ანათოთი
1. ბექერის ვაჟი, ბენიამინის შტოდან (1 მტ. 7:8).
2. ერთ-ერთი თავკაცი, რომლის შთამომავალმაც (ან თავად მან) იერემიას დროს ბეჭდის დასმით დაადასტურა მტკიცე შეთანხმება, რომლის თანახმადაც ისრაელები არასდროს მიატოვებდნენ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (ნემ. 9:38; 10:1, 19).
3. ლევიანთა ქალაქი ბენიამინელთა ტერიტორიაზე (იეს. 21:17, 18; 1 მტ. 6:60). დღეს მსგავსი დასახელების პატარა სოფელი, ანათა, მდებარეობს ჩრდ. იერუსალიმის ჩრდ.-ჩრდ.-აღმ.-ით დაახლ. 5 კილომეტრში. თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს ქალაქი მდებარეობდა დღევანდელ რას-ელ-ხარუბეს ადგილას, რომელიც ამ სოფლიდან სამხრ.-დას.-ით დაახლოებით 800 მეტრშია. ეს ქალაქი მთაზე იყო გაშენებული, საიდანაც იორდანეს ველი და მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი მოსჩანდა. სწორედ ანათოთიდან იყო დავითის ორი ძლიერი მებრძოლი (2 სმ. 23:27; 1 მტ. 12:3). სოლომონმა ანათოთში გადაასახლა აბიათარი, რის შემდეგაც ელის შთამომავლებიდან ვეღარავინ შეძლებდა მღვდელმთავრად მსახურებას (1 მფ. 2:26). ანათოთი იყო დაჩაგრული ქალაქი, რადგან ხშირად თავს ესხმოდა ასურელთა ლაშქარი (ეს. 10:30).
იერემია ანათოთიდან იყო, მაგრამ მას, როგორც წინასწარმეტყველს, მისი ქალაქის მკვიდრნი არაფრად აგდებდნენ. ეს იქიდან ჩანს, რომ როცა იეჰოვას ჭეშმარიტ ცნობას გადასცემდა, მოკვლით ემუქრებოდნენ (იერ. 1:1; 11:21—23; 29:27). ამიტომ იეჰოვამ ამ ქალაქს უბედურება უწინასწარმეტყველა, რაც შესრულდა კიდეც, როცა ბაბილონელებმა დაიპყრეს ეს მიწა (იერ. 11:21—23). იერუსალიმის დაცემამდე იერემიამ ისარგებლა თავისი კანონიერი უფლებით, რომ საკუთარი ბიძაშვილისგან გამოესყიდა მიწის ნაკვეთი ანათოთში, რაც გადასახლებიდან დაბრუნების ნიშანი იქნებოდა (იერ. 32:7—9). ზერუბაბელთან ერთად გადასახლებიდან დაბრუნებულთა პირველ ჯგუფში 128 ანათოთელიც იყო. ანათოთი იმ ქალაქებს შორის იყო, რომელიც იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად კვლავ დასახლდებოდა (ეზრ. 2:23; ნემ. 7:27; 11:32).