საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ გვეხმარებიან სარაიონო ზედამხედველები?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 17

      როგორ გვეხმარებიან სარაიონო ზედამხედველები?

      მიმომსვლელი ზედამხედველი თავის ცოლთან ერთად

      მალავი

      მიმომსვლელი ზედამხედველი ატარებს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას

      სამქადაგებლო ჯგუფი

      მიმომსვლელი ზედამხედველი ქადაგებს

      ქადაგება

      მიმომსვლელი ზედამხედველი კრების უხუცესებთან შეხვედრაზე

      უხუცესებთან შეხვედრა

      ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არაერთხელ არიან მოხსენიებული ბარნაბა და მოციქული პავლე. ისინი მიმომსვლელი ზედამხედველები იყვნენ და პირველი საუკუნის კრებებს ინახულებდნენ. რა მიზნით? ისინი გულწრფელად იყვნენ დაინტერესებული თავიანთი სულიერი ძმების კეთილდღეობით. პავლეს სურდა, „დაბრუნებულიყო და მოენახულებინა ძმები“. ის მზად იყო, გაევლო ასობით კილომეტრი, რომ გაემხნევებინა თანაქრისტიანები (საქმეები 15:36). სწორედ მსგავსი სურვილი ამოძრავებთ დღესაც სარაიონო ზედამხედველებს.

      გვინახულებენ და გვამხნევებენ. წელიწადში ორჯერ თითოეული სარაიონო ზედამხედველი დაახლოებით ოც კრებას ინახულებს. თუ ვითანამშრომლებთ ამ გამოცდილ ძმებთან და მათ ცოლებთან, ბევრ რამეს ვისწავლით. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ გაიცნონ კრებაში ყველა, დიდი თუ პატარა, ითანამშრომლონ სამქადაგებლო მსახურებაში და მათთან ერთად ჩაატარონ ბიბლიის შესწავლები. ეს ზედამხედველები კრების უხუცესებთან ერთად აკეთებენ სამწყემსო მონახულებებს და ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე გამამხნევებელ მოხსენებებს კითხულობენ (საქმეები 15:35).

      ინტერესს ავლენენ კრების თითოეული წევრის მიმართ. სარაიონო ზედამხედველები თითოეული კრების სულიერი მდგომარეობით არიან დაინტერესებული. ისინი ხვდებიან კრების უხუცესებსა და მომსახურეებს, რათა ისაუბრონ კრების მიღწევებზე. გარდა ამისა, პრაქტიკულ რჩევებს აძლევენ ძმებს, რომ უკეთ გაართვან თავი მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. სარაიონო ზედამხედველები ეხმარებიან პიონერებს ქადაგების უნარის დახვეწაში, ეცნობიან კრებაში ახლებს და მათი სულიერი წარმატებით ინტერესდებიან. თითოეულ სარაიონო ზედამხედველს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „თანამშრომელი . . . [ჩვენ] სასარგებლოდ“ (2 კორინთელები 8:23). ჩვენც მათსავით ძლიერი რწმენა უნდა გამოვავლინოთ და ვუერთგულოთ ღმერთს (ებრაელები 13:7).

      • რა მიზნით ინახულებენ სარაიონო ზედამხედველები კრებებს?

      • რის სწავლა შეგიძლიათ სარაიონო ზედამხედველისგან?

      გაიგეთ მეტი

      აღნიშნეთ კალენდარზე, როდის ინახულებს თქვენს კრებას სარაიონო ზედამხედველი, რომ არ გამოგრჩეთ მისი არც ერთი მოხსენება. თუ გსურთ, თქვენს ბიბლიის შესწავლას სარაიონო ზედამხედველი ან მისი მეუღლე დაესწროს, საქმის კურსში ჩააყენეთ თქვენი მასწავლებელი.

  • როგორ ვეხმარებით გასაჭირში მყოფ და-ძმებს?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 18

      როგორ ვეხმარებით გასაჭირში მყოფ და-ძმებს?

      დომინიკელთა რესპუბლიკაში იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს

      დომინიკელთა რესპუბლიკა

      მოხალისეები იაპონიაში ხელახლა აშენებენ სამეფო დარბაზს

      იაპონია

      ჰაიტიზე ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე ანუგეშებს სტიქიური უბედურებით დაზარალებულს

      ჰაიტი

      როდესაც სადმე სტიქიური უბედურება ხდება, იეჰოვას მოწმეები დაუყოვნებლივ ეხმარებიან დაზარალებულ და-ძმებს. სწორედ ეს ადასტურებს, რომ მათ გულწრფელად უყვართ ერთმანეთი (იოანე 13:34, 35; 1 იოანე 3:17, 18). როგორ ვეხმარებით ერთმანეთს?

      მატერიალური დახმარება. როდესაც იუდაში შიმშილობა მძვინვარებდა, ანტიოქიელმა ქრისტიანებმა თავიანთ ძმებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს (საქმეები 11:27—30). ასევე ხდება დღესაც. როდესაც ვიგებთ, რომ რომელიმე ქვეყანაში ჩვენი ძმები გასაჭირში არიან, კრების მეშვეობით მატერიალურ დახმარებას ვუგზავნით (2 კორინთელები 8:13—15).

      პრაქტიკული დახმარება. უხუცესებმა, რომლებიც სტიქიის ზონაში ცხოვრობენ, უნდა დაადგინონ, იმყოფება თუ არა მათი კრების თითოეული წევრი უსაფრთხო ადგილას. დახმარების კომიტეტმა უნდა იზრუნოს, რომ დაზარალებულებს ჰქონდეთ თავშესაფარი, საკვები, სასმელი წყალი და ტანსაცმელი. მათ აგრეთვე იმასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ დაზარალებულები არ დარჩნენ სამედიცინო დახმარების გარეშე. იეჰოვას არაერთი მოწმე, რომლებიც საჭირო პროფესიას ან ხელობას ფლობენ, საკუთარი ხარჯებით მოხალისედ მიდის და დაზარალებულებს დახმარებას უწევს. ეხმარებიან მათ სახლებისა თუ სამეფო დარბაზების შეკეთებაშიც. ერთიანობა, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში არსებობს, და გამოცდილება, რომელიც ერთმანეთთან თანამშრომლობით შევიძინეთ, გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ მობილიზებული და დროული დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულებს. მართალია, ძირითადად, მათ ვეხმარებით, ვინც „რწმენით ჩვენიანია“, მაგრამ დახმარების ხელს სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც ვუწვდით, როცა ეს შესაძლებელია (გალატელები 6:10).

      ნუგეშისცემა და გვერდში დგომა. ნუგეშს განსაკუთრებით ისინი საჭიროებენ, ვინც სტიქიური უბედურების დროს დაზარალდა. ამ დროს ძალას გვაძლევს იეჰოვა, რომელიც „ყოველგვარი ნუგეშის მამაა“ (2 კორინთელები 1:3, 4). მზად ვართ, ბიბლიური იმედით ვანუგეშოთ სასოწარკვეთილებაში მყოფნი და დავარწმუნოთ, რომ მალე ღვთის სამეფო ყველანაირ ტანჯვას მოუღებს ბოლოს (გამოცხადება 21:4).

      • როგორ მოქმედებენ იეჰოვას მოწმეები სტიქიური უბედურებების დროს?

      • რით ვანუგეშებთ სტიქიური უბედურებების დროს გადარჩენილებს?

  • ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 19

      ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“?

      იესო ელაპარაკება თავის მოწაფეებს
      ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე სწავლობს ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციას

      სულიერ საზრდოს თითოეული ჩვენგანისთვის მოაქვს სარგებლობა

      იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს ორი წევრი

      სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესო ესაუბრა თავის ოთხ მოციქულს — პეტრეს, იაკობს, იოანესა და ანდრიას. მას შემდეგ, რაც იესომ იწინასწარმეტყველა ბოლო დღეებში თავისი მოსვლის ნიშნის შესახებ, მნიშვნელოვანი კითხვა წამოჭრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?“ (მათე 24:3, 45; მარკოზი 13:3, 4). იესო დაჰპირდა მოწაფეებს, რომ ის, როგორც მათი „ბატონი“, დანიშნავდა „ერთგულ და გონიერ მონას“, რომელიც სულიერი საზრდოთი მოამარაგებდა მის მიმდევრებს ბოლო დღეებში. ვინ იყო ეს მონა?

      ისინი არიან იესოს ცხებული მიმდევრებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი. „მონას“ წარმოადგენს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც დროულად აწვდის სულიერ საზრდოს იეჰოვას თაყვანისმცემლებს. სწორედ ის გვაძლევს დროულად ჩვენ წილ სულიერ „ულუფას“ (ლუკა 12:42).

      მას აბარია ღვთის სახლეული (1 ტიმოთე 3:15). იესომ „მონას“ მიანდო მეტად საპასუხისმგებლო საქმე — იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილზე ზრუნვა — ორგანიზაციის საკუთრების განკარგვა, სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კრებების მეშვეობით ჩვენი განსწავლა. დღეს „ერთგული და გონიერი მონა“ იეჰოვას ორგანიზაციის მეშვეობით დროულად გვაწვდის საჭირო სულიერ საზრდოს დაბეჭდილი ლიტერატურის, კრების შეხვედრებისა თუ კონგრესების საშუალებით.

      „მონა“ არის ერთგული, რამეთუ ფეხდაფეხ მიჰყვება ბიბლიურ ჭეშმარიტებას და კეთილსინდისიერად ასრულებს ბიბლიაში მოცემულ დავალებას, რომ ყველას ექადაგოს სასიხარულო ცნობა. ეს მონა გონიერიცაა, რადგან ბრძნულად განკარგავს ყველაფერს, რაც იესომ დედამიწაზე მიანდო (საქმეები 10:42). იეჰოვა აკურთხებს მონის საქმიანობას და ამის დასტურია ის, რომ ორგანიზაციას დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი ემატება. ერთგულ მონას კი საშუალება ეძლევა, უხვი სულიერი საზრდოთი მოამარაგოს ღვთის ხალხი (ესაია 60:22; 65:13).

      • ვინ დანიშნა იესომ, რომ მისი მიმდევრები სულიერი საზრდოთი მოემარაგებინა?

      • რა გაგებით არის მონა ერთგული და გონიერი?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება