გამოსასყიდი
განმარტება: საფასური, რომელსაც იხდიან იმ მიზნით, რომ უკან დაიბრუნონ რამე, ან ამა თუ იმ ვალდებულებისგან გაათავისუფლონ ან არასასურველი მდგომარეობიდან დაიხსნან ვინმე. თავისი მნიშვნელობით ვერც ერთი გამოსასყიდი ვერ შეედრება იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფასურს. მან ეს საფასური ზეცაში გადაიხადა, რითაც ადამის შთამომავლებს მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა.
რით განსხვავდება იესო ქრისტეს სიკვდილი სხვა წამებულების სიკვდილისგან?
იესო სრულყოფილი ადამიანი იყო. მას მემკვიდრეობით არ მიუღია ცოდვა, დედამიწაზე ყოფნისას არ შეუცოდავს და არ დაუკარგავს სრულყოფილება. ის იყო „წაუბილწველი, ცოდვილებს ჩამოშორებული“ (1 პეტ. 2:22; ებრ. 7:26).
იესო იყო ღვთის გამორჩეული ძე. ღმერთმა თავად დაადასტურა ეს ზეციდან (მათ. 3:17; 17:5). დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში ცხოვრობდა და ღმერთთან ერთად მონაწილეობდა ყველა სულიერი თუ უსულო ქმნილების შექმნაში. ღმერთმა თავისი ძის სიცოცხლე სასწაულებრივად გადაიტანა ქალწულის საშვილოსნოში, რათა ის დედამიწაზე დაბადებულიყო. იმის ხაზგასასმელად, რომ დედამიწაზე ყოფნისას ნამდვილად ადამიანი იყო, იესო საკუთარ თავს „კაცის ძეს“ უწოდებდა (კოლ. 1:15—20; იოან. 1:14; ლუკ. 5:24).
იესო უძლური არ იყო ჯალათების წინაშე. მან თქვა: „ჩემს სულს ვწირავ . . . ჩემთვის ის არავის წაურთმევია, მე თვითონ ვწირავ მას“ (იოან. 10:17, 18). მან შეგნებულად არ მიმართა ანგელოზებს დასახმარებლად (მათ. 26:53, 54). იესომ საკუთარი სიცოცხლე ნებაყოფლობით გაიღო მსხვერპლად მიუხედავად იმისა, რომ მისი მოკვლა ბოროტ ადამიანებს სურდათ და მათ მიაღწიეს თავიანთ მიზანს.
იესოს დაღვრილ სისხლს აქვს ადამიანთა ხსნის ძალა. „კაცის ძეც ხომ არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მარ. 10:45). ასე რომ, იესოს სიკვდილი თავისი მნიშვნელობით ბევრად აღემატება მათ სიკვდილს, ვინც საკუთარი მრწამსის გამო მოკლეს.
იხილეთ აგრეთვე გვერდები 112, 113 („გახსენების საღამო“).
რატომ იყო საჭირო გამოსასყიდის ასეთი სახით გაღება ჩვენი მარადიული სიცოცხლისთვის?
რომ. 5:12: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რაც არ უნდა პატიოსნად ვცხოვრობდეთ, ყველანი ცოდვილები ვართ დაბადებიდან [ფსალმ. 51:5]. ჩვენ ვერანაირად ვერ მოვიპოვებთ მარადიული სიცოცხლის უფლებას).
რომ. 6:23: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“.
ფსალმ. 49:6—9: „მათგან, ვინც თავის ქონებაზეა დაიმედებული და ვინც თავისი სიმდიდრით იკვეხნის, ვერც ერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს, (მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია, რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება), რათა მან მარადიულად იცოცხლოს და საფლავი არ იხილოს“ (არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია ვინმეს დახსნა ცოდვისა და სიკვდილისგან. ის ფულით ვერ შეძლებს მარადიული სიცოცხლის ყიდვას. სიკვდილით კი სხვას ვერ დაიხსნის, რადგან სიკვდილი თავისივე ცოდვების საზღაურია).
ხომ შეიძლებოდა, რომ ადამი და ევა სიკვდილით დასჯილიყვნენ, ხოლო მათ შთამომავლებს, ვინც ღმერთს დაემორჩილებოდა, მარადიულად ეცოცხლათ? რატომ არ მოიქცა იეჰოვა ასე?
იმიტომ რომ ის „სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმ. 33:5; კან. 32:4; იერ. 9:24). მან სამართლიანად იმოქმედა, არ დაარღვია სრულყოფილი სამართლის ნორმები და თან სიყვარული და გულმოწყალება გამოავლინა.
1) ცოდვის ჩადენამდე ადამსა და ევას შვილები არ ჰყოლიათ. ამიტომ მათი არც ერთი შვილი არ ყოფილა სრულყოფილი. ადამის ყველა შთამომავალი დაბადებიდანვე ცოდვილი იყო, ცოდვის საზღაური კი სიკვდილია. თუ იეჰოვა ამ ფაქტზე თვალს დახუჭავდა, ეს მისი სამართლიანი ნორმების უგულებელყოფის ტოლფასი იქნებოდა. ღმერთი რომ ასე მოქცეულიყო, უსამართლობას შეუწყობდა ხელს. მან გვერდი არ აუარა სრულყოფილი სამართლის ნორმებს. ამიტომ მას ვერც ერთი ქმნილება საფუძვლიანად ვერ დაადანაშაულებს ამ ნორმების დარღვევაში (რომ. 3:21—26).
2) როგორ შეიძლებოდა ღვთის სამართლის ნორმების დაურღვევლად ადამის იმ შთამომავლების დახსნა, რომლებიც სიყვარულით დაემორჩილებოდნენ იეჰოვას? თუ სრულყოფილი ადამიანი გაიღებდა მსხვერპლად სიცოცხლეს, შესაძლებელი გახდებოდა მათი ცოდვების საფასურის გადახდა, ვინც რწმენას გამოავლენდა გამოსასყიდისადმი. ვინაიდან ერთი ადამიანის (ანუ ადამის) ცოდვის გამო გახდა ყველა ცოდვილი, ერთი სრულყოფილი ადამიანის (ფაქტობრივად, მეორე ადამის) დაღვრილი სისხლი, რომელსაც იგივე ფასი ექნებოდა, შეძლებდა „სამართლის პინების“ გაწონასწორებას. ადამმა შეგნებულად შესცოდა, ამიტომ ასეთი გამოსასყიდი მასზე არ იმოქმედებდა. ადამის შთამომავლობის დახსნა კი შესაძლებელი იქნებოდა, რადგან „მეორე ადამი“ გადაიხდიდა იმას, რაც მათ სჭირდებოდათ ცოდვისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ ასეთი სრულყოფილი ადამიანი არ არსებობდა. ადამიანები ვერასოდეს დააკმაყოფილებდნენ ღვთის სამართლით გათვალისწინებულ ამ მოთხოვნებს. ამიტომ იეჰოვამ უდიდესი სიყვარულის ნიშნად თავად იზრუნა ადამიანთა ხსნაზე, რისთვისაც დიდი მსხვერპლი გაიღო (1 კორ. 15:45; 1 ტიმ. 2:5, 6; იოან. 3:16; რომ. 5:8). თავის მხრივ, ღვთის მხოლოდშობილმა ძემაც გამოავლინა მზადყოფნა ადამიანთა დასახმარებლად. მან თავმდაბლურად დათმო ზეციერი დიდება და გახდა სრულყოფილი ადამიანი, რათა თავი გაეწირა ყველასთვის (ფილ. 2:7, 8).
მაგალითი: დავუშვათ, ოჯახის უფროსმა დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც სიკვდილი მიუსაჯეს. ვალების გამო მისი ბავშვები რთულ და უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ბავშვების პაპამ გადაწყვიტა მათი დახმარება. მან მეორე ვაჟს სთხოვა, მათი ვალები გაესტუმრებინა, რათა ბავშვებს ნორმალური ცხოვრების საშუალება მისცემოდათ. ცხადია, ბავშვებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რაც საჭირო იქნება დახმარების მისაღებად. პაპამ შეიძლება მათ გარკვეული მოთხოვნებიც დაუდგინოს, რათა მამის კვალს არ გაჰყვნენ.
პირველ რიგში ვის მოუტანა სარგებლობა იესოს მსხვერპლმა და რა მიზნით?
რომ. 1:16: „ის [სასიხარულო ცნობა იესო ქრისტეს, ასევე იეჰოვას განზრახვაში მისი როლის შესახებ] ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველის, მერე კი ბერძნისა“ (იესოს მსხვერპლის საფუძველზე ხსნის შესაძლებლობა პირველად იუდეველებს მიეცათ, შემდეგ კი არაიუდეველებს).
ეფეს. 1:11—14: „ვისთან [ქრისტესთან] ერთობაშიც დავინიშნეთ [იუდეველები, მათ შორის მოციქული პავლე] მემკვიდრეებად [ზეციერი სამეფოს მემკვიდრეებად] . . . რათა მისი დიდების საქებრად გვემსახურა ჩვენ, ვინც პირველებმა დავამყარეთ იმედი ქრისტეზე. თქვენც [უცხოტომელმა, მათ შორის ეფესოელმა, ქრისტიანებმა] დაამყარეთ მასზე იმედი მას შემდეგ, რაც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, სასიხარულო ცნობა თქვენი ხსნის შესახებ. და როცა ირწმუნეთ, მისივე მეშვეობით ბეჭედდასმული იქენით დაპირებული წმინდა სულით, რაც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია, რათა გამოსასყიდით გათავისუფლდეს ღვთის საკუთრება მისი დიდების საქებრად“ (1 პეტრეს 1:4-დან ჩანს, რომ ეს მემკვიდრეობა ზეცაში ინახება. მას, როგორც გამოცხადების 14:1—4-დან ვხედავთ, 144 000 ადამიანი იღებს. ისინი ქრისტესთან ერთად მეფეები და მღვდლები იქნებიან 1 000 წლის განმავლობაში და უხელმძღვანელებენ კაცობრიობას. ამ პერიოდში შესრულდება ღვთის განზრახვა — დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და პირველი ადამიანების შთამომავლები გასრულყოფილდებიან).
კიდევ ვისთვის მოაქვს სარგებლობა იესოს მსხვერპლს?
1 იოან. 2:2: „ის [იესო ქრისტე] შერიგების მსხვერპლია ჩვენი [იოანე მოციქულისა თუ სხვა სულითცხებული ქრისტიანების] ცოდვებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების [მათი, ვისაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა აქვს] ცოდვებისთვის“.
იოან. 10:16: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (მაშინ როცა სამეფოს მემკვიდრეთა „მცირე სამწყსოს“ წევრები ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან, იესო ქრისტე სიყვარულით ზრუნავს „სხვა ცხვარზეც“. ამგვარად, „სხვა ცხვარი“ და სამეფოს მემკვიდრეები „ერთ სამწყსოს“ ქმნიან. იესოს მსხვერპლს ორივე ჯგუფისთვის ერთნაირად მოაქვს სარგებლობა, თუმცა არსებობს განსხვავებაც, რაც მათ მომავალთან არის დაკავშირებული).
გამოცხ. 7:9, 14: «ამის შემდეგ გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან . . . „ესენი დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან, მათ გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“» (როცა დიდი გასაჭირი დაიწყება, ღვთის თვალში „უამრავი ხალხი“ სუფთა იქნება, რადგან მათ სწამთ, რომ გამოსასყიდს აქვს ხსნის ძალა. ამის საფუძველზე ისინი მართლებად ჩაითვლებიან, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გადაურჩნენ დიდ გასაჭირს).
რა გახდება მომავალში შესაძლებელი გამოსასყიდის წყალობით?
გამოცხ. 5:9, 10: «ისინი ახალ სიმღერას მღეროდნენ და ამბობდნენ: „შენ [იესო ქრისტე] ღირსი ხარ, რომ აიღო გრაგნილი და ახსნა მისი ბეჭდები, რადგან დაკლულ იქენი და შენი სისხლით იყიდე ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან, ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“» (გამოსასყიდს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმისათვის, რომ ადამიანებს ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფობის შესაძლებლობა მისცემოდათ. დედამიწის მომავალ მმართველთაგან მალე ყველა ზეცაში იქნება).
გამოცხ. 7:9, 10: «აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ [იესო ქრისტეს წინ, რომელმაც მსხვერპლად გაიღო სიცოცხლე, როგორც სიმბოლურმა კრავმა] თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი, ხელში პალმის ტოტები ეჭირათ და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“» (იმის რწმენა, რომ ქრისტეს მსხვერპლს აქვს ხსნის ძალა, გადამწყვეტ როლს შეასრულებს დიდი გასაჭირის დროს უამრავი ხალხის გადარჩენაში).
გამოცხ. 22:1, 2: „მან სიცოცხლის წყლის მდინარე მაჩვენა, ბროლივით სუფთა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში. მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეები იყო, რომლებიც თორმეტჯერ იძლეოდნენ მოსავალს, ყოველთვიურად იძლეოდნენ ნაყოფს. ხეების ფოთლები ხალხების განსაკურნავად იყო“ (ამგვარად, ღვთის კრავის, ანუ იესო ქრისტეს, მსხვერპლის საფუძველზე ღმერთი ადამიანებს ცოდვის შედეგებისგან „განკურნავს“ და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემს).
რომ. 8:21: „თვით ქმნილებაც [კაცობრიობა] გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იესოს მსხვერპლმა ჩვენც მოგვიტანოს მარადიული კურთხევები?
იოან. 3:36: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“.
ებრ. 5:9: „მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა [იესო ქრისტე], თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი“.
რას გვეუბნება გამოსასყიდი ადამიანებისადმი ღვთის დამოკიდებულებაზე?
1 იოან. 4:9, 10: „ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე. სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“.
რომ. 5:7, 8: „ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისთვის, თუმცა კარგი კაცისთვის შეიძლება მოკვდეს კიდეც ვინმე. ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“.
როგორ უნდა იმოქმედოს გამოსასყიდმა ჩვენს ცხოვრებაზე?
1 პეტ. 2:24: „მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის“ (ვინაიდან იეჰოვამ და იესომ ყველაფერი გააკეთეს ცოდვისგან ჩვენ გასათავისუფლებლად, მთელი მონდომებით უნდა ვეცადოთ არასწორი მიდრეკილებების დაძლევას. ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს ცოდვის შეგნებულად ჩადენა).
ტიტ. 2:13, 14: „[იესო ქრისტემ] თავი დადო ჩვენთვის, რათა გავეთავისუფლებინეთ ყოველგვარი უკანონობისგან და თავის საკუთრებად განეწმინდა ერი, კარგი საქმეების მოშურნე“ (თუ ვაფასებთ გამოსასყიდს, გულმოდგინედ ვეცდებით იმის კეთებას, რაც ქრისტემ თავის ჭეშმარიტ მიმდევრებს დაავალა).
2 კორ. 5:14, 15: „ჩვენ იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს, რადგან ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ. ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“.