ყანები გადათეთრებულა მოსამკელად
1. რა მნიშვნელოვანი საქმე სრულდება?
1 სამარიელ ქალთან ქადაგების შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოან. 4:35, 36). სულიერი მკა მიმდინარეობდა და იესოს შეეძლო წინასწარ დაენახა, რა მასშტაბებს მიაღწევდა ის. ზეცაში მყოფი იესო კვლავაც აქტიურად მონაწილეობს მკაში (მათ. 28:19, 20). რა ცხადყოფს, რომ მკის მიწურულს საქმე უფრო ჩქარდება?
2. რა ცხადყოფს, რომ მსოფლიოში სულიერი მკა ჩქარდება?
2 მკა მსოფლიო მასშტაბით: 2009 სამსახურებრივი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მაუწყებლების რიცხვი 3,2 პროცენტით გაიზარდა. იმ ქვეყნებში, სადაც სამქადაგებლო საქმიანობა აკრძალულია, მაუწყებლების რიცხვმა 14 პროცენტით მოიმატა. მონაცემების თანახმად, ბიბლიის შესწავლების რაოდენობამ ყოველთვე 7 619 000-ს გადააჭარბა ანუ შემსწავლელთა რიცხვმა მაუწყებელთა რიცხვს გაუსწრო და წინა წელთან შედარებით ნახევარი მილიონით მოიმატა. ზოგან სამქადაგებლო საქმიანობა დიდი სისწრაფით ფართოვდება, ამიტომ სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულ მისიონერებზე უფრო დიდი მოთხოვნილებაა. ერთი მეორეს მიყოლებით სხვადასხვა ქვეყანაში უცხოენოვან ტერიტორიებზე ბევრი ადამიანი ეხმაურება ჭეშმარიტებას. აშკარაა, რომ იეჰოვა მკის მიწურულს აჩქარებს საქმეს (ეს. 60:22). დადებითად ხარ განწყობილი შენი სამქადაგებლო უბნის მიმართ?
3. რა დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ზოგი?
3 მკა შენს სამქადაგებლო უბანზე: ზოგმა შეიძლება თქვას: „ჩემი უბანი არ არის ნაყოფიერი“. მართლაც, ზოგი ტერიტორია ისეთი ნაყოფიერი არ არის, როგორიც სხვა, ან როგორიც ადრე იყო. ამიტომ ზოგმა მოწმემ შეიძლება დაასკვნას, რომ ამ ტერიტორიაზე მკა დასრულდა და მხოლოდ ცოტაღაა დარჩენილი, ვისთანაც ქადაგება შეიძლება. შეესაბამება ეს სიმართლეს?
4. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მსახურებისადმი და რატომ?
4 დასაწყისიდან დასასრულამდე მკა აქტიურ მოქმედებას მოითხოვს. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რამდენად გადაუდებელია ეს საქმე: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათ. 9:37, 38). იეჰოვაზე, სამკლის ბატონზეა დამოკიდებული, თუ სად და როდის მოხდება მკა (იოან. 6:44; 1 კორ. 3:6—8). მაშ, ჩვენი დავალება რა არის? ბიბლია გვპასუხობს: „დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს“ (ეკლ. 11:4—6). მართლაც, როცა მკა დასასრულს უახლოვდება, დასვენების დრო ნამდვილად არ არის!
5. რატომ უნდა განვაგრძოთ გულმოდგინედ ქადაგება ერთი შეხედვით უნაყოფო ტერიტორიაზე?
5 განაგრძე მკა: მაშინაც კი, თუ ჩვენი ტერიტორია ხშირად მუშავდება და ისე ჩანს, რომ არავინ ინტერესდება, მაინც გულმოდგინედ და გადაუდებლად უნდა ვიქადაგოთ (2 ტიმ. 4:2). მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო ადამიანები იცვლიან შეხედულებებს და უფრო სერიოზულად ფიქრობენ მომავალზე. ზრდასთან ერთად ბავშვები შეიძლება უფრო მეტად გრძნობენ უსაფრთხოებისა და შინაგანი სიმშვიდის აუცილებლობას. ჩვენმა შეუპოვრობამ სხვებზე შეიძლება დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს და თუ ადრე არ ისმენდნენ სასიხარულო ცნობას, შეიძლება მომავალში მოისმინონ. ჩვენ ისინიც უნდა გავაფრთხილოთ, ვინც შეგნებულად უარყოფს ამ ცნობას (ეზეკ. 2:4, 5; 3:19).
6. რა დაგვეხმარება გულმოდგინების შენარჩუნებაში, თუ ჩვენს ტერიტორიაზე სირთულეებს ვხვდებით?
6 თუ ჩვენს ტერიტორიაზე სირთულეებს ვხვდებით, რა დაგვეხმარება გულმოდგინების შენარჩუნებაში? კარდაკარ ქადაგების გარდა, შეგვიძლია მსახურების სხვა სფეროებშიც მივიღოთ მონაწილეობა, მაგალითად ვიმსახუროთ ტელეფონით ან საქმიან უბნებზე. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ვცვალოთ შეთავაზებები, რათა ხალხს ახლებურად მივუდგეთ; გარდა ამისა, კარგი იქნება, შევცვალოთ გეგმა და ხალხთან საღამოს ან მაშინ მივიდეთ, როცა სახლში იქნებიან. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია მიზნად დავისახოთ ახალი ენის შესწავლა, რათა უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ სასიხარულო ცნობა. შეგვიძლია პიონერად დავიწყოთ მსახურება ან იმ ტერიტორიაზე გადავიდეთ, სადაც ცოტა „მომკელია“. თუ მკის მიმართ სწორი დამოკიდებულება გვექნება, ყველანაირად ვეცდებით, სრული მონაწილეობა მივიღოთ ამ მნიშვნელოვან საქმეში.
7. როდემდე გაგრძელდება მკა?
7 მოსავლის აღების დროს მიწათმოქმედს ძალიან ცოტა დრო აქვს, ამიტომ სამუშაოს დასრულებამდე ის არ ისვენებს და მუშაობის ტემპს არ ანელებს. იგივე მოითხოვება სულიერი მკის დროსაც. როდემდე გაგრძელდება „მოსავლის აღება“? „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 24:14; 28:20). იეჰოვას ყველაზე ერთგული მსახურის, იესოს მსგავსად, ჩვენც გვინდა დავასრულოთ საქმე, რომელიც მოგვენდო (იოან. 4:34; 17:4). ამიტომ კვლავაც გულმოდგინედ, სიხარულით და სწორი განწყობით განვაგრძოთ ჩვენი მსახურება ბოლომდე (მათ. 24:13). მკა ჯერ არ დამთავრებულა!
[ჩანართი 2 გვერდზე]
დასაწყისიდან დასასრულამდე მკა აქტიურ მოქმედებას მოითხოვს