ლოცვა
განმარტება: ჭეშმარიტ ღმერთთან ან ცრუღმერთებთან მოწიწებით საუბარი ხმამაღლა ან ჩუმად, გუნებაში.
ფიქრობთ, რომ ღმერთი არ პასუხობს თქვენს ლოცვებს?
ვის ლოცვებს ისმენს ღმერთი?
ფსალმ. 65:2; საქ. 10:34, 35: „ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი“. „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (მნიშვნელობა არა აქვს ეროვნებას, კანის ფერს ან ეკონომიკურ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია ის, თუ რა ამოძრავებს ადამიანს და როგორ ცხოვრებას ეწევა).
ლუკ. 11:2: „ასე ილოცეთ: მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო“ (მიმართავთ ლოცვის დროს მამას, რომლის სახელიც, ბიბლიის თანახმად, არის იეჰოვა? ღვთის ნაცვლად „წმინდანებს“ ხომ არ მიმართავთ?).
იოან. 14:6, 14: «იესომ უთხრა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა. თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“» (ლოცულობთ იესო ქრისტეს სახელით? გწამთ, რომ ცოდვილი ადამიანები ვსაჭიროებთ მის შუამავლობას მამასთან?).
1 იოან. 5:14: „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (ასეთი რწმენა რომ გქონდეთ, უპირველესად, უნდა გაიგოთ, რა არის ღვთის ნება. შემდეგ კი ღმერთს ისეთი რამ უნდა სთხოვოთ, რაც მის ნებას შეესაბამება).
1 პეტ. 3:12: „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი, ყური — მათი ვედრებისკენ, სახე კი იეჰოვას ცუდის გამკეთებელთა წინააღმდეგ აქვს მიმართული“ (გამოყოფთ დროს იმის გასაგებად, თუ რას ამბობს იეჰოვა თავის სიტყვაში, რას თვლის სიმართლედ და რას — ბოროტებად?).
1 იოან. 3:22: „რასაც კი ვთხოვთ, ვიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვაკეთებთ იმას, რაც მოსაწონია მის თვალში“ (ნამდვილად გსურთ იმის კეთება, რაც ღმერთს მოსწონს? ცდილობთ მისი მცნებების დაცვას?).
ეს. 55:6, 7: „ეძებეთ იეჰოვა, სანამ შეიძლება მისი პოვნა! მოუხმეთ მას, სანამ ახლოსაა! მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები. დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას, ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია“ (იეჰოვა გულმოწყალეა და მზად არის, მათაც მოუსმინოს, ვინც არასწორად იქცეოდა. მაგრამ მათ გულწრფელად უნდა მოინანიონ და გამოსწორდნენ).
რა შემთხვევაში შეიძლება არ მოისმინოს ღმერთმა ლოცვები?
მათ. 6:5: „როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა და ლოცვა სხვების დასანახავად. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური“ (აგრეთვე ლუკას 18:9—14).
მათ. 6:7: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“.
იგავ. 28:9: „ვინც [ღვთის] კანონის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სისაძაგლეა“.
მიქ. 3:4: „მაშინ შველას სთხოვენ იეჰოვას, ის კი არ უპასუხებს მათ, სახეს დამალავს იმ დროს მათგან მათი ბოროტი საქმეების გამო“.
იაკ. 4:3: „თხოულობთ, მაგრამ ვერ ღებულობთ, რადგან ცუდი განზრახვით თხოულობთ, საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად“.
ეს. 42:8, სსგ; მათ. 4:10, სსგ: «მე ვარ უფალი [„იეჰოვა, აქ], ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას — გამოქანდაკებულ კერპებს». «უფალს ღმერთს შენსას [„იეჰოვას, შენს ღმერთს“, აქ] თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე» (აგრეთვე ფსალმუნის 115:4—8 [113:12—16, სსგ]) (ფაქტობრივად, ლოცვა თაყვანისცემაა. მოეწონება ღმერთს, თუ გამოსახულებებს მივმართავთ ლოცვით?).
ეს. 8:19: „თუ გეტყვიან: მიმართეთ სულების გამომძახებლებს ან მათ, ვისაც მკითხაობის სული აქვთ და ვინც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენო, განა თავის ღმერთს არ უნდა მიმართავდეს ხალხი?! განა ცოცხლებისთვის მკვდრებს უნდა მიმართავდნენ?!“
იაკ. 1:6, 7: „ოღონდ სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარი რომ აიტაცებს და აქეთ-იქით დააქროლებს. ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ იეჰოვასგან რამეს მიიღებს“.
რის შესახებ შეგვიძლია ვილოცოთ?
მათ. 6:9—13: «ამიტომ, ასე ილოცეთ: „[1] ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. [2] მოვიდეს შენი სამეფო და [3] იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. [4] მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური. [5] გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს, და [6] ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“» (როგორც ვხედავთ, ლოცვის დროს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ღვთის სახელსა და განზრახვას).
ფსალმ. 25:4, 5: „მაუწყე შენი გზები, იეჰოვა, მასწავლე შენი ბილიკები! მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ჩემი ხსნის ღმერთი“.
ლუკ. 11:13: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“
1 თეს. 5:17, 18: „განუწყვეტლივ ილოცეთ; ყველაფრისთვის მადლობლები იყავით“.
მათ. 14:19, 20: „[იესომ] აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, ილოცა, დაამტვრია პურები და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღა“.
იაკ. 5:16: „ილოცეთ ერთმანეთისთვის“.
მათ. 26:41: „იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“.
ფილ. 4:6: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“.
თუ ვინმე გეუბნება. . .
„ჯერ ერთად ვილოცოთ და მერე ვისაუბროთ“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „კარგია, რომ აფასებთ ლოცვას. იეჰოვას მოწმეებიც რეგულარულად ვლოცულობთ. იესომ საინტერესო რამ თქვა იმის შესახებ, თუ როდის და როგორ უნდა ვილოცოთ. როგორც მოწაფეებს უთხრა, სახალხოდ ლოცვისას მათი მიზანი ის არ უნდა ყოფილიყო, რომ სხვებს დაენახათ მათი ერთგულება და ღვთისმოსაობა“ (მათ. 6:5). შემდეგ შეგიძლია უთხრა: „ნახეთ, იესოს თქმით, რა უნდა იყოს უმთავრესი ჩვენთვის და უპირველესად რაზე უნდა ვილოცოთ. სწორედ ამაზე მსურდა თქვენთან საუბარი“ (მათ. 6:9, 10).
ან შეგიძლია უთხრა: «მე ვიცი, რომ ზოგი რელიგიის მიმდევარი ასე იქცევა. იეჰოვას მოწმეები ვითვალისწინებთ იმას, რაც იესომ უთხრა მოწაფეებს, როცა საქადაგებლად გაგზავნა. ნახეთ, რა უთხრა მათ იესომ მათეს 10:12, 13-ში . . . მას არ უთქვამს: „როცა სახლში შეხვალთ, ჯერ ილოცეთ“. მე-7 მუხლში კი ნათქვამია, თუ რაზე უნდა ექადაგათ იესოს მოწაფეებს . . . რას გააკეთებს ეს სამეფო ჩვენთვის?» (გამოცხ. 21:4).