იეჰოვასადმი თაყვანისცემის სათანადო ადგილი შენს ცხოვრებაში
„ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმუნი 144:2).
1. თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით, რას მოითხოვს იეჰოვა?
„მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ“ (გამოსვლა 20:5, აქ). ეს სიტყვები მოისმინა მოსემ იეჰოვასგან და მოგვიანებით გაიმეორა, როდესაც ისრაელ ერს მიმართა (მეორე რჯული 5:9, აქ). უეჭველია, მოსემ იცოდა, რომ იეჰოვა ღმერთი თავისი მსახურებისგან მოითხოვდა განსაკუთრებულ ერთგულებას.
2, 3. ა) რა გავლენა მოახდინეს ისრაელებზე სინაის მთის მახლობლად მომხდარმა არაჩვეულებრივმა მოვლენებმა? ბ) რა საკითხები უნდა განვიხილოთ ისრაელებსა და ღმერთის დღევანდელ თაყვანისმცემლებთან დაკავშირებით?
2 ისრაელები სინაის მთის მახლობლად დაბანაკდნენ, მათ თან ახლდათ „უამრავი ჭრელი ხალხი“, რომლებმაც ისრაელებთან ერთად დატოვეს ეგვიპტე, მოგვიანებით ისინი არაჩვეულებრივი მოვლენების მოწმეები გახდნენ (გამოსვლა 12:38). ეს მოვლენები არ ჰგავდა ეგვიპტელთა ღვთაებების მიმართ თაყვანისცემას, რომლებიც იმჟამად უკვე დამცირებული იყვნენ ათი ჭირით, ანუ სასჯელით. როდესაც იეჰოვამ ცხადი გახადა მოსესთვის თავისი თანდასწრება, შიშის მომგვრელ მოვლენებს ჰქონდა ადგილი: იყო ქუხილი, ელვა და საყვირის გამაყრუებელი ხმა, მთელი ბანაკი შიშით ცახცახებდა. შემდეგ მთამ ზანზარი დაიწყო და ცეცხლის ალსა და კვამლში გაეხვია (გამოსვლა 19:16–20; ებრაელთა 12:18–21). თუ ისრაელი ერის რომელიმე წარმომადგენელს კიდევ ესაჭიროებოდა იმის მტკიცება, რომ რაც ხდებოდა, არაჩვეულებრივი მოვლენა იყო, კიდევ გახდებოდა უჩვეულო მოვლენის მოწმე. ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც მეორედ მიიღო ღმერთისგან რჯული, მოსე დაბრუნდა მთიდან. ღვთის მიერ შთაგონებულ ცნობაში ნათქვამია: „ბრწყინავდა მისი [მოსეს] პირისკანი და ვერ გაბედეს მიახლოება“. ნამდვილად, ეს იყო დაუვიწყარი, ზეადამიანური მოვლენა! (გამოსვლა 34:30).
3 ღმერთის ერისთვის იმ დროს არ იყო გაურკვეველი, თუ რა ადგილი ეკავა იეჰოვასადმი თაყვანისცემას მათ ცხოვრებაში. იეჰოვა იყო მათი მხსნელი. ისინი საკუთარი სიცოცხლით იყვნენ მის წინაშე დავალებული. იეჰოვა ასევე მათი რჯულმდებელი იყო. მაგრამ ეკავა თუ არა იეჰოვასადმი თაყვანისცემას პირველი ადგილი მათ ცხოვრებაში? რა შეიძლება ითქვას ღმერთის დღევანდელ მსახურებზე? რა ადგილი უჭირავს იეჰოვასადმი თაყვანისცემას დღევანდელი მსახურების ცხოვრებაში? (რომაელთა 15:4).
იეჰოვას თაყვანისმცემელი ისრაელები
4. როგორ იყო ისრაელთა ბანაკი უდაბნოში ხეტიალის დროს განლაგებული და რა იყო ბანაკის ცენტრში აღმართული?
4 უდაბნოში დაბანაკებული ისრაელებისთვის ზემოდან რომ გადმოგეხედა, როგორი ხედი გადაგეშლებოდა თვალწინ? თვალუწვდენელ ტერიტორიაზე წესრიგით, მწყობრად გადაჭიმული კარვები, რომლებიც დაახლოებით სამი მილიონი ან, შესაძლოა, უფრო მეტი ადამიანის საცხოვრებელი იყო; ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით ისინი სამ-სამ ტომად იყვნენ დანაწილებული. უფრო დაკვირვებით თუ დაათვალიერებდი ბანაკს, ასევე შენიშნავდი სხვა ჯგუფებსაც ბანაკის შუაგულთან ახლოს. აქ, კარვების შედარებით პატარა ჯგუფებში, ცხოვრობდა ლევის ტომი. ბანაკის ცენტრში, რომელიც გამოყოფილი იყო ნაჭრის კედლით, იყო სწორუპოვარი ნაგებობა. ეს იყო „სადღესასწაულო კარავი“, რომელიც ‘გულბრძენმა’ ისრაელებმა ააგეს იეჰოვას გეგმის მიხედვით (რიცხვნი 1:52, 53; 2:3, 10, 17, 18, 25; გამოსვლა 35:10).
5. რა მიზანს ემსახურებოდა ისრაელში კარავი?
5 უდაბნოში ხეტიალის დროს ყოველი დაბანაკებისას, რაც 40-ჯერ მოხდა, ისრაელები ყოველთვის აღმართავდნენ კარავს, რომელიც ბანაკის ცენტრი ხდებოდა (რიცხვნი, თავი 33). ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვა დავანებული იყო თავისი ხალხის ბანაკის ცენტრში. კარავი მისი დიდებით იყო აღსავსე (გამოსვლა 29:44–47; 40:34; რიცხვნი 5:3; 11:20; 16:3). წიგნი „ჩვენი თანამედროვე ბიბლია“ (Our Living Bible) აღნიშნავს: „წმიდათა წმიდას, რომელსაც თან დაატარებდნენ, ენიჭებოდა უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ის რელიგიური ერთიანობის ცენტრს წარმოადგენდა ტომებისთვის. ის აერთიანებდა მათ უდაბნოში ხეტიალის მრავალი წლის განმავლობაში და ტომების საქმიანობის შეთანხმებაში დიდი როლი ითამაშა“. და კიდევ, კარავი გამუდმებით შეახსენებდა ისრაელებს, რომ მათ ცხოვრებაში მთავარი ადგილი შემოქმედისადმი თაყვანისცემას ეჭირა.
6, 7. თაყვანისმცემლობისთვის რომელმა ნაგებობამ შეცვალა კარავი და რა მიზანს ემსახურებოდა ისრაელი ერისთვის?
6 მას შემდეგ, რაც ისრაელებმა დაიმკვიდრეს აღთქმული მიწა, კარავი კვლავ მათი თაყვანისცემის ცენტრი იყო (იესო ნავეს ძე 18:1; პირველი მეფეთა 1:3). დროთა განმავლობაში დავითმა დაგეგმა მუდმივი შენობის მშენებლობა. ეს იყო ტაძარი, რომელიც მოგვიანებით მისმა ძემ, სოლომონმა, ააშენა (მეორე მეფეთა 7:1–10). ტაძრის საზეიმო გახსნის დროს ღრუბელი ჩამოწვა, რამაც ცხადყო, რომ იეჰოვამ მოიწონა შენობა. „სახლი აგიშენე სავანედ შენდა, — ლოცულობდა სოლომონი, — სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებელად“ (მესამე მეფეთა 8:12, 13; მეორე ნეშტთა 6:2). ახლად აშენებული ტაძარი ერთგული ერის თაყვანისცემის ცენტრი გახდა.
7 წელიწადში სამჯერ, ყველა ისრაელი მამაკაცი ადიოდა იერუსალიმში, რომ დასწრებოდა ტაძარში სასიხარულო დღესასწაულს და ამით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ღმერთის კურთხევას. ამ შეკრებებს სათანადოდ ეწოდა „საუფლო დღესასწაულები“, რითაც ყურადღება მახვილდებოდა ღმერთის თაყვანისმცემლობაზე (ლევიანნი 23:2, 4). ამ დღესასწაულს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ერთგული ქალებიც ესწრებოდნენ (პირველი მეფეთა 1:3–7; ლუკა 2:41–44).
8. როგორ ადასტურებს ფსალმუნის 83:2–13-ში ჩაწერილი სიტყვები იეჰოვასადმი თაყვანისცემის მნიშვნელობას?
8 ღმერთის მიერ შთაგონებული ფსალმუნმომღერლები აღიარებდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მათ ცხოვრებაში თაყვანისცემას. „რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!“ — მღეროდნენ კორახის ძენი. ისინი არსებულ ნაგებობას არ ასხამდნენ ხოტბას. პირიქით, ისინი მღეროდნენ, რომ განედიდებინათ იეჰოვა ღმერთი: „გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს“. ლევიანებისთვის უდიდეს ბედნიერებას წარმოადგენდა იეჰოვასადმი მსახურება. „ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი, — მღეროდნენ ისინი, — მარადჟამს გადიდებენ შენ“. ისრაელები მღეროდნენ: „ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათ გულში. . . ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში“. მართალია, ისრაელების გამგზავრება იერუსალიმში დიდ დროს მოითხოვდა და ამასთანავე, მგზავრობა დამღლელიც იყო, მაგრამ როდესაც დედაქალაქში შედიოდნენ, დაღლას აღარ გრძნობდნენ. მათი გულები სიხარულით ივსებოდა, რადგან აფასებდნენ იეჰოვასადმი თაყვანისცემის უპირატესობას: „რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას. . . უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი“. ეს გამოთქმები ცხადყოფს იმას, თუ რაოდენ დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ ისრაელები იეჰოვასადმი თაყვანისცემას (ფსალმუნი 83:2–13).
9. რა დაემართა ისრაელს, როდესაც იეჰოვასადმი თაყვანისცემას აღარ აყენებდნენ პირველ ადგილზე?
9 სამწუხაროდ, მოგვიანებით ისრაელები პირველ ადგილზე აღარ აყენებდნენ ჭეშმარიტ თაყვანისცემას. მათ დაიწყეს ცრუ ღმერთებისადმი თაყვანისცემა, რითაც ძირს უთხრიდნენ იეჰოვას მიმართ ერთგულებას. ამიტომ დატოვა იეჰოვამ ისინი მტრებს შორის, დაუშვა რომ ბაბილონელთა ტყვეობაში ჩავარდნილიყვნენ. როდესაც 70 წლის შემდეგ ისრაელები დაბრუნდნენ სამშობლოში, იეჰოვამ მათ მისცა გამამხნევებელი შეგონება ერთგულ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, რომლებიც იყვნენ: ანგია, ზაქარია და მალაქია. მღვდელმა ეზრამ და გამგებელმა ნეემიამ მოუწოდეს ხალხს, რომ აღედგინათ ტაძარი და განეახლებინათ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. განვლო საუკუნეებმა და ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლობამ კვლავ მეორეხარისხოვანი ადგილი დაიკავა ერში.
გულმოდგინება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის პირველ საუკუნეში
10, 11. დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს რა ადგილი ეკავა იეჰოვასადმი თაყვანისცემას ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში?
10 იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს გამოჩნდა მესია. იეჰოვასგან ხსნას მოელოდნენ ერთგული ადამიანები (ლუკა 2:25; 3:15). ლუკას სახარება ხაზგასმით აღწერს 84 წლის ქვრივს, ანას, „რომელიც არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა ღამით და დღისით“ (ლუკა 2:37).
11 „ჩემი საჭმელია, — თქვა იესომ, — ვქმნა ჩემი წარმომგზავნელის ნება და დავასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). გაიხსენე, როგორ მოიქცა იესო, როდესაც ტაძარში დაინახა ფულის გადამცვლელები. მან გადააყირავა მტრედებით მოვაჭრეების მაგიდები და სკამები. მარკოზი წერს: „[იესო] არა რთავდა ნებას, რომ ვინმეს გაეტანა, რაიმე საგანი ტაძრის გავლით. ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: განა არ არის დაწერილი: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისათვის? თქვენ კი ავაზაკთა გამოქვაბულად გადააქციეთ“ (მარკოზი 11:15–17). დიახ, იესო არავის რთავდა ნებას, გზის შემოკლების მიზნით გადაეჭრა ტაძრის შიდა ეზო, რომ ქალაქის მეორე მხარეს გადაეტანა რაიმე საგანი. იესოს მოქმედებამ ხაზგასმით გამოკვეთა ის რჩევა, რომელიც ადრევე თქვა: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე“ (მათე 6:33). იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, რადგან ის იეჰოვას მიმართ განსაკუთრებულ ერთგულებას ამჟღავნებდა. ის ჭეშმარიტად ცხოვრობდა იმის შესაბამისად, რასაც ქადაგებდა (1 პეტრე 2:21).
12. როგორ ცხადყვეს იესოს მოწაფეებმა, რომ პრიორიტეტს ანიჭებდნენ იეჰოვასადმი თაყვანისცემას?
12 იმით, რომ ცრუ რელიგიური რიტუალების უღლიდან ათავისუფლებდა ჩაგრულ, მაგრამ ერთგულ ებრაელებს, იესომ თავის მოწაფეებს მისაბაძი მაგალითი დაუტოვა (ლუკა 4:18). ძველი დროის ქრისტიანებს ახსოვდათ იესოს სიტყვები, რომ მოწაფეებად უნდა გაეხადათ და მოენათლათ ადამიანები, ისინი გაბედულად ქადაგებდნენ იეჰოვას ნებას, რომელიც შეეხებოდა მკვდრეთით აღმდგარ უფალს. იეჰოვას თვალში ისინი მოწონებას იმსახურებდნენ, რადგან თავიანთ ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებდნენ თაყვანისმცემლობას. ამგვარად, იეჰოვას ანგელოზმა სასწაულით გაათავისუფლა პეტრე და იოანე მოციქულები პატიმრობიდან და დაარიგა ისინი: „წადით, დადექით ტაძარში და უთხარით ხალხს ყველა სიტყვა ამ სიცოცხლისა“. ახალი ძალებით აღვსილი პეტრე და იოანე დაემორჩილნენ. ორივე ‘ყოველდღე შეუწყვეტლად ასწავლიდა და ახარებდა [იერუსალიმის] ტაძარში და კარდაკარ ქრისტე იესოს’ (საქმე 1:8; 4:29, 30; 5:20, 42; მათე 28:19, 20).
13, 14. ა) რას ცდილობდა სატანა ადრინდელი ქრისტიანების დროიდან ღმერთის მსახურების საწინააღმდეგოდ? ბ) რისი კეთება გააგრძელეს ღმერთის ერთგულმა მსახურებმა?
13 რადგან მათ ქადაგებას უფრო და უფრო ეწინააღმდეგებოდნენ, ღმერთმა უხელმძღვანელა თავის ერთგულ მსახურებს, რომ წერილებში ჩაეწერათ დროული რჩევა. „თქვენი ყველა საზრუნავი მას [იეჰოვას] დააკისრეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ — წერდა პეტრე ახალი წელთაღრიცხვით 60-იანი წლების დასაწყისში. „იყავით ფხიზელნი, მღვიძარენი, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. წინააღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც ხვდებათ ქვეყნიერებაზე“. უეჭველია, ადრინდელი ქრისტიანებისთვის მანუგეშებელი იქნებოდა ეს სიტყვები. მათ იცოდნენ, რომ მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ ღმერთი დაასრულებდა მათ წვრთნას (1 პეტრე 5:7–10). იუდეველთა სისტემის ბოლო დღეებში გაძლიერდა და აღორძინდა ჭეშმარიტი ქრისტიანების მიერ იეჰოვასადმი სიყვარულით აღსავსე თაყვანისცემა (კოლასელთა 1:23).
14 როგორც პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა, იქნებოდა განდგომილება, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გამრუდება (საქმე 20:29, 30; 2 თესალონიკელთა 2:3). ეს პირველი საუკუნის ბოლო ათწლეულებმა ცხადყო (1 იოანე 2:18, 19). სატანა წარმატებით თესავდა ცრუ ქრისტიანებს ჭეშმარიტ ქრისტიანთა შორის და ძნელი გასარჩევი ხდებოდა ერთმანეთისგან „ღვარძლი“ და ხორბალს შედარებული ქრისტიანები. განვლო საუკუნეებმა და ზოგიერთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაინც პირველ ადგილზე აყენებდა ღმერთისადმი თაყვანისცემას. მაგრამ ‘წარმართთა დროის’ ბოლო ათწლეულებში ღმერთმა კვლავ შეაგროვა თავისი მსახურები, რომ აეღორძინებინათ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა (მათე 13:24–30, 36–43; ლუკა 21:24).
იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის აღორძინება დღეს
15. როგორ შესრულდა 1919 წლიდან წინასწარმეტყველება, რომელიც ჩაწერილია ესაიას 2:2–4-სა და მიქას 4:1–4-ში?
15 იეჰოვას მიერ გაძლიერებულმა ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა 1919 წელს მსოფლიო მასშტაბით წამოიწყო დამოწმების ღონისძიება, რითაც ჭეშმარიტი ღმერთისადმი თაყვანისმცემლობამ წინ წაიწია. 1935 წლიდან მათ შეუერთდნენ სიმბოლური ‘სხვა ცხვრებიც’ და ხალხის ეს ნაკადი, რომელიც სულიერად მიედინება ‘უფლის [იეჰოვას, აქ] სახლის მთისკენ’ უფრო და უფრო იზრდება. იეჰოვას 4 709 889 მოწმემ 1993 სამსახურებრივი წლის განმავლობაში განადიდა იეჰოვა იმით, რომ მრავალი ადამიანი მოიწვია იეჰოვასადმი აღორძინებულ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მისაღებად. რაოდენ განსხვავდება ეს სულიერად უვარგისი ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელის სექტანტთა ‘გორაკებისგან’, რაც განსაკუთრებით ქრისტიანულ სამყაროში აღინიშნება! (იოანე 10:16; ესაია 2:2–4; მიქა 4:1–4).
16. რა უნდა აკეთონ ღმერთის მსახურებმა იმის თანახმად, რაც ნაწინასწარმეტყველებია ესაიას 2:10–22-ში?
16 ცრუ რელიგიის მიმდევრები თავიანთ ეკლესიებსა და საყდრებს, თვით თავიანთ სამღვდელოებასაც კი, მიიჩნევენ, როგორც „აღმატებულს“, მიაწერენ დიდებულ წოდებებსა და ღირსებებს. მაგრამ ყურადღება მიაქციე იმას, რაც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!“ როდის მოხდება ეს? დიდი ჭირის განმავლობაში, რომელიც სწრაფად გვიახლოვდება, „ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება“. თუკი გვახსოვს შიშის მომგვრელი დროის მოახლოებული საფრთხე, ღმერთის ყველა მსახურს გვესაჭიროება სერიოზულად შევამოწმოთ, თუ რა ადგილი უჭირავს იეჰოვასადმი თაყვანისცემას ჩვენს ცხოვრებაში (ესაია 2:10–22).
17. ამჟამად როგორ ცხადყოფენ იეჰოვას მსახურები, რომ უპირატესობას ანიჭებენ იეჰოვასადმი თაყვანისცემას?
17 იეჰოვას მოწმეები, როგორც საერთაშორისო ძმობა, კარგად არიან ცნობილი სამეფოს შესახებ გულმოდგინე ქადაგებით. მათი თაყვანისცემა არ არის მხოლოდ რელიგიურობის ნიშანი, რომელიც კვირაში ერთი საათით შემოიფარგლება. მათ მთელი სიცოცხლე მიუძღვნეს იეჰოვას (ფსალმუნი 144:2). ფაქტია, რომ 1993 წელს 620 000-ზე მეტმა მოწმემ ისე მოაწყო თავისი საქმეები, რომ ქრისტიანულ მსახურებაში სრული დროით მიეღო მონაწილეობა. რასაკვირველია, არც დანარჩენები უგულებელყოფენ იეჰოვასადმი თაყვანისცემას. ეს განსაკუთრებით ჩანს მათ ყოველდღიურ საუბრებსა და საჯარო ქადაგებაში, ისეთ შემთხვევებშიც კი, თუ ოჯახური მოვალეობა მათგან მოითხოვს მძიმე მუშაობას ქვეყნიურ სამსახურში.
18, 19. იეჰოვას მოწმეთა ცხოვრების ისტორიებიდან მოჰყევი ის მაგალითები, რომელთა წაკითხვამაც გაგამხნევა.
18 იეჰოვას მოწმეთა ცხოვრების ისტორიები, რომლებიც „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა, ნათლად გვაგებინებს, თუ როგორ ეკავა პირველი ადგილი სხვადასხვა დებისა და ძმების ცხოვრებაში იეჰოვასადმი თაყვანისცემას. ერთ-ერთმა ახალგაზრდა დამ, რომელმაც ექვსი წლის ასაკში მიუძღვნა საკუთარი სიცოცხლე იეჰოვას, მიზნად დაისახა მისიონერობა. თქვენ, ახალგაზრდა ძმებო და დებო, რა დაისახეთ მიზნად, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე დააყენოთ იეჰოვასადმი თაყვანისცემა? (იხილე სტატია: „ექვსი წლის ასაკში დასახული მიზნისკენ სწრაფვა“, რომელიც დაიბეჭდა 1992 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 26–30, [ინგლ.] ).
19 ასაკოვანმა ქვრივმა დამ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა იმით, რომ იეჰოვასადმი თაყვანისცემას სათანადო ადგილი დაუთმო. მან დიდი გამხნევება მიიღო იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ერთ დროს ჭეშმარიტების შესწავლაში დაეხმარა. ისინი იყვნენ მისი „ოჯახის წევრები“ (მარკოზი 3:31–35). თუ შენც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები, მიიღებ თუ არა მხარდაჭერასა და დახმარებას კრების წევრისაგან, რომელიც შენზე უმცროსია? (ყურადღება მიაქციე გეთაყვა იმას, თუ რას ჰყვებოდა უინიფრედ რემი თავის ისტორიაში: „მკის დროს მეც გამოვეხმაურე“, რომელიც დაიბეჭდა „საგუშაგო კოშკის“ 1992 წლის 1 ივლისის გამოცემაში, გვერდები 21–23, [ინგლ.] ). თქვენ, სრული დროით მსახურებო, დაამტკიცეთ რომ იეჰოვასადმი თაყვანისცემას ნამდვილად პირველი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში, თავმდაბლურად იმსახურეთ იქ, სადაც დაინიშნებით და იყავით მზად დაემორჩილოთ თეოკრატიულ მითითებებს (ყურადღება მიაქციე, გეთაყვა, ძმა როი რაიენის მაგალითს, რომლის შესახებაც მოგვითხრობს სტატია: „ნუ ჩამოშორდები ღმერთის ორგანიზაციას“, 1991 წლის „საგუშაგო კოშკი“, 1 დეკემბერი, გვერდები 24–27, [ინგლ.] ). გახსოვდეს, როდესაც უპირატესობას ვანიჭებთ იეჰოვასადმი თაყვანისცემას, დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე. არ უნდა ვშფოთავდეთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ ცხოვრების მოთხოვნილებები. დების, ოლევ და სონია სპრინგეიტების ცხოვრება ნათელყოფს ამას (იხილე სტატია „უპირველესად ღმერთის სამეფოს ვეძებდით“, 1994 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 20–25, [ინგლ.] ).
20. რა დროული შეკითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
20 ნუთუ პირადად არ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ღრმა მნიშვნელობის მქონე კითხვა? რა ადგილი უკავია იეჰოვასადმი თაყვანისცემას ჩემს ცხოვრებაში? შეესაბამება თუ არა ჩემი ცხოვრება ღმერთისადმი მიძღვნას და ვაკეთებ თუ არა ყოველივე საუკეთესოს, რაც შემიძლია, რომ შევასრულო ღმერთის ნება? ცხოვრების რომელი სფერო შემიძლია გავაუმჯობესო? შემდგომი სტატიის ყურადღებიანი განხილვა მოგვცემს შესაძლებლობას ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მატერიალური სახსრები, რომ ვიცხოვროთ ჩვენს მიერ არჩეული უპირატესობის თანახმად — რაც არის ჩვენი მოსიყვარულე მამის, უზენაესი უფლის, იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა (ეკლესიასტე 12:13; 2 კორინთელთა 13:5).
კითხვები გასამეორებლად
◻ თაყვანისცემასთან დაკავშირებით, რას მოითხოვს იეჰოვა?
◻ რას შეახსენებდა ისრაელებს კარავი?
◻ ვინ იყვნენ გულმოდგინების შესანიშნავი მაგალითები ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში და როგორ?
◻ როგორ აღორძინდა 1919 წლიდან იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა?