როგორ გავაგრძელოთ საუბარი მათთან, ვინც სიტყვას გვაწყვეტინებს
შენიშვნა: ადამიანთა მომავალი დამოკიდებულია მათსავე არჩევანზე: დაუჭერენ თუ არა მხარს იეჰოვა ღმერთს და მის სამეფოს, რომლის სათავეშიც იესო ქრისტეა. ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ სიხარულს ანიჭებს ადამიანებს და ერთადერთ რეალურ იმედს აძლევს. ის ცვლის მათ ცხოვრებას. ჩვენ გვსურს, რომ ეს ცნობა ყველამ მოისმინოს. ჩვენ გვესმის, რომ ცოტა თუ გამოგვეხმაურება, მაგრამ ის ყველას ყურამდე უნდა მივიდეს, რათა ჰქონდეთ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. ბუნებრივია, ყველას არ ექნება მოსმენის სურვილი და ჩვენ ძალას არავის დავატანთ. მაგრამ გამჭრიახობის წყალობით ხშირად მათთანაც შესაძლებელია საუბრის გაგრძელება, ვინც სიტყვას გვაწყვეტინებს. ქვემოთ მოყვანილი მაგალითები დაგანახვებს, თუ რა გამოსავალს პოულობენ გამოცდილი იეჰოვას მოწმეები მსგავს სიტუაციებში ღირსეულთა ძებნის დროს (მათ. 10:11). არ გირჩევთ, რომ დაიზეპირო აქ მოცემული პასუხები. აზრები გადმოეცი შენი სიტყვებით. საუბრისას მსმენელმა უნდა იგრძნოს, რომ გულწრფელად ხარ დაინტერესებული მისი კეთილდღეობით. თუ ასე მოიქცევი, დარწმუნებული იყავი, რომ ჭეშმარიტების მოყვარული ადამიანები მოგისმენენ და დააფასებენ იმას, რასაც იეჰოვა აკეთებს მათი მარადიული სიცოცხლისათვის (იოან. 6:44; საქ. 16:14).
„არ მაინტერესებს“
● „თქვენ ბიბლია არ გაინტერესებთ თუ საერთოდ რელიგია? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრ ისეთ ადამიანს შევხვედრივარ, რომელიც ერთ დროს მორწმუნე იყო, მაგრამ მიატოვა ეკლესიაში სიარული იქ არსებული თვალთმაქცობის გამო (ან დაინახა, რომ რელიგია ფულის შოვნის ერთ-ერთი საშუალებაა; პოლიტიკაში რელიგიის ჩარევის ან სხვა მიზეზების გამო). ბიბლია გმობს ამას. მხოლოდ ეს წიგნი გვაძლევს უკეთესი მომავლის რეალურ იმედს“.
● „თუ მორწმუნე ხართ და სხვა რელიგია არ გაინტერესებთ, მესმის თქვენი. მაგრამ ალბათ გაინტერესებთ, რა გველის მომავალში, თუ გავითვალისწინებთ ტერორიზმის საფრთხეს (ან: როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები ნარკომანიისგან; რა შეიძლება გაკეთდეს დამნაშავეობის შესაჩერებლად, ქუჩაში გასვლის რომ აღარ გვეშინოდეს; ან სხვა). ხედავთ რეალურ გამოსავალს?“
● „იმიტომ არ გაინტერესებთ, რომ თქვენი რწმენა გაქვთ? . . თქვენი აზრით, ექნება ოდესმე ყველა ადამიანს ერთი რწმენა? . . რა უშლის ამას ხელს? . . რა არის საჭირო ამის მისაღწევად?“
● „მე მესმის თქვენი. რამდენიმე წლის წინ მეც ასეთი განწყობა მქონდა. მაგრამ ბიბლიაში ისეთი რამ წავიკითხე, რამაც ჩემი შეხედულება შეცვალა“ (აჩვენე, რამ იმოქმედა შენზე).
● „იქნება თქვენთვის საინტერესო ბიბლიაში იმის წაკითხვა, თუ როგორ შეიძლება მომავალში ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების ნახვა (ან: რა არის სიცოცხლის აზრი; რა არის საჭირო ოჯახის ბედნიერებისთვის; ან სხვა)?“
● „თუ ფიქრობთ, რომ რამის ყიდვას გთავაზობთ, მინდა გითხრათ, რომ ამ მიზნით არ მოვსულვარ. მე მსურდა მესაუბრა იმის შესახებ, რომ მალე დედამიწაზე სამოთხე იქნება, ყველას ეყვარება ერთმანეთი და აღარ იარსებებს ავადმყოფობა და დამნაშავეობა. არ გაინტერესებთ ეს საკითხი?“
● „ყოველთვის ასე პასუხობთ იეჰოვას მოწმეებს? . . არასდროს დაინტერესებულხართ, რატომ ვაკითხავთ კვლავ და კვლავ ადამიანებს ან რისი თქმა გვსურს მათთვის? . . ვფიქრობ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ის, რისი თქმაც მსურს. ამიტომ მოვდივარ თქვენთან. ნუთუ ერთხელ მაინც არ ღირს მოსმენა?“
„რელიგია არ მაინტერესებს“
● „მესმის თქვენი. ალბათ, თქვენც იმ აზრის ხართ, რომ რელიგიები არ უწყობენ ხელს საზოგადოების კეთილდღეობას . . . არასდროს ყოფილხართ რელიგიით დაინტერესებული? . . ღმერთის თუ გწამთ?“
● „დღეს ბევრი ამბობს ამას. რელიგია მათ ვერაფერში დაეხმარა. ჩვენი მოსვლის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ სიმართლე გითხრათ ღვთისა და მისი სამომავლო განზრახვის შესახებ, რასაც ეკლესიებში არ ასწავლიან“.
● „მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენთვის საინტერესო იქნება, თუ რა მოხდება მომავალში. იცოდით, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო ის, რაც დღეს ხდება? . . მასში ისიც არის ნათქვამი, თუ რით დამთავრდება ეს ყველაფერი“.
● „არასდროს გაინტერესებდათ რელიგია? . . როგორ უყურებთ მომავალს?“
„იეჰოვას მოწმეებს არ ვესაუბრები“
● „ჩემთვის ეს ბევრს უთქვამს. არასდროს გიფიქრიათ, რატომ მივდივართ ხალხთან იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა არ გვისმენს?“ (მოკლედ გადმოეცი ეზეკიელის 9:1—11-ის შინაარსი. უთხარი, რომ „ნიშნის დადება“ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოეხმაურება ადამიანი სამეფოს შესახებ ცნობას. ამის მიხედვით განისაზღვრება, ვის გადაარჩენს ღმერთი და ვის — არა).
● „მესმის თქვენი, რადგან ერთ დროს მეც ასე ვპასუხობდი იეჰოვას მოწმეებს. მაგრამ გადავწყვიტე, ერთხელ მაინც მომესმინა და დავინახე, რომ მათზე არასწორი წარმოდგენა მქონდა“ (მოიხსენიე ფართოდ გავრცელებული რომელიმე არასწორი შეხედულება და აუხსენი, რა გვწამს სინამდვილეში).
● „არც ისე დიდი ხნის წინ მეც ასე ვუპასუხე ჩემთან მოსულ მოწმეს. მაგრამ წასვლამდე ჩასაჭრელად ერთი კითხვა დავუსვი. იცით, რა ვკითხე? . .“ (მაგალითად: საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი?) (ეს გამოადგება მათ, ვისაც ნამდვილად ჰქონდა ასეთი შემთხვევა).
● „თუ მორწმუნე ხართ, მესმის თქვენი. როგორც ჩანს, აფასებთ თქვენს რწმენას. მაგრამ იმისდა მიუხედავად, თუ რა გვწამს, ალბათ საინტერესოა . . .“ (მოიხსენიე შესაფერისი თემა).
● „ალბათ, თქვენი რელიგია გაქვთ. ხომ ვერ მეტყვით, რომელი რელიგიის მიმდევარი ხართ? . . ჩვენ გვსიამოვნებს მორწმუნე ადამიანებთან საუბარი. რას ფიქრობთ . . .“ (მოიხსენიე მსჯელობის თემა).
● „მესმის თქვენი. თუმცა ჩვენ გვაღელვებს ის, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ამბებში კონფლიქტებისა თუ სხვა პრობლემების შესახებ და გვსურს, რომ ხალხმა მშვიდობიანად იცხოვროს. ვფიქრობ, თქვენც გაქვთ ამის სურვილი . . . როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება? . . ჩვენ იმედს გვაძლევს ის, რაც ბიბლიაში წერია“.
● „მადლობელი ვარ, რომ თქვენი აზრი პირდაპირ მითხარით. ხომ ვერ მეტყვით, რა არ მოგწონთ ჩვენში? ის, რასაც ვქადაგებთ თუ ის, რომ კარდაკარ დავდივართ?“
„მე ჩემი რწმენა მაქვს“
● „გწამთ იმის, რომ მალე სიმართლის მოყვარული ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე? . . ეს ბიბლიაში წერია“ (ფსალმ. 37:29; მათ. 5:5; გამოცხ. 21:4).
● «მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველამ თვითონ უნდა აირჩიოს, თუ რას ირწმუნებს. მაგრამ იცოდით, რომ ღმერთი თვითონ ეძებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც მისი თაყვანისმცემლები იქნებიან? ნახეთ, რა წერია იოანეს 4:23, 24-ში. რას ნიშნავს ღვთის თაყვანისცემა „ჭეშმარიტებით“? . . როგორ უნდა გავიგოთ, რა არის ღვთის თვალში ჭეშმარიტება? . . (იოან. 17:17). ჭეშმარიტების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია» (იოან. 17:3).
● „ყოველთვის მორწმუნე იყავით? . . როგორ ფიქრობთ, ექნება ოდესმე ყველა ადამიანს ერთი რწმენა? . . ამ საკითხზე ბევრი მიფიქრია, რადგან გამოცხადების 5:13-ში წერია . . . რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიტყვები ჩვენზეც შესრულდეს?“
● „მე მსიამოვნებს ისეთ ადამიანებთან საუბარი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სულიერი საკითხებით. დღეს ბევრი არ ფიქრობს ასეთ საკითხებზე. როგორ ფიქრობთ, შესრულდება ბიბლიის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დედამიწაზე მხოლოდ სიმართლის მოყვარული ადამიანები იცხოვრებენ?“
● „ხშირად დადიხართ ეკლესიაში? . . ბევრი დადის იქ, სადაც თქვენ დადიხართ? . . ცდილობს მათი უმრავლესობა ბიბლიური ნორმებით ცხოვრებას? (ან: აქვთ მათ ერთი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიჭრება დღევანდელი პრობლემები?) ჩვენ გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ ბიბლიის შესწავლა ეხმარება ადამიანებს“.
● „როგორც ჩანს, გაკმაყოფილებთ თქვენი რელიგია. ბევრი უკმაყოფილოა დღევანდელი მდგომარეობით და ვფიქრობ, ეს საკითხი თქვენც გაღელვებთ . . . როგორ უყურებთ ხვალინდელ დღეს?“
● „კითხულობთ ბიბლიას? . . ნახულობთ იმის დროს, რომ რეგულარულად იკითხოთ ის?“
● „ალბათ დამეთანხმებით, რომ, რა რწმენაც არ უნდა გვქონდეს, ყველას გვსურს, მშვიდობა იყოს მსოფლიოში (ან: ყველა ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები ცუდი გავლენისგან; ყველას გვინდა, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ; ყველას გვსურს, დღევანდელი დაძაბული ცხოვრების მიუხედავად კარგი ურთიერთობა გვქონდეს სხვებთან)“.
● „კარგია, რომ მორწმუნე ხართ. დღეს ბევრს დაკარგული აქვს რწმენა. ზოგს ღვთის არსებობაშიც კი ეპარება ეჭვი. თქვენ რას ფიქრობთ ღმერთზე? . . ნახეთ, ბიბლიაში მისი სახელიც წერია“ (გამ. 6:3; ფსალმ. 83:18).
● „იესომ თავისი მოწაფეები საქადაგებლად მსოფლიოს ყველა კუთხეში გაგზავნა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ სხვადასხვა რწმენის ადამიანებთან მოუწევდათ საუბარი (საქ. 1:8). მაგრამ იესომ იცოდა, რომ სიმართლეს მოწყურებული ადამიანები მოუსმენდნენ მის მოწაფეებს. იესოს თქმით, რა უნდა ექადაგათ მის მიმდევრებს ჩვენს დროში? (მათ. 24:14). რას გააკეთებს ეს სამეფო?“
„ჩვენ ქრისტიანები ვართ“
● „ძალიან კარგი. ალბათ გეცოდინებათ, რომ ქრისტეც დადიოდა საქადაგებლად და თავის მოწაფეებსაც დაავალა ამის გაკეთება. იცით, რის შესახებ ქადაგებდნენ ისინი? . . სწორედ ამაზე გვინდოდა თქვენთან საუბარი“ (ლუკ. 8:1; დან. 2:44).
● „მაშინ იმ სიტყვებს, რომლებიც იესომ მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა, თქვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. მან პირდაპირ თქვა . . . (მათ. 7:21—23). ყველა უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ვიცით თუ არა, რა არის ზეციერი მამის ნება?“ (იოან. 17:3).
„არ მცალია“
● „დიდ დროს არ წაგართმევთ. მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან აზრს გეტყვით“ (ერთი-ორი წინადადებით უთხარი, რის შესახებ გინდოდა საუბარი).
● „კარგით. სხვა დროს შემოგივლით, როცა გეცლებათ. ახლა მხოლოდ ერთ ბიბლიურ მუხლს წაგიკითხავთ, რომელზეც ღირს დაფიქრება“.
● „მესმის თქვენი, რადგან მეც დედა ვარ (ან: მეც ვმუშაობ; სტუდენტი ვარ) და გადატვირთული განრიგი მაქვს. მოკლედ გეტყვით სათქმელს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მალე ღმერთი გაანადგურებს ბოროტებას და ზოგს ექნება გადარჩენის შესაძლებლობა. ეს ყველას შეგვეხება და ღირს იმაზე დაფიქრება, თუ რა არის საჭირო გადასარჩენად. ბიბლიაში არის ამის პასუხი“ (სოფ. 2:2, 3).
● „დღეს ყველანი იმდენად ვართ დაკავებულნი, რომ ზოგჯერ დრო აღარ გვრჩება იმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, ამაში თქვენც დამეთანხმებით . . . ძალიან მოკლედ გეტყვით სათქმელს. ვფიქრობ, ეს მუხლი თქვენთვის საინტერესო იქნება (ლუკ. 17:26, 27). მათ ადგილზე ყოფნა არავის ენდომება. ამიტომ უნდა გამოვნახოთ დრო იმის გასაგებად, თუ რას ამბობს ბიბლია“ (შესთავაზე რომელიმე პუბლიკაცია).
● „გეცლებათ, ნახევარ საათში რომ გამოგიაროთ? მანამდე სხვებს გავესაუბრებით“.
● „მაშინ აღარ წაგართმევთ დროს. სხვა დროს გამოგივლით. მხოლოდ ერთ საინტერესო პუბლიკაციას შემოგთავაზებთ (შესთავაზე პუბლიკაცია, რომელიც მიმდინარე თვეში ვრცელდება). ამ პუბლიკაციაში ნახავთ ბიბლიის პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა . . .“ (მოიხსენიე ერთი ან ორი კითხვა).
● „უკაცრავად, თუ ცუდ დროს მოვედი. ალბათ მიხვდით, რომ იეჰოვას მოწმე ვარ. მსურდა, ერთი მნიშვნელოვანი აზრი მეთქვა ბიბლიიდან. რადგან ახლა არ გცალიათ, დაგიტოვებთ ამ ტრაქტატს, რომლის სათაურიცაა . . . ამის წაკითხვა დიდ დროს არ წაგართმევთ, თან ძალიან საინტერესოა“.
● „მესმის თქვენი. დღეს ძალიან რთულია ყველაფრისთვის დროის გამონახვა. გიფიქრიათ იმაზე, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მარადიულად რომ გვეცხოვრა? ეს შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. მხოლოდ ერთ მუხლს გაჩვენებთ (იოან. 17:3). ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ცოდნა ღვთისა და მისი ძის შესახებ. ამიტომ ამ პუბლიკაციას დაგიტოვებთ“.
„რატომ დადიხართ ასე ხშირად?“
● „ჩვენ გვჯერა, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ჩვენი აზრით, ყველამ უნდა იცოდეს, თუ რით დამთავრდება ეს ყველაფერი (მოიხსენიე ბოლო დროს მომხდარი ერთი ან ორი შემთხვევა ან რაიმე აქტუალური პრობლემა). რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ქვეყნიერების განადგურებისას გადავრჩეთ?“
● „იმიტომ რომ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი. განა ეს ყველა ჩვენგანის ვალი არ არის?“
„მე კარგად ვიცნობ თქვენს საქმიანობას“
● „სასიამოვნოა ამის მოსმენა. ალბათ, თქვენი რომელიმე ნათესავი ან მეგობარია იეჰოვას მოწმე . . . გწამთ იმის, რასაც ბიბლია ამბობს — კერძოდ ის, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, მალე ღმერთი მოსპობს ბოროტებას და დედამიწა გადაიქცევა სამოთხედ, სადაც ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ და ყველას ეყვარება ერთმანეთი?“
„ფული არ გვაქვს“
● „ჩვენ ფულის სათხოვნელად არ მოვსულვართ. ჩვენ ხალხს ბიბლიის შესწავლას ვთავაზობთ უსასყიდლოდ. მაგალითად, ბიბლია აშუქებს ისეთს საკითხს, როგორიცაა . . . (აჩვენე რომელიმე თავის სათაური შესასწავლი პუბლიკაციიდან). რამდენიმე წუთში გაჩვენებთ, როგორ ხდება ასეთი შესწავლა“.
● „ჩვენ ფული არ გვაინტერესებს . . .“ (განაგრძე მსჯელობა, აჩვენე რომელიმე პუბლიკაცია და აუხსენი, თუ რა პრაქტიკული ღირებულება აქვს მას. თუ დაინტერესდება და გეტყვის, რომ წაიკითხავს, დაუტოვე. თუ სიტუაცია საშუალებას გაძლევს, აღნიშნე, როგორ ფინანსდება სამქადაგებლო საქმიანობა მთელ მსოფლიოში).
როცა ვინმე გეუბნება: „მე ბუდისტი ვარ“
● ბუდისტებს არა აქვთ საერთო აზრი ყველა საკითხში. ბუდიზმის მოძღვრებები ბუნდოვანია და მათ სხვადასხვანაირად ხსნიან. ბუდისტური წარმოდგენები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან იაპონიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გარდა ამისა, თავისებური შეხედულებები აქვთ ცალკეულ ბუდისტებს. ნებისმიერ შემთხვევაში, სასარგებლო იქნება შემდეგი ინფორმაცია: 1) ბუდიზმის მოძღვრებით, ღმერთი არ არის შემოქმედი და პიროვნება. თუმცა ბევრი ბუდისტი ეთაყვანება ბუდას გამოსახულებებსა და რელიკვიებს. 2) სიდჰარტა გაუტამა, რომელსაც ბუდა ეწოდა, იქცა თავის მიმდევართა რელიგიურ იდეალად და მისაბაძ მაგალითად. ის ხალხს მოუწოდებდა შემეცნებისკენ. ტანჯვისგან გათავისუფლების საშუალებად იგი მიიჩნევდა გონების კონტროლს და ყოველგვარი მიწიერი სურვილის დათრგუნვას. მისი სწავლებით, ამგვარად ადამიანი მიაღწევდა ნირვანას და თავს დააღწევდა ახალ-ახალ დაბადებათა წრებრუნვას. 3) ბუდისტები თაყვანს სცემენ წინაპრებს, რადგან თვლიან, რომ სიცოცხლეს მათ უნდა უმადლოდნენ.
რჩევები საუბრისათვის: 1) ბუდისტთან საუბრისას აღნიშნე, რომ ქრისტიანულ სამყაროს არ მიეკუთვნები. 2) ბუდისტები პატივისცემით ეკიდებიან „წმინდა წიგნებს“. ამის გამო ბევრი აფასებს ბიბლიას. ბუდისტურ ფილოსოფიაზე მსჯელობის ნაცვლად ყურადღება ბიბლიაზე გაამახვილე. უთხარი, რომ ბიბლიაში ადამიანთა შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, სიტყვები წერია და არა ადამიანთა ფილოსოფიური შეხედულებები. თავაზიანად შესთავაზე საინტერესო აზრის წაკითხვა წმინდა წიგნიდან, ბიბლიიდან. 3) ბევრი ბუდისტი ცდილობს მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრებას და დაინტერესებულია მშვიდობითა და ოჯახის ბედნიერებით. ხშირ შემთხვევაში, ისინი სიამოვნებით საუბრობენ ამ საკითხებზე. 4) აუხსენი, რომ ბიბლიის სწავლებით ადამიანთა პრობლემებს სამართლიანი ზეციერი ხელისუფლება გადაჭრის. უთხარი, რას ამბობს ბიბლია დედამიწის მომავალზე და მიწიერ სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობაზე. 5) შეგიძლია ესაუბრო, თუ რას ამბობს ბიბლია სიცოცხლის წარმოშობაზე, სიცოცხლის აზრზე, მიცვალებულთა მდგომარეობაზე, მკვდრეთით აღდგომაზე ან ბოროტების არსებობის მიზეზზე. ბიბლიის ჭეშმარიტებაზე გულთბილად საუბარს შეიძლება დადებითად გამოეხმაურონ ცხვრისმაგვარი ადამიანები.
სპეციალურად ბუდიზმის მიმდევართათვის მრავალ ენაზე გამოიცა ბროშურა „მამის ძიებაში“.
როცა ვინმე გეუბნება: „მე ებრაელი ვარ“
● პირველ რიგში, შეეცადე გაიგო, რას გულისხმობს ის ამაში. ყველა ებრაელი არ არის მორწმუნე. თუ ადამიანი ებრაელია, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ის იუდაიზმის მიმდევარია.
მხედველობაში იქონიე შემდეგი: 1) მორწმუნე ებრაელებისთვის მიუღებელია ღვთის სახელის წარმოთქმა. 2) ბევრი ებრაელი ბიბლიას ქრისტიანების წიგნად თვლის, მაგრამ თავისუფლად შეგიძლია მოიხსენიო „ებრაული წერილები“, „წმინდა წერილები“ ან „თორა“. 3) ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციას. ბევრი მორწმუნე ებრაელისთვის ტრადიცია წმინდა წერილებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. 4) იესო ქრისტე მათთვის შეიძლება ასოცირდებოდეს ქრისტიანულ სამყაროსთან, რომელიც სასტიკად დევნიდა ებრაელებს იესოს სახელით. 5) როგორც წესი, მათ სწამთ, რომ ღმერთი ებრაელებისგან მოითხოვს შაბათის დაცვას. ბევრი ამ დღეს ყიდვა-გაყიდვისგანაც იკავებს თავს.
საერთო ენა რომ გამოძებნო, შეგიძლია უთხრა: 1) „ჩვენი განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, ყველა ვხვდებით პრობლემებს. როგორ ფიქრობთ, გადაიჭრება ერთხელ და სამუდამოდ დღევანდელი პრობლემები?“ (ფსალმ. 37:10, 11, 29; 146:3—5; დან. 2:44). 2) „ჩვენ არ მივეკუთვნებით ქრისტიანულ სამყაროს, არ გვწამს სამების და თაყვანს ვცემთ აბრაამის ღმერთს. ჩვენ განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ იმით, რაც დაკავშირებულია რელიგიურ ჭეშმარიტებასთან. ებრაელთა შორისაც განსხვავებული შეხედულებები არსებობს ჭეშმარიტებაზე. თქვენი აზრით, როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანმა, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი? . .“ (კან. 4:2; ეს. 29:13, 14; ფსალმ. 119:160). 3) „ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, თუ როგორ შეასრულებს ღმერთი აბრაამისთვის მიცემულ დაპირებას და როგორ აკურთხებს ყველა ერს მისი შთამომავლის მეშვეობით“ (დაბ. 22:18).
თუ გეტყვის, რომ არ არის მორწმუნე, ჰკითხე: „არასდროს ყოფილხართ მორწმუნე?“ შემდეგ შეგიძლია ესაუბრო იმაზე, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას. ებრაელთა გენოციდის შემდეგ ეს საკითხი ბევრ ებრაელს აფიქრებს.
თუ ღვთის სახელის ხსენების მნიშვნელოვნებაზე გაესაუბრები, პირველ რიგში, ჰკითხე, თვითონ რას ფიქრობს ამ საკითხზე. ყურადღება გაუმახვილე იმაზე, რომ გამოსვლის 20:7 კრძალავს ღვთის სახელის უღირსად და არა მოკრძალებით ხსენებას. შემდეგ იმსჯელე ისეთ მუხლებზე, როგორიცაა გამოსვლის 3:15 (ან ფსალმუნის 135:13), 1 მეფეების 8:41—43, ესაიას 12:4, იერემიას 10:25, მალაქიას 3:16.
თუ მესიაზე ისაუბრებ, 1) მის ვინაობაზე მსჯელობის ნაცვლად, ჯერ ყურადღება გაამახვილე მის მმართველობაზე და მომავალ კურთხევებზე; 2) შემდეგ იმსჯელე იმ მუხლებზე, რომლებიდანაც ჩანს, რომ მესია კონკრეტული პიროვნება უნდა ყოფილიყო (დაბ. 22:17, 18; ზაქ. 9:9, 10; დან. 7:13, 14); 3) შეიძლება ღირდეს იმაზე მსჯელობა, რომ წმინდა წერილებში საუბარია მესიის ორ მოსვლაზე (დანიელის 7:13, 14 შეადარე დანიელის 9:24—26-ს); 4) იესოზე საუბრისას მოიხსენიე, რომ ღვთის განზრახვა თანდათანობით სრულდება. აღნიშნე, რომ იესოს ქადაგებიდან ცოტა ხანში ღმერთმა დაუშვა მეორე ტაძრის განადგურება, რომელიც დღემდე არ აღდგენილა. უთხარი, რომ იესო ყურადღებას ამახვილებდა მოსეს რჯულისა და წინასწარმეტყველთა წიგნების შესრულებაზე, აგრეთვე დიდებულ მომავალზე, რომლის იმედსაც რჯული და ეს წიგნები აძლევდა მორწმუნეებს.
როცა ვინმე გეუბნება: „მე ინდუსი ვარ“
● ინდუიზმის ფილოსოფია ძალიან რთულია და მარტივ ლოგიკას არ ექვემდებარება. შეიძლება სასარგებლო იყოს შემდეგი ინფორმაცია: 1) ინდუიზმის მოძღვრებით ღვთაება ბრაჰმანი გვევლინება სამი ფორმით, კერძოდ ბრაჰმის (შემოქმედი), ვიშნუს (დამცველი) და შივას (გამანადგურებელი) სახით. თუმცა ინდუსების რწმენით ღმერთი არ არის კონკრეტული პიროვნება. 2) ინდუსებს სჯერათ, რომ ბუნებაში ყველაფერს აქვს სული, რომელიც არასდროს კვდება და, ფაქტობრივად, უსასრულოდ განიცდის რეინკარნაციას. საქმეები (კარმა) განსაზღვრავს, როგორ სხეულში დაიბადება ხელახლა სული. ამ უსასრულო ციკლიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ყოველგვარი სურვილის დათრგუნვაა. თუ სული ამას შეძლებს, ის შეუერთდება „მსოფლიო სულს“. 3) როგორც წესი, ინდუსები პატივისცემით ეკიდებიან სხვა რელიგიებს. ისინი თვლიან, რომ ურთიერთგამომრიცხავი მოძღვრებების მიუხედავად ყველა რელიგია ერთ ჭეშმარიტებამდე მიმყვანი გზაა.
ნუ დაიწყებ ინდუიზმის რთულ ფილოსოფიაზე მსჯელობას. ნაცვლად ამისა, ისაუბრე წმინდა ბიბლიის ჭეშმარიტებაზე. იეჰოვა ყველა ადამიანს სთავაზობს სიცოცხლეს და მის სიტყვაში ნათლად გადმოცემული ჭეშმარიტება მიაღწევს მათ გულამდე, ვისაც სიმართლე სწყურია. მხოლოდ ბიბლია გვაძლევს მომავლის რეალურ იმედს და დამაკმაყოფილებელ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც მრავალ ადამიანს აფიქრებს. იმსჯელე ამ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ინდუიზმის წმინდა წიგნში, „რიგვედაში“, ერთ-ერთი ჰიმნის სათაურია „უცნობ ღმერთს“ (10. 121). ზოგ შემთხვევაში შეიძლება ღირდეს ამის მოხსენიება, როგორც ეს მოციქულმა პავლემ გააკეთა, როცა ათენელებთან საუბრისას „უცნობი ღმერთისადმი“ მიძღვნილი სამსხვერპლო ახსენა (საქ. 17:22, 23). აგრეთვე საინტერესოა, რომ ინდუსთა ერთ-ერთი ღვთაების, ვიშნუს სახელი დიგამის გარეშე წარმოითქმის როგორც „იშ-ნუ“, რომლის მნიშვნელობაც ქალდეურ ენაზე არის „კაცი ნოე“. აღნიშნე, რა წერია ბიბლიაში ნოეს დროს მომხდარ წარღვნასთან დაკავშირებით. მათთვის, ვინც ვერ ეგუება რეინკარნაციის უსასრულობის იდეას, შეიძლება სასარგებლო იყოს 254-ე გვერდზე მოცემული მასალა („რეინკარნაცია“).
სპეციალურად ინდუსებისთვის მრავალ ენაზე გამოიცა ბროშურები: „ღვთიური ჭეშმარიტება გვათავისუფლებს“ და „კურუკშეტრიდან არმაგედონამდე“.