით? დადებითად მოქმედებს ეს სწავლებები მათ ოჯახურ ცხოვრებაზე? იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეების განმასხვავებელი ნიშანი მათ შორის არსებული სიყვარული იქნებოდა (იოან. 13:35). გამოირჩევიან ამ თვისებით იეჰოვას მოწმეები? ამის დანახვა რთული არ არის.
თუ ვინმე გეუბნება. . .
„ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეები ცრუწინასწარმეტყველები არიან“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „წაგიკითხათ ბიბლიიდან რამე იმის საჩვენებლად, თუ რატომ ვართ ცრუწინასწარმეტყველები? . . მინდა გაჩვენოთ, რას ამბობს ბიბლია ცრუწინასწარმეტყველებზე“ (მოიყვანე ერთი ან რამდენიმე აზრი 399—402-ე გვერდებიდან).
ან შეგიძლია უთხრა: „ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთ სერიოზულ ბრალდებას კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს. მოიყვანა თქვენმა მოძღვარმა კონკრეტული მაგალითები?“ (თუ მობინადრე იტყვის, რომ ზოგიერთი ჩვენი „წინასწარმეტყველება“ არ შესრულდა, გამოიყენე 401—404-ე გვერდებზე მოცემული მასალა).
სხვა ვარიანტი: „თქვენთვის რომ მსგავსი ბრალდება წაეყენებინათ, დარწმუნებული ვარ, ეცდებოდით, თქვენი პოზიციის ახსნას . . . შეიძლება ბიბლიიდან გაჩვენოთ . . .“