ბეცალელი
[ღვთის ჩრდილქვეშ (საფარში)].
1. კარვის ნაგებობისა და მისი აღჭურვილობის მთავარი ხელოსანი, „ურის ძე, ხურის ძე, იუდას ტომიდან“ (გმ. 31:1, 2; 1მტ. 2:20); იეჰოვამ თავად აირჩია ბეცალელი ამ საქმისთვის და თქვა: „ავავსებ მას ღვთის სულით, რათა ჰქონდეს სიბრძნე, გაგების უნარი, ცოდნა და ყოველგვარი ხელობის ოსტატი იყოს, რომ შეადგინოს გეგმები და იმუშაოს ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე, ხეზე და ქვების ჩასმაზე, ყოველგვარი ნაკეთობის გასაკეთებლად“ (გმ. 31:3—5; 35:30—33). ის ძვირფასი მასალა, რაზეც ბეცალელი მუშაობდა, გულუხვად შესწირეს მათ, ვისაც „გულმა გაუწია“, და ის „საკმარისზე მეტიც“ კი აღმოჩნდა (გმ. 35:4—9, 20—29; 36:3—7).
ბეცალელის მარჯვენა ხელი ოჰოლიაბი იყო (გმ. 31:6); მათთან ერთად ბევრი გულბრძენი მუშაობდა, თუმცა ამ რთულ საქმეზე პასუხისმგებელი ბეცალელი იყო (გმ. 35:10—19, 25, 26, 34; 36:1, 2). ეს იქიდან ჩანს, რომ კარვის მშენებლებზე საუბრისას ზმნები ხან მხოლობით რიცხვში დგას, ხან — მრავლობით რიცხვში. მხოლობით რიცხვში მდგომ ზმნებში ბეცალელი იგულისხმება, მრავლობით რიცხვში მდგომ ზმნებში კი — მისი დამხმარეები (გმ. 36—39). ვინაიდან ბეცალელს ბევრი რამე ეხერხებოდა და „ღვთის სულით“ იყო სავსე (გმ. 35:31), მისი ზედამხედველობით დამზადდა კარვის ნაქარგი ქსოვილები, ოქროსა და სპილენძის კაუჭები, ტყავის გადასაფარებელი, ოქროთი მოვარაყებული ხის ჩარჩოები, ფარდა (გმ. 36), ოქროთი მოვარაყებული შეთანხმების კიდობანი და ქერუბიმები, მაგიდა და მისი გასაწყობი ჭურჭელი, ოქროს სალამპრე და საკმევლის სამსხვერპლო, საცხები ზეთი და საკმეველი (გმ. 37), დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო, სპილენძის აუზი და დასადგამი, ეზო (გმ. 38), ეფოდი და ძვირფასი ქვებით გაწყობილი სამკერდე და მღვდლების ტანსაცმელი (გმ. 39). 475 წლის შემდეგ, სოლომონის გამეფების დროს, ისევ გამოიყენებოდა კარავი, შეთანხმების კიდობანი და სპილენძის სამსხვერპლო (2მტ. 1:1—6).
2. ფახათ-მოაბის ვაჟებიდან ერთ-ერთი, რომლებმაც ეზრას რჩევისამებრ გაუშვეს უცხოელი ცოლები და ვაჟები (ეზრ. 10:30, 44).