საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 44 გვ. 236-გვ. 239 აბზ. 4
  • კითხვების ეფექტურად გამოყენება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კითხვების ეფექტურად გამოყენება
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • კითხვების გამოყენება
    გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
  • დავიხვეწოთ ქადაგებაში — სწორად შეარჩიე კითხვები
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • მივბაძოთ დიდებულ მასწავლებელს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • გესმით, რას გეკითხებათ იეჰოვა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 44 გვ. 236-გვ. 239 აბზ. 4

გაკვეთილი 44

კითხვების ეფექტურად გამოყენება

რა უნდა გააკეთო?

გამოიყენე კითხვები ისე, რომ მიაღწიო სასურველ შედეგს. ზოგჯერ შეკითხვის მიზანი პასუხის მიღებაა, ზოგჯერ კი — მსმენელის აღძვრა იმისკენ, რომ გონებაში უპასუხოს დასმულ კითხვას. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას და როგორ ეკითხები მსმენელს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ეფექტურად დასმული კითხვებით ადამიანს დავეხმარებით, რომ მხოლოდ პასიური მსმენელი არ იყოს. კარგად შერჩეული კითხვებით, როგორც მასწავლებელს, მსმენელის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეგიძლია.

რადგან კითხვები პასუხს მოითხოვს — სიტყვიერად იქნება ეს თუ გონებაში — ისინი მსმენელს პასიურობის საშუალებას არ აძლევს. კითხვებით საუბრის დაწყებაც შეგიძლია, რასაც შეიძლება საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოჰყვეს. როგორც მომხსენებელმა და მასწავლებელმა, კითხვები შეგიძლია გამოიყენო მსმენელის ინტერესის აღსაძვრელად, მის დასაფიქრებლად ან შენივე სიტყვების ხაზგასასმელად. კითხვების ოსტატურად დასმით ადამიანს ეხმარები, იყოს აქტიური მსმენელი და იფიქროს მოსმენილზე. გახსოვდეს შენი მიზანი და კითხვები ამ მიზნის გათვალისწინებით დასვი.

კითხვები, რომლებიც სასაუბროდ განაწყობს მსმენელს. სამქადაგებლო მსახურების დროს მოსაუბრეს ნებისმიერი შესაძლებლობისას მიეცი საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, თუ აქვს ამის სურვილი.

მრავალი მოწმე საინტერესო საუბრის წამოწყებას მარტივი კითხვით ახერხებს: „დაფიქრებულხართ ოდესმე? . .“. როდესაც ისეთ კითხვებს ვსვამთ, რომლებიც ნამდვილად აღელვებთ ადამიანებს, მაშინ სამქადაგებლო მსახურება ჩვენთვის სასიამოვნოა. მაშინაც კი, თუ შეკითხვა ადამიანისთვის მოულოდნელია, მან შეიძლება ცნობისმოყვარეობა გააღვიძოს მასში. საუბრის წამოწყება მრავალ საკითხზე შეიძლება შემდეგი კითხვებით: „როგორ ფიქრობთ? . .“, „როგორ უყურებთ? . .“ და „გწამთ თუ არა?. .“

როდესაც მახარობელმა ფილიპემ მიმართა ეთიოპ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა ესაიას წინასწარმეტყველებას, ასეთი მარტივი კითხვა დაუსვა: „გესმის, რასაც კითხულობ?“ (საქ. 8:30). ამ კითხვამ საშუალება მისცა ფილიპეს, იესო ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტება აეხსნა მისთვის. მსგავსი კითხვების გამოყენებით იეჰოვას თანამედროვე მოწმეებმა შეძლეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებული ბევრი ადამიანის პოვნა.

ადამიანი უფრო მეტად განეწყობა მოსასმენად, თუ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მიეცემა. კითხვის დასმის შემდეგ გულისყურით მოუსმინე. ნუ იქნები კრიტიკული. გაგებით მოეკიდე მოსაუბრის პასუხს. გულწრფელად შეაქე იგი. ერთხელ, როდესაც ერთმა მწიგნობარმა „ჭკვიანურად“ უპასუხა იესოს, მან ასეთი სიტყვებით შეაქო ის: „შორს არა ხარ ღვთის სამეფოსგან“ (მარ. 12:34). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსაუბრის შეხედულებას არ იზიარებ, შეგიძლია მადლობა გადაუხადო აზრის გამოთქმისთვის. მისი პასუხი დაგანახვებს, რა უნდა გაითვალისწინო მისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების ახსნისას.

კითხვებით მნიშვნელოვან აზრებზე გადასვლა. მსმენელთა ჯგუფს ესაუბრები თუ ცალკეულ პიროვნებას, ეცადე, რომ მნიშვნელოვან აზრებზე გადასვლამდე დასვა კითხვები. შენ მიერ დასმული კითხვები მსმენელისთვის საინტერესო საკითხს უნდა ეხებოდეს. აგრეთვე შეგიძლია გამოიყენო ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი შეკითხვებიც, რომლებზეც, ერთი შეხედვით, პასუხის გაცემა ძნელია. თუ კითხვის დასმის შემდეგ ხანმოკლე პაუზას გააკეთებ, ამით მსმენელს ერთიორად გაუზრდი ინტერესს.

ერთხელ წინასწარმეტყველმა მიქამ ერთიმეორის მიყოლებით რამდენიმე კითხვა დასვა. მან ჯერ იკითხა, რას მოითხოვდა ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან. შემდეგ დასვა კიდევ ოთხი კითხვა, რომლებშიც პირველი კითხვის სავარაუდო პასუხები იყო მოცემული. ეს შეკითხვები მკითხველს დაეხმარებოდა იმ მნიშვნელოვანი პასუხის კარგად გაგებაში, რომლითაც მიქამ მსჯელობა დაასრულა (მიქ. 6:6—8). შენც ხომ არ გამოიყენებდი სწავლების დროს მსგავს მეთოდს? სცადე.

თემის ირგვლივ მსჯელობა. კითხვების გამოყენებით შეგიძლია მსმენელს დაეხმარო იმაში, რომ მიხვდეს მსჯელობის ლოგიკას. იეჰოვა ასე მოიქცა, როდესაც ისრაელებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა, როგორც ეს მალაქიას 1:2—10-შია ნაჩვენები. მან თავიდან ასეთი რამ უთხრა მათ: „მე მიყვარხართ“. ისინი არ აფასებდნენ ამ სიყვარულს, ამიტომ იეჰოვა ეკითხება: „განა ესავი იაკობის ძმა არ იყო?!“. შემდეგ იეჰოვა მოიხსენიებს ედომის გაუკაცრიელებას იმის საჩვენებლად, რომ ბოროტების გამო ეს ერი არ უყვარდა. გარდა ამისა, მას მოჰყავს მაგალითები და, ამავე დროს, სვამს კითხვებს იმის ხაზგასასმელად, რომ ისრაელი სათანადოდ არ პასუხობს მის სიყვარულს. ზოგიერთი კითხვა ისეთი ფორმით არის მოცემული, თითქოს მას ორგული მღვდლები სვამენ, ზოგს კი უშუალოდ იეჰოვა უსვამს მღვდლებს. ეს დიალოგი ჩვენს ყურადღებას იპყრობს და გულგრილს არავის ტოვებს. მსჯელობის ლოგიკა უზადოა, ხოლო მასში მოცემული ცნობა — დაუვიწყარი.

ზოგიერთი მომხსენებელი მსგავსი ოსტატობით იყენებს კითხვებს. თუმცა მსმენელი ამ დროს ხმამაღლა არ პასუხობს, ის გონებითაა ჩაბმული მსჯელობაში, თითქოს დიალოგში მონაწილეობს.

ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას შემსწავლელიც უნდა მონაწილეობდეს მსჯელობაში. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესია, როდესაც ის პასუხებს საკუთარი სიტყვებით სცემს და სახელმძღვანელოდან არ კითხულობს. გულთბილად დაუსვი შემსწავლელს დამატებითი კითხვები, რომლებიც მსჯელობაში დაეხმარება. წაახალისე, რომ მთავარ აზრებთან დაკავშირებულ კითხვებს ბიბლიის გამოყენებით უპასუხოს. შეგიძლია ჰკითხო: „როგორ უკავშირდება ეს აზრი იმას, რაც უკვე ვისწავლეთ? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?“. ასეთი მეთოდის გამოყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე საკუთარი აზრების გამოთქმა განსახილველ მასალასთან დაკავშირებით ან ვრცელი განმარტებები. ამგვარად შემსწავლელს დაეხმარები, რომ „გააზრებულად“ ემსახუროს ღმერთს (რომ. 12:1).

მომთმენი იყავი, თუ შემსწავლელი ვერ იგებს გარკვეულ საკითხს. ის შეიძლება ცდილობს, შენი სიტყვები შეუთავსოს იმას, რაც წლების განმავლობაში სწამდა. სცადე საკითხის სხვა კუთხით განხილვა. ზოგჯერ მხოლოდ მარტივი განმარტებაა საჭირო. ხშირად გამოიყენე ბიბლია. მოიყვანე მაგალითები. ამავე დროს, დასვი მარტივი შეკითხვები, რაც მსმენელს შენ მიერ მოყვანილ არგუმენტებზე მსჯელობაში დაეხმარება.

ადამიანის თვალსაზრისის გასაგებად დასმული კითხვები. ადამიანი ყოველთვის იმას არ გვპასუხობს, რასაც სინამდვილეში ფიქრობს. მან შესაძლოა ის გვიპასუხოს, რის მოსმენაც, მისი აზრით, ჩვენ გვინდა. ამ შემთხვევაში გამჭრიახობაა საჭირო (იგავ. 20:5). იესოს მსგავსად, შეგიძლია მას ჰკითხო: „გწამს ეს?“ (იოან. 11:26).

მას შემდეგ, რაც იესო ზოგიერთმა მოწაფემ მიატოვა, რადგან დაბრკოლდნენ მის სიტყვებზე, ის დაინტერესდა მოციქულების აზრით და მათ ჰკითხა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“. პეტრემ ყველას აზრი გამოხატა: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ღვთის წმიდა“ (იოან. 6:67—69). ერთხელ იესომ მოწაფეებს ჰკითხა: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“. შემდეგ კი ისეთი კითხვა დაუსვა, რომელზე პასუხსაც მათი გულისნადები უნდა გამოეაშკარავებინა: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“. პასუხად პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“ (მათ. 16:13—16).

შესაძლოა, ზოგიერთი საკითხისადმი მსგავსი მიდგომა შენც დაგეხმაროს ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას. შეგიძლია შემსწავლელს დაუსვა კითხვა: „რას ფიქრობენ ამ საკითხზე შენი თანაკლასელები (ან თანამშრომლები)?“. შემდეგ კი ჰკითხე: „შენ რას ფიქრობ ამის შესახებ?“. როდესაც გეცოდინება, რას ფიქრობს ადამიანი სინამდვილეში, მას უკეთესად დაეხმარები.

ხაზგასმის მიზნით დასმული კითხვები. კითხვების გამოყენება აზრის ხაზგასასმელადაც შეიძლება. პავლემ ამ მიზნით გამოიყენა კითხვები რომაელების 8:31, 32-ში: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ? ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა, განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?“. ყურადღება მიაქციე იმას, რომ თითოეული წინადადების კითხვითი ნაწილი აძლიერებს ამ წინადადების პირველ ნაწილში მოცემულ აზრს.

წინასწარმეტყველმა ესაიამ ბაბილონის მეფისთვის იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენი დაწერა და ამ სიტყვების უტყუარობისადმი თავისი მტკიცე ნდობა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გადაწყვიტა და ვინ ჩაშლის?! მისი ხელი გაწვდილია და უკან ვინ წააღებინებს მას?!“ (ეს. 14:27). კითხვის შინაარსი ისეთია, რომ მასში მოცემული მტკიცების უარყოფა შეუძლებელია და, ამგვარად, პასუხს არ საჭიროებს.

მცდარი აზროვნების გამოსააშკარავებელი კითხვები. კარგად გააზრებული კითხვები მცდარი აზროვნების გამოსააშკარავებელი ეფექტური საშუალებაა. სანამ ერთ მამაკაცს განკურნავდა, იესომ ფარისევლებსა და კანონის მცოდნეებს ასეთი კითხვა დაუსვა: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“. მამაკაცის განკურნების შემდეგ კი მათ ჰკითხა: „რომელიმე თქვენგანს რომ შაბათს შვილი ან ხარი ჭაში ჩაუვარდეს, განა მაშინვე არ ამოიყვანს?“ (ლუკ. 14:1—6). იესო პასუხს არ ელოდა და არც მათ უცდიათ პასუხის გაცემა. კითხვებით მათი მცდარი აზროვნება გამოაშკარავდა.

დროდადრო შეიძლება ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც განუვითარდეთ მცდარი აზროვნება. პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგიერთი კორინთელი ქრისტიანი სულიერ ძმებს სასამართლოში უჩიოდა იმ პრობლემების გამო, რომლებიც მათ ერთმანეთში უნდა გადაეწყვიტათ. როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში პავლე? მათი აზროვნების გამოსასწორებლად პავლემ რამდენიმე მიზანმიმართული კითხვა დასვა (1 კორ. 6:1—8).

თუ ივარჯიშებ, ისწავლი კითხვების ეფექტურად დასმას. ამავე დროს, იყავი თავაზიანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესაუბრები ასაკით შენზე უფროსებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს ან მათ, ვისაც პირადად არ იცნობ. დასვი კითხვები და ამგვარად სხვებისთვის უფრო მიმზიდველი გახადე ჭეშმარიტება.

როგორ უნდა დასვა კითხვები

  • საუბრის წამოწყება რომ შეძლო, ისეთი კითხვები დასვი, რომლებიც მოსაუბრისთვის ნამდვილად საინტერესო საკითხს ეხება.

  • სანამ რაიმე მნიშვნელოვან აზრს იტყვი, ეცადე, ისეთი კითხვა დასვა, რომ მსმენელი მის მოსასმენად აღიძრას.

  • კითხვები გამოიყენე იმისათვის, რომ ადამიანს დაანახვო მოყვანილი მტკიცების საფუძველი, განხილული ჭეშმარიტების ლოგიკურობა და დადებითი გავლენა, რომელსაც ეს ცოდნა მოახდენს მის ცხოვრებაზე.

  • კითხვების მეშვეობით აღძარი შემსწავლელი, რომ გაზეპირებული ფრაზებით კი არ გიპასუხოს, არამედ საკუთარი აზრი გამოთქვას ნასწავლის შესახებ.

სავარჯიშოები: 1) მოამზადე რამდენიმე კითხვა, რომლებიც შენს ტერიტორიაზე ადამიანებთან საინტერესო საუბრის დაწყებაში დაგეხმარება. 2) წაიკითხე რომაელების მე-3 თავი და ყურადღება მიაქციე, როგორ მსჯელობს პავლე კითხვების მეშვეობით იმაზე, თუ რა მდგომარეობა უკავიათ ღვთის წინაშე იუდეველებსა და არაიუდეველებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება