ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოშიმენი, აშშ: იესოს მსგავსად, ჩვენი ძმები „ადამიანთა მებადურები“ არიან.
მენი, აშშ: იესოს მსგავსად, ჩვენი ძმები „ადამიანთა მებადურები“ არიან.
მსოფლიო ანგარიში
ქვეყნები 239
მაუწყებლები 7 782 346
სამქადაგებლო საქმიანობაში გატარებული საათების რაოდენობა 1 748 697 447
ბიბლიის შესწავლები 8 759 988
აფრიკა
ქვეყნები 58
მოსახლეობა 968 989 710
მაუწყებლები 1 312 429
ბიბლიის შესწავლები 2 999 639
მან აბორტის გაკეთება გადაიფიქრა
ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში ცხოვრობდა ერთი ქალი, სეიბა, რომელსაც საკუთარი მაღაზია ჰქონდა. ერთხელ დებმა მას შესთავაზეს ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, სადაც საუბარი იყო აბორტზე. სეიბამ მაღაზიაში შეიყვანა ისინი და ცრემლმორეულმა უთხრა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა აბორტის გაკეთება. საუბრის დროს ქალებს იმდენად აუჩუყდათ გული, რომ სამივემ ტირილი დაიწყო. იმ დღეს ამ ქალმა გადაიფიქრა აბორტის გაკეთება და თავის ქმარს ამის მიზეზი უთხრა. ცოტა ხანში მას მშვენიერი გოგონა შეეძინა. მან ბიბლიის შესწავლაც დაიწყო და მოინათლა კიდეც. ამჟამად იგი პიონერად მსახურობს და ძალიან ბედნიერია. მალე მისმა ქმარმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ჩვენი ძმა გახდა. 2012 წლის აპრილში მათი ორი შვილიც მოინათლა.
„შესაძლებელია მასთან დალაპარაკება?“
კაოკოლანდი, ნამიბია: ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციები ყველა ასაკის ადამიანს იზიდავს. ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“ დღეისთვის 452 ენაზეა ხელმისაწვდომი.
ეთიოპიაში სარაიონო ზედამხედველი ერთ ძმასთან ერთად კარდაკარ ქადაგებდა. ერთი სახლიდან გამოვიდა მოსამსახურე ქალი. მათ ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა სახლის პატრონთან დალაპარაკება. როდესაც ქალმა მიუგო, რომ ეს შეუძლებელი იყო, ჰკითხეს, ის მაინც თუ შეიძლებოდა, რომ მისთვის ლიტერატურა დაეტოვებინათ. მოსამსახურე სახლში შებრუნდა, რომ პატრონისგან ნებართვა აეღო, შემდეგ ისევ დაბრუნდა მათთან და უთხრა, რომ სახლის პატრონს სურდა, ჯერ თავად ენახა, რას უტოვებდნენ.
ამიტომ, ძმებმა მისცეს მას ჟურნალები. რამდენიმე წუთში მოსამსახურე დაბრუნდა და უთხრა მათ, რომ სახლის პატრონი დაიტოვებდა ამ ჟურნალებს. შემდეგ ერთ-ერთმა ძმამ უთხრა: „თუ თავად არ შეუძლია გამოსვლა, შეიძლება, რომ ჩვენ შემოვიდეთ და დაველაპარაკოთ?“ მოსამსახურე კიდევ ერთხელ შებრუნდა, რომ პატრონის აზრი გაეგო. ამჯერად ის უფრო დიდხანს შეყოვნდა. ძმებს იმის იმედიც კი გადაეწურათ, რომ მოსამსახურე გამოვიდოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ის გამოვიდა და სახლში შეიპატიჟა ისინი. ძმებმა გაიგეს, რომ სახლის ხანდაზმული მეპატრონე, ირგუ, უკვე ათი წელი ლოგინს იყო მიჯაჭვული. მას საწოლში წამოჯდომაც კი არ შეეძლო. როგორც ჩანს, მოსამსახურე იმიტომ შეყოვნდა, რომ მოხუცს ჩაცმაში ეხმარებოდა და ოთახს აწესრიგებდა.
ძმებმა ამ ხანდაზმულ მამაკაცს სასიხარულო ცნობა გაუზიარეს. ირგუ აღაფრთოვანა მოსმენილმა და შესწავლაზე დასთანხმდა. ბიბლიის შესწავლის პროცესში მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა. დროთა განმავლობაში მან შეძლო საწოლიდან წამოდგომა და ინვალიდის სავარძლით გადაადგილება. მალე კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო და ერთ-ერთ ბოლო საოლქო კონგრესზე მოინათლა კიდეც.
მამის დანატოვარი რელიგიური წიგნები
ზიმბაბველი კალვინი ოთხი წლის იყო, როცა მამა მოუკვდა. ერთადერთი, რაც მამისგან დარჩა, ჩანთა იყო, რომელშიც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და წიგნის „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“ 1-ლი ტომი ელაგა. მამამ კალვინს დაუბარა: „იპოვე იმ რელიგიის მიმდევრები, რომლებმაც ეს წიგნები გამოსცეს. ეს რელიგია ჭეშმარიტებას ასწავლის“.
როდესაც კალვინს დედაც მოუკვდა, ბებიამ თავისთან წაიყვანა. ცხრა წლის მანძილზე კალვინი ბებიას ეკლესიაში არ მიჰყვებოდა და დაჟინებით ამბობდა, რომ ერთ დღესაც იპოვიდა „რელიგიას“, რომელიც მამამისის მიერ დანატოვარ წიგნებს გამოსცემდა.
ერთხელ ამ ბიჭუნას ბებია შეხვდა ერთ ჩვენს დას, მაგრამ არ იცოდა, რომ ის მოწმე იყო. ბებიამ ამ დასთან ახსენა, რომ მისი შვილიშვილი საშინლად ჯიუტი ბავშვი იყო და არ მიჰყვებოდა ეკლესიაში; ის კვირაობით მამამისის დანატოვარ წიგნს კითხულობდა. ამ დამ იკითხა ამ წიგნის სახელი. ბებიამ უთხრა, რომ, მისი აზრით, ეს «„საგუშაგო კოშკის“ გამოცემული ერთ-ერთი უაზრო წიგნი უნდა ყოფილიყო».
ამ დამ თქვა, რომ ბიჭუნასთან შეხვედრას ისურვებდა. როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, კალვინის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დამ მაშინვე დაიწყო მასთან ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. კალვინმა დაუყოვნებლივ დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება ბებიის წინააღმდეგობის მიუხედავად. მას გადაწყვეტილი აქვს, არ მიატოვოს ჭეშმარიტება. იგი მოუთმენლად ელის დროს, როცა მკვდრეთით აღდგება მისი დედ-მამა და ოჯახი კვლავ გაერთიანდება. კალვინი 2012 წლის აგვისტოში მოინათლა.
„ღმერთი, რომელსაც შენ ემსახურები, მართლაც ძლიერია!“
ერთი თვეც არ იყო გასული, რაც უგანდელმა კარომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო, როცა ქმარმა, მარტინმა, რომელიც ჯადოქრობდა, მისი შევიწროება დაიწყო. ის საყვედურობდა ცოლს: „შენი წიგნების გამო წინაპართა სულები აღარ მოდიან ჩვენს სახლში“. მარტინი შეურაცხყოფდა მას და მოკვლითაც ემუქრებოდა, თუ თავს არ დაანებებდა ბიბლიის შესწავლას. ამასთანავე, ოჯახის რჩენაზეც აიღო ხელი. კარო სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ოჯახს იმით არჩენდა, რაც საკუთარ ბაღში მოჰყავდა. ამავე დროს, საფუძვლიანად სწავლობდა ბიბლიას. მოგვიანებით, როცა მის სიცოცხლეს აშკარად დაემუქრა საფრთხე, სახლიდან წავიდა. კაროს მძიმედ შრომა უწევდა, რომ თავი გაეტანა. როცა შეიტყო, რომ მისი შვილები ავად იყვნენ, მცირე დანაზოგით, რომელიც გააჩნდა, წამალი უყიდა მათ და გაუგზავნა.
ცოტა ხანში კაროს ქმარმა დაურეკა. მან უთხრა: „მინდა, რომ სახლში დაბრუნდე. ვიცი, რომ ღმერთი, რომელსაც შენ ემსახურები, მართლაც ძლიერია და არ მიუტოვებიხარ. მინდა, სთხოვო მათ, ვინც შენ გასწავლის, რომ მეც მასწავლონ ბიბლია. მსურს, ცხოვრების წესი შევიცვალო“. მარტინი სრული გულწრფელობით ამბობდა ამას. ამჟამად ის და მისი ოჯახის წევრები ბედნიერები არიან. მარტინი და კარო 2012 წელს კონგრესზე მოინათლნენ.
ერთადერთი მქადაგებელი პატარა მივარდნილ ქალაქში
დეივიდი, სანამ კენიაში ერთ პატარა მივარდნილ ქალაქში ცხოვრობდა, რომელიც მისი სახლიდან საკმაოდ შორს იყო, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თუმცა, მალე კენიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე თავის მშობლიურ სოფელ ლოკიჩარში დაბრუნება მოუწია. უახლოესი კრება დაახლოებით 165 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ლოდუარში ტარდებოდა. ოთხი წლის მანძილზე დეივიდს თითქმის არ ჰქონია შეხება იეჰოვას მოწმეებთან, მაგრამ თავის მეზობლებთან და ნათესავებთან ქადაგებდა; უზიარებდა იმას, რაც მცირე ხნის მანძილზე ბიბლიიდან ჰქონდა ნასწავლი. მათგან ზოგმა ინტერესი გამოავლინა. მალე მან რამდენიმე ადამიანთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. 2007 წელს დაუკავშირდა ძმებს ლოდუარში და განაახლა ბიბლიის შესწავლა. დეივიდი თვეში ორჯერ დადიოდა შესწავლაზე მოტოციკლით, ტაქსით და მიკროავტობუსით.
დეივიდი რაც უფრო მეტ ცოდნას იძენდა ბიბლიიდან, მით უფრო გულმოდგინედ მსახურობდა. ჯერ კიდევ მოუნათლავი მაუწყებელი იყო, როცა დროებითი „სამეფო დარბაზი“ ააგო, რომელიც ტალახით შელესა და ჩალით გადახურა. იქ ის დაინტერესებულებთან ერთად კრების შეხვედრებს ატარებდა. მაგრამ სოფელში ყველას არ მოსწონდა, ასე აქტიურად რომ იყო ჩაბმული სამქადაგებლო საქმიანობაში. ორი წლის მანძილზე მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთხელ თანასოფლელებმა იმაში დაადანაშაულეს, რომ ხალხს „სატანის მოძღვრებას“ გადასცემდა და სცემეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც დეივიდმა ხელისუფლების ერთ-ერთ ადგილობრივ წარმომადგენელს დახმარებისთვის მიმართა, მასზე ძალადობა შეწყდა და ქადაგება განაგრძო. დეივიდი ამბობს: „ჭეშმარიტებით ვსულდგმულობ. ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შემაჩერებს“.
2009 წელს დეივიდი მოინათლა. ახლა ის მომსახურეა და პიონერად მსახურობს. ამ მხარეში მხოლოდ ის და მისი 15 წლის ვაჟი არიან მაუწყებლები, მაგრამ 2012 წლის აპრილში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დაახლოებით მათი 60 თანასოფლელი დაესწრო დროებით „სამეფო დარბაზში“.
„ბიბლიიდან დაუმტკიცე, რომ ცდება“
ჯანეტი, რომელიც განაში ცხოვრობს, პიონერად მსახურობს. ერთხელ იგი მგზავრობის დროს კითხულობდა წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“, როცა ერთი მქადაგებელი ავტობუსში ავიდა და ქადაგება დაიწყო. ქადაგება რომ დაასრულა, ჩამოუარა მგზავრებს და სთხოვა, გაეღოთ შესაწირავი. ჯანეტმა მას უთხრა: „თქვენ ამბობთ, რომ იესო და ღმერთი ერთი და იგივე პიროვნებაა. თქვენი აზრით, ვინ დაელაპარაკა იესოს მაშინ, როცა ის მოინათლა?“
მქადაგებელმა მიუგო: „ეს საიდუმლოა“.
ჯანეტმა გადაშალა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ მე-4 თავზე, შეარჩია რამდენიმე ბიბლიური მუხლი და მგზავრებს სთხოვა, წაეკითხათ. ჯანეტმა მათ აუხსნა, რა განსხვავება იყო იესოსა და ყოვლისშემძლე ღმერთ იეჰოვას შორის.
„შენ ჯადოქარი ხარ“, — უთხრა ჯანეტს მქადაგებელმა.
მგზავრები ჯანეტს გამოესარჩლნენ: „ჯადოქარს კი ნუ ეძახი, ბიბლიიდან დაუმტკიცე, რომ ცდება!“. გაბრაზებული მქადაგებელი პირველივე გაჩერებაზე ჩავიდა ავტობუსიდან. გოგონამ, რომელიც ჯანეტის გვერდით იჯდა, უთხრა მას: „აქამდე მეგონა, რომ მოწმეების შესაკრებელი ადგილის სახელი იყო იეჰოვა. სანამ თქვენს საუბარს არ შევესწარი, არ ვიცოდი, რომ იეჰოვა ღმერთს ერქვა“.
ჯანეტმა განაგრძო ამ ქალთან საუბარი, გამოართვა ტელეფონის ნომერი და დაჰპირდა, რომ დაუკავშირდებოდა. სახლში დაბრუნებულმა გოგონამ ბებიას მოუყვა მომხდარის შესახებ. ბებიაც განაცვიფრა იმის გაგებამ, რომ იეჰოვა ღვთის სახელი იყო. ჯანეტმა იზრუნა იმაზე, რომ მოწმეებს მოენახულებინათ ისინი. დღეს ბებია და შვილიშვილი კრების შეხვედრებს ესწრებიან.
ამერიკა
ქვეყნები 57
მოსახლეობა 946 087 916
მაუწყებლები 3 861 145
ბიბლიის შესწავლები 4 196 922
მან იქ იპოვა ჭეშმარიტება, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა
ბოლივიაში ციხის ეზოში მცველებს ჯიკავ-ჯიკავით მოჰყავდათ 20 წლის ანდრეა, რომელიც გაჰკიოდა, უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა და იმუქრებოდა. ეს გოგონა მოძალადე იყო და ძალაც ერჩოდა, რითაც ბევრს შიშის ზარს სცემდა. იეჰოვას მოწმეს, ლეიდის, რომელიც უსამართლოდ დაადანაშაულეს და საპყრობილეში ჩასვეს, კი არ ეშინოდა ანდრეასი, არამედ ებრალებოდა. ყოველ დილით ლეიდი ჩვენი სიმღერების წიგნიდან ხმამაღლა კითხულობდა ერთ-ერთი სიმღერის ტექსტს. ერთხელაც, როდესაც ანდრეამ ეს გაიგონა, ჰკითხა: „იეჰოვას მოწმე ხარ?“
პერუ: ქადაგება ფერმერებთან უტკუბამბას ხეობაში.
როდესაც ლეიდი დაეთანხმა, ანდრეამ უთხრა: „დედაჩემიც იეჰოვას მოწმეა. მასთან ერთად ვესწრებოდი კრების შეხვედრებს. ის ბიბლიასაც მასწავლიდა“. ანდრეას გული აუჩუყდა და ატირდა. მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ლეიდი და ანდრეა ბევრს მსჯელობდნენ სულიერ საკითხებზე. როცა მოახლოვდა ანდრეას საქმის სასამართლოში განხილვის დრო, მათ ერთად მიმართეს ღმერთს დახმარებისთვის და ხელმძღვანელობისთვის. ანდრეა გაათავისუფლეს; მან განაგრძო იეჰოვას შესახებ ცოდნის გაღრმავება. მალე იმდენად გაიზარდა სულიერად, რომ მოუნათლავი მაუწყებელი გახდა, დღეს კი მოსანათლად ემზადება.
ლეიდიმ საუკეთესოდ გამოიყენა დრო, რომელიც უსამართლოდ დაყო ციხეში და გათავისუფლებამდე 21 ადამიანთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ახლა ის კვირაში სამჯერ მიდის ციხეში და დაინტერესებულ პატიმრებს ღვთის უკეთ გაცნობაში ეხმარება.
სწორედ ვებ-გვერდის www.pr2711.com მეშვეობით დაუახლოვდნენ იეჰოვას
კანადაში 2011 წლის გაზაფხულზე, ერთ კვირა დღეს, ლამაზად გამოწყობილი წყვილი თავის ქალ-ვაჟთან ერთად ერთ-ერთ სამეფო დარბაზში მივიდა. ყველა ფიქრობდა, რომ ისინი სხვა ქალაქიდან ჩასული იეჰოვას მოწმეები იყვნენ, რომლებიც მათ კრებას ესწრებოდნენ. დომინიკმა, რომელიც კრებაში მომსახურეა, და სტუმარმა მამაკაცმა, მალევე იცნეს ერთმანეთი. დომინიკი მას 17 წლის წინ ასწავლიდა ბიბლიას. როგორც გაირკვა, მარკ-ანდრე და მისი მეუღლე, ჟოზე, უკვე ორი წელი იყო, რაც ვებ-გვერდიდან www.pr2711.com იწერდნენ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს და კითხულობდნენ. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ სამეფო დარბაზში უნდა ევლოთ კრების შეხვედრებზე. მათ დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება, ორი თვის შემდეგ კი — ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩატარება. ისინი აგრძელებენ სულიერ ზრდას. 2012 წლის მაისში ჟოზე პირველად გამოვიდა დავალებით თეოკრატიული მსახურების სკოლაში.
„მან თავისი სადილი და ქუდი მომცა“
ჩილეში 2010 წლის საოლქო კონგრესზე ყოფნის დროს 10 წლის მარსელომ შენიშნა, რომ მის გვერდით მჯდომ ხანშიშესულ მამაკაცს არ ჰქონდა ლიტერატურა.
„ამ კაცს ბიბლია არა აქვს“, — წასჩურჩულა დედას.
„შენსაში ჩაახედე“, — უჩურჩულა დედამ. მარსელო მიუჯდა მამაკაცს, რომელსაც ვიქტორი ერქვა და ამოკითხულ ბიბლიურ მუხლებს უშლიდა. შესვენება რომ დაიწყო, მარსელო მიუბრუნდა დედას და უთხრა: „არც სადილი აქვს“. დედამ უთხრა, თავისი სადილი ვიქტორისთვისაც გაეყო. მარსელომ ვიქტორს სენდვიჩი და ცხელი ჩაი შესთავაზა. სანამ ვიქტორი გემრიელად შეექცეოდა სადილს, მარსელომ ყველა ის მუხლი აჩვენა ბიბლიიდან, რომელიც ახსოვდა.
ნაშუადღევს მზემ დააჭირა. მარსელო კვლავ მიუბრუნდა დედას და უთხრა: „არც ქუდი აქვს, დედა!“.
დედამ მიუგო: „ჰოდა, მიეცი შენი ქუდი“. კონგრესის პროგრამის დასრულების შემდეგ მარსელო და ვიქტორი ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
2011 წლის საოლქო კონგრესზე მარსელო ყურადღებით ათვალიერებდა დამსწრეებს, იქნებ სადმე თვალი მოეკრა ვიქტორისთვის. მისდა გასაოცრად, მან დაინახა ვიქტორი, რომელსაც ჰალსტუხი ეკეთა! როდესაც ვიქტორმა მარსელო დაინახა, ყველას გასაგონად თქვა: „აი, ამ ყმაწვილის დამსახურებაა, მე რომ დღეს აქ ვარ! გასულ წელს დამპატიჟეს კონგრესზე და მეც დავესწარი. ეს პატარა ბიჭი თავის ბიბლიაში მახედებდა, მერე სადილი მიწილადა და ქუდიც მომცა. ახლა ბიბლიას ვსწავლობ“. ვიქტორი დღეს უკვე მოუნათლავი მაუწყებელია.
ჟურნალისტმა ის შეაქო
ვენესუელაში ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა თავის საგაზეთო სვეტში აღწერა, თუ რა შეემთხვა, როდესაც ტექნიკური დახმარების მისაღებად ქვეყნის სატელეფონო კომპანიაში დარეკა. ოპერატორმა მოკლედ და ცივად უპასუხა და ვერც ვერაფერი აუხსნა. მეორედ რომ დარეკა, ახალგაზრდა მამაკაცმა, მისაელმა, უპასუხა და თავაზიანად და გულისხმიერებით მოემსახურა. ჟურნალისტი წერს: „თავაზიანობა, პატივისცემა, დახმარების აღმოჩენის სურვილი და თანამშრომლობის სული, რომელიც ამ ახალგაზრდა მამაკაცმა მთელი საუბრის განმავლობაში გამოავლინა, დღეს მართლაც იშვიათობაა. მისი დახმარებით შევძელი პრობლემის მოგვარება და თანაც ვისწავლე, სხვა დროს როგორ ვიმოქმედო“.
როდესაც ჟურნალისტმა ეს ახალგაზრდა მამაკაცი შეაქო, მან უთხრა, რომ იეჰოვას მოწმე იყო და ცდილობდა, მოყვასს ისე მოპყრობოდა, როგორც ამას იესო აკეთებდა. ჟურნალისტმა ითხოვა, დალაპარაკებოდა მისაელის ზედამხედველს და შეექო იგი გულითადი მომსახურებისთვის. ჟურნალისტმა თავის სტატიაში აღნიშნა, რომ მისაელი იეჰოვას მოწმეა და სამაგალითო ვენესუელელი. მან გაზეთში თავისი სვეტი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „აი, სწორედ მისაელის მსგავსი ადამიანები გვჭირდება საზოგადოებრივი მომსახურების ყველა სფეროში“.
„ნუ გაუჯიუტდებით ღმერთს!“
ხიკო, მექსიკა: დღეს ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი სწავლობს ბიბლიას. მათგან უმეტესობა ბიბლიური ცნობით ქუჩაში ქადაგების დროს დაინტერესდა.
თხუთმეტი წლის გაბრიელამ, რომელიც ყრუ-მუნჯია, დიდი სიხარული განიცადა, როცა 2011 წლის ოქტომბერში ეკვადორში ჟესტების ენაზე გამართულ საოლქო კონგრესზე მოინათლა. ის ისეთი გახარებული იყო, რომ როდესაც ორშაბათს სკოლაში წავიდა, მასწავლებელს სთხოვა, უფლება მიეცა, თანაკლასელების წინაშე მოკლე განცხადება გაეკეთებინა. მასწავლებელი დასთანხმდა და გაბრიელამ დიდი ენთუზიაზმით გააკეთა ჟესტების ენაზე ასეთი განცხადება: „მინდა გითხრათ, რომ გასულ პარასკევს, შაბათსა და კვირას დავესწარი კონგრესს, სადაც მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. ისიც მინდა გითხრათ, რომ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა. დრო ცოტაღა დარჩა. ამიტომ, ნუ დააყოვნებთ, ცვლილებები მოახდინეთ ცხოვრებაში! ნუ გაუჯიუტდებით ღმერთს და გეშინოდეთ მისი!“ მისმა სიტყვებმა კლასელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
იმავე დღეს, შესვენებაზე, კეტი, ყრუ-მუნჯი არააქტიური მოწმე, გაბრიელასთან მივიდა და კონგრესის შესახებ გამოჰკითხა. გაბრიელამ გულწრფელად უთხრა: „ეს შესანიშნავი იყო! მაგრამ ახლა, როგორც მონათლული მოწმე, იეჰოვას ერთგული უნდა ვიყო. ამიტომ, მინდა გითხრა, რომ შენი მეგობარი ვეღარ ვიქნები, რადგან შენ სუფთა ცხოვრებით არ ცხოვრობ და ეს ღმერთთან ჩემს მეგობრობაზე იმოქმედებს. შენ აუცილებლად უნდა შეიცვალო! იეჰოვას უნდა მიმართო დახმარებისთვის და უხუცესებს დაელაპარაკო. მჯერა, რომ შეიცვლები და უკეთესი ადამიანი გახდები“. ასეთი პირდაპირი, მაგრამ სიყვარულით მიცემული რჩევის შემდეგ კეტი უხუცესებს დაელაპარაკა, მათგან დახმარება მიიღო და კვლავ აქტიურად შეუდგა მსახურებას.
მან მასწავლებლის ნოუთბუქით ისარგებლა
შეერთებულ შტატებში ერთ ჩვენს 16 წლის დას გაკვეთილზე კლასელებმა თავისი რელიგიის შესახებ დაუსვეს კითხვები, მაგრამ მას არც ბიბლია ჰქონდა თან და არც ლიტერატურა. მას სურდა, პასუხები ბიბლიიდან გაეცა. ამიტომ, მასწავლებელს ნებართვა სთხოვა, მისი ნოუთბუქით ესარგებლა, რათა შესულიყო ვებ-გვერდზე www.pr2711.com. მან არა მარტო ყველა კითხვას უპასუხა, არამედ ისიც აჩვენა მათ, თუ როგორ შეეძლოთ ამ ვებ-გვერდით სარგებლობა. მან კლასელებს აუხსნა, რომ თუკი რომელიმე ბიბლიური საკითხი დააინტერესებდათ და გვერდით იეჰოვას მოწმე არ ეყოლებოდათ, შეეძლოთ პასუხები ამ ვებ-გვერდზე ეპოვათ. ამ დამ შენიშნა, რომ მთელი კვირის განმავლობაში თანაკლასელთა შეკითხვებმა იკლო. როდესაც მან მიზეზი იკითხა, ზოგიერთმა თანაკლასელმა უთხრა, რომ მობილური ტელეფონით ხშირად სტუმრობდნენ ვებ-გვერდს. აღმოჩნდა, რომ მისი მასწავლებელიც ასე იქცეოდა.
აზია და ახლო აღმოსავლეთი
ქვეყნები 48
მოსახლეობა 4 222 869 785
მაუწყებლები 674 608
ბიბლიის შესწავლები 662 736
სოფელმა კონფლიქტი თავიდან აირიდა
ინდონეზიაში იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც დაკრძალვაზე მიდიოდნენ, გზად პატარა სოფლის გავლა მოუწიათ. ერთმა პიონერმა დამ გზაზე ახალგაზრდები შენიშნა. ის გამოელაპარაკა მათ და დაუტოვა ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“. ცოტა ხნის შემდეგ ამ დას, რომელიც იმავე გზით ბრუნდებოდა სახლში, ერთი მამაკაცი შეხვდა. მას ხელში ბროშურა ეჭირა. მამაკაცმა გააჩერა ჩვენი და და მადლობა გადაუხადა, რომ ეს ბროშურა მის შვილებს მისცა. მან უთხრა: „ამ ბროშურამ ჩემი შვილები სიკვდილს გადაარჩინა“. დამ ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა. მამაკაცმა აუხსნა, რომ ახალგაზრდები გეგმავდნენ, მეზობელ სოფელს დასხმოდნენ თავს. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, მათ სურდათ, ერთი მეგობრის გამო შური ეძიათ. მაგრამ ბიჭებს ბროშურა წაუკითხავთ და გაუგიათ, რომ ის ხალხი, ვინც სხვებს ებრძვის, სამოთხეს ვერ დაიმკვიდრებს. ასე რომ, დაშოშმინებულან, თავიანთი ჩანაფიქრი აღარ განუხორციელებიათ და დაშლილან. ბროშურაში ჩაწერილი ბიბლიური ცნობის წყალობით სოფელმა თავიდან აირიდა კონფლიქტი.
ტრანსვესტიტი იცვლება
შაუ კეი ვანი, ჰონკონგი: ქადაგება ბაზარში.
რიკი კამბოჯაში, ტრადიციულ ოჯახში, გაიზარდა, მაგრამ ბავშვობიდანვე მას და მის ტყუპისცალ ძმას თავი გოგოები ეგონათ. ისინი თოჯინებით თამაშობდნენ და გოგოს ტანსაცმელს იცვამდნენ. დაბნეულ დედას ძალიან სცხვენოდა და არ იცოდა, რა ექნა. დედა მათ სკოლაში ბიჭის ტანსაცმლით უშვებდა, მაგრამ ისინი იქ მისვლისთანავე გოგოს ტანსაცმელს იცვამდნენ. 16 წლისანი რომ იყვნენ, მათ ტრანსვესტიტთა სილამაზის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ისინი არ დარჩენიათ შეუმჩნეველი. მათ იწვევდნენ სატელევიზიო შოუებსა თუ გასართობ გადაცემებში. მალე რიკი ჰომოსექსუალისტი გახდა და ურთიერთობა დაიწყო სხვა ტრანსვესტიტებთან.
რიკის დედამ ეკლესიაში დაიწყო სიარული და რიკიც თან დაჰყავდა. მართალია, ის დაჰყვა დედის დაჟინებულ თხოვნას და ჩაიცვა კაცის ტანსაცმელი, მაგრამ თმის შეჭრაზე უარი თქვა. ეკლესიის პასტორი ხშირად რიკის მისამართით შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებდა და მისი ცხოვრების წესის გამო აბუჩად იგდებდა. მიუხედავად ამისა, რიკმა გადაწყვიტა, ეკლესიაში ბიბლია შეესწავლა. პირველივე დღეს, როცა დილაუთენია დაადგა გზას და ეკლესიამდე ველოსიპედით რამდენიმე კილომეტრი გაიარა, პასტორმა უარით გაისტუმრა. რიკს საბოლოოდ მაშინ აუცრუვდა ეკლესიაზე გული, როცა მომდევნო კვირაში მღვდელი არც კი გამოსულა მის სანახავად.
როცა რიკი სახლში დაბრუნდა, თავისმა ტყუპისცალმა უთხრა, რომ ერთი ქალი იყო მათთან მისული და ბიბლიის უფასოდ შესწავლა შესთავაზა. მან დაუტოვა მათ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ამ დამ და მისმა ქმარმა ტყუპებს ბიბლიის შესწავლა დაუწყეს. ექვსი თვის შემდეგ რიკის ძმა მიხვდა, რომ არ იყო მზად ცხოვრების წესის შესაცვლელად და შეწყვიტა შესწავლა. მაგრამ რიკზე ძალიან იმოქმედა 1 კორინთელების 6:9, 10-ში ჩაწერილმა სიტყვებმა და აშკარად დაინახა, რისი გაკეთება მართებდა. გულმოდგინე შესწავლის, ბიბლიის კითხვის, ლოცვისა და კრების შეხვედრებზე დასწრების წყალობით მან უზნეო ცხოვრება მიატოვა. რიკის დედაც სწავლობს ბიბლიას და სულიერად წინ მიიწევს. როცა რიკი მოინათლა, თვალცრემლიანმა დედამ თქვა: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ვაჟი კაცს დაემსგავსა და მოინათლა“. ახლა რიკი პიონერად მსახურობს.
სპირიტიზმის მიმდევარი ცხოვრების წესს იცვლის
ორ-ია სპირიტიზმის მიმდევარი, სულების გამომძახებელი, მკითხავი და ექიმბაში იყო. ერთი წყვილი, რომლებიც ისრაელის ქალაქ ხაიფაში სპეციალურ პიონერებად მსახურობენ, ორ-იას კარდაკარ მსახურების დროს შეხვდა. იგი მათ ასეთი სიტყვებით შეეგება: „თუ ღმერთზე უნდა მესაუბროთ, შემობრძანდით!“ სახლი სპირიტულ-მისტიკური ნივთებით იყო სავსე. ის ამტკიცებდა, რომ ღვთისგან იღებდა ცნობებს; ზოგ ასეთ ცნობას გარდაცვლილი რაბინის სული აწვდიდა.
ორ-იას ძალიან მოეწონა ამ წყვილის შეთავაზებული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“. ორი დღით ადრე, სანამ ეს წყვილი მივიდოდა მასთან, ღმერთს მიმართავდა ლოცვით. ის სთხოვდა მას, ისეთი ვინმე გაეგზავნა მისთვის, რომელიც ბიბლიას ყოველგვარი რაბინული ინტერპრეტაციის გარეშე ასწავლიდა. ერთი თვის თავზე მან კითხვა დაუსვა ამ წყვილს: „არის კიდევ ვინმე თქვენი რელიგიის მიმდევარი?“ ის დაესწრო კრების შეხვედრას და აღაფრთოვანა იმ სითბომ და სიყვარულმა, რომელიც მის მიმართ გამოავლინეს. მას შემდეგ კრების შეხვედრა არ გაუცდენია.
შესწავლის დაწყებიდან ორ თვეში, როცა ორ-იამ გაიგო, რომ კონგრესის ჩატარება იგეგმებოდა, თავის მასწავლებლებს უთხრა: „კონგრესებზე არ ინათლება ხალხი?! თუ ასეა, ორი თვეღა გრჩებათ, რომ ნათლობისთვის მომამზადოთ!“ თავდაპირველად მან ყველა სპირიტული ნივთი გადაყარა. შემდეგ შეწყვიტა სპირიტული სეანსების ჩატარება, დაიწყო სხვებთან ქადაგება და თავის ყოფილ კლიენტებსა და პაციენტებს სთავაზობდა წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“ და ჟურნალებს. ერთხელ, როცა ავად გახდა, უარი თქვა, საკუთარი მეთოდებით მკურნალობაზე. ვინაიდან მიატოვა თავისი „პროფესია“, ოთხი თვით შემოსავლის გარეშე დარჩა. მიუხედავად ამისა, მას სურდა ისეთი სამუშაო მოეძებნა, სადაც კვირაში მხოლოდ ოთხ დღეს და დღეში მხოლოდ ექვს საათს იმუშავებდა, რათა სულიერ საქმეებში ხელი არ შეშლოდა. მან მართლაც იპოვა ასეთი სამუშაო. ორ-იამ გაყიდა თავისი უზარმაზარი სახლი და პატარა ბინა იქირავა.
ამგვარად ორ-ია უკვე მზად იყო ნათლობისთვის, მაგრამ კონგრესამდე ერთი კვირით ადრე ფეხი მოიტეხა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი თაბაშირში ჰქონდა, ეს უშიშარი ქალი მაინც მოინათლა. დღეს ორ-ია აქტიური მქადაგებელია; იგი უქადაგებს ყოფილ კლიენტებს და მათ ბიბლიის შესწავლას უტარებს.
ერთი კულტის მსახური ჭეშმარიტებას პოულობს
ფილიპინებში ერთ დაშორებულ მთიან მხარეში ორმა ყრუ-მუნჯმა ტყუპმა ძმამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ორივე ერთი კულტის მსახური იყო. ამ ძმებს სწამდათ, რომ იარაღი ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებდათ, რადგან, როგორც კულტის მიმდევრები, სპეციალურ ავგაროზებსა და ყელსახვევებს ატარებდნენ, რაც, მათი აზრით, იცავდათ. ისინი დახელოვნებულად იყენებდნენ დანებსა და ცეცხლსასროლ იარაღს; აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ მთიან მხარეებში აჯანყებების ჩახშობაში. თავიანთი კულტის სხვა მსახურებმა უფლება მისცეს, რომ იეჰოვას მოწმეებთან შეესწავლათ ბიბლია, რადგან იცოდნენ, რომ ისინი მათ არ აიძულებდნენ, უარი ეთქვათ კულტის მსახურებაზე.
ძმებმა, რასაკვირველია, უთხრეს ტყუპებს, რომ თავად მიეღოთ გადაწყვეტილება ბიბლიიდან ნასწავლის საფუძველზე. ერთ-ერთი მათგანი მიხვდა, რომ ვერ მოახდენდა ცხოვრებაში საჭირო ცვლილებებს და ვერ შეძლებდა, ღვთისთვის მისაღები სახით ეცა თაყვანი, მეორემ კი განაგრძო შესწავლა. ძმამ, რომელიც მას ბიბლიას ასწავლიდა, გასამხნევებლად ღვთის სიტყვა გადაუშალა და ჟესტების ენაზე აუხსნა: „შენ ბიბლიური სახელი, სამუელი, გქვია. სამუელი ბიბლიის ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, ღრმა სიბერემდე ერთგულად ემსახურებოდა. შენც შეგიძლია ერთგულად ემსახურო იეჰოვას და დაემორჩილო“. ამან სამუელზე ძალიან იმოქმედა. მან თქვა: „თუ მე ბიბლიური პერსონაჟის სახელი მქვია, მაშინ მეც იეჰოვას მხარეს უნდა დავდგე“. მან აცნობა თავისი კულტის სხვა მსახურებს, რომ მთას ტოვებდა. შემდეგ დაწვა მთელი თავისი ავგაროზები და ყელსახვევები. ის სწრაფად გაიზარდა სულიერად. დღეს იგი იეჰოვას მონათლული მსახურია და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ სხვა ყრუ-მუნჯებს დაეხმაროს ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში.
ერთი დევნილი ბავშვი
ერდენეტი, მონღოლეთი: ბიბლიის შესწავლა ქალთან, რომელიც მივარდნილ ადგილას, ტრამალზე ცხოვრობს.
რაჯივი ჩრდილოეთ ინდოეთში, ერთ მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს. ცხრა წლის რაჯივსა და მის თანაკლასელებს, როცა მეოთხე კლასში სწავლობდნენ, მასწავლებელი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, წიგნის „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ მეშვეობით ზნეობრივ ფასეულობებს უნერგავდა. რაჯივს ძალიან მოსწონდა, რასაც მასწავლებელი ასწავლიდა და ცდილობდა, ცხოვრებაშიც გამოეყენებინა. ერთხელ მან მასწავლებელს უთხრა, რომ აღარ იტყუებოდა, აღარც თანაკლასელებს ეჩხუბებოდა და ვისაც სკოლაში სადილად არაფერი ჰქონდა, თავის ულუფას უყოფდა.
„თქვენ ძალით დამახრევინეთ თავი, მაგრამ ჩემს გულს ვერასდროს მოდრეკთ“
როდესაც უფრო კარგად გაეცნო ღვთის დანაპირებს დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებასთან დაკავშირებით, თავის თანასოფლელებთან დაიწყო ამ სასიხარულო ცნობის გაზიარება; ის მატარებლით მგზავრობის დროსაც ქადაგებდა. ამან ძალიან გააღიზიანა და შეაცბუნა მისი მშობლები. მათ აუკრძალეს რაჯივს იეჰოვასა და იესოზე ლაპარაკი. როდესაც არ შეეპუა მათ, ცემა დაუწყეს. სკოლიდან რომ ბრუნდებოდა, დედამისი ტანსაცმელს უმალავდა, რომ ეზოშიც კი არ გასულიყო და მეზობლებთან თავის ახალშეძენილ რწმენაზე არ ესაუბრა. დედ-მამა მას თავის საწოლში დაძინების უფლებასაც კი არ აძლევდა და აღარც ნორმალურად აჭმევდა. როცა დაინახეს, რომ არაფერმა გაჭრა, მღვდელს მოუხმეს, რომ როგორმე ბავშვი გონს მოეყვანა.
მღვდელი მათ სახლში რამდენიმე დღე დარჩა და რაჯივს აიძულებდა, კერპისთვის ეცა თაყვანი. როცა რაჯივმა უთხრა, რომ კერპი უბრალო ქვა იყო და არა ცოცხალი ღმერთი, მღვდელმა მიუგო, რომ მას უნდა ესწავლა „რწმენის თვალით შეეხედა“ ამ გამოსახულებისთვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში „დაინახავდა“ ამ გამოსახულების მიღმა ღმერთს. რაჯივმა აიღო ფურცელი და ზედ დაწერა: „100 რუპია“. შემდეგ მიაწოდა მღვდელს და სთხოვა, რომ ამ „ფულით“ მისთვის შოკოლადი ეყიდა და ხურდა დაებრუნებინა. მღვდელმა უთხრა, რომ ეს სისულელე იყო — ეს მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯი იყო და არანაირი ფასი არ ჰქონდა. რაჯივმა კი მიუგო: „თუ რწმენის თვალით შეხედავთ, თქვენ ამ ქაღალდის მიღმა ნამდვილ ფულს დაინახავთ“. გაბრაზებული მღვდელი ბიჭუნას ეცა და კერპის წინაშე ძალით დაახრევინა თავი. „თქვენ ძალით დამახრევინეთ თავი, მაგრამ ჩემს გულს ვერასდროს მოდრეკთ“, — უთხრა მას რაჯივმა. ბოლოს მღვდელმა დატოვა მათი სახლი. მან თქვა, რომ შეუძლებელი იყო ამ ბიჭის მოდრეკა და თუ კიდევ ცოტა ხნით დარჩებოდა მათ სახლში, თავად დაკარგავდა რწმენას. ამის მერე რაჯივის მშობლებმა ის სხვა სკოლაში გადაიყვანეს. მაგრამ რაჯივი ამჯერადაც განაგრძობდა მათთან საუბარს, ვისაც აინტერესებდა იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ სასიხარულო ცნობის მოსმენა. ახლა ის ათი წლისაა და კვლავ იეჰოვაზეა მინდობილი, რომელიც მას ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში ეხმარება.
მან იპოვა ბიბლია, რომელსაც ეძებდა
როდესაც სომხეთში ერთი და, სახელად ლარისა, წიგნის მაღაზიაში ერთ გამყიდველს ესაუბრებოდა, იქ ერთი ქალი შევიდა და იკითხა, ჰქონდათ თუ არა „ახალი ქვეყნიერების“ ბიბლია. გამყიდველმა უთხრა, რომ ასეთი ბიბლია არ ჰქონდათ, თუმცა ბიბლიის ერთ-ერთი ადგილობრივი თარგმანი შესთავაზა სომხურ ენაზე. „ადვილად გასაგებია?“ — იკითხა მყიდველმა. გამყიდველმა რამდენიმე მუხლი ამოიკითხა და თქვა: „მგონი, გასაგებია“. დაბნეულმა მყიდველმა დაიჟინა, რომ მას აუცილებლად უნდა ეშოვა „ახალი ქვეყნიერების“ ბიბლია. უცებ ლარისას გაახსენდა, რომ თავისი ბიბლია ჩანთაში ედო. მან აჩვენა ის ქალს და სთხოვა, წაეკითხა სათაური. ქალმა წაიკითხა: „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ეს სწორედ ის ბიბლია იყო, რომელსაც ეს ქალი ეძებდა!
ქალმა თქვა, რომ მისმა ქალიშვილმა და სიძემ საბერძნეთში არც ისე დიდი ხნის წინ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს იეჰოვას მოწმეებთან. ვინაიდან მათ ჯერ არ იცოდნენ ბერძნული ენა, დედას სთხოვეს, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩაეტანა მათთვის სომხურ ენაზე. ჩვენმა დამ, ლარისამ მისცა მას ბიბლია და უთხრა: „წაუღეთ ეს წიგნი თქვენს შვილებს და უთხარით, რომ ის იეჰოვას საჩუქარია“. ქალს გაუხარდა, როცა ლარისამ მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. მათ ტელეფონის ნომრები გაცვალეს, რათა საბერძნეთიდან დაბრუნებისთანავე დაეწყოთ ბიბლიის შესწავლა.
ევროპა
ქვეყნები 47
მოსახლეობა 738 679 198
მაუწყებლები 1 595 888
ბიბლიის შესწავლები 841 260
მან საფულე დააბრუნა
ბოსნიაში ერთი პიონერი და, ნინა, ბოშების ერთ ოჯახს ბიბლიას ასწავლის. მათმა 10 წლის გოგონამ ერთ დღეს ქუჩაში საფულე იპოვა, რომელშიც ფული, საკრედიტო ბარათები და საბუთები იდო. ჭეშმარიტების გაგებამდე ის, ალბათ, ამ საფულეს ძვირფას საჩუქრად ჩათვლიდა, მაგრამ ამჯერად დედას დაელაპარაკა და გადაწყვიტა, პოლიციაში მიეტანა. ამის გაკეთება არც ისე ადვილი იყო, რადგან ძალიან უჭირდათ; პურის ფულიც კი არ ჰქონდათ. ორი საათის მერე, რაც გაკვირვებულ პოლიციელს საფულე მისცეს, განყოფილებიდან დაურეკეს და სთხოვეს, ისევ იქ მისულიყვნენ. განყოფილებაში საფულის პატრონი ელოდებოდათ, რომ მათთვის მადლობა გადაეხადა და დაესაჩუქრებინა. მან გოგონას დაახლოებით 30 დოლარის (აშშ) ოდენობის თანხა მისცა, რითაც ორი დღის სამყოფ საკვებს იყიდიდნენ.
სათაურმა ძალიან დააინტერესა
ჯეგვი, ფარერის კუნძულები: 2012 წელს კუნძულებზე მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი, 118, დაფიქსირდა.
ერთ დღეს, როცა ბოსნიელმა ნიჰადამ მსახურება დაასრულა და ავტომობილთან მივიდა, იქ მას ერთი კაცი დახვდა. ნიჰადა მიესალმა მამაკაცს, რომელმაც უთხრა: «მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მაგრამ თქვენს მანქანაში შევამჩნიე ერთი ჟურნალი „როგორი უნდა იყოს კარგი მამა?“. შეგიძლიათ მომცეთ? ერთი საათი იქნება, რაც თქვენ გამოჩენას ველი. გთხოვთ, უარი არ მითხრათ!» ნიჰადამ სიხარულით მისცა ეს ჟურნალი და უქადაგა კიდეც.
ტანკერის ეკიპაჟს მანუგეშებელი მოხსენება წაუკითხეს
ნიდერლანდებში ერთი წყვილი როტერდამის პორტში ქადაგებდა და ერთ-ერთი ტანკერის ეკიპაჟის წევრს გაესაუბრა. ეს კაცი ბორტზე მთავარი ინჟინერი იყო. მას თვალებზე ცრემლი მოადგა და უთხრა, რომ მათმა ტანკერმა არაერთი უბედურება გადაიტანა და სერიოზულად იყო დაზიანებული. ბოლოს კი სთხოვა: „ილოცეთ ჩვენთვის“. წყვილმა მას შესთავაზა, რომ მთელ ეკიპაჟს წაუკითხავდნენ გამამხნევებელ ბიბლიურ მოხსენებას. მომდევნო დღეს, საღამოს შვიდ საათზე ეს წყვილი სხვა ორ წყვილთან ერთად ტანკერის ეკიპაჟს ესტუმრა. ეკიპაჟის 16 წევრიდან შეხვედრას 15 ესწრებოდა. ლოცვის შემდეგ ერთმა ძმამ წაიკითხა მოხსენება, სათაურით „ღვთის განგებით ხდება უბედურებები?“ ეკიპაჟის წევრებს შეეძლოთ ამოკითხული ბიბლიური მუხლებისთვის თვალი ედევნებინათ, რადგან და-ძმებმა მათთვის ბიბლიებიც მიიტანეს და მუხლების მოძებნაშიც ეხმარებოდნენ. დამამთავრებელი ლოცვის შემდეგ ყველა თავის ადგილზე დარჩა და ძმებთან საუბარი განაგრძო. მეზღვაურებმა ამ მოხსენების მოსმენის შემდეგ შვება იგრძნეს და მადლიერება გამოხატეს. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „დღეს ჩემს ლოცვაზე პასუხი მივიღე“. ეკიპაჟის წევრებმა 20 წიგნი, ბიბლიები და სხვა პუბლიკაციები დაიტოვეს. წასვლის წინ კაპიტანმა და-ძმებს კონვერტი გადასცა, რომელშიც 200 დოლარი (აშშ) იდო. ეს იყო შესაწირავი აღებული ლიტერატურის სანაცვლოდ.
ის ლოცულობდა, რომ ვინმესთვის ბიბლია ესწავლებინა
შვედეთში მცხოვრებმა ირენმა მოგვწერა: «უკვე 80 წლის ვარ და მსახურებაში გასვლა აღარ შემიძლია. იეჰოვას ვთხოვე, რომ ისეთ ვინმეს დავკავშირებოდი, ვისაც ადრე ბიბლიაზე ვესაუბრებოდი და ახლაც ექნებოდა საუბრის გაგრძელების სურვილი.
ერთ დღესაც ერთმა ქალმა ტელეფონზე დარეკა და ჩემმა ქმარმა უპასუხა. ქალმა უთხრა: „თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც გამახსენდით და ამიტომ დაგირეკეთ. თქვენი მეუღლე არ მოდიოდა ჩემთან და ბიბლიაზე არ მესაუბრებოდა? 15-20 წლის წინ ვსწავლობდი ბიბლიას, მაგრამ ჩემი აწ განსვენებული ქმარი მეწინააღმდეგებოდა და შესწავლა შევწყვიტე“.
გამახსენდა, რომ ერთი და ასწავლიდა ამ ქალს და მე მას შესწავლაზე მივყვებოდი. ძალიან გამიკვირდა, რომ ამ ქალმა მე გამიხსენა და არა ის და. გახარებულმა შეხვედრა დავუთქვი. მას შემდეგ ყოველ კვირას ვატარებთ შესწავლას. ის დაესწრო გახსენების საღამოს და სპეციალური მოხსენებაც მოისმინა. დღეს ის კრების შეხვედრებსაც ესწრება. ყოველდღე მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ ლოცვაზე მიპასუხა».
შოკოლადს შესაწირავის ყუთში ვერ ჩავაგდებდი
8 წლის სერჯიო, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, უხუცესებს არწმუნებდა, რომ მზად იყო, მოუნათლავი მაუწყებელი გამხდარიყო. ერთ დღეს ის მამამისს გაჰყვა სამუშაოზე, რომელიც 70 წელს გადაცილებულ ცოლ-ქმარს კარის საკეტს უცვლიდა. წასვლის წინ სერჯომ ჩანთაში ჟურნალები ჩაალაგა. სერჯიო იხსენებს: „სანამ მამაჩემი მუშაობდა, ოჯახის თავს ჟურნალები შევთავაზე. ის ისე გაოცდა, რომ ცოლს დაუძახა და ჟურნალები აჩვენა. შემდეგ მათი სახელები, მისამართი და ტელეფონის ნომერი ჩავიწერე, რაშიც ცოლი დამეხმარა და შოკოლადის დიდი ფილაც მომცა“. რამდენიმე დღის შემდეგ სერჯიო ერთ უხუცესთან ერთად ამ წყვილთან განმეორებით მონახულებაზე მივიდა. კარზე ზარი სერჯომ დარეკა და როდესაც ქალმა კარი გააღო, შესთავაზა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ქალმა სიხარულით გამოართვა წიგნი და კიდევ ერთი შოკოლადის ფილა მისცა. „შოკოლადს შესაწირავის ყუთში ვერ ჩავაგდებდი, ამიტომ შევჭამე, — ამბობს სერჯიო და დასძენს. — საბოლოოდ, უხუცესები მიხვდნენ, რომ ძლიერ მსურდა, მოუნათლავი მაუწყებელი გავმხდარიყავი».
პასტორს უფრო მეტის გაგება სურდა
ბულგარეთში სიმეონი ქალაქ გურკოვოს ეკლესიის პასტორი იყო. ამ პატარა ქალაქში არც ერთი იეჰოვას მოწმე არ იყო. ბიბლიის კითხვისას მან დაინახა, რომ ეკლესიის სწავლებებსა და ბიბლიურ სწავლებებს შორის განსხვავება იყო. ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას, მას ჩვენი ჟურნალები მისცეს. სიმეონი გააოცა იმის გაგებამ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვაა და სამების მოძღვრება არაბიბლიურია. მას მეტის გაგების იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, რომ წერილი მისწერა ჩვენს ფილიალს და არაერთ ეკლესიას. მას მხოლოდ ერთი ეკლესია გამოეხმაურა და ურჩია, რომ „ასეთი სისულელეებისთვის“ თავი დაენებებინა. მათგან განსხვავებით, ჩვენმა ფილიალმა ორი მოწმე გააგზავნა, რომელთაც ქალაქ კაზანლოკიდან დაახლოებით 35 კილომეტრის გავლა მოუწიათ, მასთან რომ ჩასულიყვნენ. მოწმეებმა სიმეონთან და მისი ოჯახის წევრებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მას მოეწონა ნასწავლი და მეზობლები და მეგობრებიც მიიწვია შესწავლაზე. მალე შესწავლას ყოველკვირა 25 ადამიანი ესწრებოდა. ერთ-ერთი პირველი გაკვეთილის შემდეგ ერთმა 75 წლის მეზობელმა თვალცრემლიანმა თქვა: „ერთ საათში უფრო მეტი გავიგე, ვიდრე 30 წლის მანძილზე ეკლესიაში სიარულის დროს“. ყოველთვე გურკოვოში 60-მდე ადამიანი ესწრება კრების შეხვედრებს, რომელსაც კაზანლოკიდან ჩასული ძმები ატარებენ, გახსენების საღამოს კი 79 ადამიანი დაესწრო.
„ერთ საათში უფრო მეტი გავიგე, ვიდრე 30 წლის მანძილზე ეკლესიაში სიარულის დროს“
„გთხოვ, არ გადაუხვიო ამ გზიდან!“
ერთხელ 15 წლის უკრაინელმა ვალიამ დაინახა, რომ მისი მასწავლებელი შავებში ჩაცმული და ნამტირალევი მივიდა სკოლაში. როცა ვალიამ გაიგო, რომ მასწავლებელს დედა გარდაცვლოდა, გადაწყვიტა, აღდგომასთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლებით გაემხნევებინა. ვალიამ აიღო ბიბლია და ორი ბროშურა: „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ და „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“ და გადაწყვიტა, გაკვეთილების შემდეგ მისულიყო მასწავლებელთან. „სანამ მის კაბინეტთან ვიდექი და ველოდებოდი, ძალიან ვნერვიულობდი. ამიტომ, იეჰოვას ვთხოვე, დამხმარებოდა“, — ამბობს ვალია.
კაბინეტში შესულ ვალიას მასწავლებელმა ჰკითხა: „რამე ხომ არ გინდა?“
„მინდა განუგეშოთ, რადგან მესმის, რასაც გრძნობთ ახლა. რამდენიმე წლის წინ პაპა დამეღუპა“.
საქართველო: მოწმეები ვენახში ქადაგებენ.
ვალიას ყურადღებამ მასწავლებელზე დიდად იმოქმედა. თვალცრემლიანმა უთხრა გოგონას, რომ ასეთი ყურადღება არც ერთ ნათესავსა თუ თანამშრომელს არ გამოუვლენია მის მიმართ. მაშინ ვალიამ ამოუკითხა გამოცხადების 21:3, 4 და აუხსნა მისი მნიშვნელობა. მასწავლებელმა დაიტოვა ბროშურები და დასძინა: „შენ ძალიან განსხვავდები სხვა მოსწავლეებისგან“.
„მე ბიბლიას ვკითხულობ და ვცდილობ, ნასწავლის შესაბამისად ვიცხოვრო. აგრეთვე, მშობლებსაც ვუჯერებ“, — უთხრა ვალიამ.
მოგვიანებით ვალიამ მასწავლებელს ბიბლია და წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ მიუტანა. მასწავლებელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ვალიას და უთხრა: „შენი რელიგია მართლაც ჭეშმარიტი რელიგიაა. შენ ძალიან კარგი მშობლები გყავს, რომლებიც გასწავლიან სწორი გზით სიარულს. გთხოვ, არ გადაუხვიო ამ გზიდან!“.
მას ტელეფონის ნომერი შეეშალა
2011 წელს, კონგრესის პირველ დღეს, საბერძნეთის ქალაქ მალაკასაში ნატალიმ კონგრესის დაწყებამდე მამას მობილური ტელეფონით დაურეკა, რათა ეთქვა, როგორ შეიძლებოდა კონგრესის ჩასატარებელ ადგილამდე მისვლა. მაგრამ მას ნომერი შეეშალა და ამიტომ, არავინ უპასუხა. ცოტა ხანში მან, ვისაც ნატალიმ შეცდომით დაურეკა, გადმოურეკა, რათა გაეგო, ვინ იყო. კონგრესის პროგრამა უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ნატალიმ ტელეფონის გასათიში ღილაკის ნაცვლად, ზარის მისაღებ ღილაკს დააჭირა ხელი. ნატალი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ უცნობმა მამაკაცმა მოხსენების გარკვეული ნაწილი მოისმინა და ამგვარად დაინტერესდა.
მოგვიანებით ამ მამაკაცმა მესიჯი გამოუგზავნა ნატალის და ჰკითხა: „ვინ ხართ? მღვდელი ხომ არ ხართ?“ დილის პროგრამის დასრულების შემდეგ ნატალიმ წაიკითხა მესიჯი და უპასუხა: „მღვდელი კი არა, იეჰოვას მოწმე ვარ და კონგრესს ვესწრები“.
პიტენვიმი, შოტლანდია: პორტში ქადაგება.
კაცი შაბათს ისევ შეეხმიანა ნატალის და ჰკითხა, კვლავ ტარდებოდა თუ არა კონგრესი. მას ნატალის მამა დაელაპარაკა და უქადაგა. ბოლოს მამაკაცმა უთხრა: „იმის წყალობით, რაც რამდენიმე წუთში ტელეფონით მოვისმინე, ბევრ იმ კითხვაზე მივიღე პასუხი, რაც მოსვენებას მიკარგავდა“. როგორც გაირკვა, ამ მამაკაცის ოჯახს დემონები ესხმოდნენ თავს და არც კი იცოდნენ, ვინ იყვნენ ეს სულები და რატომ ესხმოდნენ თავს. მან უთხრა ნატალის მამას: „აქამდე არასდროს მქონია იეჰოვას მოწმეებთან დალაპარაკების სურვილი, მაგრამ ახლა გთხოვთ, თუ შეიძლება იმ მამაკაცთან შემახვედრეთ, რომელიც ლექციას კითხულობდა“.
რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იყო. ეს კაცი კვირას კონგრესზე მივიდა და გაოცდა, როცა დაინახა, რა ლამაზად და მოწესრიგებულად ეცვა ხალხს და როგორ უბრწყინავდათ ბედნიერებისგან სახეები. არსად არ ეყარა ნაგავი, არც არავინ ბილწსიტყვაობდა და არც არავინ ეწეოდა. ის ამბობს: „ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ხალხი ცხოვრობდა ჩვენს პლანეტაზე! ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“. ნატალის მამამ ის კონგრესის თავმჯდომარის ბიუროში მიიყვანა, სადაც თავმჯდომარეს დაელაპარაკა. კონგრესმა და თავის კითხვებზე მიღებულმა პასუხებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ მამაკაცზე. მან აიღო ბიბლია, წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და რამდენიმე ჟურნალი. ძმებმა მისი მისამართი დაიტოვეს, განმეორებით რომ მოენახულებინათ.
ოკეანეთი
ქვეყნები 29
მოსახლეობა 38 495 300
მაუწყებლები 94 924
ბიბლიის შესწავლები 59 431
„ასეთი ლამაზი სიმღერა არასდროს მომისმენია“
სამოაში, კუნძულ სავაიზე, სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე ყველა მოსწავლე ერთად იკრიბება და ჰიმნს მღერის. მაგრამ ხუთი წლის სელინამ და ექვსი წლის ლევაიმ ტაქტიანად აუხსნეს დირექტორს, რომ ჰიმნს არ იმღერებდნენ, ვინაიდან იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ამის გამო ისინი შეიძლება მკაცრად დასჯილიყვნენ. დირექტორს, როგორც ჩანს, უნდოდა ბავშვები ისე შეერცხვინა, რომ იძულებული გამხდარიყვნენ, ჰიმნი ემღერათ. ამიტომ, მან უთხრა: „კარგით, თუ არ გინდათ, რომ ჩვენი სიმღერა იმღეროთ, მაშინ თქვენი იმღერეთ“. სელინამ და ლევაიმ იმღერეს სიმღერა № 111 „ის დაიძახებს“, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს დროს ისწავლეს. როდესაც სიმღერა დაასრულეს, დირექტორს თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი. მან თქვა: „ასეთი ლამაზი სიმღერა არასდროს მომისმენია. კიდევ იმღერეთ, თუ შეიძლება“. მათაც ისევ იმღერეს. ბოლოს დირექტორმა უთხრა: „დღეიდან იმას კი აღარ გთხოვთ, რომ ჩვენი სიმღერები იმღეროთ, არამედ თქვენი“.
„დღეიდან იმას კი აღარ გთხოვთ, რომ ჩვენი სიმღერები იმღეროთ, არამედ თქვენი“
მთელი ცხოვრება ლოცვით იესოს მიმართავდა
აღმოსავლეთი ტიმორი: ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, მაუწყებელთა 9 პროცენტიანი ზრდაა.
ფიჯიზე ერთმა მამაკაცმა, რომელიც ადგილობრივ ეკლესიაში მსახურობდა, გადაწყვიტა, დასწრებოდა ბიბლიის შესწავლას. შესწავლის დროს მან გაიგო, რომ იესო ღმერთი არ არის. ამან ისეთი თავზარი დასცა, რომ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. როცა მეუღლემ დაინახა, თუ როგორი აღელვებული იყო მისი ქმარი, უთხრა: „აღარ მოუსმინო მაგ ხალხს!“ მაგრამ მან თავიდან ვერ ამოიგდო იმაზე ფიქრი, რაც მოისმინა. მომდევნო კვირას იგი კვლავ დაესწრო ამ შესწავლას. სულ რაღაც ორი შესწავლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სწავლობდა ბიბლიას, მივიდა ეკლესიაში და უარი განაცხადა თავისი მოვალეობის შესრულებაზე. ამან მისი ნათესავები და ეკლესიის მსახურები გააოგნა და აღაშფოთა. მან არა მხოლოდ ეკლესია მიატოვა, არამედ მაღალანაზღაურებადი სამუშაოც. ბიბლიიდან მან თვალნათლივ დაინახა, თუ სინამდვილეში ვინ იყო იესო, მაგრამ მაინც უჭირდა ლოცვით მიემართა იეჰოვასთვის, რადგან მთელი ცხოვრება იესოს მიმართავდა ლოცვით. თვეების შემდეგ მან, როგორც იქნა, შეძლო ლოცვით იეჰოვასთვის მიემართა. ახლა ის სხვებს სასიხარულო ცნობას უზიარებს და ეხმარება, გაიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა.
პატარა დასახლება გამოეხმაურა ჭეშმარიტებას
წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ მაკატეაზე, სულ რაღაც, 62 მოსახლეა. ამ ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე ტაიტიზე არსებული იეჰოვას მოწმეთა ერთი კრება ზრუნავს. ისინი 9 ადგილობრივ მკვიდრთან რეგულარულად ატარებენ ბიბლიის შესწავლას ტელეფონით. ბიბლიის ერთი შემსწავლელის ოჯახში 15 ადამიანი იკრიბება და კრების შეხვედრის პროგრამას ისმენს, რომელიც კუნძულ ტაიტიზე ტარდება. მათ შორის, ვინც ბიბლიას სწავლობს, არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ერთ დროს თავისი ეკლესიის აქტიური მრევლი იყო და იმედი ჰქონდა, რომ დიაკვნად დანიშნავდნენ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ის მივიდა თავის ეკლესიაში და აუხსნა, რატომ აღარ ესწრებოდა რელიგიურ მსახურებას. მან ბიბლიიდან უჩვენა მათ, თუ რატომ არ ჰქონდა ქალს კრებაში სწავლების უფლება. აგრეთვე უთხრა, რა როლი ეკისრა იესო ქრისტეს და რა მნიშვნელობა ჰქონდა უფლის ვახშამს, რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა აღენიშნათ და არა ყოველ კვირას. მან ისიც კი აუხსნა მათ, რომ მხოლოდ 144 000 იქნებოდა ზეცაში ქრისტესთან ერთად და გახსენების საღამოზე სიმბოლოები მხოლოდ მათ უნდა მიეღოთ. მისი მაგალითით აღფრთოვანებულმა ერთმა ქალმა დატოვა ეკლესია და ახლა მოწმეებთან ბიბლიას სწავლობს.
ჯოშუამ და მისმა ნათესავებმა მოწვევა მიიღეს
სოლომონის კუნძულებზე ორმა უხუცესმა მოინახულა ჯოშუა, რომელიც 1998 წლიდან კრების შეხვედრებს აღარ ესწრებოდა. მათ ჯოშუას ქრისტეს გახსენების საღამოს მოსაწვევი მიუტანეს. ჯოშუამ თავის 20 ნათესავთან ერთად ორი საათი იარა ფეხით, რათა გახსენების საღამოს დასწრებოდა. მას კრებაში ყველა გულთბილად დახვდა, რამაც გული აუჩუყა. ბევრი მისი ნათესავი სპეციალურ მოხსენებასაც დაესწრო. კრების დამთავრების შემდეგ ზოგიერთი მათგანი მივიდა უხუცესებთან და უთხრეს, რომ ბიბლიის შესწავლის დაწყება სურდათ. 15 მათგანმა მართლაც დაიწყო შესწავლა.
მან პასუხი იცოდა
გუამის ფილიალი ზრუნავს 1 000-ზე მეტ კუნძულსა თუ ატოლზე (მარჯნის კუნძული), სადაც 100-ზე მეტი მოსახლეა. მაგრამ მხოლოდ 13 კუნძულზე ტარდება კრების შეხვედრები. ვინაიდან ბევრ ამ კუნძულზე მოწმეებს არ უქადაგიათ, ძმები ყველანაირად ცდილობენ, როგორმე მიაწვდინონ იქაურებს სასიხარულო ცნობა. 2012 წლის აპრილში მოწმეების ჯგუფი ერთ-ერთ ყველაზე დაშორებულ კუნძულ პოლოვაზე გაემართა იალქნიანი ნავით. ეს კუნძული თითქმის მოწყვეტილია გარე სამყაროს. იქაური კაცები ატარებენ სპეციალურ სამოსს, რომელიც მხოლოდ სასირცხო ადგილებს უფარავთ; ისინი აკეთებენ კანოეებს და, ძირითადად, სოფლის მეურნეობას მისდევენ.
იქ ჩასულმა ერთმა მაუწყებელმა ერთ იქაურ ახალგაზრდა კაცს ჰკითხა: „რა გველის სიკვდილის შემდეგ?“
„ვიცი ამ კითხვაზე პასუხი“, — უთხრა მან. შემდეგ წამოხტა, თაროდან ჩამოიღო წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ ჩუუკურ ენაზე და სარჩევზე გადაშალა. თითი დაადო მე-8 თავს „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ და დიდი მონდომებით აუხსნა ძმას, რაც ამ წიგნიდან გაიგო.
კინგზტონი, ნორფოკის კუნძული: ქადაგება ცენტრალურ ქუჩაზე.
საიდან ჰქონდა მას ეს წიგნი? 2009 წელს ყველაზე დიდ კუნძულ ჩუუკზე მაუწყებლები ქადაგებდნენ დოკებზე (ნავსაშენი), რათა სასიხარულო ცნობა გაეცნოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვა დაშორებული კუნძულებიდან ჩამოდიოდნენ; ისინი მათ აძლევდნენ წიგნს „მარადიული ცხოვრება“. ერთმა მგზავრმა, რომელიც კუნძულ პოლოვაზე მიემგზავრებოდა, სიხარულით წაიღო წიგნებით სავსე ყური, რათა მეზობლებისთვის დაერიგებინა. ეს ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა, ვინც იმ დროს ეს წიგნი მიიღო.
პოლოვას დატოვებამდე ძმებმა რამდენჯერმე მოინახულეს ეს ახალგაზრდა, რომ გაემხნევებინათ. მათ აგრეთვე აჩვენეს მას, თუ როგორ შეედგინა შესწავლის პროგრამა; ასწავლეს ბიბლიური მუხლების მოძებნაც და აუხსნეს, როგორ მოეძებნა მთავარი აზრები თავის წიგნში.
რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ იმ შორეულ კუნძულებზე, სადაც არც ტელევიზორი, არც რადიო, არც გაზეთი და არც ინტერნეტია, ჩვენი ლიტერატურის წყალობით ხალხი მშობლიურ ენაზე იგებს ჭეშმარიტებას!
სამი ტყვია და სამი მიზეზი
ანა, მოუნათლავი მაუწყებელი, დაახლოებით 20 წლის იყო, როცა პაპუა-ახალი გვინეის კუნძულ ბუგენვილზე სამოქალაქო ომმა იფეთქა. 1991 წელს იგი ექვს მოწმესა და მათ შვიდ შვილთან ერთად, რომლებიც არავას კრების წევრები იყვნენ, იძულებული გახდა, ტყეში გაქცეულიყო. მათ ძალიან ცოტა რამის წაღება თუ შეძლეს სახლიდან. ორი წლის მანძილზე ისინი მიტოვებულ სახლში ცხოვრობდნენ და ლუკმა-პურს ძლივს შოულობდნენ. მათ მხოლოდ ორი წიგნი — ბიბლია და „ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემაში გაერთიანებულნი“ — ჰქონდათ და კრების შეხვედრებს მხოლოდ ამ ორი წიგნით ატარებდნენ. ისინი ერთად ლოცულობდნენ, მღეროდნენ სამეფოს სიმღერებს და უქადაგებდნენ მათ, ვისაც ხვდებოდნენ.
ისინი რევოლუციონერებმა იპოვეს და მოისურვეს, რომ მათგან ორ ძმას მათთან ერთად ეომა, მაგრამ როცა გაიგეს, რომ მოწმეებს ნეიტრალური პოზიცია ეკავათ, პატივი სცეს მათ შეხედულებას და თავი დაანებეს. ერთმა ჯარისკაცმა ანას სამი ტყვია აჩვენა და უთხრა: „ან ცოლად გამომყევი ან სიცოცხლეს გამოემშვიდობე“. ანამაც სამი მიზეზი მოუყვანა, თუ რატომ ვერ გაჰყვებოდა ცოლად, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბიბლიის თანახმად, ქრისტიანები მხოლოდ „უფალში უნდა დაქორწინდნენ“ (1 კორ. 7:39). ეს კაცი გაბრუნდა და წავიდა.
„ვერაფერი შეაჩერებს იეჰოვას საქმეს, სამოქალაქო ომიც კი“
2012 წელს, მას შემდეგ, რაც ანამ გაიგო, რომ არავაში სამეფოს მაუწყებლების დიდი საჭიროება იყო, პიონერად დაიწყო მსახურება. ის სხვა პიონერთან ერთად დაბრუნდა არავაში, რათა იქ ჯგუფი ჩამოეყალიბებინათ. მას ჰკითხეს, ხომ არ დაეუფლა არასასიამოვნო გრძნობა, როცა ისევ იქ დაბრუნდა, სადაც ომის დროს ამდენი უბედურება გადაიტანა. მან მიუგო: „აქ დაბრუნება მიხარია; ვერაფერი შეაჩერებს იეჰოვას საქმეს, სამოქალაქო ომიც კი“.
„ორი თვეღა გრჩებათ, რომ ნათლობისთვის მომამზადოთ!“