ქრისტეს მეორედ მოსვლა
განმარტება: ვიდრე ზეცად ამაღლდებოდა, იესო ქრისტე თავის მოწაფეებს დაჰპირდა, რომ კვლავ დაბრუნდებოდა. ამის მაჩვენებელი იქნებოდა მსოფლიოში განვითარებული მოვლენები. უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნულ ტექსტში, სადაც ქრისტეს დაბრუნებაზეა ლაპარაკი, გვხვდება ორი სხვადასხვა სიტყვა, რომლებიც „მოსვლად“ ითარგმნება. ერთ-ერთი სიტყვა, „პარუსია“, გულისხმობს არა მხოლოდ მოსვლის მომენტს, არამედ მოსვლის შემდგომ პერიოდს, რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს. მეორე ბერძნული სიტყვაა „ერქომაი“. იმ პერიოდის განსაზღვრულ მომენტში, როცა მოსული იქნებოდა („პარუსია“), იესო „მოვიდოდა“ („ერქომაი“) მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად, კერძოდ კი „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ იეჰოვას განაჩენის სისრულეში მოსაყვანად.
ქრისტეს მოსვლასთან დაკავშირებული მოვლენები მცირე ხანს უნდა გაგრძელებულიყო თუ წლების მანძილზე?
მათ. 24:37—39: «როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება [„ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც“, სსგ; ბერძნულად „პარუსია“]. როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება» (ის, რაც აქ არის აღწერილი, ნოეს დროს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. იესომ ამ პერიოდს შეადარა დრო, როცა მოსული იქნებოდა).
მათეს 24:37-ში გვხვდება ბერძნული სიტყვა „პარუსია“, რომელიც სიტყვასიტყვით „გვერდით ყოფნას“ ნიშნავს. ერთ ბერძნულ-ინგლისურ ლექსიკონში „პარუსიის“ პირველი მნიშვნელობაა „ვინმეს თანდასწრება“ („Greek-English Lexicon“, ლიდელი და სკოტი, ოქსფორდი, 1968). ამ სიტყვის მნიშვნელობა კარგად ჩანს ფილიპელების 2:12-დან, სადაც პავლე თავის ყოფნას („პარუსია“) არყოფნას („აპუსია“) უპირისპირებს. მათეს 24:30-ში აღწერილია „ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალი კაცის ძე“, რომელმაც არმაგედონში უნდა აღასრულოს იეჰოვას განაჩენი. აქ გამოყენებულია ბერძნული სიტყვა „ერქომენონ“. ამგვარად „პარუსია“-სა და „ერქომენონ“-ს („ერქომაი“) შორის არსებობს განსხვავება.
დაინახავდნენ ქრისტეს ადამიანები მეორედ მოსვლისას?
იოან. 14:19: „ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს, თქვენ [იესოს ერთგული მოციქულები] კი მიხილავთ, რადგან მე ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ“ (იესო მოციქულებს დაჰპირდა, რომ დაბრუნდებოდა და ზეცაში წაიყვანდა. ისინი იხილავდნენ იესოს, რადგან მის მსგავსად სულიერი ქმნილებები იქნებოდნენ. მაგრამ ქვეყნიერება ვეღარ იხილავდა მას. შეადარეთ 1 ტიმოთეს 6:16).
საქ. 13:34: „მან [ღმერთმა] მკვდრეთით აღადგინა იესო, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნას“ (ფიზიკური სხეული ხრწნადია. ამიტომ 1 კორინთელების 15:42, 44-ში „გახრწნილება“ დაკავშირებულია „ხორციელ სხეულთან“. იესოს აღარასოდეს ექნებოდა ასეთი სხეული).
იოან. 6:51: „მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ“ (იესომ გაიღო თავისი ხორცი და მას უკან აღარ დაიბრუნებს. იესოს მსხვერპლმა ადამიანებს კურთხევები უნდა მოუტანოს. ის მათ არ წაართმევს ამ კურთხევების მიღების შესაძლებლობას).
იხილეთ აგრეთვე გვერდები 152, 153 („ზეატაცება“).
რას ნიშნავს, რომ იესო „ისევე მოვა“, როგორც ზეცად ამავალი იხილეს?
საქ. 1:9—11, სსგ: „მათ [მოციქულების] თვალწინ ამაღლდა, და ღრუბელმა აიტაცა იგი მათ თვალთაგან. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი, თეთრი სამოსით, რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად ამავალი იხილეთ იგი“ (ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ ნათქვამია „ისევე“ და არა იმავე სხეულში. როგორ ამაღლდა ქრისტე? მე-9 მუხლიდან ვიგებთ, რომ მისი ზეცად ამაღლება მხოლოდ მოწაფეებმა დაინახეს. ქვეყნიერებამ, მთლიანობაში, ვერც კი გაიგო, რა მოხდა. ასევე იქნებოდა ქრისტეს მეორედ მოსვლის დროსაც).
რას ნიშნავს, რომ „ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი“?
გამოცხ. 1:7: „აი, ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი — ისინიც, ვინც ის განგმირა — და მის გამო მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას დედამიწის ყველა ტომი“ (აგრეთვე მათეს 24:30; მარკოზის 13:26; ლუკას 21:27).
რაზე მიუთითებს „ღრუბლები“? იმაზე, რომ ქრისტეს მოსვლა ადამიანებისთვის უხილავად მოხდებოდა. როცა თვითმფრინავი ღრუბლებში შედის ან ღრუბლებს ზემოთ მიფრინავს, მიწაზე მყოფი ადამიანი ვერ ხედავს მას, თუმცა შეიძლება გაიგოს მისი ხმა. იეჰოვამ მოსეს უთხრა: „შავ ღრუბელში მოვდივარ შენთან“. მოსეს არ უხილავს ღმერთი. იეჰოვა უხილავად იყო იქ, რაზეც ღრუბელი მიუთითებდა (გამ. 19:9; იხილეთ ასევე ლევიანების 16:2; რიცხვების 11:25). იესო პირდაპირი გაგებითაც რომ გამოჩნდეს ცაში, „ყოველი თვალი“ მას მაინც ვერ დაინახავს. მაგალითად, თუ იესო ავსტრალიაში გამოჩნდება, ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში მას ვერ დაინახავენ.
რა გაგებით დაინახავს მას „ყოველი თვალი“? ადამიანებს დედამიწაზე განვითარებული მოვლენები დაანახვებს იესოს უხილავად მოსვლას. სიტყვა „დანახვა“ ყოველთვის ფიზიკურ მხედველობას არ უკავშირდება. მაგალითად, იოანეს 9:41-ში ვკითხულობთ: «იესომ მიუგო [ფარისევლებს]: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ, რადგან ამბობთ, ვხედავთო, თქვენი ცოდვა რჩება“» (შეადარეთ რომაელების 1:20). ქრისტეს დაბრუნების შემდეგ ზოგი ავლენს რწმენას; ისინი ნიშნებით ხვდებიან, რომ ქრისტე მოსულია („პარუსია“). სხვები ყურადღებას არ აქცევენ ამ ნიშნებს. მაგრამ როცა იესო მოვა („ერქომაი“) ბოროტებზე ღვთის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად, მის ძალას ისინიც დაინახავენ და მიხვდებიან, რომ ზებუნებრივ მოვლენებთან აქვთ საქმე. ისინი წინასწარ იქნებიან გაფრთხილებულნი, ამიტომ ეცოდინებათ, რაც ხდება და „მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას“.
ვინ არიან ისინი, „ვინც ის განგმირა“? პირდაპირი გაგებით იესო რომაელმა ჯარისკაცებმა განგმირეს, როცა ის სიკვდილით დასაჯეს. ისინი დიდი ხნის წინათ დაიხოცნენ. ამიტომ ამ მუხლში უნდა იგულისხმებოდნენ ისინი, რომლებიც დევნიან ანუ „გმირავენ“ ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს „ბოლო დღეების“ განმავლობაში (მათ. 25:40, 45).
შეიძლება ვინმეზე ვთქვათ, რომ მოსულია ან ჩვენთანაა, თუ ვერ ვხედავთ?
მოციქულმა პავლემ კორინთის კრებას მისწერა: „სხეულით თქვენთან არ ვარ, სულით თქვენთან ვარ“ (1 კორ. 5:3).
იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ ‘ჩასულიყო’ და ენები აერია ბაბილონის კოშკის მშენებლებისთვის (დაბ. 11:7). ისრაელების შესახებ მან თქვა: „ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან“. ღმერთმა მოსეს უთხრა, რომ ‘თვითონ გაჰყვებოდა’, რათა მიეყვანა ისრაელი აღთქმულ მიწამდე (გამ. 3:8; 33:14). თუმცა ადამიანებს არასდროს უნახავთ ღმერთი (გამ. 33:20; იოან. 1:18).
რომელ მოვლენებს უკავშირებს ბიბლია ქრისტეს მოსვლას?
დან. 7:13, 14: „ცის ღრუბლებზე მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის მსგავსი [იესო ქრისტე]. მას ძველ დღეთასთან [იეჰოვა ღმერთთან] მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს. მას მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“.
1 თეს. 4:15, 16: „ამას გეუბნებით იეჰოვას სიტყვით: ჩვენ, ვინც ცოცხლად დავრჩებით იმ დრომდე, როცა უფალი მოსული იქნება, ვერ დავასწრებთ სიკვდილის ძილით მიძინებულებს, რადგან უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმითა და ღვთის საყვირით და პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან“ (უნდა აღმდგარიყვნენ ისინი, ვინც ქრისტესთან ერთად იქნებოდა ზეცაში — პირველ რიგში, უფლის მოსვლამდე დაღუპულნი, შემდეგ კი იმ პერიოდში დაღუპულნი, როცა უფალი მოსული იქნებოდა).
მათ. 25:31—33: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ“.
2 თეს. 1:7—9: „ხოლო თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილებს, მოგიზღოთ შვება ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ. ისინი სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ, გაქრებიან უფლის სახისგან და მისი ძლიერების დიდებისგან“.
ლუკ. 23:42, 43: «შემდეგ [იესოს გვერდით ბოძზე გაკრულმა ბოროტმოქმედმა] თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. მან მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“» (იესოს მეფობის განმავლობაში მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. გარდაცვლილები, რომლებიც ღვთის მეხსიერებაში არიან, აღდგებიან. მათ მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ).
იხილეთ აგრეთვე გვერდები 74—78 („ბოლო დღეები“).