საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 418-გვ. 423
  • ხელისუფლება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხელისუფლება
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა გადაჭრის კორუფციისა და უსამართლობის პრობლემას?
  • სამეფო
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ღვთის სამეფო მალე გვიხსნის!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ქვეყნიერება
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 418-გვ. 423

ხელისუფლება

განმარტება: მმართველობის სისტემა, რომლის მიზანია კანონების შემუშავება და ცხოვრებაში გატარება. ხშირად ხდება ხელისუფლების დანაწილება სხვადასხვა განშტოებად. მათგან თითოეული ასრულებს თავის ფუნქციას იმისდა მიხედვით, თუ ვისგან იღებს ძალაუფლებას და რაზე ვრცელდება მისი უფლებამოსილება. იეჰოვა ღმერთი სამყაროს უზენაესი ხელისუფალია, რომელიც თავისი ნებისა და განზრახვისამებრ აძლევს ძალაუფლებას სხვებს. მაგრამ ღმერთმა დაუშვა, რომ მისი უზენაესობის მთავარი მოწინააღმდეგე, სატანა ეშმაკი, განსაზღვრული დროით „ქვეყნიერების მმართველი“ ყოფილიყო. ბიბლიაში მსოფლიო პოლიტიკური მმართველობა სიმბოლურად მხეცით არის წარმოდგენილი და ნათქვამია, რომ „დრაკონმა [სატანა ეშმაკმა] მხეცს მისცა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება“ (იოან. 14:30; გამოცხ. 13:2; 1 იოან. 5:19).

შეუძლიათ ადამიანებს მმართველობის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ნამდვილად მოუტანს ხალხს ბედნიერებას?

რაზე მეტყველებს ისტორია?

ეკლ. 8:9: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეს სიტყვები მაშინაც მართლდება, როცა მმართველები მაღალი იდეალებისკენ ისწრაფვიან).

„დღემდე არსებულმა ყველა ცივილიზაციამ საბოლოოდ კრახი განიცადა. ისტორია სავსეა ფურცლებით, რომლებიც მოგვითხრობს ამაო მცდელობებისა და განუხორციელებელი მიზნების შესახებ . . . ასე რომ, ისტორიკოსს გარდაუვალი ტრაგედიის მოლოდინში უწევს ცხოვრება“ (ჰენრი კისინჯერი, პოლიტოლოგი და პოლიტიკური მოღვაწე, „ნიუ-იორკ ტაიმზი“, 13 ოქტომბერი, 1974, გვ. 30B).

რა უშლით ხელს პოლიტიკოსებს თავიანთი მიზნების განხორციელებაში?

იერ. 10:23: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (ღმერთს არ მიუცია ადამიანებისთვის იმის უფლება, რომ მისგან დამოუკიდებლად ესწრაფათ თავიანთი მიზნების განხორციელებისკენ).

დაბ. 8:21: „სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის ადამიანის გული“ (როგორც მმართველები, ისე მათი ქვეშევრდომები დაბადებიდან ცოდვილები არიან და ეგოიზმისკენ არიან მიდრეკილნი).

2 ტიმ. 3:1—4: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება . . . გაყოყოჩებულები“ (მსოფლიო პრობლემებს მხოლოდ ერთი სახელმწიფო ვერ გადაჭრის; საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა. მაგრამ პირადი ინტერესები სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების რეალურ თანამშრომლობას).

ბიბლიიდან იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო მდგომარეობაზე ზებუნებრივი ძალებიც ახდენენ გავლენას. „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (1 იოან. 5:19). „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ . . . ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფეს. 6:12). „დემონების მიერ შთაგონებული სიტყვები . . . მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხ. 16:14).

რა გადაჭრის კორუფციისა და უსამართლობის პრობლემას?

გადაჭრის ამ პრობლემას ხელისუფლების წარმომადგენელთა შეცვლა?

როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლების არჩევა რამდენიმე წლით ხდება. რატომ? ხშირ შემთხვევაში ისინი ვერ ამართლებენ ამომრჩეველთა უმრავლესობის იმედებს.

ფსალმ. 146:3, 4: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა. ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ამა თუ იმ მმართველის მიერ გაუმჯობესების მიზნით წამოწყებული პროგრამები ხშირად ბოლომდე ვერ ხორციელდება, რადგან მალე სხვის ხელში ხვდება).

რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს მმართველი, ნებისმიერ შემთხვევაში, ის მონაწილეობს სატანის ძალაუფლებაში არსებული ქვეყნიერების პოლიტიკაში (1 იოან. 5:19).

გადაჭრის პრობლემას სახელმწიფო გადატრიალება?

კორუმპირებული მმართველების ჩამოგდება და უსამართლო კანონების გაუქმება ბევრს არაფერს შეცვლის. ახალი მმართველებიც არასრულყოფილი ადამიანები იქნებიან და გვერდს ვერ აუვლიან პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ბიბლიის თანახმად სატანის ხელშია.

მათ. 26:52: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (იესომ ეს სიტყვები თავის ერთ-ერთ მოციქულს მაშინ უთხრა, როცა ხელისუფლება მის წინააღმდეგ უსამართლოდ იყენებდა ძალაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამაზე დიდი უსამართლობის წარმოდგენა, იესომ არ მოიწონა თავისი მოციქულის მოქმედება).

იგავ. 24:21, 22: „შვილო, იეჰოვასი და მეფის გეშინოდეს. მოჯანყეებში ნუ გაერევი. მოჯანყეებს ისე მოულოდნელად დაატყდებათ თავს უბედურება, რომ ვინ გაიგებს მათ განადგურებას?!“

მაშ, რა გადაჭრის კორუფციისა და უსამართლობის პრობლემას?

დან. 2:44: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს [ხელისუფლებას], რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.

ფსალმ. 72:12—14: „ის [იეჰოვას მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე] დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (დედამიწაზე ყოფნისას იესო კურნავდა და აპურებდა ადამიანებს; მან მათთვის სიცოცხლეც კი გაიღო. ეს ამტკიცებს, რომ იესო ნამდვილად ისეთი მმართველი იქნება, როგორიც ამ წინასწარმეტყველებაშია აღწერილი).

იხილეთ აგრეთვე გვერდები 293—297 („სამეფო“).

რატომ უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად იმას, რასაც ბიბლია ამბობს მსოფლიოს მომავალ მმართველობაზე?

მმართველები დღემდე ვერ აკმაყოფილებენ ხალხის მოთხოვნილებებს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის, რასაც ღმერთი ადამიანებს ჰპირდება და რითაც მმართველებმა ვერ უზრუნველყვეს თავიანთი ქვეშევრდომები: 1) მშვიდობა მსოფლიოში (ეს. 2:4; ფსალმ. 46:9, 10). 2) საკმარისი საკვები ყველასთვის (ფსალმ. 72:16). 3) კარგი საცხოვრებელი პირობები (ეს. 65:21). 4) დამაკმაყოფილებელი სამუშაო ყველასთვის, რათა ყველამ შეძლოს საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა (ეს. 65:22). 5) ცხოვრება ავადმყოფობის გარეშე (გამოცხ. 21:3, 4). 6) სამართლიანობა; რასობრივი, ეკონომიკური და ეთნიკური თანასწორობა (ეს. 9:7; 11:3—5). 7) უსაფრთხოება; დამნაშავეობისა და ძალადობის აღმოფხვრა (მიქ. 4:4; იგავ. 2:22). 8) მსოფლიო, სადაც ყველაზე მეტად დაფასდება ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე, მზრუნველობა და ერთგულება (ფსალმ. 85:10, 11; გალ. 5:22, 23).

ათასწლეულებია, რაც მმართველები ხალხს უკეთეს პირობებს ჰპირდებიან. მაგრამ, რა მდგომარეობაა რეალურად? მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრ ქვეყანაში ხალხი მატერიალურად უზრუნველყოფილია, ისინი არ არიან უფრო ბედნიერები და არც ნაკლები პრობლემების წინაშე დგანან.

ბიბლიის წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდებოდა.

ღვთის სიტყვაში ერთი საუკუნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ბაბილონი მსოფლიო იმპერია გახდებოდა; აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ საბოლოოდ დაეცემოდა, მისი დედაქალაქი განადგურდებოდა და დაუსახლებელი დარჩებოდა (ეს. 13:17—22). დაახლოებით ორი საუკუნით ადრე ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, თუ რა როლს შეასრულებდა კიროსი მსოფლიო ისტორიაში. ის სახელით არის მოხსენიებული მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ დაბადებულიც არ იყო (ეს. 44:28; 45:1, 2). აგრეთვე ნაწინასწარმეტყველები იყო მიდია-სპარსეთის იმპერიის აღზევება და დაცემა. ორ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე იყო ნათქვამი, თუ რას მიაღწევდა საბერძნეთის იმპერია პირველი მეფის მმართველობის დროს, მოგვიანებით კი როგორ დაიყოფოდა ოთხ ნაწილად (დან. 8:1—8, 20—22).

ბიბლიაში დაწვრილებით იყო ნაწინასწარმეტყველები, თუ როგორი მდგომარეობა იქნებოდა დღეს მსოფლიოში. მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ადამიანთა მმართველობას და მთელ დედამიწას უხელმძღვანელებს ღვთის სამეფო, რომლის სათავეშიც იესო ქრისტე იქნება (დან. 2:44; 7:13, 14).

განა გონივრული არ არის, რომ ყურად ვიღოთ ასეთი სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაცია?

ადამიანთა პრობლემებს მხოლოდ ღვთის ხელისუფლება გადაჭრის.

დღეს არსებული პრობლემების გადაჭრას ზეადამიანური ძალა და უნარი სჭირდება. ადამიანებისგან განსხვავებით, ღმერთს შეუძლია კაცობრიობის გათავისუფლება ეშმაკისა და მისი დემონების ზეგავლენისგან. ის გვპირდება კიდეც ამას. ღმერთმა ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ბოლო მოუღოს ცოდვას, ავადმყოფობასა და სიკვდილს, რაც მედიცინამ ვერ შეძლო. ღმერთი ადამიანებს მისცემს სასურველ მდგომარეობამდე მიღწევის შესაძლებლობას. შემოქმედს აქვს საჭირო ცოდნა (დედამიწისა და სასიცოცხლო პროცესების შესახებ), რომ გადაჭრას საკვებთან და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ როცა ადამიანთა მცდელობები უშედეგოა და ხშირად უფრო მეტი პრობლემის მიზეზი ხდება. ღვთის სიტყვამ უკვე ბევრი ადამიანი შეცვალა უკეთესობისკენ. მათ ისწავლეს სიკეთისა და სიყვარულის გამოვლენა და მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრება. ისინი აღარ იღებენ ხელში იარაღს სხვის მოსაკლავად, მშვიდობიანად ცხოვრობენ და მათ ერთობას ხელს ვეღარ უშლის ეროვნული თუ რასობრივი სხვაობა.

როდის მოუღებს ღვთის სამეფო ბოლოს დღევანდელ ბოროტ ქვეყნიერებას? იხილეთ „თარიღები“ და „ბოლო დღეები“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება