განკურნება
განმარტება: ფიზიკურად, ფსიქიკურად ან სულიერად დაავადებულის გამოჯანმრთელება. ქრისტიანობამდე მცხოვრები ზოგი ებრაელი წინასწარმეტყველი, იესო ქრისტე და პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ზოგი წევრი ღვთის სულით სასწაულებრივად კურნავდნენ ავადმყოფებს.
დღესაც ღვთის სულით ხდება სასწაულებრივი განკურნება?
შეიძლება, რომ სასწაულებრივი განკურნების უნარი ჭეშმარიტი ღვთისგან არ მომდინარეობდეს?
მოსე და აარონი ეგვიპტის ფარაონთან მივიდნენ და სთხოვეს, რომ ისრაელები უდაბნოში გაეშვა იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირად. ღვთის მხარდაჭერის საჩვენებლად, აარონმა მოსეს მითითებით ძირს დააგდო ჯოხი, რომელიც დიდ გველად გადაიქცა. ეს სასწაული ღვთის ძალით მოხდა. მაგრამ შემდეგ ეგვიპტის გრძნეულმა ქურუმებმაც „დაყარეს თავიანთი ჯოხები და ისინიც დიდ გველებად გადაიქცნენ“ (გამ. 7:8—12). ვისი ძალით მოახდინეს მათ ეს სასწაული? (შეადარეთ მეორე კანონის 18:10—12).
რწმენით განკურნების შემთხვევებს ჩვენს დროშიც ვხვდებით, მაგალითად, ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენელთა მიერ ჩატარებული მსახურების დროს. არაქრისტიანულ რელიგიებში შამანები, ექიმბაშები და სხვებიც კურნავენ ხალხს. ისინი ხშირ შემთხვევაში მაგიასა და ჯადოქრობას მიმართავენ. ზოგი „მკურნალი“ ამბობს, რომ მის მეთოდს არანაირი კავშირი არა აქვს რელიგიასთან. როგორც უნდა იყოს, ჭეშმარიტი ღვთისგან მომდინარეობს განკურნების ძალა?
მათ. 24:24: «გამოჩნდებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ დიდ ნიშნებსა [„სასწაულებსა“, სსგ] და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ».
მათ. 7:15—23: «უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს . . . ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო».
არის მსგავსება დღევანდელ სენსაციურ განკურნებებსა და იმ სასწაულებს შორის, რომლებსაც იესო და მისი მოწაფეები ახდენდნენ?
მომსახურების საფასური: „განკურნეთ ავადმყოფები, აღადგინეთ მკვდრები, განწმინდეთ კეთროვნები, განდევნეთ დემონები. უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათ. 10:8) (ითვალისწინებენ მკურნალები იესოს მითითებას და „უსასყიდლოდ გასცემენ“?).
განკურნების ალბათობა: „მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა იესოს, რადგან მისგან ძალა გამოდიოდა და ყველას კურნავდა“ (ლუკ. 6:19). „ავადმყოფები მთავარ ქუჩებშიც კი მიჰყავდათ და აწვენდნენ საწოლებსა და საკაცეებზე, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს. დიდძალი ხალხი მოდიოდა იერუსალიმის გარშემო მდებარე ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ ავადმყოფები და უწმინდური სულებით გაწამებულები, და ყველა იკურნებოდა“ (საქ. 5:15, 16) (იკურნება დღეს ყველა, ვინც „რწმენით“ მკურნალებს მიმართავს ან „წმინდა ადგილებზე“ მიდის?).
ნამდვილად აქვთ ღვთის სული იმ მიმდინარეობების წევრებს, რომლებსაც „მკურნალები“ მიეკუთვნებიან?
ავლენენ ისინი მთლიანობაში, მაგალითად, სიყვარულს, სულგრძელობას, რბილ ხასიათსა და თავშეკავებას — თვისებებს, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია წმინდა სულის დახმარებით? (გალ. 5:22, 23).
ნამდვილად შეიძლება მათზე იმის თქმა, რომ „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“ და არ ერევიან ქვეყნიერების პოლიტიკაში? არიან სუფთანი ომების დროს დაღვრილი სისხლისგან? აქვთ მათ ისეთი ადამიანების სახელი, რომლებზეც გავლენას ვერ ახდენს ქვეყნიერებაში გავრცელებული უზნეობა? (იოან. 17:16; ეს. 2:4; 1 თეს. 4:3—8).
სასწაულებრივი განკურნების უნარით უნდა განვსაზღვროთ, თუ ვინ არის დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანი?
იოან. 13:35: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იესომ ამ ნიშანზე გაამახვილა ყურადღება. თუ ნამდვილად გვწამს მისი, ჩვენთვის სიყვარული იქნება იმის ნიშანი, თუ ვინ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, და არა სასწაულებრივი განკურნების უნარი).
საქ. 1:8: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (ზეცად ამაღლებამდე იესომ მოციქულებს უთხრა, რომ მათი მოვალეობა ამ მნიშვნელოვანი საქმის შესრულება იქნებოდა და არა განკურნება. იხილეთ აგრეთვე მათეს 24:14; 28:19, 20).
1 კორ. 12:28—30: „ღმერთმა კრებაში სხვადასხვა წევრი დანიშნა: ჯერ მოციქულები, შემდეგ — წინასწარმეტყველები, შემდეგ — მასწავლებლები, მერე მისცა სასწაულების მოხდენის უნარი, განკურნების ძღვენი, დააწესა დახმარების აღმოჩენა, მისცა მართვის უნარი და სხვადასხვა ენა. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? განა ყველა მასწავლებელია? განა ყველა ახდენს სასწაულებს? განა ყველას აქვს განკურნების ძღვენი?“ (ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს არ ჰქონია განკურნების ძღვენი).
განა მარკოზის 16:17, 18-დან არ ჩანს, რომ მორწმუნეებს ექნებოდათ განკურნების ძალა?
მარ. 16:17, 18, ბსგ: „ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, ხელში გველებს აიყვანენ და, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი“.
ეს მუხლები გვხვდება ახ. წ. მეხუთე და მეექვსე საუკუნეების ზოგ ბიბლიურ ხელნაწერსა და თარგმანში. მაგრამ ისინი არ არის უფრო ძველ ბერძნულ ხელნაწერებში, მეოთხე საუკუნით დათარიღებულ სინურ და ვატიკანის (ხელნაწერი №1209) კოდექსებში. ბ. უესტკოტი, ბიბლიური ხელნაწერების მკვლევარი, ამბობს, რომ „ეს მუხლები . . . დამატებულია და არ არის დედნის ნაწილი“ („An Introduction to the Study of the Gospels“, ლონდონი, 1881, გვ. 338). ბიბლიის მთარგმნელი იერონიმე მეხუთე საუკუნეში აღნიშნავდა, რომ „ეს მონაკვეთი თითქმის არც ერთ ძველ ბერძნულ ხელნაწერში არ [იყო]“ („The Last Twelve Verses of the Gospel According to S. Mark“, ჯ. ბურგონი, ლონდონი, 1871, გვ. 53). ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ამ მონაკვეთის სიტყვები და სტილი საკმაოდ განსხვავდება მთელი მარკოზის სახარებისგან და ძალიან რთულია იმ აზრის დაშვება, რომ ის [ანუ მე-9—20 მუხლები] მარკოზმა დაწერა“ („The New Catholic Encyclopedia“, ტ. IX, გვ. 240). არსად არის მოხსენიებული, რომ პირველი ქრისტიანები საწამლავს სვამდნენ ან გველებს ხელში იყვანდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ მორწმუნეები იყვნენ.
რატომ ეძლეოდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს სხვადასხვა ძღვენი, მათ შორის განკურნების უნარი?
ებრ. 2:3, 4: „ჩვენ როგორ დავაღწევთ თავს, თუკი უგულებელვყოფთ ასეთ დიად ხსნას, რომელზეც თავდაპირველად უფალმა ილაპარაკა და რომელიც ჩვენ მისმა მსმენელებმა დაგვიდასტურეს და რომელზეც ღმერთმაც დაამოწმა ნიშნებით, საკვირველებებით, სასწაულებითა და წმინდა სულის განაწილებით თავისი ნებისამებრ?“ (ეს ამტკიცებდა იმას, რომ ახლად ჩამოყალიბებული ქრისტიანული კრება ნამდვილად ღვთისგან იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს აშკარა გახდა, იქნებოდა საჭირო კვლავ და კვლავ ამის დამტკიცება?).
1 კორ. 12:29, 30; 13:8, 13: „განა ყველა წინასწარმეტყველია? . . განა ყველას აქვს განკურნების ძღვენი? განა ყველა ლაპარაკობს უცხო ენებზე? . . სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება . . . ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია“ (ყველა ეს სასწაულებრივი ძღვენი „შეწყდებოდა“, როცა თავის მიზანს მიაღწევდა. ღვთისმოსაწონი თვისებები კი კვლავაც ადვილი შესამჩნევი იქნებოდა ჭეშმარიტ ქრისტიანებში).
თუ ადამიანი განიკურნა, ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, როგორ მოხდა ეს?
2 თეს. 2:9, 10: „უკანონობის მოქმედის მოსვლას თან ახლავს სატანის მოქმედება ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით მათთვის, ვინც დაღუპვას იღებს საზღაურად, რადგან არ შეიყვარეს ჭეშმარიტება, რომ გადარჩენილიყვნენ“.
ლუკ. 9:24, 25: „ვისაც სურს თავისი სულის ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას. აბა, რას არგებს კაცი საკუთარ თავს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის თავს კი დაიღუპავს ან ყველაფერს დაკარგავს?“.
იქნება როდესმე შესაძლებელი ყველა დაავადებისგან განკურნება?
გამოცხ. 21:1—4: «ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, რადგან წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა მოისპო . . . „მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“».
ეს. 25:8: „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (აგრეთვე გამოცხადების 22:1, 2).
ეს. 33:24: „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“.
თუ ვინმე გეუბნება. . .
„გჯერათ სასწაულებრივი განკურნების?“
შეგიძლია ასე უპასუხო: „ვისაც არ სჯერა, რომ ღმერთს აქვს განკურნების ძალა, ბიბლიისაც არ სწამს. მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რამდენად სწორად ესმით ეს საკითხი ადამიანებს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „მსურს წაგიკითხოთ ბიბლიიდან ერთი მუხლი. ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ვერ ვხედავთ დღეს (მათ. 10:7, 8) . . . რისი გაკეთება არ შეუძლით დღევანდელ მკურნალებს იესოს მოწაფეებისგან განსხვავებით? (მათ არ შეუძლიათ მკვდრების აღდგენა)“. 2) „ჩვენ არ განვსჯით სხვებს, მაგრამ ღირს იმის გათვალისწინება, რაც მათეს 24:24-ში წერია“.
ან შეგიძლია უთხრა: „ნამდვილად მჯერა იმის, რასაც ბიბლია ამბობს სასწაულებრივ განკურნებაზე. მაგრამ ამ ქვეყნიერებაში ნებისმიერ განკურნებას მხოლოდ დროებითი შვება მოაქვს. საბოლოოდ, ყველა კვდება. დადგება ოდესმე დრო, როცა ყველას კარგი ჯანმრთელობა ექნება და აღარავინ მოკვდება?“ (გამოცხ. 21:3, 4).