დამოუკიდებლობა
განმარტება: მდგომარეობა, როცა ადამიანი არ არის დამოკიდებული სხვებზე (ან თვითონ თვლის ასე), არ ექვემდებარება მათ ან მათ მითითებებს. ადამიანებს აქვთ თავისუფალი ნება, ამიტომ მეტ-ნაკლებად ყველა ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ. მაგრამ დამოუკიდებლობისკენ მეტისმეტი სწრაფვა შეიძლება დაუმორჩილებლობაში ან აშკარა დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ნამდვილად მოაქვს ადამიანებისთვის თავისუფლება ბიბლიური ნორმების უგულებელყოფას?
რომ. 6:16, 23: „ნუთუ არ იცით, რომ ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ, რადგან მას ემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისთვის? რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“.
გალ. 6:7—9: „ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის. ასე რომ, ნუ მოვიშლით კარგის კეთებას“.
სქესობრივი უზნეობა: „ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორ. 6:18). „ვინც ქალთან მრუშობს . . . სულს ინადგურებს“ (იგავ. 6:32). (ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით იხილეთ რომაელების 1:24—27) (უკანონო სქესობრივმა ურთიერთობამ შეიძლება ადამიანს დროებითი სიამოვნება მიანიჭოს. მაგრამ ამის შედეგი შეიძლება იყოს: სხვადასხვა დაავადება, არასასურველი ფეხმძიმობა, აბორტი, ეჭვიანობა, სინდისის ქენჯნა და ემოციური ტკივილი. გარდა ამისა, ასეთ საქციელს არ მოიწონებს ღმერთი, ვისზეც ჩვენი მომავალია დამოკიდებული).
მატერიალისტური მისწრაფებები: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმ. 6:9, 10). «„ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“. მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“ ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი» (ლუკ. 12:19—21) (სიმდიდრეს არ მოაქვს ხანგრძლივი ბედნიერება. გამდიდრებისკენ სწრაფვას ხშირად თან სდევს პრობლემები ოჯახში, ჯანმრთელობის შერყევა და სულიერობის დაკარგვა).
გადაჭარბებული სმა: „ვინ ოხრავს? ვინ არის მოუსვენრად? ვინ დავობს? ვინ წუხს? უმიზეზოდ ვის აქვს ჭრილობები? ვის აქვს ამღვრეული თვალები? მას, ვინც გვიანობამდე უზის ღვინოს, ვინც შეზავებული ღვინის საძებნელად დადის. ბოლოს გველივით კბენს და გველგესლასავით გესლავს“ (იგავ. 23:29, 30, 32) (ერთი შეხედვით, სმამ ადამიანს შეიძლება დაავიწყოს პრობლემები. მაგრამ გამოფხიზლების შემდეგ ის ხედავს, რომ პრობლემები პრობლემებად რჩება, და ხშირად მათ ახალიც ემატება. ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებულმა სმამ ადამიანს შეიძლება დააკარგვინოს თავმოყვარეობა, შეურყიოს ჯანმრთელობა, დაუნგრიოს ოჯახი და გაუფუჭოს ღმერთთან ურთიერთობა).
ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება: იხილეთ გვერდები 233—239 („ნარკოტიკები“).
ცუდი საზოგადოება: თუ ვინმე გეტყვით, რომ უშრომლად დიდ ფულს გაშოვნინებთ, გაჰყვებით მას? „ნუ გაჰყვები მათ მოარიდე ფეხი მათ სავალს. ფეხი ბოროტებისკენ გაურბით და მუდამ სისხლის ღვრას ესწრაფვიან“ (იგავ. 1:10—19). დაუმეგობრდებით მას, ვინც არ არის იეჰოვას თაყვანისმცემელი, მაგრამ, ერთი შეხედვით, ძალიან კარგი ადამიანია? ბიბლია მოგვითხრობს, რომ შექემი, ქანაანელი მთავრის ვაჟი, „ყველაზე პატივდებული იყო მამამისის მთელ სახლში“. მაგრამ მან „წაიყვანა [დინა], დაწვა მასთან და გააუპატიურა“ (დაბ. 34:1, 2, 19). თუ თქვენგან განსხვავებით სხვებს არ სწამთ ბიბლიური ჭეშმარიტების, უნდა ჰქონდეს თქვენთვის ამას მნიშვნელობა? „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33). მოეწონება იეჰოვას, თუ ისეთ ადამიანს დაუმეგობრდებით, ვისაც არ უყვარს ის? იუდას მეფეს, რომელიც ასე მოიქცა, იეჰოვასგან წარგზავნილმა მსახურმა უთხრა: „ამის გამო განრისხებულია იეჰოვა შენზე“ (2 მატ. 19:1, 2).
ვინ უბიძგა ადამიანებს იმისკენ, რომ არ გაეთვალისწინებინათ ღვთის მითითებები და დამოუკიდებლად ემოქმედათ?
დაბ. 3:1—5: «უთხრა გველმა [რომლის მეშვეობითაც სატანა ლაპარაკობდა; იხილეთ გამოცხადების 12:9] ქალს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“ ქალმა გველს მიუგო: „ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა: არ შეჭამოთ, არც კი შეეხოთ, რომ არ მოკვდეთო“. ამაზე გველმა უთხრა ქალს: „არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“».
რა უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რომ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისკენ ისწრაფოს და ღვთის ნება უგულებელყოს?
ეფეს. 2:1—3: „ღმერთმა გაგაცოცხლათ, თუმცა მკვდრები იყავით თქვენს დანაშაულსა და ცოდვებში, რომლებშიც ერთ დროს დადიოდით ქვეყნიერების [რომელსაც სატანა მართავს] გავლენით, იმ ჰაერის ძალაუფლების მთავრის ანუ იმ სულის გავლენით, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს. ერთ დროს ჩვენც ყველანი მათ შორის ვიყავით და ჩვენი ხორცის სურვილებისამებრ ვიქცეოდით, ვასრულებდით ჩვენი ხორცისა და ფიქრების ნებას და სხვების მსგავსად ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით“.
რაში ვლინდება დამოუკიდებლობის სული, რასაც ღვთის მსახურები აუცილებლად უნდა მოერიდონ?
იგავ. 16:18: „სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“.
იგავ. 5:12: «მაშინ იტყვი: „როგორ მძულდა დარიგება, ჩემი გული არაფრად აგდებდა შეგონებას!“» (როგორც კონტექსტიდან ვხედავთ, ასეთმა დამოკიდებულებამ ადამიანი შეიძლება სერიოზულ პრობლემებამდე მიიყვანოს).
რიცხ. 16:3: «შეიკრიბნენ მოსესა და აარონის [რომლებიც იეჰოვამ ხალხის ზედამხედველებად დანიშნა] წინააღმდეგ და უთხრეს: „კმარა! მთელი კრებული წმინდაა და იეჰოვაა მათ შორის. რატომ აღზევდით იეჰოვას კრებულზე?“».
იუდ. 16: „ეს კაცები მუდამ დრტვინავენ, თავიანთ ხვედრს უჩივიან, თავიანთი სურვილებით დადიან და გამორჩენის მიზნით მაღალფარდოვანი სიტყვებით ეპირფერებიან სხვებს“.
3 იოან. 9: „კრებას წერილი მივწერე, მაგრამ პირველობის მოყვარული დიოტრეფე ჩვენგან არაფერს იღებს პატივისცემით“.
იგავ. 18:1: „განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“.
იაკ. 4:13—15: „ახლა თქვენ მისმინეთ, ვინც ამბობთ, დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთი წელი დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოგებას ვნახავთო. ის კი არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე, რადგან ბურუსივით ხართ, რომელიც ცოტა ხნით ჩნდება, მერე კი ქრება. პირიქით, უნდა ამბობდეთ, თუ იეჰოვა ინებებს და ვიცოცხლებთ, ან ამას გავაკეთებთ, ან იმასო“.
ვის გავლენაში ექცევა ქრისტიანი, როცა დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის და ჰბაძავს ქვეყნიერებას? როგორ უყურებს ამას ღმერთი?
1 იოან. 2:15; 5:19: „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს“. „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“.
იაკ. 4:4: „ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“.