მემკვიდრეობა
ქონება, რომელიც მისი პატრონის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრის ან სხვა პირის საკუთრებაში გადადის; წინაპრების დანატოვარი ნებისმიერი რამ, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა. ებრაული ზმნა ნახალ (არს. სახ. ნახალაჰ ) ნიშნავს მემკვიდრეობის მიცემას ან მიღებას (რც. 26:55; ეზკ. 46:18). ზმნა ჲარაშ ზოგჯერ გამოიყენება მემკვიდრედ გახდომის, უფრო ხშირად კი რაიმეს დაუფლების მნიშვნელობით (დბ. 15:3; ლვ. 20:24). ის, აგრეთვე, ძალისმიერი მეთოდით ვინმეს განდევნას აღნიშნავს (კნ. 2:12; 31:3). მემკვიდრეობის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვები ენათესავება კლეროსს, რომელიც თავდაპირველად ნიშნავდა წილს, წილის ქონას და შემდეგ მემკვიდრეობის მნიშვნელობა შეიძინა (მთ. 27:35; სქ. 26:18; სქ. 1:17, სსგ).
ისრაელში მემკვიდრეობად ძირითადად მიწა ითვლებოდა, თუმცა ზოგჯერ მემკვიდრეობაში მოძრავი ქონებაც შედიოდა. ბიბლიაში სულიერ მემკვიდრეობაზეც არის საუბარი. სულითცხებულ ქრისტიანებს „ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი“ ეწოდებათ. თუ ერთგულები დარჩებიან, ისინი „მარადიულ მემკვიდრეობას“ მიიღებენ (რმ. 8:17; ებ. 9:15).
პატრიარქების ეპოქაში. ებრაელ პატრიარქებს — აბრაამს, ისაკსა და იაკობს — ადგილ-მამული არ ჰქონიათ. მათ საკუთრებაში მხოლოდ ის მინდორი შედიოდა, სადაც გამოქვაბული ჰქონდათ სამარხად და შექემისგან იაკობის მიერ ნაყიდი მიწის ნაკვეთი (დბ. 23:19, 20; 33:19). ქრისტიანმა მოწამემ, სტეფანემ ქანაანში მცხოვრები აბრაამის შესახებ თქვა: „ღმერთს ამ ქვეყანაში ტერფისოდენა სამკვიდროც კი არ მიუცია აბრაამისთვის, მაგრამ დაჰპირდა, რომ საკუთრებად მისცემდა ამ ქვეყანას, მის შემდეგ კი მის შთამომავლობას, თუმცა იმ დროს ჯერ არ ჰყავდა შვილი“ (სქ. 7:5). პატრიარქების ქონებაში შედიოდა საქონელი და მოძრავი ქონება, რომელიც მათ შთამომავლებს მემკვიდრეობად გადაეცათ. პირმშო ვაჟს სხვა ვაჟებისგან განსხვავებით მამის ქონების ორი წილი ეძლეოდა. მემკვიდრეობა პატრიარქ იობის ქალიშვილებსაც ერგოთ თავიანთ ძმებთან ერთად. ბიბლია არაფერს ამბობს, შედიოდა თუ არა ამ მემკვიდრეობაში მიწა (იობ. 42:15).
მამას შეეძლო პირმშოობა და შესაბამისად პირმშოს კუთვნილი მემკვიდრეობა უმცროსი ვაჟისთვის გადაეცა, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. ბიბლიაში მოთხრობილ არც ერთ ეპიზოდში უმცროსი ვაჟისთვის პირმშოობის გადაცემა არ მომხდარა მამის ახირების ან მიკერძოების გამო. ისმაელი აბრაამის უფროსი ვაჟი იყო, ამიტომ 14 წლის მანძილზე აბრაამის მომავალ მემკვიდრედ ითვლებოდა (დბ. 16:16; 17:18—21; 21:5). მაგრამ სარას მოთხოვნითა და იეჰოვას ნებართვით აბრაამმა ცხრამეტიოდე წლის ისმაელი სახლიდან გაუშვა. ამგვარად, პირმშოობის უფლება ისაკს ერგო. მან მემკვიდრეობით მიიღო მამის მთელი ქონება, თუ არ ჩავთვლით იმ საჩუქრებს, რომლებიც აბრაამმა მოგვიანებით კეტურასგან შეძენილ ვაჟებს დაურიგა (დბ. 21:8—13; 25:5, 6). იაკობის პირმშომ, რეუბენმა პირმშოობის უფლება მამამისის ხარჭასთან მრუშობის გამო დაკარგა (დბ. 49:3, 4; 1მტ. 5:1, 2). იაკობმა იოსების უმცროსი ვაჟი ეფრემი მის უფროს ძმაზე, მენაშეზე მეტად აკურთხა (დბ. 48:13—19).
მამაკაცს ჰქონდა უფლება, ჰყოლოდა ხარჭა. ზოგ ადგილას ბიბლიაში ხარჭა ცოლად მოიხსენიება, ხოლო მამაკაცი, რომელთანაც ის ცხოვრობდა, ქმრად. ხარჭის მამას სიმამრი ეწოდება, ხარჭის ქმარს კი — სიძე (დბ. 16:3; მსჯ. 19:3—5). ხარჭის ვაჟები კანონიერ შვილებად ითვლებოდნენ და ისევე ეკუთვნოდათ მემკვიდრეობა, როგორც ცოლის შვილებს.
ვიდრე შვილები შეეძინებოდა, აბრაამი თავის მემკვიდრედ მსახურ ელიეზერს თვლიდა, მაგრამ იეჰოვამ დაარწმუნა აბრაამი, რომ მისი მემკვიდრე მისი ვაჟი გახდებოდა (დბ. 15:1—4).
კანონის მიცემის შემდეგ. მოსეს კანონით კაცს უფლება არ ჰქონდა ნაკლებად საყვარელი ცოლისგან შეძენილი კანონიერი პირმშოს ნაცვლად საყვარელი ცოლის ვაჟი დაესახელებინა პირმშოდ. ის ვალდებული იყო მემკვიდრეობის ორმაგი წილი პირმშოსთვის მიეცა (კნ. 21:15—17). თუ კაცს ვაჟი არ ჰყავდა, მისი ქონება მემკვიდრეობით ქალიშვილებზე გადადიოდა (რც. 27:6—8; იეს. 17:3—6). თუმცა მემკვიდრე ქალიშვილები მხოლოდ თავისი მამის ტომის საგვარეულოში უნდა გათხოვილიყვნენ, რათა მიწა ტომიდან ტომის საკუთრებაში არ გადასულიყო (რც. 36:6—9). თუ ვინმე უშვილძიროდ მოკვდებოდა, მისი ქონება უნდა გადასცემოდა: 1) მის ძმებს, 2) მამამისის ძმებს ან 3) უახლოეს ნათესავს (რც. 27:9—11). ცოლს ქმრის მემკვიდრეობა არ ერგებოდა. თუ კაცი უშვილოდ მოკვდებოდა, მიწის მეპატრონედ მისი ცოლი ითვლებოდა, ვიდრე მას გამომსყიდველი არ გამოისყიდდა. ამ შემთხვევაში გარდაცვლილის ცოლიც გამომსყიდველის საკუთრება ხდებოდა (რთ. 4:1—12). ლევირატის კანონის თანახმად პირველი შვილი, რომელიც ქალს გამომსყიდველისგან შეეძინებოდა, გარდაცვლილი ქმრის მემკვიდრედ ითვლებოდა და მისი სახელით იწოდებოდა (კნ. 25:5, 6).
სამკვიდროები. ისრაელის ძეებს მიწა მემკვიდრეობით იეჰოვამ მისცა და მოსეს მეშვეობით საზღვრები დაუდგინა (რც. 34:1—12; იეს. 1:4). გადის ძეებს, რეუბენის ძეებსა და მენაშეს ტომის ნახევარს მიწები მოსემ გაუნაწილა (რც. 32:33; იეს. 14:3). დანარჩენმა ტომებმა მემკვიდრეობა წილისყრით მიიღეს იესო ნავეს ძისა და ელეაზარ მღვდლის მითითებით (იეს. 14:1, 2). დაბადების 49:5, 7-ში ჩაწერილი იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ სიმონსა და ლევის მემკვიდრეობად არ მიუღიათ მიწა. სიმონის ტერიტორია იუდას ტომის საზღვრებში მოექცა (იეს. 19:1—9). ლევის ტომს 48 ქალაქი მისცეს ისრაელის სხვადასხვა მხარეში. ვინაიდან ლევიანებს საწმინდარში მსახურება დაევალათ, მათი სამკვიდრო იეჰოვა გახდა. მათ ეძლეოდათ მეათედი, როგორც მემკვიდრეობა იმ მსახურების სანაცვლოდ, რომელსაც ისინი ასრულებდნენ (რც. 18:20, 21; 35:6, 7). ოჯახებს მიწები მათივე ტომების ტერიტორიაზე დაუნაწილეს. ოჯახების ზრდასთან ერთად მიწა უფრო პატარა მონაკვეთებად ნაწილდებოდა.
ვინაიდან თითოეულ ოჯახში მიწა თაობიდან თაობას უნდა გადასცემოდა, მისი სამუდამოდ გაყიდვა იკრძალებოდა. მიწის გაყიდვა დროებით (იჯარით გაცემა) შეიძლებოდა მომდევნო საიუბილეო წლამდე აღებული მოსავლის საფასურად, როცა მთელი მიწა მის თავდაპირველ მფლობელს უბრუნდებოდა, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე მას არავინ გამოისყიდდა (ლვ. 25:13, 15, 23, 24). იგივე კანონი ვრცელდებოდა უგალავნო ქალაქების სახლებზე, რომლებიც მინდვრის ნაწილად იყო მიჩნეული. გალავნიანი ქალაქის სახლების გამოსყიდვა მხოლოდ გაყიდვიდან ერთი წლის მანძილზე შეიძლებოდა, რის შემდეგაც ის მყიდველის საკუთრება ხდებოდა. რაც შეეხება სახლებს ლევიანთა ქალაქებში, ლევიანებს ყოველთვის შეეძლოთ მათი გამოსყიდვა, რადგან მათ სამკვიდრო არ ჰქონდათ (ლვ. 25:29—34).
სამემკვიდრო მიწის სხვისთვის გადაცემის აკრძალვა სერიოზული მოთხოვნა რომ იყო, ამას ნაბოთის თავს გადამხდარი შემთხვევაც ცხადყოფს. ნაბოთმა უარი უთხრა მეფეს ვენახის მიყიდვაზე ან სხვა ვენახში მის გაცვლაზე. მიწის ჩამორთმევის უფლება მეფეს არ ჰქონდა (1მფ. 21:2—6). თუმცა სამკვიდროს ნაწილის მიძღვნა იეჰოვას საწმინდრისთვის შეიძლებოდა. ამ შემთხვევაში ის საწმინდრისა და სამღვდელოების სამუდამო საკუთრება ხდებოდა და გამოსყიდვას არ ექვემდებარებოდა. დასაშვები იყო საწმინდრისთვის ქონების ნაწილის დროებით განწმენდა, რომლის გამოსყიდვა მისი საფასურისთვის მეხუთედის დამატებით შეიძლებოდა. ეს წესი საწმინდარს დანაკარგისგან იცავდა და შემწირველს საწმინდრისა და შეწირული ქონების მიმართ მოწიწებით განმსჭვალავდა. თუ პატრონი განწმენდილ მინდორს სხვა ვინმეს მიჰყიდდა, საიუბილეო წელს ეს მინდორი მიძღვნილი ხდებოდა და ის მის თავდაპირველ მფლობელს აღარ უბრუნდებოდა, არამედ საწმინდრისა და სამღვდელოების საკუთრებად რჩებოდა (ლვ. 27:15—21, 28; იხ. საწმინდარი [ადგილ-მამულის განწმენდა]).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მემკვიდრეობის შესახებ კანონი წერილობითი ანდერძის აუცილებლობას გამორიცხავდა. ფაქტობრივად, ებრაელებს ანდერძის ცნება არ ჰქონდათ. მოძრავ ქონებასაც პატრონი საკუთარი სურვილისამებრ განკარგავდა, სიკვდილის შემდეგ კი ყველაფერს მემკვიდრეობის შესახებ კანონი არეგულირებდა. უძღები შვილის მაგალითში უმცროსი ვაჟი ქონებას მამის სიკვდილამდე იღებს (ლკ. 15:12).
ხალხის სასიკეთოდ მოქმედი კანონი. მემკვიდრეობის გაცემა-მიღების კანონი, აგრეთვე, გამრავლებული ოჯახებისთვის ადგილ-მამულების მცირე ერთეულებად დაყოფა, ოჯახის ერთიანობას უწყობდა ხელს. ისეთ მთაგორიან ქვეყანაში, როგორიც ისრაელი და იუდეა იყო, მიწის ყოველი გოჯი ათვისებული უნდა ყოფილიყო. ბორცვებზე ტერასებს აკეთებდნენ. მწვანეში ჩაფლული არემარე ლამაზი სანახავი იყო. ზეთისხილის, ლეღვის, ფინიკის პალმის ხეებისა და ვაზის ნაყოფით მრავალრიცხოვანი მოსახლეობა საზრდოობდა. საკუთარი მიწა-წყლის ქონა ისრაელის ყველა მკვიდრს მიწას აყვარებდა და შრომის ნაყოფიერების ზრდას ემსახურებოდა. გარდა ამისა, საიუბილეო წელთან დაკავშირებული კანონის მიხედვით ყოველ 50-ე წელს ყველა იბრუნებდა ღვთისგან მიღებულ თავდაპირველ სამკვიდროს. ეს კანონები მდგრადი ეკონომიკის ხელშემწყობიც იყო. თუმცა, როგორც სხვა ნებისმიერი კანონი, მემკვიდრეობის შესახებ კანონიც ხშირად ირღვეოდა.
იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა ისრაელისთვის, რომ ის იყო მათი მიწის მფლობელი. ვინაიდან ღმერთი ისრაელებს ხიზნებად და მდგმურებად თვლიდა, მას შეეძლო ნებისმიერ დროს მათი იმ მიწიდან გაძევება (ლვ. 25:23). ღვთის კანონების არაერთგზის დარღვევის გამო ისინი 70 წელი ბაბილონის უღელქვეშ იყვნენ და ძვ. წ. 537 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც უცხოტომელთაგან ჩაგვრას იტანდნენ. ბოლოს, ახ. წ. 70 წელს რომაელებმა მათ მიწა-წყალი დაატოვებინეს და ათასობით ებრაელი მონად გაყიდეს. დაიკარგა და განადგურდა მათი გენეალოგიური ჩანაწერებიც.
ქრისტიანული მემკვიდრეობა. იესო ქრისტე, როგორც დავითის ძე, დავითის ტახტის მემკვიდრეა (ეს. 9:7; ლკ. 1:32). როგორც ღვთის ძე, ის დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფო ტახტს იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მას იეჰოვამ დაუდო (ფს. 110:4; ლკ. 22:28—30). აქედან გამომდინარე, ქრისტე მემკვიდრეობად იღებს ხალხებს, რათა ბოლო მოუღოს თავის მტრებს და მარადიულად იმეფოს (ფს. 2:6—9).
ქრისტიანული კრების სულითცხებულ წევრებზე ნათქვამია, რომ ისინი ზეციერი მემკვიდრეობის მოზიარენი არიან, როგორც ქრისტეს „ძმები“ (ეფ. 1:14; კლ. 1:12; 1პტ. 1:4, 5). მათ მემკვიდრეობაში დედამიწაც შედის (მთ. 5:5).
ღმერთმა ისრაელი ერი ეგვიპტიდან გაათავისუფლა და თავის საკუთრებად და „მემკვიდრეობად“ აქცია (კნ. 32:9; ფს. 33:12; 74:2; მქ. 7:14). ისრაელი ერი არის პირველსახე სულიერი ისრაელისა, რომელსაც ღმერთი თავის „მემკვიდრეობად“ მიიჩნევს. ისინი ღვთის საკუთრება არიან, ღვთის მიერ თავისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლით გამოსყიდულნი (1პტ. 2:9; 5:2, 3; სქ. 20:28).
იესო ქრისტემ აღნიშნა, რომ ვინც მისი სახელისა და სასიხარულო ცნობის გულისთვის დათმობდა რამეს, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებდა (მთ. 19:29; მრ. 10:29, 30; იხ. პირმშოობა; მაზლის ვალდებულება; პირმშო, პირველმოგებული).