დღესასწაულები
განმარტება: ღირშესანიშნავი მოვლენების აღსანიშნავი დღეები, რომლებიც დაწესებულებებსა და სასწავლებლებში, ჩვეულებრივ, დასვენების დღეებად ითვლება. ასეთ დღეებში ხშირად იკრიბებიან ოჯახურ წრეში ან მართავენ სახალხო ზეიმებს. დღესასწაულები შეიძლება იყოს რელიგიური ან საერო.
აქვს შობის დღესასწაულს ბიბლიური საფუძველი?
აღნიშვნის თარიღი.
მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: «შობის აღნიშვნა ღმერთს არ დაუწესებია, ის არც „ახალი აღთქმიდან“ იღებს დასაბამს. ქრისტეს დაბადების დღის დადგენა შეუძლებელია ახალი აღთქმის ან სხვა რომელიმე წყაროს საფუძველზე» (ნიუ-იორკი, 1871, ტ. II, გვ. 276).
ლუკას 2:8—11-ის თანახმად, როცა იესო დაიბადა, მწყემსები ღამით ველად იყვნენ. ერთ წიგნში ნათქვამია: „ცხვარს . . . ზამთარში ფარეხში ამყოფებდნენ; მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია იმისათვის, რომ ეჭვი შევიტანოთ შობის აღნიშვნის ტრადიციული თარიღის სისწორეში, რადგან სახარებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროს მწყემსები ველად იყვნენ“ („Daily Life in the Time of Jesus“, ჰენრი დენიელ-როპსი, ნიუ-იორკი, 1962, გვ. 228).
„ენციკლოპედია ამერიკანაში“ წერია: „რთულია იმის ზუსტად დადგენა, თუ რატომ დააწესეს 25 დეკემბერი ქრისტეს შობის დღედ. მაგრამ გავრცელებულია აზრი, რომ ეს დღე დაამთხვიეს წარმართულ დღესასწაულებს, რომლებიც ზამთრის მზებუდობის პერიოდში აღინიშნებოდა. ამ დროს, როცა დღე მატებას იწყებდა, მზის ხელახლა დაბადებას ზეიმობდნენ . . . რომაული სატურნალიებიც (მოსავლიანობის ღმერთის, სატურნისა, და მზის აღორძინებისადმი მიძღვნილი დღესასწაული) ამ პერიოდში იმართებოდა. შობის ზოგიერთი ჩვეულება, როგორც ფიქრობენ, ამ უძველესი წარმართული დღესასწაულიდან იღებს სათავეს“ (1977, ტ. VI, გვ. 666).
ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: «ქრისტეს დაბადების თარიღი უცნობია. სახარებებში არ მოიხსენიება არც დღე და არც თვე . . . მეცნიერ ჰ. უზენერის ვარაუდით . . . რასაც დღევანდელ მეცნიერთა უმრავლესობა იზიარებს, ქრისტეს დაბადების თარიღი დაამთხვიეს ზამთრის მზებუდობის თარიღს (იულიუსის კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერი, ძველ ეგვიპტელთათვის 6 იანვარი), რადგან ამ დღეს, როდესაც მზის ცენტრი ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ იწყებდა გადახრას, ღვთაება მითრას წარმართი თაყვანისმცემლები ზეიმობდნენ „უძლეველი მზის დაბადების დღეს“ („dies natalis Solis Invicti“). 274 წლის 25 დეკემბერს ავრელიანემ მზის ღმერთი იმპერიის მთავარ მფარველად გამოაცხადა და მარსის ველზე („Campus Martius“) მას ტაძარი მიუძღვნა. შობის დღესასწაული იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა მზის კულტი რომში განსაკუთრებით იყო გავრცელებული» („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. III, გვ. 656).
მოგვები, რომლებსაც ვარსკვლავი მიუძღოდა.
ეს მოგვები სინამდვილეში აღმოსავლელი ასტროლოგები იყვნენ (მათ. 2:1). მართალია, ასტროლოგია დღეს ძალიან პოპულარულია, მაგრამ ბიბლია მკაცრად გმობს მას (იხილეთ გვერდები 62, 63, „ბედისწერა“). ნუთუ მიიყვანდა ღმერთი ახალდაბადებულ იესოსთან ისეთ ადამიანებს, რომელთა საქმიანობასაც არ იწონებდა?
მათეს 2:1—16-დან ვხედავთ, რომ ვარსკვლავმა ასტროლოგები ჯერ მეფე ჰეროდესთან მიიყვანა, შემდეგ კი იესოსთან. ჰეროდემ იესოს მოკვლა მოინდომა. არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ასტროლოგების გარდა „ვარსკვლავი“ სხვებმაც დაინახეს. მათი წასვლის შემდეგ იეჰოვას ანგელოზმა იოსებს უთხრა, ეგვიპტეში გაქცეულიყო, რათა ბავშვი გადაერჩინა. ღვთისგან იყო ეს „ვარსკვლავი“ მოვლენილი თუ მისგან, ვისაც ღვთის ძის მოკვლა სურდა?
ბიბლია არ ამბობს, რომ პატარა იესო მათი მისვლისას ბაგაში იწვა, როგორც ეს ხშირად არის წარმოდგენილი საშობაო სცენებში. იესო და მისი მშობლები უკვე სახლში ცხოვრობდნენ, როცა ასტროლოგები ეწვივნენ. რაც შეეხება იესოს ასაკს, გაიხსენეთ, რომ ასტროლოგებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჰეროდემ ბრძანა ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭის დახოცვა ბეთლემსა და მის შემოგარენში (მათ. 2:1, 11, 16).
საჩუქრების ჩუქება; თოვლის ბაბუა, სანტა-კლაუსი და ასე შემდეგ.
შობის დროს საჩუქრების ჩუქების ტრადიცია მოგვების მიერ იესოსთვის ძღვნის მიტანას არ უკავშირდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოგვები იესოსთან მისი დაბადების დროს არ მისულან. გარდა ამისა, მათ საჩუქრები იესოს მიართვეს და არა ერთმანეთს. იმ დროს ცნობილ ადამიანებთან სტუმრობისას საჩუქრების მირთმევა ჩვეულებრივი რამ იყო.
„ენციკლოპედია ამერიკანაში“ ვკითხულობთ: „სატურნალიის დროს . . . მართავდნენ ლხინს და ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიდნენ“ (1977, ტ. XXIV, გვ. 299). ხშირად შობის დროსაც მსგავსად ხდება საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა. ამას ადამიანისთვის არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება, რადგან არ შეესაბამება, მაგალითად, მათეს 6:3, 4-სა და 2 კორინთელების 9:7-ში ჩაწერილ ქრისტიანულ პრინციპებს. ქრისტიანები სიყვარულით ჩუქნიან სხვებს საჩუქრებს წლის ნებისმიერ დროს — იმდენჯერ, რამდენჯერაც მოისურვებენ.
ბავშვებს ეუბნებიან, რომ საჩუქრები მოაქვს თოვლის ბაბუას, სანტა-კლაუსს, წმინდა ნიკოლოზს, პერ-ნოელს, კნეხტ რუპრეხტს, მოგვს, ელფ იულეტომტეს (ან იულენისენს), ან გრძნეულ ბეფანას — იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ („The World Book Encyclopedia“, 1984, ტ. III, გვ. 414). ცხადია, ყოველივე ეს არ არის სიმართლე. განა შეაყვარებს ეს ბავშვებს სიმართლეს? განა მიაგებს პატივს ასეთი ჩვეულება იესო ქრისტეს, რომელიც გვასწავლის, რომ ღმერთს ჭეშმარიტებით უნდა ვცეთ თაყვანი? (იოან. 4:23, 24).
მისაღებია ისეთ დღესასწაულში მონაწილეობა, რომელსაც არა აქვს ქრისტიანული დასაბამი, თუ ის რელიგიური მიზნით არ აღინიშნება?
ეფეს. 5:10, 11: „ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის, და ნუღარ იქნებით მათი თანამონაწილენი სიბნელის უნაყოფო საქმეებში, არამედ ამხილეთ ისინი“.
2 კორ. 6:14—18: «რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? . . „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“, „და მე მიგიღებთ თქვენ . . . ჩემი ძეები და ასულები იქნებით, — ამბობს ყოვლისშემძლე იეჰოვა“» (იეჰოვასადმი გულწრფელი სიყვარული და მის მოსაწონად მოქმედების სურვილი ადამიანს დაეხმარება არაქრისტიანული წეს-ჩვეულებების მიტოვებაში, რაოდენ მიმზიდველიც არ უნდა იყოს ისინი. ვინც ნამდვილად იცნობს იეჰოვას და ვისაც უყვარს ის, არ ფიქრობს, რომ მის ბედნიერებას ხელს უშლის იმ ჩვეულებებზე უარის თქმა, რომლებიც სიცრუეს უჭერს მხარს და ცრუღმერთებს განადიდებს. ნამდვილ სიყვარულს ჭეშმარიტება ახარებს და არა უმართლობა. იხილეთ 1 კორინთელების 13:6).
შეადარეთ გამოსვლის 32:4—10. ყურადღება მიაქციეთ, რომ ისრაელებმა ეგვიპტელებისგან გადაიღეს რელიგიური ჩვეულება, თუმცა მას სახელი შეუცვალეს და „იეჰოვას დღესასწაული“ დაარქვეს. ამისათვის იეჰოვამ მკაცრად დასაჯა ისინი. დღეს ჩვენ დღესასწაულების დროს მხოლოდ თანამედროვე წეს-ჩვეულებებს ვხედავთ, რომლებშიც ერთი შეხედვით ცუდი არაფერია. მაგრამ იეჰოვა უშუალოდ ხედავდა წარმართულ ჩვეულებებს, საიდანაც ეს დღესასწაულები იღებს სათავეს. ნუთუ არ უნდა ჰქონდეს ჩვენთვის მნიშვნელობა მის თვალსაზრისს?
მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე ადამიანი სტუმრად მიდის ერთ კაცთან და ეუბნებიან, რომ მისი დაბადების დღე უნდა აღნიშნონ. ამ კაცს არ სიამოვნებს დაბადების დღეების აღნიშვნა. მას არ მოსწონს, როცა ხალხი თავაშვებულად იქცევა, უზომოდ ჭამს და სვამს. სტუმართაგან ზოგიერთი სწორედ ასე იქცევა. ამ კაცის გარდა მათ ყველასთვის მიაქვთ საჩუქარი. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ სინამდვილეში ეს დღე ამ კაცის მტრის დაბადების დღეა. რა გრძნობა დაეუფლება მას? შეუერთდებოდით ასეთ თავყრილობას? შობის დღესასწაულის აღნიშვნა ძალიან ჰგავს ამ სიტუაციას.
საიდან იღებს დასაბამს აღდგომის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ტრადიციები?
„ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია: «აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი „ახალ აღთქმაში“ ან ეკლესიის პირველი მამების ნაშრომებში. განსაკუთრებული დღეების წმინდად მიჩნევა უცხო იყო პირველი ქრისტიანებისთვის» (1910, ტ. VIII, გვ. 828).
ერთი ენციკლოპედია აღნიშნავს: „გაზაფხულის დაბრუნების აღნიშვნასთან დაკავშირებული ბევრი წარმართული წეს-ჩვეულება აღდგომის დღესასწაულის ნაწილად იქცა. კვერცხი ბუნების გაღვიძების სიმბოლოდ ითვლებოდა . . . კურდღელი წარმართული სიმბოლოა, ის ყოველთვის ნაყოფიერების სიმბოლო იყო“ („The Catholic Encyclopedia“, 1913, ტ. V, გვ. 227).
ერთ წიგნში ვკითხულობთ: „[აღდგომის დღესასწაულის] აღნიშვნასთან დაკავშირებული პოპულარული წეს-ჩვეულებები ადასტურებს ისტორიულ ფაქტს — მის კავშირს ბაბილონურ წარმოდგენებთან. ჯვრიან ნამცხვრებს, რომლებსაც წითელ პარასკევს ჭამენ, და შეღებილ კვერცხებს არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა ქალდეველთა რიტუალებში“ („The Two Babylons“, ა. ჰისლოპი, ნიუ-იორკი, 1943, გვ. 103, 107, 108) (შეადარეთ იერემიას 7:18).
მისაღებია ქრისტიანებისთვის ახალი წლის აღნიშვნა?
„ენციკლოპედია უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „რომაელმა მმართველმა იულიუს კეისარმა ძვ. წ. 46 წელს 1 იანვარი წელიწადის პირველ დღედ გამოაცხადა. ამ დღეს რომაელები იანუსს — კარიბჭის, კარისა და დასაბამის ღვთაებას — უძღვნიდნენ. იანუსის პატივსაცემად წლის პირველ თვეს იანვარი დაარქვეს. იანუსს ორი სახე ჰქონდა — ერთი წინ იყურებოდა, მეორე უკან“ (1984, ტ. XIV, გვ. 237).
სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ამასთანავე, განსხვავდება საახალწლო წეს-ჩვეულებები. ბევრგან უზომო სმა და ღრეობა ამ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. რომაელების 13:13-ში კი ვკითხულობთ: „წესიერებით ვიაროთ, როგორც დღისით, არა ღრეობითა და გადამეტებული სმით, არა უზნეობითა და თავაშვებულობით, არა დავითა და შურით“ (იხილეთ აგრეთვე 1 პეტრეს 4:3, 4; გალატელების 5:19—21).
საიდან მოდის მიცვალებულთა ხსენების დღეები?
„ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „მიცვალებულთა მოხსენიების დღეს . . . კათოლიკური ეკლესია მოიხსენიებს გარდაცვლილ მორწმუნეთა სულებს. ამ დღესასწაულს საფუძვლად უდევს მოძღვრება, რომლის თანახმადაც ლოცვითა და მესაზე მსხვერპლის შეწირვით შესაძლებელია იმ მორწმუნეთა სულების ხსნა, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ზეციერ ნეტარებას, რადგან სიკვდილამდე არ განიწმინდნენ არამომაკვდინებელი ცოდვებისგან ან არ მოინანიეს წარსული ცოდვები . . . მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებული, ფართოდ გავრცელებული ზოგიერთი წარმოდგენა წარმართობიდან, უხსოვარი დროიდან მოდის. ბევრ კათოლიკურ ქვეყანაში ხალხს სჯერა, რომ ამ დღესასწაულის ღამეს მიცვალებულები თავიანთ სახლებს უბრუნდებიან და ცოცხლებთან ერთად ჭამენ საჭმელს“ (ტ. I, გვ. 709).
„ენციკლოპედია ამერიკანაში“ ვკითხულობთ: „ჰელოუინთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები დრუიდთა [ძველი კელტების ქურუმები] ქრისტიანობამდელი რიტუალებიდან მომდინარეობს. კელტები ორი მთავარი ღვთაების — მზის ღმერთისა და მიცვალებულთა ღმერთის — პატივსაცემად დღესასწაულებს მართავდნენ. მიცვალებულთა ღმერთის დღესასწაულს აღნიშნავდნენ 1 ნოემბერს, როდესაც კელტებისთვის ახალი წელი იწყებოდა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალები თანდათანობით ქრისტიანობაში დამკვიდრდა“ (1977, ტ. XIII, გვ. 725).
ერთ წიგნში ნათქვამია: „ყველა ხალხის მითოლოგიისთვის ნაცნობია წარღვნასთან დაკავშირებული მოვლენები . . . ამაზე ისიც მოწმობს, რომ წარღვნის მოსაგონრად მიცვალებულთა დღეს აღნიშნავდნენ არა მხოლოდ ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული, არამედ ისეთი ხალხებიც, რომლებსაც ოკეანეები თუ საუკუნეები აშორებდა ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, ამ დღესასწაულს ყველა ზუსტად იმ დღეს ან დაახლოებით იმ დროს აღნიშნავდა, როცა მოსეს გადმოცემით წარღვნა მოხდა, კერძოდ კი მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს — რაც ჩვენი კალენდრით ნოემბერს შეესაბამება“ („The Worship of the Dead“, ჟ. გარნიე, ლონდონი, 1904, გვ. 4). ამრიგად, ეს დღესასწაულები, სინამდვილეში, დასაბამს იღებს იმ ადამიანთა მოსახსენებელი დღეებიდან, რომლებიც ღმერთმა ნოეს დროს ბოროტების გამო გაანადგურა (დაბ. 6:5—7; 7:11).
ასეთ დღესასწაულებზე პატივს მიაგებენ „მიცვალებულთა სულებს“, რომლებიც თითქოს სხვა სამყაროში აგრძელებენ არსებობას. ეს შეხედულება ეწინააღმდეგება ბიბლიას. მასში ნათქვამია, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ (ეკლ. 9:5, 10; ფსალმ. 146:4).
იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მომდინარეობს სულის უკვდავების მოძღვრება, იხილეთ გვერდები 316, 317 („სიკვდილი“) და 340, 341 („სული“).
საიდან მომდინარეობს ვალენტინობა?
„ენციკლოპედია უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ვალენტინობა ემთხვევა ვალენტინის სახელით ცნობილი ორი წამებული ქრისტიანის ხსენების დღეს. მაგრამ ამ დღესთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები . . . როგორც ჩანს, მომდინარეობს ლუპერკალიის დღესასწაულიდან, რომელიც ძველ რომში 15 თებერვალს იმართებოდა. ამ დღეს პატივს მიაგებდნენ ქალთა და ქორწინების რომაულ ღვთაებას, იუნონას, და ბუნების ღმერთს, პანს“ (1973, ტ. XX, გვ. 204).
საიდან იღებს დასაბამს დედის დღე?
„ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ვკითხულობთ: „ეს დღესასწაული მომდინარეობს ძველ საბერძნეთში არსებული დედა-ღვთაების კულტიდან. მთელ მცირე აზიაში მარტის იდების დროს იმართებოდა დედის კულტთან დაკავშირებული ზეიმი, რომლის დროს სრულდებოდა კიბელესადმი, იგივე ღმერთების დიადი დედის, რეასადმი, მიძღვნილი რიტუალები“ (1959, ტ. XV, გვ. 849).
რომელი ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ ქრისტიანები, როცა საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ისტორიული მოვლენების აღნიშვნას?
იოან. 18:36: «იესომ უპასუხა [რომაელ მმართველს]: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“».
იოან. 15:19: „ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ [იესოს მიმდევრები], ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“.
1 იოან. 5:19: „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (შეადარეთ იოანეს 14:30; გამოცხადების 13:1, 2; დანიელის 2:44).
სხვა დღესასწაულები
არსებობს ბევრი დღესასწაული და, ცხადია, აქ ყველას ვერ შევეხებით. მაგრამ ზემოთ მოყვანილი ისტორიული ცნობებიდან ვხედავთ, თუ რის გათვალისწინება გვმართებს ნებისმიერ დღესასწაულთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აქ მოხსენიებული ბიბლიური პრინციპებიც დიდ დახმარებას გაუწევს მათ, ვისაც იეჰოვას მოსაწონად სურს მოქმედება.