„თქვენი სიტყვა ყოველთვის . . . იყოს მარილით შეზავებული“
1. რას ნიშნავს ‘ჩვენი სიტყვების მარილით შეზავება’?
1 „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლ. 4:6). ჩვენი სიტყვების მარილით შეზავება ნიშნავს იმას, რომ შევარჩიოთ სათანადო სიტყვები და ისე ვილაპარაკოთ, რომ მსმენელისთვის სასიამოვნო იყოს ჩვენი მოსმენა. ასე მოქცევა ძალიან მნიშვნელოვანია მსახურებაში.
2. როგორ მოახერხა იესომ სამარიელ ქალთან ქადაგება?
2 იესოს მაგალითი: იესომ, რომელიც ჭასთან იჯდა და ისვენებდა, ინიციატივა გამოავლინა და დაელაპარაკა წყლის ამოსაღებად მისულ სამარიელ ქალს. საუბრის დროს სამარიელმა რამდენჯერმე წამოჭრა საკითხი მტრობაზე, რაც დიდი ხანია იუდევლებსა და სამარიელებს შორის არსებობდა. მან ასევე თქვა, რომ სამარიელების წინაპარი იყო იაკობი, თუმცა იუდეველები ამტკიცებდნენ, რომ სამარიელები უცხოელთა შთამომავლები იყვნენ. იესოს მასთან კამათი არ დაუწყია, ნაცვლად ამისა, მან საუბარი ისე წარმართა, რომ სამარიელისთვის სასიამოვნო მოსასმენი ყოფილიყო. შედეგად, იესოს შესაძლებლობა მიეცა, რომ ექადაგა სამარიელისთვის, რაც დაეხმარა როგორც თავად სამარიელ ქალს, ისე იმ ქალაქში მცხოვრებთ (იოან. 4:7—15, 39).
3. როგორ შეგვიძლია მივყვეთ იესოს მაგალითს მსახურებაში?
3 ქადაგებისას ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ‘კარგის მახარობლები ვიყოთ’ (რომ. 10:15). ჩვენ გვინდა, მობინადრეს ბიბლიიდან სასიამოვნო და გამამხნევებელი აზრები გავუზიაროთ, რათა არ იფიქროს, რომ მისი რწმენის გასაკრიტიკებლად მივედით მასთან. თუ ის არასწორ აზრს გამოთქვამს, ჩვენ მაშინვე არ უნდა შევუსწოროთ ნათქვამი. ამბობს მობინადრე ისეთ აზრს, რომ შეგვიძლია დავეთანხმოთ ან გულწრფელად შევაქოთ? შეგვეძლო მობინადრისთვის ბიბლიური მუხლი გვეჩვენებინა და გვეთქვა: „გიფიქრიათ ოდესმე, რომ ეს შესაძლებელია?“
4. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მობინადრე შეურაცხყოფას გვაყენებს?
4 როგორ მოვიქცეთ, თუ მობინადრე შეურაცხყოფას გვაყენებს ან კამათს იწყებს? ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში თავაზიანობა და რბილი ხასიათი უნდა გამოვავლინოთ (2 ტიმ. 2:24, 25). თუ ვინმე სასიხარულო ცნობის მიმართ ინტერესს არ ავლენს, ჩვენ მას ტაქტიანად უნდა დავშორდეთ (მათ. 7:6; 10:11—14).
5. რა შედეგი გამოიღო დის თავაზიანმა პასუხმა?
5 კარგი შედეგები: ერთ დას უნდოდა, რომ მეზობლისთვის ექადაგა, მაგრამ ქალი გაბრაზდა და დას ყვირილი და ლანძღვა დაუწყო. დამ თავაზიანად უთხრა: „ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გაღიზიანდით. კარგად ბრძანდებოდეთ“. ორი კვირის შემდეგ ეს ქალი ჩვენს დასთან მივიდა სახლში, ბოდიში მოუხადა თავისი საქციელისთვის და უთხრა, რომ მზად იყო მოესმინა, რისი თქმაც დას მაშინ უნდოდა. თავაზიან პასუხს ხშირად კარგი შედეგები მოაქვს! (იგავ. 15:1; 25:15).
6. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მსახურებაში ჩვენი სიტყვები მარილით იყოს შეზავებული?
6 ყოველთვის ეცადე, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს შენი სიტყვები მარილით იყოს შეზავებული. მაშინაც კი, თუ მობინადრე არ მოგისმენს, მან შეიძლება სხვა დროს მოისმინოს, როცა მოწმეები კვლავ მივლენ კარდაკარ.