საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „გამოსვლა“
  • გამოსვლა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამოსვლა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის წიგნი 2 — გამოსვლა
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • ეგვიპტე, ეგვიპტელი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ეგვიპტიდან გამოსვლა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „გამოსვლა“

ᲒᲐᲛᲝᲡᲕᲚᲐ

ისრაელი ერის განთავისუფლება ეგვიპტის მონობიდან. იეჰოვა დაჰპირდა აბრაამს, რომ მისი შთამომავლები დაიმკვიდრებდნენ აღთქმულ მიწას, და უთხრა (ძვ. წ. 1933 წლამდე): „შენი შთამომავლობა სხვების მიწას შეეხიზნება; დაიმონებენ მათ და 400 წელი დაჩაგრავენ. მაგრამ მე გავასამართლებ იმ ერს, რომელიც დაიმონებს მათ, და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან დიდძალი ქონებით... შენი შთამომავლობა – მეოთხე თაობა – დაბრუნდება, რადგან ამორეველთა დანაშაული ჯერ არ გასცდენია ზღვარს“ (დბ. 15:13–16).

იეჰოვას სიტყვებიდან გამოაშკარავდა, რომ ჩაგვრის ეს 400-წლიანი პერიოდი მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც აღთქმული შთამომავალი დაიბადებოდა. მართალია, აბრაამს მოუწია ეგვიპტეში ყოფნა იმ დროს, როდესაც ქანაანში შიმშილობა მძვინვარებდა, და გარკვეულწილად სირთულეებიც შეექმნა ფარაონის მხრიდან, მაგრამ იმ პერიოდში მას შვილი არ ჰყავდა (დბ. 12:10–20). დიდი დრო არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ღმერთმა უთხრა აბრაამს 400-წლიანი ჩაგვრის შესახებ, როცა 86 წლის აბრაამს (ძვ. წ. 1932 წელს) ეგვიპტელი მონისგან, აგარისგან, ვაჟი ისმაელი შეეძინა. თუმცა 14 წლის შემდეგ (ძვ. წ. 1918) აბრაამს თავისმა ცოლმა, სარამ, გაუჩინა ვაჟი ისაკი. ღვთის განზრახვით, სწორედ ისაკისგან უნდა წარმოშობილიყო აღთქმული შთამომავლობა. მიუხედავად ამისა, ჯერ არ იყო დრო მოსული იმისთვის, რომ ღვთის დაპირებისამებრ აბრაამსა და მის შთამომავლობას დაემკვიდრებინათ ქანაანის მიწა, ამიტომ ისინი „ხიზნები და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში“ (დბ. 16:15, 16; 21:2–5; ებ. 11:13).

გამოსვლის თარიღი. როდის დაიწყო 400-წლიანი ჩაგვრა და როდის დასრულდა? იუდეველთა ტრადიციის თანახმად, ათვლა ისაკის დაბადებიდან უნდა იწყებოდეს. თუმცა, სინამდვილეში, ჩაგვრის პირველი გამოვლინება მაშინ მოხდა, როცა ისაკი ძუძუს მოწყვიტეს. ათვლის წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ძვ. წ. 1913 წელი, როცა ისაკი დაახლოებით 5 წლის იყო, ისმაელი კი – დაახლოებით 19-ის. სწორედ მაშინ დაიწყო „ხორცით შობილმა“ ისმაელმა „სულით შობილის“ დევნა (გლ. 4:29). შურითა და სიძულვილით აღვსილმა ისმაელმა, რომელიც სანახევროდ ეგვიპტელი იყო, ისაკს დაცინვა დაუწყო, რაც მხოლოდ ბავშვური წაკინკლავება არ ყოფილა (დბ. 21:9). აბრაამის შთამომავლობის ჩაგვრა გრძელდებოდა ისაკის მთელი ცხოვრების განმავლობაში. მართალია, იეჰოვამ აკურთხა ზრდასრული ისაკი, თუმცა ქანაანის მოსახლეობა მას მუდმივად ავიწროებდა და იძულებულს ხდიდა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასულიყო (დბ. 26:19–24, 27). საბოლოოდ, ისაკის ვაჟის, იაკობის, სიცოცხლის ბოლო წლებში აბრაამის შთამომავლები ეგვიპტეში გადასახლდნენ, სადაც დროთა განმავლობაში მონობაში აღმოჩნდნენ.

როგორ შეგვიძლია ბიბლიის მეშვეობით დავადგინოთ ისრაელი ერის ეგვიპტიდან გამოსვლის თარიღი?

მაშასადამე, ჩაგვრის 400-წლიანი პერიოდი დაიწყო ძვ. წ. 1913 წელს და გაგრძელდა ძვ. წ. 1513 წლამდე. ქანაანელთათვის, რომელთა ძირითად ტომს ამორეველები შეადგენდნენ, ეს პერიოდი იყო ღვთის გულმოწყალების დრო, რადგან ღმერთი ჯერ კიდევ ავლენდა მოთმინებას მათ მიმართ. 400-წლიანი პერიოდის დასასრულს ამორეველთა დანაშაული უკიდურეს ზღვარს მიაღწევდა, რის გამოც ისინი დაიმსახურებდნენ იმ მიწიდან აყრას და სრულ განდევნას. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, ღმერთს ჯერ ეგვიპტის მონობაში მყოფი თავისი ხალხისთვის უნდა მიექცია ყურადღება. მას უნდა გაეთავისუფლებინა აბრაამის შთამომავლები და აღთქმულ მიწაზე დასაბრუნებელ გზაზე დაეყენებინა (დბ. 15:13–16).

430-წლიანი პერიოდი. გამოსვლის თარიღის ათვლა შეიძლება იმ სიტყვებიდანაც, რომლებიც ჩაწერილია გამოსვლის 12:40, 41-ში: „ისრაელების ხიზნობის დრო, რომლებიც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, 430 წელი იყო. იეჰოვას მრავალრიცხოვანი ხალხი 430 წლის ბოლოს, სწორედ იმ დღეს, გამოვიდა ეგვიპტიდან“. ებრაულ ტექსტში გამოსვლის 12:40 შემდეგნაირად ჟღერს: „ისრაელების ხიზნობის დრო, რომლებიც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, 430 წელი იყო“. ახალი ქვეყნიერების თარგმანში – სქოლიოებით“ (ინგლ.) გამოსვლის 12:40-თან გაკეთებულია სქოლიო, სადაც განმარტებულია, რომ ფრაზაში – „რომლებიც ცხოვრობდნენ“ – გამოყენებული ზმნა ებრაულ ტექსტში მრავლობით რიცხვშია; ხოლო მიმართებითი ნაცვალსახელი აშერ [რომლებიც] უფრო „ისრაელის ძეების“ მიმართ გამოიყენება, ვიდრე „ხიზნობის“ მიმართ. ბერძნულ სეპტუაგინტაში ეს მუხლი შემდეგნაირად არის გადმოტანილი: „ისრაელის ძეების მკვიდრობის დრო, რომლებიც ცხოვრობდნენ ეგვიპტის მიწაზე და ქანაანის მიწაზე, [იყო] ოთხას ოცდაათი წელი“. სამარიულ ხუთწიგნეულში ვკითხულობთ: „ … ქანაანის მიწაზე და ეგვიპტის მიწაზე“. ყველა ამ თარგმანიდან ჩანს, რომ 430-წლიანი პერიოდი მოიცავს იმაზე მეტ დროს, ვიდრე ისრაელების ეგვიპტეში ხიზნობის პერიოდი იყო.

პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ ეს 430-წლიანი პერიოდი (გმ. 12:40) დაიწყო მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა აბრაამთან დადებული ღვთის შეთანხმება, და დასრულდა ეგვიპტიდან გამოსვლით. პავლე ამბობს: „ამასაც ვიტყვი: ღვთის მიერ [აბრაამთან] დადებულ ამ შეთანხმებას ძალას ვერ უკარგავს 430 წლის შემდეგ [იმ წელს, როდესაც ისრაელები გამოვიდნენ ეგვიპტიდან] მიღებული კანონი და ვერ აუქმებს დანაპირებს ... მაგრამ ღმერთმა დანაპირების მეშვეობით უწყალობა ის აბრაამს“ (გლ. 3:16–18).

რა დრო გავიდა აბრაამთან დადებული შეთანხმების ძალაში შესვლიდან ეგვიპტიდან ისრაელების გამოსვლამდე? დაბადების 12:4, 5-დან ვიგებთ, რომ აბრაამი იყო 75 წლის, როდესაც დატოვა ხარანი და ქანაანისკენ მიმავალმა გადაკვეთა ევფრატი (ძვ. წ. 1943). ამ დროს შევიდა ძალაში შეთანხმება, რომელიც ღმერთმა აბრაამს ქალდეველთა ქალაქ ურში დაუდო. დაბადების 12:4, 21:5 და 25:26 მუხლებში მოცემული გენეალოგიური ცნობებისა და დაბადების 47:9-ში ჩაწერილი იაკობის სიტყვების თანახმად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აბრაამთან დადებული შეთანხმების ძალაში შესვლიდან 215 წელი გავიდა იმ დრომდე, როცა იაკობი ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გადასახლდა. გამოდის, რომ ისრაელებმა ეგვიპტეში სინამდვილეში 215 წელი დაჰყვეს (ძვ. წ. 1728–1513). ეს რიცხვი სხვა ქრონოლოგიურ მონაცემებსაც ეთანხმება.

გამოსვლიდან ტაძრის მშენებლობამდე. ზემოაღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება და ასაბუთებს სხვა ორი ქრონოლოგიური მონაცემი. სოლომონმა დაიწყო ტაძრის მშენებლობა თავისი მეფობის მეოთხე წელს (ძვ. წ. 1034), და როგორც 1 მეფეების 6:1-ში ვკითხულობთ, ეს მოხდა „ეგვიპტიდან ისრაელების გამოსვლის 480-ე წელს“, ანუ ძვ. წ. 1513 წლიდან 480 წლის თავზე.

„დაახლოებით 450 წელი“. საქმეების 13:17–20-დან ვიგებთ, რომ პისიდიის ანტიოქიაში სიტყვით გამოსვლისას პავლემ მოიხსენია პერიოდი, რომელიც „დაახლოებით 450 წელი გაგრძელდა“. მისი მონათხრობი ისრაელის ისტორიის შესახებ იწყება იმ დროიდან, როდესაც ღმერთმა მათი „მამა-პაპა აირჩია“, ანუ იმ დროიდან, როდესაც ისაკი, აღთქმული შთამომავალი, დაიბადა (ძვ. წ. 1918) (სანამ სარა უშვილო იყო, უცნობი იყო, თუ ვინ იქნებოდა ღვთის მიერ აღთქმული შთამომავალი; ისაკის დაბადებით პასუხი გაეცა ამ კითხვას). ამის შემდეგ პავლე მოიხსენიებს ღვთის იმ საქმეებს, რომლებსაც ღმერთი თავისი რჩეული ერის სასარგებლოდ იქმოდა იმ დრომდე, როცა „დაუნიშნა მათ მსაჯულები ... სამუელ წინასწარმეტყველამდე“. მაშასადამე, პერიოდი, რომელიც „დაახლოებით 450 წელი გაგრძელდა“, როგორც ჩანს, დაიწყო ისაკის დაბადებით ძვ. წ. 1918 წელს და დასრულდა ძვ. წ. 1467 წელს, ანუ ეგვიპტის დატოვებიდან (ძვ. წ. 1513) 46 წლის შემდეგ (40 წელი ისრაელი უდაბნოში დახეტიალობდა, 6 წელი კი ქანაანის მიწის დაპყრობას მოანდომა) (კნ. 2:7; რც. 9:1; 13:1, 2, 6; იეს. 14:6, 7, 10). ეს ყველაფერი ეთანხმება მოციქულის მიერ ნახსენებ დამრგვალებულ რიცხვს – „დაახლოებით 450 წელს“. აქედან გამომდინარე, ეს ორივე ქრონოლოგიური მონაცემი ადასტურებს, რომ ისრაელის გამოსვლა ეგვიპტიდან მოხდა ძვ. წ. 1513 წელს, და ეთანხმება ისრაელის მეფეებთან და მსაჯულებთან დაკავშირებულ ბიბლიურ ქრონოლოგიას (იხ. ქრონოლოგია [ძვ. წ. 1943 წლიდან ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლამდე]).

სხვა შეხედულებები. ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ არასწორია ისრაელის ეგვიპტის მონობიდან გამოსვლის თარიღად ძვ. წ. 1513 წლის დასახელება, ხოლო 40 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენების – ქანაანში შეჭრისა და იერიხონის დაცემის – ძვ. წ. 1473 წლით დათარიღება. მათი აზრით, ეს მოვლენები გაცილებით გვიან – ძვ. წ. XIV ან შესაძლოა XIII საუკუნეშიც კი განვითარდა. თუმღაცა, აღსანიშნავია, რომ იმ არქეოლოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ იერიხონის დაცემა ძვ. წ. XIII საუკუნეში მოხდა, თავიანთი განაცხადის დასასაბუთებლად რომელიმე უძველესი ისტორიული დოკუმენტი ან მტკიცებულება კი არ მოჰყავთ, არამედ ისინი ეყრდნობიან აღმოჩენილ თიხის ფირფიტებს. მაგრამ თიხის ფირფიტების მიხედვით რაიმე მოვლენის დათარიღება ძალიან სათუოა, რაც იერიხონში ჩატარებული კვლევებითაც დასტურდება. ამ ქალაქში აღმოჩენილი არტეფაქტების შესწავლისას არქეოლოგები განსხვავებულ დასკვნებს აკეთებენ და სხვადასხვა თარიღს ასახელებენ (იხ. არქეოლოგია [განსხვავებები დათარიღებაში]; ქრონოლოგია [არქეოლოგიური დათარიღება]).

იმავეს თქმა შეიძლება ეგვიპტოლოგების შემთხვევაშიც. მათ მიერ მოხსენიებული თარიღები ეგვიპტის ფარაონების ამა თუ იმ დინასტიის მმართველობის შესახებ ერთიმეორისგან განსხვავებულია, რის გამოც შეუძლებელია მათ მიერ დასახელებული თარიღების მიკუთვნება რომელიმე კონკრეტულ პერიოდთან. სწორედ ამ მიზეზის გამო შეუძლებელია დარწმუნებით იმის თქმა, თუ რომელი ფარაონის დროს გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან. ზოგი ამბობს, რომ ეს მოხდა თუტმოს III-ის დროს, ზოგი ამენჰოტეპ II-ის დროს ასახელებს, ზოგი კი – რამსეს II-ის მმართველობის პერიოდს, და ასე შემდეგ. არც ერთ ამ განაცხადს არ გააჩნია მყარი საფუძველი.

წიგნ „გამოსვლის“ უტყუარობა. ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის ფაქტს, თავიანთ მოსაზრებას იმით ამართლებენ, რომ ეგვიპტის არც ერთი ფარაონი არ მოიხსენიებს თავიანთ ჩანაწერებში ისრაელის გამოსვლას. მაგრამ ამაში არაფერია გასაკვირი. უფრო გვიანდელ პერიოდებშიც კი ქვეყნების მმართველებს ერჩივნათ, რომ მატიანეს მხოლოდ მათი გამარჯვებები შემორჩენოდა და არა მარცხი. ამიტომ ისინი ხშირად ცდილობდნენ, რომ ამოეშალათ ნებისმიერი ისტორიული ფაქტი, რომელიც რეპუტაციას ულახავდა პირადად მათ ან მათ ქვეყანას, ან რომელიც ეწინააღმდეგებოდა იმ იდეოლოგიას, რომლის ჩანერგვასაც ცდილობდნენ თავიანთ ხალხში. თანამედროვე დროშიც კი მმართველები ცდილობენ თავიანთი წინამორბედების რეპუტაციის შელახვას და მათი მიღწევების გაუფასურებას. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ეგვიპტელები მაშინვე შლიდნენ ნებისმიერ ჩანაწერს, რაც მათთვის საჩოთირო და არასასიამოვნო ფაქტებზე მიუთითებდა?! ამის მაგალითია ის, თუ როგორ ამოშალა თუტმოს III-მ თავისი წინამორბედის, დედოფალ ჰატშეფსუტის სახელი და გამოსახულება ქვის კედლიდან, რომელიც აღმოჩენილი იყო დაირ-ელ-ბაჰრიში (ეგვიპტე) (იხ. Archaeology and Bible History, ჯ. ფ. ფრი, 1964, გვ. 98; აგრეთვე ფოტო 94 გვერდზე).

დაახლოებით ძვ. წ. 280 წელს ეგვიპტელმა ქურუმმა, მანეთონმა, რომელსაც აშკარად სძულდა იუდეველები, ბერძნულ ენაზე შეადგინა ეგვიპტის ისტორია. მისი ნაშრომიდან ციტირებას ახდენს იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. როგორც ფლავიუსი ამბობს, მანეთონი ამბობდა, რომ იუდეველთა წინაპრები „დიდი რაოდენობით შევიდნენ ეგვიპტეში და დაიპყრეს მისი მოსახლეობა“, შემდეგ ფლავიუსის თქმით, მანეთონი „აღიარებს, რომ მოგვიანებით [იუდეველები] გამოყვანილ იქნენ იმ ქვეყნიდან, დასახლდნენ იმ ადგილას, რომელსაც ახლა ეწოდება იუდეა, სადაც დააფუძნეს იერუსალიმი და ააგეს ტაძარი“ („აპიონის წინააღმდეგ“, I, 26).

მართალია, მანეთონის ჩანაწერები ისტორიულ დოკუმენტს არ წარმოადგენს, მაგრამ საგულისხმოა ის, რომ მანეთონი მოიხსენიებს იუდეველების ეგვიპტეში ყოფნას და მათ გამოსვლას. როგორც იოსებ ფლავიუსი იტყობინება, მანეთონი მოსეს აიგივებს ოსარსიფთან, ეგვიპტელ ქურუმთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იუდეველები ცხოვრობდნენ ეგვიპტეში და რომ მოსე მათი წინამძღოლი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტური წყაროები არაფერს ამბობს ზემოხსენებული ფაქტის თაობაზე. იოსებ ფლავიუსი მოიხსენიებს კიდევ ერთ ეგვიპტელ ისტორიკოსს, ქერემონს, რომელიც ამბობს, რომ იოსები და მოსე ერთდროულად გამოვიდნენ ეგვიპტიდან. ფლავიუსი აგრეთვე მოიხსენიებს ვინმე ლისიმაქეს, რომელიც მსგავს ამბავს გადმოსცემს („აპიონის წინააღმდეგ“, I. 26, 32–34).

ეგვიპტიდან გამოსული ხალხის რაოდენობა. გამოსვლის 12:37-ში ნათქვამია, რომ ეგვიპტიდან „ბავშვების გარდა, დაახლოებით 600 000 მამაკაცი“ გამოვიდა. ამ მოვლენიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოხდა მოსახლეობის აღრიცხვა, რის შესახებაც ვკითხულობთ რიცხვების 1:2, 3, 45, 46-ში. სულ აღირიცხა 603 550 კაცი, რომელთა ასაკიც 20 წლიდან ზევით იყო; ამ რიცხვში არ შედიოდნენ ლევიანები (რც. 2:32, 33). „ლევიანთა რაოდენობა, ყველა მამრისა ერთი თვიდან ზევით … 22 000 იყო“ (რც. 3:39). ებრაული სიტყვა გევარიმ (მამაკაცები) ქალებთან მიმართებით არ გამოიყენება (შდრ. იერ. 30:6). ბავშვებად გადმოტანილი ებრაული სიტყვა ტაფ მიუთითებს ისეთი ასაკის ბავშვებზე, რომლებსაც ფეხი ახალი ადგმული აქვთ. გამოსვლისას ასეთი ბავშვების უმეტესობა ისრაელებს ხელში აყვანილი ეყოლებოდათ ან დროდადრო აიყვანდნენ ხოლმე.

„მეოთხე თაობა“. იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ მისი შთამომავლების მეოთხე თაობა დაბრუნდებოდა ქანაანში (დბ. 15:16). იმ 430 წლის განმავლობაში, რომელიც მოიცავს პერიოდს აბრაამთან დადებული შეთანხმების ძალაში შესვლიდან იუდეველების ეგვიპტიდან გამოსვლის დღემდე, ოთხზე მეტი თაობა შეიცვალა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც ბიბლია ამბობს, იმ პერიოდში ხალხი საკმაოდ დიდხანს ცოცხლობდა. სინამდვილეში, ეგვიპტეში ისრაელებმა მხოლოდ 215 წელი დაჰყვეს. თუ ათვლას დავიწყებთ ეგვიპტეში ჩასვლის დღიდან მათ გამოსვლამდე, ზუსტად ოთხ თაობას მივიღებთ. ამის დანახვა შეგვიძლია ლევის ტომის მაგალითიდან: 1) ლევი, 2) კეჰათი, 3) ამრამი და 4) მოსე (გმ. 6:16, 18, 20).

თუ ეგვიპტიდან გამოსული მამაკაცების რაოდენობა იყო 600 000 ქალებისა და ბავშვების გარდა, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქიდან გამოსულთა საერთო რიცხვი სამ მილიონს აღემატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ამ რიცხვს გაზვიადებულად მიიჩნევს, ამაში გადაჭარბებული არაფერია. მართალია, ლევიდან მოსემდე მხოლოდ ოთხი თაობა იყო, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იმ დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ დიდი იყო, თითოეული მამაკაცი შეიძლებოდა თავისი შთამომავლების რამდენიმე თაობას მოსწრებოდა. დღესაც კი ზოგ 60 ან 70 წლის კაცს ჰყავს შვილიშვილები და შვილთაშვილებიც კი (ასე რომ, ოთხი თაობა ერთდროულად ცხოვრობს).

საოცარი ზრდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გამრავლდნენ ისრაელები; იზრდებოდნენ რიცხობრივად და ძლიერდებოდნენ. აავსეს ის ქვეყანა“ (გმ. 1:7). ფაქტობრივად, ისრაელები ისე გამრავლდნენ, რომ ეგვიპტის ფარაონმა თქვა: „ხედავთ?! ისრაელი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია“. „თუმცა, რაც უფრო ჩაგრავდნენ ისრაელებს, მით უფრო მრავლდებოდნენ ისინი და მეტ მიწას იკავებდნენ. ეგვიპტელებს ძალიან ეშინოდათ ისრაელების“ (გმ. 1:9, 12). თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტსაც, რომ იმ დროს მამაკაცს შეიძლებოდა ჰყოლოდა რამდენიმე ცოლი და ხარჭა და ზოგ ისრაელს ეგვიპტელი ქალიც მოჰყავდა ცოლად, გასაგებია, რატომ გაიზარდა ისრაელი მამაკაცების რაოდენობა 600 000-მდე.

იაკობის მთელი სახლეულობა, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა ან იქ მალევე დაიბადა, შეადგენდა 70 სულს (დბ. 46-ე თავი). თუ გამოვრიცხავთ თავად იაკობს, მის 12 ვაჟს, ქალიშვილ დინას, შვილიშვილ სერას, ლევის სამ ვაჟს და სავარაუდოდ სხვებსაც იმ მამამთავრებიდან, რომლებიც ეგვიპტეში გამრავლდნენ, 70-დან 50-ღა დაგვრჩება (ლევის ვაჟები უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ლევიანები არ შევიდნენ მოგვიანებით აღრიცხულ 603 550 კაცში). მაშასადამე, დავუშვათ, ისრაელებს მხოლოდ 50 მამამთავარი ჰყავდათ და ამასთანავე მხედველობაში მივიღოთ ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები: „გამრავლდნენ ისრაელები; იზრდებოდნენ რიცხობრივად და ძლიერდებოდნენ. აავსეს ის ქვეყანა“ (გმ. 1:7). ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენი აღარ არის, როგორ გაიზარდა ეგვიპტიდან გამოსვლის დროისთვის ბრძოლისუნარიანი (20-დან 50 წლამდე ასაკის) ისრაელი მამაკაცების რიცხვი 600 000-მდე. გასათვალისწინებელია შემდეგიც:

მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ჩვეულებრივ, ისრაელებს დიდი ოჯახები ჰყავდათ, რადგან შვილების გაჩენით ხელს უწყობდნენ ღვთის განზრახვის შესრულებას. არაგონივრული არ იქნება, თუ ვიანგარიშებთ, რომ 20-დან 40 წლამდე ასაკის პერიოდში ყველა ოჯახისთავს საშუალოდ ათი შვილი ჰყავდა (აქედან დაახლოებით ნახევარი ვაჟები იქნებოდნენ). ციფრები რომ არ გავაზვიადოთ, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეგვიპტეში ჩასულ 50 მამამთავარს მხოლოდ 25 წლის შემდეგ ეყოლათ შვილები. გარდა ამისა, შესაძლოა გაჩენილი ბიჭებიდან ზოგი მომკვდარიყო ან ისეთი რამ დამართნოდათ, რომ შვილიერების უნარი დაეკარგათ. ისიც შესაძლებელი იყო, რომ ზოგ მამაკაცს არც 40 წლამდე ჰყოლოდა შვილები. აქედან გამომდინარე, დაბადებული ბიჭების რიცხვი, რომლებიც მომავალში მამები გახდებოდნენ, შეგვიძლია 20 პროცენტით შევამციროთ. გამოდის, რომ 20 წლის განმავლობაში დაბადებული 250 ვაჟიდან, რომლებიც 50 მამამთავარს შეეძინა, მხოლოდ 200 გახდებოდა მამა.

ფარაონის ბრძანება. მხედველობაში მისაღებია კიდევ ერთი ფაქტორი — ფარაონის ბრძანება, მოეკლათ ყველა ახალშობილი ბიჭი. როგორც ჩანს, ეს ბრძანება უშედეგო აღმოჩნდა და მალე დაკარგა ძალა. აარონი მოსეს დაბადებამდე დაახლოებით სამი წლით ადრე დაიბადა (ძვ. წ. 1597) და იმ დროს, როგორც ჩანს, ეს ბრძანება ჯერ არ იყო გამოცემული. თავად ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ფარაონის ბრძანებას არ მოჰყვა ისეთი შედეგი, როგორსაც ელოდა. ებრაელი ქალები შიფრა და ფუა, რომლებიც სავარაუდოდ მთავარი ბებიაქალები იყვნენ, არ ემორჩილებოდნენ მეფის ბრძანებას. როგორც ჩანს, ისინი არც თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფ სხვა ბებიაქალებს უბრძანებდნენ, დაეხოცათ ახალდაბადებული ბიჭები. შედეგი ასეთი იყო: „ისრაელები რიცხობრივად იზრდებოდნენ და ძლიერდებოდნენ“. ამის შემდეგ ფარაონმა თავის ხალხს უბრძანა, რომ ყველა ახალდაბადებული ებრაელი ბიჭი მდინარე ნილოსში გადაეგდოთ (გმ. 1:15–22). თუმცა, როგორც ჩანს, ეგვიპტელებს არ სძულდათ ებრაელები იმ დონემდე, რომ მათი შვილები სასიკვდილოდ გაემეტებინათ. თვით ფარაონის ქალიშვილმაც კი გადაარჩინა მოსე სიკვდილს. შესაძლოა ფარაონიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუ მისი ბრძანება დიდხანს დარჩებოდა ძალაში, მონებს დაკარგავდა. როგორც ვიცით, შემდგომი ფარაონი, რომელიც ისრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის პერიოდში მართავდა ეგვიპტეს, უარს ამბობდა მათ გაშვებაზე იმ მიზეზით, რომ იუდეველი მონების გათავისუფლებით მუქთა მუშახელს დაკარგავდა.

და მაინც, ციფრები რომ არ გავაზვიადოთ და მხედველობაში მივიღოთ ფარაონის ბრძანების შესაძლო შედეგი, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ხუთ წელიწადში დაბადებული ბიჭებიდან ცოცხლად დარჩენილთა საშუალო რაოდენობა ორ მესამედს შეადგენდა.

გამოთვლა. ყველა ზემოთქმული ფაქტორიც რომ გავითვალისწინოთ, ისრაელების რიცხვი მაინც ძალიან სწრაფად იზრდებოდა, რაც აშკარად ღვთის კურთხევაზე მეტყველებდა. ყოველ ხუთ წელიწადში დაბადებული ბიჭების რაოდენობა ძვ. წ. 1563 წლიდან (ანუ გამოსვლამდე 50 წლით ადრე) ძვ. წ. 1533 წლამდე (ანუ გამოსვლამდე 20 წლით ადრე) იქნებოდა შემდეგი:

INCREASE OF MALE POPULATION

B.C.E.

Sons Born

from 1563 to 1558

47,350

from 1558 to 1553

62,300

from 1553 to 1548

81,800

from 1548 to 1543

103,750

from 1543 to 1538

133,200

from 1538 to 1533

172,250

—

Total 600,650*

* Theoretical male population from the age of 20 to 50 years at time of Exodus (1513 B.C.E.)

აღსანიშნავია, რომ ჩვენს გამოთვლებში მცირედი ცვლილებაც რომ შევიტანოთ, მაგალითად ერთით გავზარდოთ დაბადებული ბიჭების რაოდენობა თითოეულ ოჯახში, მაშინ მილიონზე დიდ რიცხვს მივიღებთ.

რამდენი ადამიანი გამოვიდა მოსესთან ერთად ეგვიპტიდან?

ბიბლიაში მოხსენიებული 600 000 ძლიერი მამაკაცის გარდა, ეგვიპტიდან გამოსულთა შორის იყვნენ ხანში შესული კაცები, დიდი რაოდენობით ქალები და ბავშვები, ამასთანავე „უამრავი ჭრელი ხალხი“, ანუ არაისრაელები (გმ. 12:38). ამიტომ, სავსებით დასაშვებია, რომ ეგვიპტიდან სამ მილიონზე მეტი ადამიანი გამოსულიყო. გასაკვირი არ არის, რომ ფარაონს არ სურდა მათი გაშვება, რადგან ასეთი სახით ის დაკარგავდა ამდენ უფასო მუშახელს და დიდი ეკონომიკური ზარალი მიადგებოდა.

ბიბლიის შემდეგი სიტყვები ადასტურებს, რომ ისრაელებს შორის ბრძოლისუნარიანი მამაკაცების რიცხვი მართლაც შთამბეჭდავი იყო: „შეეშინდათ მოაბელებს ისრაელების, რადგან მრავალრიცხოვანნი იყვნენ; თავზარი დაეცათ“ (რც. 22:3). ცხადია, მოაბელების შიშს ერთი მხრივ განაპირობებდა ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ისრაელებისთვის სასწაულები მოახდინა, მეორე მხრივ კი მათი მრავალრიცხოვანება. მოაბელების შიში უსაფუძვლო იქნებოდა, თუ ისრაელ ერს მხოლოდ რამდენიმე ათასი მამაკაცი ეყოლებოდა. უდაბნოში ხეტიალის დროს ისრაელების რაოდენობა ძალიან მცირედით თუ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ორგულობის გამო დაიღუპა (რც. 26:2–4, 51).

გამოსვლიდან ცოტა ხანში ჩატარებული აღრიცხვისას ლევიანები ცალკე აღრიცხეს. მათი რიცხვი ერთი თვიდან ზევით შეადგენდა 22 000-ს (რც. 3:39). შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ იყო დანარჩენ 12 ტომს შორის „აღრიცხულ მამრ პირმშოთა რაოდენობა ერთი თვიდან ზევით [მხოლოდ] 22 273“? (რც. 3:43). ამის გაგებაში დაგვეხმარება იმის გათვალისწინება, რომ აღრიცხულთა შორის არ იყვნენ ოჯახის თავები; აგრეთვე ის, რომ მრავალცოლიანობის გამო მამაკაცს შეიძლება ბევრი ვაჟი ჰყოლოდა და მათგან პირმშო მხოლოდ ერთი იყო, და რომ პირმშოდ ითვლებოდა მამაკაცის პირველი ვაჟი და არა ქალის პირველი ვაჟი.

გამოსვლასთან დაკავშირებული სხვა ფაქტები. დადგა დანიშნული დრო, ღმერთს ეხსნა ისრაელი „რკინის საწრთობი ღუმლიდან, ეგვიპტიდან“, როგორც ეს აბრაამს დაჰპირდა. აბრაამისთვის მიცემული დაპირების საფუძველზე იეჰოვა ისრაელს თავის პირმშოდ თვლიდა. იაკობი ეგვიპტეში თავის სახლეულობასთან ერთად ნებაყოფლობით ჩავიდა, თუმცა მისი შთამომავლობა მოგვიანებით იქ მონობაში აღმოჩნდა. იეჰოვასთვის ძვირფასი იყო თავისი „პირმშო“, ისრაელი ერი, და ღმერთს კანონიერი უფლება ჰქონდა, ეხსნა ისინი ეგვიპტის მონობიდან ყოველგვარი ფასის გადახდის გარეშე (კნ. 4:20; 14:1, 2; გმ. 4:22; 19:5, 6).

იეჰოვას განზრახვის საპირისპიროდ, ფარაონს არ სურდა დამონებული ერის დაკარგვა. უფრო მეტიც, როდესაც მასთან მოსე მივიდა და იეჰოვას სახელით მოითხოვა, გაეშვა ისრაელები, რათა მათ უდაბნოში დღესასწაული გაემართათ, ფარაონმა მას მიუგო: „ვინ არის იეჰოვა, რომ დავემორჩილო და გავუშვა ისრაელი?! მე არც იეჰოვას ვიცნობ და არც ისრაელს გავუშვებ“ (გმ. 5:2). ფარაონი საკუთარ თავს ღმერთად მიიჩნევდა და იეჰოვას უფლებამოსილებას არ სცნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელებისგან უდავოდ არაერთხელ ექნებოდა გაგონილი ღვთის სახელი. იეჰოვას ხალხმა თავიდანვე იცოდა ღვთის სახელი; აბრაამი ღმერთს სახელით, იეჰოვათი, მიმართავდა (დბ. 2:4; 15:2).

ფარაონის დამოკიდებულებამ და საქმეებმა წამოჭრა კითხვა: ვინ იყო ღმერთი სინამდვილეში? შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ იეჰოვა ღმერთს ეჩვენებინა, რამდენად აღემატებოდა ეგვიპტის ღმერთებს, მათ შორის ფარაონს, რომელსაც ღმერთად მიიჩნევდნენ. იეჰოვა ასეც მოიქცა. მან ათი სასჯელი დაატეხა ეგვიპტეს, რასაც შედეგად ისრაელების გათავისუფლება მოჰყვა (იხ. ღმერთები და ქალღმერთები [ათი სასჯელი]). ბოლო სასჯელის დროს, როდესაც ეგვიპტელთა პირმშოები იხოცებოდნენ, იეჰოვას მითითებისამებრ ისრაელები მომზადებულნი იყვნენ საპასექო ვახშმისთვის და ეგვიპტის დასატოვებლად. მართალია, გამოსვლისას ისინი ჩქარობდნენ – თან ეგვიპტელებიც აჩქარებდნენ და ამბობდნენ, „ყველანი დავიხოცებითო“ – მაგრამ იქიდან ხელცარიელები არ წამოსულან (გმ. 12:33). მათ წაასხეს ცხვარ-ძროხა, ურიცხვი საქონელი. ვარცლებით წაიღეს უსაფუვრო ცომი. ამასთანავე, ეგვიპტელებისგან ითხოვეს ვერცხლისა და ოქროს ნივთები და მოსასხამები, რაზეც უარი არ მიუღიათ. ვერ ვიტყვით, რომ ისრაელებმა გაძარცვეს ეგვიპტელები, რადგან ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ მათი დამონების უფლება. ისინი ვალში იყვნენ ისრაელებთან და ვალდებულნი იყვნენ, ვალი გადაეხადათ (გმ. 12:34–38).

ისრაელებთან ერთად ეგვიპტიდან „უამრავი ჭრელი ხალხი“ გამოვიდა (გმ. 12:38). ესენი ყველანი იეჰოვას თაყვანისმცემლები იყვნენ. ეს იქიდან ჩანს, რომ ისინი მზად იყვნენ ისრაელებთან ერთად დაეტოვებინათ ეგვიპტე, მაშინ როცა სხვა ეგვიპტელები თავიანთ მკვდრებს მარხავდნენ. ისინიც იზეიმებდნენ პასექს, სხვაგვარად ოჯახის წევრების დატირება და დამარხვა მოუწევდათ. ზოგი მათგანი შესაძლოა ებრაელებთან იყო დამოყვრებული. ბევრ ისრაელ მამაკაცს ეგვიპტელი ცოლი ჰყავდა და ისრაელი ქალებიც იყვნენ გათხოვილები ეგვიპტელებზე. მაგალითად მამაკაცი, რომელიც უდაბნოში იეჰოვას სახელის შეურაცხყოფისთვის ჩაქოლეს, იყო „ებრაელი ქალისა და ეგვიპტელი კაცის ვაჟი“; დედამისი, სახელად შელომითი, დანისტომელი იყო (ლვ. 24:10, 11). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელები აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ, იეჰოვას მითითებისამებრ პასექის აღნიშვნასთან დაკავშირებით ერთი და იგივე მოთხოვნებს უნდა დაქვემდებარებოდნენ უცხოელებიც და მონებიც (გმ. 12:25, 43–49).

მარშრუტი. ეგვიპტის დატოვებისას ისრაელები ერთ ჯგუფად არ იქნებოდნენ შეკრებილნი, რადგან სხვადასხვა ადგილიდან დაიძვრებოდნენ. ძირითად მასას ისინი გზადაგზა შეუერთდებოდნენ. გამოსვლა დაიწყო რამსესიდან (ეს იყო ქალაქი ან მხარე). პირველად ისინი სუქოთში დაბანაკდნენ (გმ. 12:37). ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ როცა მოსემ რამსესიდან გამოიყვანა ხალხი, დანარჩენი ისრაელები გოშენის მიწის სხვა ადგილებიდან გამოვიდნენ და ერთმანეთს შეუერთდნენ სუქოთში (რუკა, ტ. 1, გვ. 536).

ისრაელებმა საჩქაროდ დატოვეს ეგვიპტე, რადგან აჩქარებდნენ ეგვიპტელები წასვლას; მიუხედავად ამისა, მათი გამოსვლა არ იყო ქაოსური. „ისრაელები ეგვიპტიდან რაზმებად გამოვიდნენ“. ეს შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ ისინი ჯარის მსგავსად იყვნენ ორგანიზებულნი, სადაც არის ავანგარდი, არიერგარდი, ძირითადი დანაყოფი და ორი ფლანგი. ისრაელებს წინ მარტო უნარიანი წინამძღოლი მოსე კი არ მიუძღოდა, არამედ თვით იეჰოვა. სულ მცირე, ეთამიდან მოყოლებული მათ იეჰოვა გზაზე ღრუბლის სვეტით მიუძღოდა, ღამით კი ეს სვეტი ცეცხლის სვეტად იქცეოდა და გზას უნათებდა (გმ. 13:18–22).

თუ მემფისის ჩრდ.-დან დაძრული ისრაელები უმოკლესი გზით წავიდოდნენ, ლაქიშამდე მისასვლელად, რომელიც აღთქმულ მიწაზე მდებარეობდა, მათ დაახლოებით 400 კმ-ის გავლა მოუწევდათ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევდათ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, შემდეგ კი ფილისტიმელთა მიწის საზღვრის გაყოლებაზე გავლა. ძველად მათ წინაპრებს, აბრაამსა და ისაკს, პრობლემები შეექმნათ ფილისტიმელებთან. იეჰოვამ იცოდა, რომ ისრაელები შეშინდებოდნენ, თუ ფილისტიმელები თავს დაესხმებოდნენ, რადგან არ ჰქონდათ ბრძოლის გამოცდილება და თან ოჯახები და ცხვარ-ძროხა მიჰყავდათ. ამიტომ იეჰოვამ მათ უბრძანა, მობრუნებულიყვნენ და დაბანაკებულიყვნენ „ფი-ჰახიროთთან მიგდოლსა და ზღვას შორის, საიდანაც ბაალ-ცეფონი“ მოჩანდა. ისინი მიჰყვნენ იეჰოვას მითითებას და ზღვასთან გაშალეს კარვები (გმ. 14:1, 2).

ზუსტად ვერ ვიტყვით, რა გზით იარეს ისრაელებმა რამსესიდან წითელ ზღვამდე, რადგან უცნობია, კონკრეტულად სად მდებარეობდა ბიბლიაში მოხსენიებული მათ მიერ განვლილი ადგილები. ბევრ ცნობარში ნათქვამია, რომ ისრაელებმა გადაკვეთეს ველი, რომელიც დღეს უადი-ტუმილათის სახელითაა ცნობილი (დელტის რეგიონი, ეგვიპტე). თუმცა ამ მოსაზრებას გამოთქვამენ იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ რამსესი მდებარეობდა დელტის რეგიონის ჩრდ.-აღმ. ნაწილში. მაგრამ საყურადღებოა ეგვიპტოლოგის, პროფესორ ჯონ უილსონის, მოსაზრება: „სამწუხაროდ, მკვლევრები ვერ მიდიან საერთო აზრამდე იმასთან დაკავშირებით, თუ სად მდებარეობდა ზუსტად რამსესი. ყველა ფარაონი, რომელსაც რამსესი ერქვა, ხშირად არქმევდა საკუთარ სახელს ქალაქებს. ამ მხრივ განსაკუთრებით რამსეს II გამოირჩეოდა. გარდა ამისა, რამსესი მოხსენიებულია დელტის რეგიონში შემავალ ისეთ ქალაქებში, რომლებსაც ვერანაირად ვერ გავაიგივებთ ბიბლიაში მოხსენიებულ რამსესთან“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 4, გვ. 9).

რამსესს აიგივებენ ხან ერთ ადგილთან, ხან მეორესთან. დღესდღეობით რამსესს ორ ადგილთან აიგივებენ. ესენია: ძველი ტანისი (თანამედროვე სან-ელ-ჰაგარი), რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაშენებულ ქალაქ პორტ-საიდიდან სამხრ.-დას.-ით 56 კმ-ში, და სამხრ.-ით დაახლოებით 20 კმ-ში მდებარე კანტირი. რაც შეეხება ტანისს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთ ეგვიპტურ ტექსტში ტანისი და (პერ-) რამსესი მოხსენიებულია, როგორც სხვადასხვა ადგილები. ყურადსაღებია ისიც, რომ ტანისში წარმოებული გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები იქ სხვა ადგილებიდან იყო ჩატანილი. ზემოხსენებული ჯ. უილსონი აღნიშნავს: „დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ნივთები, რომლებზეც სახელწოდება რამსესი გვხვდება, იქ იყო დამზადებული, სადაც ისინი იქნა აღმოჩენილი“. ტანისში და კანტირში აღმოჩენილ ნივთებზე გაკეთებული წარწერები, რომლებიც რამსეს II-ს უკავშირდებოდა, ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ ეს ადგილები როგორღაც ზემოხსენებულ ფარაონს უკავშირდება. თუმცა ეს აღმოჩენები არ ამტკიცებს იმას, რომ ამ ქალაქებიდან ერთ-ერთი სწორედ ის ბიბლიური რამსესია, რომელიც ჯერ კიდევ მოსეს დაბადებამდე ააშენეს ისრაელებმა როგორც სამარაგო ქალაქი (გმ. 1:11). როგორც სტატიიდან „რამსესი“ ვიგებთ, არ არსებობს მტკიცე საფუძველი იმის სათქმელად, რომ რამსეს II იყო ის ფარაონი, რომელიც ეგვიპტეს მართავდა ისრაელების გამოსვლისას.

დღეს ბევრი იზიარებს იმ აზრს, რომ ისრაელების მარშრუტში შედიოდა უადი-ტუმილათი, და რომ ისრაელებმა წითელი ზღვა კი არ გადაკვეთეს, არამედ ზღვის ჩრდ.-ით მდებარე რომელიღაც ადგილი. ზოგი მეცნიერი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ისრაელებმა გაიარეს სერბონის ტბის (ხმელთაშუა ზღვის ლაგუნა) ნაპირი. მათი აზრით, უადი-ტუმილათის გავლის შემდეგ ისრაელები ჩრდილოეთისკენ იბრუნებდნენ პირს და გაემართებოდნენ სანაპიროსკენ. ეს შეხედულება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ბიბლიას, რადგან მასში გარკვევით არის ნათქვამი, რომ ღმერთმა ისრაელები არ წაიყვანა ფილისტიმელთა მიწის გავლით (გმ. 13:17, 18). სხვა მკვლევრები, რომლებიც აგრეთვე ფიქრობენ, რომ ისრაელებმა უადი-ტუმილათის გავლით გაიარეს, მხარს უჭერენ იმ აზრს, რომ „ზღვა“, რომელიც მათ გადაკვეთეს, იყო ქალაქ სუეცის ჩრდ.-ით არსებული „მწარე ტბები“.

წითელი ზღვა და არა ლერწმით სავსე ზღვა. იმ მეცნიერთა შეხედულებები, რომლებიც მხარს უჭერენ „მწარე ტბების“ გადაკვეთის აზრს, მომდინარეობს იქიდან, რომ ებრაული ფრაზა იამ-სუფი („წითელი ზღვა“) სიტყვასიტყვით ნიშნავს „ლელქაშის ზღვას“ ან „ლერწმის ზღვას“. მათი მოსაზრებით, ისრაელებმა გადაკვეთეს არა წითელი ზღვის ყურე, რომელიც სუეცის ყურედ არის ცნობილი, არამედ ლერწმით სავსე ზღვა ანუ ისეთი დაჭაობებული ადგილი, როგორიც „მწარე ტბების“ რეგიონში გვხვდება. ამგვარად, ისინი წინააღმდეგობაში მოდიან სეპტუაგინტის მთარგმნელებთან, რომლებმაც ფრაზა იამ-სუფი გადმოიტანეს ბერძნული ფრაზით ერითრა თალასა, რაც სიტყვასიტყვით „წითელ ზღვას“ ნიშნავს. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ „საქმეების“ დამწერმა ლუკამაც (სტეფანეს სიტყვების დაწერისას) და მოციქულმა პავლემაც ერთი და იგივე ბერძნული სიტყვა გამოიყენეს წიგნ „გამოსვლაში“ აღწერილი მოვლენების გადმოცემისას (სქ. 7:36; ებ. 11:29; იხ. წითელი ზღვა).

გარდა ამისა, თუ ისრაელები ჩვეულებრივ ჭაობს გადაკვეთდნენ, ეს დიდი სასწაული ნამდვილად ვერ იქნებოდა; ვერც იმას ვიტყოდით, რომ ეგვიპტელები „წყალში შთაინთქნენ“, „აზვირთებულმა წყალმა დაფარა“ და რომ „ქვასავით ჩაეშვნენ სიღრმეში“ (ებ. 11:29; გმ. 15:5). ეს გასაოცარი სასწაული მოგვიანებით მხოლოდ მოსემ და იესო ნავეს ძემ კი არ მოიხსენიეს, არამედ მოციქულმა პავლემაც, რომელმაც თქვა, რომ ისრაელები „მოინათლნენ ღრუბლითა და ზღვით, როცა მოსე მიუძღოდა მათ“. ეს კი იმას უსვამს ხაზს, რომ ისრაელების გარშემო სულ წყალი იყო, მათ ორივე მხარეს ზღვა იყო, ზემოთ და უკან კი – ღრუბელი (1კრ. 10:1, 2). ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ წყალი იმდენად ღრმა იყო, რომ მისი ფეხით გადაკვეთა შეუძლებელი იქნებოდა.

ისრაელების მიერ განვლილი მარშრუტის დადგენა შესაძლებელია ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით: პირველი –სად მდებარეობდა იმ დროს ეგვიპტის დედაქალაქი, და მეორე –რომელ ადგილას გადაკვეთეს ისრაელებმა წყალი. რამდენადაც ღვთის შთაგონებით დაწერილ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გამოყენებულია ფრაზა „წითელი ზღვა“, არანაირი მიზეზი არ გვაქვს დავეჭვდეთ, რომ ისრაელებმა ნამდვილად წითელი ზღვა გადაკვეთეს. რაც შეეხება ეგვიპტის დედაქალაქს, სავარაუდოდ ეს იყო მემფისი, რომელიც ეგვიპტის ისტორიაში დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ქვეყნის ადმინისტრაციულ ცენტრს (იხ. მემფისი). თუ მემფისი ნამდვილად იყო ეგვიპტის დედაქალაქი, მაშინ ისრაელების გამოსვლა უნდა დაწყებულიყო იმ ადგილიდან, რომელიც მემფისთან საკმაოდ ახლოს იქნებოდა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებდა მოსე, რომელიც ფარაონმა პასექის ღამეს შუაღამის შემდეგ მოიხმო, 14 ნისანის დასრულებამდე დროულად დაბრუნებულიყო რამსესში და სუქოთისკენ გაძღოლოდა ხალხს (გმ. 12:29–31, 37, 41, 42). როგორც იოსებ ფლავიუსის ჩანაწერებიდან ვიგებთ, ძველი იუდაური გადმოცემის თანახმად, ისრაელები გამოვიდნენ მემფისის ახლოს ჩრდ.-ით მდებარე გარკვეული ადგილიდან („იუდეველთა სიძველენი“, II, xv, 1).

ზემოხსენებული პირობები ვერ დაკმაყოფილდებოდა, თუ ისრაელები გაივლიდნენ უადი-ტუმილათს, რომელიც მემფისის ჩრდ.-ით საკმაოდ შორს მდებარეობდა. ამ მიზეზის გამო ადრე ბევრი მკვლევარი ისრაელების გამოსვლის მარშრუტს აკავშირებდა მომლოცველების ამა თუ იმ ცნობილ გზასთან, მაგალითად, ელ-ჰაჯის გზასთან, რომელიც გადიოდა ეგვიპტეზე და კაიროს აკავშირებდა სუეცის ყურის ჩრდ. კიდესთან მდებარე სუეცთან (ძველი კლისმა, მოგვიანებით კოლსუმი).

სად გაიყო წითელი ზღვა, რამაც ისრაელებს ფსკერზე გავლის შესაძლებლობა მისცა?

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სუქოთიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელები მეორედ „ეთამში დაბანაკდნენ, უდაბნოს პირას“. ამ ადგილას იეჰოვამ მოსეს უთხრა, მიბრუნებულიყვნენ და ზღვასთან ახლოს ფი-ჰახიროთთან დაბანაკებულიყვნენ. მათი ასეთი მანევრირება ფარაონს აფიქრებინებდა, რომ ისრაელები დაბნეულები დაეხეტებოდნენ (გმ. 13:20; 14:1–3). მკვლევრები, რომლებიც ელ-ჰაჯის მარშრუტს ასახელებენ, იმაზე მიანიშნებენ, რომ ებრაული ზმნა, რომელიც მობრუნებად ითარგმნება, მიანიშნებს ინტენსიურ მოქმედებაზე, ანუ არა უბრალოდ მობრუნებაზე ან გზიდან გადახვევაზე, არამედ უკან დაბრუნებაზე. როგორც ისინი აცხადებენ, მას შემდეგ, რაც ისრაელებმა სუეცის არხის ჩრდ.-ით ერთ კონკრეტულ ადგილს მიაღწიეს, უკან შემოტრიალდნენ და გაემართნენ სუეცის არხის დას.-ით მდებარე ჯებელ-ათაკას მთაგრეხილის აღმოსავლეთი ქედებისკენ. შედეგად ისრაელები, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, იმ ადგილას აღმოჩნდნენ, საიდანაც თავს ადვილად ვერ დააღწევდნენ, თუ მათ ჩრდ.-დან დაედევნებოდნენ; ისინი ხაფანგში იქნებოდნენ მომწყვდეულნი, რადგან ზღვა უხერგავდა გზას.

ახ. წ. პირველი საუკუნის იუდაური ტრადიციის თანახმად, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა (იხ. ფი-ჰახიროთი.). უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოვლენების ამგვარ განვითარებას ბევრი მკვლევრისგან განსხვავებით მხარს უჭერს ბიბლია (გმ. 14:9–16). აშკარაა, ზღვის გადაკვეთა უნდა მომხდარიყო საკმაოდ შორს სუეცის არხის ჩრდ. კიდიდან (წითელი ზღვის დას. არხი). სხვაგვარად, ფარაონი ადვილად შემოარტყამდა წრეს სუეცის არხის კიდეს და ისრაელებს სხვა მხრიდან დაესხმებოდა თავს (გმ. 14:22, 23).

როგორც კი ფარაონმა გაიგო, რომ ისრაელებმა დატოვეს ეგვიპტე, მაშინვე ინანა მათი გაშვება. ამდენი მონის დაკარგვა, უდავოდ უარყოფითად აისახებოდა ეგვიპტის ეკონომიკაზე. ფარაონი საომარი ეტლებით ადვილად დაეწეოდა ისრაელებს, მით უფრო რომ ისინი უკან შემობრუნდნენ. ფარაონი უფრო მეტი შემართებით დაედევნებოდა ისრაელებს იმ აზრით გამხნევებული, რომ ისინი უდაბნოში დაბნეულები დაეხეტებოდნენ. მან „წაიყვანა 600 რჩეული ეტლი და რაც კი ეტლი იყო ეგვიპტეში, და თითოეულზე მეომრები დასხა“. გარდა ამისა, მან წაიყვანა ეტლების „მხედრები და ჯარი“ და ისრაელებს ფი-ჰახიროთთან დაეწია (გმ. 14:3–9).

სტრატეგიული თვალსაზრისით ისრაელები ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ისინი მოქცეულნი იყვნენ ზღვასა და მთებს შორის, უკან კი ეგვიპტელები იყვნენ. ისრაელები შიშმა მოიცვა, რადგან ხედავდნენ, რომ ხაფანგში მოემწყვდნენ. მათ მოსეს წინააღმდეგ დრტვინვა დაიწყეს. ამ დროს საქმეში იეჰოვა ჩაერია. ღრუბლის სვეტმა, რომელიც ისრაელებს წინ მიუძღოდა, მათ უკან გადაინაცვლა. ღრუბლის ერთ მხარეს, ეგვიპტელთა მხარეს, წყვდიადი ჩამოწვა, მეორე მხარეს კი სინათლე უნათებდა ღამეს ისრაელთა ბანაკს. ამგვარად, ღრუბელმა შეუშალა ხელი ეგვიპტელებს, თავს დასხმოდნენ ისრაელებს. ამის შემდეგ იეჰოვამ მოსეს უბრძანა, ზღვისკენ გაეწოდა ჯოხი. წყალი გაიპო და ისრაელებმა მშრალად გაიარეს ფსკერზე (გმ. 14:10–21).

რა სიღრმის და სიგანის იყო დერეფანი, რომელიც ისრაელებმა გაიარეს? ვინაიდან ისრაელებმა ზღვა ერთ ღამეში გადაკვეთეს, ვერ ვიტყვით, რომ დერეფანი, რომელიც მათ გაიარეს, ვიწრო იყო. მისი სიგანე შესაძლოა ერთი კილომეტრი ან უფრო მეტიც კი ყოფილიყო. მართალია, ისრაელები სამხედრო რაზმივით ჯგუფურად მიდიოდნენ, მაგრამ ამდენი ადამიანის გავლას ურმებით, ბარგითა და მსხვილფეხა საქონლით, სულ მცირე, 8 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია დასჭირდებოდა, თუნდაც ძალიან მჭიდროდ ევლოთ ერთმანეთის გვერდით. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზღვა იმდენად ფართოდ გაიყო, რომ ისრაელების საკმაოდ დიდ კოლონას თავისუფლად შეძლებოდა გავლა. თუ დერეფანი 1,5კმ სიგანის იყო, მაშინ სიგრძე 5კმ ან უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. თუ სიგანე 2,5კმ იყო, სიგრძე 3კმ ან უფრო მეტი იქნებოდა. ამდენი ხალხის ზღვის ფსკერზე ჩასვლას და მეორე ნაპირზე გასვლას რამდენიმე საათი დასჭირდებოდა. მართალია, ისრაელები პანიკის გარეშე კვეთდნენ ზღვას, მაგრამ უდავოდ ჩქარი ნაბიჯებით ივლიდნენ.

რომ არა ღრუბელი, ეგვიპტელები ადვილად დაეწეოდნენ ისრაელებს და ბევრ მათგანს დახოცავდნენ (გმ. 15:9). როდესაც ისრაელები უკვე ზღვაში იყვნენ შესულები და ღრუბელმა მათ წინ გადაინაცვლა, ეგვიპტელებმა გააანალიზეს, რაც ხდებოდა და უკან დაედევნენ მათ. ეგვიპტელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ან უკან დაებრუნებინათ თავიანთი მონები, ან გაენადგურებინათ. კიდევ ერთხელ შეიძლება იმის ხაზგასმა, რომ ზღვაში წარმოქმნილი დერეფანი არ იყო ვიწრო და მოკლე, რადგან ზღვაში შევიდა ფარაონის საკმაოდ დიდი საბრძოლო არმია. შემდეგ დილის გუშაგობისას, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით 2:00-დან 6:00-მდე, „დახედა იეჰოვამ ცეცხლისა და ღრუბლის სვეტიდან ეგვიპტელთა ბანაკს და თავგზა აუბნია მათ. აძრობდა ბორბლებს მათ ეტლებს“ (გმ. 14:24, 25).

დილისთვის ისრაელებმა უსაფრთხოდ გადაკვეთეს წითელი ზღვა და გავიდნენ აღმოსავლეთ სანაპიროზე. შემდეგ იეჰოვამ მოსეს უბრძანა, გაეშვირა ჯოხი, რათა კედლებად აღმართული წყლები ჩამოქცეულიყო და ეგვიპტელები შიგ მოეყოლა. როგორც კი მოსემ ჯოხი ზღვისკენ გაიწოდა, „წყალი თავის ადგილს დაუბრუნდა. გაურბოდნენ ეგვიპტელები წყალს“. აქედანაც შეიძლება იმის დანახვა, რომ დერეფანი ფართო იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენი წყალი ჩამოიქცეოდა, რომ ეგვიპტელები იმწამსვე დაიხრჩობოდნენ. ეგვიპტელები დასავლეთი სანაპიროსკენ გაექცნენ აზვირთებულ წყალს, მაგრამ წყალმა მაინც დაფარა ისინი – ფარაონის საომარი ეტლები, მხედრები, ფარაონის მთელი ჯარი. ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

შეუძლებელია, ამხელა წყლის მოვარდნა ჭაობში მომხდარიყო. გარდა ამისა, ჭაობში ჩაძირული გვამი ნაპირზე არ ირიყება, მაშინ როცა ბიბლიაში წერია, რომ „ისრაელებმა ზღვის ნაპირზე დახოცილი ეგვიპტელები დაინახეს“ (გმ. 14:22–31; რუკა და სურათი, ტ. 1, გვ. 537).

„წყალი გამყარდა“. ბიბლიის თანახმად, აზვირთებული წყალი გამყარდა, რათა ისრაელს გავლა შეძლებოდა (გმ. 15:8). ებრაული სიტყვა, რომელიც გამყარებად ითარგმნა, აგრეთვე ნიშნავს შედედებას, შესქელებას. ეს სიტყვა გვხვდება იობის 10:10-ში, სადაც საუბარია რძის შედედებაზე. ამიტომ გამყარება მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ კედლებად ქცეული წყალი გაიყინა. ის შეიძლება ჟელესავით ან შედედებული რძესავით შესქელდა. ისრაელების ორივე მხარეს კედლებად აღმართულ წყლებს ხილული არაფერი აკავებდა ჩამოქცევისგან, რის შემთხვევაშიც ისრაელები დაიხრჩობოდნენ. წყალი თითქოს გამყარდა, შედედდა ან შესქელდა. სწორედ ეს დაინახა მოსემ, როცა აღმოსავლეთის ძლიერმა ქარმა ზღვა გაყო და ფსკერი ისე გააშრო, რომ ის არც ტალახიანი იყო და არც გაყინული, და დიდძალმა ხალხმა თავისუფლად გაიარა მასზე.

დერეფანი იმდენად განიერი იყო, რომ ისრაელები, რომელთა რიცხვიც სამ მილიონს აღწევდა, დილისთვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყვნენ გადასულნი. ამის შემდეგ გამყარებული წყალი ჩამოიქცა და ეგვიპტელები დაფარა. აღმოსავლეთ ნაპირზე მყოფი ისრაელები აკვირდებოდნენ, რა სასწაულებრივად იხსნა იეჰოვამ მთელი ერი ამ ძლევამოსილი იმპერიისგან. მათ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ შესრულდა მოსეს სიტყვები: „ეგვიპტელებს, რომლებსაც დღეს ხედავთ, აღარ დაინახავთ, აღარასოდეს“ (გმ. 14:13).

იეჰოვამ შთამბეჭდავად გამოავლინა თავისი ძალა, რითაც განადიდა თავისი სახელი და იხსნა ისრაელი. წითელი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მყოფ ისრაელებს საშიშროება აღარ ემუქრებოდათ. ისრაელის ძეებმა მოსეს ხელმძღვანელობით სიმღერა წამოიწყეს. მოსეს დამ, წინასწარმეტყველმა მირიამმა „ხელში დაირა აიღო; დანარჩენი ქალებიც, დაირებით ხელში, ცეკვა-ცეკვით გაჰყვნენ მას. მირიამი კაცების ნამღერს სიმღერით მიუგებდა“ (გმ. 15:1, 20, 21). ისრაელი საბოლოოდ გათავისუფლდა მტრის ხელიდან. ეგვიპტიდან გამოსვლის დროს მათთვის არც ადამიანს მიუყენებია ზიანი და არც ცხოველს; ძაღლსაც კი არ დაუღრენია და არ დაუყეფია მათთვის (გმ. 11:7). წიგნ „გამოსვლაში“ ნახსენები არ არის, რომ ფარაონი თავის ჯარს შეჰყვა ზღვაში და მათთან ერთად განადგურდა, თუმცა ფსალმუნის 136:15-ში ნათქვამია, რომ იეჰოვამ „წითელ ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ჯარი“.

მომავალში მოსახდენი მოვლენების წინასახეობა. ღმერთმა გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტიდან, როგორც ეს აბრაამს დაჰპირდა, რადგან ისრაელ ერს თავის ძედ მიიჩნევდა. სწორედ ეს უთხრა მან ფარაონს: „ისრაელი ჩემი ძეა, ჩემი პირმშო“ (გმ. 4:22). მოგვიანებით იეჰოვამ თქვა: „ისრაელი ყმაწვილი რომ იყო, მიყვარდა; ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“ (ოს. 11:1). ეს სიტყვები იყო აგრეთვე წინასწარმეტყველება, რომელიც ჰეროდეს დროს შესრულდა, როდესაც მისი სიკვდილის შემდეგ იოსები და მარიამი ეგვიპტიდან დაბრუნდნენ იესოსთან ერთად და ნაზარეთში დასახლდნენ. თავის სახარებაში მათემ ოსიას წინასწარმეტყველება ამ მოვლენას დაუკავშირა და თქვა, რომ იოსები „იქ ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩა. ასე შესრულდა წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას ნათქვამი: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“ (მთ. 2:15).

მოციქული პავლე ისრაელების ეგვიპტიდან გამოსვლას მოიხსენიებს იმ მოვლენებს შორის, რომლებიც ჩვენთვის გაკვეთილია (1 კრ. 10:1, 2, 11). აქედან გამომდინარე, გამოსვლა რაღაც უფრო დიდის წინასახეობაა. ბიბლიაში ხორციელი ისრაელი განასახიერებს სულიერ ისრაელს, ღვთის ისრაელს (გლ. 6:15, 16). მოსემ აგრეთვე ილაპარაკა იმაზე, რომ მოვიდოდა მისნაირი წინასწარმეტყველი (კნ. 18:18, 19). იუდეველები ელოდნენ, რომ ეს წინასწარმეტყველი მათი წინამძღოლი და მხსნელი გახდებოდა. მოციქული პეტრე იესო ქრისტეს აიგივებს მოსესთან (სქ. 3:19–23). შესაბამისად, ისრაელების ხსნა წითელ ზღვასთან და ეგვიპტელთა ჯარის განადგურება უნდა მიანიშნებდეს სულიერი ისრაელის სიმბოლური ეგვიპტიდან სასწაულებრივ დახსნაზე იესო ქრისტეს მეშვეობით. წითელ ზღვასთან მოხდენილი სასწაულებით დიდად განდიდდა ღვთის სახელი. მსგავსადვე, მომავალშიც, როდესაც იეჰოვა უფრო დიდი მასშტაბით მოახდენს უფრო დიდ სასწაულებს, მისი სახელი კიდევ უფრო მეტად განდიდდება (გმ. 15:1).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება