ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
აფრიკა
ქვეყნები 57
მოსახლეობა 878 000 158
მაუწყებლები 1 171 674
ბიბლიის შესწავლები 2 382 709
ბენინი.
კლოდი და მისი მეუღლე, მარი-კლერი, უკვე 27 წელია, რაც მთელი მონდომებით მსახურობენ მისიონერებად. გასული წლის თებერვალში მარი-კლერს ფეხი მოუცურდა, დაეცა და ფეხი მოიტეხა. ორი კვირის შემდეგ მისიონერთა სახლში მუშაობისას ახლა კლოდი დაეცა და ფეხი მოიტეხა. ასე რომ, ერთს მარჯვენა ფეხი ჰქონდა თაბაშირში, მეორეს კი მარცხენა. „ერთად გვიყვარს ყველაფრის კეთება“, — ღიმილით ამბობს კლოდი.
მართალია, კლოდსაც თაბაშირში ჰქონდა ფეხი, მაგრამ მოძრაობა მაინც შეეძლო, მისი მეუღლე კი რამდენიმე კვირა ვერ გამოდიოდა სახლიდან. მარი-კლერს 12 ბიბლიის შესწავლა ჰქონდა. საბედნიეროდ 4 შემსწავლელს შეეძლო მასთან მისიონერულ სახლში მისვლა შესწავლისთვის, თუმცა მას მსახურების სხვა სფეროშიც სურდა მონაწილეობის მიღება. ამიტომ გადაწყვიტა, მისიონერთა სახლის წინ მაგიდა დაედგა, ზედ პუბლიკაციები დაელაგებინა, თვითონაც იქვე დამჯდარიყო და გამვლელებს გამოლაპარაკებოდა. ასეთ მსახურებაში მან მარტის თვეში 83 საათი გაატარა. იეჰოვამ აკურთხა მისი მონდომება. იმ თვეში მარი-კლერმა გაავრცელა 14 წიგნი, 452 ბროშურა, 290 ჟურნალი და 500-ზე მეტი ტრაქტატი.
ეთიოპია.
არეგა მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს. ერთხელ მან გადაწყვიტა, სახლის კედლებზე ქაღალდი გაეკრა. მის ქვეყანაში ზოგი კედლებზე გაზეთებს აკრავს, არეგას კი სურდა რაიმე მხიარული ფერის ქაღალდი გაეკრა. ერთხელ ბაზარში დაინახა მამაკაცი, რომელიც ხალხს სთავაზობდა ბროშურას „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“. ისიც მივიდა და ამ კაცს ერთი ეგზემპლარი გამოართვა. შინ დაბრუნებულმა არც კი წაიკითხა ბროშურა ისე დაშალა და კედლებზე გააკრა. ორი წლის შემდეგ თავის „შპალერზე“ ასეთი რამ წაიკითხა: „იესო იყო ღმერთის ძე“. ეს აზრი სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც სამების საიდუმლოებით მოცული სწავლების შესახებ იცოდა. არეგა ძალიან დაინტერესდა. ცხრა საათი ფეხით იარა უახლოეს ქალაქში რომ ჩასულიყო და მოენახა ის ხალხი, რომელიც ასწავლიდა, რომ ღმერთს ძე ჰყავდა. მისი პირველი მცდელობა მარცხით დამთავრდა და სახლში გულდაწყვეტილი დაბრუნდა. მეორედ რომ ჩავიდა ქალაქში, ხალხმა იმ ძმის სახლი მიასწავლა, რომელმაც მას ორი წლის წინ ბროშურა მისცა. ამჯერად არეგას ის ძმა სახლში არ დახვდა, რის გამოც რამდენიმე საათი მოუწია კართან ლოდინი. ბოლოს, როგორც იქნა, მათი საუბარი შედგა და არეგამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მას შემდეგ ის ხშირად სტუმრობდა ქალაქს, რომ ღვთის შესახებ უფრო მეტი გაეგო. ნასწავლს თანასოფლელებსაც უზიარებდა, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა და ბევრმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. თუმცა ამან ის ვერ შეაჩერა. მისი ქადაგებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და, როცა მათმა რიცხვმა 13-ს მიაღწია, მათ სოფელში ორი სპეციალური პიონერი გააგზავნეს. მალე ისინი 40 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. ამდენივე ესწრებოდა კრების შეხვედრებსაც. ახლა იქ რვა მაუწყებელია. დღეს არეგასთვის კედელზე გაკრული ქაღალდი მხოლოდ მხიარული ფერის „შპალერი“ აღარ არის.
განა.
მთელ აფრიკაში ძალიან პოპულარული გახდა მობილური ტელეფონები, რასაც „საკომუნიკაციო რევოლუციას“ უწოდებენ. კლიენტების დაინტერესების მიზნით, ბევრი სატელეფონო კომპანია თავის მომხმარებლებს ღამის გარკვეულ საათებში უფასო სასაუბრო დროს სთავაზობს. ერთმა დამ, გრეისმა, გადაწყვიტა, ეს მომსახურება გამოეყენებინა მონიკასთან ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად, რადგან დღის განმავლობაში მონიკას არ ეცალა. ბიბლიის შესწავლა რომ არ შეწყვეტილიყო, გრეისი დილის ხუთ საათზე აკითხავდა მას სახლში. მაგრამ მონიკას განრიგი შეიცვალა და ამ დროსაც ვერ ახერხებდნენ შეხვედრას. სწორედ მაშინ გადაწყვიტა გრეისმა ღამის უფასო ზარების გამოყენება. მოილაპარაკეს, რომ ღამის ოთხ საათზე ჩაეტარებინათ შესწავლა ტელეფონით. მაგრამ გული დასწყდათ, რადგან ამ დროს ქსელი იმდენად გადატვირთული იყო, რომ ერთმანეთთან დაკავშირებას თითქმის ვერ ახერხებდნენ. ასე რომ, გადაწყვიტეს, კიდევ უფრო ადრე ამდგარიყვნენ და შესწავლა ღამის სამ საათზე ჩაეტარებინათ. ეს ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა ორი დიასახლისისთვის, რომლებიც მუშაობდნენ კიდეც. გრეისი ამბობს: „იეჰოვას ვთხოვდი ძალას და იმას, რომ შემძლებოდა დავხმარებოდი მონიკას შესწავლის სურვილი არ განელებოდა. მაღვიძარას ვაყენებდი და მართალია, მიძნელდებოდა, მაინც თავის დროზე ვდგებოდი. ძალიან მეძინებოდა, თუმცა ეს ხელს ვერ მიშლიდა“. გრეისის ძალისხმევა დაფასდა და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 2008 წლის საოლქო კონგრესზე, დევიზით „მიჰყევით ღვთის სულის ხელმძღვანელობას!“, ის მონიკას ნათლობას დაესწრო. ამას წინათ გრეისმა იმავე მეთოდით დაიწყო ბიბლიის შესწავლა კიდევ ერთ ქალთან, რომელიც უკვე დადის კრების შეხვედრებზე.
მოზამბიკი.
2008 წლის აგვისტოში ერთი ღარიბი ქვრივი დის ალიზით ნაშენი სახლის წინ ავტომობილმა ჩაიარა, საიდანაც პიჯაკი გადმოვარდა. დამ აიღო პიჯაკი და ნახა, რომ ჯიბეებში საბუთები, ძვირფასეულობით სავსე სამი პატარა ბოხჩა და ათას დოლარამდე ფული იდო. მან მეზობლებს დაჟინებით სთხოვა, რომ დაერეკათ საბუთებში მოცემულ ნომრებზე, რათა როგორმე მოეძებნათ პიჯაკის პატრონი. იმ საღამოს სოფელში ოთხი კაცი ჩავიდა ავტომობილით. სოფლის თავკაცების თანდასწრებით ჩვენმა დამ მეპატრონეს გადასცა პიჯაკი, რომლის ჯიბეებშიც ყველაფერი ხელუხლებლად იდო. პიჯაკის პატრონი ატირდა და თქვა, რომ იეჰოვას მოწმის გარდა სხვა ვინმეს ხელში რომ მოხვედრილიყო ჩემი ნივთები, ალბათ ვერ დავიბრუნებდიო. ჩვენი ერთგული და მართლაც შესანიშნავად მოიქცა. მან თანასოფლელების წინაშე თავისი ღვთის, იეჰოვას, სახელი განადიდა.
ამერიკა
ქვეყნები 55
მოსახლეობა 910 761 124
მაუწყებლები 3 575 123
ბიბლიის შესწავლები 3 778 321
ბარბადოსი.
ბევრმა მშობელმა დაინახა, რამდენად სასარგებლოა შვილებისთვის ბიბლიური მუხლების ზეპირად სწავლება. კუნძულ გრენადაზე მცხოვრები ერთი ოჯახი ძალიან გაახარა იმან, თუ როგორ გამოიყენა მათმა ექვსი წლის ბიჭმა ბიბლიური მუხლი იმის ასახსნელად, რომ იეჰოვა არის ყველაზე უზენაესი. ბიჭუნას მამა წერს: «ერთ დღეს, როცა ჩემი მეუღლე, ლორა სტეფანის სკოლიდან გამოსაყვანად მივიდა, ბავშვის მასწავლებელმა გვერდზე გაიყვანა და უთხრა: „არ შემიძლია, არ გითხრათ, როგორ მოვიხიბლე თქვენი შვილით. მართალია, არ ვიზიარებ თქვენს რწმენას, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ საუბრობს სტეფანი იმაზე, რაც სწამს“.
სახლში დაბრუნდნენ თუ არა, ლორამ ჰკითხა სტეფანს, თუ რით აღაფრთოვანა ასე მასწავლებელი. მან უთხრა, რომ ერთ-ერთ გაკვეთილზე მასწავლებელმა თქვა, იესო ღმერთიაო.
სტეფანმა ხელი აიწია და, როცა მასწავლებელმა საუბრის უფლება მისცა, მიუგო: „არა მასწავლებელო, იესო ღმერთი არაა. ბიბლიაში წერია, რომ იესო იეჰოვას შვილია და არ შეიძლება ის იეჰოვა იყოს“.
მასწავლებელმა უპასუხა: „მე მჯერა, რომ იესო და იეჰოვა ერთია“.
ამაზე სტეფანმა უთხრა: „ხო, მაგრამ ბიბლიაში წერია, რომ მხოლოდ იეჰოვაა უზენაესი და არა იესო. მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვაა უზენაესი“. სტეფანი ციტირებდა ფსალმუნის 83:18-ს, რომელიც ადრე ავუხსენით და ზეპირად ვასწავლეთ. მართალია, მასწავლებელი საკმაოდ შეუვალი პიროვნება იყო, მაგრამ ბიბლიურ ცოდნაში სტეფანმა აჯობა».
ეკვადორი.
კეჩუაენოვან სოფლებში ქადაგების შემდეგ რამდენიმე ძმა ავტობუსით ბრუნდებოდა სახლში. ავტობუსს, რომელიც კეჩუა ენაზე მოლაპარაკე მგზავრებით იყო სავსე, ვიდეო მაგნიტოფონი და ტელევიზორი ჰქონდა, ამიტომ ძმებმა ნებართვა ითხოვეს, კეჩუა ენაზე გამოცემული ვიდეოფილმი ჩაერთოთ, რომელშიც აღწერილი იყო ნოესა და დავითის ისტორია. მგზავრები თვალსა და ყურს არ უჯერებდნენ, როცა მათ მშობლიურ ენაზე გამოცემულ ვიდეოფილმს უყურებდნენ; ისეთი გაფაციცებით უსმენდნენ, რომ როცა ავტობუსი მგზავრების ასაყვანად ჩერდებოდა, ამოსულ მგზავრებს სთხოვდნენ, მალე დამსხდარიყვნენ, რომ ხელი არ შეეშალათ. ფილმის ყურების შემდეგ ბევრმა მოინდომა, თვითონაც ჰქონოდა ეს ვიდეოკასეტა. ზოგიერთმა ბიბლიური შეკითხვები დაუსვა ძმებს და ლიტერატურა სთხოვა, ზოგმაც თავიანთი მისამართი მისცა მათ, რომ იეჰოვას მოწმეები მათთანაც მისულიყვნენ ქალაქში. ძმებმა ყველა დაპატიჟეს გახსენების საღამოზე, რომელიც კეჩუა ენაზე ჩატარდებოდა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გახსენების საღამოს უამრავი ადამიანი დაესწრო იმ მხარეში.
მექსიკა.
მსახურების დროს ერთი პიონერი ძმა, გაბინო, კართან მივიდა და დააკაკუნა, მაგრამ კარი არავინ გააღო. მეორედაც დააკაკუნა და მესამედაც. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ დააკაკუნა. კარი გააღო სასოწარკვეთილმა მამაკაცმა, რომელიც ტირილს ვერ იკავებდა. მან ხმა ვერც კი ამოიღო ისე შეიპატიჟა გაბინო სახლში. ძმა ანუგეშებდა მამაკაცს და სასიხარულო ცნობაზე ესაუბრებოდა, რამაც დაამშვიდა ის. „ხედავ იმ სკამს? — ჰკითხა ბოლოს მამაკაცმა. — მესამედ რომ დააკაკუნე, სკამზე ვიდექი. იმ თოკს ხედავ? მეოთხედ რომ დააკაკუნე, უკვე ყულფში მქონდა თავი გაყოფილი. მხოლოდ იმიტომ მოვიხსენი, რომ კარი გამეღო. შენი დაჟინებული კაკუნი რომ არა, თავს ჩამოვიხრჩობდი. ძალიან დიდი მადლობა“. მეუღლესთან იმდენად სერიოზული პრობლემები ჰქონოდა, რომ თავის მოკვლა გადაეწყვიტა. გაბინომ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ჩვეულებრივ, ეს პიონერი ძმა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ აკაკუნებდა ხოლმე კარზე. მაგრამ ამჯერად მისი დაჟინებულობა, ალბათ, ანგელოზის ხელმძღვანელობას უნდა მივაწეროთ, რამაც საუკეთესო შედეგი გამოიღო.
ჩილე.
უფლის სიკვდილის გახსენების საღამოზე დასასწრები მოსაწვევების გავრცელებისას ერთ მოწმესთან პატარა ბავშვი მივიდა და ჰკითხა: „რამდენი წლისა ხართ?“ დას ცოტა არ იყოს გაუკვირდა და კითხვა შეუბრუნა: „შენ თვითონ რამდენისა ხარ?“ გოგონამ უპასუხა, ექვსისა ვარო და უთხრა, რომ დედას წერილი გამოეტანებინა მისთვის და ეთქვა, რომელიმე იეჰოვას მოწმეს მიეციო, თანაც დაერიგებინა, რომ ისეთი იეჰოვას მოწმე მოეძებნა, რომელიც არც ბავშვი იქნებოდა და არც მოხუცი. დამ უთხრა, 25 წლის ვარო და გოგონამაც მისცა წერილი, რომელშიც ასეთი რამ ეწერა: „სახლში რომ მაკითხავდით, საკუთარ თავს ვერ ვძლევდი, კარი რომ გამეღო. ღრმა დეპრესიაში ვარ და ღმერთს ვთხოვ დახმარებას. ყოველთვის ვცდილობდი, ბიბლია წამეკითხა, როგორც იეჰოვას მოწმეები ურჩევენ ხალხს, მაგრამ ეს ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის. მინდა, რომ ვინმემ ბიბლია მასწავლოს და დამეხმაროს იმ ტკივილის ატანაში, რომელიც ოჯახის დანგრევით განვიცადე. თუ შეგიძლიათ ჩემი დახმარება, მომაკითხეთ დღეს სადილის შემდეგ, რადგან დილიდან საწოლიდან ვერ ვდგები. დიდი მადლობა“.
იმ დღეს დამ მიაკითხა ამ ქალს სახლში და გახსენების საღამოზე და სპეციალურ მოხსენებაზე დაპატიჟა. ამ შეხვედრებზე ქალმა ნამდვილად ჰპოვა ნუგეში. მას შემდეგ ის რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს, სწავლობს წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და სულიერად კარგად მიიწევს წინ. მისი ექვსი და თორმეტი წლის გოგონებიც სწავლობენ ბიბლიას.
პუერტო-რიკო.
ერთი და წერს: «ქუჩაში მსახურებისას დავინახე, რომ ერთი ახალგაზრდა ქალი თავისი ავტომობილის საბურავებს წნევას ამატებდა. მივედი მასთან და სანამ რამეს ვეტყოდი, თვითონ მთხოვა, მისთვის „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“-ი მიმეცა, რადგან ძალიან უყვარდა ამ ჟურნალების კითხვა. ბიბლიის შესწავლა შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა და ამიხსნა, რომ თავის ოჯახთან ერთად დედამისის სახლში ცხოვრობდა მეორე სართულზე, დედამისს კი იეჰოვას მოწმეების დანახვაც არ უნდოდა. როცა მისამართი ვკითხე, მხოლოდ ქუჩის სახელი მითხრა. მივედი ამ ქუჩაზე, მინდოდა გამეგო, სად ცხოვრობდა ეს ქალბატონი, მაგრამ ვერ მივაგენი. სხვა დროსაც მივედი იქ და მეზობლებს შევეკითხე, ხომ არ იცნობდნენ ორი პატარა ბავშვის დედას სახელად ნენსის. ძალიან გამიხარდა, რომ, როგორც იქნა, დავადგინე მისი მისამართი. სამწუხაროდ, სახლში არასდროს მხვდებოდა, ამიტომ ჟურნალებსა და პატარა წერილს კართან ვუტოვებდი. ბოლოს, როცა შევხვდი ნენსის, ტირილი აუვარდა და მითხრა, რომ კრებაზე დასწრება უნდოდა. ის მართლაც დაესწრო კრების შეხვედრას; მას ძალიან მოეწონა და-ძმებს შორის თბილი ურთიერთობა. ამიხსნა, თუ ადრე რატომ ვერ ახერხებდა ჩემთან შეხვედრას. თურმე სანამ სახლში დაბრუნდებოდა, დედა ანადგურებდა ხოლმე იმ წერილებსა და ჟურნალებს, რომლებსაც მის კართან ვტოვებდი. ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ და ვატარებდით მისი უფროსი დის სახლში. მალე ნენსიმ დაიწყო კრების ყველა შეხვედრაზე სიარული. დღეს ის არც ერთ შეხვედრას არ აცდენს. ჩაეწერა თეოკრატიული მსახურების სკოლაში; ძალიან მახარებს, როცა ის და მისი ორი პატარა შვილი კრების შეხვედრებზე კომენტარებს აკეთებენ».
აზია და ახლო აღმოსავლეთი
ქვეყნები 47
მოსახლეობა 4 073 556 172
მაუწყებლები 635 896
ბიბლიის შესწავლები 579 554
სამხრეთი კორეა.
ერთმა მამაკაცმა, რომელიც სამეფო დარბაზთან ახლოს ცხოვრობს, სახლის წინ გაჩერებულ თავის ავტომობილზე შემდეგი შინაარსის წერილი ნახა: „მანქანის გაჩერებისას შემთხვევით თქვენი მანქანა გავხაზე. დამირეკეთ და გაგიკეთებთ“. ეს მამაკაცი ხედავდა, როგორ იქცეოდნენ სამეფო დარბაზში მისული იეჰოვას მოწმეები და თავისთვის თქვა: „ასეთი პატიოსანი ადამიანი სხვა არავინ იქნება, თუ არა იეჰოვას მოწმე“.
ეს წერილი ერთ-ერთ დას, სუიონს ეკუთვნოდა და, როდესაც მამაკაცმა დაურეკა, დამ ბოდიში მოუხადა და ავტომობილის გაკეთება კიდევ ერთხელ შესთავაზა. დას ძალიან გაუკვირდა, როცა მამაკაცმა ჰკითხა: „უკაცრავად, იეჰოვას მოწმე ხომ არა ხართ?!“ ავტომობილის მეპატრონემ უთხრა, ნუ ინერვიულებთ, მე თვითონ გავაკეთებო. სთხოვა, რომ შეხვედროდა მას და იეჰოვას მოწმეებზე ესაუბრა. სუიონი თავის მამასთან და ერთ სულიერ ძმასთან ერთად შეხვდა ამ მამაკაცს. „სამეფო დარბაზთან ახლოს ვცხოვრობ და ვხედავ, როგორ იქცევიან იეჰოვას მოწმეები, — უთხრა მათ კაცმა. — არაჩვეულებრივი ხალხი ხართ. არ მესმის, რატომ სძულხართ სხვებს“. სუიონის მამამ ბიბლიისა და წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ დახმარებით უპასუხა ამ კაცის მრავალ შეკითხვას. დღეს ის ბიბლიას სწავლობს სუიონის მამასთან და სულიერად წინ მიიწევს.
ქვეყნები, სადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია.
ერთ პოლკოვნიკზე დიდი გავლენა მოახდინა იმან, თუ როგორ შეიცვალა მისი მეუღლე ჭეშმარიტების გაგების შემდეგ და თვითონაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. გენერალმა გაიგო ამის შესახებ და თავისთან დაიბარა ის. გააფრთხილა, რომ იეჰოვას მოწმეებთან თუ არ გაწყვეტდა კავშირს, ქვეყნის ყველაზე შორეულ მხარეში გააგზავნიდა. პოლკოვნიკმა თამამად მიუგო, რომ მისი მეუღლე ბიბლიას უკვე დიდი ხანია სწავლობდა და ამაში საშიშს ვერაფერს ხედავდა, ამიტომ ბიბლიის შესწავლაზე უარს არ იტყოდა. მოგვიანებით მან გადაწყვიტა დაეტოვებინა სამხედრო სამსახური. დღეს ის მონათლული იეჰოვას მოწმეა, მომსახურეა და პიონერად მსახურობს. საინტერესოა, რომ გენერლის ცოლმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. გენერალმა ვერც მისი შეჩერება შეძლო და ახლა ისიც პიონერია.
სხვა ქვეყანაში ერთმა დამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო ახალგაზრდა ქალბატონთან, რომლის მეუღლეც სასტიკი მოწინააღმდეგე იყო. რადგან შესწავლას სახლში ვერ ჩაატარებდნენ, გადაწყვიტეს, პატარა პარკში შეხვედროდნენ ერთმანეთს. შესწავლის დროს ერთი ხნიერი მამაკაცი, რომელიც პარკში სეირნობდა ხოლმე, შორიახლოს უვლიდა მათ, აკვირდებოდა და უსმენდა, რაზე საუბრობდნენ. ერთ დღესაც მათთან მივიდა და რამდენიმე ბიბლიური შეკითხვა დაუსვა. შემდეგ შესწავლაზეც იგივე განმეორდა. შემსწავლელი შეწუხდა და უთხრა: „მხოლოდ ერთი საათი მაქვს ბიბლიის შესწავლისთვის და ამ დროსაც თქვენ მაკარგვინებთ თქვენი გაუთავებელი შეკითხვებით“. დამ ერთ ძმას სთხოვა, ამ მამაკაცისთვის ბიბლია ესწავლებინა. ის სულიერად სწრაფად მიიწევდა წინ და კრების შეხვედრებზეც დაიწყო სიარული. ყოველ კვირადღეს მის სამეზობლოში მცხოვრები ორი ქალბატონი ხედავდა, როგორ მიდიოდა ის სადღაც კოხტად გამოწყობილი, ჩანთით ხელში. მანამ ვერ მოისვენეს, სანამ არ გაიგეს, რომ თურმე მათი მეზობელი რომელიღაც „ახალი რელიგიის“ წევრი გამხდარიყო. ერთ დღეს გადაწყვიტეს, უკან გაჰყოლოდნენ და ასე აღმოჩნდნენ სამეფო დარბაზში. დები გამოელაპარაკნენ ამ ქალბატონებს და ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს. ერთ-ერთი მათგანი დათანხმდა. ასე რომ, ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც პარკში სწავლობდა ბიბლიას, მამაკაცი, რომელიც მათ შორიახლო ტრიალებდა და ის ქალი, რომელიც ამ მამაკაცს სამეფო დარბაზამდე გაჰყვა, სწრაფად ძლიერდებოდნენ სულიერად და ახლახან მოინათლნენ.
კამბოჯა.
ერთი პიონერი და, ლოი, ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად ხშირად მიდის ველოსიპედით ერთ სოფელში, სადაც ხალხი ბოძებზე შემდგარ ბამბუკის სახლებში ცხოვრობს. გახსენების საღამომდე სამი დღით ადრე, როცა ერთ-ერთ შემსწავლელს გახსენების საღამოს მნიშვნელობას უხსნიდა, ცნობისმოყვარე ბავშვები გარსშემოეხვივნენ და შეკითხვების დასმა დაუწყეს. თანდათან უფრო და უფრო მეტმა ბავშვმა მოიყარა თავი. ლოიმ მათ 57 მოსაწვევი დაურიგა. მეორე დღეს სოფელში სხვა შესწავლის ჩასატარებლად ჩავიდა. შემსწავლელმა უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც უნდოდათ გახსენების საღამოზე დასწრება. ასე რომ, ლოიმ კიდევ ოცი მოსაწვევი მისცა შემსწავლელს, რომ მსურველთათვის მიეცა. ახლა ლოი იმაზე ფიქრობდა, ამდენი ხალხი როგორ მიეყვანა გახსენების საღამოზე. მან ილოცა და ამ საკითხზე ერთ-ერთი ბიბლიის შემსწავლელის მამას დაელაპარაკა, რომელიც სოფლის თავკაცი იყო. მან უთხრა ლოის, რომ საჭირო იყო მხოლოდ ერთი „ტუკ-ტუკი“ (მოტოციკლზე მიბმული პატარა ოთხკაციანი ეტლი), რადგან ზოგი ფეხზე დადგებოდა, ზოგი კი ერთმანეთს კალთაში ჩაუჯდებოდა. ლოის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ სოფლიდან 18 კაცი ჩამოვიდა გახსენების საღამოზე დასასწრებად.
ინდოეთი.
ერთი ძმა რიქშის მძღოლად მუშაობს. მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთი მგზავრისთვის ექადაგა; ეს მგზავრი ჟურნალისტი აღმოჩნდა. ქალმა თავისი აღფრთოვანება ვერ დამალა იმ სიმამაცის გამო, რომელიც ძმამ გამოავლინა, რადგან ცოტა ხნის წინ იმ მხარეში მოწმეებს ქადაგებისას თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ მათი საუბარი მთელ ინდოეთში გამომავალ გაზეთში დაებეჭდა. აი რას წერდა ის: «ვიფიქრე, ამ კაცს გამოსაცდელად ერთი-ორ კითხვას დავუსვამ-მეთქი: „არ მოუსმინეთ დღევანდელ ახალ ამბებს?! არ იცით, როგორ სცემეს თქვენი ხალხი და როგორ დაარბიეს თქვენი ეკლესიები შტატის სხვადასხვა მხარეში?“ მან მითხრა: „კი, წავიკითხე ამის შესახებ დღევანდელ გაზეთში“. „მაშინ, როგორ მოიქცევით, თუ კვლავ გააგრძელებენ თქვენს დევნას?“ მან თავი გააქნია და მიპასუხა: „ამას მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ მაინც არ დავთმობთ ჩვენს რწმენას“».
შემდეგ თავის სტატიაში აღწერა ტრაქტატი, რომელიც მოწმემ მისცა: «სახლში რომ მივედი, ჩანთიდან ამოვიღე ტრაქტატი. ზედ ულამაზესი, მაგრამ არარეალური სურათი ეხატა — მწვანე მინდვრები, ტბა, აყვავებული ხეები, დათოვლილი მთები და ხალხი, რომელიც მოსავალს იღებს. ამოვიკითხე სათაური: „ცხოვრება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში“. ეს იყო რელიგიური შინაარსის ტრაქტატი. ჩვეულებრივ, სარეკლამო ფურცლებზე უარს არ ამბობენ, თუ ის რომელიმე მაღაზიას ან ცხოვრების რაიმე წესს უწევს რეკლამას. მაგრამ როგორც კი მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაზე დაიწყებ ლაპარაკს, ხალხი შეიძლება გაბრაზდეს და სიძულვილი ვეღარ დამალოს».
ფილიპინები.
ზამბოანგას ერთ-ერთ მხარეში არის უშველებელი მთა, რომლის დანახვა 200 კილომეტრიდანაც კი შეიძლება. მთის მახლობლად მცხოვრები ძმები მსახურების დროს ხშირად ამბობენ ხუმრობით: „ნეტავ, რას ვიზამთ, ვინმე მთის მწვერვალზე მცხოვრებმა ბიბლიის შესწავლა რომ მოისურვოს?“ ერთხელ, როცა ძმები მთასთან ახლოს ქადაგებდნენ, ერთი მამაკაცი გამოელაპარაკა და უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეებს ეძებდა და ბიბლიის შესწავლა უნდოდა. ძმებმა ჰკითხეს, სად ცხოვრობდა და სახტად დარჩნენ, როცა კაცმა ხელი მთის მწვერვალისკენ გაიშვირა. მან აუხსნა, რომ მთის მწვერვალზე კი არა, მთის გადაღმა ცხოვრობდა და იქ მისასვლელად მთის მწვერვალი უნდა გადაევლოთ. ძმები დათანხმდნენ მამაკაცს. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ახლა ყოველკვირეულ შეხვედრებს ესწრება სამეფო დარბაზში, რომელიც ასე შორს არის მისი სახლიდან. ეს მამაკაცი იმ ყველა ერიდან გამოკრებილ ხალხს შორისაა, რომელიც „იეჰოვას სახლის მთისკენ“ მიედინება (ეს. 2:2).
ევროპა
ქვეყნები 47
მოსახლეობა 736 988 468
მაუწყებლები 1 563 910
ბიბლიის შესწავლები 819 067
ფინეთი.
ორი ძმა კარდაკარ მსახურების დროს ავრცელებდა ტრაქტატს „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ და ხალხს ბიბლიის შესწავლას სთავაზობდა. ერთი კარი მამაკაცმა გააღო, ძმებს სიტყვა შეაწყვეტინა და შინ შეიპატიჟა. „ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს, — უთხრა მან. მაინცდამაინც ახლა რატომ მოხვედით?“
„დღეს ჩვენი კრება ამ ტერიტორიაზე ქადაგებს“, — უპასუხეს ძმებმა.
კაცმა უთხრა მათ: „ვლოცულობდი, რომ ჩემს კართან იეჰოვას მოწმეები მოსულიყვნენ. ჩვეულებრივ, ამ დროს დავრბივარ, მაგრამ დღეს არ წავედი და აი, თქვენც მოხვედით“. ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა. მისი თანამშრომლები ხშირად ცუდად იხსენიებდნენ იეჰოვას მოწმეებს. ის დაინტერესდა, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა, რასაც ამბობდნენ და ბიბლიოთეკაში მივიდა იეჰოვას მოწმეებზე უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად. იქ იპოვა წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, წაიკითხა ის და დარწმუნდა, რომ, რასაც მათზე ამბობდნენ, ყველაფერი სიცრუე ყოფილა. ამიტომ ერთი სული ჰქონდა, როდის შეხვდებოდა ამ ხალხს. მან ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო; თავის ქალიშვილსა და ყოფილ ცოლსაც უქადაგა და მათაც დაიწყეს ბიბლიის შესწავლა.
დიდი ბრიტანეთი.
პიონერი და კერსტი ფრანგულსა და ლინგალას სწავლობდა, რათა თავის ტერიტორიაზე ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხისთვის ექადაგა. ერთხელ დაინახა, როგორ ცდილობდა ავტობუსში ასვლას ერთი კონგოელი ქალბატონი, რომელსაც უამრავი ბარგი ჰქონდა. კერსტი ლინგალა ენაზე გამოელაპარაკა და ბარგის ატანაში დახმარება შესთავაზა. ქალბატონმა ჰკითხა: „საიდან იცით ლინგალა, თეთრკანიანმა?“ კერსტიმ უპასუხა, რომ ლინგალაენოვან კრების შეხვედრებს ესწრებოდა და, რომ თანაქრისტიანებმა ასწავლეს მას ეს ენა, რათა ხალხთან ბიბლიის შესახებ საუბარი შესძლებოდა. კერსტის უნდოდა, ამ ქალისთვის ბიბლიის შესწავლა შეეთავაზებინა და ამიტომაც მას თავის გაჩერებამდე გაჰყვა. მერე ქალს ბარგი მესამე სართულამდე აატანინა. ქალის მეუღლემ და ოთხმა შვილმა კერსტი სახლში შეიპატიჟეს და მანაც მთელ ოჯახს აჩვენა, თუ როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ დახმარებით. ახლა ეს ქალბატონი თავის ორ უფროს შვილთან ერთად სწავლობს ბიბლიას და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იეჰოვას მოსაწონად მოიქცნენ.
საქართველო.
ორმა ახალგაზრდა პიონერმა ძმამ გადაწყვიტა ქვეყნის ერთ მთიან მხარეში გადასვლა, სადაც იეჰოვას მოწმეები თითქმის არ იყვნენ. ისინი სოფლიდან სოფელში ქადაგებდნენ და მათ ქადაგებას არაჩვეულებრივი გამოხმაურება მოჰყვა; ასობით პუბლიკაცია გაავრცელეს და მრავალი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. თუმცა თავიდან არც თავშესაფარი ჰქონდათ და არც საკვები, არასდროს დარჩენილან ღია ცის ქვეშ მშივრები. იქაურები ღამის გასათევ ადგილს სთავაზობდნენ და უმასპინძლდებოდნენ კიდეც. ზოგჯერ ისინიც კი იქცეოდნენ ასე, ვისაც მათი ქადაგება არ აინტერესებდა. მოგვიანებით ეს ძმები ამ ტერიტორიაზე სპეციალურ პიონერებად დანიშნეს. ძალიან ბევრი ბიბლიის შესწავლა ჰქონდათ, ამიტომ გადაწყვიტეს, მხოლოდ იმდენ ადამიანთან ჩაეტარებინათ ბიბლიის შესწავლა, რამდენზე ზრუნვასაც რეალურად შეძლებდნენ. იქ ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ქუჩაში გამვლელებმა გააჩერონ ისინი და ბიბლიის შესწავლა სთხოვონ. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის შესწავლების რაოდენობა შეამცირეს, თითოეული მათგანი ყოველთვიურად 20-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებს.
უნგრეთი.
ერთი და ხშირად იღებს რძის ბოთლებს მის ღობეზე ჩამოკიდებული ჩანთიდან. ერთხელ, როცა ცარიელ ბოთლებს უკან აბრუნებდა, ჩანთაში ჩადო ტრაქტატი „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“. მისდა გასაკვირად, როცა სავსე ბოთლების ასაღებად მივიდა, ჩანთაში პატარა წერილი დახვდა, რომელშიც მწველავს ამ ტრაქტატთან დაკავშირებით კითხვები დაეწერა. ამ წერილში ის ბიბლიასაც სთხოვდა დას. დამ იმავე დღეს მიაკითხა ამ ქალბატონს ფერმაში, სადაც ის ცხოვრობდა და მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეს ქალი თურმე სხვადასხვა ეკლესიაში ეძებდა თავის შეკითხვებზე პასუხებს, მაგრამ ვერსად ეპოვა, პირიქით, ამ ძიებაში უფრო მეტი შეკითხვები გასჩენოდა. მისი ერთ-ერთი ქალიშვილიც დიდი ინტერესით ისმენდა დის საუბარს. ამიტომ დამ მას აჩუქა წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. დედამ უთხრა ჩვენს დას, რომ გოგონას ღამღამობით კოშმარები ესიზმრებოდა და ეღვიძებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ წიგნიდან რამდენიმე თავი წაიკითხა, ძველებურად აღარ ეშინოდა და ღამითაც მშვიდად ეძინა. დედა კვლავ სწავლობს ბიბლიას და თავის ორ გოგონასთან ერთად კრების შეხვედრებს კვირაობით ესწრება.
იტალია.
კრისტინა და მანელი, რომლებიც სრული დროით მსახურობენ, ცენტრალური იტალიის ერთ-ერთ სოფელში ავრცელებდნენ ტრაქტატს „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“. ერთი სახლის უკნიდან ხმაური შემოესმათ. როგორც კი სახლის პატრონმა დაინახა ისინი, დაუძახა: „სწრაფად, მოდით დამეხმარეთ!“ დებმა მიირბინეს და დაინახეს, რომ ქალბატონი ძლივს აკავებდა უზარმაზარ გაშმაგებულ ღორს, რომელიც საღორიდან გამოვარდნას ლამობდა. საღორის კარს საკეტი გაფუჭებოდა და ქალს ეშინოდა, რომ ღორი ახლომდებარე ტყეში გაექცეოდა. ის სახლში მარტო იყო და სასოწარკვეთილი ცდილობდა საღორის კარის დაკეტვას. „მოდი კარი დამიჭირეთ, სანამ რამეს ვიპოვი და კარს დავკეტავ!“ — უთხრა კრისტინას აფორიაქებულმა ქალმა. კრისტინამ მიუგო, ძალიან მეშინიაო მაგ ღორის. მაშინ ქალმა მანელს დანა და გოგრა მისცა და დაარიგა: „ნუ გეშინიათ, მოუჭერი ხოლმე და მიუგდე, აჭამე, სანამ ახალ ურდულს მოვიტან“.
ქალი სადღაც წავიდა და რამდენიმე წუთი არ გამოჩენილა. კრისტინა მანელს ეუბნებოდა, ჩქარა მოჭერი გოგრა და მიუგდეო, მაგრამ მას უჭირდა გოგრის მოჭრა, რადგან ძალიან სქელი კანი ჰქონდა. ბოლოს, როგორც იქნა, ქალი გამოჩნდა და საღორის კარი ჩაკეტა, შვებით ამოისუნთქა და დებს უთხრა: „უზენაესმა ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი!“
„ეს მართლაც ასეა, ქალბატონო!“, — უპასუხეს დებმა, ჩანთიდან ამოიღეს ტრაქტატი და ქალს მისცეს.
„ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ასე როგორ ვილაპარაკოთ. მოდი, დავსხდეთ სადმე წყნარ ადგილას და ვისაუბროთ“, — მაშინვე უთხრა ქალმა. კარგი მზიანი ამინდი იყო, ამიტომ მან რამდენიმე სკამი გამოიტანა ეზოში; ისინიც დასხდნენ და პასუხობდნენ მის მრავალ შეკითხვას. ქალი ყურადღებით უსმენდა დებს და მოწონებას არ მალავდა. მოგვიანებით მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. კრისტინა და მანელი ამბობენ, რომ ეს ღორის დამსახურებით მოხდა, რომელმაც საჭირო დროს მოინდომა საღორიდან გაქცევა.
ოკეანეთი
ქვეყნები 30
მოსახლეობა 38 338 482
მაუწყებლები 99 816
ბიბლიის შესწავლები 59 619
ავსტრალია.
ფრედი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, პატარა სანაპირო ქალაქში ცხოვრობს. მან ერთ კაცს დაუტოვა სამი DVD. მოგვიანებით ფრედმა ამ კაცისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: „ფილმების ყურებისას სიმშვიდე დამეუფლა. თავი წარმოვიდგინე იმ ხალხს შორის, რომლებიც ფილმებში ვნახე და მათი სიხარული და სიმშვიდე მეც გადმომედო. ასეთი რამ უკვე დიდი ხანია არ განმიცდია. ნელ-ნელა მომავლის იმედი გამიჩნდა. ადრე ჩემს კართან მოსულ იეჰოვას მოწმეებს უხეშად ვისტუმრებდი, რისთვისაც ახლა გულწრფელად ვიხდი ბოდიშს. თქვენი ხალხი ყოველთვის მეგობრულად ცდილობდა ჩემთვის სასიხარულო ცნობის ქადაგებას. ვინ იცის, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება თქვენს სამეფო დარბაზში მჯდომმა უკან გამოიხედოთ და მე დამინახოთ“.
ახალი ზელანდია.
ორი და მივიდა ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში (ეს დაწესებულება ეხმარება ოჯახებს ფინანსურ საკითხებში) და დირექტორს შეუთანხმდა შეხვედრაზე. შეხვედრამდე დებმა შეარჩიეს ისეთი ლიტერატურა, რომელიც ოჯახებს ეხებოდა და, რომელიც დაწესებულების დირექტორს გამოადგებოდა სამსახურში. ამ ლიტერატურაში შედიოდა წიგნები „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ და „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ამასთანავე ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 2007 წლის აგვისტოსა და ოქტომბრის ნომრები შემდეგი სათაურებით „შვიდი რჩევა მშობლებს“ და „დაიცავით შვილები საფრთხისგან!“.
დირექტორს დებმა აუხსნეს, რომ ისინი ნებაყოფლობით საქმიანობაში იღებდნენ მონაწილეობას და განსაკუთრებით სულიერი დახმარების აღმოჩენა უნდოდათ ოჯახებისთვის. მათ ლიტერატურა უჩვენეს დირექტორს, რომელიც დიდი სიამოვნებით უსმენდა; მან დაიტოვა ლიტერატურა და დებს უთხრა, რომ 35 თანამშრომლისთვისაც სურდა გაეცნო მათში მოცემული ინფორმაცია. ამ ქალბატონმა ისიც აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ამ „გამოიღვიძეთ!“-ების სტატიები იმ 503 ოჯახსაც წაეკითხა, რომელთაც მათი დაწესებულება ემსახურებოდა. დებმა მოახერხეს „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომრების 557 ეგზემპლარის შეგროვება. ორი კვირის შემდეგ დებს დაურეკეს დაწესებულებიდან და უთხრეს, რომ ოჯახებისთვის უკვე დაერიგებინათ ჟურნალები და ერთიც კი აღარ დარჩენოდათ.
ფიჯი.
ახალგაზრდა ვილიამი არაჩვეულებრივად თამაშობდა რაგბს და თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაშზე ოცნებობდა. მის ძმას, ლეონისაც უნდოდა პროფესიონალი რაგბისტი გამხდარიყო, მაგრამ ერთ სპეციალურ პიონერთან ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ მიხვდა, რომ ორი ბატონის მსახური ვერ იქნებოდა. მან დაიწყო კრების შეხვედრებზე სიარული და რაგბის თამაში მიატოვა. ლეონის დედამ, რომელიც უკვე იეჰოვას მოწმე იყო, კრებაზე ჩასაცმელი ტანსაცმელი უყიდა. მაგრამ ერთხელ ძმასთან კამათის დროს ვილიამმა აიღო მისი ტანსაცმელი და დახია. ეს ძალიან ეწყინა ლეონის, თუმცა ძმისთვის სამაგიერო არ გადაუხდია. მოგვიანებით ლეონიმ ბაზარში წაიღო საზამთროს მოსავალი და გაყიდა. აღებული თანხით მარტო თავისთვის კი არა, თავისი ძმისთვისაც იყიდა ტანსაცმელი, რომელსაც კრების შეხვედრებზე ჩაიცვამდნენ, ამასთანავე შეიძინა ბიბლია, კალმები და ფლომასტერები. ლეონის სიკეთემ დიდად იმოქმედა ვილიამზე და შერცხვა თავისი საქციელის; ჩაიცვა ახალი ტანსაცმელი და, ძმისდა გასაკვირად, კრების შეხვედრაზე წავიდა; ბიბლიის შესწავლაც დაიწყო და ორივე ძმამ სულიერად წინ წაიწია. როცა ისინი ნათლობისთვის ემზადებოდნენ, ვილიამმა მოწვევა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან რაგბის გუნდში სათამაშოდ. მას საკმაოდ მაღალანაზღაურებად კონტრაქტს სთავაზობდნენ. ამაზე ბევრი ახალგაზრდა ოცნებობდა, რადგან უზრუნველყოფილი იქნებოდა ფინანსურად და სახელსაც მოიხვეჭდა. მაგრამ მას უკვე ახალი მიზნები ჰქონდა დასახული და უნდოდა, თავი იეჰოვასთვის მიეძღვნა. ნათლობის შემდეგ ძმებმა ექვსი თვე დამხმარე პიონერებად იმსახურეს. შვილების კარგმა მაგალითმა მათი მამა, ვაისი აღძრა, ბიბლიის შესწავლა დაეწყო. მან საკმაოდ დიდი ცვლილებები მოახდინა და სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე თავის ორ ქალიშვილთან ერთად მოინათლა.
[სურათები 45 გვერდზე]
თვითდისციპლინისა და თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით დამ ბიბლიის შესწავლის ჩატარება შეძლო
[სურათი 46 გვერდზე]
ამ დამ თავისი ერთგულებით იეჰოვას სახელი განადიდა
[სურათი 48 გვერდზე]
ოჯახთან ერთად თაყვანისცემამ სტეფანი მოამზადა, რომ სკოლაში ექადაგა
[სურათი 49 გვერდზე]
მისმა დაჟინებულობამ ადამიანი გადაარჩინა
[სურათი 50 გვერდზე]
ამ გოგონამ ისეთი იეჰოვას მოწმე მოძებნა, რომელიც არც ბავშვი იყო და არც მოხუცი
[სურათი 55 გვერდზე]
ლოიმ ერთი „ტუკ-ტუკი“ იშოვა
[სურათი 58 გვერდზე]
უცხო ენის ცოდნის წყალობით დამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო
[სურათი 60 გვერდზე]
არაფორმალური ქადაგების ერთ-ერთი ფორმა
[სურათი 63 გვერდზე]
ლიტერატურის შერჩევა
[სურათი 64 გვერდზე]
მათ რაგბისტის კარიერას იეჰოვას მსახურება არჩიეს