ორგანიზაცია
განმარტება: ადამიანების ერთობლიობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან კონკრეტული ამოცანის ან მიზნის განსახორციელებლად. ორგანიზაციის წევრებს აერთიანებთ მართვის სისტემა, გარკვეული ნორმები და მოთხოვნები. იეჰოვას მოწმეები, რომლებიც თავს უძღვნიან ღმერთს და ინათლებიან, ნებაყოფლობით უერთდებიან იეჰოვას ორგანიზაციას. მასში გაერთიანება არ ხდება დაბადებისთანავე ან იძულებით. ისინი იეჰოვას ორგანიზაციას უერთდებიან იმიტომ, რომ ეთანხმებიან მის სწავლებებსა და პრინციპებს, და სურთ მონაწილეობა მის საქმიანობაში.
ნამდვილად აქვს იეჰოვას დედამიწაზე ორგანიზაცია?
ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, დავფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე:
არიან თუ არა ორგანიზებულნი იეჰოვას ზეციერი ქმნილებები, ანგელოზები?
დან. 7:9, 10: „ვიყურებოდი, სანამ ტახტები არ დაიდგა და ძველი დღეთა არ დაჯდა. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და მისი თმა — სუფთა მატყლივით. მისი ტახტი ცეცხლის ალი იყო და ტახტის ბორბლები — მოგიზგიზე ცეცხლი. ცეცხლის ნაკადი მოედინებოდა მის წინ. ათასობით ათასი ემსახურებოდა მას და ათი ათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე. დაიწყო სასამართლო და გადაიშალა წიგნები“.
ფსალმ. 103:20, 21: „აკურთხეთ იეჰოვა, ანგელოზნო მისნო, ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო, მისი სიტყვის მოსმენით! აკურთხეთ იეჰოვა, მისნო ლაშქარნო, მისნო მსახურნო, მისი ნების შემსრულებელნო!“ (სიტყვა „ლაშქარი“ ორგანიზებულ ჯგუფს გულისხმობს).
როგორ ხელმძღვანელობდა ღმერთი წარსულში დედამიწაზე მცხოვრებ თავის მსახურებს?
როცა იეჰოვას თაყვანისმცემლები ცოტანი იყვნენ, ის მითითებებს აძლევდა ოჯახისთავებს, მაგალითად ნოესა და აბრაამს. ისინი კი, თავის მხრივ, იეჰოვას სიტყვებს ოჯახის წევრებს გადასცემდნენ (დაბ. 7:1, 7; 12:1—5). ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლების პერიოდში ღმერთი თავის ხალხს მოსეს მეშვეობით ხელმძღვანელობდა (გამ. 3:10). სინას მთასთან ღმერთმა თავის ხალხს მისცა კანონები და წესები, რათა მათი ყოველდღიური ცხოვრება და თაყვანისმცემლობა ორგანიზებული ყოფილიყო (გამ. 24:12). მან ჩამოაყალიბა სამღვდელოება, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ხალხს იეჰოვას მოთხოვნებს გადასცემდა. დროდადრო ღმერთი გზავნიდა წინასწარმეტყველებს, რომლებიც შეაგონებდნენ და აფრთხილებდნენ ხალხს (კან. 33:8, 10; იერ. 7:24, 25). ამრიგად, მართალია იეჰოვა ისმენდა ცალკეული თაყვანისმცემლების ლოცვებს, მაგრამ მათ ორგანიზებული სისტემის მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
პირველ საუკუნეში დადგა დრო, რომ იეჰოვას დაეწყო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების გაერთიანება იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ მან თავის წარმომადგენლად იესო დედამიწაზე გამოგზავნა (ებრ. 1:1, 2). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს მიმდევრებზე წმინდა სული გადმოვიდა, რამაც დასაბამი მისცა ქრისტიანულ კრებას. იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ იეჰოვა სწორედ ამ კრების საშუალებით ხელმძღვანელობდა თავის მსახურებს და ორგანიზებას უწევდა ცალკეული ქრისტიანების ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას. ადგილობრივ კრებებს ხელმძღვანელობდნენ ზედამხედველები, კრებების საქმიანობას კი ორგანიზებას უწევდა ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც საჭირო გადაწყვეტილებებს იღებდა. აშკარა იყო, რომ იეჰოვამ დედამიწაზე დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან შედგებოდა (საქ. 14:23; 16:4, 5; გალ. 2:7—10).
მეტყველებს იეჰოვას მიერ შექმნილი სამყარო იმაზე, რომ ის ყველაფერს ორგანიზებულად აკეთებს?
ეს. 40:26: „მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს. მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას“ (ვარსკვლავთა ერთობლიობა გალაქტიკებს ქმნის. ვარსკვლავები მოწესრიგებულად მოძრაობენ მიუხედავად იმისა, რომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პლანეტები თავიანთ ორბიტებზე უდიდესი სიზუსტით მოძრაობენ. ყველა ელემენტის თითოეულ ატომში არის ელექტრონები, რომლებიც ბირთვის გარშემო მოძრაობენ. ელემენტებს იმდენად მოწესრიგებული სტრუქტურა აქვთ, რომ მეცნიერებმა ზოგიერთი ელემენტის არსებობა მათ აღმოჩენამდე იწინასწარმეტყველეს. ეს იმაზე მოწმობს, რომ ყველაფერი საოცრად ორგანიზებულად არის შექმნილი).
შეიძლება ბიბლიიდან იმის დანახვა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ორგანიზებულები იქნებოდნენ?
მათ. 24:14; 28:19, 20: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“. „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი . . . და ასწავლეთ მათ“ (იქნებოდა ეს შესაძლებელი ორგანიზების გარეშე? იესო თავის პირველ მოწაფეებს ამ საქმისთვის ამზადებდა. მაგრამ მას არ უთქვამს მათთვის, რომ სადაც სურდათ, იქ წასულიყვნენ და როგორც უნდოდათ, ისე ექადაგათ. იესომ მათ მითითებები მისცა და ორგანიზებულად გაგზავნა საქადაგებლად. იხილეთ ლუკას 8:1; 9:1—6; 10:1—16).
ებრ. 10:24, 25: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (სად უნდა წაეყვანათ ქრისტიანებს დაინტერესებული ადამიანები, რომ მათ შესძლებოდათ ამ მითითების გათვალისწინება? სად შეიკრიბებოდნენ ისინი, თუ არ იქნებოდა ორგანიზებული შეხვედრები?).
1 კორ. 14:33, 40: „ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია . . . ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (მოციქული პავლე აქ კრების შეხვედრების მოწესრიგებულად ჩატარებაზე საუბრობდა. ამ რჩევის გათვალისწინება ორგანიზაციული წესრიგის დაფასებას მოითხოვს).
1 პეტ. 2:9, 17: «თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ . . . გიყვარდეთ მთელი საძმო» (იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც საერთო საქმეს ასრულებენ, ფაქტობრივად, არის ორგანიზაცია).
ქრისტიანული სამყაროს სხვადასხვა მიმდინარეობაში არიან გაფანტული ღვთის ერთგული მსახურები?
2 კორ. 6:15—18: «რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? . . „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“, „და მე მიგიღებთ თქვენ“. „მე ვიქნები თქვენი მამა, თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით, — ამბობს ყოვლისშემძლე იეჰოვა“» (იქნება ადამიანი ღვთის ერთგული მსახური, თუ თაყვანისმცემლობაში უერთდება მათ, ვისი ცხოვრების წესიც სინამდვილეში მის ურწმუნოებაზე მეტყველებს? იხილეთ აგრეთვე „დიდი ბაბილონი“).
1 კორ. 1:10: „ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით“ (ასეთი ერთიანობა არ არსებობს ქრისტიანული სამყაროს სხვადასხვა მიმდინარეობას შორის).
იოან. 10:16: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (იესოს ერთ ფარაში უნდა გაეერთიანებინა თავისი მიმდევრები. აქედან გამომდინარე, ისინი არ იქნებოდნენ გაფანტულნი ქრისტიანული სამყაროს რელიგიებში).
როგორ გავიგოთ, რომელია იეჰოვას ორგანიზაცია?
1) ის ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად იეჰოვას აღიარებს და განადიდებს მის სახელს (მათ. 4:10; იოან. 17:3).
2) ის აღიარებს იესო ქრისტეს უმნიშვნელოვანეს როლს იეჰოვას განზრახვაში — კერძოდ, რომ იესო არის იეჰოვას უზენაესობის დამცველი, სიცოცხლის მეთაური, ქრისტიანული კრების თავი და ღვთის სამეფოს მეფე (გამოცხ. 19:11—13; 12:10; საქ. 5:31; ეფეს. 1:22, 23).
3) ის ყველაფერში ბიბლიით ხელმძღვანელობს, მისი სწავლებები და ნორმები ბიბლიაზეა დაფუძნებული (2 ტიმ. 3:16, 17).
4) ის არ არის ქვეყნიერების ნაწილი (იაკ. 1:27; 4:4).
5) მისი წევრები მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ, რადგან იეჰოვა წმინდა ღმერთია (1 პეტ. 1:15, 16; 1 კორ. 5:9—13).
6) ის ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქმეს, რომელიც ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად ჩვენს დროში უნდა შესრულებულიყო — კერძოდ, მთელ მსოფლიოში ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (მათ. 24:14).
7) არასრულყოფილების მიუხედავად მისი წევრები ავლენენ ღვთის სულის ნაყოფს — სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელობას, სიკეთეს, ყოველივე კარგს, რწმენას, რბილ ხასიათს და თავშეკავებას. ეს მათ, მთლიანობაში, განასხვავებს ქვეყნიერებისგან (გალ. 5:22, 23; იოან. 13:35).
რით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას ორგანიზაციას?
1 კორ. 10:31: „ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“.
ებრ. 13:17: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი“.
იაკ. 1:22: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“.
ტიტ. 2:11, 12: „ვინაიდან ცხადი გახდა ღვთის წყალობა, რომელსაც ხსნა მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის, გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“.
1 პეტ. 2:17: „გიყვარდეთ მთელი საძმო“.