საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb11 გვ. 74-161
  • პაპუა-ახალი გვინეა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პაპუა-ახალი გვინეა
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
  • ქვესათაურები
  • სასიხარულო ცნობის პირველი მქადაგებლები
  • „დიდ სოფელში“ ქადაგება
  • „მოდით და ჩემს ხალხსაც ასწავლეთ“
  • დაუვიწყარი შეკრებები
  • ნახატებით ქადაგება
  • სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოება
  • სასიხარულო ცნობას სხვებიც ისმენენ
  • სამრეწველო საქონლის კულტი
  • ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა
  • სასიხარულო ცნობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშიც ვრცელდება
  • ფილიალის დაარსება
  • იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის მცდელობა
  • ქადაგება მთიან მხარეში
  • მოთმინებას კარგი ნაყოფი მოაქვს
  • სამეფოს თესლის თესვას ნაყოფი გამოაქვს
  • ჭეშმარიტების თესლი დაშორებულ ტერიტორიებზეც ღვივდება
  • მისიონერთა დიდი ნაკადი
  • მშენებლობა სამეფო საქმის წინსვლას უწყობს ხელს
  • სირთულეების მიუხედავად შეუპოვრად ქადაგება
  • ქადაგების სხვადასხვა მეთოდი
  • სარაიონო მსახურება მდინარე სეპიკზე
  • ბოროტ სულებთან ბრძოლა
  • ხალხისთვის წერა-კითხვის სწავლება
  • ბიბლიური ჭეშმარიტება ადამიანებს ცვლის
  • ღვთის ძღვნის — ქორწინების — დაფასება
  • ბავშვები, რომლებიც პატივს მიაგებენ თავიანთ შემოქმედს
  • ქრისტიანულ შეხვედრებზე დასასწრებად გაწეული ძალისხმევა
  • მისიონერების ბრწყინვალე მაგალითი
  • სამოქალაქო ომი კუნძულ ბუგენვილზე
  • ვულკანი ანადგურებს რაბაულს
  • მთარგმნელობითი საქმიანობა წინ მიიწევს
  • პიონერული მსახურების სკოლა დიდი კურთხევაა
  • სიყვარულით გაერთიანებულნი
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
yb11 გვ. 74-161

პაპუა-ახალი გვინეა

შორეულ წარსულში, დიდი ხნის მანძილზე, ახალი საცხოვრებელი ადგილების საძებნელად ხალხი აზიის გავლით სამხრეთისკენ მიედინებოდა. მალაის არქიპელაგის აღმოსავლეთით მათ მიაგნეს მთაგორიან ტროპიკულ კუნძულს, ახალ გვინეას, რომელიც სიდიდით მეორე კუნძულია მსოფლიოში.a ისინი მიუყვებოდნენ კუნძულის სანაპირო ზოლს, სადაც ცხელი და ნოტიო ჰავა იყო; სახლდებოდნენ გაუვალ ჯუნგლებში, უზარმაზარ ჭაობიან ადგილებში და ახალი გვინეის გარშემო მიმოფანტულ კუნძულებზე. ზოგმა კუნძულის მთელ სიგრძეზე გადაჭიმული მთები გადალახა და მთიან მხარეში, ნოყიერი მიწებით მდიდარ ვაკე ადგილებზე დასახლდა, სადაც შედარებით ზომიერი ჰავა იყო.

ამ კუნძულზე ერთი ეროვნების ხალხს არასოდეს უცხოვრია. იქ მცხოვრები ათასზე მეტი პატარ-პატარა ტომი ხშირად ებრძოდა ერთმანეთს. მათ განსხვავებული ტრადიციები ჰქონდათ, განსხვავდებოდნენ ჩაცმულობითაც და საუბრობდნენ 800-ზე მეტ ენაზე. ისინი, ძირითადად, თემებად ცხოვრობდნენ და თავგამოდებით იცავდნენ თავიანთ თემებს. წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ მათ გარდა კიდევ ვინმე არსებობდა. ბევრს სჯეროდა, რომ ჰორიზონტს იქით დემონებისა და გარდაცვლილ წინაპართა სამფლობელო იყო, რომელთაც მათთვის სიკეთის გაკეთება ან ზიანის მიყენება შეეძლოთ. ამიტომ ხალხი ამ სულთა დამშვიდებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

ერთი გამონაკლისის გარდა ხალხი გარეგნულადაც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. 1526 წელს, როდესაც კუნძულს პორტუგალიელი სახელმწიფო მოღვაწე ჟორჟე დე მენესესი ეწვია, მისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა მათი ეს ერთადერთი მსგავსება. მან კუნძულს „ილიას დუშ პაპუაში“ უწოდა, რაც „გაჩეჩილ-თმიანი ხალხის მიწას“ ნიშნავს. ესპანელი მეზღვაურის, ინიგო ორტის დე რეტესის აზრით კი კუნძულზე მცხოვრები ხალხი დასავლეთ აფრიკაში, კერძოდ, გვინეაში მცხოვრებ ხალხს ჩამოჰგავდა. ამიტომ მან კუნძულს ახალი გვინეა უწოდა.

XIX საუკუნეში ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა კუნძული სამ ნაწილად დაყვეს. ჰოლანდიელებმა, რომლებიც აქ პირველები გამოჩნდნენ, კუნძულის დასავლეთი ნაწილი მიისაკუთრეს, რომელიც დღეს ინდონეზიას ეკუთვნის. ბრიტანელებმა და გერმანელებმა კი კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი გაიყვეს; სამხრეთ ნაწილს ბრიტანეთის ახალი გვინეა უწოდეს (მოგვიანებით პაპუა), ჩრდილოეთ ნაწილს კი — გერმანიის ახალი გვინეა (მოგვიანებით ახალი გვინეა). პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ორივე ტერიტორიას ავსტრალიელები აკონტროლებდნენ. ბოლოს, 1975 წელს პაპუა და ახალი გვინეა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, პაპუა-ახალ გვინეად ჩამოყალიბდა.b

დღეს პაპუა-ახალი გვინეა ჯერ კიდევ ვითარდება. მოსახლეობის ნაწილი თანამედროვე ქალაქებში ცხოვრობს, სადაც უახლესი ტექნიკით სარგებლობენ. თუმცა ხუთიდან ოთხი ადამიანი პატარა და, ხშირ შემთხვევაში, მივარდნილ სოფლებში ცხოვრობს, სადაც სიმდიდრედ ღორების ყოლა ითვლება, ურვადის გადახდა ჩვეულებრივი რამაა, სპირიტიზმი ყვავის და, სადაც ტომისადმი ერთგულება უპირველეს მოვალეობად ითვლება.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მრავალფეროვან ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი ცვლილებებიც ხდება, რისი წყალობითაც მრავალმხრივ უმჯობესდება სუფთა გულის ადამიანთა ცხოვრება, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმოშობისა. ეს სულიერი ცვლილებებია, რომელთაც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტების შესწავლა და მისი გამოყენება განაპირობებს (რომ. 12:2)

სასიხარულო ცნობის პირველი მქადაგებლები

პაპუა-ახალ გვინეაში ჭეშმარიტება პირველად 1932 წელს ბრიტანელმა პიონერმა პეკმა იქადაგა, რომელიც მალაიაში (დღევანდელი მალაიზია) მიემგზავრებოდა და დროებით ამ ქვეყანაშიც შეჩერდა. მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და ადგილობრივებთან რამდენიმე კვირის განმავლობაში ქადაგებდა. და სანამ გზას განაგრძობდა, ასობით ბიბლიური პუბლიკაცია გაავრცელა.

სამი წლის შემდეგ შვიდი პიონერი ძმა თავიანთი იალქნიანი ხომალდით, „სინათლის მატარებელი“, პორტ-მორზბის ნავსადგურში შევიდა, რათა მწყობრიდან გამოსული ძრავა შეეკეთებინათ. მათ ერთი თვე მოუწიათ იქ დარჩენა და მთელი ამ ხნის განმავლობაში გულმოდგინედ ქადაგებდნენ პორტ-მორზბისა და მის შემოგარენში. შვიდთაგან ერთ-ერთმა, ახალ ზელანდიელმა, ჯანმაგარმა ფრენკ დივუარმა წიგნებით დატვირთულმა სანაპიროდან 50 კილომეტრით მოშორებულ სოფლებამდე მიაღწია და იქაც გაავრცელა ეს ლიტერატურა.

ამ პუბლიკაციათაგან ზოგიერთი ექიმბაშ ჰენი ჰენი ნიოკის ხელშიც აღმოჩნდა, რომელიც კოიარის ტომიდან იყო. თუმცა მის გულში ჩათესილმა ჭეშმარიტებამ მანამ არ გამოიღო ნაყოფი, სანამ იეჰოვას მოწმეები კვლავ არ ეწვივნენ მის სოფელს და დათესილი არ „მორწყეს“ (1 კორ. 3:6).

30-იანი წლების მიწურულს კიდევ ერთმა ძმამ იმოგზაურა ამ მხარეში და მოინახულა პაპუა-ახალი გვინეის ძირითადი ქალაქები, ასევე ახალი ბრიტანეთის, ახალი ირლანდიის და ბუგენვილის კუნძულები. მან იქ უამრავი ლიტერატურა გაავრცელა. მაგრამ საკმაო დრო გავიდოდა მანამ, სანამ მის წამოწყებულ საქმეს სხვები განაგრძობდნენ, რადგან ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის ქაოსმა მოიცვა.

„დიდ სოფელში“ ქადაგება

თორმეტი წლის შემდეგ, 1951 წლის 22 სექტემბერს, როცა პორტ-მორზბის აეროპორტში ტანმაღალმა ავსტრალიელმა, ტომ კიტომ თვითმფრინავიდან ფეხი გადმოდგა, სახეში ნოტიო და ცხელი ჰაერი მიესალბუნა. ის იყო 47 წლის იეჰოვას მოწმე, რომელიც გამოეხმაურა მოწოდებას და წყნარი ოკეანის კუნძულებზე სამქადაგებლო საქმე წამოიწყო. ექვსი კვირის შემდეგ მასთან ჩავიდა მისი მეუღლე როვენა. მათ მთელ პაპუა-ახალ გვინეაში უნდა ექადაგათ.

ტომი და როვენა მალე მიხვდნენ, რომ პორტ-მორზბიში მცხოვრებ თეთრკანიანთა უმეტესობას სამეფოს ცნობა არ აინტერესებდა. თუმცა ისინი შეხვდნენ თავიანთ თანამემამულეს, ჯეფ ბაკნელს, რომელიც ახალგაზრდობაში ჩამოშორებოდა ჭეშმარიტებას. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მეუღლესთან, აირინთან, ერთად ღვთის ერთგული მსახური გახდა.

ტომი და როვენა მოგვიანებით საქადაგებლად წავიდნენ ჰანუაბადაში, რაც ადგილობრივ მოტუ ენაზე „დიდ სოფელს“ ნიშნავს. ეს სოფელი პორტ-მორზბის ნავსადგურთან წყალზე იყო გაშენებული. ბოძებზე აგებულ ასობით სახლს ერთმანეთთან და სანაპიროსთან ხის გადასასვლელები აკავშირებდა. „დიდძალი ხალხი იკრიბებოდა ჩვენს გარშემო სასიხარულო ცნობის მოსასმენად, — წერს როვენა. — იმდენ ადამიანს უნდოდა ბიბლიის შესწავლა, რომ ორი თვის განმავლობაში ყოველ საღამოს, ორი საღამოს გარდა, ვატარებდით ბიბლიის შესწავლებს“. ტომი დასძენს: „ამ ხალხს ძალიან მოეწონა მკვდრეთით აღდგომისა და სამოთხეში ცხოვრების იმედი. მართალია, მათ ქრისტიანული სამყაროს მისიონერები და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები სწავლის შეწყვეტას აიძულებდნენ, ერთსაც არ უთქვამს შესწავლაზე უარი. ჭეშმარიტება მართლაც ღრმად იყო მათ გულებში ფესვგადგმული“.

მათ შორის, ვინც ამ დროს ჭეშმარიტების მხარე დაიკავა, იყვნენ რაჰო და კონიო რაკატანები, ოდა სიონი, გევა ნიოკი და მისი ქმარი ჰენი ჰენი, რომელმაც 16 წლით ადრე „სინათლის მატარებლის“ ეკიპაჟის წევრებისგან მიიღო ბიბლიური ლიტერატურა. მალე ჰენი ჰენის სახლში 30-მდე დაინტერესებული რეგულარულად ესწრებოდა შეხვედრებს. „კაცები ოთახის ერთ მხარეს ისხდნენ, ქალები კი — მეორე მხარეს, — იხსენებს ოდა სიონი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა იყო. — ქალებს ბალახისგან დამზადებული ქვედაბოლოები ეცვათ, ზემოდან კი შიშვლები იყვნენ. თავიანთი პატარები ფერად-ფერადი ბადე-ჩანთებით დაჰყავდათ. შეხვედრების დროს ამ ჩანთებს ჭერის კოჭებზე გადაჰკიდებდნენ ხოლმე; მოაწოვებდნენ ძუძუს ბავშვებს, ჩააწვენდნენ ჩანთებში და ნელ-ნელა აქანავებდნენ, რომ ჩასძინებოდათ“.

ტომ კიტო შეხვედრებს თარჯიმნის დახმარებით ატარებდა. ცხადია, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდიოდა. „ერთ შეხვედრაზე პროგრამას ჰენი ჰენის ძმა, ბადუ თარგმნიდა, — იხსენებს დონ ფილდერი, რომელიც პაპუა-ახალ გვინეაში 1953 წელს ჩავიდა. — თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო; ბადუ ტომის ნათქვამს თარგმნიდა და მის ჟესტებსაც კი იმეორებდა. მხოლოდ მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის ტომის ნათქვამიდან ვერაფერს იგებდა. ის უბრალოდ ამბობდა იმას, რაც ჭეშმარიტების შესახებ იცოდა და ბუნებრიობის შესანარჩუნებლად ტომის ჟესტებს იმეორებდა“. ამგვარი სირთულეების მიუხედავად, ეს ჯგუფი სწრაფად გაიზარდა; მალე სოფელ ჰანუაბადაში მეორე ჯგუფიც ჩამოყალიბდა; ისინი შეხვედრებს რაჰო რაკატანის სახლში ატარებდნენ.

„მოდით და ჩემს ხალხსაც ასწავლეთ“

1952 წლის დასაწყისში ბობოგი ნაიორი, რომელიც კოიარი ტომის ერთ-ერთი თავკაცი და ცნობილი ექიმბაში იყო, თავის „ვანტოკს“ (თანატომელს), ჰენი ჰენის ესტუმრა და მის სახლში ჩატარებულ შეხვედრასაც დაესწრო. ნანახმა და მოსმენილმა ის იმდენად გააოცა, რომ მოგვიანებით ტომ კიტოსთან მივიდა და დაჟინებით სთხოვა: „გთხოვთ, მოდით და ჩემს ხალხსაც ასწავლეთ ჭეშმარიტება!“

ცოტა ხნის შემდეგ ტომი და როვენა თავიანთი ძველი, პატარა სატვირთო ავტომობილით მართლაც გაუდგნენ 25-კილომეტრიან ტალახიან გზას პორტ-მორზბის ჩრდილოეთით მდებარე ბობოგის პატარა სოფელ ჰაიმასკენ. ტომმა უქადაგა იქ შეკრებილ ხალხს, თავად ბობოგიმ კი თარჯიმნობა გასწია. დაახლოებით 30-მა კაცმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

ცოტა ხნის შემდეგ ჰაიმაში მცხოვრებმა დაინტერესებულებმა ქრისტიანული შეხვედრების ჩასატარებლად პატარა დარბაზი ააგეს. „ეს იყო უბრალო ხის კარკასი, რომელსაც სახურავი ბალახის ჰქონდა, კედლების მაგივრობას კი დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე დაწნული ბამბუკის ლასტები სწევდა, — იხსენებს ელსი ჰორსბერგი, რომელიც მოგვიანებით ამ დარბაზში ესწრებოდა კრების შეხვედრებს. — შიგნით დარბაზში ნორჩი ხისგან დამზადებული სკამები, ნავთის ლამპა და პატარა დაფა იდგა“. ეს უბრალო ნაგებობა გახდა პაპუა-ახალ გვინეაში პირველი სამეფო დარბაზი.

ამის შემდეგ ბობოგიმ მოისურვა, რომ სასიხარულო ცნობა ახლომახლო მთებში მცხოვრებ „ვანტოკებსაც“ მოესმინათ. ასე რომ, ის და ტომი გაუდგნენ ციცაბო მთაზე გამავალ გზას და სოგერის პლატოზე ავიდნენ. მალე იქ მდებარე სამ სოფელში ისინი 90-ზე მეტ ადამიანს ასწავლიდნენ ბიბლიას.

მათი საქმიანობა მთავრობისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იოადაბუში მთავრობის ერთი წარმომადგენელი შეიჭრა მოწმეების შეხვედრის ადგილზე და მოითხოვა ახსნა-განმარტება, თუ ვინ დართო ნება იეჰოვას მოწმეებს, იქაურებისთვის ბიბლია ესწავლებინათ. იმის გასაგებად, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ იეჰოვას მოწმეები, პოლიციამ რამდენიმე დაინტერესებულიც დაჰკითხა. სოფლის ეკლესიების ზოგიერთი წინამძღოლი და პლანტაციების რამდენიმე მეპატრონე ძმებს დაემუქრნენ კიდეც.

ასეთი ზეწოლის გამო ზოგმა დაინტერესებულმა შესწავლა შეწყვიტა. თუმცა პატარა ჯგუფმა მაინც ერთგულად განაგრძო წინსვლა. 1954 წელს 13 ბიბლიის შემსწავლელი მოინათლა ჰაიმას მახლობლად მდინარე ლალოკიში. ეს იყო პირველი ნათლობა პაპუა-ახალ გვინეაში. მონათლულთა შორის იყო ბობოგიც, რომელმაც თქვა: „ყველა კოიარიც რომ განუდგეს რწმენას, მე მაინც არ განვუდგები, რადგან ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა“. როგორც თქვა კიდეც, ბობოგი სიკვდილამდე, 1974 წლამდე, ერთგული დარჩა. ის სიცოცხლის ბოლომდე უხუცესად მსახურობდა ჰაიმას კრებაში.

დაუვიწყარი შეკრებები

1955 წლის ივლისში კანადელი ჯონ კატფორტი, რომელიც ავსტრალიაში მისიონერად მსახურობდა, პორტ-მორზბის ეწვია, როგორც სარაიონო ზედამხედველი. მას ძალიან მოეწონა ეს ტროპიკული ქვეყანა, იქაური თავმდაბალი ხალხი და მათი ცხოვრების სტილი. მაშინ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პაპუა-ახალ გვინეაში 35 წელზე მეტ ხანს იმსახურებდა.

ჯონს თან ჰქონდა დოკუმენტური ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ ეწეოდა ორგანიზება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას და როგორ ტარდებოდა მათი კონგრესები. მან თავისი სამ-კვირიანი სტუმრობის დროს 14-ჯერ მოაწყო ფილმის ჩვენება. ფილმის ჩვენებებს ასობით ადამიანი ესწრებოდა, ერთხელ კი დაახლოებით 2 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი. ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე. ბევრს მანამდე კინოფილმი საერთოდ არ ჰქონდა ნანახი.

ჯონის სტუმრობა ჰაიმაში ერთდღიანი სარაიონო კონგრესით დასრულდა. „როდესაც მონათვლის მსურველებს სთხოვეს, ამდგარიყვნენ, სამოცდაათი ადამიანი წამოდგა ფეხზე, — იხსენებს ტომ კიტო. — უდიდეს მადლიერებას ვგრძნობდით, როცა ვხედავდით მდინარის პირას ჩამწკრივებულ 40 ძმასა და 30 დას, რომელთაც იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მონათვლა სურდათ“.

მომდევნო წელს ძმებმა ჰაიმაში მეორე სარაიონო კონგრესის ჩატარება დაგეგმეს. სოფლის თავკაცს, ბობოგის, დაავალეს საჭირო ნაგებობების აგება და დამსწრეთათვის საჭმლის მომზადება. კონგრესამდე სამი დღით ადრე ახალი სარაიონო ზედამხედველი, ავსტრალიელი ჯონ (ტედ) სიუელი, შეხვდა ბობოგის, რათა სამზადისზე დალაპარაკებოდა.

— რა ააშენეთ უკვე? — პირდაპირ საქმეზე გადავიდა ტედი.

— ჯერ არაფერი, — უპასუხა ბობოგიმ.

— დღეს ხუთშაბათია ბობოგი, კვირას უკვე კონგრესი იწყება, — შეიცხადა ტედმა.

— ყველაფერი რიგზეა ძმაო, — მიუგო ბობოგიმ. — ყველაფერს შაბათს გავაკეთებთ.

ტედი თავზარდაცემული დაბრუნდა პორტ-მორზბიში. ის დარწმუნებული იყო, რომ კონგრესი არაორგანიზებულად ჩატარდებოდა.

კვირას ჰაიმაში მიმავალ ტედის იმის გაფიქრებისაც კი ეშინოდა, თუ რა დახვდებოდა იქ. ადგილზე მისული თვალებს ვერ უჯერებდა. უზარმაზარი ხის ქვეშ, რომელიც დიდ, გასუფთავებულ ადგილს გაჰყურებდა, კარგად გაკეთებული ხის სცენა იდგა. ცოტა მოშორებით წვავდნენ გოჭებს, კენგურუ-ვალაბებს, ირმებს, მტრედებს, თევზს, ჩინურ კარტოფილს და ბატატს, ღია ცეცხლზე შედგმულ ჩაიდნებში კი წყალი თუხთუხებდა. ადგილობრივი მასალით აგებულ „სასადილოში“ დიდძალი ხალხი ურთიერთობით ტკბებოდა. ამ ყველაფერს ბობოგი მშვიდად ადევნებდა თვალს. ტედი გაოგნებული იდგა!

— ბობოგი, სად ისწავლე ეს ყველაფერი? — ჰკითხა გაოცებულმა ტედმა.

— იმ ფილმში ვნახე, ჯონ კატფორტმა რომ გვაჩვენა შარშან, — უპასუხა ბობოგიმ.

კონგრესს 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ისინი რვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. 73 ადამიანი მოინათლა. წლების შემდეგ ამ კონგრესს „ბობოგის კონგრესი“ უწოდეს.

ნახატებით ქადაგება

1957 წელს ჯონ კატფორტი საცხოვრებლად გადავიდა პაპუა-ახალ გვინეაში და მიმოსვლით მსახურებას შეუდგა. მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა პირველად მოინახულა, ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რომელი მეთოდი იქნებოდა ყველაზე ეფექტური ადგილობრივ მოსახლეობასთან ქადაგებისას, რადგან უმეტესობამ წერა-კითხვა არ იცოდა. ახლა ის უკვე მზად იყო, ხორცი შეესხა თავისი იდეებისთვის.

კრების ან დამოუკიდებელი ჯგუფის მონახულების დაწყებისას ჯონი თარჯიმნისა და თავის სახელებს დაფაზე წერდა. შემდეგ ზეცისკენ მიუთითებდა და დამსწრეებს ეკითხებოდა: „რა ჰქვია ღმერთს?“. დაფაზე დაწერდა მათ პასუხს — „იეჰოვა“ — მის ზემოთ კი წააწერდა „ფსალმუნის 83:18“-ს. ქვემოთ მარცხენა ნაწილში წერდა: „ძველი ქვეყნიერება“ და ხატავდა ორ მოჩხუბარ კაცს, მომტირალ ადამიანს, საფლავს და გვერდით „რომაელების 5:12“-ს უწერდა. დაფის მარჯვენა ნაწილში კი წერდა: „ახალი ქვეყნიერება“, ხატავდა ორ კაცს, რომლებიც ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, მომღიმარ სახესა და გადახაზულ საფლავს, ბოლოს კი მიაწერდა „გამოცხადების 21:4“-ს. ამის შემდეგ ენთუზიაზმით წარმოთქვამდა თავის მოხსენებას და ნახატების მნიშვნელობას ხსნიდა. ბოლოს რამდენიმე დამსწრეს სთხოვდა, გამოსულიყო და გაემეორებინა მისი ნათქვამი. მას შემდეგ, რაც ნასწავლს დაიმახსოვრებდნენ, ჯონი ეუბნებოდა მათ, ქაღალდზე გაეკეთებინათ მსგავსი ნახატები და ქადაგებისას გამოეყენებინათ.

ეს იყო, როგორც მას ეძახდნენ, „ნახატებით ქადაგება ნომერი პირველი“ და მან დიდად შეუწყო ხელი პაპუა-ახალ გვინეაში სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას. ამას მალე მოჰყვა ქადაგებისთვის შექმნილი სხვა ნახატების ნიმუშები. „არაერთ საათს ვანდომებდით, რომ ეს ნახატები რვეულებში გადაგვეხატა. ბიბლიის შემსწავლელებს ვაძლევდით თითო ასლს, რათა სხვებთან ქადაგებისას გამოეყენებინათ“, — იხსენებს ლინა დეივისონი, რომელმაც პაპუა-ახალ გვინეაში 47 წელი იმსახურა. ბავშვებიც აკეთებდნენ ნახატებს თავიანთ რვეულებში და საგულდაგულოდ აფერადებდნენ.

სწავლების ამ მეთოდს კრების შეხვედრებზეც იყენებდნენ. «დაფაზე გაკეთებულ ნახატებს ხშირად იყენებდნენ საჯარო მოხსენების წარმოთქმისას ან „საგუშაგო კოშკის“ განხილვისას. ეს დიდად ეხმარებოდა მათ, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა», — იხსენებს ჯოის უილისი, რომელიც 40 წელზე მეტხანს მსახურობდა პიონერად ამ ქვეყანაში. ტილოზე შესრულებულ ნახატებს იყენებდნენ ასევე კონგრესებზე ამა თუ იმ აზრის გასაშუქებლად. „ეს დიდი ნახატები საკმაოდ პოპულარული იყო და მათი მეშვეობით მსმენელები კარგად იმახსოვრებდნენ ძირითად აზრებს, — ამბობს მაიკ ფიშერი, რომელიც პაპუა-ახალ გვინეაში სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა. — ბევრი ასეთი სურათის ნახვა შეგეძლოთ დაშორებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მაუწყებელთა სახლებში. ისინი სწორედ ამ სურათების საშუალებით ამაყად ქადაგებდნენ თავიანთ სტუმრებთან“.

ათწლეულების შემდეგ, როცა ბევრმა ისწავლა წერა-კითხვა და, ამასთანავე, დასურათებული ლიტერატურა ხელმისაწვდომი გახდა, ნახატებით ქადაგება შეწყდა.

სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოება

50-იანი წლების მიწურულს პაპუა-ახალ გვინეაში არაერთი გულმოდგინე ავსტრალიელი მქადაგებელი ჩავიდა სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. გარდა ამისა, ბევრი, ვინც ჭეშმარიტება პორტ-მორზბიში გაიგო, თავიანთ სოფელში დაბრუნდა და ჩაიტანა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. ასე დაჩქარდა მთელ ქვეყანაში ჭეშმარიტების გავრცელება.

1957 წელს პორტ-მორზბიში მცხოვრებმა 26 წლის ავსტრალიელმა ძმამ, დეივიდ უოლკერმა გაიგო, რომ ახლომდებარე სოფელ მანუ-მანუსა და გაბადის ოლქში მცხოვრებ ხალხს ჭეშმარიტება აინტერესებდა. დეივიდმა მიატოვა სამსახური, დაიწყო სპეციალურ პიონერად მსახურება და ერთი წლის განმავლობაში ამ მხარეში მარტოდმარტო მსახურობდა. მოგვიანებით მას სხვებმაც მიჰბაძეს და დღეისათვის მანუ-მანუში კრებაც არის და სამეფო დარბაზიც.

იმ ხანებში კოკის ბაზარში (პორტ-მორზბი) ქადაგებისას დონ ფილდერი შეხვდა რამდენიმე მეთევზეს, რომლებიც დაინტერესდნენ ჭეშმარიტებით. ეს მამაკაცები იყვნენ ჰულადან, ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფლიდან, რომელიც პორტ-მორზბის აღმოსავლეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა. მათთვის და მათი ოჯახებისთვის სულიერი დახმარება რომ აღმოეჩინა, ათოლ (დეფ) რობსონთან და რამდენიმე ჰულელ დაინტერესებულთან ერთად დონი ჰულაში თავისი ახალი, 8-მეტრიანი, ორგარსიანი კანოეთი ჩავიდა. ისინი იქ სამი დღე დარჩნენ და ბიბლიის შემსწავლელთა პატარა ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

მას შემდეგ მალევე დონი ჰულაში ჩავიდა როგორც სპეციალური პიონერი და თან წაიყვანა თავისი ცოლი, შერლი, და ორი წლის გოგონა, დები. „ავაგეთ პატარა ქოხი და დავიწყეთ ახლომდებარე ხუთ სოფელში ქადაგება, — იხსენებს დონი. — ყოველდღე 12 კილომეტრის გავლა გვიწევდა ფეხით. მართალია, ფიზიკურად ძალიან ვიღლებოდით, სამაგიეროდ სულიერად ვმხნევდებოდით, რადგან ბევრ ბიბლიის შესწავლას ვიწყებდით და მალე რვა ახალი მაუწყებელიც შემოგვემატა“.

დონისა და შერლის ქადაგებამ ადგილობრივი გაერთიანებული ეკლესიის მსახური განარისხა. მან წააქეზა იმ ადგილის მეპატრონე, რომლის ნაკვეთზეც დონისა და შერლის ქოხი ჰქონდა აგებული, რომ გაეძევებინა ისინი იქიდან. „როდესაც ეს ამბავი მეზობელი სოფლის მაცხოვრებლებმა შეიტყვეს, ძალიან გაბრაზდნენ, რადგან ჩვენი იქიდან გაშვება არ უნდოდათ, — იხსენებს დონი. — დაახლოებით 20 ადამიანი მოვიდა ჩვენ დასახმარებლად, რომ ჩვენი ქოხი, თავის საძირკვლიანად, მათ სოფელში გადაგვეტანა“.

განრისხებული ეკლესიის მსახური ამას არ დასჯერდა. ის ყველანაირად შეეცადა, დაეყოლიებინა პორტ-მორზბის მთავრობის წარმომადგენლები, რათა ფილდერებისთვის იმ ოლქში ქოხის დადგმის უფლება არ მიეცათ. „ნაცვლად იმისა, რომ დაგვეტოვებინა იქაურობა, — გვიყვება დონი, — გამოცდილ დურგალს, ალფ გრინს ვთხოვეთ, ჩვენი ქოხის მასალისგან ჩვენივე ორგარსიან კანოეზე პატარა ოთახი დაედგა. ერთ-ერთი მდინარის შესართავთან მანგროს ხეებით დაფარულ ჭაობში ჩავუშვით ღუზა. მომდევნო ორ-წელიწად ნახევარი ვცხოვრობდით ამ კოღოების ბუდეში, სადაც ნიანგებიც მრავლად იყო და თანაც პიონერებად ვმსახურობდით“. ისინი პორტ-მორზბიში მეორე გოგონას, ვიკის დაბადების შემდეგ დაბრუნდნენ. მოგვიანებით მიმოსვლით მსახურებაში იღებდნენ მონაწილეობას და დონი ფილიალის კომიტეტის წევრიც იყო.

სასიხარულო ცნობას სხვებიც ისმენენ

დაახლოებით იმ ხანებში ლანს და დაფნი გასანებმა პორტ-მორზბიში შესწავლა დაიწყეს რამდენიმე ახალგაზრდასთან, რომლებიც წარმოშობით ზღვისპირა სოფლიდან, კერემადან იყვნენ. ეს სოფელი პორტ-მორზბის დასავლეთით, სადღაც 225 კილომეტრში მდებარეობდა. როდესაც ახალგაზრდები შვებულების დროს თავიანთ სოფელში დაბრუნდნენ, ლანსმა და ჯიმ ჩამბლისმა გადაწყვიტეს, ორი კვირით მათთან წასულიყვნენ და კერემაში მცხოვრები ხალხისთვისაც გაეცნოთ სასიხარულო ცნობა.

ლანსი წერს: «მთელი სოფელი ჩვენ მოსასმენად შეიკრიბა. შუა საუბარში ვიყავით, ლონდონის მისიონერული საზოგადოების ადგილობრივი მსახური რომ შემოვარდა და თარჯიმანს ეცა, მანამ ურტყამდა მუშტებს, სანამ სოფლელებმა არ შეაჩერეს. ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იქაური ხალხი ჩვენი იქ ყოფნის წინააღმდეგი იყო და მოითხოვდა, რომ „მისი“ ტერიტორია დაგვეტოვებინა. ამის საპასუხოდ შეკრებილ ხალხს ვუთხარით, რომ, ვისაც ჩვენი მოსმენა სურდა, ჩვენთან ერთად სოფლის მეორე მხარეს წამოსულიყო, ვისაც არ სურდა — მასთან დარჩენილიყო. მთელი სოფელი ჩვენ გამოგვყვა.

მეორე დილას ოლქის გამგებელთან წავედით, რომ მომხდარის შესახებ გვეცნობებინა. გზაში ერთ ქალს შევხვდით, რომელიც ძალიან ავად იყო; საავადმყოფოში წაყვანა შევთავაზეთ, მაგრამ მას საავადმყოფოსი ძალიან ეშინოდა. ბოლოს, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა, გამოგვყვა. ჩავაბარეთ ეს ქალი ექიმს და გამგებელთან წავედით, რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა ჩვენი დანახვა. გაბრაზებული გველაპარაკებოდა და იმას გვეუბნებოდა, რომ ხალხს სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდებდით. სწორედ ამ დროს მის კაბინეტში ექიმი შემოვიდა და მოისმინა მისი ბრალდება. მან გამგებელს უთხრა, რომ ეს-ეს იყო, რაც ჩვენ ერთი ქალი დავარწმუნეთ, სამედიცინო დახმარების მისაღებად საავადმყოფოსთვის მიემართა. გამგებელმა მაშინვე ბოდიში მოიხადა. მან გვითხრა, რომ ცოტა ხნის წინ მასთან კათოლიკე მღვდელი მისულიყო და ჩვენი რწმენის შესახებ ათასგვარი ტყუილი ეთქვა. გამგებელმა ორ შეიარაღებულ პოლიციელს ჩვენი დაცვა დაავალა. ცოტა არ იყოს, თავს უხერხულად ვგრძნობდით, როცა ჩვენს ბიბლიის შესწავლებს შეიარაღებული პოლიციელები ესწრებოდნენ!».

მალე კერემაში ორი სპეციალური პიონერი დანიშნეს. ესენი იყვნენ ჯიმ სმითი და ლაიონელ დიგელი ავსტრალიიდან. მათ მაშინვე დაიწყეს ადგილობრივი ენის, ტარუმას, სწავლა. „სიტყვებს მოტუ ენაზე ვამბობდით, ბიბლიის შემსწავლელი კი მათ ტარუმა ენაზე იმეორებდა და ჩვენ ვიწერდით, — გვიამბობს ჯიმი. — ასე შევადგინეთ პატარა ლექსიკონი და ვისწავლეთ მარტივი შეთავაზებები. ხალხის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მათ ენაზე ველაპარაკებოდით. იქ მცხოვრები სხვა თეთრკანიანები ასე არ იქცეოდნენ. სამი თვის შემდეგ ყოველკვირა ვატარებდით შეხვედრებს ტარუმა ენაზე კერემას ყურის ორივე მხარეს“.

მოგვიანებით, ჯიმისა და ლაიონელის წასვლის შემდეგ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ავსტრალიელი პიონერი, გლენ ფინლეი, ჩავიდა იქ და 18 თვის განმავლობაში მარტოდმარტო ქადაგებდა. „ძალიან გამიჭირდა, — ამბობს გლენი. — ზოგჯერ ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ეს ყველაფერი ძალისხმევად. მაგრამ ერთხელ ისეთი რამ მოხდა, რამაც თვალსაზრისი შემიცვალა და თავმდაბლობა მასწავლა.

ერთ-ერთი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდი, ხანდაზმული პურის მცხობელი, ჰევოკო იყო. მას ელემენტარული განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული. რამდენიმე თვის განმავლობაში ძლივძლივობით დაიმახსოვრა ბიბლიიდან რამდენიმე ძირითადი საკითხი. ხშირად ვფიქრობდი, რამდენად ღირდა მასთან ბიბლიის შესწავლის გაგრძელება. მაგრამ ერთ დილას, როცა მის სახლს მივუახლოვდი, ვიღაცის ხმა შემომესმა; გავჩერდი და ყური დავუგდე. ეს ჰევოკო იყო. ის ხმამაღლა და მხურვალედ ლოცულობდა; მადლობას უხდიდა იეჰოვას, რომ მას ჭეშმარიტება გააგებინა მისი სახელისა და სამეფოს შესახებ. მისმა გულწრფელმა ლოცვამ შემახსენა, რომ იეჰოვა გულებს უყურებს და არა იმას, ვის რამდენის ათვისების უნარი აქვს. ის კარგად იცნობს ყველას, ვისაც უყვარს ის“ (იოან. 6:44).

სამრეწველო საქონლის კულტი

1960 წელს ორი ავსტრალიელი სპეციალური პიონერი, სტივენ ბლანდი და ალენ ჰოსკინგი, კერემას აღმოსავლეთით 50 კილომეტრში მდებარე სოფელ სავაივირიში გადავიდა. ისინი პირველი სამი თვე კარავში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი პატარა ხის ქოხში, რომელიც ჭაობით გარშემორტყმულ ქოქოსის პლანტაციაში იდგა.

სავაივირი ცნობილი იყო იმით, რომ იქ სამრეწველო საქონლის კულტი ყვაოდა. საიდან იღებს დასაბამს ეს კულტი? მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე ბევრი უცხოელი ჯარისკაცი ჩავიდა. ადგილობრივები გააოცა მათ მიერ ჩატანილმა აურაცხელმა სიმდიდრემ, ანუ „სამრეწველო საქონელმა“. ომის დამთავრების შემდეგ ჯარისკაცებმა აიკრეს გუდა-ნაბადი და იქაურობა დატოვეს. სოფლის ზოგიერთმა მაცხოვრებელმა დაასკვნა, რომ ვინაიდან „საქონელი“ ჰორიზონტის იქიდან, ანუ მათი აზრით სულების სამფლობელოდან იყო ჩამოტანილი, ის მათი გარდაცვლილი წინაპრების მიერ იქნებოდა გამოგზავნილი, ჯარისკაცებმა კი უბრალოდ მისი ნაწილი გაიტაცეს. სულების ყურადღების მისაპყრობად ხალხმა ვითომცდა სამხედრო წვრთნების ჩატარება დაიწყო; ააგეს დიდი გემების მისადგომები, რათა მომზადებული შეხვედროდნენ იმ დიდებულ დღეს, როცა საქონლის ახალი პარტია ჩავიდოდა.

ცოტა ხანში სტივენი და ალენი ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ ამ სოფლის 250 მაცხოვრებელთან, რომლებიც სამრეწველო საქონლის კულტის მიმდევრები იყვნენ. მათ შორის იყვნენ მათი წინამძღოლი და მის „თორმეტ მოციქულთაგან“ ზოგიერთი. „ბევრმა მიიღო ჭეშმარიტება, — გვიამბობს სტივენი — ერთხელ პოლიციის თანამშრომელმა გვითხრა, რომ სწორედ ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას მიუძღვოდა უდიდესი წვლილი სავაივირიში სამრეწველო საქონლის კულტის დასამარებაში“.

ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა

პაპუა-ახალ გვინეაში ჩასული პირველი პიონერები მალე მიხვდნენ, რომ კარგი იქნებოდა, ბიბლიური ლიტერატურა ადგილობრივ ენებზე თარგმნილიყო. მაგრამ, როგორ შეძლებდნენ ლიტერატურის 820 ენაზე თარგმნას?

ტომ კიტო იყო პირველი, ვინც 1954 წელს ორგანიზება გაუწია იმას, რომ ადგილობრივ ძმებს ეთარგმნათ წიგნის „დაე, მართალი იყოს ღმერთი“c ერთი თავი მოტუ ენაზე, რომელზეც პორტ-მორზბიში ლაპარაკობდნენ. ეს თავი, რომლის სათაურიც იყო „ახალი ქვეყნიერება“, ტრაქტატის სახით გამოიცა და მისი ორასზე მეტი ეგზემპლარი გავრცელდა, რამაც ძალზე გაახარა ამ ენაზე მოლაპარაკე ბევრი ადამიანი.

რაც უფრო ფართოვდებოდა სამქადაგებლო ტერიტორია, პიონერები მით უფრო თავგამოდებით შრომობდნენ, რომ ლიტერატურა სხვა ენებზეც ეთარგმნათ. ჯიმ სმითი იხსენებს: «ახალ სიტყვებსა და ფრაზებს ვიწერდი. ძალ-ღონე არ დავიშურე, ტარუმა ენაზე ლექსიკონი რომ შემედგინა და გრამატიკული ჩანაწერები გამეკეთებინა. სწორედ მათი დახმარებით ვთარგმნიდი „საგუშაკო კოშკის“ სასწავლო სტატიებს. ხშირად გვიანობამდე ვუჯექი საბეჭდ მანქანას, რათა მათთვის, ვინც კრების შეხვედრებს ესწრებოდა, ნათარგმნი სტატია დამებეჭდა. მოგვიანებით ერთი ტრაქტატი და ერთი ბროშურაც გადავთარგმნე ტარუმა ენაზე. ეს პირველი პუბლიკაციები ბევრ კერემელს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში».

პუბლიკაციები ჰულა და ტოარიპი ენებზეც ითარგმნებოდა. ვინაიდან შეუძლებელი იყო ლიტერატურის ყველა ადგილობრივ ენაზე თარგმნა, ძმებმა გადაწყვიტეს, ისინი ჰირი-მოტუ და ტოკ-პისინ ენებზე ეთარგმნათ, რომლებიც სავაჭრო ენებად ითვლებოდა. ზღვისპირა რეგიონში ბევრი ლაპარაკობს ჰირი-მოტუზე, რომელიც მოტუ ენის გამარტივებული ფორმაა. დონ ფილდერი ამბობს: «ბევრს ვშრომობდით, რომ ამ ენის ლიტერატურული ფორმა გაგვეუმჯობესებინა. მართლაც ჰირი-მოტუ ენაზე გამოცემულ „საგუშაგო კოშკსა“ და სხვა ბიბლიურ პუბლიკაციებს დიდი წვლილი მიუძღვის ამ ენის დახვეწაში». პაპუა-ახალი გვინეის სხვადასხვა მთიან მხარეში, ზღვისპირა რეგიონებში და ჩრდილოეთ კუნძულებზე ლაპარაკობენ ტოკ-პისინზე, რომელიც ინგლისურის, გერმანულის, კუანუასა და კიდევ რამდენიმე ენის ნარევია. როგორ დაიწყო სამქადაგებლო საქმიანობა ამ მრავალფეროვან ტერიტორიაზე?

სასიხარულო ცნობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშიც ვრცელდება

1956 წლის ივნისში პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბისმარკის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე, ახალ ირლანდიაზე, პირველი იეჰოვას მოწმეები ჩავიდნენ. ესენი იყვნენ ახალდაქორწინებული კენ და როზინა ფრეიმები. ისინი პიონერები იყვნენ. კენი, რომელიც პროფესიით ბუღალტერი იყო, კუნძულის უდიდეს ქალაქში, კავიენგში, ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო კომპანიაში მუშაობდა. «ჯერ კიდევ სიდნეიში გვირჩიეს, რომ სანამ ღიად დავიწყებდით ქადაგებას, კარგი იქნებოდა, ჯერ ხალხს გავეცანით. როზინა კარგი მკერავი იყო და მალე ბევრი კლიენტი გამოუჩნდა. მათთან არაფორმალურად ვქადაგებდით. ცოტა ხანში დაინტერესებულთა პატარა ჯგუფი კვირაში ერთხელ ჩვენს სახლში იკრიბებოდა, ოღონდ ისე, რომ სხვებისთვის თვალში მოსახვედრი არ ყოფილიყო.

თვრამეტი თვის შემდეგ სარაიონო ზედამხედველმა, ჯონ კატფორტმა მოგვინახულა და გვკითხა, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი, დაინტერესებულებისთვის და სხვებისთვის გვეჩვენებინა ფილმი „ახალი ქვეყნიერების ბედნიერი საზოგადოება“. ადგილობრივი კინოთეატრის მფლობელს დაველაპარაკე და ნება დაგვრთო, უფასოდ გვეჩვენებინა ეს ფილმი ხალხისთვის. როგორც ჩანს, მის თანამშრომლებს ხმა გაევრცელებინათ, რომ ფილმის ჩვენება იგეგმებოდა. როცა კინოთეატრთან მივედით, შესასვლელი ხალხით იყო გადაჭედილი და პოლიცია რომ არა, ვერაფრის დიდებით ვერ შევაღწევდით შიგნით. ჩვენებას 230-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც ღია ფანჯრებიდან უყურებდა. ამის შემდეგ უფრო თამამად ვქადაგებდით».

1957 წლის ივლისში ახალი ბრიტანეთის ულამაზეს საპორტო ქალაქ რაბაულში, რომლის ორივე მხარესაც მოქმედი ვულკანია, კრება ჩამოყალიბდა. რაბაულის კრება სპეციალური პიონერების მიერ დაქირავებული სახლის უკანა ეზოში ტარდებოდა. პიონერი ნორმ შარინი იხსენებს: „ყოველ საღამოს ასზე მეტი ადამიანი მოდიოდა ბიბლიის შესასწავლად. მათ დაახლოებით 20-20-კაციან ჯგუფებად ვყოფდით და ხეების ქვეშ ლამპის შუქზე ვუტარებდით შესწავლებს“.

როდესაც ამ კრების პირველი სარაიონო კონგრესი ჩატარდა, შვიდი ადამიანი მოინათლა ახლომდებარე სანაპიროზე. ხუთმა მათგანმა მალევე დაიწყო პიონერული მსახურება. მაგრამ, სად იქნებოდა მათი მსახურება ყველაზე ნაყოფიერი? ავსტრალიის ფილიალმა ისინი მადანგში გააგზავნა.

პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ მადანგში „ყანები“ მზად იყო მოსამკელად (იოან. 4:35). იქაურ მაუწყებელთა პატარა ჯგუფი დაინტერესებულებზე ზრუნვას ვერ აუდიოდა. მაგრამ, როდესაც ამ ქალაქში კანადელი პიონერი მეთიუ პოპი ჩავიდა თავის ოჯახთან ერთად და სახლი შეიძინა, რომლის ეზოშიც რამდენიმე პატარა სახლი იდგა, შესაძლებელი გახდა იქ უფრო მეტი პიონერის გაგზავნა.

მადანგის ოლქში რაბაულიდან რვა პიონერი ჩავიდა საქადაგებლად. ერთ-ერთმა მათგანმა, ტამულ მარუნგმა, ველოსიპედი იყიდა და გემით თავის მშობლიურ სოფელში, ბასკენში ჩავიდა, რომელიც მადანგიდან ჩრდილოეთით 48 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ბასკენში ქადაგების შემდეგ ველოსიპედით მადანგში დაბრუნდა და გზადაგზა ქადაგებდა. მოგვიანებით ბასკენში დაბრუნდა, კრება ჩამოაყალიბა და კიდევ 25 წელი იმსახურა იქ პიონერად. ამასობაში ის დაქორწინდა და შვილებიც ეყოლა. წლების შემდეგ მისი ქალიშვილი და ძმისშვილი ბეთელში მსახურობდნენ.

იმ ხანებში ჯონ და ლინა დეივისონები მადანგში შეხვდნენ კალიპ კანაის, სოფელ ტალიდიგის სკოლის მასწავლებელს. ეს პატარა სოფელი ბასკენსა და მადანგს შორის მდებარეობდა. ცოტა ხანში ჯონი და ლინა რეგულარულად ჩადიოდნენ ტალიდიგში, რათა კალიპისა და მისი ნათესავებისთვის ბიბლია ესწავლებინათ. ეს სასტიკად არ მოეწონა სკოლის კათოლიკე ინსპექტორს. მან პოლიციას უბრძანა, რომ კალიპი და მისი ნათესავები სოფლიდან გაეძევებინათ. მაგრამ ამან ისინი ვერ შეაშინა; მათ მეზობელ სოფელს, ბაგილდიგს შეაფარეს თავი და იქ საკმაოდ ძლიერი კრება ჩამოაყალიბეს. მოგვიანებით მათ ამ სოფელში ააშენეს დიდი სამეფო დარბაზი, რომელსაც დიდი თუ პატარა კონგრესების ჩასატარებლადაც იყენებდნენ. დღეისათვის მადანგის ოლქში შვიდი კრება და ორი ჯგუფია.

მაშინ, როცა მადანგში სამქადაგებლო საქმიანობა სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა, ჯიმ ბერდი და ჯონ და მაგდალენ ენდორებიც წარმატებებს აღწევდნენ ამ საქმეში დიდ სანაპირო ქალაქ ლაეში, რომელიც მადანგის სამხრეთ-აღმოსავლეთით 210 კილომეტრში მდებარეობდა. „თითქმის ყოველ საღამოს ვატარებდით ჩვენს სახლში ბიბლიის შესწავლებს დაინტერესებულთა დიდ ჯგუფებთან. სულ რაღაც ექვს თვეში ათი ბიბლიის შემსწავლელი შემოგვიერთდა მსახურებაში“, — იხსენებს ჯონი. იმავე წელს ლაეს კინოთეატრში 1 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო ფილმის ჩვენებას, რომლის სახელწოდებაც იყო „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“. დამსწრეთაგან ბევრი შორეული მთიანი მხარეებიდან იყო ჩამოსული სამუშაოდ. მოგვიანებით, როცა უკან დაბრუნდნენ, მათ სასიხარულო ცნობა თავიანთ სოფლებში ჩაიტანეს.

ლაედან მოშორებით კუნძულის სიღრმეში მცხოვრებ მაუწყებელთა მსახურებაც წარმატებით მიმდინარეობდა. ჯეკ არიფეაიმ, ამ ახოვანმა და მრგვალსახიანმა მამაკაცმა, რომელიც იეჰოვას მსახურებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა, ვარში ძლიერი კრება ჩამოაყალიბა. კრების შეხვედრები მის სახლში ტარდებოდა. ერთ დროს საშიშ კანიბალთა ტომის, კუკუკუკუს, დაახლოებით 30 წევრი ბიბლიას სწავლობდა და სულიერად წინ მიიწევდა.

იმავე პერიოდში ახლომდებარე ბულოლოში უელი და ჯოი ბუსბრიჯების გულმოდგინე მსახურებამ ადგილობრივი ეკლესიის მესვეურები ძალზე გააღიზიანა. ეკლესიის წინამძღოლები იმ ტერიტორიას თავიანთ სამფლობელოდ მიიჩნევდნენ. მათი წაქეზებით დამსაქმებელმა უელს ულტიმატუმი წაუყენა: „ან შენს რელიგიას შეეშვი, ან ახალი სამსახური მოძებნე“. უელი და ჯოი საცხოვრებლად ლაეში გადავიდნენ და იქ განაგრძეს ქადაგება. მოგვიანებით მათ სრული დროით მსახურება დაიწყეს და არაერთი წლის განმავლობაში იყვნენ მიმოსვლით მსახურებაში.

ლაედან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ პოპონდეტაში სასიხარულო ცნობა პირველად ჯეროუმ და ლავინია ჰოტოტებმა იქადაგეს, რომლებიც თავიანთ მშობლიურ მხარეში პორტ-მორზბიდან დაბრუნდნენ. ჯეროუმს ხალხთან საუბრის დაწყება არ უჭირდა და ბიბლიის დახმარებით დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ლავინია კი ძალიან კეთილშობილი ადამიანი იყო და სხვების მიმართ გულწრფელ ინტერესს ავლენდა. მათ ქადაგება დაიწყეს და როგორც მოსალოდნელი იყო კიდეც, ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსი საკმაოდ მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად მათ სახლს მიადგა და მოითხოვა, სამქადაგებლო საქმიანობა შეეწყვიტათ. მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ. ჯეროუმმა და ლავინიამ არ შეწყვიტეს ქადაგება და იქ, მართალია პატარა, მაგრამ ძლიერი კრება ჩამოაყალიბეს.

1963 წლისთვის სასიხარულო ცნობამ პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ ვევაკამდეც მიაღწია. გერმანელი მშენებლები, კარლ ტეინორი და ოტო ებერჰარტი, დღისით ვევაკის საავადმყოფოში მუშაობდნენ, საღამოობით და შაბათ-კვირაობით კი 100-ზე მეტ ადამიანს ასწავლიდნენ ბიბლიას. მათი ქადაგებით გაცეცხლებულმა კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა ბრობს მოუყარა თავი და კარლისა და ოტოს მოტოციკლეტები ზღვაში გადააყრევინა. ამ მღვდლის ერთ-ერთი თანამზრახველი სოფლის გავლენიანი თავკაცი იყო, რომლის ვაჟიც მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა. მასზე ძალიან იმოქმედა იმის დანახვამ, თუ როგორ შეიცვალა მისი შვილი და მოწმეების მიმართ დადებითად განეწყო. მან ნება დართო მათ, იმ სოფლებში ექადაგათ, რომლებსაც თვითონ განაგებდა.

ფილიალის დაარსება

იმ დროს, როცა სამღვდელოება მოწმეების საქმიანობით გამოწვეული „პრობლემებიდან“ გამოსავალს ეძებდა, ძმები ცდილობდნენ, კანონით განემტკიცებინათ სასიხარულო ცნობის ქადაგების უფლება ქვეყნის უმაღლეს ინსტანციებში (ფილ. 1:7). 1960 წლის 25 მაისს მთავრობამ რეგისტრაციაში გაატარა ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაცია, იურიდიული კორპორაცია, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მრავალ ქვეყანაში იყენებენ. რეგისტრაციის მიღებამ გზა გაუხსნა ძმებს, რომ სახელმწიფოსგან შეეძინათ მიწა სამეფო დარბაზებისა თუ სხვა შენობების ასაშენებლად, რომლებიც სამეფოს საქმის წინ წაწევას მოემსახურებოდა.

მოგვიანებით, იმავე წელს, პაპუა-ახალ გვინეაში დაარსდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალიც. ფილიალის მსახურად დაინიშნა ჯონ კატფორტი. თუმცა ფილიალისთვის სათანადო ადგილის პოვნა შეუძლებელი ჩანდა, რადგან ფართობი თითქმის არსად ქირავდებოდა.

ეს პრობლემა ქვეყანაში ახლად ჩასული ცოლ-ქმრის, ჯიმ და ფლორენს დობინსების წყალობით გადაიჭრა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯიმი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა პაპუა-ახალ გვინეაში. მოგვიანებით მან და ფლორენსმა ჭეშმარიტება გაიგეს და მსახურების გაფართოება გადაწყვიტეს. ჯიმი იხსენებს: «1958 წელს ჩვენთან, ოჰაიოში, ერთი ძმა ჩამოვიდა და პაპუა-ახალ გვინეაში გადაღებული რამდენიმე სლაიდი გვაჩვენა. მოგვიანებით სახლში ვიპოვეთ ერთი სლაიდი, რომელიც მას ჩვენთან დარჩენოდა. ამ სლაიდზე ულამაზესი პეიზაჟები იყო ასახული, რომლის მსგავსიც არასოდეს გვენახა. ცოლმა მითხრა, რომ ფოსტით გადაგვეგზავნა ეს სლაიდი მისთვის, მე კი ვუთხარი: „არა, მოდი ჩვენ თვითონ ჩავუტანოთ“».

ერთი წლის შემდეგ ჯიმი და ფლორენსი თავიანთ ორ ქალიშვილთან, შერისთან და დებორასთან ერთად პორტ-მორზბის ერთ-ერთ გარეუბანში, სიქს მაილში გადავიდნენ საცხოვრებლად, ერთ პატარა ბეტონის სახლში. მალე ჯიმი ჯონ კატფორტს დაელაპარაკა ფილიალისთვის საჭირო ადგილის თაობაზე.

— ფილიალისთვის ადგილის ძებნაში პორტ-მორზბის ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, — თქვა შეწუხებულმა ჯონმა.

— ისე, ჩვენს სახლზე რას იტყოდი? — ჰკითხა ჯიმმა. — შეგიძლიათ სახლის წინა ნაწილში მდებარე სამი ოთახი დაიკავოთ, მე და ჩემი ოჯახი კი სახლის უკანა ნაწილში ვიცხოვრებთ.

1960 წლის 1 სექტემბერს, ყველა საჭირო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, დობინსების სახლი ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც პაპუა-ახალი გვინეის პირველი ფილიალი.

იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის მცდელობა

ჩვენი წარმატებები მოწინააღმდეგეებს არ ახარებდა. 1960 წლიდან მოყოლებული ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა, ვეტერანთა და სამხედრო პირთა ერთ-ერთმა გაერთიანებამ (RSL) და ადგილობრივმა მასმედიამ არაერთხელ გაილაშქრა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, რათა მათთვის სახელი გაეტეხათ და მათი საქმიანობა აეკრძალათ.

მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ზოგიერთ ექიმს, სასულიერო პირსა და მთავრობის წარმომადგენელს დაურიგეს პროპაგანდისტული პამფლეტი, სადაც განხილული იყო იეჰოვას მოწმეების შეხედულება სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. ამას პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, სამღვდელოება გამოეხმაურა. 1960 წლის 30 აგვისტოს ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა სტატია სათაურით „ეკლესიები აღაშფოთა სისხლზე დისკუსიამ“ (South Pacific Post). ამ სტატიაში ეკლესიების წინამძღოლებმა იეჰოვას მოწმეებს „ანტიქრისტე [და] ეკლესიის მტრები“ უწოდეს.

ამას მოჰყვა ცილისმწამებლური სტატიები, რომ თითქოს იეჰოვას მოწმეები ხელისუფლების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდნენ და, რომ მათი სწავლებები მხარს უჭერდა გაკვეთილების გაცდენას, გადასახადების გადაუხდელობას, სამრეწველო საქონლის კულტს და ანტისანიტარიასაც კი უწყობდა ხელს. ასევე გავრცელდა სხვა ცრუ ბრალდებები, თითქოს მოწმეები მოახლოებულ მზის დაბნელებას ხალხის დასაშინებლად და „უსწავლელი ხალხის გასაკონტროლებლად“ იყენებდნენ. ერთ-ერთი საგაზეთო სტატია მათ იმაშიც კი ადანაშაულებდა, რომ ისინი „ცხოვრობდნენ, ჭამდნენ და მუშაობდნენ გლეხებთან ერთად“. ზემოთ მოყვანილმა გაზეთმა მოწმეები იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მათი სწავლების თანახმად „ყველა ადამიანი თანასწორია“ და განაცხადა, რომ ისინი „კომუნისტებზე საშიშები იყვნენ“.

ბოლოს, 1962 წლის 25 მარტს ზემოხსენებულმა გაერთიანებამ (RSL) კოლონიურ მთავრობას მოუწოდა, რომ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აეკრძალა. მაგრამ ავსტრალიის მთავრობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ეს საჯაროდ განაცხადა. „ამ განცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დადებითი შედეგები მოჰყვა, — ამბობს დონ ფილდერი. — გონიერი ადამიანები ხედავდნენ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეების ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო იყო“.

ქადაგება მთიან მხარეში

იმავე თვეს ტომ და როვენა კიტოები პორტ-მორზბიდან რამდენიმე კვირით გაემგზავრნენ. მოგზაურობა საკმაოდ დამქანცველი აღმოჩნდა. მათ სასიხარულო ცნობა იქადაგეს ახალი გვინეის მთაგორიან მხარეში, სადაც ჯერ არავის ექადაგა.

30 წლით ადრე ამ მთიან მხარეს ავსტრალიელი ოქროსმაძიებლები ესტუმრნენ, სადაც გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილი თითქმის ერთმილიონიანი მოსახლეობა აღმოაჩინეს. იქაურ თავზარდაცემულ მაცხოვრებლებს ეს თეთრკანიანი მამაკაცები საიქიოდან დაბრუნებული წინაპართა სულები ეგონათ.

ოქროსმაძიებელთა კვალდაკვალ იქ ქრისტიანული სამყაროს მისიონერებიც ჩავიდნენ. „შეიტყვეს თუ არა ამ მისიონერებმა ჩვენი ჩასვლის ამბავი, სოფლის მაცხოვრებლები გააფრთხილეს, არ მოესმინათ ჩვენთვის, — იხსენებს როვენა. — მაგრამ მათ ამით კარგი რეკლამა გაგვიწიეს. იქაურები, რომლებიც ძალიან ცნობისმოყვარენი იყვნენ, მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს ჩასვლას“.

ტომმა და როვენამ პატარა მაღაზია გახსნეს ვაბაგში, ქალაქ მაუნტ-ჰაგენიდან ჩრდილო-დასავლეთით 80 კილომეტრში. „მღვდლებმა თავიანთ მრევლს აუკრძალეს ჩვენთან ლაპარაკი, ჩვენგან რაიმეს ყიდვა ან ჩვენთვის რაიმეს მოყიდვა და ისიც კი მოითხოვეს, რომ ჩვენთვის გაეუქმებინათ იჯარის ხელშეკრულება, — ამბობს ტომი. — მაგრამ დროთა განმავლობაში ხალხი მიხვდა, რომ ჩვენ ძალიან განვსხვავდებოდით სხვა თეთრკანიანებისგან. მათთვის ყველაზე უფრო შესამჩნევი ის იყო, რომ კარგად ვექცეოდით. ჩვენი კარგი საქციელის დამნახველთ, ხშირად თვალზე ცრემლიც კი ადგებოდათ ხოლმე და გვეუბნებოდნენ, რომ არ უნდოდათ ჩვენი არსად გაშვება“.

მოთმინებას კარგი ნაყოფი მოაქვს

1963 წლიდან მოყოლებული არ წყდებოდა სხვა ქვეყნებიდან ჩასულ იეჰოვას მოწმეთა ნაკადი, რომლებიც ამ მთიან მხარეში სამქადაგებლო საქმიანობის გასაფართოებლად ჩადიოდნენ. ეს და-ძმები ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილიდან ნელ-ნელა მიიწევდნენ დასავლეთით და ადგილ-ადგილ კრებებსა და ჯგუფებს აყალიბებდნენ. მალე მათ მთელ მთიან რეგიონში იქადაგეს.

აღმოსავლეთ მთიანეთის პროვინციაში მდებარე გოროკას პატარა კრება თავდაპირველად ერთ-ერთ საკუთარ სახლში ტარდებოდა. მოგვიანებით შეხვედრების ჩასატარებლად ამ კრების წევრებმა ადგილობრივი მასალით ააგეს უბრალო შენობა; 1967 წელს კი კოხტა, 40-კაციანი სამეფო დარბაზი ააშენეს. „ვხუმრობდი ხოლმე, რომ დიდი მიღწევა იქნებოდა, თუ არმაგედონამდე მთელ დარბაზს გავავსებდით, — გვიყვება ჯორჯ კოკსენი, რომელმაც ამ მთიან მხარეში ათი წელი იმსახურა. — ო, როგორ ვცდებოდი. სულ რაღაც ერთ წელიწადში იმდენმა დაიწყო კრების შეხვედრაზე დასწრება, რომ მეორე კრების ჩამოყალიბება გახდა საჭირო“.

გოროკას აღმოსავლეთით, ქალაქ კაინანტუსთან ახლოს ნორმ შარინი 50-ზე მეტ ადამიანს ასწავლიდა ბიბლიას თავის ქოხში. შესწავლებს ის ყოველდღე ატარებდა. მოგვიანებით, ორ-წელიწად ნახევრის განმავლობაში, ამ ჯგუფზე პიონერები ბერნტ და ერნა ანდერსონები ზრუნავდნენ. „ეს ხალხი იშვიათად იბანდა და თითქმის შიშველ-ტიტველი დადიოდა, მათ წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ და დემონიზმი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ მოთმინებითა და სიყვარულით გაწეულმა მზრუნველობამ თავისი ნაყოფი გამოიღო — ზოგმა საკმაოდ მალე შეძლო 150 მუხლის ზეპირად დამახსოვრება და მათი ახსნა-განმარტება“, — იხსენებს ერნა.

ბერნტსა და ერნას ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ შემსწავლელებთან. „როდესაც დანიშნულება მივიღეთ და კავინგში უნდა გადავსულიყავით, ქალები შემომეხვივნენ და ტიროდნენ. რიგრიგობით მისვამდნენ მკლავებზე და სახეზე ხელებს და ღაპაღუპით ჩამოსდიოდათ ცრემლები, — ამბობს ერნა. — დროდადრო შევდიოდი ქოხში, რომ მეტირა; ამ დროს ბერნტი მათ დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ბოლოს, როდესაც ჩვენი ავტომობილი ადგილიდან დაიძრა და დაღმართზე დაეშვა, უამრავი ხალხი გამოგვედევნა; ქალები ხმამაღლა ტიროდნენ. დღესაც თვალზე ცრემლის გარეშე ვერ ვიხსენებ იმას, რაც იმ დღეს განვიცადე. ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ახალი ქვეყნიერება, რომ ეს ძვირფასი ხალხი კვლავ ვნახოთ!“ ბერნტისა და ერნას მიერ დაწყებული საქმე სხვა პიონერებმა გააგრძელეს და კაინანტუში შესანიშნავი კრება ჩამოაყალიბეს.

სამეფოს თესლის თესვას ნაყოფი გამოაქვს

70-იანი წლების დასაწყისში მოწმეთა პატარა ჯგუფი უკვე აქტიურად ქადაგებდა გოროკადან დასავლეთით 130 კილომეტრში მდებარე ქალაქ მაუნტ-ჰაგენში. ამ ქალაქში ყოველკვირა იმართებოდა დიდი ბაზრობა და შორეული სოფლებიდან ათასობით ადამიანი ჩადიოდა. „ასობით პუბლიკაციას ვავრცელებდით ამ ბაზრობაზე“, — იხსენებს უშიშარი პიონერი და დოროთი რაიტი. როდესაც ხალხი თავ-თავის სოფლებში ბრუნდებოდა, სამეფოს ცნობაც თან მიჰქონდა. ამგვარად სასიხარულო ცნობამ ისეთ დაშორებულ ადგილებამდეც კი მიაღწია, სადაც მაუწყებლები ჯერჯერობით ვერ ახერხებდნენ ჩასვლას.

მოგვიანებით დოროთის ვაჟი, ჯიმ რაიტი, სხვა პიონერთან, კერი კეი-სმითთან ერთად მაუნტ-ჰაგენის აღმოსავლეთით ჩაისა და ყავის პლანტაციებით მდიდარ ვაგის თვალწარმტაც ველზე მდებარე ქალაქ ბანზში გააგზავნეს. აქ ისინი სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობისგან სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ; სასულიერო პირები ბავშვებს აქეზებდნენ, მათთვის ქვები დაეშინათ და სოფლიდან გაეძევებინათ. როდესაც კერიმ ახალი დანიშნულება მიიღო, ჯიმი ბანზში დარჩა და მარტო განაგრძო პიონერული მსახურება. ის იხსენებს: «ღამღამობით, როცა ჩემს ქოხში დასაძინებლად ვწვებოდი, ვლოცულობდი და ღმერთს ვეკითხებოდი: „იეჰოვა, რატომ ვარ აქ?“ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მივიღე.

2007 წელს ავსტრალიიდან ბანზში ჩავედი, საოლქო კონგრესს რომ დავსწრებოდი. იმ ადგილთან ახლოს, სადაც ერთ დროს ჩემი პატარა ქოხი იყო, ახალი, შესანიშნავი სამეფო დარბაზი იდგა. შესაძლებელი იყო ამ დარბაზის დროებით 1 000-კაციან საკონგრესო დარბაზად გადაკეთებაც. მივედი თუ არა იქ, ერთმა ძმამ მოირბინა ჩემთან, გადამეხვია და აქვითინდა. ბოლოს, როცა დამშვიდდა, ამ ძმამ, პოლ ტაიმ, მითხრა, რომ 36 წლის წინ თურმე მამამისს ვასწავლიდი ბიბლიას. პოლს მოგვიანებით მამამისის წიგნები წაეკითხა, ჭეშმარიტება მიეღო და ახლა კრებაში უკვე უხუცესად მსახურობდა.

ამ კონგრესზე ჩემგან ინტერვიუ აიღეს და მომაყოლეს, თუ როგორ გვდევნიდნენ პირველ ხანებში ბანზში ჩასულებს, — ამბობს ჯიმი. — ამან თითქმის მთელი დარბაზი აატირა. პროგრამის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ძმა მოვიდა ჩემთან, გადამეხვია და თვალცრემლიანებმა ბოდიში მომიხადეს. თურმე ეს ის ბავშვები ყოფილან, რომლებიც ქვებს მესროდნენ, მლანძღავდნენ და სოფლიდან მაგდებდნენ. მათ შორის იყო ლუთერანული ეკლესიის ყოფილი მსახური, მანგი სამგარიც; სწორედ ის აქეზებდა ამ ბავშვებს. ახლა კი ის უკვე უხუცესი იყო. ამ კონგრესზე მართლაც ბევრი საინტერესო შეხვედრა მქონდა!»

ჭეშმარიტების თესლი დაშორებულ ტერიტორიებზეც ღვივდება

მართალია, პაპუა-ახალ გვინეაში ჭეშმარიტება ბევრმა უშუალოდ იეჰოვას მოწმეებისგან გაიგო, იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ეს ცნობა იმის წყალობით გაიგეს, რომ ჭეშმარიტების ზოგიერთმა მარცვალმა დაშორებულ ტერიტორიებამდეც მიაღწია (ეკლ. 11:6). მაგალითად, დაახლოებით 1970 წლიდან ფილიალი რეგულარულად იღებდა სამქადაგებლო ანგარიშებს მდინარე სეპიკთან მდებარე ერთ-ერთი შორეული სოფლიდან, თუმცა ძმებმა არ იცოდნენ, რომელი სოფლიდან იგზავნებოდა ეს ანგარიშები, კონკრეტულად ვინ უგზავნიდა მათ და რომელ კრებას მიეკუთვნებოდა ეს ადამიანი. ფილიალიდან სთხოვეს სარაიონო ზედამხედველს, ძმა მაიკ ფიშერს, რომ ეს ამბავი გაერკვია.

„სოფლამდე რომ მიმეღწია, ათი საათი მოტორიანი კანოეთი ვიმგზავრე კოღოებით სავსე ჯუნგლების ვიწრო მდინარეებზე, — ყვება მაიკი. — ბოლოს, საღამო ხანს, როგორც იქნა, შევხვდი იმ იდუმალებით მოცულ ადამიანს, რომელიც ანგარიშებს აგზავნიდა ფილიალში. როგორც გაირკვა, ეს მამაკაცი წლების წინ სხვაგან ცხოვრობდა და კრებიდან გარიცხული იყო. ის დაბრუნებულიყო თავის სოფელში, მოენანიებინა ცოდვები და ქადაგება დაეწყო. ამ სოფლის 30 მაცხოვრებელი თავს უკვე იეჰოვას მოწმეს უწოდებდა და ზოგიერთი მათგანი უკვე მზად იყო, მონათლულიყო. ამ მონახულებიდან მალე ეს მომნანიე მამაკაცი კვლავ კრების წევრი გახდა, ფილიალმა კი ამ მხარეში ჯგუფის არსებობა ოფიციალურად სცნო“.

1992 წელს სხვა სარაიონო ზედამხედველმა, დერილ ბრაიონმა, შეიტყო, რომ ქვეყნის შიდა ნაწილში, ერთ-ერთ შორეულ სოფელში ხალხს ჭეშმარიტების გაგება სურდა. «სოფელში რომ ჩავსულიყავი, ჯერ 80 კილომეტრი გავიარე ავტომობილით, მერე საათ-ნახევარი ფეხით ვიარე გაუვალ ჯუნგლებში, ბოლოს კი ერთი საათი კანოეთი ვიმგზავრე დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, — იხსენებს დერილი. — ძალიან გავოცდი, როცა ცადაწვდენილი მთების ფონზე ახლად აშენებული შენობა დავინახე, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო გაკეთებული: „იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი“.

ამ დარბაზში დაახლოებით 25 დაინტერესებული იკრიბებოდა კვირაობით და სწავლობდა წიგნს: „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. ვინაიდან ისინი თავიანთ თავს იეჰოვას მოწმეებს უწოდებდნენ, ვკითხე, ბეტელის კაკალს თუ ღეჭავდნენ. „რა თქმა უნდა, არა! — მიპასუხეს. — ერთი წლის წინ, როცა ჭეშმარიტება გავიგეთ, თავი დავანებეთ მის ღეჭვას“. ცხადია, ძალიან გამიხარდა, როცა ფილიალმა ეს ჯგუფი ჩემი რაიონის შემადგენლობაში შეიყვანა».

მისიონერთა დიდი ნაკადი

80—90-იან წლებში პაპუა-ახალ გვინეაში სამქადაგებლო საქმიანობა სულ უფრო აქტიური გახდა, როცა ავსტრალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ახალი ზელანდიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ინგლისიდან, კანადიდან, ფილიპინებიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან სკოლა „გალაადისა“ და მსახურებაში დახელოვნების სკოლის ბევრი კურსდამთავრებული და ბევრი სპეციალური პიონერიც ჩავიდა. მოგვიანებით ამ მქადაგებლებიდან ზოგი დაქორწინდა; თავიანთ გულმოდგინე მქადაგებელ მეუღლეებთან ერთად ისინი კიდევ უფრო დიდი კურთხევა აღმოჩნდნენ ადგილობრივი და-ძმებისთვის.

ქვეყანაში ახალჩასული და-ძმების უმეტესობა თავიდან ორი-სამი თვის მანძილზე ტოკ-პისინ ან ჰირი-მოტუ ენას სწავლობდა. მათ გაკვეთილები დილაობით ჰქონდათ, ნაშუადღევს კი ნასწავლს მსახურებაში იყენებდნენ. ამგვარი მეცადინეობის წყალობით მათ რამდენიმე თვეში შეეძლოთ, ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები ჩაეტარებინათ და მოხსენებებიც წარმოეთქვათ.

ახალი ენის სწავლა მათ იმაშიც ეხმარებოდა, რომ მომთმენნი და თანამგრძნობნი ყოფილიყვნენ ბიბლიის შემსწავლელების მიმართ, რომლებმაც წერა-კითხვა არ იცოდნენ. ისინი მრავალ ადამიანს დაეხმარნენ წერა-კითხვის შესწავლაში, რამაც ამ დაინტერესებულებს საშუალება მისცა, თვითონ ეკითხათ ბიბლია (ეს. 50:4). ეს მაუწყებელთა რიცხობრივ ზრდაზეც აისახა. 1989 წელს ქვეყანაში 2 000 მაუწყებელი იყო, მაგრამ სულ რაღაც 9 წელიწადში მათი რიცხვი 50 პროცენტით გაიზარდა და 1998 წელს დაახლოებით 3 000 შეადგინა!

მართალია, ამ მახარობელთაგან ბევრს ჯანმრთელობისა თუ სხვა მიზეზების გამო მოუწია პაპუა-ახალი გვინეის დატოვება, მაგრამ მათ იქაურ და-ძმებს დაუვიწყარი „მემკვიდრეობა“ დაუტოვეს. დღემდე დიდი სითბოთი იხსენებენ ამ ძვირფასი და-ძმების ერთგულებასა და კეთილ საქმეებს (ებრ. 6:10).

მშენებლობა სამეფო საქმის წინსვლას უწყობს ხელს

იზრდებოდა მაუწყებელთა რიცხვი და საჭირო ხდებოდა უფრო მეტი სამეფო და საკონგრესო დარბაზი; საჭირო გახდა ფილიალის გაფართოებაც. როგორ გაართვეს ძმებმა ამას თავი?

1975 წლამდე სახელმწიფოს მიწის მართვის დეპარტამენტი რეგულარულად გამოყოფდა მიწას რელიგიური ორგანიზაციებისთვის. მიწის ნაკვეთი რომ მიეღოთ, რელიგიური ორგანიზაციები შესაბამის სამსახურს მიმართავდნენ და თავიანთ დასაბუთებულ თხოვნას წარუდგენდნენ. ის ორგანიზაცია, რომელიც საუკეთესოდ წარადგენდა თავის საქმეს, უფასოდ მიიღებდა მიწის ნაკვეთს, თუმცა იმ პირობით, რომ მშენებლობას დროის გონივრულ ფარგლებში დაასრულებდა.

სამღვდელოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1963 წელს ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციამ მოახერხა პორტ-მორზბიში ერთ-ერთი საუკეთესო მიწის ფართობის მიღება. ამ ფერდობი ადგილიდან კოკის ბაზრისა და ცისფერი მარჯნის ზღვისკენ საოცარი ხედი იშლებოდა. იქ ძმებმა ორ-სართულიანი შენობა ააშენეს, მოგვიანებით კი — სამეფო დარბაზიც. დროთა განმავლობაში მთავრობამ ძმებს სხვა ნაკვეთებიც გადასცა პორტ-მორზბის სხვადასხვა ნაწილში — საბამაში, ჰოჰოლაში, გერეჰუსა და გორდონში. იქ მათ სამეფო დარბაზები ააშენეს.

გორდონში მდებარე ნაკვეთი, რომელიც პრესტიჟულ ადგილას, თითქმის ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, თავიდან ანგლიკანურ ეკლესიას გამოუყვეს საკათედრო ტაძრის ასაშენებლად. რონ ფინი, რომელიც პაპუა-ახალ გვინეაში 25 წელი მსახურობდა, იხსენებს: „კომისიის თავმჯდომარემ საჯარო განხილვის დროს ანგლიკანური ეკლესიის მსახურს უთხრა, რომ მისი დეპარტამენტი უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ისინი ბევრ მიწის ნაკვეთს იღებდნენ, მაგრამ ხშირად არადანიშნულებისამებრ, მაგალითად, კომერციული მიზნით იყენებდნენ. თავმჯდომარემ ისიც დასძინა, რომ ანგლიკანურ ეკლესიას ახალ მიწის ნაკვეთებს მანამ არ მისცემდნენ, სანამ არ დარწმუნდებოდნენ, რომ უკვე მიღებულ ნაკვეთებს დანიშნულებისამებრ იყენებდნენ.

ამის შემდეგ თავმჯდომარე მომიბრუნდა და მკითხა, რის სათხოვნელად ვიყავით მისულები. ვუთხარი, რომ გვინდოდა გორდონში არსებული იმ მიწის ნაკვეთის მიღება, სადაც ტაძრის აშენებას აპირებდნენ. ამის გაგონებაზე ანგლიკანური ეკლესიის მსახური ფეხზე წამოხტა, მაგრამ თავმჯდომარემ მოითხოვა, თავის ადგილზე დამჯდარიყო. მეც სათქმელი ბოლომდე ვთქვი. დამსწრეთა გასაოცრად, კომიტეტმა ეს ნაკვეთი ჩვენს კრებას მისცა“.

ძმებმა ამ ადგილზე სამეფო დარბაზი და ფილიალის ოთხსართულიანი შენობა ააგეს. ახალი ფილიალის მიძღვნა 1987 წლის 12 დეკემბერს მოხდა. კოკის ნაკვეთი კი, სადაც მანამდე იყო ფილიალი, გაიყიდა. 2005—2010 წლებში ფილიალის გაფართოების მიზნით ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა, სამეფო დარბაზი და მთარგმნელობითი ოფისი ააშენეს. ამ შენობების მიძღვნა 2010 წლის 29 მაისს მოხდა.

დღეისათვის პაპუა-ახალ გვინეაში 89 სამეფო დარბაზი და თაყვანისცემისთვის განკუთვნილი სხვა შენობაა. ბევრ სოფელში სამეფო დარბაზების ასაშენებლად ჯერ კიდევ ადგილობრივ მასალებს იყენებენ, დიდ ქალაქებში კი — თანამედროვე სამშენებლო მასალებს. ახალი დარბაზებიდან ბევრი 1999 წლის შემდეგ აშენდა, როცა პაპუა ახალ-გვინეაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნების დახმარების პროგრამა ამოქმედდა.

სირთულეების მიუხედავად შეუპოვრად ქადაგება

პაპუა-ახალ გვინეაში რელიგიებს შორის სიტყვიერი შეთანხმება იყო დადებული იმის თაობაზე, თუ სადამდე ვრცელდებოდა თითოეულის უფლებამოსილება. ეკლესიებს თავიანთი ტერიტორიები ჰქონდათ და სხვა რელიგიის წევრები არ უნდა გაჰკარებოდნენ მას. თუმცა, როგორც ვიცით, იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას ქადაგებენ ყველასთან, ვისაც კი მისი მოსმენა სურს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი. მათმა ასეთმა შემართებამ და ჭეშმარიტებისადმი ბევრის დადებითმა გამოხმაურებამ სამღვდელოება განარისხა.

ნორმ შარინი იხსენებს: «ახალი გადასული ვიყავი დასავლეთ ახალი ბრიტანეთის პატარა კუნძულ კურმალაკზე საცხოვრებლად; ერთ-ერთი პირველი, ვინც მეწვია, ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი იყო. „ჩემს ტერიტორიაზე ქადაგების უფლება არა გაქვთ, — მითხრა მან. — ეს ხალხი უკვე ქრისტიანია“.

ერთ დღესაც დავინახე ჩემი ერთ-ერთი ბიბლიის შემსწავლელი, როგორ ცდილობდა თავსხმა წვიმასა და აბობოქრებულ ზღვაში ნავის ნაპირზე გამოყვანას. ასეთ ამინდში ზღვაში რომ შევიდა, სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. მან ნავი ნაპირზე გამოათრია, მოირბინა ჩემთან და ქოშინით მითხრა, რომ კათოლიკე წინამძღოლი ჩემ საცემად მოდიოდა და თან თავისი მრევლით სავსე ნავი მოჰყავდა. გასაქცევი არსად მქონდა, ამიტომ მივმართე იეჰოვას ლოცვით, რომ ჩემთვის სიბრძნე და ძალა მოეცა.

ნავი ნაპირს მოადგა და იქიდან 15 მამაკაცი გადმოვიდა. მათ წითლად ჰქონდათ სახეები შეღებილი იმის ნიშნად, რომ სასიკეთოდ არ იყვნენ მოსული. არ დავლოდებივარ, პირდაპირ ჩავედი მათთან შესახვედრად. მანამდე ცოტა მეშინოდა, მაგრამ ახლა შიში უკვე სადღაც გამქრალიყო. მივუახლოვდი თუ არა, ლანძღვა-გინება დამიწყეს; უნდოდათ, მდგომარეობიდან გამოვეყვანე და საბაბი მისცემოდათ, რომ ვეცემე. მაგრამ მე სიმშვიდე შევინარჩუნე.

ამასობაში კიდევ ერთი ჩემი ბიბლიის შემსწავლელი მოვიდა. ის იყო ამ კუნძულის მეპატრონე ხანდაზმული მამაკაცი. მან კეთილი განზრახვით უთხრა მათ: „იეჰოვას მოწმეები არ ჩხუბობენ. არ გჯერათ? დაარტყით და ნახავთ!“.

„ვისკენ არის ეს კაცი?“ — გავიფიქრე ჩემთვის და ვინატრე, ნეტავ გაჩუმდეს-მეთქი.

რამდენიმე წუთი ვესაუბრე მათ და შემდეგ ვთხოვე, უკან გაბრუნებულიყვნენ; კეთილგანწყობის ნიშნად კი მათ წინამძღოლს ხელი გავუწოდე. გაოცებულმა ირგვლივ მყოფთ შეხედა, ისინი კი მას მიაშტერდნენ. ბოლოს ჩამომართვა ხელი. ამან ვითარება განმუხტა და ყველამ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ბოლოს წავიდნენ და მეც შვებით ამოვისუნთქე. გამახსენდა ტიმოთესთვის ნათქვამი პავლეს სიტყვები: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს . . . თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება“» (2 ტიმ. 2:24).

ბერნტ ანდერსონი იხსენებს, როგორ ცდილობდა მთიანი მხარის ერთ სოფელში ლუთერანული ეკლესიის მღვდელი 70-კაციან ბრბოსთან ერთად, სოფლიდან გაეძევებინა იეჰოვას მოწმეები და დაენგრია მათი სამეფო დარბაზი. ბერნტმა ეს ბრბო დააშოშმინა, როცა მათ შესახვედრად სოფლის გარეთ გავიდა. ის მივიდა მღვდელთან და ჰკითხა, რატომ ასწავლიდა მათი ეკლესია, რომ ღვთის სახელი ანუტუ იყო (ეს სახელი ქრისტიანული სამყაროს ზოგმა მისიონერმა ადგილობრივებისგან გადმოიღო). მღვდელმა უთხრა, რომ ეს სახელი ბიბლიაში ეწერა. მაშინ ბერნტმა სთხოვა ეჩვენებინა, თუ სად ეწერა. მღვდელმა გადაშალა თავისი ბიბლია და ძებნა დაუწყო, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს ბერნტმა სთხოვა, ფსალმუნების 83:18 წაეკითხა. ბერნტის დახმარებით, როგორც იქნა მიაგნო ფსალმუნების წიგნს და ხმამაღლა დაიწყო მუხლის კითხვა. როდესაც წაიკითხა სახელი იეჰოვა, დახურა ბიბლია და იყვირა: „ეს სიცრუეა!“ გვიანღა მიხვდა, რომ ამით თავისივე ბიბლია დაგმო. მომხდარის შემდეგ იქ მყოფთაგან ბევრმა თვალსაზრისი შეიცვალა იეჰოვას მოწმეებზე.

რელიგიურმა მოწინააღმდეგეებმა არაერთი სამეფო დარბაზი გადაწვეს. ასეთი რამ მოხდა სოფელ აგიშიც (მილნის ყურის პროვინცია). ერთ-ერთი, ვინც დარბაზს ცეცხლი მოუკიდა, იმ დროს ნასვამი იყო. მოგვიანებით მან ძალიან ინანა თავისი საქციელი. რამდენიმე ხნის შემდეგ ის ძმებთან მივიდა, ბიბლიის შესწავლა დაიწყო და პიონერიც გახდა. გარდა ამისა, მას პიონერთა სახლში ცხოვრებაც შესთავაზეს, რომელიც აღდგენილი სამეფო დარბაზის ეზოში იდგა. ახლა მას უნდა ეზრუნა სწორედ იმ ადგილზე, სადაც ადრე დანაშაული ჩაიდინა.

დღეისათვის რელიგიური დევნა იშვიათია. «მშვიდობიანი დრო დაგვიდგა, — ამბობს კრეიგ სპიგელი. — მაგრამ სხვა პრობლემამ იჩინა თავი, კერძოდ, ძალადობამ. ხშირ შემთხვევაში მოძალადეები ის ყაჩაღები და ქურდები არიან, რომელთაც „რასკოლებს“ უწოდებენ. ასე რომ, საშიშ რაიონებში ქადაგებისას ძმები ჯგუფ-ჯგუფად დადიან და ყოველთვის მხედველობის არეში ჰყავთ ერთმანეთი».

„კარგია, როცა ხალხმა იცის, რომ იეჰოვას მოწმე ხარ“, — ამბობენ მისიონერები ადრიან და ანდრეა რაილები. „გონივრულია, რომ საყიდლებზე თუ საქადაგოდ წასვლისას ყოველთვის თან გქონდეს ლიტერატურა, — ამბობს ადრიანი. — მართალია, ის თქვენი უსაფრთხოების გარანტი ვერ გახდება, მაგრამ შეიძლება გარკვეულწილად დაგიცვათ, რადგან სწორედ მათი მეშვეობით გაიგებენ სხვები, რომ იეჰოვას მოწმე ხართ. ერთხელ ლაეს ერთ-ერთ საშიშ უბანში ავტომობილი გამიფუჭდა, მარტო ვიყავი და მალე გარს ბანდის წევრი ახალგაზრდები შემომეხვივნენ. ეტყობოდათ, რომ სასიკეთოდ არ იყვნენ მოსულნი. ორმა მათგანმა მიცნო, რადგან არცთუ ისე დიდი ხნის წინ ერთად ვისაუბრეთ ბიბლიურ საკითხებზე. მათ დანარჩენ ახალგაზრდებს უთხრეს, რომ ჩემთვის არაფერი დაეშავებინათ. ასე რომ, არც არაფერი მომპარეს და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. პირიქით, ჩემდა გასაოცრად და საბედნიეროდ, ეს ახალგაზრდები ჩემს ავტომობილს მოაწვნენ და დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მდებარე მისიონერთა სახლამდე მიმაგორებინეს“.

ბაზარში მყოფ ერთ დას დანით შეიარაღებულმა „რასკოლებმა“ ყურში წასჩურჩულეს: „მოგვეცი ჩანთა“. დამ მაშინვე მისცა და ისინიც გაიქცნენ. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდნენ, დას ბოდიში მოუხადეს და ხელუხლებელი ჩანთა უკან დაუბრუნეს. რა მოხდა? როგორც კი ჩანთა გაეხსნათ, ბიბლია და წიგნი „მსჯელობა“ ენახათ და თავი დამნაშავედ ეგრძნოთ.

ქადაგების სხვადასხვა მეთოდი

„ყველგან ვქადაგებდით, სადაც კი ხალხი იყო“, — იხსენებს ელსი თიუ. ის თავის ქმართან, ბილთან, ერთად 1958—1966 წლებში მსახურობდა პაპუა-ახალ გვინეაში. „ხალხს ვესაუბრებოდით თავიანთ სოფლებში, სახლებსა თუ ბაღებში, ბაზრებში და სოფლის გზებზე; ვესაუბრებოდით მეთევზეებს ზღვისა თუ მდინარის სანაპიროებზე. თავიდან მსოფლიო რუკაც დაგვქონდა თან, რათა მივარდნილ სოფლებში მცხოვრები ხალხისთვის გვეჩვენებინა, საიდან ვიყავით ჩამოსული. ეს აუცილებელიც იყო, რადგან მათთან მისვლა ზოგჯერ პატარა თვითმფრინავებითაც გვიხდებოდა და გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებში მცხოვრები ხალხი ფიქრობდა, რომ ზეციდან ვიყავით ჩამოცვენილნი! ასე რომ, რუკის დახმარებით ვაჩვენებდით, რომ ჩვენც ამ ქვეყნიერებისანი ვიყავით, ოღონდ დედამიწის სხვა ნაწილიდან“.

პაპუა-ახალი გვინეის გრძელ სანაპირო ზოლსა და უამრავი მდინარის სანაპიროზე გაშენებულ სოფლებში ჩასვლა მხოლოდ ნავით ან კანოეთი იყო შესაძლებელი. სტივ ბლანდი იხსენებს: «ძმა დაირა გიუბა, რომელიც ჰანუაბადაში (პორტ-მორზბი) ცხოვრობდა, გამოცდილი მენავე იყო. მას სახლის ქვეშ ჰქონდა ორი ამოჭრილი მორი. მე და ერთმა ძმამ, რომელიც ჩემთან ერთად პიონერად მსახურობდა, ვუშოვეთ სამყოფი ხის მასალა, რათა „პუაპუა“ ანუ იქაური კატამარანი გაეკეთებინა. იალქანი ბრეზენტისგან გავაკეთეთ. ჩვენს კაპიტანთან, დაირასთან, და ორ-სამ ჰანუაბადელ ძმასთან ერთად, რომლებიც „ეკიპაჟის“ წევრები იყვნენ, ბევრჯერ ვიმოგზაურეთ პორტ-მორზბის მახლობლად, სანაპირო ზოლში მდებარე სოფლებში».

60-იანი წლების მიწურულს ბერნტ ანდერსონი მეუღლესთან ერთად მსახურობდა მთავარი კუნძულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 650 კილომეტრში მდებარე თვალწარმტაც კუნძულ ახალ ირლანდიაზე. ის წერს: «ახლომდებარე პატარ-პატარა კუნძულებიდან ხალხი მოდიოდა და გვთხოვდა, მათთანაც ჩავსულიყავით. ამისათვის საჭირო იყო ნავი; ამაზე კი ოცნებაც ზედმეტი იყო, რადგან ყოველთვიურად მხოლოდ მცირეოდენ თანხას ვიღებდით. ფარდულში რამდენიმე ფიცარი გვქონდა, მაგრამ ნავის ასაშენებლად ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი. ასე რომ, ამ საკითხზე იეჰოვას მივმართეთ ლოცვით. მოულოდნელად, ლაეში მცხოვრებმა ერთმა ძმამ 170 დოლარი გამოგვიგზავნა, რომ სხვა კუნძულებზე წასვლა შეგვძლებოდა. ასე რომ, ავაგეთ ნავი და დავარქვით „პიონერი“. თუმცა ამ ნავისთვის ძრავა არ გვქონდა. ამჯერადაც იმ საყვარელმა ძმამ გამოგვიგზავნა საჭირო თანხა პატარა ძრავის საყიდლად. ახლა უკვე შეგვეძლო ჩავსულიყავით იმ ულამაზეს კუნძულებზე და მოგვენახულებინა ხალხი».

დაახლოებით 1990 წელს სარაიონო ზედამხედველმა, ჯიმ დეივისმა, სამ ძმასთან ერთად შეადგინა გეგმა, რომ ექადაგათ ლტოლვილთა ბანაკში, რომელიც მდინარე ფლაის სათავესთან, ინდონეზიის საზღვართან ახლოს მდებარეობდა. ძმებმა დაგეგმეს, რომ გაჩერებულიყვნენ ერთ დაინტერესებულ ქალთან, რომლის ქმარიც ბანაკის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. «ავუყევით მდინარე ფლაის და სადღაც ორი საათი ვიმგზავრეთ მოტორიანი კანოეთი, — ამბობს ჯიმი. — დაახლოებით დილის 9 საათი იქნებოდა, როცა ჯუნგლებში გაკაფულ ტალახიან გზას მივადექით, რომელიც ბანაკში მიდიოდა. დავსხედით და დაველოდეთ, სანამ რაიმე ტრანსპორტი გამოივლიდა.

ბოლოს, საღამოს ხუთ საათზე ავტომობილი გამოჩნდა. ჩავაწყვეთ ბარგი, ავძვერით ძარაზე და სადღაც ასი მეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ მანქანა გაფუჭდა. მძღოლმა აუჩქარებლად გაარკვია მიზეზი, მოძებნა ღობის მავთული, შეძვრა მანქანის ქვეშ და გატეხილი ნაწილები ერთმანეთზე გადააბა. „ეს შორს ვერ წაგვიყვანს“, — გავიფიქრე მე. მაგრამ შევცდი. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი გზების გამო ავტომობილს ორივე ხიდი ჩართული ჰქონდა, მავთულმა მთელი ხუთი საათი გაძლო. ხშირად ვარდებოდა მანქანა ტალახში, ვაწვებოდით და ამოგვყავდა. ბანაკამდე ღამის ათ საათზე მივაღწიეთ დაღლილებმა და ტალახში ამოგანგლულებმა.

სამი დღის განმავლობაში ვქადაგებდით და მთელი ლიტერატურაც გავავრცელეთ ამ ბანაკში, რომელიც ჯუნგლებში დიდ ტერიტორიაზე იყო გაშლილი. იქ შევხვდით კრებიდან გარიცხულ მამაკაცს, რომელმაც სურვილი გამოთქვა, დაბრუნებოდა იეჰოვას. მოგვიანებით ძალიან გაგვეხარდა, როცა გავიგეთ, რომ ის მართლაც ასე მოქცეულიყო. დღეს მისი ცოლი და რამდენიმე შვილი ჭეშმარიტებაში არიან. ჭეშმარიტებაში არიან ის დაინტერესებული ქალიც და მისი ქმარიც, რომლებმაც სიხარულით მიგვიღეს თავიანთთან და თავშესაფარი მოგვცეს».

სარაიონო მსახურება მდინარე სეპიკზე

დაახლოებით 1 100 კილომეტრზე გადაჭიმული მდინარე სეპიკი მთაგორიანი მხარეებიდან ზღვისკენ დიდი ყავისფერი გველივით მიიკლაკნება. ზოგ ადგილზე იმდენად ფართოა, რომ ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირს თვალს ვერ გაუწვდენ. ეს მდინარე გზატკეცილის მაგივრობასაც სწევს. ძმები, მათ შორის მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი ცოლები, ხშირად მგზავრობენ მასზე. მოდი ვნახოთ, როგორ ინახულებენ სარაიონო ზედამხედველი და მისი მეუღლე იმ კრებებს, რომლებიც ამ უდიდესი „გზატკეცილის“ გასწვრივ მდებარეობს.

უორენ რენალდსი წერს: „მე და ჩემი ცოლი, ლიანი, დილაადრიან გამოვედით ქალაქ ვევაკიდან. ავტომობილზე ზემოდან სამმეტრ-ნახევრიანი ალუმინის ნავი გვქონდა დამაგრებული. მგზავრობისას ავტომობილს, ძირითადად, ორივე ხიდი ჩართული ჰქონდა. ასე ვიმგზავრეთ სამი საათი. ბოლოს შევჩერდით მდინარესთან და ავტომობილი რამდენიმე დღით იქ დავტოვეთ, ჩვენ კი მდინარეს ავუყევით, რათა სეპიკის შენაკადებთან სოფლებში მცხოვრები 30-მდე მაუწყებელი მოგვენახულებინა.

დავტვირთეთ ჩვენი ბრტყელძირიანი ნავი, დავქოქეთ ძრავა, რომლის სიმძლავრეც 25 ცხენის ძალა იყო, და ავუყევით მდინარეს. ერთი საათის შემდეგ სეპიკიდან გადავუხვიეთ მის შენაკად იუატზე და სოფელ ბაივატამდე კიდევ ორი საათი ვიმგზავრეთ. იქაურმა ძმებმა და ბიბლიის შემსწავლელებმა თბილად მიგვიღეს. რამდენიმე მათგანმა ჩვენი ნავი წყლიდან ამოათრია და ერთ-ერთის სახლში შეინახა. მას შემდეგ, რაც მივირთვით შაქარა ბანანი და ქოქოსის რძე, ყველანი დავადექით ორ-საათიან გზას, რომელიც ჭაობიან ჯუნგლებში გადიოდა. წინ მაუწყებლები მიგვიძღოდნენ და ბარგის ტარებაში გვეხმარებოდნენ. როგორც იქნა, მივაღწიეთ პატარა სოფელ დიმირიმდე. წყურვილი ქოქოსის რძით მოვიკალით და ადგილობრივი მასალით აშენებულ, ბოძებზე შემოდგმულ სახლში გავშალეთ კოღოებისგან დამცავი ბადე და ლოგინი. ვახშამზე მივირთვით ჩინური კარტოფილისგან მომზადებული კერძი და დასაძინებლად დავწექით.

იქ, სამ სოფელში 14 მაუწყებელი ცხოვრობდა. რამდენიმე დღეში სამივე სოფელში ვიქადაგეთ და ბევრი დაინტერესდა. ძალიან გაგვეხარდა, როცა ორმა ბიბლიის შემსწავლელმა თავიანთი ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირა და შეძლეს, სამეფოს მაუწყებლები გამხდარიყვნენ. სხვა მაუწყებლებმა საქორწილო ვახშამი გამართეს, მოამზადეს ჩინური კარტოფილი, საგო, საჭმელად ვარგისი ფოთლები და ორი წიწილა.

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კვირას საჯარო მოხსენებას 93 ადამიანი დაესწრო. შეხვედრის შემდეგ ჩავალაგეთ ჩანთები და შუადღის პაპანაქება სიცხეში ბაივატისკენ გავწიეთ, იქ ერთი ბიბლიის შემსწავლელის სახლში დავტოვეთ ბარგი და ქადაგება დავიწყეთ. ზოგმა ლიტერატურა აიღო, ზოგმა კი ბიბლიის შესწავლაც დაიწყო. იმ ღამეს ბიბლიის შემსწავლელის სახლში კოცონის ირგვლივ ვივახშმეთ; ცეცხლის კვამლზე კოღოები აღარ მოდიოდნენ, რომლებიც ასე მრავლად იყვნენ ყურეში.

დილაადრიან დავბრუნდით იქ, სადაც ნავი გვქონდა დატოვებული, ჩავსხედით შიგ და გავცურეთ. მდინარეზე დილის ბურუსი იდო, ფრინველების ჭიკჭიკს ყურთასმენა მიჰქონდა, თევზები კი წყლის ზედაპირზე ხტებოდნენ. გზადაგზა გვხვდებოდნენ გასაყიდი საქონლით დატვირთულ ბამბუკის ტივებზე მსხდომი ოჯახები, რომლებიც ადგილობრივი ბაზრისკენ მიემართებოდნენ.

როგორც იქნა, ავტომობილამდე მივაღწიეთ, შევავსეთ ნავის საწვავის ავზი და ავიღეთ დასალევი წყალი და სხვა მარაგი. კვლავ შევედით მდინარეში და ახლა უკვე 14 მაუწყებლის მოსანახულებლად გავეშურეთ კამბოტისკენ. გზად ტროპიკულმა წვიმამ მოგვისწრო და ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილზე თავიდან ფეხებამდე გალუმპულები ჩავედით. კამბოტიდან მდინარეს ავუყევით დიდ სოფლამდე, რომელიც მდინარის ორივე მხარეს იყო გაშენებული; ამჯერად ჩვენი ნავი მაუწყებლებით იყო სავსე. იქ საღამომდე ვუქადაგეთ ხალხს. ისინი დიდი ინტერესით გვისმენდნენ. უკანა გზაზე ბამბუკის მოტივტივე ნავსადგომებზე მდგომ ხალხს ვუქადაგეთ. მათ დანახული ვყავდით დილით, როცა ავიარეთ და ჩვენს ჩამოვლას ელოდებოდნენ. რადგან ამ მხარეში უმეტესობას ფული არა აქვს, ჩვენი სტუმრობისა და დატოვებული ტრაქტატებისთვის მადლიერება საკვების — ქოქოსის, გოგრის, შებოლილი თევზისა და ბანანის — შემოწირვით გამოხატეს. მზის ჩასვლისთვის უკვე კამბოტში ვიყავით და ამ პროდუქტებით საჭმელს ვამზადებდით.

კამბოტში, ისევე როგორც სხვა სახლები ამ მხარეში, შეხვედრების ჩასატარებელი შენობაც ბოძებზე იდგა. წვიმიან სეზონზე, როდესაც არემარე წყალს მიაქვს, ხალხი პირდაპირ კანოეებით მიდის კრების შეხვედრის ადგილზე. ჩვენი სტუმრობის დასასრულს საჯარო მოხსენებას 72 ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც ამ შეხვედრაზე დასასწრებად ხუთი საათი იარა ფეხით.

დავბრუნდით ჩვენს ავტომობილთან, რომელსაც სარაიონო მსახურებაში ვიყენებდით; სახურავზე ნავი დავამაგრეთ და სამ საათში სახლში ვიყავით. გზადაგზა ვფიქრობდით ჩვენს საყვარელ და-ძმებზე, რომლებიც მდინარე სეპიკზე ცხოვრობდნენ. ვფიქრობდით იმაზეც, თუ როგორ უყვარს იეჰოვას ისინი. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ის თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ზრუნავს მათზე, რათა სულიერად დაპურებულნი იყვნენ. რაოდენ დიდი პატივია, იყო ამ შესანიშნავი ოჯახის წევრი!“

ბოროტ სულებთან ბრძოლა

მართალია, პაპუა-ახალ გვინეაში მცხოვრებთა უმეტესობა ქრისტიანია, ბევრმა მაინც შეინარჩუნა ძველი რელიგიური ტრადიციები. მაგალითად, ისინი თაყვანს სცემენ წინაპრებს და ბოროტი სულების ეშინიათ. ერთ-ერთ წიგნში აღნიშნული იყო, რომ ბოლო წლებში იქ „ძალიან პოპულარული გახდა შავი მაგია და ჯადოქრობა“. ამიტომ ხალხი ხშირად ავადმყოფობასა და სიკვდილს ექიმბაშებსა თუ გარდაცვლილ წინაპართა სულებს აბრალებს.

ასეთ გარემოში ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება ნამდვილად განმათავისუფლებელია. ზოგმა ექიმბაშმაც აღიარა ღვთის სიტყვის ძალა. მათ მიატოვეს თავიანთი საქმიანობა და ჭეშმარიტება მიიღეს. აი ორი მათგანის მაგალითი:

სოარე მაიგა პორტ-მორზბიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე სოფელში ცხოვრობდა. ხალხს ძალიან ეშინოდა მისი, რადგან დემონებისგან დიდ ძალას ფლობდა. მაგრამ ის დაინტერესდა იეჰოვას მოწმეების მრწამსით და სხვა დაინტერესებულებთან ერთად ბიბლიის შესწავლებს ესწრებოდა. მალე მან მიიღო ჭეშმარიტება და მიატოვა ძველი ცხოვრების გზა. თუმცა, როცა სცადა, სპირიტიზმთან დაკავშირებული ნივთები თავიდან მოეშორებინა, რაღაც იდუმალი სახით, ისინი კვლავ მის სახლში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, სოარეს გადაწყვეტილი ჰქონდა, წინააღმდეგობა გაეწია ეშმაკისთვის; ასე რომ, ერთ დღეს ყველა ეს ნივთი ჩანთაში ჩაყარა, ჩააგდო მძიმე ქვაც და პორტ-მორზბის სანაპიროდან ზღვაში მოისროლა (იაკ. 4:7). ამჯერად ეს ნივთები უკან აღარ დაბრუნებია. ამის შემდეგ ეს გაბედული მამაკაცი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, გულმოდგინე მსახური გახდა.

კორა ლეკე ავადმყოფების სამკურნალოდ ჯადოქრობას მიმართავდა და ბალახეულობას იყენებდა. თუმცა, როცა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, დიდი ბრძოლა მოუწია, თავი რომ დაეღწია იმ სულისგან, რომელიც ჯადოქრობაში ეხმარებოდა. სოარეს მსგავსად კორასაც გადაწყვეტილი ჰქონდა, გაეწყვიტა ყველანაირი კავშირი დემონებთან და იეჰოვას დახმარებით მან ეს შეძლო. მოგვიანებით ის ჯერ სრული დროით პიონერად მსახურობდა, შემდეგ კი სპეციალურ პიონერად. ხანდაზმულობის დროსაც კი, როცა უკვე სიარული უჭირდა, ეს ერთგული ძმა თავის მეზობლებს უზიარებდა სასიხარულო ცნობას.

როგორ ახერხებდა კორა იმ ადგილზე მისვლას, სადაც ქადაგება უყვარდა? ძმებს ის ურიკით, მათთვის ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტით, მიჰყავდათ. მოგვიანებით ფილიალში მომსახურე ერთმა მარჯვე ძმამ ეტლი გაუკეთა ჩვეულებრივი რკინის სკამის კარკასით, ველოსიპედის ბორბლებითა და ბრეზენტით. გადაადგილების ახალმა საშუალებამ კორას დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა მისცა და ის სრულად სარგებლობდა ამით. მართლაც, რაოდენ დიდ მაგალითს გვაძლევენ ასეთი ხანდაზმულები და როგორ უთბობენ ისინი გულს იეჰოვას! (იგავ. 27:11).

ხალხისთვის წერა-კითხვის სწავლება

„ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“, — ნათქვამია რომაელების 15:4-ში. აშკარაა, ღმერთს სურს, რომ მისი ხალხი განათლებული იყოს. ამიტომ, როგორც უკვე მოვიხსენიეთ კიდეც, იეჰოვას მოწმეები პაპუა-ახალ გვინეაში თავს არ ზოგავდნენ, რომ ხალხისთვის წერა-კითხვა ესწავლებინათ.

რა თქმა უნდა, წერა-კითხვის სწავლა ადვილი არ არის, განსაკუთრებით კი უფროსი ასაკის ხალხისთვის, მაგრამ შემსწავლელი თუ მონდომებულია, წარმატება რეალურია. და მართლაც, ღვთის სიტყვას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს უბრალო და წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანებზე.

ეს კარგად ჩანს სავე ნანპენის მაგალითიდანაც. ეს ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე სეპიკის სათავესთან ახლოს ცხოვრობდა. როდესაც ის ლაეში გადავიდა საცხოვრებლად, დასავლური ცხოვრების სტილს გაეცნო. გარდა ამისა, ის შეხვდა იეჰოვას მოწმეებს, რომელთაც სამეფოს ცნობა გაუზიარეს. სავეზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, დაიწყო ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და მალე უკვე მზად იყო, გამხდარიყო მოუნათლავი მაუწყებელი. თუმცა შემდეგი ნაბიჯის გადადგმისგან, მონათვლისგან, თავს იკავებდა. რატომ? თურმე იეჰოვასთვის პირობა მიეცა, რომ მანამ არ მოინათლებოდა, სანამ თვითონ არ შეძლებდა ბიბლიის წაკითხვას. ის ბეჯითად სწავლობდა და სულიერ მიზნებსაც მიაღწია.

ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის წერა-კითხვა, მაგრამ ზოგიერთ მხარეში სკოლები დაარსდა და იეჰოვას მოწმეთა ბავშვები ამ სკოლებში სწავლობენ. ჩვენი ახალგაზრდები სანიმუშო მოსწავლეები არიან. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მათ მშობლებსა და კრების შეხვედრებზე მიღებულ დასწავლებას, მაგალითად, თეოკრატიული მსახურების სკოლას.

ბიბლიური ჭეშმარიტება ადამიანებს ცვლის

მოციქულმა პავლემ დაწერა: „ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის, რადგან მას ღვთისგან აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა დასამხობად“ (2 კორ. 10:4). ზოგჯერ მხოლოდ ერთ ბიბლიურ მუხლსაც კი შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა, როგორც ეს ერთი ქალბატონის, ელფრედას შემთხვევიდან გამოჩნდა. როდესაც ელფრედას მის მშობლიურ ვედაუ ენაზე დაბეჭდილ ბიბლიაში ღვთის სახელი აჩვენეს, მან ენციკლოპედიაში შეამოწმა და დარწმუნდა, რომ, რაც ბიბლიაში ღვთის სახელზე ეწერა, სინამდვილე იყო. „იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიან“, — გაიფიქრა მან. თუმცა მის მეუღლეს, არმიტაგეს, იეჰოვას მოწმეების სახელის გაგონებაც არ უნდოდა. ის ლოთი იყო, ღეჭავდა ბეტელის კაკალს და ეწეოდა თამბაქოს. გარდა ამისა, ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავიდა და სამსახურს თავი დაანება ლაეში, არმიტაგე ელფრედასთან ერთად ალოტაუში (მილნის ყურის პროვინცია) გადავიდა. იქ არც ერთი იეჰოვას მოწმე არ იყო. ამ ხნის განმავლობაში ელფრედამ გამოიწერა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ამავდროულად, წერილებით დაიწყო ბიბლიის შესწავლა პიონერ კეილინ ნილსენთან. „ელფრედა ყოველ კვირა, გამუდმებით მიგზავნიდა თავის დაწერილ პასუხებს“, — ამბობს კეილინი.

მოგვიანებით, მილნის ყურეში გალაადის კურსდამთავრებულები, ჯორდი და ჯოან რაილები დანიშნეს. მათ მოინახულეს ელფრედა, გაამხნევეს და მასთან ერთადაც იმსახურეს. „არმიტაგმა მთხოვა, რომ ბიბლია მესწავლებინა მისთვის, — იხსენებს ჯორდი. — მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, მაეჭვებდა მისი მოტივები. მაგრამ ერთი თვის შემდეგ, რაც შესწავლა დავიწყეთ, მივხვდი, რომ გულწრფელი იყო. მოგვიანებით ის მოინათლა და დროთა განმავლობაში მომსახურეც გახდა“. დღეისათვის მისი ოჯახის სამი თაობა ჭეშმარიტებაშია და მისი შვილიშვილი, კეგავალე ბიიამა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, პორტ-მორზბიში ფილიალის კომიტეტის წევრია.

ჰულაში პიონერად მსახურებისას დონ და შერლი ფილდერებმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს ალოგი და რენაგი პალაებთან. „ალოგი ქურდი და ჩხუბისთავი იყო, — წერს დონი. — მას რაღაც ტროპიკული დაავადება სჭირდა და მისი კანი საშინლად გამოიყურებოდა. ნახევარი პირი ტროპიკული წყლულისგან გამოჭმული ჰქონდა. ის და მისი ცოლი ბეტელის კაკალს ღეჭავდნენ, ასე რომ, კბილები ჩაშავებული, ღრძილები კი ხშირად სისხლივით წითელი ჰქონდათ. ყველაზე ვიფიქრებდით, რომ ჭეშმარიტებას მიიღებდა, მაგრამ არა ალოგიზე. მიუხედავად ამისა, ის და მისი ცოლი ჭეშმარიტებით დაინტერესდნენ და დაიწყეს კრების შეხვედრებზე დასწრება. ისინი უკანა რიგში წყნარად ისხდნენ ხოლმე.

ექვსი თვის განმავლობაში, — იხსენებს დონი, — ვხედავდით, როგორ საოცრად იცვლებოდა ალოგი. აღარ ქურდობდა, აღარ ჩხუბობდა. მან და რენაგიმ ფიზიკურად მოიწესრიგეს თავი და დაიწყეს კრების შეხვედრებში მონაწილეობის მიღება; სასიხარულო ცნობას უკვე სხვებსაც უზიარებდნენ. რამდენიმე სხვა დაინტერესებულთან ერთად ისინი პირველი მაუწყებლები გახდნენ ჰულას მხარეში“.

აბელ ვარაკი კუნძულ ახალ ირლანდიაზე ცხოვრობდა. მას ადრე კეთრი ჰქონდა, რის გამოც ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობა დაკარგა. როცა პირველად ჭეშმარიტება მოისმინა, ძლივსძლივობით დადიოდა და ცხოვრების ინტერესი ჰქონდა დაკარგული. ჭეშმარიტებამ სულ შეცვალა ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულება და თვალსაზრისი — სიხარულითა და ენერგიით აავსო. დროთა განმავლობაში ის პიონერიც კი გახდა. მის კვების რაციონს თევზი ამდიდრებდა, მაგრამ, რადგან ფეხებში მგრძნობელობა დაკარგული ჰქონდა, მისთვის რიფზე ფეხშიშველა სიარული არ შეიძლებოდა. ამიტომ ძმებმა მაღალყელიანი რეზინის ჩექმები უყიდეს. მან ველოსიპედის ტარებაც კი ისწავლა, რომლის მეშვეობითაც შეეძლო შორს წასულიყო და სასიხარულო ცნობა ექადაგა. ზოგჯერ აბელი 100 კილომეტრსაც კი გადიოდა დაინტერესებულების მოსანახულებლად. ერთხელ მან თითქმის 300 კილომეტრი გაიარა, დაინტერესებული მამაკაცი გახსენების საღამოზე რომ დაეპატიჟებინა.

ზოგჯერ „იეჰოვას ცოდნით“ მხეცივით ადამიანებიც კი საოცრად შეცვლილან (ეს. 11:6, 9). 1986 წელს ბანზის ახლოს მდებარე ორი სოფლიდან დაახლოებით 60 ადამიანი მივიდა საოლქო კონგრესზე ლაეში; ისინი წინა რიგებში დასხდნენ. მთიან მხარეში მცხოვრები ეს ადამიანები დიდი ხნის მტრები იყვნენ და ხშირად ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი. მაგრამ მას შემდეგ, რაც სპეციალური პიონერებისგან სასიხარულო ცნობა მოისმინეს, გადაწყვიტეს, მშვიდობიანად ეცხოვრათ. ასეთი შემთხვევები ზაქარიას 4:6-ში ჩაწერილ სიტყვებს გვახსენებს: «„არც ჯარითა და არც ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა». სწორედ ეს სული აღძრავს გულწრფელ ადამიანებს, რომ ბიბლიური ზნეობრივი ნორმების თანახმადაც იცხოვრონ.

ღვთის ძღვნის — ქორწინების — დაფასება

ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი კულტურისა და ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მიერ უგულებელყოფილია ქორწინებასთან დაკავშირებული ბიბლიური მოთხოვნა (მათ. 19:5; რომ. 13:1). ასეთი რამ არც პაპუა-ახალი გვინეისთვის არის უცხო. იეჰოვას მოსაწონად რომ ეცხოვრათ, ბევრმა წყვილმა, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობდნენ ერთად და მათ, ვისაც რამდენიმე ცოლი ჰყავდა, დიდი ცვლილებები მოახდინეს თავიანთ ცხოვრებაში. განვიხილოთ ფრანსესისა და მისი ცოლის, კრისტინის მაგალითი.

როდესაც ფრანსესმა სამხედრო სამსახურს თავი დაანება, ცოლს გაეყარა. კრისტინი თავის ორ ბავშვთან ერთად მშობლებთან დაბრუნდა კუნძულ გუდენაფზე (მილნის ყურის პროვინცია). ფრანსესი კი მაუნტ-ჰაგენში წავიდა. იქ მან ვიღაც შვილებიან ქალთან დაიწყო ცხოვრება. ისინი „ღვთის ასამბლეის ეკლესიაში“ დადიოდნენ. დროთა განმავლობაში იმ ქალმა, რომელთანაც ფრანსესი ცხოვრობდა, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით ფრანსესიც დაინტერესდა და მალე ორივენი კრების შეხვედრებს ესწრებოდნენ.

ფრანსესს უნდოდა, სამეფოს მაუწყებელი გამხდარიყო, ამიტომ ჯერ ოჯახური პრობლემები უნდა მოეგვარებინა. ბევრი ფიქრისა და ლოცვის შემდეგ დაელაპარაკა იმ ქალს, რომელთანაც ცხოვრობდა. ეს ქალი თავის შვილებთან ერთად სხვა სახლში გადავიდა; ფრანსესი კი კრისტინთან წავიდა, რომელთანაც უკვე ექვსი წელი აღარ ცხოვრობდა. რასაკვირველია, კრისტინს და მის ნათესავებს ძალიან გააოცებდათ ფრანსესის დანახვა. ბიბლიის გამოყენებით ფრანსესმა ყველას აუხსნა, რომ სურდა, იეჰოვას თვალში სწორად მოქცეულიყო. შემდეგ თავის ცოლს სთხოვა, ბავშვებთან ერთად გაჰყოლოდა მაუნტ-ჰაგენში და კვლავ, როგორც ოჯახს, ისე ეცხოვრათ ერთად. ყველა გაოცებული იყო მისი ასეთი ცვლილებით. კრისტინი დათანხმდა ქმრის შეთავაზებას და ფრანსესმა თავისი ცოლის ნათესავებს ფინანსური კომპენსაცია გადაუხადა იმისათვის, რომ ისინი მის ცოლ-შვილს ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავდნენ.

მაუნტ-ჰაგენში დაბრუნების შემდეგ კრისტინმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ის ამავდროულად წერა-კითხვის სწავლასაც შეუდგა. თავი დაანება ბეტელის კაკლის ღეჭვას და სიგარეტის მოწევას. ეს წყვილი ახლა იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურია.

ბავშვები, რომლებიც პატივს მიაგებენ თავიანთ შემოქმედს

პაპუა-ახალ გვინეაში ბევრი ბავშვი სირთულეების მიუხედავად, ბიბლიით განსწავლული სინდისით ხელმძღვანელობდა და ამით შესანიშნავად ამოწმებდა. მაგალითად, 1966 წლის დასაწყისში დაწყებითი კლასის მასწავლებელმა შვიდ იეჰოვას მოწმე ბავშვს უთხრა, რომ მომდევნო კვირას დაგეგმილ ცერემონიალზე მათგანაც მოითხოვებოდა დროშისთვის სალმის მიცემა. მაგრამ ამ ცერემონიალზე შეკრებილი დაახლოებით 300 მოსწავლის წინაშე შვიდივემ უარი განაცხადა ამ რიტუალის შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათმა მშობლებმა წერილობითი თხოვნით მიმართეს სკოლის ხელმძღვანელობას, ნება მიეცათ მათი შვილებისთვის, არ დასწრებოდნენ ცერემონიალს, ეს ბავშვები სკოლიდან მაინც გარიცხეს. ადგილობრივი კრების უხუცესმა ამ საქმის მოგვარება სთხოვა პაპუა-ახალი გვინეისა და ავსტრალიის მთავრობის წარმომადგენლებს.

23 მარტს პაპუა-ახალი გვინეის ავსტრალიელმა ადმინისტრატორმა დაურეკა სკოლის ხელმძღვანელობას და მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ ბავშვები სკოლაში. ეს იყო მცირე იურიდიული გამარჯვება, რომელიც ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლობამ მოიპოვა. დღეს პაპუა-ახალი გვინეის მთავრობა პატივს სცემს ბავშვების უფლებას, არ მისცენ დროშას სალამი, თუ მათ სინდისი არ რთავს ამის ნებას.

„ჩვილები და ძუძუთა ბავშვები“ სხვაგვარადაც განადიდებენ იეჰოვას (მათ. 21:16). მოვიყვანოთ მთიან მხარეში მცხოვრები ნეიომის მაგალითი. მისი მშობლები, ჯოუ და ჰელენი, არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები. ნეიომი დაახლოებით სამი წლისა იყო, როცა ლაეში თავის დეიდასთან სადღაც ერთი წლით დარჩა. დეიდა აქტიური იეჰოვას მოწმე იყო. მას რეგულარულად დაჰყავდა ნეიომი მსახურებაში და ხშირად დაატარებდა მას ზურგზე აკიდებულს. ასეთი სახით ნეიომი ნელ-ნელა ეცნობოდა სამეფოს ცნობას, განსაკუთრებით კი იმის წყალობით, რომ დეიდამისი ეფექტურად იყენებდა ილუსტრაციებს წიგნიდან „ბიბლიური მოთხრობები“.

ერთხელ, როდესაც ნეიომი უკვე თავის მშობლებთან იყო, აიღო იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთი პუბლიკაცია, გავიდა გარეთ და თავისი სახლის კარზე ხმამაღლა დააკაკუნა. „შემოდი“, — დაუძახეს მშობლებმა. ისიც შევიდა და უთხრა: „გამარჯობათ. მე იეჰოვას მოწმე ვარ და თქვენთან ბიბლიაზე სასაუბროდ მოვედი“. ჯოუ და ჰელენი გაოგნებულები უყურებდნენ, მან კი უთხრა: „ბიბლია ამბობს, რომ ამ მიწაზე სამოთხე იქნება და ჩვენ ერთი მეფე, იესო გვეყოლება. ყველაფერი, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, იეჰოვამ შექმნა“.

ჯოუ და ჰელენი განცვიფრდნენ. „რას იფიქრებენ მეზობლები, — წამოიძახა ჯოუმ, — ხვალ ბავშვი სახლიდან არ გაუშვა“.

მეორე დღეს, როდესაც მშობლები ეზოში ისხდნენ, ნეიომმა თავის საძინებელი ოთახის კედელზე ხმამაღლა დააკაკუნა. „გამოდი“, — დაუძახა ჯოუმ. ნეიომიც მაშინვე გავიდა გარეთ და სხვა სიტყვებით დაიწყო შეთავაზება: „გამარჯობათ. მე იეჰოვას მოწმე ვარ და თქვენთან საქადაგებლად მოვედი. კარგი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე, მაგრამ ისინი, ვინც ბრაზდებიან და ცუდ რამეებს აკეთებენ, სამოთხეში არ იქნებიან“. მშობლები თავზარდაცემულნი იყვნენ. ჰელენს ტირილი აუვარდა, ჯოუ კი სახლში შევარდა და დასაძინებლად დაწვა.

იმ ღამეს ჯოუს ცნობისმოყვარეობამ სძლია, გადაშალა თავისი ძველი ბიბლია, მეფე იაკობის თარგმანი, და სრულიად შემთხვევით წააწყდა იეჰოვას სახელს. დილას, იმის მაგივრად, რომ სამსახურში წასულიყო, დაუწერა წერილი იეჰოვას მოწმეებს და 40 კილომეტრი გაიარა ავტომობილით, რათა ჩასულიყო მაუნტ-ჰაგენში და სამეფო დარბაზში დაეტოვებინა ეს წერილი.

ძმებმა მიაკითხეს ჯოუსა და ჰელენს და მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მათ ჰელენს კითხვაც ასწავლეს. საბოლოოდ ორივენი მოინათლნენ და ჰელენი უკვე ბიბლიის სხვა შემსწავლელებს ასწავლიდა წერა-კითხვას. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პატარა გოგონა ღვთის განდიდების ძლიერი სურვილით მოქმედებდა.

ქრისტიანულ შეხვედრებზე დასასწრებად გაწეული ძალისხმევა

მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში ჩვენს და-ძმებს კრებებსა და კონგრესებზე დასასწრებად უწევთ გადატვირთული და დაბინძურებული გზატკეცილების გავლა ან ხალხით გადაჭედილი მეტროებით მგზავრობა. მაგრამ პაპუა-ახალ გვინეაში ხშირად პრობლემა ის არის, რომ კარგი გზები და ნორმალური ტრანსპორტი ცოტაა. ამიტომ ბევრ ოჯახს გზის გარკვეული ნაწილის გავლა მაინც ფეხით, კანოეთი ან ორივეთი უწევს. მაგალითად, მაუწყებლებს თავიანთ ბავშვებთან ერთად პორტ-მორზბიში გამართულ საოლქო კონგრესზე დასასწრებად ყოველ წელს 160 კილომეტრის გავლა უხდებათ ციცაბო ფერდობებსა და მიჯრით მდგომ მთებზე. ერთკვირიანი დამქანცველი მგზავრობის დროს ისინი მიუყვებიან ცნობილ კოკოდას გზას, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს არაერთი სასტიკი ბრძოლა გამართულა. თან მიაქვთ საკვები, საკვების მოსამზადებლად ჭურჭელი, ტანსაცმელი და კონგრესისთვის საჭირო სხვა ნივთები.

ახალი გვინეიდან საკმაოდ შორს მდებარე მარჯნის კუნძულ ნუკუმანუზე მცხოვრები და-ძმები ყოველ წელს კონგრესებს რაბაულში ესწრებიან, რომელიც დასავლეთით 800 კილომეტრში მდებარეობს. ჯიმ დეივისი იხსენებს: „რადგან გემები იშვიათად დადის, თავის დროზე რომ ჩავიდნენ, ზოგჯერ მათ ექვსი კვირით ადრე უწევთ კონგრესზე გამგზავრება. არავინ იცის, როგორ ან როდის დაბრუნდება უკან. ერთხელ ერთადერთი გემი, რომელიც ნუკუმანუში დადიოდა, შესაკეთებლად ავსტრალიაში ჩავიდა. იქ გემის მფლობელებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ასე რომ, ძმები სახლში მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაბრუნდნენ. მართალია, ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო, მაგრამ რამდენიმე კვირიანი დაგვიანება ჩვეულებრივი ამბავია, რის გამოც მოწმეებს ნათესავებთან და თანამორწმუნეებთან უწევთ დარჩენა“.

მისიონერების ბრწყინვალე მაგალითი

ისეთ ქვეყანაში მსახურება, სადაც ცხოვრების დონე შედარებით დაბალია, მისიონერებისგან ხშირად სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვს. თუმცა ბევრი შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ ასეთი ცვლილებების მოხდენა შეუძლებელი არ არის და, რომ ხშირად ადგილობრივი ხალხი ამას ძალიან აფასებს. პაპუა-ახალ გვინეაში მცხოვრებმა ერთმა ქალმა, რომელსაც ორი მისიონერი და ბიბლიას ასწავლიდა, ასეთი რამ თქვა მათზე: „კანი კი თეთრი აქვთ, მაგრამ გული ჩვენნაირი აქვთ“.

ზოგიერთი მისიონერი მიმოსვლით მსახურებას ეწევა. კრებების მოსანახულებლად ისინი, რაც კი შესაძლებელია, ყველანაირ ტრანსპორტს იყენებენ. მაგალითად, ის რაიონები, სადაც ედგარ მანგომა მსახურობდა, მოიცავდა მდინარე ფლაისა და ტბა მურაის. „ტბაზე მდებარე ორი კრების მოსანახულებლად ხან მოტორიანი კანოეთი მივდიოდი, ხან უმოტოროთი. თუ უმოტორო კანოეთი მივდიოდი, ერთი კრებიდან მეორე კრებაში მისასვლელად რვა საათი მჭირდებოდა. ჩვეულებრივ, სამი-ოთხი ძმა მახლდა თან; ჩამიყვანდნენ, დამტოვებდნენ და თვითონ უკან ბრუნდებოდნენ. უზომოდ ვაფასებ ამ ძმებს“.

მისიონერების კარგი მაგალითი, მათი თავმდაბლობა და ხალხის სიყვარული, შესანიშნავი დამოწმება იყო. «სოფლის მაცხოვრებლებს უკვირდათ, როცა მხედავდნენ, რომ დაინტერესებულების სახლებში ვრჩებოდი და მათთან ერთად ვჭამდი, — წერდა ერთი სარაიონო ზედამხედველი. — ზოგიერთმა იქაურმა ასეთი რამეც კი მითხრა: „შენ ნამდვილად ღვთის მსახური ხარ. ჩვენს მოძღვრებს ისეთი ურთიერთობა არა აქვთ ჩვენთან, როგორც შენ“».

უჭირთ სხვა ქვეყნებიდან ჩასულ დებს პაპუა-ახალ გვინეაში ცხოვრებასთან შეგუება? „პირველი რამდენიმე თვე ძალიან გამიჭირდა, — იხსენებს რუთ ბოლანდი, რომელიც თავის მეუღლესთან, დეივიდთან ერთად მიმოსვლით მსახურებაში იყო. — ბევრჯერ მიფიქრია, რომ ყველაფრისთვის თავი დამენებებინა. მაგრამ მიხარია, რომ ასე არ მოვიქეცი. შემიყვარდა ადგილობრივი და-ძმები და ძალიან ვაფასებ მათ. მე და ჩემი ქმარი ნაკლებად ვფიქრობდით საკუთარ თავზე და სხვებზე უფრო მეტად ვზრუნავდით. ამან ენით აღუწერელ სიხარულს გვაზიარა. ბევრი არაფერი გაგვაჩნდა, სულიერად კი მდიდრები ვიყავით. იეჰოვას ხელმძღვანელობას ყოველთვის ვხედავდით, არა მხოლოდ სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. სწორედ მაშინ ენდობი იეჰოვას და სწორედ მაშინ ხედავ მის კურთხევას, როდესაც არაფერი გაგაჩნია“.

სამოქალაქო ომი კუნძულ ბუგენვილზე

კუნძულ ბუგენვილზე ხანგრძლივი სეპარატისტული მოძრაობა 1989 წელს სამოქალაქო ომში გადაიზარდა და მთელი კუნძული მოიცვა. 12-წლიანი კონფლიქტის დროს დაახლოებით 60 000 ადამიანს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება, 15 000 კი დაიღუპა. იძულებით გადაადგილებულთა შორის იყო ბევრი მაუწყებელიც, რომელთა უმეტესობაც პაპუა-ახალ გვინეის სხვადასხვა ნაწილში დასახლდა.

კუნძულის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე პიონერი ძმა, დან ერნესტი, ბუგენვილის რევოლუციური არმიის (ბრა) ჯარისკაცებმა შეიპყრეს და წაიყვანეს უზარმაზარ საწყობში. დანი იხსენებს: «იქ დამხვდა არმიის ერთ-ერთი გენერალი, რომელსაც სამხედრო ფორმაზე უამრავი მედალი ეკიდა, წელზე კი — ხანჯალი.

— შენა ხარ დან ერნესტი? — მკითხა მან.

— დიახ, — ვუპასუხე მე.

— გავიგე, რომ ადრე პაპუა-ახალი გვინეის თავდაცვის სამსახურის ჯაშუში იყავი, — მითხრა მან.

არც კი დამამთავრებინა იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეები არც ერთ ქვეყანაში არ მონაწილეობენ კონფლიქტებში, ისე მითხრა: „ვიცით, ჩვენ გაკვირდებოდით. სხვა რელიგიები იმათ უჭერდნენ მხარს, ვინც უფრო ძლიერი ჩანდა. მხოლოდ თქვენი რელიგიის წევრები იყვნენ სრულიად ნეიტრალურები“. შემდეგ დასძინა: „ამ ომმა ჩვენს ხალხს დიდი უბედურება დაატეხა თავს და მათ თქვენი მანუგეშებელი ცნობის მოსმენა სჭირდებათ. ამიტომ გვინდა, რომ დარჩე ბუგენვილში და განაგრძო ქადაგება. მაგრამ, თუ წასვლას გადაწყვეტ, ვიზრუნებ, რომ მშვიდობიანად წახვიდე და წაიღო ყველაფერი, რაცა გაქვს“. ორი კვირის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე კუნძულ მანუსზე გაგვაგზავნეს პიონერებად და გენერალმაც თავისი სიტყვა შეასრულა».

ფილიალი ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ომის ზონაში მცხოვრებ მაუწყებლებთან კავშირი შეენარჩუნებინა. საზღვაო ბლოკადის მიუხედავად, ფილიალი ახერხებდა და-ძმებისთვის გარკვეული რაოდენობის საკვების, მედიკამენტებისა და ლიტერატურის გაგზავნას. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა, რომელიც იქაურ და-ძმებს ინახულებდა, დაწერა: „ომის კვალი ყველგან ჩანს, მაგრამ და-ძმები კვლავ აქტიურად მსახურობენ და ატარებენ კრების შეხვედრებს. მათ უამრავი ბიბლიის შესწავლაც აქვთ“.

ბოლოს, 2001 წელს მხარეებმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და ბუგენვილი და ახლომდებარე კუნძულები ავტონომიად გამოცხადდა. დღეისათვის კუნძულ ბუგენვილზე არც ერთი იეჰოვას მოწმე არ ცხოვრობს, თუმცა მეზობელ კუნძულ ბუკაზე შესანიშნავი კრებაა, რომელშიც 39 მაუწყებელია.

ვულკანი ანადგურებს რაბაულს

ქალაქ რაბაულში დიდი ნავსადგურია, რომელიც ძველი ვულკანის კრატერზეა გაშენებული. 1994 წლის სექტემბერში ნავსადგურის ორივე მხარეს ვულკანის ნაპრალოვანი არხებიდან მოხდა ამოფრქვევა, რამაც რაბაული მიწასთან გაასწორა და ამ პროვინციის მკვიდრთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. სამეფო დარბაზი და მასზე მიშენებული მისიონერთა სახლი განადგურდა, მაგრამ არც ერთი ძმა არ დაღუპულა გარდა ერთი ძმისა, რომელსაც გულის დაავადება ჰქონდა და გაქცევის დროს დაიღუპა. იმ ევაკუაციის გეგმის მიხედვით, რომელიც წლების მანძილზე სამეფო დარბაზის საინფორმაციო დაფაზე ეკიდა, ძმები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე წინასწარ დათქმულ უსაფრთხო ადგილებისკენ გაიქცნენ.

ფილიალმა დაუყოვნებლივ დაიწყო დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენა და ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება. გაგზავნეს შემოწირული ტანსაცმელი, კოღოებისგან დამცავი ბადეები, მედიკამენტები, ბენზინი, დიზელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ამასთანავე მეზობელმა კრებამ შესწირა ბრინჯი და ტარო. ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას ისე კარგად გაეწია ორგანიზება, რომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა და სხვებმა არაერთხელ შეაქეს ძმები ამისთვის.

რაბაულის კრებამ შეწყვიტა არსებობა. ვულკანის ამოფრქვევიდან ორი დღის შემდეგ სამოცდაათამდე მაუწყებელი და მათი შვილები მიტოვებული ტექნიკუმის შენობაში შეიკრიბნენ. როცა უხუცესები მივიდნენ, მაუწყებლებმა ჰკითხეს: „რომელ საათზე დაიწყება წიგნის შესწავლა?“ გასაჭირის მიუხედავად, კრების შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება არასოდეს შეწყვეტილა (ებრ. 10:24, 25). ძმების უმეტესობა ახლომდებარე ჯგუფებს შეუერთდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი კრებად ჩამოყალიბდა.

ადგილობრივი მთავრობა დაჰპირდა ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, რომლებმაც საკუთრება დაკარგეს, რომ მისცემდა მიწის ნაკვეთს რაბაულიდან 24 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ კოკოპოში. თუმცა იეჰოვას მოწმეების გარდა ნაკვეთი ყველას მისცეს. ვულკანის ამოფრქვევიდან შვიდი წლის შემდეგ ერთმა აფრიკიდან ჩასულმა ძმამ მუშაობა დაიწყო ქალაქის დაგეგმარების სამსახურში. როგორც კი გაიგო, რომ მოწმეებს უსამართლოდ მოექცნენ, კოკოპოში შესაფერისი მიწის ნაკვეთი შეარჩია და ძმებს განცხადების დაწერაში დაეხმარა, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა. მოხალისეთა სამშენებლო ჯგუფმა ააშენა სამეფო დარბაზი და მისიონერთა სახლი. საბოლოო ჯამში მოწმეების მიმართ ჩადენილი უსამართლობა კურთხევა აღმოჩნდა. როგორ? ეკლესიებისთვის გამოყოფილი მიწა ციცაბო გორაზე იყო, ხოლო ძმებისთვის მიცემული ნაკვეთი შესანიშნავ ადგილზე, ქალაქის ცენტრში მდებარეობდა.

მთარგმნელობითი საქმიანობა წინ მიიწევს

«ქვეყანაში, სადაც 800-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ, აუცილებელია ერთი ან რამდენიმე საერთო ენა, რომლითაც ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობას შეძლებს, — ამბობს ფილიალის კომიტეტის წევრი და მთარგმნელობითი განყოფილების ზედამხედველი ტიმო რაიალეჰტო. — ამ მიზნისთვის იდეალურია მარტივი სავაჭრო ენები, ტოკ-პისინი და ჰირი-მოტუ. მათი, როგორც მეორე ენის, შესწავლა შედარებით იოლია და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი. თუმცა ამ ენებზე არცთუ ისე ადვილია რთული აზრების გადმოცემა. ამის გამო ჩვენს მთარგმნელებს ხშირად სირთულეები ექმნებათ ზოგი ტერმინის თარგმნისას.

მაგალითად, გაირკვა, რომ ტოკ-პისინზე სიტყვა „პრინციპის“ ეკვივალენტი არ არსებობს. ამიტომ ჩვენმა მთარგმნელებმა ამის გამოსახატავად ტოკ-პისინის ორი სიტყვა გააერთიანეს და მიიღეს სიტყვა „სტიატოკ“ (ნიშნავს მიმართულების მიმცემ საუბარს), რომელიც აღწერს იმას, თუ როგორ აძლევს პრინციპები ადამიანს სწორ მიმართულებას. ეს სიტყვა მასმედიამაც აიტაცა და ბევრი, ვინც ტოკ-პისინზე ლაპარაკობს, იყენებს მას».

„საგუშაგო კოშკის“ გამოცემა მოტუ ენაზე 1958 წელს დაიწყო, ტოკ-პისინზე კი — 1960 წელს. სასწავლო სტატიები სიდნეიში (ავსტრალია) იბეჭდებოდა ცალკეულ ფურცლებზე, იკინძებოდა და შემდეგ პორტ-მორზბიში იგზავნებოდა. 1970 წელს ეს ჟურნალი 24-გვერდიანი გახდა, მისმა ტირაჟმა კი 3 500-ს გადააჭარბა. 24-გვერდიანი „გამოიღვიძეთ!“-ი ტოკ-პისინზე პირველად 1972 წლის იანვარში გამოვიდა. დღეისათვის ფილიალში ტოკ-პისინზე ითარგმნება „საგუშაგო კოშკი“, რომელიც თვეში ორჯერ გამოდის და „გამოიღვიძეთ!“-ი, რომელიც ამ ენაზე კვარტალში ერთხელ გამოდის; ჰირი-მოტუ ენაზე კი ითარგმნება „საგუშაგო კოშკის“ ყოველთვიური სასწავლო გამოცემა და კვარტალში ერთხელ გამოიცემა „საგუშაგო კოშკი“ ფართო მკითხველისთვის.

„ცოტა ხნის წინ რამდენიმე ტრაქტატი ვთარგმნეთ ისეთ ენებზე, როგორიცაა კაუანუა, ენგა, ჯივაკა, მელპა და ოროკაივა, — ამბობს ტიმო რაიალეჰტო. — მაგრამ, რატომ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება მაშინ, როცა ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებმა ტოკ-პისინი, ინგლისური ან ორივე ენა იციან? გვინდოდა, გაგვეგო, როგორ გამოეხმაურებოდა ხალხი სამეფოს შესახებ ცნობას მშობლიურ ენაზე. აღუძრავდა ეს მათ ინტერესს ჭეშმარიტებისადმი და განაწყობდა დადებითად იეჰოვას მოწმეებისადმი?

დიახ, ეს მართლაც ასე მოხდა! სინამდვილეში ამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ძმებმა მრავალი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და ზოგმა, ვინც ადრე ეწინააღმდეგებოდა მოწმეებს, მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. როცა ადამიანები მშობლიურ ენაზე კითხულობენ პუბლიკაციებს, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს მათზე“.

ამჟამად მთარგმნელობით განყოფილებაში 31 და-ძმა მსახურობს. ისინი ლიტერატურას თარგმნიან ჰირი-მოტუ და ტოკ-პისინ ენებზე. 2009 წლის დეკემბერში ყველა ძალიან გაახარა ახალ მთარგმნელობით ოფისში გადასვლამ.

პიონერული მსახურების სკოლა დიდი კურთხევაა

ბევრი იეჰოვას მოწმისთვის პიონერული მსახურების სკოლის გავლა დაუვიწყარია. ეს სკოლა პიონერებს არა მარტო სულიერ ზრდაში ეხმარება, არამედ ასწავლის მათ, როგორ გახდნენ უკეთესი პიონერები. აი, რა თქვა ზოგიერთმა, ვინც გაიარა ეს სკოლა:

ლუსი კოიმი: „სკოლამ დამანახვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რის გაკეთებაც შემიძლია ცხოვრებაში, სრული დროით მსახურებაა“.

მაიკლ კარაპი: „სანამ სკოლას გავივლიდი, ბევრი განმეორებითი მონახულება მქონდა, მაგრამ არ მქონდა არც ერთი ბიბლიის შესწავლა. ახლა უკვე ბევრი შესწავლა მაქვს“.

ბენ კუნა: „სკოლამ მასწავლა, რომ უფრო მეტად მივბაძო იეჰოვას და ვიფიქრო ისე, როგორც ის ფიქრობს“.

სიფონ პოპო: „ცხოვრებაში ასე თავდაუზოგავად არასოდეს მისწავლია. მივხვდი, რომ სწავლის დროს არ უნდა ავჩქარდე“.

ჯული კაინე: „ამ სკოლამ ისიც დამანახვა, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი მქონდეს მატერიალურ საგნებზე. ნამდვილად არ გვჭირდება იმდენი, რამდენიც თითქოს სხვების თქმით გვესაჭიროება“.

დან ბერკსმა, რომელიც ფილიალის კომიტეტის წევრია, აღნიშნა: „როცა პიონერები უკეთესი მასწავლებლები ხდებიან, ისინი უფრო ბედნიერებიცა და გულმოდგინეებიც არიან. დარწმუნებულნი ვართ, რომ პიონერული მსახურების სკოლა კვლავაც უდიდესი კურთხევა აღმოჩნდება ამ ქვეყანაში მცხოვრები ასობით პიონერისთვის. რასაკვირველია, ეს კურთხევა იქნება აქაური მაუწყებლებისთვისაც და დაინტერესებულებისთვისაც“.

სიყვარულით გაერთიანებულნი

იესო ქრისტემ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). პაპუა-ახალ გვინეაში სხვადასხვა ენის, რასის, კულტურისა და ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანები ქრისტიანული სიყვარულის კვანძებმა გააერთიანა. ამის შემხედვარე სუფთა გულის ადამიანები ამბობენ: „თქვენთან არის ღმერთი“.

სწორედ ასე გამოხატა თავისი გრძნობები ზემოთ მოხსენიებულმა ავტობუსის მეპატრონემ და ბანზის ლუთერანული ეკლესიის ყოფილმა მსახურმა, მანგი სამგარმა. რამ მიიყვანა ის ამ დასკვნამდე? ლაეში საოლქო კონგრესზე დასასწრებად იქაურმა კრებამ მანგის ერთ-ერთი ავტობუსი დაიქირავა. „აინტერესებდა მოწმეების საქმიანობა და თან გაჰყვა მათ, — ყვებიან სტივ და კათრენ დავალები, რომლებიც უკვე კონგრესზე იყვნენ, როცა მანგის ავტობუსი ჩავიდა. — მანგიზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ ორგანიზებულად მიმდინარეობდა ყველაფერი და როგორი დიდი სიყვარული სუფევდა სხვადასხვა რასისა და ტომის იეჰოვას მსახურებს შორის. მანგი, რომელიც მოწმეებით სავსე ავტობუსით უკან ბრუნდებოდა, უკვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჭეშმარიტებას მიაგნო. გავიდა დრო და მანგი და მისი შვილი უხუცესები გახდნენ“.

ახალგაზრდა ქვრივი პიონერი დის, ჰოელა ფორავას სახლში უკვე აღარ იცხოვრებოდა. ამასთანავე, ის თავის ქვრივ დედას უვლიდა. ორჯერ მისცა ნათესავს რის ვაივაგლახით შეგროვილი ფული, რომ ეყიდა მისთვის ხის მასალა, მაგრამ ხის მასალასთან ერთად ეს ფულიც დაკარგა. იქაურმა მოწმეებმა გაიგეს ჰოელას სავალალო მდგომარეობის შესახებ და სამ დღეში შეუკეთეს სახლი. ძმების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა იმდენად იმოქმედა მასზე, რომ ამ სამი დღის განმავლობაში თვალზე ცრემლი არ შეშრობია. ეს შემთხვევა არაჩვეულებრივი დამოწმება იყო სხვებისთვისაც. ადგილობრივი ეკლესიის დიაკვანმა გაოცებისგან ასეთი რამ თქვა: „როგორ შეიძლება, რომ ხალხმა, რომელიც ფულს არ ითხოვს და მხოლოდ წიგნებით სავსე ჩანთებით დადის, სამ დღეში ააშენოს სახლი?!“

მოციქულმა იოანემ დაწერა: „შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოან. 3:18). სწორედ ასეთი სიყვარულის წყალობით, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება, ჩვენი საქმიანობა პაპუა-ახალ გვინეაში კვლავ წინ მიიწევს. 3 672 მაუწყებელი 4 908 ბიბლიის შესწავლას ატარებს; 2010 წელს კი ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 25 875 ადამიანი დაესწრო. ეს აშკარად აჩვენებს იმას, რომ იეჰოვა დღესაც არ აკლებს კურთხევებს თავის ხალხს (1 კორ. 3:6).

70 წელზე მეტი ხნის წინათ უშიშარი და-ძმების მცირე ჯგუფი გაემგზავრა ამ საოცარ და იდუმალებით აღსავსე ქვეყანაში, რათა იქაურებისთვის ექადაგათ ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ათავისუფლებს (იოან. 8:32). მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ბევრი სხვა მოწმე, ჩასული თუ ადგილობრივი, შეუერთდა მათ ამ საქმეში. მათ წინ, ერთი შეხედვით, გადაულახავი დაბრკოლებები ელოდათ: გაუვალი ჯუნგლები, მალარიის გადამტანი კოღოებით სავსე ჭაობები, ცუდი გზები ან მათი არ არსებობა, ასევე სიღარიბე, ტომთა შორის დაპირისპირებები, ფართოდ გავრცელებული სპირიტიზმი და ზოგჯერ ქრისტიანული სამღვდელოებისა და მათი მიმდევრების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობა. ძმებს სირთულეს ისიც უქმნიდა, რომ ქადაგება უწევდათ წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანებთან, რომლებიც ათასობით ტომს განეკუთვნებოდნენ და რვაასზე მეტ ენაზე საუბრობდნენ. სამქადაგებლო საქმეში ამ და-ძმების უანგარო შრომას დიდად აფასებენ ისინი, ვინც მათ დაწყებულ საქმეს აგრძელებს.

ამ სირთულეებიდან ბევრს კვლავაც აწყდებიან პაპუა-ახალ გვინეაში მცხოვრები იეჰოვას მსახურები. მაგრამ ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია (მარ. 10:27). ამ მრავალფეროვან ქვეყანაში მცხოვრები და-ძმები სრულიად ენდობიან იეჰოვას, რომ ის კიდევ ბევრ გულმართალ ადამიანს მისცემს „სუფთა ენას, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს და მხარდამხარ ემსახურონ მას“ (სოფ. 3:9).

[სქოლიოები]

a მსოფლიოში უდიდესი კუნძული გრენლანდიაა. ავსტრალია კუნძული არ არის, ის კონტინენტია.

b ტექსტში არ გამოვიყენებთ ამ ქვეყნის ადრინდელ სახელებს. ყველგან მოვიხსენიებთ, როგორც პაპუა-ახალი გვინეა.

c გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

[ჩანართი 88 გვერდზე]

„ბობოგი, სად ისწავლე ეს ყველაფერი?“

[ჩანართი 100 გვერდზე]

„მან ნება დაგვრთო, უფასოდ გვეჩვენებინა ფილმი ხალხისთვის“

[ჩანართი 104 გვერდზე]

„ან შენს რელიგიას შეეშვი, ან ახალი სამსახური მოძებნე“

[ჩანართი 124 გვერდზე]

როგორც კი ჩანთა გახსნეს და ნახეს, რა იდო შიგ, თავი დამნაშავედ იგრძნეს

[ჩანართი 149 გვერდზე]

„კანი კი თეთრი აქვთ, მაგრამ გული ჩვენნაირი აქვთ“

პაპუა-ახალი გვინეა

[ჩარჩო⁄სურათი 80 გვერდზე]

მოკლე მიმოხილვა

ტერიტორია.

პაპუა-ახალი გვინეა კუნძულ ახალი გვინეის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამ ქვეყნის შემადგენლობაში შედის 151 პატარა კუნძული და ის საქართველოზე თითქმის შვიდჯერ დიდია. ცენტრალური ნაწილი ძირითადად მთაგორიანია; სანაპირო ზოლი კი გაუვალი ტროპიკული ტყეებითა და ჭაობებითაა დაფარული.

მოსახლეობა.

6 700 000 მცხოვრებიდან 99 პროცენტი პაპუა ან მელანეზიელია, დანარჩენი კი — პოლინეზიელი, ჩინელი და ევროპული წარმოშობის. უმეტესობა ქრისტიანია.

ენა.

პაპუა-ახალი გვინეა მსოფლიოში ყველაზე მრავალენოვანი ქვეყანაა. აქ გავრცელებულია 820 ენა, რაც მთელ მსოფლიოში არსებული ენების 12 პროცენტს შეადგენს. ადგილობრივი ენების გარდა უმეტესობამ იცის ტოკ-პისინი, ჰირი-მოტუ და ინგლისური.

ეკონომიკა.

მოსახლეობის 85 პროცენტი ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით პატარა სოფლებში ცხოვრობს და ბოსტნეული მოჰყავს. მთიან მხარეში მოჰყავთ საექსპორტო კულტურები — ყავა და ჩაი. ქვეყანა მდიდარია წიაღისეული საბადოებით; მოიპოვება ბუნებრივი აირი, ნავთობი და ხე-ტყის მასალა.

საკვები.

ძირითადი საკვები პროდუქტებია ბატატი, ტარო, მანიჰოტი, საგოს პალმა და ბანანი, რომელთაც უმადაც მიირთმევენ და მათგან კერძებსაც ამზადებენ. დიდი პოპულარობით სარგებლობს აგრეთვე ბოსტნეული, ტროპიკული ხილი, დაკონსერვებული ხორცი და თევზეულობა. ღორის ხორცს განსაკუთრებულ შემთხვევებში მიირთმევენ.

კლიმატი.

პაპუა-ახალ გვინეაში ორი სეზონია — ნალექიანი და „ნაკლებად ნალექიანი“. რადგან ეკვატორთან ახლოს არის, სანაპირო ზოლთან ტროპიკული კლიმატია, მთიან მხარეში კი შედარებით გრილა.

[ჩარჩო⁄სურათები 83, 84 გვერდებზე]

„სიმორცხვეს ვძლიე“

ოდა სიონი

დაიბადა: 1939 წ.

მოინათლა: 1956 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პაპუა-ახალ გვინეაში მცხოვრები პირველი ადგილობრივი პიონერი. დღეს მსახურობს სპეციალურ პიონერად ჰოჰოლა მოტუს კრებაში (პორტ-მორზბი).

◼ ერთხელ ჩემმა უფროსმა დამ ტომი და როვენა კიტოები დაინახა, როცა ისინი ჰანუაბადაში ხის გადასასვლელ ხიდებზე ქადაგებდნენ, და მთხოვა, დავსწრებოდი მათ შეხვედრებს, რათა რამე გამეგო ამ „ახალი რელიგიის“ შესახებ. მაშინ ეს შეხვედრები ბიბლიის ერთ-ერთი შემსწავლელის, ჰენი ჰენი ნიოკის სახლში ტარდებოდა.

იმ დროს 13 წლისა ბუნებით ძალიან მორცხვი ვიყავი. შევედი ჰენი ჰენის სახლში, სადაც 40 ჩემი თანასოფლელი შეკრებილიყო, ჩუმად დავჯექი უკან, თავი ხელებში ჩავრგე და მთელი შეხვედრის განმავლობაში ასე ვიყავი. ძალიან მომეწონა მოსმენილი და შეხვედრებზე სიარული დავიწყე. მალე ჰენი ჰენიმ მთხოვა, რომ ტომ კიტოს მოხსენება ინგლისურიდან მოტუ ენაზე მეთარგმნა. დამსწრეთაგან უმეტესობას ეს ენა ესმოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა; მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი. იმ დროს ჯონ კატფორტი მოვიდა ჩემთან, გვერდზე გამიხმო და მითხრა: „თუ ექიმი გახდები, შეძლებ ხალხს ფიზიკურად დაეხმარო, მაგრამ, თუ სულიერი ექიმი გახდები, მარადიული სიცოცხლის მიღებაში დაეხმარები მათ“. იმ კვირას პიონერად დავიწყე მსახურება.

პირველად ვარში დამნიშნეს. არცთუ ისე დიდი ხნით ადრე ვიყავი ამ ქალაქში და რამდენიმე ადამიანიც ვნახე, რომელთაც ჭეშმარიტება აინტერესებდათ. ჯეკ არიფეაიმ წამიყვანა, რომ ადგილობრივ ლუთერანულ ეკლესიაში მექადაგა. გადავწყვიტე, სისხლთან დაკავშირებულ ღვთის კანონზე მესაუბრა. იქ მყოფი 600 ადამიანი დიდი ყურადღებით მისმენდა, რადგან უმეტესობას სჯეროდა, რომ თუ ადამიანის სისხლს დალევდი, მაშინ მისი სული გმართავდა. განრისხებულმა მღვდელმა შეკრებილთ უთხრა, ჩემთვის არ მოესმინათ. მაგრამ ბევრს მოეწონა მოსმენილი და ბიბლიის შესწავლაც დაიწყეს.

სადღაც ერთი წლის შემდეგ დამნიშნეს პორტ-მორზბიდან 50 კილომეტრში ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ მანუ-მანუში. იქ შევხვდი ერთ-ერთი სოფლის თავკაცს, ტომ სურაუს, რომელმაც მიმიწვია, რომ მისი ხალხისთვის მექადაგა. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ დაამსხვრიეს ქალწული მარიამის ხის კერპი და მდინარეში გადაყარეს.

მდინარის დაყოლებაზე წყლის პირას მცხოვრებლებმა შეაგროვეს ეს ნამსხვრევები, თავიანთ კათოლიკე მღვდლებს მიუტანეს და თან გაიძახოდნენ: „მათ მარიამი მოკლეს!“ ჩემთან ორი მღვდელი მოვიდა. ერთ-ერთი პირდაპირ მომეჭრა, სახეში დამარტყა მუშტი და ბეჭდით ლოყა გამიჭრა. ჩემს დასახმარებლად სოფლელებმა მოირბინეს, მღვდლები კი გაიქცნენ.

მე პორტ-მორზბიში წავედი ჭრილობაზე ნაკერის დასადებად და პოლიციაში საჩივრის შესატანად. მოგვიანებით ეს მღვდლები დააჯარიმეს და მღვდლად მსახურების უფლებაც ჩამოართვეს. ამასობაში დავბრუნდი სოფელში და იქ ჯგუფი ჩამოვაყალიბე. იეჰოვას დახმარებით სიმორცხვეს ვძლიე.

[სურათი]

თავიდან კრებები ჰენი ჰენის სახლში ტარდებოდა

[ჩარჩო 86 გვერდზე]

„ვანტოკი“

ტერმინი „ვანტოკი“ ტოკ-პისინზე „ერთ ენას“ ნიშნავს და ძლიერ კულტურულ კვანძებზე მიუთითებს, რომელიც აერთიანებს ერთ ენაზე მოლაპარაკე ერთი და იმავე ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს. ამ კვანძებში იგულისხმება გარკვეული ვალდებულებები და უპირატესობები. მაგალითად, ისინი ვალდებული არიან, არჩინონ ხანდაზმული, უმუშევარი ან ინვალიდი „ვანტოკები“ (ადამიანები, რომლებიც მათ ენაზე ლაპარაკობენ). ეს მართლაც დიდი დახმარებაა ამ ქვეყანაში მცხოვრებთათვის, სადაც ასეთები მხოლოდ მიზერულ სოციალურ დახმარებას იღებენ.

თუმცა ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, როცა ვინმე ბიბლიური ჭეშმარიტების თანახმად იწყებს ცხოვრებას, ოჯახის სხვა წევრებმა შეიძლება მოიკვეთონ ის. ასეთ ვითარებაში ბიბლიის ახალ შემსწავლელებს იეჰოვას დახმარების იმედი უნდა ჰქონდეთ, თუ უმუშევრობის ან სხვა მიზეზების გამო გაუჭირდებათ (ფსალმ. 27:10; მათ. 6:33). «„ვანტოკის“ ტრადიციის გამო შეიძლება ძმები სერიოზული ზეწოლის ქვეშაც კი მოექცნენ, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ არა იეჰოვას მოწმე ნათესავებთან, მათ შორის, კრებიდან გარიცხულ ნათესავებთანაც კი, — ამბობს ფილიალის კომიტეტის წევრი კეგავალე ბიიამა. — არჩევნების დროსაც, ხშირად კანდიდატების მოწმე ნათესავებს აიძულებენ, რომ ქრისტიანული ნეიტრალიტეტი დაარღვიონ». რა თქმა უნდა, ისინი ასე არ იქცევიან.

[ჩარჩო⁄სურათი 91 გვერდზე]

მან ბევრის გული მოიგო

პაპუა-ახალ გვინეაში მსახურებისას ჯონ კატფორტმა ბევრის გული მოიგო. ვნახოთ, რას ამბობენ მასზე მისიონერები და სხვა მაუწყებლები, რომლებთანაც ის თანამშრომლობდა (იგავ. 27:2).

ერნა ანდერსონი: «ჯონი გვეუბნებოდა: „ნამდვილი მისიონერი ყველასათვის ყველაფერი ხდება. თუ დასაჯდომად კუნძს შემოგთავაზებენ, დასხედით — ის საუკეთესოა, რისი შემოთავაზებაც მათ შეუძლიათ. თუ უხეშ საწოლზე დაწოლას შემოგთავაზებენ, დაწექით — ის მათ მზრუნველობით მოგიმზადეს. თუ უჩვეულო საჭმელს შემოგთავაზებენ, შეჭამეთ — ის სიყვარულით არის მომზადებული“. ჯონმა თავგანწირული მისიონერული მსახურების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა».

ავაკ დუვუნი: «კოლონიური მმართველობის დროს ჯონმა არა მარტო დაამსხვრია თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის ბარიერი, არამედ გააცამტვერა კიდეც. „არანაირი განსხვავება არ არის შავ კაცსა და თეთრ კაცს შორის“, — ხშირად ამბობდა ხოლმე ის. მას ყველა უყვარდა».

პეტერ ლინკი: «ერთ ნაშუადღევს მთელი დღის ნამგზავრი ჯონი დაღლილ-დაქანცული და მტვრიანი მოვიდა ჩვენთან გოროკაში. თუმცა ვახშმის შემდეგ თქვა: „დღეს ჯერ არავისთვის არაფერი გამიკეთებია“ და მართალია ბნელდებოდა, მაინც წავიდა ერთი ადგილობრივი ოჯახის გასამხნევებლად. ის ყოველთვის სხვებზე ფიქრობდა. ის ყველას გვიყვარდა».

ჯიმ დობინსი: „ჯონმა გვასწავლა, გვეცხოვრა და გვესწავლებინა უბრალოდ; იესოს მსგავსად გამოგვეყენებინა ისეთი მაგალითები, რომელსაც ხალხი ადვილად გაიგებდა. ამის საშუალებით შევძელით, სასიხარულო ცნობა გაგვეცნო მათთვისაც, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა.“

[ჩარჩო⁄სურათი 101 გვერდზე]

„არასოდეს დავთმობთ“

კალიპ კანაი

დაიბადა: 1922 წ.

მოინათლა: 1962 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ერთ-ერთი პირველი, ვინც მადანგის ოლქში ჭეშმარიტება მიიღო. მოგვითხრო მისმა ვაჟმა, ულპეპ კალიპმა.

◼ მამაჩემი თავმდაბალი და გამჭრიახი ადამიანი იყო. როცა რაიმე პრობლემაზე ესაუბრებოდი, სანამ თავის აზრს გეტყოდა, ჯერ ყურადღებით მოისმენდა და კარგად გაანალიზებდა.

თხუთმეტი წლისა ვიყავი, როცა ზვიგენმა მუხლს ქვემოთ ფეხი მომაჭამა და მადანგის საავადმყოფოში მოვხვდი. ჩემთან ჩამოსულ მამას ჯონ დეივისონი შეხვდა. მან უთხრა: „იეჰოვას შეუძლია ახალი ფეხი მისცეს შენს შვილს ახალ ქვეყნიერებაში“. მამაჩემი ძალიან დაინტერესდა, დაიწყო ბიბლიის შესწავლა, რასაც სერიოზულად ეკიდებოდა და მალე ძლიერი რწმენა შეიძინა.

მამაჩემმა და მისმა ნათესავებმა დატოვეს კათოლიკური ეკლესია. ამის გამო ეკლესიამ წააქეზა პოლიცია, სახლებიდან გავეძევებინეთ. გვქონდა ახალაშენებული თორმეტი სახლი, რომლის ირგვლივაც აყვავებული ბაღები იყო გაშენებული. პოლიციამ ცეცხლმოდებული მაშხალები ესროლა ჩალის სახურავებს და ისინიც ცეცხლის ალში გაეხვა. სახლებში შევცვივდით, რომ რაიმე მაინც გადაგვერჩინა, მაგრამ ისეთი კვამლი იდგა და ისე ბრიალებდა ცეცხლი, რომ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ყველანი ვტიროდით, როცა ვხედავდით, როგორ იქცა ჩვენი სახლები ფერფლად.

ძალზე დამწუხრებულებმა მეზობელ სოფელს, ბაგილდიგს მივაშურეთ, სადაც სოფლის თავკაცმა მიგვიღო და ერთ პატარა ქოხში დაგვაბინავა. მაშინ მამამ მთელ ოჯახს შეგვახსენა: „იესოს დევნიდნენ, ამიტომ უნდა ველოდეთ, რომ ხალხი ჩვენც გაგვდევნის. მაგრამ არასოდეს დავთმობთ ჩვენს რწმენას!“

[ჩარჩო⁄სურათი 107, 108 გვერდებზე]

ის მადლიერია იმისთვის, რომ სკოლის მისამართი „შეეშალა“

მაიკლ საუნგა

დაიბადა: 1936 წ.

მოინათლა: 1962 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1964 წელს დაიწყო სპეციალურ პიონერად მსახურება. ის ყველაზე დიდი ხანია, რაც სპეციალურ პიონერად მსახურობს პაპუა-ახალ გვინეაში.

◼ სწავლის გასაგრძელებლად 1959 წელს რაბაულში გადავედი. როდესაც გავიგე, რომ მოწმეებს ჰქონდათ სკოლა, სახლში მივაკითხე „მასწავლებელს“, ლანს გასანს. ვფიქრობდი, რომ ეს ტექნიკუმი იყო. ლანსმა შემომთავაზა, დავსწრებოდი ბიბლიის შესწავლას, რომელიც ყოველ ოთხშაბათს ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის არ იყო, რაც მე მინდოდა, მისი შემოთავაზება მივიღე. ძალიან ვაფასებდი ნასწავლს, განსაკუთრებით კი იმას, რომ ღვთის სახელია იეჰოვა და, რომ იქნება „ახალი ცა და ახალი დედამიწა“ (2 პეტ. 3:13). მოვინათლე 1962 წლის 7 ივლისის დილას და ძალიან მადლიერი ვიყავი, რომ სასწავლებლის მისამართი „შემეშალა“.

იმავე დღეს დავესწარი შეხვედრას, რომელიც პიონერად მსახურების მსურველთათვის ჩატარდა. საოლქო ზედამხედველმა, ჯონ კატფორტმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყანები გადათეთრებული იყო მოსამკელად და, რომ უფრო მეტი მუშა იყო საჭირო (მათ. 9:37). როგორც კი შევძელი, მაშინვე ჩავეწერე დროებით პიონერთა (ასე ერქვათ იმ დროს დამხმარე პიონერებს) სიაში. 1964 წლის მაისში პიონერად დავიწყე მსახურება, სექტემბერში კი — სპეციალურ პიონერად.

ერთხელ, როცა რაბაულის მახლობლად ვქადაგებდი, ერთმა კაცმა, ტოლაის ტომიდან, მთხოვა, ბიბლია მიმეცა, რომ თავად ამოეკითხა იქიდან რაიმე. როცა მივეცი, დახია და მიწაზე დაყარა. მისთვის არაფერი მითქვამს, წავედი და პოლიციის უფროსს მოვახსენე მომხდარის შესახებ. მანაც მაშინვე გააგზავნა თავისი თანაშემწე მის დასაპატიმრებლად. პოლიციის უფროსმა უთხრა დაკავებულს: „შენ არა ხარ კაი კაცი. დაარღვიე ღვთის კანონიც და სახელმწიფოს კანონიც. ხვალვე უყიდი ამ კაცს ახალ ბიბლიას, თუ არა და ციხეში გაგიშვებ!“. შემდეგ მითხრა, რომ მეორე დღეს მივსულიყავი პოლიციის განყოფილებაში და ბიბლიის საყიდლად ფული ამეღო. მივედი და ფულიც დამახვედრეს. მას შემდეგ ტოლაის ტომიდან ბევრმა მიიღო ჭეშმარიტება.

ერთხელ კიდე მოწმეების ჯგუფთან ერთად ვავრცელებდი ტრაქტატს „ცნობა სამეფოს შესახებ“ ვევაკის დასავლეთით ერთ-ერთ მხარეში. ყველანი ჩემ წინ მიდიოდნენ და გზადაგზა ტრაქტატებს ავრცელებდნენ. ადგილობრივი სოფლის თავკაცს გაეგო ჩვენი საქმიანობის შესახებ და დარიგებული ტრაქტატები აეგროვებინა. ალბათ იცოდა, რომ ჩავიდოდი და შუა გზაზე დამხვდა დოინჯშემოყრილი; ერთ ხელში აგროვილი ტრაქტატები ეჭირა. ვკითხე, რაში იყო საქმე. მომაჩეჩა ტრაქტატები და მითხრა: „აქ მე ვარ უფროსი და არ მინდა, რომ ესენი ავრცელოთ“.

გამოვართვი ტრაქტატები; ამასობაში სოფლის მაცხოვრებლები ჩვენ ირგვლივ შეგროვდნენ. თვალი მიმოვავლე მათ და ვკითხე: „ბაღში სამუშაოდ ან სათევზაოდ თუ გინდათ წასვლა, ოფიციალური ნებართვა უნდა აიღოთ?“

„არა!“ — თქვა ერთმა ქალმა.

შემდეგ ვკითხე მათ: „გინდათ ამის წაკითხვა?“

„გვინდა“, — თქვეს მათ და ხელახლა დავურიგე ეს ტრაქტატები ისე რომ, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. თუმცა მოგვიანებით სოფლის დაახლოებით 20 თავკაცთან მომიწია შეხვედრა და ამ თემაზე საუბარი. საბედნიეროდ, ორის გარდა, ყველამ მხარი დაუჭირა ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას.

[ჩარჩო⁄სურათი 112 გვერდზე]

მოგპარეს მათ გული?

აიკოვანი

დაიბადა: 1940 წ.

მოინათლა: 1975 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ის იყო ენგას ტომიდან ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ჭეშმარიტება მიიღო.

◼ მაშინ, როცა ტომ და როვენა კიტოები ვაბაგში (ენგას პროვინცია) ჩამოვიდნენ, ადგილობრივმა ეკლესიებმა მათზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტომი და როვენა საფლავებს თხრიდნენ და მიცვალებულებს ჭამდნენ. ამ ამბებმა ძალიან შემაშინა.

ერთ დღეს ტომს მამაჩემისთვის უკითხავს, ხომ არ იცოდა ვინმე ახალგაზრდა ქალი, რომელიც მის ცოლს სახლის საქმეებში მიეხმარებოდა. მამაჩემს ეთქვა, რომ მე შევძლებდი ამის გაკეთებას. ძალიან შეშინებული ვიყავი, მაგრამ მამაჩემმა მაიძულა, უარი არ მეთქვა ამ სამუშაოზე.

მოგვიანებით ტომმა და როვენამ მკითხეს: „როგორ ფიქრობ, რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ?“

— კარგი ადამიანები ზეცაში მიდიან, — ვუპასუხე მე.

— ბიბლიაში წაიკითხე ეს? — მკითხეს მათ.

— სკოლაში არ მივლია და წერა-კითხვა არ ვიცი, — ვუპასუხე.

მ ათ დამაწყებინეს წერა-კითხვის სწავლა და ნელ-ნელა დავიწყე ბიბლიური ჭეშმარიტების გათავისება. როდესაც კათოლიკურ ეკლესიაში სიარული შევწყვიტე, ეკლესიის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა მკითხა: „რატომ აღარ დადიხარ ეკლესიაში? იმ თეთრკანიანმა ცოლ-ქმარმა მოგპარა გული?“

— დიახ, — ვუპასუხე მე. — ჩემი გული ახლა მათთან არის, რადგან ვიცი, რომ ისინი ჭეშმარიტებას მასწავლიან.

[ჩარჩო⁄სურათი 117 გვერდზე]

„მომეცი ქათამი და ეგ შენი იყოს“

ავაივა სარე

დაიბადა: 1950 წ.

მოინათლა: 1993 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ჭეშმარიტება დაშორებულ ტერიტორიაზე გაიგო. დღეს მუნდიპის კრებაში მომსახურეა.

◼ მეგობართან ვიყავი და ვნახე წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. რამდენიმე თავი წავიკითხე და ვთხოვე, ჩემთვის მოეცა ის. „მომეცი ქათამი და ეგ შენი იყოს“, — მითხრა მან.

გავუცვალე, წიგნი სახლში წავიღე და გულდასმით წავიკითხე. მალე სხვებთან საუბარი დავიწყე ჭეშმარიტებაზე, რომელიც ამ წიგნიდან გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წინამძღოლებმა ორჯერ გამაფრთხილეს, შემეწყვიტა ქადაგება, ჩემსას მაინც არ ვიშლიდი.

მალე მივწერე ფილიალს და ვთხოვე, ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებთან დავეკავშირებინე. მათ დამაკავშირეს ალფრედო დე გუსმანთან, რომელმაც საოლქო კონგრესზე დამპატიჟა.

კონგრესზე რომ მივედი, დაძონძილი ტანსაცმელი მეცვა და შავი დიდი წვერი მქონდა. მიუხედავად ამისა, ყველა კარგად და პატივისცემით მომექცა. მოსმენილმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ პროგრამის მსვლელობისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მეორე დღეს კონგრესზე გაპარსული მივედი.

კონგრესის მერე ალფრედო ჩემთან ჩამოვიდა სოფელში. მან მადანგიდან ორი საათი სატვირთო ავტომობილით იმგზავრა, შემდეგ კი ხუთი საათი ფეხით იარა. ჩემი ოჯახის წევრებმა და ჩემმა მეგობრებმა მას უამრავი კითხვა დაუსვეს და მან ყველას ბიბლიის მეშვეობით უპასუხა.

დღეს მუნდიპის კრებაში 23 მაუწყებელია და კრების შეხვედრებს 60-ზე მეტი ადამიანი ესწრება.

[ჩარჩო⁄სურათი 125, 126 გვერდებზე]

„აბა, რით იმართლებ თავს?“

მაკუი მარეგი

დაიბადა: 1954 წ.

მოინათლა: 1986 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მრავალი წლის განმავლობაში მარტოდმარტო მსახურობდა კუნძულზე, სადაც არც ერთი იეჰოვას მოწმე არ იყო.

◼ მადანგში 1980 წელს ერთმა პიონერმა მომცა ტრაქტატი და მეც ის სახლში, კუნძულ ბაგაბაგზე წავიღე, რომელიც გემით ექვსი საათის სავალზე იმყოფებოდა. ძალიან მომეწონა ის, რაც მასში ეწერა და მივწერე ფილიალს, დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა ჩემთვის. მალე მივიღე წერილი მადანგელი პიონერისგან, ბადამ დუვუნისგან. ის საოლქო კონგრესზე მეპატიჟებოდა. ჩავედი მასთან ორი კვირით და ბიბლიის შესწავლაც დავიწყე. ადგილობრივ სამეფო დარბაზში კრების ყველა შეხვედრასაც ვესწრებოდი. სახლში დაბრუნებულმა წერილების მეშვეობით გავაგრძელე შესწავლა.

მალე კუნძულ ბაგაბაგზე 12 ოჯახთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა. რეგულარულად ვიკრიბებოდით ბიძაჩემის სახლში და ვცდილობდით, ისე ჩაგვეტარებინა შეხვედრები, როგორც მადანგში მქონდა ნანახი. ამან ძალიან გააღიზიანა მამაჩემი, რომელიც ლუთერანული ეკლესიის აქტიური წევრი იყო. „მე ვიცნობ იაჰვეს, მაგრამ არ ვიცი ვინ არის იეჰოვა“, — მიყვირა მან. მაშინ გადავუშალე ჩემი ბიბლია ტოკ-პისინ ენაზე და ვაჩვენე გამოსვლის 3:15-ის სქოლიო, რომელშიც ღვთის სახელი ეწერა. მამაჩემმა ვეღარაფერი მითხრა.

სამჯერ წარმადგინა ეკლესიის წინამძღოლების წინაშე, რათა ჩემი არჩეული პოზიცია გამემართლებინა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა შედგა კუნძულის უდიდეს ეკლესიაში. შენობაში ასზე მეტ ადამიანს მოეყარა თავი. ძალიან დაძაბული ვითარება იყო. „აბა, რით იმართლებ თავს?“ — კატეგორიული ტონით მითხრა თავმჯდომარემ. „მე მხოლოდ ის მინდა, რომ მივყვე მათეს 6:33-ში ჩაწერილ მითითებას და პირველ ადგილზე დავაყენო ღვთის სამეფო“, — ვუპასუხე; ხელში ბიბლია მქონდა ჩაბღაუჭებული. მამაჩემი ფეხზე წამოხტა. „ბედავ და რაღაცას გვასწავლი?“ — მიყვირა გაცეცხლებულმა. ერთ-ერთმა ბიძამ ჩემსკენ გამოიწია, რომ დაერტყა, მაგრამ სხვა ნათესავი გადაეღობა და დამიცვა. შეხვედრაზე აყალ-მაყალი ატყდა. ბოლოს გამომიშვეს.

განსაცდელები ამით არ დამთავრებულა. ერთ ქალს, რომელიც ჩვენს შეხვედრებს ესწრებოდა, ავადმყოფი ბავშვი ჰყავდა და, სამწუხაროდ, დაეღუპა. ხალხი მე მადანაშაულებდა მის სიკვდილში. ამის მიზეზად ის მოჰყავდათ, რომ თითქოს დედამისს ახალ რელიგიას ვახვევდი თავს. მამაჩემი რკინის ჯოხით გამომეკიდა და სახლიდან გამომაგდო. მამიდაჩემთან, ლამით მარეგთან ერთად, რომელმაც ჭეშმარიტება მიიღო, მადანგში გავიქეცი. ამის შემდეგ მალე ორივენი მოვინათლეთ.

გავიდა დრო და მამაჩემი ძალიან ავად გახდა. ჩამოვიყვანე ჩემთან მადანგში და სიკვდილამდე ვუვლიდი. ამ პერიოდში ცოტა გული მოულბა და თვალსაზრისი შეიცვალა ჩემი რელიგიის მიმართ. სანამ დაიღუპებოდა, მთხოვა, დავბრუნებულიყავი კუნძულ ბაგაბაგზე და მექადაგა იქაურებისთვის. მისი ეს თხოვნა 1987 წელს შევასრულე. ნათესავებმა პატარა სახლი ამიშენეს. მე ვიყავი ერთადერთი მოწმე ამ კუნძულზე მთელი 14 წლის განმავლობაში; აქედან 12 წელი პიონერად ვმსახურობდი.

მოგვიანებით მადანგში დავბრუნდი და ლამითთან ერთად განვაგრძე პიონერული მსახურება. 2009 წელს ექვსი ადამიანი ჩამოვიდა ბაგაბაგიდან მადანგში, რათა დასწრებოდნენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელიც ყოველ წელს ტარდება. არ გავთხოვილვარ. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება, ჩემი დაუქორწინებლობა სრულად გამოვიყენო იეჰოვას მსახურებაში.

[ჩარჩო⁄სურათები 141, 142 გვერდებზე]

იეჰოვამ მიშვილა

დორა ნინგი

დაიბადა: 1977 წ.

მოინათლა: 1998 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ბავშვობაში გაიგო ჭეშმარიტება და ოჯახიდან გამოაგდეს. მოგვიანებით პიონერი გახდა, დღეს კი ფილიალში მსახურობს.

◼ ჩვიდმეტი წლისა ვიყავი, როდესაც ვიპოვე წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. მალე მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული რამ ვიპოვე. იმასაც მივხვდი, რომ ეს წიგნი იეჰოვას მოწმეების მიერ უნდა ყოფილიყო გამოცემული, რადგან ჯერ კიდევ ოთხი წლისას, ორმა იეჰოვას მოწმემ მითხრა, რომ ღვთის დანაპირების თანახმად დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა.

მალე მას შემდეგ, რაც ხელში ჩამივარდა წიგნი „მარადიული ცხოვრება“, ჩემმა დედობილმა და მამობილმა მითხრეს, რომ ვინაიდან მათ საკუთარი ხუთი შვილი ჰყავდათ, მე ჩემს ოჯახში, სანაპირო ქალაქ ვევაკში, უნდა დავბრუნებულიყავი. ჩავედი თუ არა იქ, ბიძაჩემთან გავჩერდი.

ძალიან მინდოდა მოწმეებთან შეხვედრა, ამიტომ მოვძებნე სამეფო დარბაზი და იმ დროს მივედი იქ, როცა ძმა ბოლო სიმღერას აცხადებდა. შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა მისიონერმა, პამმა, ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ძალიან მომწონდა, რასაც ვსწავლობდი, მაგრამ სამი შეხვედრის შემდეგ ბიძაჩემისგან დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი.

ერთ კვირა დღეს, როცა შეხვედრიდან ვბრუნდებოდი, დავინახე, რომ ბიძაჩემი სახლის წინ, ეზოში, რაღაცას წვავდა. ის ჩემს ნივთებს წვავდა, მათ შორის ბიბლიურ წიგნებსაც. როცა დამინახა, დამიყვირა: „თუ მაგათ ღმერთს გინდა სცე თაყვანი, მაშინ მაგათ იზრუნონ შენზე“. სხვა გზა აღარ მქონდა, გადავწყვიტე, ჩემს ღვიძლ მშობლებთან წავსულიყავი სოფელში, რომელიც ვევაკიდან დაახლოებით ორი საათის სავალზე იყო ტრასნსპორტით.

დამინახა თუ არა, მამამ ჩემს დედმამიშვილებს ჩემ გასაგონად ჰკითხა: „ვინ არის ეს გოგო? ჩვენ არ ვიცნობთ მას. სამი წლის იყო, როცა გავაშვილეთ“. მივხვდი, რომ ჩემი მიღება არ უნდოდათ; წამოვედი იქიდან და ხან ვისთან ვრჩებოდი და ხან ვისთან.

დაახლოებით ორი წლის შემდეგ შევხვდი ორ სპეციალურ პიონერ ძმას ჩემი მშობლების სოფელში. ვთხოვე მათ: „უთხარით პამს, რომ არ დამვიწყებია ის, რაც მან მასწავლა, უბრალოდ არ შემიძლია მასთან შეხვედრა“. თუმცა მალე შევძელი ვევაკში შევხვედროდი პამს და გამეგრძელებინა შესწავლა. იმ დროს სამ სხვადასხვა ოჯახში ვრჩებოდი, მაგრამ, როცა გაიგეს, რომ იეჰოვას მოწმეებთან მქონდა კავშირი, სამივემ გამომაგდო. პამმა იზრუნა იმაზე, რომ მოწმეების ოჯახში მეცხოვრა ვევაკში. 1998 წელს მოვინათლე, 1999 წლის სექტემბერში პიონერად დავიწყე მსახურება. 2000 წელს ბეთელში მიმიწვიეს და წილად მხვდა პატივი, ტოკ-პისინის მთარგმნელობით ჯგუფთან ვითანამშრომლო.

მართალია, საკუთარმა ოჯახმა ზურგი მაქცია და ძალიან მატკინა გული, ჩემმა სულიერმა ოჯახმა ერთი ორად ამინაზღაურა ეს დანაკარგი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბიბლიური მუხლი ფსალმუნის 27:10-ია, რომელშიც წერია: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“.

[სურათი]

ლიტერატურა ტოკ-პისინზე

[ჩარჩო⁄სურათები 147, 148 გვერდებზე]

„ჩვენი დიდებული მასწავლებელი იეჰოვაა“

ჯონ თავოისა

დაიბადა: 1964 წ.

მოინათლა: 1979 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ბავშვობაში მასწავლებლები და თანაკლასელები საშინლად დევნიდნენ. იძულებული გახდა, მეორე კლასიდან გამოსულიყო. დღეს ის სარაიონო ზედამხედველად მსახურობს.

◼ დავიბადე სოფელ გოვიგოვიში (მილნის ყურის პროვინცია). შვიდი წლისა ვიყავი, როცა მამაჩემმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. რასაც სწავლობდა, მეც მასწავლიდა.

იმ დროს დავიწყე სკოლაში სწავლა. როდესაც ჩემმა ორმა მასწავლებელმა, რომლებიც ანგლიკანური ეკლესიის წევრები იყვნენ, გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებთან მქონდა კავშირი, შევიწროება დამიწყო. თანაკლასელებიც მათ მსგავსად იქცეოდნენ, ისინი ჯოხებითაც კი მცემდნენ. ამის გამო იძულებული გავხდი, მეორე კლასიდან გამოვსულიყავი.

სადღაც ერთი წლის შემდეგ ბაზარში ჩემს ერთ-ერთ მასწავლებელს შევხვდი. „ჭკვიანი ბიჭი ხარ, — მითხრა მან. — კარგ განათლებასაც მიიღებდი სკოლაში. მაგრამ შენი რწმენის გამო შენი თანაკლასელების მსახური გახდები“. როცა მისი ნათქვამი მამას ვუთხარი, მისმა სიტყვებმა გული გამითბო: „თუ ქვეყნიერება არ მოგცემს განათლებას, იეჰოვა მოგცემს“.

მამაჩემი და ერთი სპეციალური პიონერი ძმა დამეხმარნენ გაცილებით ძვირფასი განათლების — მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი განათლების — მიღებაში (იოან. 17:3). ჩემი მშობლიური ენა დავავა იყო, მაგრამ მათ ბიბლია ჰირი-მოტუსა და ტოკ-პისინზე შემასწავლეს, რომლებიც ჩემთვის მეორე და მესამე ენები გახდა. 15 წლისა ვიყავი, როცა მოვინათლე, ორი წლის შემდეგ კი პიონერად დავიწყე მსახურება.

1998 წელს მსახურებაში დახელოვნების სკოლაში მიმიწვიეს. მაშინ ინგლისური ძალიან ცუდად ვიცოდი. ამ სკოლისთვის რომ მოვემზადებინე, ფილიალმა პორტ-მორზბიში ინგლისურენოვან კრებაში დამნიშნა. ასე გახდა ინგლისური ჩემთვის მეოთხე ენა.

ამ სკოლის დამთავრების შემდეგ ალოტაუს კრებაში (მილნის ყურის პროვინცია) დამნიშნეს. ექვსი თვის შემდეგ დიდი სიურპრიზი და ძალზედ ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის ის, რომ სარაიონო ზედამხედველად უნდა მემსახურა. ჩემს პირველ რაიონში შედიოდა ახალი ბრიტანეთის, ახალი ირლანდიის, მანუსა და სხვა ახლო-მახლო მდებარე კუნძულები. 2006 წელს დავქორწინდი ჩემს საყვარელ მეუღლეზე, ჯუდიზე. ერთი წელი სპეციალურ პიონერებად ვიმსახურეთ, შემდეგ კი სარაიონო მსახურებას შევუდექით.

კრებების მონახულებისას ხშირად ახალგაზრდებს ვეუბნები: „ჩვენი დიდებული მასწავლებელი იეჰოვაა. ასე რომ, მიეცით საშუალება, გასწავლოთ, რათა მოგამზადოთ ნამდვილად წარმატებული ცხოვრებისთვის“. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე.

[სურათი]

მე და ჩემი მეუღლე, ჯუდი

[დიაგრამა⁄სურათები 156, 157 გვერდებზე]

დროის დიაგრამა — პაპუა-ახალი გვინეა

1930

1935 პიონერები ქადაგებენ საზოგადოების ხომალდით „სინათლის მატარებელი“ პორტ-მორზბიში.

1940

1950

1951 ტომ და როვენა კიტოები ჩავიდნენ პორტ-მორზბიში.

1956 პიონერები გადავიდნენ კუნძულ ახალ ირლანდიასა და ახალ ბრიტანეთზე.

1957 ჯონ კატფორტი იწყებს სურათებით ქადაგებას.

1960

1960 რეგისტრაციაში გატარდა ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაცია.

1962 ტომ და როვენა კიტოები ახალი გვინეის მთიან მხარეში გადავიდნენ.

1965 ფილიალი აშენდა კოკიში (პორტ-მორზბი).

1969 ჰაიმაში (პაპუა) ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი სახელწოდებით „მშვიდობა დედამიწაზე“.

1970

1975 პაპუა და ახალი გვინეა გაერთიანდა და შეიქმნა პაპუა-ახალი გვინეა.

1977-1979 გამხეცებულმა ბრბომ სამეფო დარბაზები გაანადგურა მილნის ყურის პროვინციაში.

1980

1987 ახალი ფილიალის მიძღვნა.

1989 კუნძულ ბუგენვილზე სამოქალაქო ომმა იფეთქა.

1990

1991 გამოიცა „საგუშაგო კოშკი“ ტოკ-პისინ და ჰირი-მოტუ ენებზე ინგლისური გამოცემის პარალელურად.

1994 საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტი იწყებს ფუნქციონირებას.

1994 ვულკანმა გაანადგურა ქალაქი რაბაული (ახალი ბრიტანეთი).

1999 ფილიალში დაარსდა სამეფო დარბაზების მშენებლობის განყოფილება. 2000

2002 აშენდა საკონგრესო დარბაზი გერეჰუში (პორტ-მორზბი).

2010

2010 ფილიალის ახალი შენობების მიძღვნა.

2020

[სქემა⁄სურათი 118 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მაუწყებლები

პიონერები

3500

2500

1500

500

1955 1965 1975 1985 1995 2005

[რუკები 81 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

პაპუა-ახალი გვინეა

პორტ-მორზბი

ვევაკი

მდინარე სეპიკი

კამბოტი

დიმირი

ბაივატი

მდინარე იუატი

ვაბაგი

მაუნტ-ჰაგენი

ბანზი

ვაგის ველი

ახალი გვინეის მთიანი მხარე

ტბა მარი

მდინარე ფლაი

ბასკენი

ტალიდიგი

ბაგილდიგი

მადანგი

გოროკა

კაინანტუ

ლაე

ბულოლო

ვარი

კერემა

სავაივირი

პაპუას ყურე

პოპონდეტა

კოკოდას გზა

ჰულა

აგი

გოვიგოვი

ალოტაუ

მარჯნის ზღვა

კუნძული მანუსი

ბისმარკის არქიპელაგი

ბისმარკის ზღვა

კუნძული ბაგაბაგი

ახალი ბრიტანეთი

რაბაული

კოკოპო

კუნძული კურმალაკი

ახალი ირლანდია

კავიენგი

სოლომონის ზღვა

კუნძული გუდენაფი

კუნძული ბუკა

კუნძული ბუგენვილი

მარჯნის კუნძული ნუკუმანუ

ეკვატორი

ჰაიმა

სიქს მაილი

ჰანუაბადა

პორტ-მორზბის ნავსადგური

კოკის ბაზარი

სოგერის პლატო

იოადაბუ

[გვერდი 74 დათმობილი აქვს სურათს]

[სურათი 77 გვერდზე]

„სინათლის მატარებელი“

[სურათი 78 გვერდზე]

პირველი ადგილობრივი მაუწყებლები, მარცხნიდან მარჯვნივ: ბობოგი ნაიორი, ჰენი ჰენი ნიოკი, რაჰო რაკატანი, ოდა სიონი

[სურათი 79 გვერდზე]

სოფელი ჰანუაბადა, რომლის ფონზეც პორტ-მორზბის ცენტრი მოჩანს

[სურათი 82 გვერდზე]

შერლი და დონ ფილდერები მანამ, სანამ პაპუა-ახალ გვინეაში ჩავიდოდნენ

[სურათი 85 გვერდზე]

ქვეყნის პირველი სამეფო დარბაზი ჰაიმაში (პორტ-მორზბი)

[სურათი 87 გვერდზე]

ჯონ კატფორტი

[სურათი 89 გვერდზე]

ნახატებით ქადაგების ნიმუში

[სურათები 90 გვერდზე]

მარჯვნივ: ჯონ კატფორტი სურათების მეშვეობით ასწავლის; ქვემოთ: ძმას სურათების დაფა დააქვს მსახურების დროს სოფლებში

[სურათი 92 გვერდზე]

ალფ გრინი, დეივიდ უოლკერი, ჯიმ სმითი

[სურათები 93 გვერდზე]

მარცხნივ: შერლი, დები და დონ ფილდერები; მარჯვნივ: დონი კანოესთან

[სურათი 96 გვერდზე]

ჯიმ სმითი და გლენ ფინლეი

[სურათი 97 გვერდზე]

სტივენ ბლანდი კერემას ყურის გადაკვეთის დროს

[სურათი 99 გვერდზე]

როზინა და კენ ფრეიმები

[სურათი 102 გვერდზე]

მეთიუ და დორის პოპები

[სურათები 103 გვერდზე]

თავდაპირველად ლაეში კრება მაგდალენ და ჯონ ენდორების სახლში ტარდებოდა

[სურათი 109 გვერდზე]

მთიანი მხარე

[სურათი 110 გვერდზე]

ტომ და როვენა კიტოები ვაბაგში თავიანთი მაღაზიისა და სახლის წინ

[სურათი 113 გვერდზე]

ერნა და ბერნტ ანდერსონები

[სურათი 114 გვერდზე]

კერი კეი-სმითი და ჯიმ რაიტი

[სურათი 115 გვერდზე]

მაიკ ფიშერი მდინარე სეპიკზე

[სურათები 123 გვერდზე]

აგიში მდებარე სამეფო დარბაზი გადაწვეს, თუმცა ძმებმა ის ხელახლა ააშენეს და გააფართოვეს

[სურათი 127 გვერდზე]

ელსი და ბილ თიუები

[სურათი 128 გვერდზე]

„პუაპუა“ სრული სვლით

[სურათი 128 გვერდზე]

ბერნტ ანდერსონის აგებული ნავი „პიონერი“

[სურათი 131 გვერდზე]

მდინარე სეპიკზე მოგზაურობისას

[სურათები 132, 133 გვერდებზე]

მარცხნივ: სარაიონო ზედამხედველი უორენ რენალდსი თავის ცოლთან, ლიანთან ერთად ინახულებს სოფელ ბაივატს; ზემოთ: უორენი საჯარო მოხსენებას კითხულობს სოფელ დიმირიში

[სურათი 135 გვერდზე]

სოარე მაიგა

[სურათი 135 გვერდზე]

კორა ლეკე

[სურათი 136 გვერდზე]

სავე ნანპენსი

[სურათი 139 გვერდზე]

ჯორდი და ჯოან რაილები

[სურათები 145 გვერდზე]

ამ ბავშვებიდან ზოგიერთი სკოლიდან გარიცხეს დროშისთვის სალმის არ მიცემის გამო

[სურათი 153 გვერდზე]

მარცხნივ: ქალაქი რაბაული ვულკან ტავურვურის ფონზე; ქვემოთ: რაბაულის სამეფო დარბაზი, რომელიც 1994 წელს განადგურდა

[სურათი 155 გვერდზე]

მთარგმნელობითი ჯგუფი, 2010 წელი

[სურათები 161 გვერდზე]

პაპუა-ახალი გვინეის ფილიალი

ფილიალის კომიტეტი: დან ბერკსი, ტიმო რაიალეჰტო, კეგავალე ბიიამა, კრეიგ სპიგელი

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება