-
რას ვსწავლობთ ლეღვის ხის მაგალითზეიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 105
რას ვსწავლობთ ლეღვის ხის მაგალითზე
მათე 21:19—27; მარკოზი 11:19—33; ლუკა 20:1—8
იესო მოწაფეებს ლეღვის ხის მაგალითზე ასწავლის
უფროსი მღვდლები და უხუცესები იესოს ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებენ
ორშაბათს, ნაშუადღევს იესო ტოვებს იერუსალიმს და ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე გაშენებულ სოფელ ბეთანიაში ბრუნდება. ღამეს ის, ალბათ, თავისი მეგობრების, ლაზარეს, მარიამისა და მართას სახლში ათევს.
ახლა 11 ნისანია. ჯერ კიდევ დილაა და იესო მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგას. ის დღეს უკანასკნელად შევა ტაძარში. ეს მისი საჯაროდ მსახურების ბოლო დღე იქნება, რის შემდეგაც იგი პასექს აღნიშნავს და თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დააწესებს; მოგვიანებით მას არაერთი განსაცდელის ატანა მოუწევს და ბოლოს სიკვდილით დასჯიან.
სანამ იერუსალიმში ჩავლენ, მათ ზეთისხილის მთა უნდა გადაიარონ. გზად პეტრე ამჩნევს, რომ ხე, რომელიც იესომ წინა დილით დაწყევლა, გამხმარია. ის წამოიძახებს: „რაბი, ნახე! გამხმარა ლეღვის ხე, შენ რომ დაწყევლე“ (მარკოზი 11:21).
მაგრამ რატომ გაახმო იესომ ეს ხე? ამის მიზეზს მისივე პასუხიდან ვიგებთ: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დავმართე, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება; ყველაფერს, რასაც კი ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“ (მათე 21:21, 22). მსგავსი აზრი მან ცოტა ხნის წინაც წარმოთქვა, როცა აღნიშნა, რომ რწმენით კაცი მთასაც გადააადგილებდა (მათე 17:20).
აქედან გამომდინარე, იმით, რომ იესო ამ ხეს ახმობს, მოწაფეებს მნიშვნელოვან გაკვეთილს ასწავლის ანუ ანახვებს, რამდენად აუცილებელია, ღვთისადმი რწმენა ჰქონდეთ. ის ამბობს: „ყველაფერი, რაზეც ლოცულობთ და რასაც ითხოვთ, უკვე მიღებული გაქვთ, და მოგეცემათ“ (მარკოზი 11:24). რა კარგი გაკვეთილია იესოს თითოეული მიმდევრისთვის, განსაკუთრებით კი მოციქულებისთვის, რადგან ისინი მალე არაერთი განსაცდელის წინაშე დადგებიან! მაგრამ ამ შემთხვევიდან კიდევ სხვა მხარეც იკვეთება.
როგორც ლეღვის ხეს ჰქონდა მატყუარა იერსახე, ისე ისრაელი ერიც სულიერად ძლიერი ჩანს. ამ ერთან ღმერთს შეთანხმება აქვს დადებული და, შესაძლოა, ერთი შეხედვით, ისე ჩანდეს, რომ ისინი იცავენ კანონს. მაგრამ, როგორც გამოაშკარავდა, მთლიანობაში ერს არც რწმენა აქვს და არც კარგი ნაყოფი გამოაქვს. ისინი ღვთის ძესაც კი უარყოფენ! ასე რომ, იმით, რაც ლეღვის ხეს დამართა, იესომ აშკარად დაგვანახვა, რა ბოლო ელის ურწმუნო ერს, რომელსაც ნაყოფი არ გამოაქვს.
ცოტა ხანში იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმში შედიან. ჩვეულებისამებრ, იესო ტაძარში მიდის და ხალხს ასწავლის. უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები იესოს ისეთ კითხვას უსვამენ, რომ რამენაირად ჩიხში მოაქციონ. როგორც ჩანს, მათ მხედველობაში აქვთ ის, თუ როგორ მოექცა იგი წინა დღით ფულის გადამცვლელებს. ისინი ეკითხებიან: „რა ძალაუფლებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“ (მარკოზი 11:28).
იესო პასუხობს: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას. მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას. იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ ადამიანებისგან? მიპასუხეთ“. იესოს მოწინააღმდეგეები ახლა თავად მოექცნენ ჩიხში. მღვდლები და უხუცესები ერთმანეთში მსჯელობენ, რა პასუხი გასცენ: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო? მაგრამ თუ ვიტყვით, ადამიანებისგანო? . .“. ისინი ამაზე იმიტომ მსჯელობენ, რომ ხალხის ეშინიათ, რადგან იოანეს ყველა წინასწარმეტყველად თვლის (მარკოზი 11:29—32).
მათ არ იციან, როგორ უპასუხონ იესოს, ამიტომ ეუბნებიან: „არ ვიცით“. ამაზე იესო პასუხობს: „არც მე გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“ (მარკოზი 11:33).
-
-
ორი მაგალითი ვენახზეიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 106
ორი მაგალითი ვენახზე
მათე 21:28—46; მარკოზი 12:1—12; ლუკა 20:9—19
იესოს მაგალითი მოჰყავს ორ შვილზე
იესოს მაგალითი მოჰყავს მევენახეებზე
იესომ ეს-ესაა ჩიხში მოაქცია უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები, რომლებმაც საკამათოდ აქციეს ის, თუ ვისგან ჰქონდა მას ძალაუფლება მიცემული. იესოს სიტყვებმა ისინი დაადუმა. ის ახლაც ტაძარშია და მათ გასაგონად მოჰყავს მაგალითი, რათა დაანახვოს, სინამდვილეში როგორები არიან.
იგი ჰყვება ორ შვილზე, რომლებსაც მამამ სთხოვა, ვენახში ემუშავათ. ერთი თავიდან უარობდა, მაგრამ შემდეგ ინანა და მაინც წავიდა, მეორე კი თავიდან დასთანხმდა, მაგრამ არ წავიდა. მაგალითის ბოლოს იესო სვამს კითხვას: „ამ ორიდან რომელმა შეასრულა მამის ნება?“ (მათე 21:28—31). პასუხი ნათელია — სინამდვილეში მამის ნება მან შეასრულა, ვინც ჯერ უარი თქვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წავიდა ვენახში სამუშაოდ.
ამიტომ იესო ეუბნება თავის მოწინააღმდეგეებს: „ჭეშმარიტებას გეუბნებით . . . გადასახადების ამკრეფები და მეძავები თქვენზე წინ მიდიან ღვთის სამეფოში“. გადასახადების ამკრეფები და მეძავები თავიდან უარს ამბობდნენ ღვთის მსახურებაზე. მაგრამ იმ შვილის მსგავსად, რომელმაც საბოლოოდ მამის ნება შეასრულა, მოგვიანებით მათაც მოინანიეს და ახლა ღმერთს ემსახურებიან. მათგან განსხვავებით, უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები იმ შვილივით იქცევიან, რომელიც დასთანხმდა მამას, და აცხადებენ, რომ ემსახურებიან ღმერთს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. იესო ამბობს: „იოანე [ნათლისმცემელი] სიმართლის გზით მოვიდა თქვენთან, მაგრამ არ ერწმუნეთ მას, ხოლო გადასახადების ამკრეფები და მეძავები ერწმუნნენ. თქვენ კი, თუმცა დაინახეთ ეს, მაინც არ ინანეთ და არ ერწმუნეთ“ (მათე 21:31, 32).
შემდეგ იესოს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს. ამჯერად მას იმის ჩვენება სურს, რომ ისინი, ვინც ვითომდა ხალხის სულიერი განმანათლებლები არიან, მხოლოდ ღვთის ნების შესრულებაზე კი არ ამბობენ უარს, არამედ კიდევ უარესი, ბოროტებიც არიან. იესო ჰყვება: „ერთმა კაცმა ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააგო და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა. დანიშნულ დროს მევენახეებს მონა გაუგზავნა, რომ ვენახის ნაყოფის ნაწილი წამოეღო. მაგრამ მევენახეებმა დაიჭირეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. სხვა მონაც გაუგზავნა, რომელსაც თავი გაუტეხეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. კიდევ გაგზავნა მონა. ის კი მოკლეს. სხვაც ბევრი გაუგზავნა, მაგრამ ზოგი სცემეს, ზოგიც მოკლეს“ (მარკოზი 12:1—5).
საინტერესოა, ხვდებიან იესოს მსმენელები, რატომ მოჰყავს მას ეს მაგალითი? ალბათ, მათ ახსოვთ ესაიას სიტყვები: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ვენახი ისრაელის სახლია; იუდას ხალხი ნარგავია, რომელიც მას უყვარდა. სამართალს ელოდა, მაგრამ ირღვევა კანონი“ (ესაია 5:7). იესოს მიერ მოყვანილი მაგალითიც ამავე აზრს ატარებს. ამ მაგალითის თანახმად, „ვენახის პატრონი“ იეჰოვაა, „ვენახი“ ისრაელი ერია, რომელსაც ღობესავით იცავს ღვთის კანონი. იეჰოვა თავის ხალხს წინასწარმეტყველებს უგზავნიდა, რათა მათი მეშვეობით დარიგებები მიეცა მათთვის და კარგი ნაყოფის გამოღებაში დახმარებოდა.
მაგრამ „მევენახეები“ ცუდად მოექცნენ მათთან გაგზავნილ „მონებს“ და მოკლეს ისინი. იესო განაგრძობს: „[ვენახის პატრონს] ერთიც ჰყავდა, საყვარელი ძე. ბოლოს ის გაუგზავნა, ამბობდა, ჩემს ძეს პატივისცემით მოეპყრობიანო. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს მემკვიდრეა, მოდი მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. დაიჭირეს, მოკლეს და ვენახიდან გაათრიეს“ (მარკოზი 12:6—8).
ახლა იესო ასეთ კითხვას სვამს: „რას იზამს ვენახის პატრონი?“ (მარკოზი 12:9). უფროსი მღვდლები და ფარისევლები პასუხობენ: „ამ ბოროტებს დაუნდობლად დახოცავს, ვენახს კი ისეთ მევენახეებს მიაქირავებს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს“ (მათე 21:41).
ამგვარად ისინი, თავისდა უნებურად, მსჯავრს სდებენ საკუთარ თავს, რადგან სწორედ ისინი არიან იეჰოვას „ვენახის“, ისრაელის „მევენახეები“. იეჰოვა სამართლიანად მოელის მათგან, რომ გამოიღებენ ნაყოფს ანუ რწმენას გამოავლენენ მისი ძის მიმართ და აღიარებენ, რომ ის მესიაა. ახლა იესო თვალს თვალში უყრის უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს და ეუბნება: «ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ დაწერილი: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა მთავარ ქვაკუთხედად იქცა. ეს იეჰოვამ მოახდინა და ჩვენს თვალში საოცრებაა“» (მარკოზი 12:10, 11). შემდეგ იესო პირდაპირ ამბობს სათქმელს: „ამიტომ გეუბნებით: წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათე 21:43).
მწიგნობრები და უფროსი მღვდლები ხვდებიან, რომ იესო „მათ გულისხმობდა ამ მაგალითში“ (ლუკა 20:19). მათ ახლა ისე უნდათ ღვთის კანონიერი „მემკვიდრის“ მოკვლა, როგორც არასდროს. მაგრამ ხალხის ეშინიათ, რომლებიც იესოს წინასწარმეტყველად მიიჩნევენ, ამიტომ მოცემულ მომენტში არაფერს აკეთებენ.
-
-
მეფე საქორწილო ნადიმზე უხმობს მიწვეულებსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 107
მეფე საქორწილო ნადიმზე უხმობს მიწვეულებს
იესოს მაგალითი მოჰყავს საქორწილო ნადიმზე
იესო სულ რამდენიმე დღეში დაასრულებს თავის მსახურებას დედამიწაზე. მას ისევ მოჰყავს მაგალითები, რათა გამოააშკარაოს, სინამდვილეში როგორები არიან მწიგნობრები და უფროსი მღვდლები. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ სურთ მათ მისი მოკვლა (ლუკა 20:19). მაგრამ იესოს ჯერ ბოლომდე არ უთქვამს თავისი სათქმელი; ის კვლავაც ამხელს მათ და კიდევ ერთ მაგალითს ჰყვება:
„ზეციერი სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. დაგზავნა მონები ქორწილში მიწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მისვლა“ (მათე 22:2, 3). იესო დასაწყისში „ზეციერ სამეფოს“ ახსენებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ „მეფე“ იეჰოვაა. მაგრამ ვინ არის მეფის „ძე“, ვისი ქორწილიც უნდა გაიმართოს? პასუხი ამ კითხვაზეც ნათელია — იგი იეჰოვას ძეა, სწორედ ის, ვისაც ახლა ეს მაგალითი მოჰყავს, ხოლო „მიწვეულები“ ისინი არიან, ვინც მასთან ერთად ზეციერ სამეფოში იქნებიან.
ვინ იყვნენ მიწვეულთაგან პირველები? დაფიქრდით, ვის უქადაგებდნენ იესო და მისი მოციქულები სამეფოს შესახებ? ესენი იუდეველები იყვნენ (მათე 10:6, 7; 15:24). ძვ. წ. 1513 წელს ღმერთმა ისრაელ ერთან კანონის შეთანხმება დადო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი პირველები იყვნენ, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ, „მღვდლების სამეფოდ“ ქცეულიყვნენ (გამოსვლა 19:5—8). მაგრამ უშუალოდ ქორწილში როდის მიიწვიეს ისინი? ლოგიკურია, ეს მაშინ მოხდა, როცა იესომ ქადაგება დაიწყო ზეციერი სამეფოს შესახებ ანუ ახ. წ. 29 წელს.
როგორ გამოეხმაურა ისრაელთა უმეტესობა ამ მოწვევას? იესოს სიტყვების თანახმად, მათ „არ ისურვეს მისვლა“. უმეტესობამ, მათ შორის მათ, ვისაც ხალხის დამოძღვრა ევალებოდა, მაგალითად, ფარისევლებმა, მწიგნობრებმა, უფროსმა მღვდლებმა და სხვებმა არ აღიარეს იესო მესიად და ღვთის მიერ არჩეულ მეფედ.
თუმცა იესომ აქვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ იუდეველებს კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცემოდათ: «კვლავ დაგზავნა [მეფემ] სხვა მონები და უთხრა: „უთხარით მოწვეულებს, სადილი გავამზადე, ხარები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, მობრძანდით-თქო ქორწილში“. მათ ყური არ ათხოვეს; ერთი თავის მინდორში წავიდა, მეორე — სავაჭრო საქმეზე, დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს» (მათე 22:4—6). ეს ზუსტად შეესაბამება იმას, რაც ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ მოხდა. იმ დროს იუდეველებს ჯერ კიდევ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ მათ დაემკვიდრებინათ ზეცაში ღვთის სამეფო, მაგრამ მათმა უმეტესობამ არ მიიღო მოწვევა და „მეფის მონებს“ დაცინვაც კი დაუწყო (საქმეები 4:13—18; 7:54, 58).
რა შედეგით დასრულდა ეს ისრაელი ერისთვის? იესო განაგრძობს: „მეფე განრისხდა, გაგზავნა თავისი ჯარი და გაჟლიტა ის მკვლელები, მათი ქალაქი კი გადაწვა“ (მათე 22:7). იუდეველები ამ სიტყვების შესრულების მოწმენი ახ. წ. 70 წელს გახდნენ, როცა რომაელებმა „მათ ქალაქი“, იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს.
რას ნიშნავს ის, რომ მათ არ მიიღეს მეფის მოწვევა? იმას ხომ არა, რომ სხვა ვერავინ იქნება მიწვეული ამ ნადიმზე? როგორც იესოს მაგალითიდან იკვეთება, ეს ასე არ მოხდება. ის ამბობს: «მაშინ [მეფემ] უთხრა მონებს: „საქორწილო სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ აღმოჩნდნენ ღირსნი. ამიტომ გადით ქალაქიდან გამავალ გზებზე და ვისაც შეხვდებით, მოიწვიეთ ქორწილში“. გავიდნენ მონები გზებზე და ვინც შეხვდათ, ყველა შეკრიბეს, ბოროტიც და კეთილიც. საქორწილო დარბაზი სტუმრებით აივსო» (მათე 22:8—10).
საგულისხმოა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ პეტრე მოციქული უცხოტომელებს ანუ მათ, რომლებიც არც იუდეველებად იყვნენ დაბადებული და არც პროზელიტები იყვნენ, დაეხმარა, ჭეშმარიტი ქრისტიანები გამხდარიყვნენ. ახ. წ. 36 წელს რომაელ ასისთავზე, კორნელიუსსა და მის სახლეულობაზე წმინდა სული გადავიდა და მათაც გაეხსნათ გზა ზეციერი სამეფოსკენ, რომელიც იესომ მოიხსენია (საქმეები 10:1, 34—48).
იესო აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც ნადიმზე მოვა, არ იქნება „მეფისთვის“ მოსაწონი: «როცა მეფე სტუმრების სანახავად შევიდა, თვალი მოჰკრა ერთ კაცს, რომელსაც საქორწილო ტანსაცმელი არ ეცვა და უთხრა: „მეგობარო, როგორ შემოხვედი საქორწილო ტანსაცმლის გარეშე?“ ის ხმას არ იღებდა. მაშინ მეფემ მსახურებს უთხრა: „შეუკარით ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარეთ, სიბნელეში. იქ იქნება მისი ტირილი და კბილთა ღრჭენა“. მოწვეული ბევრია, რჩეული კი — ცოტა» (მათე 22:11—14).
მწიგნობრები, უფროსი მღვდლები თუ ფარისევლები, რომლებიც იესოს უსმენენ, შესაძლოა ბოლომდე ვერ ხვდებიან, რის თქმა სურს მას და რატომ ღირს მის სიტყვებზე დაფიქრება, მაგრამ მათ არ მოსწონთ ის, რასაც იგი ამბობს და კიდევ უფრო უმძაფრდებათ იმის სურვილი, რომ თავიდან მოიშორონ ის, ვინც ასე ამხელს მათ.
-
-
ფარისევლები ვერ ახერხებენ იესოს სიტყვაში გამოჭერასიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 108
ფარისევლები ვერ ახერხებენ იესოს სიტყვაში გამოჭერას
მათე 22:15—40; მარკოზი 12:13—34; ლუკა 20:20—40
„კეისრისა კეისარს მიეცით“
შეძლებენ მკვდრეთით აღმდგრები დაქორწინებას?
„უდიდესი მცნება“
იესოს მტრები ბრაზისგან გულზე სკდებიან. იესომ ხომ სულ ახლახან ისეთი მაგალითები მოიყვანა, რითაც ფარდა ახადა მათ ბოროტებას. ახლა ფარისევლები მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. მათ სურთ, ისეთი რამ ათქმევინონ იესოს, რის გამოც რომაელ გამგებელს გადასცემენ. ეს მამაკაცები იესოსთან თავის მოსყიდულ მოწაფეებს აგზავნიან, რათა როგორმე სიტყვაში გამოიჭირონ (ლუკა 6:7).
„მოძღვარო, — ეკითხებიან ისინი იესოს. — ვიცით, რომ სწორად ლაპარაკობ, სწორად ასწავლი და მიკერძოებას არ ავლენ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას. ნებადართულია გადასახადის გადახდა კეისრისთვის?“ (ლუკა 20:21, 22). ასეთი პირფერული სიტყვებით მათ ვერ შეჰყავთ იესო შეცდომაში, რადგან ის კარგად ხედავს მათ თვალთმაქცობასა და მლიქვნელობას. მას ესმის, რომ თუ იტყვის, სწორი არ არის გადასახადის გადახდაო, რომის წინააღმდეგ ამბოხებაში დასდებენ ბრალს; მაგრამ თუ იტყვის, დიახ, უნდა გადაიხადოთო, ხალხმა, რომლებიც რომაელთა ბატონობის ქვეშ გმინავენ, შეიძლება არასწორად გაიგოს მისი ნათქვამი და ზურგი აქციოს. საინტერესოა, რა პასუხს გასცემს იესო მათ.
ის ამბობს: „რატომ მცდით, თვალთმაქცებო? მაჩვენეთ მონეტა, რომლითაც სულადობრივ გადასახადს იხდით“. მათ დინარი მიაქვთ. ის ეკითხება: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“. „კეისრისა“, — პასუხობენ ისინი. იგი ეუბნება: „ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მათე 22:18—21).
ასეთი მოსწრებული პასუხით გაოცებული მამაკაცები ვერაფერს ამბობენ და იქაურობას ტოვებენ. მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება და მოწინააღმდეგეები ისევ ცდილობენ რამენაირად იესოს სიტყვაში გამოჭერას. მას შემდეგ, რაც ფარისევლებს კოვზი ნაცარში უვარდებათ, იესოსთან სხვა რელიგიური ჯგუფის წინამძღოლები მიდიან.
ესენი არიან სადუკეველები, რომლებსაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომის. ისინი იესოს უსვამენ კითხვას, რომელიც აღდგომას და მაზლის ვალდებულების შესრულებას ეხება: «მოძღვარო, მოსემ თქვა: „თუ ვინმე უშვილოდ მოკვდება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოს“. ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველი დაქორწინდა და მოკვდა, და რადგან შთამომავალი არ ჰყავდა, მისი ცოლი მისმა ძმამ შეირთო. ასე დაემართა მეორეს, მესამეს და ყველას მეშვიდეს ჩათვლით. ბოლოს, ქალიც მოკვდა. აღდგომისას იმ შვიდიდან რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა» (მათე 22:24—28).
პასუხად იესოს მათთვის ავტორიტეტული წყაროდან, მოსეს წერილებიდან მოჰყავს ციტატა: «ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ღვთის ძალა. მკვდრეთით აღდგენილები არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ზეცაში ანგელოზები. ხოლო იმაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, ეკლიანი ბუჩქის შესახებ რომ დაწერა, რა უთხრა მას ღმერთმა: „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“. ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა. თქვენ ძალიან ცდებით» (მარკოზი 12:24—27; გამოსვლა 3:1—6). ხალხი გაოცებას ვერ მალავს ამ სიტყვების მოსმენაზე.
იესომ ფარისევლებიც დაადუმა და სადუკეველებიც. ამიტომ ეს ორი ჯგუფი ამჯერად მორიგი გამოცდის მიზნით უკვე ერთად მიდის მასთან. ერთი მწიგნობარი ასეთ კითხვას უსვამს იესოს: „მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?“ (მათე 22:36).
იესო პასუხობს: «პირველია: „ისმინე, ისრაელო, იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა, გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“. მეორე კი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ამ მცნებებზე დიდი მცნება არ არსებობს» (მარკოზი 12:29—31).
ამ სიტყვების მოსმენაზე მწიგნობარი იესოს ეუბნება: «მოძღვარო, შენ კარგად და ჭეშმარიტად თქვი: „ის არის ერთი და სხვა არავინ“. მთელი გულით, მთელი შეგნებით და მთელი ძალით მის სიყვარულსა და საკუთარი თავივით მოყვასის სიყვარულს ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მრავალ მსხვერპლს». იესო ხედავს, რომ ის ჭკვიანურად მსჯელობს და ასეთ სიტყვებს ეუბნება: „შორს არა ხარ ღვთის სამეფოსგან“ (მარკოზი 12:32—34).
უკვე სამი დღეა (9, 10, 11 ნისანი), რაც იესო ტაძარში ასწავლის. ზოგი, ამ მწიგნობრის მსგავსად, სიამოვნებით უსმენს მას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სხვა მწიგნობრებსა თუ ფარისევლებზე, რომლებიც უკვე ვეღარ უბედავენ იესოს კითხვის დასმას.
-
-
იესო განსჯის თავის მოწინააღმდეგეებსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 109
იესო განსჯის თავის მოწინააღმდეგეებს
მათე 22:41—23:24; მარკოზი 12:35—40; ლუკა 20:41—47
ვისი ძეა ქრისტე?
იესოს სააშკარაოზე გამოაქვს თავისი მოწინააღმდეგეების თვალთმაქცობა
იესოს მოწინააღმდეგეები ჩანაფიქრს ვერ ახორციელებენ; ისინი ვერ ახერხებენ, სახელი გაუტეხონ იესოს, სიტყვაში გამოიჭირონ ან გამგებელს ჩაუგდონ ხელში (ლუკა 20:20). ახლა 11 ნისანია; იესო კვლავ ტაძარშია. იგი თავად იღებს ინიციატივას და ნათელს ჰფენს თავის ნამდვილ ვინაობას. ის ერთ კითხვას უსვამს მათ: „რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა?“ (მათე 22:42). ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტე ანუ მესია დავითის შთამომავლობითი ხაზით უნდა მოვიდეს. ისინიც სწორედ ასე პასუხობენ (მათე 9:27; 12:23; იოანე 7:42).
იესო კითხვას უბრუნებს: «მაშ, როგორღა უწოდებს მას შთაგონებით დავითი უფალს, როცა ამბობს: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“? თუ დავითი მას „უფალს“ უწოდებს, მისი ძე როგორღაა?» (მათე 22:43—45).
ფარისევლები დუმან, რადგან ისინი დავითის მიწიერ შთამომავალს ელოდებიან, რომელიც მათ რომაელთა ბატონობისგან გაათავისუფლებს. მაგრამ 110-ე ფსალმუნის პირველ და მეორე მუხლებში ჩაწერილ დავითის სიტყვებზე დაყრდნობით იესო აჩვენებს მათ, რომ მესია უბრალოდ მიწიერი მმართველი არ იქნება. ის დავითის უფალია და მას შემდეგ, რაც ღვთის მარჯვნივ დაჯდება, ძალაუფლებას მიიღებს. იესოს სიტყვების მოსმენაზე მისი მოწინააღმდეგეები ვერაფერს ამბობენ.
იესოს მსმენელთა შორის არიან როგორც მისი მოწაფეები, ისე მრავალი სხვაც. ახლა იესო მათ მიმართავს და გაფრთხილებას აძლევს. ის ეუბნება, რომ ვინაიდან „მოსეს ადგილზე მწიგნობრები და ფარისევლები დასხდნენ“, მათ მართებთ, ყველაფერი გააკეთონ და დაიცვან, რასაც ისინი ეტყვიან, მაგრამ ის საქმეები არ უნდა გააკეთონ, „რასაც ისინი აკეთებენ, რადგან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ“ (მათე 23:2, 3).
იესო ახლა ისეთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც კარგად აჩვენებს, თუ როგორი თვალთმაქცები არიან ეს კაცები: „იფართოებენ ფილაქტერიონებს“. ძველად ზოგ იუდეველს შუბლზე ან მკლავზე პატარა კოლოფი ჰქონდა გაკეთებული, სადაც კანონიდან პატარ-პატარა ამონარიდები ეწყო. ფარისევლები იფართოებენ ამ ფილაქტერიონებს, რადგან სურთ, რომ სხვებზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს კანონის დიდი ქომაგები არიან. ისინი ტანსაცმლის ფოჩებსაც იგრძელებენ. მართალია, ისრაელებს ტანსაცმელზე ფოჩები უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ფარისევლებმა ზედმეტად დაიგრძელეს ეს ფოჩები (რიცხვები 15:38—40). ისინი ყოველივე ამას „სხვების დასანახავად აკეთებენ“ (მათე 23:5).
თვით მოწაფეებსაც კი შეიძლება გაუჩნდეთ საკუთარი თავის განდიდების სურვილი, ამიტომ იესო ურჩევს მათ: „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი; ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“. მაშ, ისმის კითხვა: როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ მოწაფეებს საკუთარ თავზე და როგორ უნდა იქცეოდნენ? იესო ეუბნება: „თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს; ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მათე 23:8—12).
ამის შემდეგ იესო განსჯის მწიგნობრებსა და ფარისევლებს: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! უკეტავთ ზეციერ სამეფოს ადამიანებს, არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელებს უშვებთ“ (მათე 23:13).
იესო ფარისევლებს იმის გამო კიცხავს, რომ თვითნებურად აწესებენ შეზღუდვებს და არაფრად აგდებენ იმას, რაც იეჰოვასთვისაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, ისინი ამბობენ: „თუ ვინმე ტაძარს დაიფიცებს, ეს არაფერია, მაგრამ თუ ვინმე ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ვალდებულია შეასრულოს ფიცი“. როგორი დაბრმავებულია ეს ხალხი! ისინი ტაძრის ოქროს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე იმას, რომ ტაძარი იეჰოვას თაყვანსაცემად განკუთვნილი ადგილია, სადაც შესაძლებლობა აქვთ, მეტად დაუახლოვდნენ ღმერთს. მათ დაივიწყეს „უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“ (მათე 23:16, 23; ლუკა 11:42).
იესო ფარისევლებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „ბრმა მეგზურებო, ქინქლის მწურავებო და აქლემის მყლაპავებო!“ (მათე 23:24). ეს თვალთმაქცი კაცები ღვინოს გადაწურავენ ხოლმე, რათა ქინქლა არ დარჩეს მასში, რადგან ეს მწერი რიტუალური თვალსაზრისით უწმინდურად ითვლება. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანს უგულებელყოფენ კანონიდან, რაც შეიძლება ითქვას, აქლემის გადაყლაპვის ტოლფასია, რომელიც ქინქლის მსგავსად, რიტუალური თვალსაზრისით უწმინდურია და თანაც გაცილებით დიდია, ვიდრე ეს მწერი (ლევიანები 11:4, 21—24).
-
-
ბოლო დღე ტაძარშიიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 110
ბოლო დღე ტაძარში
მათე 23:25—24:2; მარკოზი 12:41—13:2; ლუკა 21:1—6
იესო კვლავ განსჯის ფარისევლებსა და მწიგნობრებს
ტაძარი განადგურდება
ღარიბი ქვრივი ორ მონეტას სწირავს
თერთმეტი ნისანია. იესო უკანასკნელადაა ტაძარში. იგი კვლავ ამხელს მწიგნობრებსა და ფარისევლებს და დაუფარავად ეუბნება, რომ თვალთმაქცები არიან. ის ხატოვანი ენით ამბობს სათქმელს: „სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ, შიგნით კი ნაძარცვითა და ზედმეტობით არის სავსე. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც გასუფთავდეს“ (მათე 23:25, 26). მართალია, ფარისევლები ზედმიწევნითი სიზუსტით იცავენ ნებისმიერ წვრილმანს, რაც რიტუალური თვალსაზრისით სიწმინდესთანაა დაკავშირებული და ყურადღებას მხოლოდ იმას აქცევენ, რაც გარეგნულად ჩანს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აინტერესებთ, როგორია მათი შინაგანი პიროვნება და არ ისუფთავებენ გულს.
მათი თვალთმაქცობა იქიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი მონდომებით აშენებენ და ალამაზებენ წინასწარმეტყველთა სამარხებს, არადა იესო ეუბნება მათ, რომ „წინასწარმეტყველთა მკვლელების ძეები“ არიან (მათე 23:31). და ამას ამტკიცებენ კიდეც, რადგან იესოს მოკვლას ცდილობენ (იოანე 5:18; 7:1, 25).
შემდეგ იესო ხაზს უსვამს, თუ რა ელით მათ მოუნანიებლობის შემთხვევაში: „გველებო, გველგესლას ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ (მათე 23:33). „გეენა“ ნიშნავს „ჰინომის ველს“. ეს ველი იერუსალიმთან ახლოს მდებარეობდა და იქ ნაგავს წვავდნენ. „გეენის სასჯელი“ იმას ასიმბოლოებს, რომ მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომელთაც ბოროტი გული აქვთ, მარადიული განადგურება ელით.
იესო თავისი მოწაფეების შესახებ, რომლებსაც თავის წარმომადგენლებად გზავნის, ამბობს: „გიგზავნით წინასწარმეტყველებს, ბრძენებსა და მოძღვრებს“. საინტერესოა, როგორ მოექცევიან მათ. იესო მწიგნობრებსა და ფარისევლებს მიმართავს: „ზოგ მათგანს მოკლავთ და ბოძზე გააკრავთ, ზოგს გაშოლტავთ სინაგოგებში და ერთი ქალაქიდან მეორეში განდევნით, რათა მოგეწიოთ ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი, მართალი აბელის სისხლიდან ზაქარიას, ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც . . . მოკალით“. ის აფრთხილებს მათ: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას“ (მათე 23:34—36). ეს სიტყვები ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როდესაც რომაელთა ჯარებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს და ათასობით იუდეველი დახოცეს.
ამ საზარელ სურათზე ფიქრი იესოს ძალიან ამწუხრებს და სინანულით ამბობს: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო, რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (მათე 23:37, 38). მსმენელები შესაძლოა ვერ ხვდებიან, რა „სახლზე“ საუბრობს იესო. იერუსალიმის დიდებულ ტაძარს ხომ არ გულისხმობს, რომელსაც, ერთი შეხედვით, ღმერთი იცავს?
იესო განაგრძობს: «გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!“» (მათე 23:39). იგი 118-ე ფსალმუნის 26-ე მუხლში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ციტირებს: „კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი! ჩვენ გაკურთხეთ იეჰოვას სახლიდან“. აშკარაა, რომ მას შემდეგ, რაც ტაძარი განადგურდება, იქ ღვთის სახელით ვეღარავინ მივა.
ახლა იესო ტაძრის იმ ნაწილში მიდის, სადაც ფულის ჩასაყრელებია. ჩასაყრელს თავზე პატარა ჭრილი აქვს და ხალხი იქ ყრის შესაწირავს. იესო ხედავს, როგორ სწირავს ხალხი ფულს — მდიდრები ბევრს სწირავენ, მაგრამ ამ დროს ის ერთ ღარიბ ქვრივს ამჩნევს, რომელიც შესაწირავში ორ პატარა მონეტას აგდებს (მარკოზი 12:41, 42). ალბათ, იესოს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ქვრივმა გაღებული საჩუქრით ძალიან გაახარა ღმერთი.
ის მოწაფეებს უხმობს და ეუბნება: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო. ყველამ ის ჩაყარა, რაც ზედმეტი ჰქონდა“. რატომ ამბობს იესო ამ სიტყვებს? იგი განმარტავს: „ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“ (მარკოზი 12:43, 44). ეს ქალი მწიგნობრებისა და ფარისევლებისგან სრულიად განსხვავებულად აზროვნებს და მოქმედებს!
მას შემდეგ, რაც იესო ტოვებს ტაძარს, მისი ერთი მოწაფე ამბობს: „მოძღვარო, ნახე, რა ქვები და რა შენობებია!“ (მარკოზი 13:1). ტაძრის კედელზე დატანებული ზოგი ქვა უზარმაზარია, რაც ტაძარს დიდებულ იერს აძლევს; კაცი იფიქრებს, რომ ის არასდროს განადგურდება. იესოს სიტყვები ახლა, ალბათ, ძალიან უჩვეულოდ ჟღერს მსმენელისთვის, რადგან ამბობს: „ხომ ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“ (მარკოზი 13:2).
ამის შემდეგ იესო და მისი მოწაფეები კედრონის ხევის გავლით ადიან ზეთისხილის მთაზე. ერთ მომენტში იესო თავის ოთხ მოწაფესთან, პეტრესთან, ანდრიასთან, იაკობთან და იოანესთან ერთად რჩება. იმ ადგილიდან, სადაც ისინი არიან, ხელისგულივით მოჩანს დიდებულად წამომართული ტაძარი.
-
-
ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანიიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 111
ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი
მათე 24:3—51; მარკოზი 13:3—37; ლუკა 21:7—38
მოწაფეები ეკითხებიან იესოს, რა იქნება ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი
„ნიშნის“ შესრულება პირველ საუკუნეში და ბოლო დღეებში
აუცილებელია სიფხიზლე
სამშაბათია, საღამო ახლოვდება. 11 ნისანი იწურება. საგულისხმოა, რომ იესოს აქტიური მსახურებაც აქ, დედამიწაზე დასასრულს უახლოვდება. დღის მანძილზე ის ტაძარში ქადაგებდა, ღამეს კი ქალაქგარეთ ათევდა. ხალხი დიდი ინტერესით უსმენდა მას; ისინი დილაადრიან მიდიოდნენ ტაძარში მის მოსასმენად (ლუკა 21:37, 38). ახლა იესო ოთხ მოციქულთან, პეტრესთან, ანდრიასთან, იაკობთან და იოანესთან ერთად ზეთისხილის მთაზეა.
ეს ოთხი მოციქული სხვებისგან განცალკევებით მივიდა მასთან. მათ აინტერესებთ, რა მოელის ტაძარს, რადგან იესომ ცოტა ხნის წინ იწინასწარმეტყველა, რომ მის ადგილზე ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. მაგრამ მოციქულებს კიდევ რაღაც აფიქრებთ. იესომ რამდენიმე ხნით ადრე მოუწოდა მათ: „მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკა 12:40). ის მათ იმ დღის შესახებაც ესაუბრა, „როცა კაცის ძე გამოცხადდება“ (ლუკა 17:30). უკავშირდება რამენაირად მისი ეს სიტყვები იმას, რაც ტაძრის შესახებ თქვა? მოციქულებს ერთი სული აქვთ, მეტი გაიგონ. ისინი ეკითხებიან: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3).
შესაძლოა მათ სწორედ იმ ტაძრის განადგურება აქვთ მხედველობაში, რომელსაც ახლა ზეთისხილის მთიდან კარგად ხედავენ. მოციქულებს აგრეთვე აინტერესებთ, როდის მოვა კაცის ძე. შესაძლოა ახსენდებათ იესოს მიერ მოყვანილი მაგალითი ერთ დიდგვაროვანზე, რომელიც შორეულ ქვეყანაში იმ მიზნით „წავიდა, რომ სამეფო ძალაუფლება მიეღო და უკან დაბრუნებულიყო“ (ლუკა 19:11, 12). და ბოლოს, ისიც აინტერესებთ, თუ რას მოიცავს „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“.
იესო წვრილმანებში უხსნის მათ ყველაფერს და ყურადღებას ამახვილებს იმ ნიშანზე, რომლის მეშვეობითაც განჭვრეტენ, როდის განადგურდება იუდეველთა სისტემა, მათ შორის ტაძარი. მაგრამ იესო კიდევ უფრო მეტ რამეს ჰფენს ნათელს. სწორედ ამ ნიშნის წყალობით მომავალში ქრისტიანები მიხვდებიან, მოსულია თუ არა ქრისტე და მოახლოებულია თუ არა ქვეყნიერების აღსასრული.
წლების სვლასთან ერთად მოციქულებმა დაინახეს, როგორ შესრულდა იესოს წინასწარმეტყველება. დიახ, ბევრი ნაწინასწარმეტყველები მოვლენის შესრულება სწორედ მათ სიცოცხლეში დაიწყო. ამიტომ იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც 37 წლის გასვლის შემდეგ, ახ. წ. 70 წელს ფხიზლად იყვნენ, მოულოდნელი არ იყო იუდეველთა სისტემისა და ტაძრის განადგურება. მაგრამ იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ყველა მოვლენა არ შესრულდა ახ. წ. 70 წლამდე და არც უშუალოდ ამ წელს. მაშ, რა იქნება იმის მიმანიშნებელი, რომ იესო სამეფო ძალაუფლებითაა მოსული? იესო მოციქულებთან საუბრის დროს ამ საკითხსაც ჰფენს ნათელს.
იგი წინასწარმეტყველებს, რომ ხალხი მოისმენს „ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ“ და რომ აღსდგება „ერი ერის წინააღმდეგ . . . და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:6, 7). აგრეთვე ამბობს, რომ „იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (ლუკა 21:11). იესო აფრთხილებს თავის მოწაფეებს: „ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ“ (ლუკა 21:12). გამოჩნდებიან ცრუწინასწარმეტყველები და ბევრს შეიყვანენ შეცდომაში. უკანონობა გამრავლდება და მრავალს სიყვარული გაუნელდება. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესოს წინასწარმეტყველება ნაწილობრივ იერუსალიმის განადგურებამდე და მისი განადგურების დროს შესრულდა მაშინ, როცა რომაელებმა ის მიწასთან გაასწორეს. მაგრამ საინტერესოა, იესოს ეს წინასწარმეტყველება მომავალში ფართო მასშტაბითაც ხომ არ უნდა შესრულდეს? ხედავთ იმის მტკიცებულებებს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება უმთავრესად ჩვენს დღეებში სრულდება?
იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ამ ნიშნის შემადგენელი ერთ-ერთი მოვლენა „გამაპარტახებელი სისაძაგლის“ გამოჩენაა (მათე 24:15). ახ. წ. 66 წელს „გამაპარტახებელი სისაძაგლე“ იმ გაგებით გამოჩნდა, რომ იერუსალიმის გარშემო რომაელთა ჯარი დაბანაკდა. მათ თან ჰქონდათ თავიანთი შტანდარტები ანუ დროშები, რომლებიც კერპებად ითვლებოდა. რომაელებმა ალყაში მოაქციეს იერუსალიმი და ზოგ ადგილას კედლისთვის ძირის გამოთხრა დაიწყეს (ლუკა 21:20). ამრიგად, „გამაპარტახებელი სისაძაგლე“ იქ დადგა, სადაც არ უნდა მდგარიყო ანუ იმ ადგილას, რომელსაც იუდეველები წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ.
აი, რას წინასწარმეტყველებს კიდევ იესო: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“. ახ. წ. 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს. მათ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს იუდეველთა წმინდა ქალაქს, მათ შორის ტაძარს; ეს მართლაც დიდი გასაჭირი იყო, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი დაიღუპა (მათე 4:5; 24:21). ასეთი რამ არც ამ ქალაქს ახსოვდა და არც რომელიმე იუდეველს. ამ დროს ხომ წერტილი დაესვა ორგანიზებულ თაყვანისმცემლობის სისტემას, რომელიც იუდეველებს საუკუნეების მანძილზე გააჩნდათ?! აქედან გამომდინარე, როცა იესოს წინასწარმეტყველური სიტყვები მომავალში, ფართო მასშტაბით შესრულდება, ეს არანაკლებ შემაძრწუნებელი იქნება.
ბოლო დღეებში ქრისტიანებმა რწმენა უნდა გამოავლინონ
მოციქულებთან იესოს საუბარი სამეფო ძალაუფლებით მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნის შესახებ ამით არ მთავრდება. ახლა ის აფრთხილებს მათ, რომ არ გაჰყვნენ „ცრუქრისტეებსა და ცრუწინასწარმეტყველებს“. იესო ამბობს, რომ ისინი შეეცდებიან, „რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ“ (მათე 24:24). მაგრამ რჩეულები არ შეცდებიან. ცრუქრისტეების დანახვა შესაძლებელია, თუმცა იესოს ვერავინ დაინახავს, როცა მოსული იქნება.
დიდი გასაჭირის შესახებ, რომელიც თავის კულმინაციას ქვეყნიერების აღსასრულის დროს მიაღწევს, იესო ამბობს: „მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს, ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივა და ციური ძალები შეირყევა“ (მათე 24:29). მოციქულებმა, რომლებიც ამ შემაძრწუნებელი მოვლენების შესახებ ისმენენ, ზუსტად არ იციან, რა მოხდება, მაგრამ იმას კი ხვდებიან, რომ ეს ნამდვილად თავზარდამცემი იქნება.
რა დაემართება ამ დროს ხალხს? იესო ამბობს: „ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს, რადგან ციური ძალები შეირყევა“ (ლუკა 21:26). აშკარაა, რომ იესო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შავბნელ პერიოდს აღწერს.
საბედნიეროდ, როგორც მოციქულებისთვის ნათქვამი იესოს სიტყვებიდან ჩანს, ყველა არ მოჰყვება გოდებას „აღმატებული დიდებით . . . მომავალი კაცის ძის“ დანახვაზე (მათე 24:30). იესომ უკვე აღნიშნა, რომ ამ დროს ღმერთი „რჩეულთა გულისთვის“ ჩაერევა და საჭირო ზომებს მიიღებს (მათე 24:22). აქედან გამომდინარე, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ერთგულ მოწაფეებს, როდესაც იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ეს შემაძრწუნებელი მოვლენები განვითარდება? იესო ასეთი სიტყვებით ამხნევებს თავის მიმდევრებს: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:28).
როგორ შეუძლიათ იესოს მოწაფეებს, რომლებიც ამ ნაწინასწარმეტყველები პერიოდის განმავლობაში იცხოვრებენ, განჭვრიტონ აღსასრულის მოახლოება? იესოს მოჰყავს ლეღვის მაგალითი: „როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“ (მათე 24:32—34).
ასე რომ, როცა იესოს მოწაფეები დაინახავენ, რომ სრულდება ნიშნისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა მოვლენა, უნდა მიხვდნენ, რომ აღსასრული ახლოსაა. იესო იმ მოწაფეების საყურადღებოდ, რომლებიც ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში იცხოვრებენ, ამბობს:
„იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ. როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:36—39). იესო კაცის ძის მოსვლას ნოეს დროინდელ წარღვნას ადარებს; წარღვნის მსგავსად, ეს მოვლენაც მთელ კაცობრიობაზე იქონიებს გავლენას.
მოციქულებმა, რომლებიც ახლა ზეთისხილის მთაზე იესოს უსმენენ, უნდა დაინახონ, რომ აუცილებელია სიფხიზლე. იესო ეუბნება: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე, რადგან ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება. მაშ, იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:34—36).
იესო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ მის მიერ ნაწინასწარმეტყველებ სიტყვებს ფართო შესრულებაც ექნება. ის მხოლოდ იმ მოვლენებზე არ წინასწარმეტყველებს, რომლებიც რამდენიმე ათწლეულში მოხდება და რომლებიც მარტო იერუსალიმსა და იუდეველებს შეეხება. სინამდვილეში ის საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც „დედამიწის ყველა მცხოვრებზე“ აისახება.
ის ამბობს, რომ მისმა მოწაფეებმა უნდა იფხიზლონ და მზად იყვნენ. იესოს თავისი სათქმელის ხაზგასასმელად კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს: „ერთი რამ იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი, იფხიზლებდა და სახლს არ გაატეხინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათე 24:43, 44).
იესო შემდეგ ისეთ რამეს ეუბნება მოწაფეებს, რაც მათ იმედის საფუძველს აძლევს. ის არწმუნებს, რომ იმ დროს, როცა მის მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები მოხდება, დედამიწაზე იქნება „მონა“, რომელიც იფხიზლებს და იშრომებს. იესოს ისეთი სიტუაცია მოჰყავს, რაც მოციქულებისთვის ადვილი წარმოსადგენია: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის? ბედნიერია ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს! ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“. მაგრამ თუ ეს „მონა“ ბოროტი გახდება და სხვებს ცუდად მოეპყრობა, ბატონი მას „სასტიკად დასჯის“ (მათე 24:45—51; შეადარეთ ლუკას 12:45, 46).
იესოს იმის თქმა ნამდვილად არ სურს, რომ მისი მიმდევრების გარკვეული ნაწილი ბოროტი გახდება. მაშ, რის დანახვება უნდა თავისი მოწაფეებისთვის? მას სურს, რომ მათ იფხიზლონ და იშრომონ, რაც მის მიერ მოყვანილი კიდევ ერთი მაგალითიდან ჩანს.
-
-
იგავი ათ ქალწულზე მოწაფეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 112
იგავი ათ ქალწულზე მოწაფეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს
იესოს იგავი მოჰყავს ათ ქალწულზე
როგორც დავინახეთ, იესომ პასუხი გასცა მოციქულებს, რომელთაც აინტერესებდათ, რა იქნებოდა მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი. ახლა იგი კვლავ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს. მას კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს და მოციქულებს გონივრულ რჩევას აძლევს. ამ წინასწარმეტყველური მაგალითის შესრულების მოწმენი ისინი გახდებიან, ვინც იმ დროს იცხოვრებს, როცა იესო მოსული იქნება.
იესო იგავის თხრობას ასე იწყებს: „ზეციერი სამეფო დაემსგავსება ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და ნეფის შესაგებებლად გავიდნენ. ხუთი მათგანი უგუნური იყო, ხუთი — გონიერი“ (მათე 25:1, 2).
იესო იმას არ გულისხმობს, რომ მის მოწაფეთაგან, რომლებიც ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებენ, ნაწილი უგუნურია, ხოლო ნაწილი — გონიერი. მას იმის თქმა სურს, რომ თითოეული ეს მოწაფე თავად ირჩევს, სიფხიზლეს შეინარჩუნებს თუ მოდუნდება და ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანს. თუმცა იესოს ეჭვი არ ეპარება, რომ ყველა მის მიმდევარს შეუძლია ერთგული დარჩეს და ზეციერი მამისგან კურთხევები მიიღოს.
მოყვანილ იგავში ათი ქალწული ნეფის შესაგებებლად მიდის, რათა საზეიმო მსვლელობას შეუერთდნენ. როცა ნეფე მოვა და პატარძალს მის მისაღებად მომზადებულ სახლში წაიყვანს, ქალწულები მათ თავიანთი ლამპრებით გაუნათებენ გზას, რითაც ნეფისადმი პატივისცემას გამოავლენენ. ვნახოთ, რა ხდება შემდეგ.
იესო განაგრძობს: „უგუნურებმა ლამპრები აიღეს, მაგრამ ზეთი არ წაიღეს თან. გონიერებმა კი ლამპრებთან ერთად ჭურჭლით ზეთიც გაიყოლეს. ნეფე აყოვნებდა და ყველას ჩასთვლიმა და ჩაეძინა“ (მათე 25:3—5). ნეფე იმ დროს არ მოდის, როცა მას ელოდებიან. როგორც ჩანს, ნეფე დიდხანს შეყოვნდა და ქალწულებს ჩაეძინათ. შესაძლოა მოციქულებს ახსენდებათ, თუ რა თქვა იესომ დიდგვაროვანზე, რომელიც შორეულ ქვეყანაში სამეფო ძალაუფლების მისაღებად წავიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა (ლუკა 19:11—15).
ათი ქალწულის შესახებ იგავში იესო აღწერს, რა ხდება, როდესაც საბოლოოდ ნეფე მოდის: «შუაღამისას ხმა გაისმა: „ნეფე მოდის! გამოდით შესაგებებლად!“» (მათე 25:6). საინტერესოა, მზად არიან ამ დროს ქალწულები და ფხიზლობენ?
იესო აგრძელებს თხრობას: «მაშინ ქალწულები წამოდგნენ და თავ-თავიანთი ლამპრები გამართეს. უგუნურებმა უთხრეს გონიერებს: „ცოტა ზეთი მოგვეცით, ლამპრები გვიქრება“. გონიერებმა მიუგეს: „მერე შეიძლება არც ჩვენ გვეყოს და არც თქვენ. უმჯობესია, გამყიდველებთან წახვიდეთ და იყიდოთ“» (მათე 25:7—9).
როგორც ვხედავთ, ხუთი უგუნური ქალწული არ ფხიზლობს და მზად არ არის ნეფის დასახვედრად. მათ არ აქვთ თავიანთი ლამპრებისთვის საკმარისი ზეთი და რაიმე უნდა იღონონ, რომ როგორმე იშოვონ. იესო განაგრძობს: «სანამ ისინი საყიდლად იყვნენ წასულები, მოვიდა ნეფე. ქალწულები, რომლებიც მზად იყვნენ, მასთან ერთად შევიდნენ საქორწილო წვეულებაზე და კარი დაიკეტა. მოგვიანებით დანარჩენი ქალწულებიც მოვიდნენ. „ბატონო, ბატონო, გაგვიღე!“ — ეუბნებოდნენ ისინი. მან კი მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არ გიცნობთ“» (მათე 25:10—12). რა ცუდად დამთავრდა ყველაფერი მათთვის, ვინც ბოლომდე არ შეინარჩუნა მზადყოფნა და სიფხიზლე!
მოწაფეები, წესით, უნდა მიხვდნენ, რომ ნეფე თავად იესოა. მან ხომ ერთხელ საკუთარი თავი ნეფეს შეადარა (ლუკა 5:34, 35). რა შეიძლება ითქვას გონიერ ქალწულებზე? როდესაც იესო საუბრობდა „მცირე სამწყსოზე“, რომელიც სამეფოს დაიმკვიდრებს, ასეთი სიტყვები თქვა: „წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები კი — ანთებული“ (ლუკა 12:32, 35). აქედან გამომდინარე, მოციქულებს შეუძლიათ დაასკვნან, რომ ქალწულების შესახებ იგავში იესო სწორედ მათ გულისხმობს. რის ხაზგასმა სურს ამ მაგალითით იესოს?
იგი მაგალითს ისეთი სიტყვებით ასრულებს, საიდანაც კარგად იკვეთება ამ კითხვაზე პასუხი: „იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათე 25:13).
იესოს რჩევა ნათელია: როცა ის მოსული იქნება, მისმა ერთგულმა მიმდევრებმა უნდა იფხიზლონ. იესო აუცილებლად მოვა, ისინი კი ხუთი გონიერი ქალწულის მსგავსად, მზად უნდა იყვნენ და იფხიზლონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ თავიანთი გასაოცარი იმედი და არ დაკარგონ დაპირებული ჯილდო.
-
-
იგავი ტალანტებზე მოწაფეებს გულმოდგინებას ასწავლისიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 113
იგავი ტალანტებზე მოწაფეებს გულმოდგინებას ასწავლის
იესოს მოჰყავს იგავი ტალანტებზე
იესო თავის ოთხ მოციქულთან ერთად კვლავაც ზეთისხილის მთაზეა. მას კიდევ ერთი იგავი მოჰყავს მათთვის. რამდენიმე დღის წინ, როდესაც იესო იერიხონში იყო, მან მინებზე მოიყვანა იგავი, რათა ეჩვენებინა მსმენელისთვის, რომ სამეფოს დამყარებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო უნდა გასულიყო. იგავი, რომელიც იესოს ახლა მოჰყავს, საკმაოდ ჰგავს იგავს მინებზე. იესო კვლავ მოწაფეების მიერ წამოჭრილ საკითხზე მსჯელობს და ამ იგავითაც პასუხს სცემს თავისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ მათ მიერ დასმულ კითხვას. ეს იგავი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავალება, რომელიც მოწაფეებს მიენდოთ, გულმოდგინედ შეასრულონ.
იესო იგავს ასე იწყებს: „ეს ისეა, კაცმა სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მონები რომ დაიბარა და თავისი ქონება ჩააბარა“ (მათე 25:14). საგულისხმოა ის, რომ იესომ ერთხელ უკვე შეადარა საკუთარი თავი კაცს, რომელიც შორეულ ქვეყანაში ძალაუფლების მისაღებად მიდის. ამიტომ მოწაფეებს არ უნდა გაუჭირდეთ იმის დანახვა, რომ იესო „კაცში“ ახლაც საკუთარ თავს გულისხმობს (ლუკა 19:12).
სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე ეს კაცი მონებს ქონებას აბარებს. დედამიწაზე სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მსახურების დროს იესომ მთელი ყურადღება ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას დაუთმო და მოწაფეებიც ამავე საქმის შესასრულებლად მოამზადა. მალე ის დატოვებს დედამიწას იმაში დარწმუნებული, რომ მისი მოწაფეები თავს გაართმევენ საქმეს, რომლისთვისაც თავად მოამზადა (მათე 10:7; ლუკა 10:1, 8, 9; შეადარეთ იოანეს 4:38; 14:12).
როგორ ანაწილებს ამ იგავში ბატონი თავის ქონებას? იესო განაგრძობს: „ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, და მესამეს — ერთი, თითოეულს თავისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა“ (მათე 25:15). როგორ განკარგავენ მონები იმას, რაც მიენდოთ? გამოავლენენ გულმოდგინებას და ეცდებიან, ბატონს მოგება მოუტანონ?
იესო ჰყვება: „ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ფული ბრუნვაში გაუშვა და კიდევ ხუთი მოიგო; ორის მიმღებმაც კიდევ ორი მოიგო; ის კი, რომელმაც მხოლოდ ერთი მიიღო, წავიდა, მიწა ამოთხარა და დამალა თავისი ბატონის ვერცხლის ფული“ (მათე 25:16—18). რა მოხდება, როცა ბატონი დაბრუნდება?
„კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიშსწორებას შეუდგა“ (მათე 25:19). პირველმა ორმა მონამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, „თითოეულმა თავისი უნარისდა მიხედვით“. ორივე მონა მუყაითი და გულმოდგინე იყო და მათ მინდობილი საუკეთესოდ განკარგეს; მან, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, ორმაგი მოგება მოუტანა ბატონს და იგივე გააკეთა მანაც, ვისაც ორი ტალანტი მიეცა (იმ დროს მუშას დაახლოებით 19 წელი უნდა ემუშავა, ერთი ტალანტის ოდენობის თანხა რომ გამოემუშავებინა). ბატონმა ორივე ერთნაირად შეაქო: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ! მცირეზე ერთგული იყავი და ბევრზე დაგაყენებ. მოდი, გაიზიარე შენი ბატონის სიხარული“ (მათე 25:21).
თუმცა მესამე მონა, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო, პირველი ორისგან სრულიად განსხვავებულად მოიქცა. ის ამბობს: „ბატონო, ვიცოდი, რომ მომთხოვნი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და აგროვებ, სადაც არ გაგინიავებია. ამიტომ შემეშინდა, წავედი და შენი ტალანტი მიწაში დავმალე. აჰა, შენი შენვე გქონდეს“ (მათე 25:24, 25). ამ მონამ მიღებული ფული ვაჭრებსაც კი არ მისცა, რაღაც მოგება მაინც რომ მოეტანა ბატონისთვის. ნაცვლად იმისა, რომ იგი ბატონის ინტერესებს მომსახურებოდა, შეიძლება ითქვას, სრულიად საპირისპიროდ მოიქცა.
ამიტომაც ბატონი სრულიად სამართლიანად უწოდებს მას „ბოროტ და ზარმაც მონას“, ართმევს მიბარებულ ტალანტს და იმ მონას აძლევს, რომელიც გულმოდგინედ მოეკიდება საქმეს. ბატონს ამ საკითხისადმი ასეთი მიდგომა აქვს: „ვისაც აქვს, მეტი მიეცემა და უხვად ექნება, იმას კი, ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“ (მათე 25:26, 29).
იესოს მოწაფეები ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდნენ; ეს ერთი იგავიც კი ნამდვილად ბევრის მთქმელია მათთვის. მათ უნდა გააცნობიერონ, თუ რამხელა პატივი დასდო იესომ, რომ მოწაფეების მომზადების საქმე მიანდო. იესო მათგან მოელის, რომ გულმოდგინედ მოეკიდებიან მინდობილს. იგი არ ფიქრობს, რომ მისი ყველა მიმდევარი ერთნაირად შეასრულებს დავალებულს ანუ სამქადაგებლო საქმეს. როგორც იგავიდან გამოჩნდა, თითოეულმა „თავისი უნარისდა მიხედვით“ უნდა იმოქმედოს. რა თქმა უნდა, იესოს მოწონებას ვერ დაიმსახურებს ის, ვინც იზარმაცებს და ბოლომდე არ დაიხარჯება იმისთვის, რომ ბატონს მოგება მოუტანოს.
და მაინც, ალბათ, როგორ გაახარებდათ მოციქულებს იესოს სიტყვები: „ვისაც აქვს, მეტი მიეცემა“.
-
-
ძალაუფლებით მოსილი იესო ცხვრებს თხებისგან გამოარჩევსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
თავი 114
ძალაუფლებით მოსილი იესო ცხვრებს თხებისგან გამოარჩევს
იესოს იგავი მოჰყავს ცხვრებსა და თხებზე
იესო კვლავ ზეთისხილის მთაზეა. ცოტა ხნის წინ მან მოიყვანა იგავები ათ ქალწულსა და ტალანტებზე. როგორ დაასრულებს იესო მოციქულებთან თავისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნის შესახებ მსჯელობას? მას ახლა ბოლო მაგალითი მოჰყავს, რომლებიც ცხვრებს და თხებს ეხება.
იესო ასეთი სიტყვებით იწყებს იგავს: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება“ (მათე 25:31). იესოს სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ მაგალითში მთავარი ფიგურა თავადაა. იესო ხშირად უწოდებდა საკუთარ თავს „კაცის ძეს“ (მათე 8:20; 9:6; 20:18, 28).
როდის შესრულდება ეს წინასწარმეტყველური შინაარსის მაგალითი? ეს მაშინ მოხდება, როცა იესო „თავისი დიდებით“ ანგელოზებთან ერთად მოვა და „დიდებულ ტახტზე დაჯდება“. მან მოწაფეებთან საუბრის დროს უკვე აღნიშნა, რომ იხილავდნენ „ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“ ანგელოზებთან ერთად. როდის მოხდება ეს? „მაშინვე, იმ დღეების გასაჭირის შემდეგ“ (მათე 24:29—31; მარკოზი 13:26, 27; ლუკა 21:27). ასე რომ, ეს წინასწარმეტყველური იგავი მაშინ შესრულდება, როცა იესო თავისი დიდებით მოვა. რას გააკეთებს იმ დროს?
იესო ხსნის: „როცა მოვა კაცის ძე . . . შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ“ (მათე 25:31—33).
ცხვრების შესახებ, რომლებსაც მეფე თავის მარჯვნივ ანუ საპატიო ადგილას აყენებს, იესო ამბობს: «მაშინ მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ ეტყვის: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო“» (მათე 25:34). რატომ იმსახურებენ ცხვრები მეფის კეთილგანწყობას?
მეფე ეუბნება მათ: „მშიოდა და მაჭამეთ, მწყუროდა და დამალევინეთ, უცხო ვიყავი და სტუმართმოყვარულად მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და ჩამაცვით, ავად ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ“. როდესაც ცხვრები ანუ „მართლები“ ეკითხებიან მეფეს, როდის გაუკეთეს მას ამდენი სიკეთე, ის პასუხობს: „რაც კი ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმას გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“ (მათე 25:35, 36, 40, 46). მათ ასეთი საქმეები ზეცაში არ გაუკეთებიათ, რადგან იქ არავინაა ავადმყოფი თუ მშიერ-მწყურვალი. აშკარაა, მათ ქრისტეს ძმებს დედამიწაზე გაუკეთეს სიკეთე.
რის თქმა შეიძლება თხებზე, რომლებსაც მეფე მარცხენა მხარეს აყენებს? იესო ამბობს: «მაშინ [მეფე] თავის მარცხნივ მდგომთაც ეტყვის: „წადით აქედან, დაწყევლილებო, მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული, რადგან მშიოდა და არ მაჭამეთ, მწყუროდა და არ დამალევინეთ, უცხო ვიყავი და სტუმართმოყვარულად არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ ჩამაცვით, არ მომხედეთ არც ავადმყოფობისას და არც საპყრობილეში“» (მათე 25:41—43). ამ სასჯელს თხები იმიტომ იმსახურებენ, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ქრისტეს ძმებს კეთილი საქმეები არ გაუკეთეს, რისი გაკეთებაც მართებდათ.
მოციქულები ხედავენ, რომ განაჩენი, რომელსაც მეფე მომავალში გამოიტანს, საბოლოო იქნება. იესო ამბობს: «ის [მეფე] კი ეტყვის პასუხად: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: რაც არ გაუკეთეთ არც ერთ ამ უმცირესთაგანს, მე არ გამიკეთეთ“. და ესენი მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ» (მათე 25:45, 46).
მოწაფეებისთვის იესოს მიერ გაცემული პასუხი ჩვენ, მის მიმდევრებს, ბევრ რამეზე გვაფიქრებს და გვეხმარება, შევამოწმოთ საკუთარი თავი, თუ როგორი აზროვნება გვაქვს და როგორ ვიქცევით.
-