წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
6—12 იანვარი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 1, 2
იეჰოვას შემოქმედებითი საქმიანობა დედამიწაზე
it „შემოქმედება“
როდესაც ღმერთმა პირველ შემოქმედებით დღეს თქვა: „გამოჩნდეს სინათლე“, გაფანტულმა სინათლემ, სავარაუდოდ, სქელ ღრუბელში გაატარა მიუხედავად იმისა, რომ სინათლის წყარო ჯერ არ ჩანდა დედამიწიდან. როგორც ჩანს, ეს პროცესი ეტაპობრივად ხდებოდა, რასაც ჯ. უ. უოტსის თარგმანიც ადასტურებს: „თანდათანობით იქმნა ნათელი“ (დბ. 1:3, A Distinctive Translation of Genesis). ღმერთმა ზღვარი დაუდო სინათლესა და სიბნელეს. მან სინათლეს დღე უწოდა, სიბნელეს კი — ღამე. ეს იმაზე მოწმობს, რომ დედამიწა თავისი ღერძის და მზის გარშემო ბრუნავდა, რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებზე დღე-ღამის მონაცვლეობას განაპირობებდა (დბ. 1:3, 4).
მეორე შემოქმედებით დღეს ღმერთმა წყლები გაყო. ნაწილი წყლისა მიწაზე დატოვა, უდიდესი ნაწილი კი დედამიწის ზემოთ მოაქცია და ამგვარად სივრცე გააჩინა. მან სივრცეს ცა უწოდა, ოღონდ მხოლოდ დედამიწასთან მიმართებით, რადგან არსად არის ნათქვამი, რომ სივრცის ზემოთ არსებულ წყლებში მოძრაობდნენ ვარსკვლავები თუ სხვა ციური სხეულები (დბ. 1:6—8, იხ. „სივრცე“).
მესამე შემოქმედებით დღეს ღმერთმა თავისი სასწაულმოქმედი ძალით დედამიწის წყლები ერთად შეაგროვა. შედეგად ხმელეთი გაჩნდა, რომელსაც ღმერთმა მიწა უწოდა. ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი შემთხვევითობისთვის ან ევოლუციური პროცესებისთვის მიენდო, ამავე დღეს ღმერთმა ატომებში ცხოველქმედების უნარი ჩადო, რათა ბალახი, თესლოვანი მცენარეები და ხეები წარმოქმნილიყო. ფლორის ამ სამი ძირითადი გვარის წარმომადგენლებს შეეძლოთ თავიანთი გვარისდა მიხედვით გამრავლებულიყვნენ (დბ. 1:9—13).
it „შემოქმედება“
აღსანიშნავია ისიც, რომ დაბადების 1:16-ში არ არის გამოყენებული ებრაული ზმნა ბარაʼ, რაც შექმნას ნიშნავს. ნაცვლად ამისა, ამ მუხლში გამოყენებულია ებრაული ზმნა ʽასაჰ, რაც კეთებას ნიშნავს. ვინაიდან დაბადების 1:1-ში მოხსენიებულ ცაში მზე, მთვარე და ვარსკვლავებიც იგულისხმება, ისინი მეოთხე შემოქმედებით დღემდე გაცილებით ადრე შეიქმნა. მეოთხე დღეს ღმერთმა ამ ციურ სხეულებს დედამიწასა და სივრცესთან მიმართებით ახალი როლი დააკისრა. სიტყვები „განალაგა ღმერთმა ისინი ცის სივრცეში, რომ გაენათებინათ დედამიწა“, იმაზე მიუთითებდა, რომ მათი დანახვა დედამიწიდან შეიძლებოდა, თითქოს ცის სივრცეში ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, „ისინი . . . [იქნებოდნენ] მანიშნებლად და წელიწადის დროების, დღეებისა და წელიწადების აღმნიშვნელად“ (დბ. 1:14). მოგვიანებით ეს მანათობლები ადამიანებისთვის ერთგვარი ორიენტირი გახდებოდა სხვადასხვა სფეროში.
მეხუთე შემოქმედებით დღეს დედამიწაზე ღმერთმა პირველი ცოცხალი არსებები შექმნა. მას მხოლოდ ერთი ქმნილება კი არ შეუქმნია, რომელიც ევოლუციური პროცესების შედეგად სიცოცხლის სხვადასხვა ფორმად გარდაიქმნებოდა, არამედ უამრავი ცოცხალი არსება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა და ყველა ცოცხალი სულის შექმნა, რომლებიც წყლებში აფუთფუთდნენ, მათი გვარისდა მიხედვით და ყველა ფრინველისა მათი გვარისდა მიხედვით“. ღმერთს იმდენად მოეწონა თავისი ხელის ნამოქმედარი, რომ აკურთხა თავისი ქმნილებები და თქვა, რომ გამრავლებულიყვნენ. ეს სავსებით შესაძლებელი იყო, რადგან სხვადასხვა სახეობის ცოცხალ არსებებს თავად მისცა უნარი, თავიანთი გვარისდა მიხედვით გამრავლებულიყვნენ (დბ. 1:20—23).
მეექვსე შემოქმედებით დღეს „დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, ასევე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით“. სხვა დანარჩენის მსგავსად „ესეც კარგი იყო“ (დბ. 1:24, 25).
მეექვსე შემოქმედებითი დღის მიწურულს ღმერთმა სრულიად განსხვავებული ქმნილება შექმნა — ცხოველებზე აღმატებული, თუმცა ანგელოზებზე დაბლა მდგომი. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავის ანარეკლად და მსგავსებად შექმნა. დაბადების 1:27-ში მოკლედ არის ნათქვამი, რომ ღმერთმა „კაცად და ქალად შექმნა ისინი“, მაგრამ პარალელური მუხლებიდან, კერძოდ, დაბადების 2:7—9-დან ვიგებთ, რომ იეჰოვამ ადამიანი მიწის მტვრისგან შექმნა, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა. ამ მუხლებიდან ისიც ჩანს, რომ ღმერთმა ის სამოთხეში დაასახლა და საზრდოთი უზრუნველყო. ღმერთმა კაცი მიწის ელემენტებისგან შექმნა, ქალის შესაქმნელად კი ადამის ნეკნი გამოიყენა (დბ. 2:18—25). ქალის შექმნის შემდეგ დასრულდა ადამიანის შექმნის პროცესი. ასე გაჩნდა ადამიანთა მოდგმა (დბ. 5:1, 2).
13—19 იანვარი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 3—5
რა სავალალო შედეგები მოჰყვა პირველ ტყუილს
it „მშობიარობის ტკივილი“
მას შემდეგ, რაც პირველმა ქალმა, ევამ შესცოდა, ღმერთმა უთხრა, როგორ აისახებოდა ცოდვა მშობიარობაზე. ევა ღმერთს რომ დამორჩილებოდა, ღვთის კურთხევა არ მოაკლდებოდა და შვილის გაჩენა მისთვის მხოლოდ სიხარულის მომტანი იქნებოდა, რადგან „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგ. 10:22). იქიდან მოყოლებული ჩვენი სხეული სრულყოფილად ვეღარ ფუნქციონირებს და ტკივილიც ადამიანის თანმდევი გახდა. სწორედ ამიტომ თქვა დაბადების 3:16-ში ღმერთმა: „გაგიძლიერებ ტკივილებს ორსულობისას და მშობიარობის ტკივილებით გააჩენ შვილებს“. როცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა რაღაც გააკეთა, ხშირად იგულისხმება, რომ მან დაუშვა ეს.
27 იანვარი — 2 თებერვალი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 9—11
„ერთი ენა ჰქონდათ . . . მთელ დედამიწაზე“
it „ენა“
წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ წარღვნის შემდგომ პერიოდში ადამიანების გარკვეული ნაწილი გაერთიანდა და წამოიწყეს საქმე, რომელიც ნოესა და მისი ვაჟებისთვის გაცხადებულ ღვთის ნებას ეწინააღმდეგებოდა (დბ. 9:1). ნაცვლად იმისა, რომ გაფანტულიყვნენ და აევსოთ დედამიწა, მათ გადაწყვიტეს, ერთ ადგილას დამკვიდრებულიყვნენ. ამ ტერიტორიას, რომელიც შუამდინარეთში მდებარეობდა, მოგვიანებით შინარის ველი ეწოდა. მათ აგრეთვე სურდათ, ეს ადგილი რელიგიური ცენტრი გამხდარიყო, სადაც საკულტო კოშკს აღმართავდნენ (დბ. 11:2—4).
it „ენა“
ყოვლისშემძლე ღმერთმა ამ უტიფარ ხალხს ენა აურია, რითაც მათ შორის ერთობა დაარღვია და ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეუშალა. ამის შემდეგ ისინი შეთანხმებულად ვეღარ მუშაობდნენ, ამიტომ მთელი დედამიწის ზურგზე გაიფანტნენ. ენის არევის შემდეგ მათ გაუჭირდებოდათ, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ აეღოთ გეზი, რადგან ვერც გონებრივ შესაძლებლობებს გამოიყენებდნენ ერთობლივად და ვერც ფიზიკურ შესაძლებლობებს თავიანთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად. მეტიც, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხს გაუჭირდებოდა დაგროვილი ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარება, რომელსაც ღვთისგან კი არა, საკუთარი გამოცდილებისა და კვლევის შედეგად მიიღებდნენ (შდრ. ეკ. 7:29; კნ. 32:5). ეს იყო საზოგადოების დაყოფის ძირითადი მიზეზი, თუმცა სინამდვილეში ეს მათსავე კეთილდღეობას ემსახურებოდა, რადგან ხელი ეშლებოდათ სახიფათო მიზნებისკენ სწრაფვაში (დბ. 11:5—9; შდრ. ეს. 8:9, 10). თუ დავფიქრდებით, სადამდე მიიყვანა ჩვენს დროში ადამიანები დაგროვილი ცოდნის ბოროტად გამოყენებამ, მივხვდებით, რომ ღმერთმა დიდი ხნით ადრე განჭვრიტა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ბაბილონში წამოწყებული საქმისთვის ხელი რომ არ შეეშალა.
it „ერები“
ამ ენობრივმა ჯგუფებმა, რომელთაც უჭირდათ ერთმანეთთან კომუნიკაცია, შექმნეს თავიანთი კულტურა, ხელოვნება, წეს-ჩვეულებები და რელიგია. მათ თავიანთი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებიც ჰქონდათ (ლვ. 18:3). ღვთისგან გაუცხოებულმა ერებმა თავიანთივე გამოგონილი ღვთაებების კერპები შექმნეს (კნ. 12:30; 2მფ. 17:29, 33).