საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 18 გვ. 143-გვ. 144 აბზ. 4
  • პასუხის გაცემისას ბიბლიის გამოყენება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პასუხის გაცემისას ბიბლიის გამოყენება
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიური მუხლების სწორად ახსნა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • ბიბლიით დაეხმარეთ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • „ღვთის სიტყვა არის . . . მოქმედი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • დამაჯერებელი არგუმენტაცია
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 18 გვ. 143-გვ. 144 აბზ. 4

გაკვეთილი 18

პასუხის გაცემისას ბიბლიის გამოყენება

რა უნდა გააკეთო?

უშუალოდ ბიბლიიდან უპასუხე, ნაცვლად იმისა, რომ ის უპასუხო, რასაც თავად ფიქრობ.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ჩვენ დავალებული გვაქვს ‘სიტყვის ქადაგება’. იესომ მოგვცა ამის მაგალითი. „რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ“, — თქვა მან (2 ტიმ. 4:2; იოან. 14:10).

როდესაც გვეკითხებიან ჩვენი მრწამსისა და ცხოვრების წესის, აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ ვუყურებთ მიმდინარე მოვლენებსა და მომავალს, ჩვენ ბიბლიის დახმარებით ვპასუხობთ. რატომ? იმიტომ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. სწორედ ბიბლიაზეა დაფუძნებული ჩვენი მრწამსი. ბიბლიით ვხელმძღვანელობთ ცხოვრებაში, ბიბლია აყალიბებს მსოფლიო მოვლენების შესახებ ჩვენს თვალსაზრისს და ბიბლიაში ჩაწერილი აღთქმები გვაძლევს მომავლის იმედს (2 ტიმ. 3:16, 17).

ჩვენ კარგად გვესმის, რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ (ეს. 43:12). ამიტომ ჩვენი პასუხები ადამიანურ სიბრძნეზე კი არა, იეჰოვას სიტყვაზეა დაფუძნებული. მართალია, ამა თუ იმ საკითხზე ყველას საკუთარი აზრი გვაქვს, მაგრამ გვსურს, ღვთის სიტყვამ ჩამოგვიყალიბოს შეხედულებები, რადგან დარწმუნებულნი ვართ მის ჭეშმარიტებაში. ცხადია, ბიბლია ბევრ საკითხში გვაძლევს არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვცდილობთ, სხვებს თავს მოვახვიოთ პირადი შეხედულებები, არამედ გვსურს ღვთის სიტყვის პრინციპების მასწავლებლები ვიყოთ და ჩვენს მსმენელსაც მივცეთ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. პავლეს მსგავსად, გვსურს, რომ მათ ‘რწმენით გამოავლინონ მორჩილება’ (რომ. 16:26).

გამოცხადების 3:14-ში იესო ქრისტეს „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“ ეწოდება. როგორ პასუხობდა ის შეკითხვებს და როგორ იქცეოდა ამა თუ იმ სიტუაციაში? ის ზოგჯერ დამაფიქრებელ მაგალითებს იყენებდა; ზოგჯერ ადამიანს ეკითხებოდა, თავად როგორ ესმოდა წერილები; ხშირად კი პირდაპირ ციტირებდა წერილებიდან ან მასში ჩაწერილ აზრსა და შემთხვევას ახსენებდა მსმენელს (მათ. 4:3—10; 12:1—8; ლუკ. 10:25—28; 17:32). პირველ საუკუნეში წმინდა წერილების გრაგნილები, ჩვეულებრივ, სინაგოგებში ინახებოდა. არსად არის ნათქვამი, რომ იესოს საკუთარი გრაგნილები ჰქონდა, მაგრამ მან კარგად იცოდა წერილები და ხშირად იყენებდა მათ სწავლების დროს (ლუკ. 24:27, 44—47). მას ნამდვილად ჰქონდა იმის თქმის საფუძველი, რომ საკუთარ სიტყვებს არ ასწავლიდა. იესო მხოლოდ იმას ლაპარაკობდა, რაც მამისგან ჰქონდა მოსმენილი (იოან. 8:26).

ჩვენ გვსურს იესოს მივბაძოთ. იესოსავით პირადად არ მოგვისმენია ღვთის სიტყვები, მაგრამ ბიბლია ღვთის სიტყვაა. როდესაც მას ვიყენებთ პასუხის გაცემისას, მსმენელის ყურადღებას საკუთარ თავზე არ ვამახვილებთ; ის ხედავს, რომ ღვთის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტების გადაცემა გვსურს და არა არასრულყოფილი ადამიანის აზრების გაზიარება (იოან. 7:18; რომ. 3:4).

ცხადია, ბიბლიის გამოყენება თვითმიზანი არ არის. ჩვენ გვსურს ისე გამოვიყენოთ ბიბლია, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანოს მსმენელს; ჩვენი სურვილია, რომ მსმენელმა მიიღოს ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია. მსმენელის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბიბლიური აზრის გაზიარებამდე შეგეძლო გეთქვა: „ალბათ დამეთანხმებით, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ღვთის თვალსაზრისი“ ან „იცით, რომ სწორედ ეს საკითხი განხილულია ბიბლიაში?“. თუ შენი მსმენელისთვის ბიბლია არ არის ავტორიტეტი, სხვა რამის თქმა დაგჭირდება. მაგალითად, შეგიძლია უთხრა: „თუ ნებას დამრთავთ, ერთ ძველ წინასწარმეტყველებას წაგიკითხავთ“ ან „მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული წიგნი შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. . .“.

ზოგჯერ, ალბათ, ბიბლიური მუხლის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას ამჯობინებ. მაგრამ, თუ შესაძლებლობა მოგეცემა, უმჯობესია, გადაშალო ბიბლია და პირდაპირ წაიკითხო მასში ნათქვამი. ხანდახან კი კარგი იქნება, მსმენელს საკუთარ ბიბლიაში წააკითხო ესა თუ ის მუხლი. უშუალოდ ბიბლიის გამოყენება ხშირად დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე (ებრ. 4:12).

უხუცესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პასუხის გაცემის დროს ბიბლიის გამოყენება. უხუცესად მსახურებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ძმას „სარწმუნო სიტყვის“ სწავლება შეეძლოს (ტიტ. 1:9). კრების წევრმა შეიძლება სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოს უხუცესის რჩევის საფუძველზე. ამიტომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი რჩევა ბიბლიაზე იყოს დაფუძნებული! უხუცესის მაგალითმა შესაძლოა სხვებიც აღძრას იმისკენ, რომ ბიბლია გამოიყენონ სწავლების დროს.

რა დაგეხმარება ბიბლიის ეფექტურად გამოყენებაში

  • ყოველდღიურად იკითხე ბიბლია. მიჰყევი პირადი შესწავლის კარგ გეგმას.

  • მიეჩვიე კრების შეხვედრებზე კომენტარებში მონაწილეობის დროს ბიბლიური მუხლების გამოყენებას.

  • პასუხის გაცემამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდი, რას ამბობს ამ საკითხზე ბიბლია.

  • როდესაც არ იცი კონკრეტულ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი, თავი შეიკავე ვარაუდებისგან და საკუთარი აზრის თქმისგან. უთხარი, რომ ამ საკითხს გამოიკვლევ.

სავარჯიშო: ჩამოწერე ორი-სამი შეკითხვა, რომლებიც დაგისვეს 1) სამქადაგებლო მსახურებაში; 2) საინფორმაციო საშუალებებში ბოლო დროს გაშუქებულ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით; 3) რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე. თითოეული შეკითხვისთვის ერთი ბიბლიური მუხლი მაინც მოძებნე, რომელსაც პასუხის გასაცემად გამოიყენებდი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება