-
ტაძრის კიდევ ერთხელ განწმენდაიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 103
ტაძრის კიდევ ერთხელ განწმენდა
მათე 21:12, 13, 18, 19; მარკოზი 11:12—18; ლუკა 19:45—48; იოანე 12:20—27
იესო წყევლის ლეღვის ხეს და ტაძარს წმენდს
მრავალმა რომ იცოცხლოს, იესო უნდა მოკვდეს
იერიხონიდან ჩამოსვლის შემდეგ იესომ და მისმა მოწაფეებმა სამი ღამე ბეთანიაში დაჰყვეს. ახლა, 10 ნისანს, ორშაბათ დილას ისინი გეზს იერუსალიმისკენ იღებენ. იესო მშიერია. გზად ის ლეღვის ხეს ხედავს და მისკენ მიდის.
ახლა მარტის ბოლოა, ლეღვი კი, ჩვეულებრივ, ივნისამდე არ მწიფს. მაგრამ ეს ხე ნაადრევად შეფოთლილა. ამიტომ იესო ფიქრობს, რომ მას შესაძლოა საადრეო ლეღვი ესხას. თუმცა ხესთან ახლოს მისული ხედავს, რომ ის უნაყოფოა. ამ ხის გარეგნული იერსახე მატყუარა აღმოჩნდა. იესო ამბობს: „ნუღარავინ შეჭამს შენს ნაყოფს ნურასოდეს“ (მარკოზი 11:14). ამ სიტყვების თქმისთანავე ხე გახმობას იწყებს. მეორე დილით ცხადი ხდება, თუ რატომ ხმება ხე.
მალე იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმში ჩადიან. ის შედის ტაძარში, სადაც წინა დღით, ნაშუადღევს, დადიოდა და იქაურობას ათვალიერებდა. დღეს კი მხოლოდ დათვალიერებით არ შემოიფარგლება. ახლა იგი ისეთივე ზომებს იღებს, როგორიც სამი წლის წინ, ახ. წ. 30 წელს, პასექის დღესასწაულის დროს მიიღო (იოანე 2:14—16). ამჯერად იესო გარეთ ყრის მათ, ვისაც ტაძარში ვაჭრობა აქვს გაჩაღებული და მაგიდებს უყირავებს ფულის გადამცვლელებს, მტრედების გამყიდველებს კი — სკამებს (მარკოზი 11:15). ის იმის უფლებასაც არ აძლევს ხალხს, რომ გზის შემოკლების მიზნით ქალაქის მეორე მხარეს რაიმე ნივთი ტაძრის ეზოს გავლით გაიტანონ.
რატომ იღებს იესო ასეთ მკაცრ ზომებს მათთან მიმართებით, ვინც ტაძარში ფულის გადაცვლითა და ცხოველების გაყიდვითაა დაკავებული? იგი ამბობს: «განა დაწერილი არ არის: „ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა“? თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ» (მარკოზი 11:17). იესო ამ კაცებს ყაჩაღებს იმიტომ უწოდებს, რომ ისინი ძალიან დიდი საფასურის გადახდას ითხოვენ მათგან, ვისაც შესაწირავი ცხოველის ყიდვა სურს. იესო მათ საქციელს გამოძალვად და ყაჩაღობად მიიჩნევს.
მომხდარის შესახებ უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და გავლენიანი პირები იგებენ და კიდევ უფრო დიდი მონდომებით ეძებენ მისი მოკვლის შესაძლებლობას. მაგრამ არის ერთი რამ, რაც ხელს უშლით თავიანთი ბოროტი განზრახვის განხორციელებაში — მათ არ იციან, როგორ მოიშორონ იესო თავიდან, რადგან უამრავი ხალხი დაჰყვება და უსმენს მას.
პასექის აღსანიშნავად არა მარტო იუდეველები, არამედ იუდაიზმზე მოქცეული პროზელიტებიც არიან იერუსალიმში ჩასული. დღესასწაულზე თაყვანსაცემად ბერძნებიც არიან ასულები. ისინი ფილიპესთან მიდიან, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მას ბერძნული სახელი აქვს, და იესოსთან შეხვედრას სთხოვენ. ფილიპე შესაძლოა ყოყმანობს; მას აფიქრებს, რამდენად მართებულია მათი იესოსთან შეხვედრა, ამიტომ ანდრიასთან მიდის ამ საკითხზე დასალაპარაკებლად. შემდეგ ორივენი იესოსთან მიდიან მოსათათბირებლად, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ ტაძარშია.
იესომ იცის, რომ იგი რამდენიმე დღეში უნდა მოკვდეს, ამიტომ ახლა არ არის იმის დრო, ხალხის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოს ან მათგან აღიარება მოიპოვოს. ის ანდრიასა და ფილიპეს მაგალითის მეშვეობით პასუხობს: „მოვიდა კაცის ძის განდიდების საათი. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ცალად დარჩება, მაგრამ თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს“ (იოანე 12:23, 24).
ხორბლის ერთი მარცვალი შეიძლება დიდად არ ფასობს, მაგრამ თუ ის დაითესება და, როგორც თესლი, „მოკვდება“, გაღივდება, აღმოცენდება და დროთა განმავლობაში ბევრ ნაყოფს გამოიღებს. მსგავსად, იესოც ერთადერთი სრულყოფილი მამაკაცია. იგი სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩება და ამგვარად მრავალს, ვისაც მის მსგავსად თავგანწირვის სული აქვს, მარადიული სიცოცხლისკენ გაუხსნის გზას. ამიტომ ამბობს: „ვისაც თავისი სული უყვარს, სპობს მას, ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნიერებაში, მარადიული სიცოცხლისთვის დაიცავს მას“ (იოანე 12:25).
იესო მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, რაც კარგად ჩანს მისი სიტყვებიდან: „ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, გამომყვეს და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, მამა პატივისცემით მოეპყრობა მას“ (იოანე 12:26). რამხელა ჯილდოა! ისინი, ვისაც ზეციერი მამა პატივისცემით ეპყრობა, ქრისტესთან ერთად იმეფებენ.
იესო, რომელმაც იცის, რამხელა ტანჯვა ელოდება წინ და რა საშინელი სიკვდილით მოკვდება, ამბობს: „ახლა ჩემი სული აფორიაქებულია და რა ვთქვა? მამა, მიხსენი ამ საათისგან“. მაგრამ მას არ სურს, უარი თქვას ღვთის ნების შესრულებაზე და დასძენს: „თუმცა ამისთვის მოვედი ამ საათამდე“ (იოანე 12:27). იესოს უნდა, ღვთის ყველა განზრახვა შესრულდეს და იმისთვისაც მზადაა, რომ მსხვერპლად გაიღოს თავისი სიცოცხლე.
-
-
გამოავლენენ იუდეველები რწმენას ღვთის ხმის გაგონებაზე?იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 104
გამოავლენენ იუდეველები რწმენას ღვთის ხმის გაგონებაზე?
ღვთის ხმა ერთდროულად ბევრ ადამიანს ესმის
რის საფუძველზე მოხდება გასამართლება
ორშაბათია, 10 ნისანი. იესო ტაძარში ასწავლის. იგი ამბობს, რომ მოახლოვდა მისი სიკვდილის დღე. იესო განიცდის — მას არ უნდა, რომ ღვთის სახელი შეიბღალოს. ის მამას მიმართავს: „მამა, განადიდე შენი სახელი“. ამ დროს ციდან მგრგვინავი ხმა გაისმის: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“ (იოანე 12:27, 28).
ამის მოსმენა ირგვლივ მდგომი ხალხის შეცბუნებას იწვევს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ქუხილის ხმა იყო, სხვები კი ამბობენ, „მას ანგელოზი ელაპარაკებოდაო“ (იოანე 12:29). სინამდვილეში მათ ახლა იეჰოვას ხმა მოისმინეს. იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს ეს უკვე მესამედ გაიგონეს ადამიანებმა ღვთის ხმა.
სამწელიწად-ნახევრის წინ, როცა იესო მოინათლა, ღვთის ხმა იოანე ნათლისმცემელმა მოისმინა, რომელმაც იესოს შესახებ დაამოწმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“. მოგვიანებით, ახ. წ. 32 წელს, პასექის აღნიშვნის შემდეგ, მაშინ როცა იესო იაკობის, იოანესა და პეტრეს წინ გარდაისახა, ამ სამმა მოციქულმაც მოისმინა ღვთის ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. მას უსმინეთ“ (მათე 3:17; 17:5). თუმცა ახლა, როცა იეჰოვას ხმა მესამედ გაისმის, ამის მოწმე მხოლოდ თითო-ოროლა კი არა, ბევრი ადამიანი ხდება.
იესო ამბობს: „ეს ხმა ჩემთვის არ ყოფილა, თქვენთვის იყო“ (იოანე 12:30). ეს ნამდვილად ამტკიცებს, რომ იესო ღვთის ძე, ნაწინასწარმეტყველები მესიაა.
ღვთისადმი თავისი ერთგულებით იესო საუკეთესო მაგალითს გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს და ამტკიცებს, რომ სატანა ეშმაკი, ამ ქვეყნიერების მმართველი, განადგურებას იმსახურებს. იესო ამბობს: „ახლა ქვეყნიერების სასამართლოა, ამ ქვეყნიერების მმართველი ახლა გარეთ განიდევნება“. მალე იესოს მოკლავენ, მაგრამ მისი სიკვდილი მარცხი კი არა, გამარჯვება იქნება! რატომ შეგვიძლია ამის თქმა? იესო თავად ჰფენს ამას ნათელს: „მე კი, როცა მიწიდან ავმაღლდები, ყველანაირ ადამიანს მივიზიდავ ჩემთან“ (იოანე 12:31, 32). იმის წყალობით, რომ ძელზე წამებით მოკვდება, იესო სხვებს თავისკენ მიიზიდავს და მარადიული სიცოცხლისკენ გაუხსნის გზას.
იესოს სიტყვებზე, „მიწიდან ავმაღლდებიო“, ხალხი ამბობს: „კანონიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე მარადიულად რჩება. როგორღა ამბობ, კაცის ძე უნდა ამაღლდესო? ვინ არის ეს კაცის ძე?“ (იოანე 12:34). მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხს ამდენი მტკიცებულება აქვს და ღვთის ხმაც კი მოისმინეს, მათი უმეტესობა არ აღიარებს, რომ იესო ნამდვილად კაცის ძეა, აღთქმული მესია.
იესომ აქამდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ „სინათლეა“ და ახლაც ამავეს ამბობს (იოანე 8:12; 9:5). ის მოუწოდებს ხალხს: „სინათლე კიდევ ცოტა ხანს იქნება თქვენ შორის. იარეთ, სანამ სინათლე გაქვთ, რათა სიბნელემ არ მოგიცვათ . . . სანამ სინათლე გაქვთ, ირწმუნეთ სინათლე, რათა სინათლის ძეები გახდეთ“ (იოანე 12:35, 36). ამის შემდეგ იესო ტოვებს იქაურობას, რადგან მისი სიკვდილის დღე ჯერ არ დამდგარა. იგი 14 ნისანს, პასექის დღესასწაულზე უნდა „ამაღლდეს“ — ძელზე უნდა იქნას გაკრული (გალატელები 3:13).
თუ თვალს გადავავლებთ დედამიწაზე იესოს მსახურების პერიოდს, დავინახავთ, რომ იუდეველებმა არ ირწმუნეს იგი, რითაც წინასწარმეტყველება შესრულდა. როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ხალხს გული გაუუხეშდებოდა და თვალებით ვერ დაინახავდა, რათა არ მობრუნებულიყვნენ და არ განკურნებულიყვნენ (ესაია 6:10; იოანე 12:40). ნამდვილად, იუდეველთა უმეტესობა ჯიუტად უარყოფს არაერთ მტკიცებულებას, რომლებიც აშკარად ადასტურებს, რომ იესოა აღთქმული მხსნელი და რომ იგი ხალხს სიცოცხლისკენ გაუხსნის გზას.
ნიკოდემემ, იოსებ არიმათეელმა და კიდევ სხვა ბევრმა მმართველმა ირწმუნეს იესო. მაგრამ, საინტერესოა, გამოავლენენ რწმენას თუ თავს შეიკავებენ იმის შიშით, რომ სინაგოგიდან მოკვეთენ ან ადამიანთაგან დიდებას ვეღარ მიიღებენ? (იოანე 12:42, 43).
იესო ხსნის: „ვისაც მე ვწამვარ, მარტო მე კი არა, ჩემი გამომგზავნელიცა სწამს, და ვინც მე მხედავს, ჩემს გამომგზავნელსაც ხედავს“. ის, რასაც იესო ღვთის მითითებით ასწავლის და აუწყებს ხალხს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ იგი ამბობს: „მას, ვინც არაფრად მაგდებს და ჩემს სიტყვებს არ იღებს, ჰყავს გამსამართლებელი. ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვა გაასამართლებს მას უკანასკნელ დღეს“ (იოანე 12:44, 45, 48).
ბოლოს ის ასეთ დასკვნას აკეთებს: „ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ თვითონ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. ისიც ვიცი, რომ მისი მცნება მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს“ (იოანე 12:49, 50). იესომ იცის, რომ ძალიან მალე სიცოცხლე უნდა გაიღოს და საკუთარი სისხლი დაღვაროს მათ სახსნელად, ვინც რწმენას ავლენს მის მიმართ (რომაელები 5:8, 9).
-