აპოლოსი
[გამანადგურებელი; აპოლონიოსის შემოკლებული ფორმა]
ალექსანდრიელი (ეგვიპტე) იუდეველი; მჭევრმეტყველი კაცი, რომელმაც კარგად იცოდა ებრაული წერილები. მას, სავარაუდოდ, იოანე ნათლისმცემლის ან იესო ქრისტეს მოწაფეებმა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დადგომამდე უქადაგეს, რადგან აპოლოსმა „მხოლოდ იოანეს ნათლობა იცოდა“ (სქ. 18:24, 25). მიუხედავად ამისა, ის გულანთებული მქადაგებელი იყო და ეფესოში ჩასვლისთანავე (დაახლ. ახ. წ. 52) ადგილობრივ სინაგოგაში დაიწყო ქადაგება. სწორედ იქ გაიცნო აკვილა და პრისკილა, რომლებიც მას ქრისტიანული სწავლებების უკეთ გაგებაში დაეხმარნენ. ეფესოდან აპოლოსი აქაიაში წავიდა, სადაც ძმებმა სარეკომენდაციო წერილი გაატანეს. როგორც ჩანს, იქ ყოფნისას იგი უმთავრესად კორინთში ქადაგებდა, სადაც მანამდე პავლე მსახურობდა. ის გულმოდგინედ ქადაგებდა და საფუძვლიანი მტკიცებულებები მოჰყავდა წმინდა წერილებიდან იუდეველებისთვის. ეს ნამდვილად დამხმარე აღმოჩნდა იქაური ძმებისთვის. ამგვარად, მან მორწყო ის, რაც პავლემ დარგო (სქ. 18:26—28; 19:1; 1კრ. 3:6).
სამწუხაროდ, იმ დროისთვის, როცა პავლემ კორინთელებს პირველი წერილი მისწერა (დაახლ. ახ. წ. 55), კორინთის კრებაში განხეთქილება იყო. მათგან ზოგი წინამძღოლად მჭევრმეტყველ აპოლოსს მიიჩნევდა, ზოგი — პავლეს, ზოგი — პეტრეს, ზოგი კი — ქრისტეს (1კრ. 1:10—12). პავლე თავისი წერილით შეეცადა, გამოესწორებინა მათი მცდარი აზროვნება. მან დაანახვა მათ, რომ მთავარი ერთობა იყო, და რომ ცალკეული ქრისტიანები მხოლოდ და მხოლოდ ღვთისა და ქრისტეს მსახურები იყვნენ (1კრ. 3:4—9, 21—23; 4:6, 7). როგორც ჩანს, ამ დროს აპოლოსი ეფესოში ან მის მახლობლად იმყოფებოდა, იქ, სადაც პავლემ ეს წერილი დაწერა, რადგან მოციქული წერს, რომ აპოლოსს ეხვეწებოდა, კორინთის კრება მოენახულებინა (1კრ. 16:12). აპოლოსი შესაძლოა კორინთში წასვლისგან თავს იქ არსებული არაჯანსაღი ატმოსფეროს გამო იკავებდა ან უბრალოდ ფიქრობდა, რომ მსახურება, რომელსაც იმჟამად ასრულებდა, გარკვეული ხნით კვლავ მოითხოვდა მის იქ დარჩენას, სადაც იყო. როგორც არ უნდა ყოფილიყო, პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ შექმნილი ვითარება ამ გულმოდგინე მისიონერების ერთობაზე ცუდად არ ასახულა. აპოლოსი უკანასკნელად ტიტეს 3:13-შია მოხსენიებული. ამ მუხლში პავლე კრეტაზე მყოფ ტიტეს სთხოვს, რომ აპოლოსს სამგზავროდ მომზადებაში დაეხმაროს.