გილოცავთ თეოკრატიული მსახურების სკოლაში სწავლის დაწყებას!
მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ყოველკვირეულად მილიონობით ადამიანი იღებს განათლებას თეოკრატიული მსახურების სკოლაში. ზოგი ახლახან ჩაეწერა, ზოგი კი წლების განმავლობაში ესწრება მის შეხვედრებს. ეს სკოლა ათიათასობით ადგილზე ტარდება. ერთი და იგივე საგანმანათლებლო პროგრამა ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებთათვის არის ხელმისაწვდომი. ნებისმიერი ასაკის, ეთნიკური ჯგუფისა და განათლების ადამიანები უფასოდ იღებენ თეოკრატიულ განათლებას.
1943 წელს იეჰოვას მოწმეთა კრებებში ამ სკოლის დაარსებისას მის მიზნად გამოცხადდა „იმ ერთგული ადამიანების მომზადება, რომლებმაც მოისმინეს ღვთის სიტყვა და ირწმუნეს მისი, რათა ‘სხვებისთვის სწავლების უნარი ჰქონოდათ’ . . . რათა თითოეული მათგანი . . . უკეთ ყოფილიყო მომზადებული თავისი იმედის საჯაროდ გასაცხადებლად“ („თეოკრატიული მსახურების კურსი“, გვ. 4 [ინგლ.]). სკოლის მიზანი დღესაც უცვლელია.
როგორ შეგვიძლია ღვთისგან ბოძებული მეტყველების უნარის საუკეთესოდ გამოყენება? ბიბლია გვეუბნება: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი“ (ფსალმ. 150:6). ასეთი მოქმედებით გულს ვუხარებთ ჩვენს ზეციერ მამას; ვუჩვენებთ, რომ გულით ვემადლიერებით სიკეთისა და სიყვარულისთვის. ამიტომაც ქრისტიანები მუდამ უნდა „ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს“ (ებრ. 13:15). სასიხარულოა, რომ ჩაეწერე თეოკრატიული მსახურების სკოლაში, რომელიც დაგეხმარება იეჰოვას განსადიდებლად მისგანვე ბოძებული უნარის უკეთ გამოყენებაში.
თეოკრატიული მსახურების სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ხმამაღლა კითხვის, მეტყველებისა და სწავლების ხელოვნებას. გარდა ამისა, მისი დახმარებით გამოიმუშავებ და გაიუმჯობესებ სხვადასხვა მეტად საჭირო უნარს, მაგალითად: კითხვის, მოსმენისა და დამახსოვრების; სწავლის, გამოკვლევის, ანალიზისა და აზრების ჩამოყალიბების; საუბრის, კითხვებზე პასუხის გაცემისა და აზრების წერილობით გამოხატვის უნარს. სკოლაში შესასწავლი მასალა დაფუძნებული იქნება ბიბლიასა და ბიბლიურ ლიტერატურაზე. იმავეს თქმა შეიძლება კომენტარებსა და ინსცენირებებზე. ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებით გონების კვება დაგეხმარება იმაში, რომ ყველაფერს ღვთის თვალით უყურო. ეს კი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გამოგადგება! ღვთის სიტყვის ფასეულობის შესახებ მე-20 საუკუნის სწავლულმა, უილიამ ლაიონ ფელფსმა, დაწერა: „ნებისმიერს, ვინც ზედმიწევნით იცის ბიბლია, ნამდვილად შეიძლება ეწოდოს განათლებული . . . დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესია, იცოდე ბიბლია და არ გქონდეს უმაღლესი განათლება, ვიდრე გქონდეს უმაღლესი განათლება და არ იცოდე ბიბლია“.
როგორ მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს
ცხადია, თეოკრატიული მსახურების სკოლიდან სრული სარგებლობის მისაღებად შენი მხრიდან ძალისხმევაა საჭირო. მოციქული პავლე თანაქრისტიან ტიმოთეს მოუწოდებდა: „ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“ (1 ტიმ. 4:15). კონკრეტულად რის გაკეთება შეგიძლია?
თუ შესაძლებელია, ყოველკვირეულად დაესწარი თეოკრატიული მსახურების სკოლას. კარგად გამოიყენე სახელმძღვანელო „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“. თავფურცელზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, შენი სახელი და გვარი დაწერე. ყოველთვის თან გქონდეს წიგნი, როდესაც სკოლას ესწრები. ეს სახელმძღვანელო პირადი ჩანაწერებისთვისაც არის განკუთვნილი. ხაზი გაუსვი პირადად შენთვის გამოსადეგ მნიშვნელოვან საკითხებს. გამოიყენე არშიები სკოლაში განხილვების დროს პრაქტიკული საკითხების ჩასაწერად.
თეოკრატიული მსახურების სკოლის პროგრამა ცალკე იბეჭდება. პროგრამაში ისიც არის ახსნილი, თუ როგორ ტარდება სკოლა. შეგიძლია, პროგრამა წიგნში ჩადო, რომ ყოველთვის თან გქონდეს.
სკოლის ყოველკვირეული შეხვედრებისთვის მომზადებისას გახსოვდეს, რომ ბიბლიაა ძირითადი სახელმძღვანელო. უპირველესად, წაიკითხე ბიბლიის ის მონაკვეთი, რომელიც მოცემული კვირისთვის არის განსაზღვრული. თუ შესაძლებლობა გაქვს, კარგი იქნება, წინასწარ წაიკითხო პროგრამით გათვალისწინებული სხვა მასალაც.
ხანდახან მსმენელებს სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობაც ეძლევათ. ეცადე იაქტიურო. ასეთ განხილვებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია მოსმენილის დასამახსოვრებლად და პირად ცხოვრებაში გამოსაყენებლად.
კრებაში მოხსენებების ან ინსცენირებების მომზადების საშუალება ყველა შემსწავლელს ექნება. საუკეთესოდ გამოიყენე თითოეული ასეთი შესაძლებლობა. შეეცადე გაუმჯობესებას იმისდა მიუხედავად, თუ რომელ გაკვეთილზე მოგიწევს მუშაობა. სკოლაში მიიღებ რჩევებს იმ მიზნით, რომ წინ წაიწიო. მზადყოფნით მიიღე რჩევები. შენს წიგნში ჩაიწერე ის კონკრეტული რჩევები, რომლებიც პირადად უნდა გამოიყენო. ადამიანისთვის ძნელია საკუთარი თავის ისე შეფასება, როგორც მას სხვები აფასებენ, ამიტომაც ბიბლიაზე დაფუძნებული, სიყვარულით მოცემული რჩევები მნიშვნელოვნად შეგიწყობს ხელს წინსვლაში. თუნდაც სკოლაში მრავალი წელი იყო ჩაწერილი, ასეთი რჩევები მაინც დაგეხმარება (იგავ. 1:5).
გსურს, სწრაფად გაუმჯობესდე? ამას მონდომება სჭირდება. წინასწარ შეისწავლე მასალა, რომელზეც დაფუძნებული იქნება სკოლაში მონაწილეთა დავალებები. თუ მომზადებული იქნები, საჭიროების შემთხვევაში, მომხსენებლის შეცვლასაც კი შეძლებ, რაც გამოცდილებას შეგძენს. ყურადღებით მოუსმინე სხვების გამოსვლებს და დააკვირდი, როგორ გადმოსცემენ მასალას. ერთმანეთისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია.
გარდა ამისა, თუ შესაძლებლობა გაქვს, შეგიძლია ამ სახელმძღვანელოს წინასწარი, პირადი შესწავლით დააჩქარო შენი წინსვლა. მას შემდეგ, რაც კარგად გეცოდინება მომდევნო 15 გაკვეთილის მასალა, დაიწყე მუშაობა „მეტყველებისა და სწავლების უნარის განვითარების პროგრამაზე“, რომელიც 78-ე გვერდიდან იწყება. პირველ რიგში, შეისწავლე თითოეული გაკვეთილი და გააკეთე მისი სავარჯიშოები. ნასწავლი მსახურებაში გამოიყენე. თუ ასე მოიქცევი, მეტყველება დაგეხვეწება და ღვთის სიტყვის უკეთესი მასწავლებელი გახდები.
თეოკრატიული მსახურების სკოლა იმისათვის მოგამზადებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ჩვენ ღვთის ნებით ვცოცხლობთ და მისი განდიდებით ცხადვყოფთ, რომ გვესმის, რატომ ვარსებობთ. იეჰოვა ნამდვილად ყველასა და ყველაფერზე მეტად იმსახურებს განდიდებას (გამოცხ. 4:11). სკოლა დაგვეხმარება, ვისწავლოთ საღად აზროვნება, გონივრულად მოქმედება და ღვთისგან შთაგონებული სიტყვის ჭეშმარიტების სხვებისთვის ეფექტურად გადაცემა. ასე ხომ საუკეთესოდ განვადიდებთ იეჰოვას.