რეალურია თქვენთვის ღმერთი?
ადვილად მიმართავ ღმერთს ლოცვით, როდესაც პრობლემებს ხვდები? თუ დიახ, გრძნობ რომ რეალურ პიროვნებას ესაუბრები?
მამამისის შესახებ იესო ქრისტემ თქვა: „ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი“ (იოანე 7:28). დიახ, იეჰოვა ღმერთი რეალურია და მისადმი ლოცვა ახლო მეგობრისთვის დახმარების ან რჩევისთვის მიმართვას ჰგავს. ღმერთმა რომ მოგვისმინოს და ჩვენი ლოცვები მისთვის მისაღები იყოს, ისინი ბიბლიურ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, ჩვენ თავმდაბლურად უნდა მივუახლოვდეთ ‘ლოცვის მომსმენს’ მისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით (ფსალმუნი 64:3; 137:6; იოანე 14:6).
ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ, რადგანაც ღმერთი უხილავია, არ არის პიროვნება. მათ ღმერთი აბსტრაქტულად მიაჩნიათ. ზოგი ქრისტიანისთვისაც კი, ვინც გაეცნო ღვთის მშვენიერ თვისებებს, დროდადრო რთულია შეიგნოს, თუ რამდენად რეალურია ის. შენც იმავეს ხომ არ გრძნობ? თუ დიახ, რა დაგეხმარება, რომ იეჰოვა ღმერთი რეალური გახდეს შენთვის?
შეისწავლე საღვთო წერილი
რეგულარულად სწავლობ საღვთო წერილს? რაც უფრო ხშირად და ინტენსიურად შეისწავლი ბიბლიას, მით უფრო რეალური იქნება იეჰოვა ღმერთი შენთვის. ამგვარად, შენი რწმენა უფრო ძლიერი გახდება და საშუალებას მოგცემს, ‘უხილავი დაინახო’ (ებრაელთა 11:6, 27). მეორე მხრივ, ბიბლიის იშვიათმა და არარეგულარულმა შესწავლამ, საეჭვოა, დიდი ზეგავლენა მოახდინოს შენს რწმენაზე.
მაგალითად, წარმოიდგინე, რომ ექიმმა გირჩია, ხშირი გამონაყარის მოსაცილებლად გარკვეული მალამო გამოიყენო დღეში ორჯერ. გაგიქრება გამონაყარი, თუ მალამოს თვეში ერთხელ ან ორჯერ წაისვამ? საეჭვოა. მსგავსად ამისა, ფსალმუნმომღერალი გვაძლევს სულიერი ჯანმრთელობის „რეცეპტს“. იკითხე ღვთის სიტყვა ხმადაბლა „დღედაღამ“ (ფსალმუნი 1:1, 2). მუდმივი სარგებლობა რომ მივიღოთ, ამ „რეცეპტის“ მიხედვით უნდა მოვიქცეთ — ქრისტიანული პუბლიკაციების გამოყენებით ყოველდღე განვიხილოთ ღვთის სიტყვა (იესო ნავეს ძე 1:8).
გსურს, რომ პირადმა შესწავლებმა მეტად გაგიძლიეროს რწმენა? აი, ერთი რჩევა: მას შემდეგ, რაც წაიკითხავ ერთ თავს ბიბლიიდან, რომელშიც მითითებულია პარალელური მუხლები, აღნიშნე შენთვის საინტერესო მუხლი და წაიკითხე მისი პარალელური ადგილებიც. ეს უფრო საინტერესოს გახდის შესწავლას და, ეჭვგარეშეა, ბიბლიის შინაგანი შეთანხმებულობა დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს შენზე. ამავე დროს, ეს დაგეხმარება, რომ მისი ავტორი, იეჰოვა ღმერთი, უფრო რეალური გახდეს შენთვის.
პარალელური მუხლების კითხვისას აგრეთვე გაეცნობი ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს და გაიგებ, თუ როგორ სრულდება ისინი. შეიძლება შენ იცი ბიბლიური წინასწარმეტყველებების უმრავლესობა, როგორიცაა, მაგალითად, ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურების შესახებ წინასწარმეტყველებები. მაგრამ ბიბლია შეიცავს მთელ რიგ ერთმანეთთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებს და იმას, თუ როგორ შესრულდა ისინი. ზოგი მათგანი არ არის ბევრისთვის ცნობილი.
მაგალითად, წაიკითხე წინასწარმეტყველება იერიხონის აღდგენისთვის სასჯელის შესახებ და შემდეგ განიხილე, თუ როგორ შესრულდა ის. იესო ნავეს ძის 6:26-ში ნათქვამია: „დაიფიცა იესომ: წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს“. ეს წინასწარმეტყველება დაახლოებით 500 წლის შემდეგ შესრულდა, რასაც მესამე მეფეთა 16:34-ში ვკითხულობთ: „მის [მეფე აქაბის] დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხონი. თავის პირმშოზე, აბირამზე, დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის პირით“a. მხოლოდ ნამდვილ ღმერთს შეეძლო შთაეგონებინა, რომ ჩაწერილიყო ასეთი წინასწარმეტყველებები, და ეზრუნა მის შესრულებაზე.
ბიბლიის კითხვისას შეიძლება გარკვეული კითხვები დაგებადოს. მაგალითად, თუ რამდენი წელი გავიდა წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან მის შესრულებამდე. სხვისთვის კითხვას არ ჯობია ეცადო, თვითონ იპოვო პასუხი? ცხრილებისა და ბიბლიის შესწავლისთვის დამხმარე პუბლიკაციების გამოყენებით მოძებნე პასუხები ისეთივე გულმოდგინებით, როგორითაც იმ რუკის გარჩევას დაიწყებდი, რომელზეც აღნიშნულია, თუ სად არის განძი (იგავნი 2:4, 5). პასუხის პოვნა რწმენას განგიმტკიცებს და იეჰოვა ღმერთს უფრო რეალურს გახდის შენთვის.
გამუდმებით და მხურვალედ ილოცე
ნუ უგულებელყოფ ლოცვისა და რწმენის მნიშვნელოვნებას. იესოს მოციქულებმა მას პირდაპირ სთხოვეს: „მოგვიმატე რწმენა“ (ლუკა 17:5). თუ იეჰოვა არ არის შენთვის რეალური, რატომ არ გეთხოვა მისთვის ლოცვით მეტი რწმენა? გაბედულად სთხოვე შენს ზეციერ მამას, დაგეხმაროს იმაში, რომ რეალური გახდეს შენთვის.
თუ რაღაცას განიცდი, გამონახე დრო იმისათვის, რომ გულწრფელად გამოხატო გრძნობები შენი ზეციერი მეგობრის წინაშე. სიკვდილის დღის მოახლოვების წინ იესო გამუდმებით ლოცულობდა. მართალია, ის მსჯავრს სდებდა ხალხისთვის დასანახვებლად წარმოთქმულ გრძელ ლოცვებს, მაგრამ თორმეტი მოციქულის არჩევამდე მთელი ღამე განმარტოებით ლოცულობდა (მარკოზი 12:38–40; ლუკა 6:12–16). აგრეთვე შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ ხანასგან, რომელიც წინასწარმეტყველი სამუელის დედა გახდა. მას ძალიან სურდა, ვაჟი ჰყოლოდა, ამიტომ ‘დიდხანს ლოცულობდა უფლის წინაშე’ (პირველი მეფეთა 1:12).
რის სწავლა შეგიძლია აქედან? თუ გინდა პასუხი მიიღო ლოცვებზე, ისინი გულმოდგინე, მხურვალე, განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ღვთის ნებასთან შეთანხმებული უნდა იყოს (ლუკა 22:44; რომაელთა 12:12; 1 თესალონიკელთა 5:17; 1 იოანე 5:13–15). ეს დაგეხმარება, რომ ღმერთი რეალური გახდეს შენთვის.
დააკვირდი ქმნილებებს
მხატვრის თვისებები მის ნახატებში მჟღავნდება. ასევე იეჰოვას, სამყაროს კონსტრუქტორისა და შემოქმედის, „უხილავი თვისებები“ მის ქმნილებებში ვლინდება (რომაელთა 1:20, აქ). როდესაც ყურადღებით ვაკვირდებით იეჰოვას მიერ შექმნილს, უკეთ ვეცნობით მის თვისებებს და ამიტომ ის უფრო რეალური ხდება ჩვენთვის.
თუ გულდასმით დააკვირდები ღვთის ქმნილებებს, შენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მისი თვისებები. მაგალითად, ინფორმაცია ჩიტების ფრენის უნარის შესახებ დაგეხმარება, მეტად დააფასო იეჰოვას სიბრძნე. სამყაროს შესახებ ინფორმაციას თუ წაიკითხავ, გაიგებ, რომ ირმის ნახტომი, რომელიც 100 000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული, სივრცეში არსებული მილიარდობით გალაქტიკიდან მხოლოდ ერთია. ნუთუ ეს იეჰოვას ჭეშმარიტ სიბრძნეზე არ მეტყველებს?
უდავოა, რომ იეჰოვას ჭეშმარიტი სიბრძნე აქვს! რას ნიშნავს ეს შენთვის? დიახ, მას ნამდვილად არ გააოცებს არავითარი პრობლემა, რომლის შესახებაც ლოცვისას ვატყობინებთ. დიახ, მისი ქმნილებების შესახებ ცოტაოდენ ცოდნასაც კი შეუძლია იეჰოვა რეალური გახადოს შენთვის.
იარე იეჰოვასთან ერთად
შეგიძლია პირადად იგრძნო, თუ რამდენად რეალურია იეჰოვა? დიახ, თუ გავხარ ერთგულ პატრიარქ ნოეს. ის იმდენად ემორჩილებოდა ყოველთვის იეჰოვას, რომ შეიძლება ითქვას: „ღმერთთან დადიოდა ნოე“ (დაბადება 6:9). ნოე ისე ცხოვრობდა, თითქოს იეჰოვა მის გვერდით იყო. შენც შეგიძლია ასე რეალური გახადო ღმერთი შენთვის.
თუ იეჰოვასთან ერთად დადიხარ, შენ ენდობი საღვთო წერილში არსებულ დაპირებებს და მათთან შეთანხმებულად მოქმედებ. მაგალითად, შენ გწამს იესოს სიტყვების: „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე [მატერიალური] შეგემატებათ“ (მათე 6:25–33). მართალია, იეჰოვა ყოველთვის ისე არ უზრუნველგყოფს იმით, რაც გჭირდება, როგორც მოელი, მაგრამ, როდესაც ლოცულობ და შემდეგ გრძნობ ღვთის დახმარებას, ის გვერდში მყოფი ადამიანივით რეალური ხდება შენთვის.
ასეთი ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან მაშინ ვითარდება, როდესაც პიროვნება არ წყვეტს ღმერთთან ერთად სიარულს. ესპანელი მოწმე, სახელად მანუელა, რომელმაც უამრავ გამოცდას გაუძლო, ამბობს: «როცა რამე მაწუხებს ან მჭირდება, იგავნის 18:10-ში მოცემულ პრინციპს ვიყენებ. მე მაშინვე მივმართავ იეჰოვას დახმარებისთვის. ის ყოველთვის „მტკიცე გოდოლია“ ჩემთვის». მანუელას შეუძლია ამის თქმა 36 წლის მანძილზე იეჰოვაზე მინდობისა და საკუთარ თავზე მისი მხარდაჭერის გამოცდის შემდეგ.
ახლახან დაიწყე იეჰოვაზე მინდობა? გული არ გაიტეხო, თუ ჯერ არ გაქვს მასთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც გინდა რომ გქონდეს. ყოველდღე ღმერთთან ერთად იარე. როდესაც მისადმი ერთგულ ცხოვრებას გასწევ, იეჰოვასთან უფრო ახლო ურთიერთობით გაიხარებ (ფსალმუნი 24:14; იგავნი 3:26, 32).
ღმერთთან ერთად სიარულის სხვა საშუალება ის არის, რომ დაკავებული იყო მისადმი მსახურებით. როდესაც სამეფოს შესახებ ცნობას ქადაგებ, იეჰოვას თანამშრომელი ხარ (1 კორინთელთა 3:9). ამის ცოდნა დაგეხმარება იმაში, რომ რეალური გახადო ღმერთი შენთვის.
ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს: „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს“ (ფსალმუნი 36:5). რა ტვირთი ან საზრუნავიც უნდა გქონდეს, ყოველთვის ღმერთს მიანდე ისინი. ყოველთვის მას მიმართე დახმარებისა და ხელმძღვანელობისთვის. თუ ლოცვით ენდობი იეჰოვა ღმერთს და ყოველთვის მტკიცედ გჯერა მისი, უსაფრთხოებას იგრძნობ, ვინაიდან იცი, რომ ის შენ სასარგებლოდ იმოქმედებს. მტკიცე რწმენით მიმართავ იეჰოვას შენი პრობლემებით? რა თქმა უნდა — თუ ღმერთი შენთვის რეალური პიროვნებაა.
[სქოლიოები]
a მაგალითისთვის წაიკითხე აგრეთვე მესამე მეფეთა 13:1–3-ში მოცემული წინასწარმეტყველება იერობოამის სამსხვერპლოს შებილწვის შესახებ. შემდეგ ყურადღება მიაქციე მის შესრულებას, რომელიც ჩაწერილია მეოთხე მეფეთა 23:16–18-ში.
[სურათი 21 გვერდზე]
გახადე პირადი შესწავლები რწმენის გამაძლიერებელი.
[სურათი 22 გვერდზე]
დრო გამოუყავი გამუდმებულ, მხურვალე ლოცვას.
[სურათები 23 გვერდზე]
დააკვირდი, როგორ ვლინდება ღვთის თვისებები მის ქმნილებებში.
[საავტორო უფლება]
Hummingbird: U.S. Fish and Wildlife Service, Washington, D.C./Dean Biggins; stars: Photo: Copyright IAC/RGO 1991, Dr. D. Malin et al, Isaac Newton Telescope, Roque de los Muchachos Observatory, La Palma, Canary Islands