ᲝᲠᲛᲝᲪᲓᲐᲛᲔᲐᲗᲔ ᲓᲦᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ
ამ სახელით მოიხსენიება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში პირველი ნაყოფის აღების დღესასწაული (გმ. 23:16), იგივე კვირების დღესასწაული (გმ. 34:22), რომელიც „პირველი ნაყოფის დღედაც“ იწოდება (რც. 28:26). დღესასწაულის აღსანიშნავად მიცემული მითითებების შესახებ ვკითხულობთ ლევიანების 23:15—21-ში, რიცხვების 28:26—31-სა და მეორე კანონის 16:9—12-ში. ის უნდა აღენიშნათ 16 ნისანიდან ანუ ქერის ძნის შეწირვის დღიდან 50 დღის (ამ დღესასწაულის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა ნიშნავს ორმოცდამეათე [დღეს]) გასვლის შემდეგ (ლვ. 23:15, 16). ებრაული კალენდრით ეს დღე 6 სივანს ემთხვევა. ამ დროისთვის ქერის მკა დასრულებული იყო და დაწყებული იყო ხორბლის მკა, რომელიც ქერზე გვიან შემოდიოდა (გმ. 9:31, 32).
ისრაელებს მკა არ უნდა დაეწყოთ, ვიდრე 16 ნისანს პირველმოწეულ ქერს იეჰოვას არ შესწირავდნენ. კანონის 16:9, 10-ში ასეთი მითითება იყო ჩაწერილი: „იმ დღიდან გადაითვალე შვიდი კვირა, როცა ნამგალი პირველად შეეხება თავთავს. შემდეგ იზეიმე კვირების დღესასწაული იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის“. დღესასწაულზე დასწრება სავალდებულო იყო მამაკაცებისთვის. მათ აგრეთვე მიცემული ჰქონდათ შემდეგი მითითება: „იმხიარულეთ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე შენ, შენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა, შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებმა ლევიანებმა, ხიზნებმა და ქვრივ-ობლებმა, რომლებიც შენთან არიან, იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად“ (კნ. 16:11). პასექი ოჯახურ გარემოში აღინიშნებოდა, მაშინ როცა პირველი ნაყოფის დღესასწაული ანუ ორმოცდამეათე დღის დღესასწაული სახალხო ზეიმი იყო და კარვობის დღესასწაულის მსგავსად მეტი სტუმართმოყვარეობისა და ხელგაშლილობის გამოვლენის შესაძლებლობას იძლეოდა.
ხორბლის მოსავლის პირველნაყოფი ისე არ იწირებოდა, როგორც ქერის პირველნაყოფი. უნდა მოეზილათ ორი მეათედი ეფა (1,9 კგ) წმინდად დაფქული ფქვილი საფუვრით და ორი პური გამოეცხოთ. ისინი „საცხოვრებელი ადგილებიდან“ უნდა მიეტანათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ისეთივე პურები იყო, როგორსაც ყოველ დღე სახლში ჭამდნენ და არა წმინდა დანიშნულებისა (ლვ. 23:17). პურებთან ერთად იწირებოდა დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი, მშვიდობის მსხვერპლად კი ორი მამალი თოხლი. მღვდელი ხელის გულზე იდებდა ორ პურს, დაკლული თოხლების ხორცს და აქეთ-იქით არხევდა იეჰოვას წინაშე, რაც იეჰოვასთვის მსხვერპლის წარდგენას ნიშნავდა. ამის შემდეგ პურებსა და ხორცს მღვდელი ჭამდა როგორც მშვიდობის შესაწირავს (ლვ. 23:18—20).
შესაწირავების ოდნავ განსხვავებულ (თუ არ ჩავთვლით მშვიდობის მსხვერპლს) ჩამონათვალს ვხვდებით რიცხვების 28:27—30-ში. ამ მუხლების თანახმად, მსხვერპლად იწირებოდა შვიდი თოხლი, ორი მოზვერი, ერთი ვერძი და ერთი თიკანი, ხოლო ლევიანების 23:18, 19-ის თანახმად — შვიდი თოხლი, ერთი მოზვერი, ორი ვერძი და ერთი თიკანი. ებრაელი მკვლევრების აზრით, „ლევიანებში“ ნახსენები შესაწირავები შესარხევ პურებთან ერთად იწირებოდა, „რიცხვებში“ ნახსენები შესაწირავები კი — დღესასწაულზე. იმავე ვერსიას გვთავაზობს იოსებ ფლავიუსი. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შესაწირავებს შორის ის ჯერ სამშვიდობო შესაწირავისთვის განკუთვნილ ორ თიკანს მოიხსენიებს, შემდეგ კი ყველა დანარჩენს ერთიანად, კერძოდ, სამ ხბოს, ორ ვერძს (სავარაუდოდ გადამწერმა შეცდომით სამის ნაცვლად ორი ჩაწერა), 14 კრავსა და ორ თიკანს („იუდეველთა სიძველენი“, წ. III, თ. 10, აბზ. 6). ეს დღე წმინდა შეკრების დღე, შაბათი იყო (ლვ. 23:21; რც. 28:26).
ორმოცდამეათე დღის დღესასწაული ქერის მოსავლის აღების ბოლოს აღინიშნებოდა. ეს სამხიარულო დღესასწაული იყო, რადგან ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობის ნიშნად მშვიდობის მსხვერპლი იწირებოდა და ნაწილი მღვდელს ეძლეოდა. ამასთანავე, ცოდვის შესაწირავი ისრაელებს თავიანთ ცოდვებს შეახსენებდა. ამ მსხვერპლით ხალხი ფაქტობრივად პატიებასა და განწმენდას შესთხოვდა ღმერთს. უხვი დასაწვავი შესაწირავით ისრაელი ღვთისადმი მადლიერებასა და მასთან დადებული შეთანხმების დაცვის გულითად სურვილს გამოხატავდა.
ღვთის მიმართ მადლიერების გამოხატვის გარდა ორმოცდამეათე დღის დღესასწაული ხალხს ღარიბ თანამოძმეებზე ზრუნვის შესაძლებლობასაც აძლევდა. დღესასწაულთან დაკავშირებული მითითებების მიცემის შემდეგ, იეჰოვამ ხალხს უთხრა: „როცა მოიმკით მოსავალს თქვენს მიწაზე, სრულად ნუ მომკი შენი მინდვრის ნაპირებს, და რაც მოსავლის აღების დროს დაცვივდება, ნუ აკრეფ; საწყლისთვის და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (ლვ. 23:22). ამგვარად, საწყალი და ღარიბი ღმერთს მადლობას შესწირავდა და სხვებთან ერთად გაიხარებდა დღესასწაულით. ამ დროს ხალხი მოსავლის პირველი ნაყოფიდან ძღვნად სხვა მრავალ შესაწირავსაც მიიტანდა იეჰოვასთვის.
რაბინული ლიტერატურიდან ცნობილი ხდება, რომ ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მოზეიმე ხალხი ჩვეულებრივ დღესასწაულის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ადიოდა იერუსალიმში მოსამზადებლად. საღამოხანს საყვირები დღესასწაულის მოახლოებას იუწყებოდა (რც. 10:10); იწმინდებოდა დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო; შუაღამის დადგომისთანავე ტაძრის კარიბჭეები მღვდლებისთვის იღებოდა, რათა მათ ხალხის მიერ ტაძრის ეზოში მიტანილი დასაწვავი და სამადლობელი შესაწირავი საგულდაგულად შეემოწმებინათ. ბიბლეისტი ალფრედ ედერშაიმი ასე აღწერს ამას: „ვიდრე დილის მსხვერპლშეწირვა დაიწყებოდა, ხალხის მიერ სადღესასწაულოდ მიტანილ დასაწვავ თუ სამშვიდობო შესაწირავს მღვდლები ამოწმებდნენ. შესაწირავი ძალიან ბევრი იყო, დრო კი შეზღუდული, რადგან როგორც კი ხებრონში გარიჟრაჟდებოდა, ყველანაირი სამზადისი წყდებოდა და იწყებოდა დილის მსხვერპლშეწირვა“ (The Temple, 1874, გვ. 228).
დილის შესაწირავის შემდეგ რიცხვების 28:26—30-ში ჩამოთვლილი სადღესასწაულო შესაწირავები მიჰქონდათ, შემდეგ კი ის შესაწირავები, რომლებიც მხოლოდ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იწირებოდა, კერძოდ, შესარხევი პურები შესაბამის საკლავთან ერთად (ლვ. 23:18—20). პურების შერხევის შემდეგ ერთი პური მღვდელმთავარს ერგებოდა, მეორეს კი მღვდლები ინაწილებდნენ.
დღესასწაულის სიმბოლური მნიშვნელობა. სწორედ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოაფინა იესო ქრისტემ იერუსალიმში, ზედა ოთახში შეკრებილ 120 მოწაფეზე წმინდა სული ახ. წ. 33 წელს (სქ. 1:13—15). იესო მკვდრეთით 16 ნისანს აღდგა, იმ დღეს, როცა მღვდელმთავარი ქერის ძნას სწირავდა. იესოში არ იყო „საფუარი“, რაც ცოდვის სიმბოლოა (ებ. 7:26). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესომ, როგორც დიდმა მღვდელმთავარმა თავის მამას, იეჰოვას სხვა სულიერი ძეები, თავისი მიმდევრები წარუდგინა, რომლებიც ცოდვილი კაცობრიობიდან გამოარჩია და რომლებმაც ირწმუნეს მისი გამოსასყიდის ძალა. ღმერთმა თავისი წმინდა სული მოაფინა მათ, რითაც აჩვენა, რომ მოიწონა იესოს მსხვერპლი და მისი მოწაფეები (თუმცაღა ცოდვაში დაბადებულები) სულიერ ძეებად აღიარა. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვას პირველმოწეული მარცვლეულისგან დამზადებულ ორ პურს სწირავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წინასწარმეტყველური პირველსახე ერთზე მეტ ადამიანს შეეხებოდა. ეს შესაძლოა იმაზეც მიუთითებდა, რომ იესო ქრისტეს სულითცხებული მიმდევრები ორი ჯგუფიდან იქნებოდნენ არჩეული: ერთნი წინადაცვეთილი ებრაელებიდან და მეორენი ყველა ერიდან ანუ უცხოტომელებიდან (შდრ. ეფ. 2:13—18).
ტრადიციულად ებრაელები მიიჩნევენ, რომ ორმოცდამეათე დღის დღესასწაული ემთხვევა იმ დღეს, როცა ისრაელმა სინას მთასთან კანონი მიიღო და რჩეული ერი გახდა. ისრაელები მესამე თვის (სივანის) დასაწყისში შეიკრიბნენ სინას მთასთან კანონის მისაღებად (გმ. 19:1). როგორც მოსე გახდა ისრაელებისთვის კანონის შეთანხმების შუამავალი, ისე იესო ქრისტე გახდა სულიერი ისრაელისთვის ახალი შეთანხმების შუამავალი. მოციქული პავლე ამ ორ მოვლენას ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ ქრისტიანები ახალი შეთანხმების საფუძველზე უახლოვდებიან უფრო დიდებულ „სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს — ზეციერ იერუსალიმს“ (ებ. 12:18—24; შდრ. გმც. 14:1—5).
იესომ ახალი შეთანხმების შესახებ მოწაფეებს თავის ბოლო პასექზე ამცნო და ზეცად ამაღლებამდე დაუბარა, რომ იერუსალიმში დალოდებოდნენ დაპირებულ წმინდა სულს. მოგვიანებით პეტრე მოციქულმა მომხდარი ასე ახსნა: „რადგანაც ის [იესო] ღვთის მარჯვნივ ამაღლდა და აღთქმული წმინდა სული მიიღო მამისგან, გადმოგვაფრქვია ის, რასაც ხედავთ და ისმენთ“ (ლკ. 22:20; სქ. 2:33). იერუსალიმში შეკრებილი იესოს 120 მოწაფე სასწაულებრივად ალაპარაკდა სხვადასხვა ენაზე, რაც მათზე ღვთის სულის გადმოსვლის ნიშანი იყო. ასე რომ, ებრაელებსა და რომის იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ პროზელიტებს მათთვის გასაგებ ენაზე ესმოდათ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (სქ. 2:7—11). ამ დროს პეტრემ პირველად იქადაგა მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით ნათლობაზე, რაც მათეს 28:19-ის თანახმად იესოს ჰქონდა მათთვის დაბარებული (სქ. 2:21, 36, 38, 39). იესომ ახალი შეთანხმების შუამავლის როლი შეასრულა თავისი მიმდევრებისთვის, ვინაიდან ზეცაში თავისი მსხვერპლის საფასური წარუდგინა ღმერთს (ებ. 9:15—26).
120 მოწაფე, იმ დღეს მათ რიცხვს შემატებული 3 000 მოწაფე (სქ. 2:41) და მოგვიანებით სხვები არ ყოფილან პირველმოწეულთაგან პირველები, ვინაიდან თავად იესო ქრისტე იყო პირველი ნაყოფი, რომელიც ახ. წ. 33 წლის 16 ნისანს აღდგა (1კრ. 15:23), იმ დღეს, როცა ქერის ძნებს არხევდნენ იეჰოვას წინაშე. ქრისტეს მიმდევრები მეორე მოსავალს, ხორბლის პირველ ნაყოფს განასახიერებენ. ისინი „ერთგვარი პირველი ნაყოფი“ არიან (იაკ. 1:18). ისინი ღვთის ახალი ერი, „რჩეული მოდგმა სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ არიან (1პტ. 2:9).