წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
1—7 ნოემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | იესო ნავეს ძე 18, 19
იეჰოვა თავის ერს სამკვიდრო მიწებს უნაწილებს
it „საზღვარი“
ისრაელში სამკვიდროებს წილისყრით და ტომის სიდიდის მიხედვით ანაწილებდნენ. წილისყრის დროს იმ მიწის მიახლოებითი ადგილმდებარეობა დგინდებოდა, რომელსაც ისრაელის ტომები დაიმკვიდრებდნენ. მაგალითად, ირკვეოდა, რომელი მხარე ერგებოდა ამა თუ იმ ტომს: ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი; გარდა ამისა, დგინდებოდა, დაბლობს დაიმკვიდრებდნენ თუ მთიან რეგიონს. სამკვიდროსთვის წილისყრა იეჰოვამ დააწესა, რაც ისრაელ ტომებს შურისა და დავისგან იცავდა (იგ. 16:33). ამგვარად, ღმერთმა იზრუნა, რომ მოვლენები იმ წინასწარმეტყველების მიხედვით წარმართულიყო, რომელიც ღვთივშთაგონებით სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა წარმოთქვა. ამის შესახებ დაბადების 49:1—33-ში ვკითხულობთ.
it „საზღვარი“
მას შემდეგ, რაც ტომებს მხარეებს დაუნაწილებდნენ, ტერიტორიის ფართობი აუცილებლად ტომის სიდიდის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო. „მიწა შტოებმა წილისყრით დაინაწილეთ. დიდმა შტომ დიდი სამკვიდრო მიიღოს და პატარამ — პატარა. ვისაც სად შეხვდება წილისყრით მიწა, იქ დამკვიდრდეს. მიწა თქვენ-თქვენი ტომების მიხედვით დაინაწილეთ“ (რც. 33:54). წილისყრით განაწილებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არ იცვლებოდა, თუმცა ტერიტორიის ფართობი შეიძლება ტომების სიდიდის მიხედვით შეცვლილიყო. მაგალითად, როცა გაირკვა, რომ იუდას კუთვნილი წილი ძალიან დიდი იყო, ტერიტორია სიმონის ტომს გაუნაწილეს (იეს. 19:9).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „საზღვარი“
იორდანის დასავლეთით არსებული მიწები თავდაპირველად წილისყრით ერგოთ იუდასა და იოსების (ეფრემი) ტომებს, აგრეთვე მენაშეს ტომის მეორე ნახევარს (იეს. 15:1—63; იეს. 16:1—10; იეს. 17:1—13). ბიბლიის ამ მონაკვეთში ჩამოთვლილია მათი კუთვნილი ქალაქები და მითითებულია საზღვრები. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ზემოხსენებულმა ტომებმა დაიმკვიდრეს თავიანთი მიწები, ისრაელებმა შეწყვიტეს იეჰოვას მიერ გამოყოფილი სამკვიდროების დაუფლება, რადგან, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მთელმა ისრაელმა გილგალიდან შილოში გადაინაცვლა (იეს. 14:6; 18:1). ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენ ხანს აჭიანურებდა ისრაელის შვიდი ტომი კუთვნილი მიწების დაპატრონებას, მაგრამ ფაქტია, იესო ნავეს ძემ უსაყვედურა მათ ამის გამო (იეს. 18:2, 3). ისრაელების ამგვარი საქციელი შეიძლება რამდენიმე მიზეზით აიხსნას. ზოგი ბიბლეისტის აზრით, ისინი არ ჩქარობდნენ დარჩენილი მიწების დაპყრობას, რადგან დაპყრობილი ქალაქებიდან უკვე დიდძალი ნადავლი ჰქონდათ მოპოვებული. გარდა ამისა, შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ ქანაანელები მათთვის დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ფეხს ითრევდნენ, შეიძლება ის ყოფილიყო, რომ აღარ სურდათ ძლიერ მტერთან შებმა (იეს. 13:1—7). ისრაელების ასეთი დამოკიდებულება შეიძლება იმითაც იყო განპირობებული, რომ დასაპყრობი მიწების შესახებ მათ ბევრად მწირი ინფორმაცია ჰქონდათ.
8—14 ნოემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | იესო ნავეს ძე 20—22
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ქანაანი“
მართალია, ისრაელებმა სრულად ვერ დაიპყრეს ქანაანის მიწა და ვერც ყველა მკვიდრი დაიმორჩილეს, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვამ თავის ხალხს „მთელი მიწა მისცა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას ფიცით აღუთქვა“. მან „ისინი ყოველი მხრიდან მოასვენა“ და „არცერთი დანაპირები არ გამტყუნებულა, რომელიც იეჰოვამ ისრაელს მის სასიკეთოდ მისცა, ყველაფერი შესრულდა“ (იეს. 21:43—45). ისრაელის გარშემო მცხოვრებ ხალხებს ეშინოდათ მათი და ერისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ღმერთს ნათქვამი ჰქონდა, რომ ნელ-ნელა განდევნიდა ქანაანელებს, რათა მიწა არ გაუკაცრიელებულიყო და მხეცები არ მომრავლებულიყვნენ (გმ. 23:29, 30; კნ. 7:22). მართალია, ქანაანელებს უკეთესი საომარი აღჭურვილობა ჰქონდათ, მაგალითად, ჰყავდათ ცელიანი ეტლები, მაგრამ დამარცხების შემთხვევაში ისრაელები იეჰოვას ვერ დაადანაშაულებდნენ სიტყვის გატეხვაში (იეს. 17:16—18; მსჯ. 4:13), რადგან როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, მათი დამარცხების მიზეზი ყოველთვის მათი ორგულობა იყო (რც. 14:44, 45; იეს. 7:1—12).