იცხოვრე ხანგრძლივად და უკეთესი ჯანმრთელობით
წარმოიდგინეთ, რომ ადამიანის ცხოვრება ხანგრძლივი თარჯრბენი ანუ რბენაა, რომლის დროსაც მორბენლები დაბრკოლებებს ახტებიან. სირბილს ყველა ერთდროულად იწყებს, მაგრამ როდესაც თარჯებს ახტებიან, და ზოგჯერ ეჯახებიან კიდეც, თანდათანობით ანელებენ რბენას. ამ დროს უფრო და უფრო მეტი მორბენალი ტოვებს სარბენ ბილიკს.
მსგავსად ამისა, ადამიანის ცხოვრებასაც აქვს სასტარტო ხაზი და მის ბილიკებზე მაღალი თარჯებია განლაგებული. ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ერთიმეორეზე მიყოლებით ხან ერთ, ხან მეორე დაბრკოლებას აწყდება. თითოეული ნახტომი უფრო და უფრო ასუსტებს მას და დროთა განმავლობაში ფარ-ხმალს აყრევინებს. რაც უფრო მაღალია თარჯები, მით უფრო ადრე ტოვებს ადამიანი სარბენ ბილიკს ანუ კვდება. თუ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობს, დაახლოებით 75 წლის ასაკში ტოვებს მას. დროის ამ მონაკვეთს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი ეწოდება, რომელიც შეიძლება შევადაროთ მანძილს, რომელსაც მორბენალთა უმეტესობა გარბისa (შეადარეთ ფსალმუნი 89:10). მაგრამ ზოგი უფრო დიდხანს განაგრძობს რბენას და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალურ ზღვარსაც კი, დაახლოებით 115—120 წელს, აღწევს; მაგრამ ეს იმდენად იშვიათობაა, რომ ასეთ ცნობებს გაზეთების პირველ გვერდებზე ათავსებენ ხოლმე.
თარჯები
დღეს ადამიანებს მიმდინარე საუკუნის დასაწყისთან შედარებით სარბენ ბილიკზე დარჩენა ორჯერ უფრო დიდხანს შეუძლიათ. რატომ? ძირითადად იმიტომ, რომ მათ თარჯების დადაბლება შეძლეს. რა თარჯებზე მიდის საუბარი? და შეიძლება მათი უფრო მეტად დადაბლება?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ზოგი ძირითადი თარჯი, ანუ ფაქტორი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს, არის ჩვევები, გარემო პირობები და სამედიცინო მომსახურებაb. ამგვარად, კარგი ჩვევები, ჯანსაღი გარემო პირობები და უკეთესი სამედიცინო მომსახურება დაადაბლებდა ამ თარჯებს და თქვენს ცხოვრებას გაახანგრძლივებდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების მდგომარეობა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, თითქმის ყველას — სიდნეის ბანკის დირექტორიდან დაწყებული სან-პაულუს ქუჩაში მდგომი გამყიდველის ჩათვლით — თავის ცხოვრებაში თარჯების დასადაბლებლად შეუძლია რაღაცის გაკეთება. როგორ?
ჩვევები, რომლებიც თქვენს მიღწევებს განაპირობებს
„ჯანსაღი ჩვევები ადამიანს არა მარტო სიცოცხლეს უხანგრძლივებს, არამედ რამდენიმე წლით აშორებს და უმოკლებს ხანდაზმულებისთვის დამახასიათებელ უძლურების პერიოდს“, — აღნიშნავს ერთ-ერთი სამედიცინო ჟურნალი (The New England Journal of Medicine). უნდა აღინიშნოს, რომ პირველი თარჯი შეიძლება დაადაბლოს ჭამის, სმის, ძილის, მოწევისა და ვარჯიშის ჩვევებში ცვლილებების შეტანამ. მაგალითად, განვიხილოთ ვარჯიშის ჩვევა.
ფიზიკური ვარჯიშის ჩვევა. ზომიერი ფიზიკური ვარჯიში ძალზე სასარგებლოა (იხილეთ ჩარჩო „რამდენ ხანს ვივარჯიშოთ და რომელი ვარჯიშები შევარჩიოთ?“). გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სახლში ან მის გარეთ უბრალო ვარჯიშები „ხანდაზმულთა შორის ხანდაზმულებსაც“ კი მოეხმარა ძალებისა და ენერგიის აღდგენაში. მაგალითად, ხანდაზმულთა ჯგუფმა, რომლის წევრებიც 72—98 წლისანი იყვნენ, შენიშნა, რომ 10 კვირის განმავლობაში სიმძიმეების აწევაში ვარჯიშის შემდეგ სწრაფი სიარული და კიბეებზე ასვლა გაუადვილდათ. გასაკვირი სულაც არ არის! ვარჯიშის შემდეგ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მოვარჯიშეთა კუნთები ორჯერ მეტად გამაგრდა. 70 წლამდე ასაკის ქალებმა, რომლებიც თითქმის უმოძრაო ცხოვრებას ეწეოდნენ, კვირაში ორჯერ დაიწყეს ვარჯიში. ერთი წლის შემდეგ უფრო ძლიერები გახდნენ, წონასწორობას უკეთ ინარჩუნებდნენ, მათი სხეულის კუნთოვანმა მასამ მოიმატა და ძვლებიც უფრო გაუმაგრდათ. „თავიდან, ვფიქრობდით, რომ ამ ვარჯიშებს ჩვენი იოგები, მყესები და კუნთები ვერ გაუძლებდა, — ყვება ამ ღონისძიების ხელმძღვანელი, ფიზიოლოგი მირიამ ნელსონი. — მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა — ჩვენ უფრო ძლიერები და ჯანმრთელები გავხდით“.
ხანში შესვლასა და ვარჯიშთან დაკავშირებით რამდენიმე სამეცნიერო გამოკვლევის შედეგი ერთ სახელმძღვანელოში ასე იყო წარმოდგენილი: „ვარჯიში ანელებს დაბერების პროცესს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ამოკლებს პერიოდს, როდესაც ადამიანს დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლია, ანუ პერიოდს, რომელიც ხშირად წინ უძღვის სიკვდილს“.
გონების გამავარჯიშებელი ჩვევა. ძველი ანდაზა — „გამოიყენე, თორემ დაკარგავო“, როგორც ჩანს, მხოლოდ კუნთებს კი არ ეხება, არამედ გონებასაც. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში შესვლასთან ერთად ადამიანი გულმავიწყი ხდება, შეერთებული შტატების გერონტოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ დაბერებული ტვინი საკმაოდ სხარტი რჩება და ხანდაზმულობის გავლენის გამკლავების უნარი შესწევს. დასკვნაში ნევროლოგიის მეცნიერებათა პროფესორი დ-რ ანტონიო რ. დამასიო აღნიშნავს: „ხანდაზმულებს შეუძლიათ განაგრძონ აზრიანი და ჯანსაღი გონებრივი ცხოვრება“. რით იხსნება ტვინის ასეთი აქტიურობა?
ტვინი 100 მილიარდი ტვინის უჯრედისგან ანუ ნეირონისგან შედგება, ხოლო ამ ნეირონებს შორის ტრილიონობით კავშირია. ეს კავშირები სატელეფონო ხაზის მსგავსად მოქმედებს და ნეირონებს ერთმანეთთან „დალაპარაკების“ საშუალებას აძლევს, რაც სხვა მექანიზმებთან ერთად, მეხსიერებასაც წარმოშობს. ტვინის დაბერებასთან ერთად ნეირონები კვდება (იხილეთ ჩარჩო „ახალი თვალსაზრისი ტვინის უჯრედებთან დაკავშირებით“), მაგრამ ნეირონების დანაკლისის კომპენსირების უნარი მაინც შესწევს. როდესაც ნეირონი კვდება, მეზობლად მყოფი ნეირონები ამას ერთმანეთს შორის ახალი კავშირების წარმოქმნით პასუხობენ და დაკარგული ნეირონის ფუნქციას საკუთარ თავზე იღებენ. ამგვარად, ტვინს ესა თუ ის ფუნქცია ერთი რეგიონიდან მეორეზე გადააქვს. ამიტომ მრავალ ხანდაზმულს შეუძლია იმავე გონებრივი დავალების შესრულება, რაც ახალგაზრდას, მაგრამ ამის გასაკეთებლად ტვინის სხვა რეგიონს იყენებს. დაბერებული ტვინი, გარკვეულწილად, ხანდაზმულ ჩოგბურთელს ჰგავს, რომელიც შენელებული სისწრაფის კომპენსირებას თამაშში დახელოვნებულობით ახდენს, რაც შეიძლება ახალგაზრდა მოთამაშემ ვერ შეძლოს. ასე რომ, თუმცა ახალგაზრდასთან შედარებით ხანდაზმული ჩოგბურთელი თამაშის სხვა ტექნიკას მიმართავს, სპორტულ ფორმას მაინც ინარჩუნებს.
რა უნდა ქნას ხანდაზმულმა თავისი შესაძლებლობების შესანარჩუნებლად? 70—80 წლის 1000-ზე მეტი ხანდაზმულის გამოკვლევის შედეგად, გერონტოლოგმა დ-რ მერილინ ალბერტმა აღმოაჩინა, რომ გონებრივი ვარჯიშები არის ერთ-ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ხანდაზმულებმა ინტელექტუალური დონე შეინარჩუნონ (იხილეთ ჩარჩო „სხარტი გონების შენარჩუნება“). გონებრივი ვარჯიშები ტვინის „სატელეფონო ხაზებს“ ცხოველქმედებას უნარჩუნებს. მეორე მხრივ, — აღნიშნავენ მკვლევარები, — გონებრივი დეგრადაცია მაშინ იწყება, „როდესაც ხანდაზმულები პენსიაში გასვლის შემდეგ პასიურდებიან, თავს აღარაფერზე იწუხებენ და ამბობენ, რომ მათი საქმე არ არის, რა ხდება ამ ქვეყანაზე“ (Inside the Brain).
ამგვარად, სასიხარულო ახალი ამბავი ის არის, — განმარტავს გერონტოლოგი დ-რ ჯეკ როუ, — რომ „ფაქტორებმა, რომლებზეც გავლენის ან ცვლილების მოხდენა შეგვიძლია, უნდა გაგვიზარდოს კარგი ხანდაზმულობის შესაძლებლობა“. ამასთანავე, კარგი ჩვევების გამომუშავების დაწყება არასოდეს არის გვიან. „მაშინაც კი, თუ თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში არაჯანსაღი ჩვევები გქონდათ და ხანდაზმულობის ასაკში შეიცვალეთ, — აღნიშნავს ერთი მკვლევარი, — ჯანსაღი ცხოვრების სტილმა მაინც გარკვეული სარგებლობა უნდა მოგიტანოთ“.
პირობებს დიდი ცვლილების მოხდენა შეუძლია
თუ დღეს ლონდონში დაბადებულ გოგონას შუა საუკუნეების ლონდონში დავაბრუნებდით, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დღევანდელთან შედარებით ნახევარზე ნაკლები გახდებოდა. ამ განსხვავების მიზეზი გოგონას ფიზიკური მდგომარეობის მოულოდნელი ცვლილება კი არა, ორი თარჯის — პირობებისა და სამედიცინო მომსახურების — სიმაღლის უეცარი ცვლილება იქნებოდა. განვიხილოთ, პირველი მათგანი — პირობები.
საცხოვრებელი პირობები. წარსულში ადამიანის საცხოვრებელი, მაგალითად, ოჯახური პირობები, ცუდ გავლენას ახდენდა მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საცხოვრებელი პირობების მავნე გავლენა შემცირდა. სანიტარული პირობების გაუმჯობესებამ — წყლის გაუვნებელყოფამ და სახლში პარაზიტების განადგურებამ — ადამიანს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესა, უფრო ჯანმრთელი გახადა და სიცოცხლეც გაუხანგრძლივა. შედეგად, დღეს მსოფლიოს მრავალ კუთხეში ადამიანებს უფრო „დიდი დისტანციის გარბენის“ უნარი აქვთc. მაგრამ ამ თარჯის დადაბლებაში მხოლოდ სახლში წყალგაყვანილობის მოწყობა როდი შედის. ამისთვის ჯანსაღი სოციალური და რელიგიური გარემოს შენარჩუნებაც აუცილებელია.
სოციალური გარემო. სოციალურ გარემოს გიქმნიან ადამიანები, ვისთანაც ცხოვრობთ, მუშაობთ, ჭამთ, რელიგიურ მოღვაწეობას ეწევით და ერთობით. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სუფთა წყლით უზრუნველყოფით შეიძლება; მსგავსად ამისა, სოციალურ გარემოს კარგი მეგობრების ყოლა აუმჯობესებს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც გაქვთ იმის საშუალება, რომ სხვებსაც გაუზიაროთ თქვენი სიხარული და მწუხარება, ოცნებები და იმედგაცრუებები, ეს ადაბლებს გარემო პირობებით შექმნილი თარჯების სიმაღლეს და სარბენ ბილიკზე უფრო დიდი ხნით დარჩენაში გეხმარებათ.
მაგრამ ისიც ჭეშმარიტებაა, რომ საპირისპირო მდგომარეობას საპირისპირო შედეგი მოაქვს. მეგობრული ურთიერთობის უქონლობამ შეიძლება მარტოობის გრძნობა აღგიძრათ და, როგორც სოციალური ერთეული, გაგანადგუროთ. თუ ირგვლივ მყოფებისგან ყურადღებას არ გრძნობთ, შეიძლება სულით დაეცეთ. მოხუცებულთა პანსიონატში მცხოვრებმა ერთმა ქალმა ნაცნობს მისწერა: „ახლა 82 წლისა ვარ; აქედან საკმაოდ დიდი ხანი, 16 წელი, პანსიონატში გავატარე. აქ კარგად გვექცევიან, მაგრამ მარტოობა მძიმე ტვირთად მაწევს“. სამწუხაროა, მაგრამ ამ ქალის მდგომარეობა ჩვეულებრივია მრავალი ხანდაზმულისთვის, განსაკუთრებით კი დასავლეთის ქვეყნებში. ისინი ხშირად ისეთ სოციალურ გარემოში ცხოვრობენ, სადაც მათ არ უგულებელყოფენ, მაგრამ არც აფასებენ. შედეგად „მარტოობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები მოხუცების კეთილდღეობაზე მოქმედებს“, — აღნიშნავს ჯეიმს კალიეხა, გერონტოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელი.
მართალია, თქვენ შეიძლება ვერ შეცვალოთ მდგომარეობა, რომელიც მარტოობის გრძნობას გივითარებთ, — მაგალითად, იძულებით სამსახურის დატოვება, შედარებით უმოძრაო ცხოვრების წესზე გადასვლა, დიდი ხნის მეგობრების დაკარგვა ან მეუღლის გარდაცვალება, — მაგრამ შეგიძლიათ გარკვეული ნაბიჯები გადადგათ ამ თარჯების ისეთ სიმაღლემდე დასადაბლებლად, რომლის გადალახვასაც შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ მარტოობის გრძნობას ხანდაზმულობა არ იწვევს; ზოგი ახალგაზრდაც იტანჯება ამით. ამ პრობლემის მიზეზი არის არა ხანდაზმულობა, არამედ საზოგადოებისგან განცალკევება. როგორ შეგიძლიათ თავი აარიდოთ მას?
„სხვებისთვის სასიამოვნო გახადეთ თქვენთან ყოფნა, — გვირჩევს ერთი ხანდაზმული ქვრივი. — არავის უყვარს ბუზღუნა ადამიანთან ურთიერთობა. ეცადეთ, მხიარული იყოთ. მართალია, ამისათვის ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ სამაგიეროდ კარგ ნაყოფს მოიმკით. გულითადობა შობს გულითადობას, — შემდეგ კი ამატებს, — იმისათვის რომ ხალხთან, ახალგაზრდებთან თუ ხანდაზმულებთან, მათთვის საინტერესო საკითხებზე საუბარი შემეძლოს, ვცდილობ არ ჩამოვრჩე თანამედროვეობას, ვკითხულობ საინტერესო ჟურნალებს და ვცდილობ ახალი ამბების კურსში ვიყო“.
აქ მოყვანილია რამდენიმე რჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით: დაინტერესდით იმით, რაც სხვებს მოსწონთ; დაუსვით კითხვები; ყოველნაირად ეცადეთ გულუხვობის გამოვლენას; თუ მატერიალური ნივთების გაცემის შესაძლებლობა არა გაქვთ, თქვენი კარგი თვისებები გაეცით; გაცემას ბედნიერება მოაქვს. წერეთ წერილები; გამონახეთ თქვენთვის საყვარელი გასართობი საქმე; ნუ უგულებელყოფთ სტუმრობასა თუ ღონისძიებებზე დასწრებას; შექმენით სახლში მხიარული და სტუმრებისთვის მიმზიდველი გარემო; დაეხმარეთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს.
რელიგიური გარემო. უფრო და უფრო მეტი ფაქტი ცხადყოფს, რომ რელიგიურმა მოღვაწეობამ ხანდაზმულებს აგრძნობინა, რომ „ცხოვრება მნიშვნელოვანი და აზრით აღსავსეა“; დაეხმარა თავი „ბედნიერად“ ეგრძნოთ და დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ „საჭირონი არიან“, მათში გაზარდა „ცხოვრებით კმაყოფილების“ გრძნობა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ „საზოგადოებისთვის სასარგებლო წევრები არიან“. რატომ? ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „რელიგიური მრწამსი ხალხს აცნობს როგორც ცხოვრების ფილოსოფიას, ისე მთელ რიგ თეორიებს, ფასეულობებსა და მტკიცებებს, რაც მათ სამყაროს აღქმასა და გაგებაში ეხმარება“ (Later Life—The Realities of Aging). გარდა ამისა, რელიგიური მოღვაწეობა ხანდაზმულებს ხალხთან ურთიერთობის საშუალებას უქმნის და ამგვარად „სოციალური იზოლაციისა და მარტოობის შესაძლებლობას უმცირებს“.
ლუიზასა და ეველინს, რომლებიც 80 წლის ქვრივები და იეჰოვას მოწმეთა კრების წევრები არიან, ამ გამოკვლევებმა დაუდასტურეს ის, რაც ათეული წლების განმავლობაში იცოდნენ. „სამეფო დარბაზშიd სიამოვნებით ვსაუბრობთ როგორც ხანდაზმულებთან, ისე ახალგაზრდებთან, — ამბობს ლუიზა, — ამ შეხვედრებს საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს. პროგრამის დამთავრების შემდეგ ერთმანეთში ვხუმრობთ კიდეც. ეს ნამდვილი მხიარულების დროა“. ეველინისთვის რელიგიურ მოღვაწეობასაც მოაქვს სარგებლობა. „ჩემს მეზობლად მცხოვრებ ხალხთან ბიბლიის შესახებ სასაუბროდ სიარული განმარტოებისგან მიცავს, — ამბობს ის. — უფრო მეტიც, ეს საქმიანობა ბედნიერებას მანიჭებს. სხვებისთვის სიცოცხლის ნამდვილი აზრის გაგებაში დახმარების აღმოჩენა, კმაყოფილების მომგვრელია“.
ცხადია, ლუიზასა და ეველინის ცხოვრებას აზრი აქვს. ამის გამო ისინი თავს კარგად გრძნობენ, ეს კი, თავის მხრივ მეორე თარჯის — გარემო პირობების — სიმაღლეს ადაბლებს და მათ ეხმარება, სარბენ ბილიკზე დარჩნენ (შეადარეთ ფსალმუნი 91:14, 15).
იაფი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომია
მიმდინარე საუკუნეში მედიცინის წინსვლამ საგრძნობლად დაადაბლა მესამე თარჯის, სამედიცინო დახმარების, სიმაღლე, მაგრამ ეს დადაბლება მასშტაბური არ ყოფილა. ერთ-ერთი სამედიცინო წყაროს (The World Health Report 1998) თანახმად, რამდენიმე ღარიბ ქვეყანაში „1975—1995 წლებში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა“. ჯმო-ს გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ „ღარიბ ქვეყნებში დღეს 4-დან 3 ადამიანი 50 წელსაც ვერ აღწევს, რაც ნახევარი საუკუნის წინანდელი მსოფლიო მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელია“.
მიუხედავად ამისა, ღარიბ ქვეყნებში ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების მზარდი რაოდენობა ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გამოყენებით ადაბლებს ამ თარჯების სიმაღლეს. მაგალითისთვის ავიღოთ ტუბერკულოზის (ტბ) მკურნალობის ახალი მეთოდი.
მსოფლიო მასშტაბით ტბ უფრო მეტს ხოცავს, ვიდრე შიდს-ი, მალარია და ტროპიკული დაავადებები ერთად აღებული — ყოველდღიურად 8 000 ადამიანს. ტბ-ით დაავადებული ყოველი 100 პაციენტიდან 95 განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. დღეს ტუბერკულოზის აქტიური ფორმით დაახლოებით 20 მილიონია ავად, ხოლო დაახლოებით 30 მილიონი შეიძლება მომდევნო ათი წლის განმავლობაში დაიღუპოს; ეს ციფრი ბოლივიის, კამბოჯისა და მალავის მოსახლეობის რაოდენობას უდრის.
გასაკვირი არ არის, რომ ჯმო-მ 1997 წელს სიამოვნებით გამოაცხადა ტბ-ს მკურნალობის სტრატეგიის შემუშავების შესახებ, რომელიც საავადმყოფოში დაწოლის ან უახლესი სამედიცინო დანადგარების გარეშე ექვსი თვის განმავლობაში განკურნების საშუალებას იძლევა. ჯმო-ს ერთ-ერთ პუბლიკაციაში აღნიშნული იყო: „პირველად მოხდა ის, რომ მსოფლიოს მიეწოდა საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შეაჩერებდა ტბ-ს ეპიდემიას არა მარტო მდიდარ ქვეყნებში, არამედ მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებშიც კი“ (The TB Treatment Observer). ამ სტრატეგიას, რომელსაც ზოგმა ამ ათწლეულში „ჯანდაცვის სისტემის უდიდესი მიღწევა“ უწოდა, DOTS-ი ეწოდებაe.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიით მკურნალობა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ტბ-ის ტრადიციული მეთოდით, შედეგები იმედის მომცემია, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებთათვის. „ტბ-ს მკურნალობის არც ერთი მეთოდი არ არის ისე ეფექტური, როგორც ეს“, — ამბობს დ-რ არატა კოჩი, ჯმო-ს ტბ-ის საწინააღმდეგო გლობალური პროგრამის ხელმძღვანელი. „DOTS-ის პროცედურების შედეგად განკურნებულთა რიცხობრივი მაჩვენებელი უღარიბეს ქვეყნებშიც კი 95 პროცენტია“. 1997 წლის დასასრულისთვის DOTS-ის კურსი 89 ქვეყანაში დაინერგა. დღეისთვის ეს ციფრი 96-მდე გაიზარდა. ჯმო იმედოვნებს, რომ ამ მეთოდით ღარიბ ქვეყნებში მილიონობით ადამიანი ისარგებლებს და ამგვარად მათ საშუალება მიეცემათ, სიცოცხლის გზაზე მესამე თარჯის სიმაღლეც დაადაბლონ.
მავნე ჩვევების მოშორებით, საცხოვრებელი პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებით კაცობრიობამ მართლაც შეძლო სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებლის გაზრდა. იბადება კითხვა: შეძლებს თუ არა ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს სიცოცხლე ან საერთოდ არც კი გადალახოს ფინიშის ხაზი?
[სქოლიოები]
a თუმცა გამოთქმებს „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ და „სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი“ ხშირად ერთი და იმავე მნიშვნელობით იყენებენ, მათ შორის განსხვავება მაინც არსებობს. „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ მიუთითებს წლების იმ რაოდენობაზე, რამდენიც ადამიანმა შეიძლება იცოცხლოს, მაშინ როდესაც „სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი“ მიუთითებს წლების იმ რაოდენობაზე, რამდენსაც ადამიანები საშუალოდ სინამდვილეში ცოცხლობენ. ამგვარად, სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობას მისი ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე ადგენენ.
b მოხსენიებული მართვადი ფაქტორების გარდა, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს მემკვიდრეობით მიღებული გენეტიკური შედგენილობაც, რომლის შეცვლა შეუძლებელია. ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
c ოჯახური პირობების გარკვეულწილად გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სტატიები „ექვსი საშუალება, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ“ და „რაზეა დამოკიდებული თქვენი ჯანმრთელობა? რის გაკეთება შეგიძლიათ მის გასაუმჯობესებლად?“ ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ 1997 წლის 22 ნოემბრისა [რუს.] და 1995 წლის 8 აპრილის [რუს.] ნომრებში.
d ადგილს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ყოველკვირეული შეხვედრებისთვის იყენებენ, სამეფო დარბაზი ეწოდება, სადაც არ ხდება ფულის შეგროვება; შეხვედრებზე დასწრება ყველას შეუძლია.
e DOTS-ი არის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის მოკლევადიანი კურსი. ამ სტრატეგიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ 1999 წლის 8 ივნისის ნომერში იხილეთ სტატია „ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი მეთოდი“.
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
რამდენ ხანს ვივარჯიშოთ და რომელი ვარჯიშები შევარჩიოთ?
„კარგი იქნებოდა ყოველდღიურად ნახევარი საათის განმავლობაში მიზნად დაგესახა არც ისე სწრაფი მოძრაობების გაკეთება“, — აღნიშნავს გერონტოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი (გსი). მაგრამ არ არის აუცილებელი, დღეში მხოლოდ ერთხელ, ნახევარი საათის განმავლობაში, ივარჯიშოთ. მოკლე, 10-წუთიანი ვარჯიშების სამჯერ გაკეთებას იგივე ეფექტი აქვს, რაც ერთბაშად — ნახევარსაათიანს. რომელი ვარჯიშების გაკეთება შეგიძლიათ? გსი-ის ბროშურა გირჩევთ: „შეიტანეთ მცირეოდენი ცვლილებები თქვენს მოძრაობებში, მაგალითად, ლიფტის ნაცვლად, კიბეებით ადით; ან სადმე მანქანით წასვლის ნაცვლად ფეხით გაისეირნეთ; ყოველივე ეს თქვენს ყოველდღიურ ნახევარსაათიან ვარჯიშებს დაემატება. ფოთლების მოგროვება, ბავშვებთან აქტიურად თამაში, ბოსტანში ფუსფუსი და სხვა საოჯახო საქმეების შესრულებაც კი ისეთნაირად შეიძლება, რომ ეს თქვენს ყოველდღიურ ვარჯიშის ნორმას შეემატოს“ (Don’t Take It Easy: Exercise!). რა თქმა უნდა, გონივრული იქნებოდა ვარჯიშის დაწყებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენს ექიმთან გესაუბრათ.
[სურათი]
ზომიერი ფიზიკური აქტიურობა ხანდაზმულებს ძალისა და ენერგიულობის აღდგენაში დაეხმარება.
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
სხარტი გონების შენარჩუნება
მეცნიერული გამოკლვევის შედეგად, რომელიც ათასობით ხანდაზმულზეც ჩატარდა, აღმოაჩინეს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც სხარტი გონების შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათში შედის: „ხშირი კითხვა, მოგზაურობა, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელიმე კლუბში ან პროფესიულ კავშირში გაერთიანება“. „რაც შეიძლება მრავალფეროვანი საქმეები აკეთეთ“; „სამსახურს თავს ნუ დაანებებთ; პენსიაზე არ გახვიდეთ“; „გამორთეთ ტელევიზორი“; „ისწავლეთ რამე“. ფიქრობენ, რომ ასეთი მოღვაწეობა არა მარტო გულს ახარებს, არამედ ტვინში ახალ სინაფსებსაც წარმოშობს.
[სურათი]
გონების გავარჯიშება სხარტი აზროვნების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
ჯანმრთელობა ხანდაზმულობის ასაკში
შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების განყოფილებასთან არსებული გერონტოლოგიის ეროვნული ინტსტიტუტი აცხადებს, რომ „ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხანგრძლივად ცხოვრების შესაძლებლობა უმჯობესდება“, თუ გავითვალისწინებთ გონივრულ რჩევებს, მაგალითად:
● კვების რაციონი მრავალფეროვანი გახადეთ; ჩართეთ მასში ხილი და ბოსტნეული.
● თუ ალკოჰოლურ სასმელებს სვამთ, ზომაზე მეტს ნუ დალევთ.
● ნუ მოსწევთ. თუ ეწევით მიტოვება არასოდეს არის გვიან.
● რეგულარულად ივარჯიშეთ. ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად მიიღეთ ექიმისგან კონსულტაცია.
● ნუ გაწყვეტთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობას.
● შეინარჩუნეთ აქტიური ცხოვრების წესი — იმუშავეთ, ითამაშეთ და მონაწილეობა მიიღეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
● შეინარჩუნეთ ცხოვრებაზე დადებითი თვალსაზრისი.
● აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ.
● რეგულარულად გაიარეთ სამედიცინო შემოწმება.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
ახალი თვალსაზრისი ტვინის უჯრედებთან დაკავშირებით
„ადრე ვფიქრობდით, ჩვენ ყოველდღიურად ტვინის ნებისმიერ ნაწილში ვკარგავთ ტვინის უჯრედებს, — ამბობს ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის მეცნიერებათა პროფესორი, დ-რ მერილინ ალბერტი. — მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. მართალია, ასაკში შესვლასთან ერთად გარკვეული რაოდენობით ვკარგავთ ნეირონებს, მაგრამ ძალიან ბევრს არა, და ისიც ტვინის კონკრეტულად განსაზღვრულ უბნებში“. უფრო მეტიც, უახლესმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ თუ ადრე კარგა ხნის მანძილზე დარწმუნებული იყვნენ, რომ ტვინის უჯრედები არ განახლდებოდა ან თუ განახლდებოდა „ძალიან მცირე რაოდენობით“, — აღნიშნულია ერთ-ერთი სამეცნიერო ჟურნალის 1998 წლის ნოემბრის ნომერში, — ახლა ნევროლოგები ამბობენ, რომ აქვთ მთელი რიგი მტკიცებები იმისა, რომ ხანდაზმულ ადამიანებშიც კი „ასობით ახალი ნეირონი წარმოიქმნება“ (Scientific American).
[ჩარჩო 11 გვერდზე]
ხანდაზმული და უფრო ჭკვიანი?
«განა მოხუცებშია [„მოხუცებში არ არის“, აქ] სიბრძნე და დღეგრძელებში ჭკუა?» — კითხვას სვამს ბიბლია (იობი 12:12). რა პასუხს გასცემდით ამ კითხვაზე? სწავლულებმა გამოიკვლიეს, რამდენად აქვთ ხანდაზმულებს ისეთი უნარი, როგორიც არის: „გამჭრიახობა, საღი აზროვნება, შორსმჭვრეტელობა, მდგომარეობის აწონ-დაწონა და პრობლემის გონივრული გადაჭრის მეთოდის შემუშავება“. „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტის“ თანახმად, გამოკვლევებმა ცხადყო შემდეგი ფაქტი: „ხანდაზმულები საკმაოდ ჩრდილავენ ახალგაზრდებს სიბრძნითა და აზრიანი, პრაქტიკული რჩევებით“. გამოკვლევებმა ისიც აჩვენა, რომ „თუმცა ხანდაზმულები ახალგაზრდებთან შედარებით გადაწყვეტილების მიღებას მეტ დროს ანდომებენ, ჩვეულებრივ, მხცოვანთა გადაწყვეტილება უფრო უკეთესია ხოლმე“. ამგვარად, როგორც ბიბლიის წიგნი „იობი“ გვიჩვენებს, ასაკში შესვლას სიბრძნე მოაქვს.
[სურათი 5 გვერდზე]
ადამიანის სიცოცხლე თარჯრბენის მსგავსია.
[სურათები 9 გვერდზე]
„სხვებისთვის სასიამოვნო გახადეთ თქვენთან ყოფნა“, — გვირჩევს ერთი ქვრივი.
[სურათები 10 გვერდზე]
„სხვებისთვის სიცოცხლის ნამდვილი აზრის გაგებაში დახმარების აღმოჩენა, კმაყოფილების მომგვრელი საქმეა“ (ეველინი).
[სურათები 10 გვერდზე]
„სამეფო დარბაზში სიამოვნებით ვსაუბრობთ როგორც ხანდაზმულებთან, ისე ახალგაზრდებთან“ (ლუიზა).