ყოვლისშემძლე
„ყოვლისშემძლედ“ ნათარგმნია ებრაული სიტყვა შადდაი და ბერძნული სიტყვა პანტოკრატორ. ორივე ძალისა და ძლევამოსილების მნიშვნელობითაა ნახმარი.
ებრაული სიტყვა. ებრაულ ტექსტში შადდაი 7–ჯერ გვხვდება ʼელთან (ღმერთი) ერთად როგორც ტიტული „ყოვლისშემძლე ღმერთი“ (დბ. 17:1; 28:3; 35:11; 43:14; 48:3; გმ. 6:3; ეზკ. 10:5). ბიბლიის სხვა მონაკვეთებში ის ცალკე 41-ჯერ მოიხსენიება და ნათარგმნია „ყოვლისშემძლედ“. ʼადონაისა (უზენაესი უფალი) და ʼელოჰიმის (ღმერთი) მსგავსად შადდაი მრავლობით რიცხვში დგას, რაც აღმატებულობას გამოხატავს (დბ. 49:25; რც. 24:4; ფს. 68:14).
შადდაის ზუსტი ეტიმოლოგია დღემდე სადავოა. სეპტუაგინტის მთარგმნელებმა ამ სიტყვის გადმოსათარგმნად რამდენიმე ბერძნული სიტყვა გამოიყენეს, თუმცა იობის წიგნში იგი 16 ადგილას პანტოკრატორად (ყოვლადძლიერი) თარგმნეს. რამდენიმე ადგილას ეს სიტყვა მათ სხვა ბერძნული სიტყვით, ჰიკანოსით (საკმარისი, შესაფერი) გადმოიტანეს (რთ. 1:20, 21; იობ. 21:15; 31:2; 40:2). მოგვიანებით ბიბლიის მთარგმნელებმა აკვილამაც და სიმაქუსმაც თავიანთ ბერძნულ თარგმანებში შადდაი საკმარისისა და შესაფერის მნიშვნელობით გამოიყენეს.
ბიბლიის ერთ კათოლიკურ თარგმანში („იერუსალიმის ბიბლია“ [სქ. ბ]) დაბადების 17:1-ს დართული აქვს შენიშვნა, საიდანაც ჩანს ზოგიერთი თანამედროვე კრიტიკოსის შეხედულება შადდაის მნიშვნელობასთან დაკავშირებით: «ტრადიციული თარგმანი „ყოვლისშემძლე ღმერთი“ ზუსტი არ არის; მისი სავარაუდო მნიშვნელობაა „მთის ღმერთი“». ასეთი რადიკალური შეხედულება ეფუძნება იმ მოსაზრებას, თითქოს შადდაი მომდინარეობს აქადური სიტყვიდან შადუ (მთა). ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „ეს მოსაზრება მიუღებელია. შადდაი ნაწარმოებია ფუძიდან შადად, რაც არაბული სიტყვის მსგავსად, ნიშნავს ძლიერსა და ძლევამოსილს“ (Unger’s Bible Dictionary, 1965, გვ. 1000; იხ. აგრეთვე The Analytical Hebrew and Chaldee Lexicon, ბენჯამინ დეივიდსონი, გვ. 702).
ბიბლიაში შადად ძირითადად ძალმომრეობის, მაგალითად, ძარცვის დროს გამოვლენილი ძალადობის მნიშვნელობით გამოიყენება (შდრ. ფს. 17:9; იგ. 24:15). ესაიას 13:6-ში ვკითხულობთ: „იღრიალეთ, რადგან ახლოს არის იეჰოვას დღე! ძარცვასავით [ქეშოდ] მოვა იგი ყოვლისშემძლისგან [მიშშადდაი]“. მართალია, ამ სიტყვის ფუძე ბიბლიაში უმთავრესად ძალმომრეობის მნიშვნელობით გამოიყენება, ზოგი მეცნიერის აზრით, მისი პირველადი მნიშვნელობაა „ძლიერი“ ან „ძალისმიერი ქმედება“. „იუდაურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: «დასაშვებია, რომ პირვანდელი მნიშვნელობა იყო „უძლეველობა“ ან „უდიდესი ძალის ფლობა“. შესაძლოა სწორედ ეს აზრია გადმოცემული ღვთის ამ [ტიტულში]» (1976, ტ. IX, გვ. 162).
იეჰოვამ თავის თავს „ყოვლისშემძლე ღმერთი“ (ʼელ შადდაი) უწოდა, როცა აბრაამს ისაკის დაბადებას დაჰპირდა. აბრაამს უნდა ერწმუნა, რომ ღმერთს ჰქონდა ამ დაპირების შესრულების ძალა. ღმერთი მოგვიანებითაც ამავე ტიტულით მოიხსენიებოდა, როცა აბრაამთან დადებული შეთანხმების მემკვიდრეები, ისაკი და იაკობი აკურთხა (დბ. 17:1; 28:3; 35:11; 48:3).
აქედან გამომდინარე, იეჰოვას შეეძლო ეთქვა მოსესთვის: „მე ვეცხადებოდი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი [ʼელ შადდაი], მაგრამ ჩემი სახელით, იეჰოვათი არ გამიმჟღავნებია მათთვის ჩემი თავი“ (გმ. 6:3). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას სახელი პატრიარქებისთვის უცნობი იყო, რადგან მის სახელს ისინი, ისევე როგორც მათზე ადრე მცხოვრებნი, ხშირად ახსენებდნენ (დბ. 4:1, 26; 14:22; 27:27; 28:16). დაბადების წიგნის ებრაულ ორიგინალში, რომელშიც პატრიარქების ცხოვრებაა მოთხრობილი, სიტყვა „ყოვლისშემძლე“ მხოლოდ 6-ჯერ არის გამოყენებული, მაშინ როცა ღვთის სახელი იეჰოვა — 172-ჯერ. მართალია, პატრიარქები დარწმუნდნენ, რომ ღმერთი სამართლიანად იმსახურებდა ყოვლისშემძლის ტიტულს, მაგრამ მათ ბოლომდე არ ესმოდათ ღვთის სახელის, იეჰოვას მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით ერთ ბიბლიურ ლექსიკონში შემდეგი კომენტარია გაკეთებული: „გამოცხადებები, რომლებიც პატრიარქებს ჰქონდათ, შორეულ მომავალთან დაკავშირებულ დაპირებებს ეხებოდა; ამ გამოცხადებებით ისინი რწმუნდებოდნენ, რომ იაჰვე იყო ღმერთი (ʼელ), შემძლე (სადდაის ერთ-ერთი სავარაუდო მნიშვნელობა) თავისი დაპირებების შესრულებისა. გამოცხადება ბუჩქთან კი უფრო დიდებული და უშუალო იყო, ამიტომ მათთვის ნაცნობი სახელი იაჰვე ახლა უკვე ღვთის ძალასთან და მათთან მის მუდმივ სიახლოვესთან ასოცირდებოდა“ (The Illustrated Bible Dictionary, ტ. 1, გვ. 572, ჯ. დ. დაგლასის რედაქციით, 1980).
დასახული მიზნის განსახორციელებლად, დაბრკოლებისა თუ წინააღმდეგობის დასაძლევად ძალა და ძალაუფლებაა საჭირო. იეჰოვას ყოვლისშემძლეობა ვლინდება მის უძლეველ ძალაში, რაც მისი განზრახვების შესრულებას ემსახურება. ღმერთს ყოვლისშემძლე აგრეთვე ეწოდება იმ კონტექსტებში, სადაც მის ძალისმიერ ქმედებებზე მიდის საუბარი. მაგალითად, ფსალმუნის 68:14-ში ნათქვამია, რომ ყოვლისშემძლემ მიმოფანტა მეფეები; იოელის 1:15-ში ვკითხულობთ: „განადგურება [შოდ] ყოვლისშემძლისგან [მიშადდაი]“ იეჰოვას დღეს მოვა. უკვე ხსენებულ ესაიას 13:6-შიც ყოვლისშემძლის ტიტული ძალისმიერ ქმედებებს უკავშირდება. ღვთის ყოვლისშემძლეობა იმის გარანტიასაც იძლევა, რომ ღმერთი თავის მოიმედეებს აკურთხებს (დბ. 49:25) და დაიცავს. „უზენაესის საფარში დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ დაივანებს“ (ფს. 91:1).
წიგნ „იობის“ ყველა მოქმედი პირის სიტყვებში შადდაი 31-ჯერ გვხვდება. მასში ყურადღება მახვილდება იეჰოვას დამსჯელ ძალაზე (იობ. 6:4; 27:13—23). ასე რომ, თუ საკუთარ ძალაზე დაიმედებული ადამიანი იტყვის: „ვინ არის ყოვლისშემძლე, რომ მას ვემსახუროთ? რას გვარგებს მასთან ურთიერთობა?“, „ყოვლისშემძლის რისხვას შესვამს“ (იობ. 21:15, 16, 20). ქმნილებები ყოვლისშემძლის მიმართ მოწიწებასა და შიშს უნდა გრძნობდნენ, ვინაიდან მისი ნების უგულებელმყოფელი და კანონის დამრღვევი დაუსჯელი არ დარჩება (იობ. 6:14; 23:15, 16; 31:1—3); თუმცა ღვთის ძალა შეიძლება მაშინვე არ გამოვლინდეს (იობ. 24:1—3, 24; შდრ. გმ. 9:14—16; ეკ. 8:11—13). ღვთის ძლევამოსილება ყოველთვის სიმართლისა და სამართლიანობის ფარგლებში ვლინდება. ღმერთი ძალას არასდროს იყენებს ზომაზე მეტად, უსაფუძვლოდ ან დაუფიქრებლად (იობ. 34:10, 12; 35:13; 37:23, 24). მას სამართლიანად ვერავინ შეედავება და შარს ვერ მოსდებს (იობ. 40:2—5). სიმართლის მქნელთ შეუძლიათ გულდაჯერებით დაუახლოვდნენ ღმერთს (იობ. 13:3; 29:4, 5; 31:35—37). როგორც შემოქმედი, ის არის სიცოცხლისა და სიბრძნის წყარო (იობ. 32:8; 33:4).
ესაიას 9:6-ში ჩაწერილ მესიასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში მშვიდობის მთავარს „ძლიერი ღმერთი“ ეწოდება. აღსანიშნავია, რომ ებრაულ ტექსტში წინა აბზაცებში მოხსენიებული მუხლებისგან განსხვავებით, ამ ტიტულის ადგილას ვხვდებით ʼელ გიბბორს და არა ʼელ შადდაის.
ბერძნული სიტყვა. პანტოკრატორ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ათჯერ გვხვდება, აქედან ცხრაჯერ „გამოცხადებაში“. ეს სიტყვა ძირითადად ყოვლისშემძლეს, ყოვლადძლიერს ნიშნავს. ის ფაქტი, რომ ბერძნულ წერილებში შადდაის ეკვივალენტად გამოიყენება პანტოკრატორ, ადასტურებს, რომ შადდაი ყოვლისშემძლეს ნიშნავს.
2 კორინთელების 6:18-ში პავლე ციტირებს ებრაული წერილებიდან და ქრისტიანებს შეაგონებს და მოუწოდებს, მოერიდონ ცრუთაყვანისმცემლობას, უსიცოცხლო და უსუსური კერპების თაყვანისცემას, რათა იყვნენ „ყოვლისშემძლის [პანტოკრატორ]“ შვილები. თუ გავითვალისწინებთ, საიდან მოჰყავს პავლეს ციტატები, აშკარაა, რომ ეს ტიტული იეჰოვა ღმერთს მიესადაგება.
„გამოცხადებაში“ ტიტული პანტოკრატორ გამოიყენება შემოქმედსა და მარადიულობის მეფესთან, იეჰოვასთან, მაგალითად, „ღვთის მონის, მოსეს სიმღერასა და კრავის [იესო ქრისტეს] სიმღერაში“, რომელშიც მას ეწოდება ის, ვინც იმსახურებს თაყვანისცემასა და ყველას მოწიწებას (გმც. 15:3; შდრ. გმც. 21:22). ეს ტიტული რომ ნამდვილად იეჰოვა ღმერთს ეკუთვნის, ცხადი ხდება გამოცხადების 19:6-დან, რომელშიც ნახსენებია ალილუია (ადიდეთ იაჰი!). მსგავსადვე, ფრაზა „ვინც არის, იყო და მოდის“ (გმც. 1:8; 4:8) აშკარად მარადისობის ღმერთს გულისხმობს (ფს. 90:2), რომელიც არათუ იყო, არამედ არის და მოდის, როგორც ყოვლისშემძლე. ის ძალისმიერ ქმედებას მიმართავს, რადგან ხელთ იპყრო ძალაუფლება და გამეფდა; ის რისხვას გადმოანთხევს საომრად შეკრებილ მოწინააღმდეგე ერებზე „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გმც. 11:17, 18; 16:14). მისი ძე, ქრისტე იესო, „ღვთის სიტყვა“, როგორც ღვთის მიერ არჩეული ცხებული მეფე, „ყოვლისშემძლე ღვთის რისხვას“ გადმოანთხევს ერებზე (გმც. 19:13—16). ამ განაჩენის აღსრულებისას ღმერთი თავის ძალას კვლავ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ნორმების დაცვით გამოიყენებს (გმც. 16:5—7; იხ. ღმერთი).