საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო თავმდაბლობის მაგალითს აძლევს მოციქულებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო თავმდაბლობას ასწავლის მოწაფეებს და ფეხებს ბანს მათ

      თავი 116

      იესო თავმდაბლობის მაგალითს აძლევს მოციქულებს

      მათე 26:20; მარკოზი 14:17; ლუკა 22:14—18; იოანე 13:1—17

      • იესო მოციქულებთან ერთად უკანასკნელად აღნიშნავს პასექს

      • იესო ფეხებს ჰბანს მოციქულებს და ამგვარად თავმდაბლობას ასწავლის

      პეტრე და იოანე, იესოს მითითებისამებრ უკვე ჩავიდნენ იერუსალიმში, პასექი რომ მოამზადონ. მოგვიანებით იქ იესო და დანარჩენი მოციქულებიც ჩადიან. ნაშუადღევია, დასავლეთით მზე ნელ-ნელა ჩადის და თვალს ეფარება. იესო და მასთან მყოფი მოციქულები ზეთისხილის მთის ფერდობზე ეშვებიან. მკვდრეთით აღდგომამდე იესო დღის სინათლეზე უკანასკნელად გადასცქერის იქაურობას.

      ცოტა ხანში იესო თავის მოციქულებთან ერთად ქალაქში შედის და იმ სახლისკენ იღებს გეზს, სადაც პასექი უნდა აღნიშნონ. სახლში მისვლისას ისინი კიბით დიდ ზემოთა ოთახში ადიან, სადაც საპასექო ვახშმისთვის ყველაფერი გამზადებული ხვდებათ. იესოს შემდეგი სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ რა მოუთმენლად ელის მოციქულებთან ერთად პასექის აღნიშვნას: „ძალიან მინდოდა, თქვენთან ერთად მეჭამა პასექი ჩემი ტანჯვის წინ“ (ლუკა 22:15).

      წლების წინ დადგენილი ტრადიციის თანახმად, პასექის დღესასწაულის აღნიშვნისას ღვინის ჩამოტარება რამდენიმე ჭიქით ხდება. ახლა იესო ერთ ჭიქას იღებს, მადლობას უხდის ღმერთს და ამბობს: „აიღეთ და გადააწოდეთ ერთმანეთს, რადგან გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფს, სანამ ღვთის სამეფო არ მოვა“ (ლუკა 22:17, 18). ალბათ, ყველასათვის აშკარა ხდება, რომ იესო მალე მოკვდება.

      პასექის აღნიშვნის დროს იესო დგება, მოსასხამს გვერდზე დებს და პირსახოცს იღებს. შემდეგ ტაშტში, რომელიც იქვე დგას, წყალს ასხამს. ეს მეტად უჩვეულოა, რადგან, ჩვეულებრივ, მასპინძელი ზრუნავს იმაზე, რომ სტუმრებს ფეხები დაჰბანონ, რასაც, მეტწილად, მისი მსახური აკეთებს (ლუკა 7:44). ვინაიდან მასპინძელი იქ არ არის, იესო საკუთარ თავზე იღებს ამ მოვალეობას. რა თქმა უნდა, მოციქულებიდან ნებისმიერს შეეძლო იმავეს გაკეთება, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გამოუვლენია ინიციატივა. რა არის ამის მიზეზი? ის ხომ არა, რომ კვლავაც მეტოქეობას უწევენ ერთმანეთს? როგორც არ უნდა იყოს, ახლა ისინი, უეჭველია, თავს უხერხულად გრძნობენ, რადგან იესო ჰბანს მათ ფეხებს.

      როცა პეტრეს ჯერი დგება, ის ეწინააღმდეგება იესოს: „ეს არ მოხდება, არ დაგაბანინებ ფეხებს“. იგი პასუხობს: „თუ არ დამაბანინებ, ჩემთან არ გექნება წილი“. ამაზე პეტრე ძლიერი ემოციით ამბობს: „უფალო, მაშინ მარტო ფეხებს კი არა, ხელებსა და თავსაც დაგაბანინებ“. პეტრესთვის, ალბათ, ძალიან მოულოდნელია ის, რასაც იესო ეუბნება: „დაბანილს ფეხების დაბანის გარდა არაფერი სჭირდება, რადგან მთლიანად სუფთაა. თქვენ სუფთანი ხართ, მაგრამ არა ყველა“ (იოანე 13:8—10).

      იესო ფეხებს თორმეტივეს ჰბანს, მათ შორის იუდა ისკარიოტელს, რის შემდეგაც კვლავ მოსასხამს ისხამს, მაგიდასთან ბრუნდება და მოციქულებს ეკითხება: „იცით, რა გაგიკეთეთ? თქვენ მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ და მართალს ამბობთ, რადგან ასეც არის. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები. ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მონა არ არის თავის ბატონზე დიდი, არც გაგზავნილია გამგზავნელზე დიდი. თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოანე 13:12—17).

      თავმდაბლობის რა არაჩვეულებრივი მაგალითია! იესოს მიმდევრებმა არც პირველობისკენ უნდა ისწრაფონ, არც საკუთარ თავზე უნდა ჰქონდეთ დიდი წარმოდგენა და არც იმას უნდა მოელოდნენ, რომ სხვები მოემსახურებიან. ისინი ქრისტეს მაგალითს უნდა მიჰყვნენ, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ პირდაპირი გაგებით დაჰბანონ სხვებს ფეხები, არამედ იმას, რომ თავმდაბლურად და მიუკერძოებლად მოემსახურონ მათ.

      • იესოს რომელი სიტყვებიდან ხვდებიან მოციქულები, რომ ის მალე უნდა მოკვდეს?

      • რატომ არის უჩვეულო ის, რომ იესო ჰბანს ფეხებს მოციქულებს?

      • რა ასწავლა იესომ მოციქულებს, როცა მსახურის მოვალეობა შეასრულა და მათ ფეხები დაჰბანა?

  • უფლის ვახშამი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო აფუძნებს უფლის გახსენების საღამოს თავის თერთმეტ ერთგულ მოწაფესთან ერთად

      თავი 117

      უფლის ვახშამი

      მათე 26:21—29; მარკოზი 14:18—25; ლუკა 22:19—23; იოანე 13:18—30

      • იუდა გამცემია

      • იესო გახსენების საღამოს აწესებს

      მწუხრის ჟამია. ცოტა ხნის წინ იესომ მოციქულებს ფეხები დაჰბანა და ამით თავმდაბლობის მაგალითი მისცა. როგორც ჩანს, მათ უკვე აღნიშნეს პასექი და ახლა იესო დავითის მიერ წარმოთქმულ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ციტირებს: „ვისთანაც მშვიდობა მქონდა, ვისაც ვენდობოდი და ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი“. შემდეგ დასძენს: „ერთი თქვენგანი გამცემს“ (ფსალმუნი 41:9; იოანე 13:18, 21).

      შეცბუნებული მოციქულები ერთმანეთს უყურებენ. შემდეგ ყველა სათითაოდ ეკითხება იესოს: „მე ხომ არა, უფალო?“. თვით იუდა ისკარიოტელიც კი სვამს ამ კითხვას. იოანეს, რომელიც მაგიდასთან იესოს გვერდითაა, პეტრე სთხოვს, რომ გაიგოს, ვინ ჰყავს მოძღვარს მხედველობაში. იოანე მკერდზე ეყრდნობა იესოს და ეკითხება: „უფალო, ვინ არის?“ (მათე 26:22; იოანე 13:25).

      იესო პასუხობს: „ის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ“. ამის შემდეგ იესო აწებს ლუკმას და იუდას აძლევს, თან ამბობს: „მართალია კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმას, ვინც კაცის ძეს გასცემს! მისთვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო“ (იოანე 13:26; მათე 26:24). ამის მერე სატანა შედის იუდაში. ეს კაცი, რომელიც უკვე ისედაც გახრწნილია, ახლა სატანის ნებას ჰყვება და ამგვარად „დაღუპვის ძე“ ხდება (იოანე 6:64, 70; 12:4; 17:12).

      იესო ეუბნება იუდას: „მალე გააკეთე, რასაც აკეთებ“. ვინაიდან ყულაბა იუდას აქვს მიბარებული, მოციქულებს ჰგონიათ, რომ ის დღესასწაულისთვის რაღაცის საყიდლად უნდა წავიდეს ან რაიმე მისცეს ღარიბებს (იოანე 13:27—30). სინამდვილეში იუდა იესოს გასაცემად მიდის.

      ამავე საღამოს იესო აწესებს ახალ დღესასწაულს, რომელიც პასექის დღესასწაულს ჩაანაცვლებს. ის იღებს პურს, წარმოთქვამს სამადლობელ ლოცვას, ტეხს და თავის მოციქულებს აძლევს. იგი ეუბნება მათ: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). მოციქულები ერთმანეთს აწოდებენ პურს და ჭამენ.

      შემდეგ იესო იღებს ღვინით სავსე სასმისს, სამადლობელ ლოცვას წარმოთქვამს და სასმისს მოციქულებს აწვდის. თითოეული სვამს ამ სასმისიდან, რომლის შესახებაც იესო ამბობს: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“ (ლუკა 22:20).

      ამგვარად იესო აწესებს თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელიც მისმა მიმდევრებმა ყოველწლიურად 14 ნისანს უნდა აღნიშნონ. ეს გაახსენებთ, თუ რა გააკეთეს იესომ და მისმა ზეციერმა მამამ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან მორწმუნეთა გასათავისუფლებლად. ისრაელისთვის დაწესებული პასექისგან განსხვავებით, გახსენების საღამო მორწმუნეთა ნამდვილ ხსნაზე ამახვილებს ყურადღებას.

      იესო ამბობს, რომ მისი სისხლი „მრავალთათვის უნდა დაიღვაროს, ცოდვების მისატევებლად“. მრავალთა შორის, ვისაც ცოდვები მიეტევება, ღვთის ერთგული მოციქულები და ის ადამიანები არიან, რომლებიც მსგავსი ერთგულებით გამოირჩევიან. სწორედ ისინი იქნებიან იესოსთან ერთად ზეციერი მამის სამეფოში (მათე 26:28, 29).

      • რა წინასწარმეტყველურ სიტყვებს ციტირებს იესო, და რატომ?

      • რას ეუბნება იესო იუდას, მაგრამ როგორ იგებენ მის სიტყვებს მოციქულები?

      • რა საღამოს აწესებს იესო და რას ემსახურება ეს საღამო?

  • მოციქულები დავობენ, ვინ არის მათ შორის უდიდესი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესოს მოწაფეები დავობენ, ვინ არის მათ შორის უდიდესი

      თავი 118

      მოციქულები დავობენ, ვინ არის მათ შორის უდიდესი

      მათე 26:31—35; მარკოზი 14:27—31; ლუკა 22:24—38; იოანე 13:31—38

      • იესო მოციქულებს ურჩევს, დიდი წარმოდგენა არ ჰქონდეთ საკუთარ თავზე

      • იესო ეუბნება პეტრეს, რომ ის მას უარყოფს

      • იესოს მიმდევრების ამოსაცნობი ნიშანი სიყვარულია

      მოციქულებთან ერთად გატარებულ უკანასკნელ საღამოს იესომ მათ ფეხები დაჰბანა და ამით თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითი დაუტოვა. ეს მათ ნამდვილად ესაჭიროებოდათ, რადგან ამ მხრივ სისუსტე ჰქონდათ. მართალია, ისინი ღვთის ერთგულები იყვნენ, მაგრამ ჯერ კიდევ წუხდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის უდიდესი (მარკოზი 9:33, 34; 10:35—37). მოციქულების სისუსტემ ამ საღამოსაც იჩინა თავი.

      მოციქულებს შორის „გაცხარებული დავა ატყდა იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“ (ლუკა 22:24). ალბათ, როგორ დამწუხრდებოდა იესო ამის დანახვაზე!

      ნაცვლად იმისა, რომ გაკიცხოს მოციქულები ასეთი აზროვნებისა და საქციელისთვის, მოთმინებით ეკიდება მათ და უხსნის: „ხალხებზე მეფეები ბატონობენ და ძალაუფლების მქონეებს კეთილისმყოფელებს უწოდებენ. თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ . . . ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის თუ ვინც ემსახურება?“. ამის შემდეგ იესო ახსენებს იმას, თუ რა მაგალითს აძლევდა მთელი იმ დროის მანძილზე, რაც მათთან იყო: „მე კი მომსახურე ვარ თქვენ შორის“ (ლუკა 22:25—27).

      და მაინც, არასრულყოფილების მიუხედავად, მათ იესოსთან ერთად არაერთ განსაცდელს გაუძლეს. ამიტომ იესო ეუბნება: „შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“ (ლუკა 22:29). ეს მამაკაცები იესოს ერთგული მიმდევრები არიან. იგი არწმუნებს, რომ იმ შეთანხმების წყალობით, რომელსაც მათთან დებს, ისინი ღვთის სამეფოში იქნებიან და მასთან ერთად იმეფებენ.

      მართალია, მოციქულებს მომავალში ამხელა ჯილდო ელით, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ხორცში და არასრულყოფილების ტყვეობაში არიან. იესო ეუბნება: „აი, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ“. როგორც ვიცით, ხორბალი გაცხრილვის დროს იფანტება (ლუკა 22:31). ის აგრეთვე აფრთხილებს: «ამაღამ ყველანი დაბრკოლდებით და მიმატოვებთ, რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს და გაიფანტება სამწყსოს ცხვარი“» (მათე 26:31; ზაქარია 13:7).

      პეტრე გადაჭრით ამბობს: „ყველა რომ დაბრკოლდეს და მიგატოვოს, მე არასოდეს დავბრკოლდები!“ (მათე 26:33). იესო ეუბნება, რომ ღამით, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, ის უარყოფს მას. თუმცა აქვე დასძენს: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო შენი ძმები“ (ლუკა 22:32). პეტრე მაინც თავის აზრზე დგას: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ“ (მათე 26:35). ამავეს ამბობს ყველა სხვა მოციქულიც.

      იესო ეუბნება მოციქულებს: „ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ; რაც იუდეველებს ვუთხარი — სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას — თქვენც იმავეს გეუბნებით“. შემდეგ ამატებს: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:33—35).

      როცა პეტრე იგებს, რომ იესო ცოტა ხანსღა იქნება მათთან, ეკითხება: „სად მიდიხარ, უფალო?“. იესო პასუხობს: „სადაც მე მივდივარ, იქ ახლა ვერ გამომყვები, მერე კი გამომყვები“. საგონებელში ჩავარდნილი პეტრე ამბობს: „უფალო, ახლა რატომ ვერ გამოგყვები? სულს გავწირავ შენთვის“ (იოანე 13:36, 37).

      შემდეგ იესო მოციქულებს ახსენებს იმ დროს, როცა გალილეაში საქადაგებლად გაგზავნა და უთხრა, რომ თან არც ქისა წაეღოთ და არც საგზლის აბგა (მათე 10:5, 9, 10). იგი ეკითხება: „გაკლდათ რამე?“. ისინი პასუხობენ: „არა!“. ახლა იესო მითითებას აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამის შემდეგ: «ვისაც ქისა აქვს, აბგაც აიღოს და ვისაც მახვილი არა აქვს, ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს. გეუბნებით: ჩემზე უნდა შესრულდეს, რაც დაწერილია, რომ „უკანონობის მოქმედად ჩაითვალა“. ვინაიდან, რაც მე მეხება, სრულდება» (ლუკა 22:35—37).

      იესოს მხედველობაში აქვს ის დრო, როცა ბოროტმოქმედთა ანუ უკანონობის მოქმედთა გვერდით ძელზე გააკრავენ. ამის მერე იესოს მიმდევრები სასტიკ წინააღმდეგობას და დევნას შეხვდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ მზად არიან ამისთვის და ამბობენ: „უფალო, აი, აქ ორი მახვილია“. იესო ეუბნება: „საკმარისია“ (ლუკა 22:38). იგი ამას იმიტომ ამბობს, რომ ცოტა ხანში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლოს მოწაფეებს.

      • რატომ დავობენ ერთმანეთში მოციქულები და როგორ ცდილობს იესო მათი აზროვნების შეცვლას?

      • რა მიიღწევა იმ შეთანხმებით, რომელსაც იესო თავის ერთგულ მოწაფეებთან დებს?

      • რას ეუბნება იესო პეტრეს, რომელიც ზედმეტ თავდაჯერებულობას ავლენს?

  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო ზემოთა ოთახში თავის თერთმეტ ერთგულ მოწაფესთან ერთად

      თავი 119

      იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

      იოანე 14:1—31

      • იესო მიდის, რომ მოწაფეებს ადგილი მოუმზადოს

      • ის თავის მიმდევრებს ჰპირდება, რომ დამხმარეს გაუგზავნის

      • „მამა ჩემზე დიდია“

      იესო თავის მოციქულებთან ერთად ჯერ კიდევ ზემოთა ოთახშია, სადაც გახსენების საღამო დააწესა. ახლა იგი მოუწოდებს მათ: „გული ნუ აგიფორიაქდებათ. ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე“ (იოანე 13:36; 14:1).

      იესო თავის ერთგულ მოციქულებს არწმუნებს, რომ მისი წასვლის გამო ნამდვილად არა აქვთ აფორიაქების მიზეზი: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია . . . თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“. მოციქულები ვერ ხვდებიან, რომ ის ზეცაში წასვლაზე საუბრობს. თომა ეუბნება: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ და გზა როგორ გვეცოდინება?!“ (იოანე 14:2—5).

      იესო პასუხობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. მისი ზეციერი მამის სახლში მხოლოდ ის დაიმკვიდრებს ადგილს, ვინც აღიარებს მას, ეთანხმება მის სწავლებებს და ჰბაძავს. იესო დასძენს: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6).

      ფილიპე, რომელიც ყურადღებით უსმენს იესოს, ამბობს: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“. როგორც ჩანს, ფილიპეს სურს, რომ ღმერთი მასაც გამოეცხადოს, როგორც ეს მოსეს, ელიასა და ესაიას შემთხვევაში მოხდა. მაგრამ სინამდვილეში მოციქულები ხილვაზე გაცილებით მეტს ხედავენ. იესო ხაზს უსვამს ამას შემდეგი სიტყვებით: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და აქამდე ვერ გამიცანი? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“. იესო სრულყოფილად ჰბაძავს მამას; ამიტომ მოწაფეები, რომლებიც დღედაღამ იესოს გვერდით არიან და აკვირდებიან მას, შეიძლება ითქვას, რომ მის მამას ხედავენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამა იესოზე დიდია, რადგან ის თავად ამბობს: „რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ“ (იოანე 14:8—10). მოციქულები ხედავენ, რომ იესო მთელ დიდებას იეჰოვას მიაგებს.

      მათ საკუთარი თვალით იხილეს, რა გასაოცარ საქმეებს იქმოდა იესო და როგორ აცხადებდა სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. ახლა იგი ამბობს: „ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს“ (იოანე 14:12). იესოს იმის თქმა არ სურს, რომ მოწაფეები მასზე დიდ სასწაულებს მოახდენენ. ამით იგი ხაზს უსვამს, რომ ისინი უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე, უფრო ფართო მასშტაბით იმსახურებენ და უფრო მეტ ადამიანს გააგებინებენ სასიხარულო ცნობას.

      მართალია, იესო ზეცაში წავა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწაფეები მიტოვებულები იქნებიან. იესო ჰპირდება მათ: „თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“. მეტიც, ის დასძენს: „მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს, ჭეშმარიტების სულს“ (იოანე 14:14, 16, 17). ის არწმუნებს, რომ სხვა დამხმარეს, წმინდა სულს მიიღებენ. ეს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოხდება.

      იესო ამბობს: „ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ“ (იოანე 14:19). იესო მათ მხოლოდ აღდგომის შემდეგ კი არ გამოეცხადება, არამედ დადგება დრო, როცა ზეცაში სულიერ ქმნილებებად აღადგენს.

      ახლა იესო მარტივ ჭეშმარიტებას აცხადებს: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ და თავად გამოვეცხადები“. ამაზე მოციქული იუდა, რომელსაც თადეოზსაც ეძახიან, ეკითხება: „უფალო, რა მოხდა, რატომ აპირებ ჩვენ გამოგვეცხადო და არა ქვეყნიერებას?“. იესო პასუხობს: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას . . . ვისაც არ ვუყვარვარ, ჩემს სიტყვებს არ იცავს“ (იოანე 14:21—24). მისი მიმდევრებისგან განსხვავებით, ქვეყნიერება არ აღიარებს, რომ იესო არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

      როგორ შეძლებენ მოწაფეები იესოს წასვლის შემდეგ იმ ყველაფრის გახსენებას, რასაც იგი ასწავლიდა? იესო უხსნის: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“. მოციქულებმა უკვე დაინახეს, თუ რამხელა ძალა აქვს ღვთის წმინდა სულს, ამიტომ მათთვის იესოს სიტყვები ნამდვილად მანუგეშებელია. იესო დასძენს: „მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ . . . გული ნუ აგიფორიაქდებათ და ნურც შიშისგან შეგეკუმშებათ“ (იოანე 14:26, 27). მოწაფეებს ნამდვილად არა აქვთ აფორიაქების მიზეზი, რადგან იესოს მამა მათ ყოველმხრივ უხელმძღვანელებს და დაიცავს.

      ეს ძალიან მალე გახდება ცხადი. იესო ამბობს: „ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“ (იოანე 14:30). როგორც ვიცით, ეშმაკი იუდაში შევიდა და თავის გავლენაში მოაქცია. მაგრამ სატანა იესოს ვერასდროს აუმხედრებს ღმერთს, რადგან მას არანაირი სისუსტე არა აქვს, რითაც ეშმაკი ისარგებლებდა. ის ვერც იმას შეძლებს, რომ ღვთის ძე მარადიულად ამყოფოს სიკვდილის ტყვეობაში. იესო დარწმუნებით ამბობს: „რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ“. მას იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარება, რომ მამა გაათავისუფლებს სიკვდილის მარწუხებისგან და მკვდრეთით აღადგენს (იოანე 14:31).

      • სად მიდის იესო და რაში არწმუნებს თომას?

      • რის ნახვა შეიძლება სურდეს ფილიპეს?

      • რა გაგებით გააკეთებენ მოწაფეები იესოზე მეტს?

      • რატომ არის მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ მამა იესოზე დიდია?

  • ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო ესაუბრება თავის მოწაფეებს ზემოთა ოთახიდან გამოსვლის დროს

      თავი 120

      ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები

      იოანე 15:1—27

      • როგორ უნდა გამოიღონ ლერწებმა ნაყოფი?

      • როგორ არის შესაძლებელი იესოს სიყვარულში დარჩენა?

      იესოსა და მის მოციქულებს შორის გულწრფელი საუბარი შედგა; იგი ყველანაირად ცდილობდა, გაემხნევებინა ისინი. როგორც ჩანს, ახლა უკვე გვიანია. შუაღამე გადასულია.

      იესოს ასეთი მაგალითი მოჰყავს: „მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა“ (იოანე 15:1). ეს მაგალითი იმას მოგვაგონებს, რაც საუკუნეების წინ ისრაელი ერის შესახებ ითქვა, რომელსაც იეჰოვას ვაზი ეწოდა (იერემია 2:21; ოსია 10:1, 2). მაგრამ იეჰოვა მალე საბოლოოდ უარყოფს ამ ერს (მათე 23:37, 38). აქედან გამომდინარე, ფაქტია, იესო სხვა, ახალ აზრს ავითარებს. იგი იმაზე საუბრობს, რომ თავად არის ვაზი, რომელსაც მისი ზეციერი მამა ახ. წ. 29 წლიდან მოყოლებული ანუ მას შემდეგ, რაც წმინდა სულით სცხო, უვლის და ზრდის. თუმცა იესო იმასაც უსვამს ხაზს, რომ ეს ვაზი მხოლოდ მას არ ასიმბოლოებს:

      „ის [მამა] მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ყოველ ნაყოფიერს კი გაასუფთავებს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს . . . როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისე თქვენც, თუ ჩემთან ერთობაში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები“ (იოანე 15:2—5).

      იესო დაჰპირდა თავის ერთგულ მოწაფეებს, რომ წასვლის შემდეგ გამოუგზავნიდა დამხმარეს, წმინდა სულს. 51 დღის შემდეგ, როცა მოციქულებმა და სხვებმა წმინდა სული მიიღეს, ისინი, ასე ვთქვათ, ვაზის ლერწები გახდნენ. ყველა ეს „ლერწი“ იესოსთან უნდა დარჩეს ერთობაში. რა მიზანს მოემსახურება მათი ერთობა?

      იესო ხსნის: „ვინც ჩემთან რჩება ერთობაში და ვისთანაც მე ვრჩები ერთობაში, მას ბევრი ნაყოფი გამოაქვს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“. ეს „ლერწები“ ანუ იესოს ერთგული მიმდევრები ბევრ ნაყოფს გამოიღებენ — მის მსგავს თვისებებს გამოავლენენ, თავდაუზოგავად იქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ და რაც შეიძლება მეტს მოიმოწაფებენ. რა მოხდება, თუ რომელიმე მოწაფე არ დარჩება იესოსთან ერთობაში და არ გამოიღებს ნაყოფს? იესო ამბობს: „თუ ვინმე არ რჩება ჩემთან ერთობაში, მას . . . აგდებენ“. იესო შემდეგსაც აღნიშნავს: „თუ ჩემთან ერთობაში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც მოისურვებთ, და შეგისრულდებათ“ (იოანე 15:5—7).

      ახლა იესო კვლავ იმ საკითხს უბრუნდება, რაც უკვე ორჯერ მოიხსენია; იგი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი მცნებების დაცვა (იოანე 14:15, 21). იესო ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ შეძლებენ მოწაფეები იმის დამტკიცებას, რომ ნამდვილად მისი სიტყვებისამებრ იქცევიან: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“. მაგრამ მათგან უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე მხოლოდ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის სიყვარული. იესო დასძენს: „ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:10—14).

      სულ რაღაც რამდენიმე საათში იესო თავის სიყვარულს დაუმტკიცებს ყველას, ვინც მის მიმართ რწმენას ავლენს, როცა საკუთარ სიცოცხლეს გაიღებს მათთვის. მისმა მაგალითმა მოწაფეები უნდა აღძრას, ასეთივე თავგანწირვის სულისკვეთება ჰქონდეთ და მასავით ძლიერ უყვარდეთ ერთმანეთი. როგორც ცოტა ხნის წინ იესომ აღნიშნა, სწორედ ასეთი სიყვარული იქნება მათი ამოსაცნობი ნიშანი: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35).

      მოციქულები კარგად უნდა დაუფიქრდნენ იესოს ნათქვამს — მან ხომ მათ თავისი მეგობრები უწოდა! იესო უხსნის, თუ რატომ თვლის მათ მეგობრებად: „მეგობრები გიწოდეთ, რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“. მართლაც დიდი პატივია, იწოდებოდე იესოს ახლო მეგობრად და ყველაფერი იცოდე, რაც მას მამისგან მოუსმენია! თუმცა მოციქულებს არც ის უნდა გამორჩეთ მხედველობიდან, რომ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ კვლავაც გამოიღებენ ნაყოფს. ამ შემთხვევაში, იესოს სიტყვების თანახმად, რასაც კი სთხოვენ მამას მისი სახელით, მიეცემათ (იოანე 15:15, 16).

      თუ მოწაფეებს, რომელთაც იესო ლერწებს ადარებს, ერთმანეთის სიყვარული ექნებათ, ეს ყველაფერს აატანინებთ, რაც წინ ელით. იესო აფრთხილებს მათ, რომ ქვეყნიერება შეიძულებთ, თუმცა მანუგეშებელ სიტყვებსაც არ იშურებს: „თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, . . ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:18, 19).

      იესო კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ მოიძულებს მათ ქვეყნიერება: „ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს“. იესო ამბობს, რომ მისი დიდებული საქმეები, ასე ვთქვათ, მსჯავრს სდებს მის მოძულეთ: „მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ, ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც“. იესოს მოწინააღმდეგეებს სძულთ იგი, რითაც დიდი ხნის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება სრულდება (იოანე 15:21, 24, 25; ფსალმუნი 35:19; 69:4).

      შემდეგ იესო კვლავ აძლევს მათ დაპირებას, რომ გამოუგზავნის დამხმარეს, წმინდა სულს. ამ უძლიერეს ძალას ყველა მისი მიმდევარი მიიღებს, რაც დაეხმარებათ, გამოიღონ ნაყოფი ანუ დაამოწმონ (იოანე 15:27).

      • იესოს მიერ მოყვანილ მაგალითში, ვის ასიმბოლოებს მევენახე, ვაზი და ლერწები?

      • რა ნაყოფის გამოღებას ელის ღმერთი „ლერწებისგან“?

      • როგორ შეუძლიათ იესოს მოწაფეებს მისი მეგობრები იყვნენ და რა დაეხმარებათ, ქვეყნიერებისგან სიძულვილი აიტანონ?

  • „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო მოსალოდნელი საშიშროების შესახებ აფრთხილებს მოწაფეებს და მათ გული მწუხარებით ევსებათ

      თავი 121

      „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“

      იოანე 16:1—33

      • მალე მოციქულები ვეღარ იხილავენ იესოს

      • მოციქულების მწუხარება სიხარულით შეიცვლება

      იესო თავის მოციქულებთან ერთად სადაცაა დატოვებს ზემოთა ოთახს, სადაც პასექი აღნიშნეს. მან მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მისცა მათ, ახლა კი ეუბნება: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ“. რატომ არის ეს გაფრთხილება მეტად დროული? ის ამბობს: „სინაგოგიდან მოგკვეთენ. მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს“ (იოანე 16:1, 2).

      ამ სიტყვების მოსმენა, როგორც ჩანს, ანაღვლიანებს მოციქულებს. მართალია, იესომ უკვე უთხრა, რომ ქვეყნიერება შეიძულებდათ, მაგრამ აქამდე პირდაპირ არ უთქვამს, რომ მოწინააღმდეგეები მოკლავდნენ. რატომ დუმდა იესო ამ დრომდე? ის უხსნის: „თავიდანვე არ გითხარით, რადგან თქვენთან ვიყავი“ (იოანე 16:4). ახლა კი, სანამ დატოვებს, აფრთხილებს მათ. ეს შესაძლოა მოგვიანებით დაეხმაროთ, არ დაბრკოლდნენ.

      იესო განაგრძობს: „ახლა კი ჩემს გამომგზავნელთან მივდივარ, მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო“. ამ საღამოს მათ უკვე ჰკითხეს, სად აპირებდა წასვლას (იოანე 13:36; 14:5; 16:5). მაგრამ ახლა, როცა ისმენენ, რა განსაცდელები ელით წინ, გულს ნაღველი აწვებათ და აღარაფერს ეკითხებიან იესოს იმის თაობაზე, თუ როგორ განდიდდება მომავალში და რა მნიშვნელობა ექნება ამას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის. იგი შენიშნავს: „ეს რომ გითხარით, მწუხარებით აგევსოთ გულები“ (იოანე 16:6).

      შემდეგ იესო განუმარტავს: „თქვენი გულისთვის მივდივარ. მე რომ არ წავიდე, დამხმარე ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, გამოგიგზავნით მას“ (იოანე 16:7). იესოს მოწაფეები მხოლოდ მისი სიკვდილისა და ზეცაში წასვლის შემთხვევაში მიიღებენ წმინდა სულს, რომელსაც იგი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში გაუგზავნის დამხმარედ ღვთის მსახურებს.

      წმინდა სული „დამაჯერებელ მტკიცებას წარუდგენს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და სასამართლოს შესახებ“ (იოანე 16:8). დიახ, მალე გამოაშკარავდება, რომ ქვეყნიერებას არ სწამს ღვთის ძის; იესოს ზეცად ამაღლება მისი სიმართლის დამაჯერებელი მტკიცებულება იქნება; ეს აგრეთვე ფარდას ახდის იმას, თუ რატომ იმსახურებს სატანა, „ქვეყნიერების მმართველი“ მკაცრ სასჯელს (იოანე 16:11).

      „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, — განაგრძობს იესო. — მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით“. მას შემდეგ, რაც იესო წმინდა სულს გადმოაფრქვევს მათზე, ეს სული წარუძღვება მათ „ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ და ისინი შეძლებენ მის თანახმად ცხოვრებას (იოანე 16:12, 13).

      იესოს შემდეგი განაცხადი დაბნეულობაში აგდებს მოციქულებს: „ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ“. ისინი ერთმანეთს ეკითხებიან, რას გულისხმობს იესო. იგი ხვდება, რის კითხვა სურთ და უხსნის: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იტირებთ და მოთქმას დაიწყებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ მწუხარება სიხარულად გექცევათ“ (იოანე 16:16, 20). მომდევნო დღეს, ნაშუადღევს, როცა იესოს მოკლავენ, უფროსი მღვდლები და სხვები გაიხარებენ, მაგრამ მოწაფეები დამწუხრდებიან. თუმცა თავიანთი მოძღვრის აღდგომის შემდეგ მათ მწუხარებას სიხარული შეცვლის. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრდება; იესო ღვთის წმინდა სულს გადმოაფრქვევს მათზე, რაც არანაკლებ სასიხარულო იქნება.

      იესო მოციქულების მდგომარეობას მშობიარე ქალის მდგომარეობას ადარებს: „ქალი წუხს მშობიარობისას, რადგან მოსულია მისი საათი, მაგრამ ბავშვს რომ გააჩენს, სიხარული გასაჭირს ავიწყებს, რადგან ადამიანი გაჩნდა ქვეყნიერებაზე“. იგი ამხნევებს თავის მოციქულებს: „ახლა თქვენც წუხხართ, მაგრამ კვლავ გნახავთ და თქვენი გულები გაიხარებს და სიხარულს ვერავინ წაგართმევთ“ (იოანე 16:21, 22).

      ამ დრომდე იესოს მოციქულებს არასდროს უთხოვიათ ღვთისთვის რაიმე მისი ძის სახელით. ახლა კი ის ეუბნება მათ: „იმ დღეს ჩემი სახელით ითხოვთ“. რატომ უნდა მოიქცნენ ასე? არა იმიტომ, რომ მამა უხალისოდ ისმენს მათ თხოვნას. იესო უხსნის: „მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მამისგან გამოვედი“ (იოანე 16:26, 27).

      მოციქულების შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ იესოს ნათქვამმა ძალები შეჰმატათ: „ამიტომაც ვირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოხვედი“. მალე მათ საქმით მოუწევთ იმის დამტკიცება, ნამდვილად სჯერათ თუ არა ამის. იესო ეუბნება, რა ელოდებათ წინ: „მოდის საათი და მოვიდა კიდეც, როცა ყველა თქვენ-თქვენ სახლებში დაიფანტებით და მარტო დამტოვებთ“. თუმცა აქვე ამხნევებს კიდეც: „ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:30—33). იესო ნამდვილად არ აპირებს მოციქულების მიტოვებას. მას ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი, რომ, მის მსგავსად, ისინიც სძლევენ ქვეყნიერებას — სატანისა და მისი ქვეყნიერების ყველა მცდელობის მიუხედავად, შეარყიონ მათი ერთგულება, ისინი მაინც უერთგულებენ ღმერთს და შეასრულებენ მის ნებას.

      • იესოს რომელი სიტყვები ამწუხრებს მოციქულებს?

      • რატომ ვეღარ ეკითხებიან ვერაფერს მოციქულები იესოს მისი მომავლის შესახებ?

      • როგორ აჩვენებს იესო მოციქულებს, რომ მათი მწუხარება სიხარულით შეიცვლება?

  • იესოს ლოცვა ზემოთა ოთახში
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო ზეცისკენ აღაპყრობს თვალებს და ლოცულობს მოწაფეებთან ერთად

      თავი 122

      იესოს ლოცვა ზემოთა ოთახში

      იოანე 17:1—26

      • რა მოჰყვება შედეგად ღვთისა და მისი ძის გაცნობას?

      • იეჰოვას, იესოსა და მის მოწაფეებს შორის ერთობაა

      იესოს ძალიან უყვარს თავისი მოციქულები, ამიტომ ამზადებს მათ იმისთვის, რომ მალე უნდა წავიდეს. ახლა ის თვალებს აღაპყრობს და მამას მიმართავს ლოცვით: „განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ, რადგან ძალაუფლება მიეცი მას ყოველ ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, მარადიული სიცოცხლე მისცეს“ (იოანე 17:1, 2).

      რასაკვირველია, იესომ კარგად უწყის, რომ ყველაზე მთავარი ღვთის განდიდებაა. მაგრამ იგი მარადიული სიცოცხლის იმედზეც საუბრობს, რაც მეტად მანუგეშებელია ღვთისმოშიში ადამიანებისთვის. ვინაიდან იესოს „ყოველ ხორციელზე“ აქვს ძალაუფლება, მის მიერ გაღებული გამოსასყიდით მთელ კაცობრიობას შეუძლია ისარგებლოს. თუმცა ასეთ კურთხევას მხოლოდ ერთეულები მიიღებენ, რადგან თავისი გამოსასყიდის საფუძველზე იესო მხოლოდ მათ მოუტანს მარადიულ კურთხევებს, ვინც მისი შემდეგი სიტყვების თანახმად მოიქცევა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

      ადამიანმა კარგად უნდა გაიცნოს და შეიყვაროს იეჰოვა და იესო. მას მათი მსგავსი შეხედულება უნდა ჰქონდეს სხვადასხვა საკითხზე; აგრეთვე უნდა ცდილობდეს, სხვებთან ურთიერთობისას ისეთივე თვისებები გამოავლინოს, როგორსაც ისინი ავლენენ; უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მარადიული სიცოცხლის მიღება კი არა, ღვთის განდიდებაა.

      ახლა იესო კვლავ უბრუნდება ამ თემას: „მე განგადიდე დედამიწაზე, დავასრულე საქმე, რომლის გაკეთებაც დამავალე. ახლა კი, მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (იოანე 17:4, 5). დიახ, იესო სთხოვს მამას, რომ სიკვდილის შემდეგ მკვდრეთით აღადგინოს და დაუბრუნოს ზეციური დიდება.

      თუმცა იესოს არც ის ავიწყდება, თუ რა შედეგი გამოიღო დედამიწაზე მისმა მსახურებამ. იგი მამას ეუბნება: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ“ (იოანე 17:6). იესო მსახურების დროს უბრალოდ კი არ წარმოთქვამდა ღვთის სახელს, იეჰოვას, არამედ ეხმარებოდა მოციქულებს, დაენახათ ამ სახელის მნიშვნელობა ანუ ის, თუ როგორი თვისებები აქვს და როგორ ექცევა ადამიანებს ღმერთი, რომელიც ამ სახელს ატარებს.

      მოციქულებმა გაიცნეს იეჰოვა, გაიგეს, რა როლი აკისრია მის ძეს და შეიმეცნეს, რასაც იგი ასწავლიდა. შემდეგ იესო ისეთ რამეს ამბობს, რაც მის თავმდაბლობაზე მეტყველებს: „სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს ისინი და ჭეშმარიტად შეიცნეს, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ გამომგზავნე“ (იოანე 17:8).

      იესო განაგრძობს ლოცვას; ის მიჯნავს თავის მიმდევრებს ქვეყნიერებისგან: „ქვეყნიერებისთვის კი არ გთხოვ, არამედ მათთვის, ვინც შენ მომეცი, რადგან ისინი შენები არიან . . . წმინდა მამა, დაიცავი ისინი შენი სახელის გულისთვის, რომელიც მე მომეცი, რათა ისინიც ჩვენსავით ერთნი იყვნენ . . . დავიფარე ისინი და მათგან არავინ დაღუპულა დაღუპვის ძის გარდა“. „დაღუპვის ძეში“ იესო იუდა ისკარიოტელს გულისხმობს, რომელიც ახლა მის გასაცემადაა წასული (იოანე 17:9—12).

      იესო მამას შესთხოვს: „ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი . . . იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა. ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14—16). მართალია, მოციქულებს და მის სხვა მოწაფეებს ქვეყნიერებაში უწევთ ცხოვრება ანუ იმ ხალხის გარემოცვაში, რომლებსაც სატანა მართავს, მაგრამ ისინი არ უნდა აითქვიფონ ამ საზოგადოებაში და არანაირი საერთო არ უნდა ჰქონდეთ მათ ბოროტ საქმეებთან. როგორ შეძლებენ ამას?

      ისინი იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ სიწმინდეს, ანუ იმ შემთხვევაში იქნებიან გამოყოფილნი ღვთის მსახურებისთვის, თუ იმის თანახმად იცხოვრებენ, რაც ებრაულ წერილებშია ჩაწერილი და რაც თავად იესომ ასწავლათ. იესო სთხოვს მამას: „განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). გავა დრო და ზოგი მისი მოციქული ღვთივშთაგონებით თავად დაწერს წიგნებს, რომლებიც ჭეშმარიტების ნაწილი გახდება, ჭეშმარიტების, რომელიც ადამიანს განწმენდაში ეხმარება.

      მომავალში სხვებიც შეიცნობენ ჭეშმარიტებას, ამიტომ იესო მამას სთხოვს: „მხოლოდ ამათზე [იქ მყოფებზე] არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს“. რას სთხოვს იესო მამას მათ შესახებ: „რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან“ (იოანე 17:20, 21). იესო და მისი ზეციერი მამა პირდაპირი გაგებით ერთნი არ არიან. ისინი იმ გაგებით არიან ერთნი, რომ ყველაფერში ეთანხმებიან ერთმანეთს. იესო სთხოვს მამას, რომ მის მიმდევრებსაც მსგავსი ერთობა ჰქონდეთ.

      ცოტა ხნის წინ იესომ პეტრეს და სხვა მოციქულებს უთხრა, რომ ის მათთვის ადგილის მოსამზადებლად უნდა წასულიყო. ამ სიტყვებით იესო იმას გულისხმობდა, რომ ზეცაში მოუმზადებდა მათ ადგილს (იოანე 14:2, 3). ახლა იესო სწორედ ამ საკითხს უბრუნდება და მამას შესთხოვს: „მამა, მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ, ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან მოცემული, რადგან ქვეყნიერების შექმნამდე შემიყვარე“ (იოანე 17:24). მისი ეს ბოლო სიტყვები იმას ადასტურებს, რომ დიდი ხნის წინათ, იმ დრომდე კარგა ხნით ადრე, სანამ ადამს და ევას შთამომავლობა ეყოლებოდათ, ღმერთს უყვარდა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც დედამიწაზე იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი.

      ლოცვის დასასრულ, იესო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მამის სახელზე და მის დამოკიდებულებაზე მოციქულებისა თუ მათ მიმართ, ვინც მომავალში გაიზიარებს ჭეშმარიტებას. ის ეუბნება მამას: „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოანე 17:26).

      • რას ნიშნავს ღვთისა და მისი ძის გაცნობა?

      • როგორ გააცხადა იესომ ღვთის სახელი?

      • რა გაგებით არიან ღმერთი, მისი ძე და ღვთის ყველა თაყვანისმცემელი ერთნი?

  • ღრმად დამწუხრებული იესო გულს უღვრის მამას
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო ლოცულობს გეთსემანეს ბაღში, პეტრეს იაკობსა და იოანეს კი სძინავთ

      თავი 123

      ღრმად დამწუხრებული იესო გულს უღვრის მამას

      მათე 26:30, 36—46; მარკოზი 14:26, 32—42; ლუკა 22:39—46; იოანე 18:1

      • იესო გეთსემანეს ბაღშია

      • „მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა“

      იესო ასრულებს ლოცვას, რომელიც თავისი მოციქულების თანდასწრებით წარმოთქვა. შემდეგ ღვთის სადიდებელს მღერიან და ზეთისხილის მთისკენ მიემართებიან (მარკოზი 14:26). ისინი აღმოსავლეთისკენ, გეთსემანედ წოდებული ბაღისკენ იღებენ გეზს, სადაც ხშირად მიდის ხოლმე იესო.

      იესო და მისი მოციქულები ზეთისხილის ხეებში ჩაფლულ ულამაზეს ადგილას მიდიან, სადაც იესო რვა მოციქულს ტოვებს. როგორც ჩანს, ისინი ბაღის შესასვლელთან ახლოს რჩებიან, რადგან იესო მათ ეუბნება: „აქ დასხედით, მე კი წავალ და ვილოცებ“. მას თან მიჰყავს სამი მოციქული, პეტრე, იაკობი და იოანე, და ბაღში შედის. ის ძალიან დანაღვლიანებულია და ეუბნება მათ: „ჩემი სული ღრმად არის დამწუხრებული, სიკვდილის პირასაა. დარჩით აქ და ჩემთან ერთად იფხიზლეთ“ (მათე 26:36—38).

      შემდეგ ის მათგან განცალკევებით გადის, მიწაზე ემხობა და ლოცვას იწყებს. რას ევედრება იესო ღმერთს მისთვის ამ მეტად მძიმე წუთებში? ის ლოცულობს: „მამა, შენ ყველაფერი შეგიძლია. ამაცილე ეს სასმისი. თუმცა იყოს არა ის, რაც მე მინდა, არამედ ის, რაც — შენ“ (მარკოზი 14:35, 36). რას გულისხმობს ამ სიტყვებით? უარის თქმა ხომ არ სურს კაცობრიობის გამოსყიდვასა და ხსნაზე? რასაკვირველია, არა!

      ზეცაში ყოფნის დროს იესო ხედავდა, რამხელა ტანჯვას განიცდიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც რომაელები სიკვდილით სჯიდნენ. ახლა მისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც სათუთი გრძნობები აქვს და რომელიც შეიგრძნობს ტკივილს, არ არის იოლი, შეხვდეს იმ განსაცდელს, რაც წინ ელის. მაგრამ მისი ძლიერი ტანჯვა და მწუხარება უმთავრესად იმითაა გამოწვეული, რომ მას ბოროტმოქმედივით მოკლავენ, რამაც შეიძლება მისი ზეციერი მამის სახელს ჩირქი მოსცხოს. სულ რაღაც რამდენიმე საათში მას, როგორც ღვთისმგმობელს, ძელზე გააკრავენ.

      ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ იესო თავის სამ მოციქულთან ბრუნდება, რომლებიც ჩაძინებულები ხვდებიან. ის ეუბნება პეტრეს: „ნუთუ ვერ შეძელით ერთი საათი მაინც გეფხიზლათ ჩემთან ერთად? იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“. იესო ხედავს, რომ მისი მოციქულებიც განიცდიან, თანაც უკვე ძალიან გვიანია. ის დასძენს: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მათე 26:40, 41).

      იესო მეორედ მიდის სალოცავად და მამას სთხოვს, რომ აარიდოს „ეს სასმისი“. უკან დაბრუნებული ხედავს, რომ ეს სამი მოციქული, ნაცვლად იმისა, რომ ცდუნების თავიდან ასარიდებლად ლოცვად იყოს დავარდნილი, ისევ ჩაძინებულია. როდესაც იესო მათ მიმართავს, არ იციან, რა უპასუხონ (მარკოზი 14:40). იესო მესამედაც მიდის სალოცავად, მუხლებზე ეცემა და მამას გულს უღვრის.

      იგი ძალიან განიცდის, რომ მისი ზეციერი მამის სახელს ჩრდილი მიადგება, როცა ისე მოკლავენ, როგორც ბოროტმოქმედს. იეჰოვა ისმენს თავისი ძის ლოცვას და ერთ მომენტში ანგელოზსაც უგზავნის განსამტკიცებლად. იესო კიდევ „უფრო მხურვალედ“ ლოცულობს. იგი ენით აუწერელ ემოციურ ტანჯვას განიცდის. მას წარმოუდგენლად დიდი ტვირთი აწევს მხრებზე! ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული, იცხოვრებენ თუ არა, როგორც თვითონ, ისე მორწმუნე ადამიანები მარადიულად. ამ ყველაფერს ის იმდენად მძაფრად შეიგრძნობს, რომ „მისი ოფლი სისხლის წვეთებად“ იქცევა და მიწას ეპკურება (ლუკა 22:44).

      როცა იესო მესამედ ბრუნდება მოციქულებთან, ისინი კვლავ ჩაძინებულები ხვდებიან. ის ეუბნება: „ასეთ დროს გძინავთ და ისვენებთ! აი, მოახლოვდა ის საათი, როცა კაცის ძე ცოდვილებს გადაეცემა ხელში. ადექით, წავიდეთ. აი, ახლოს არის ჩემი გამცემი“ (მათე 26:45, 46).

      „ოფლი სისხლის წვეთებად იქცა“.

      ექიმი ლუკა დაწვრილებით ინფორმაციას არ გვაწვდის, თუ როგორ იქცა იესოს ოფლი სისხლის წვეთებად (ლუკა 22:44). შესაძლოა ლუკას ამ პროცესის აღსაწერად შედარება მოჰყავს და თვალსაჩინოებისთვის ამბობს, რომ იესოს ისე ჩამოსდიოდა ოფლის წვეთები, როგორც ჭრილობიდან სისხლი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი უილიამ ედუარდზი წერს: „ეს მეტად იშვიათი კლინიკური მოვლენაა; სისხლნარევი ოფლი (ჰემატიდროზი) შეიძლება ადამიანს მაშინ წამოუვიდეს, როცა ძლიერ განიცდის რაიმეს . . . საოფლე ჯირკვლებში სისხლის ჩაქცევის (ჰემორაგია) გამო კანი მეტად მგრძნობიარე ხდება“ (The Journal of the American Medical Association).

      • სად მიჰყავს იესოს მოციქულები ზემოთა ოთახის დატოვების შემდეგ?

      • რას აკეთებენ მოციქულები მაშინ, როცა იესო ლოცულობს?

      • რაზე მიუთითებს ის, რომ იესოს ოფლი სისხლის წვეთებად იქცა?

  • ქრისტეს გასცემენ და აპატიმრებენ
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო საყვედურობს პეტრეს იმისთვის, რომ მალქეს ყური ჩამოათალა; ჯარისკაცები მზად არიან იესოს დასაპატიმრებლად

      თავი 124

      ქრისტეს გასცემენ და აპატიმრებენ

      მათე 26:47—56; მარკოზი 14:43—52; ლუკა 22:47—53; იოანე 18:2—12

      • იუდა გეთსემანეს ბაღში ამბორით გასცემს იესოს

      • პეტრე მღვდელმთავრის მონას ყურს ათლის

      • იესოს აპატიმრებენ

      შუაღამე უკვე გადასულია. მღვდლები იუდას 30 ვერცხლად მოურიგდნენ, იესო რომ გაეცა. ახლა სწორედ იგი მიუძღვება უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს იესოს შესაპყრობად. მათ თან ახლავთ რომაელთა რაზმი თავის ათასისთავთან ერთად.

      როცა იესომ პასექის აღნიშვნის შემდეგ იუდას უთხრა, რომ გაეკეთებინა, რაც გულში ჰქონდა, ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, პირდაპირ უფროს მღვდლებთან წავიდა (იოანე 13:27). მღვდლებმა კი შეკრიბეს თავიანთი მცველები და ჯარისკაცთა რაზმი, რომლებსაც იუდა შესაძლოა თავდაპირველად ზემოთა ოთახისკენ გაუძღვა ანუ იქ, სადაც იესომ მოციქულებთან ერთად პასექი აღნიშნა. მაგრამ ახლა იესოს მოკვლის სურვილით შეპყრობილი ეს შეიარაღებული ბრბო, ჩირაღდნებითა და ლამპრებით ხელში, კედრონის ხევს კვეთს და გეთსემანეს ბაღისკენ მიემართება.

      იუდამ იცის, სად იპოვოს იესო, ამიტომ ბრბოს ზეთისხილის მთაზე მიუძღვის. გასულ კვირას, როდესაც იესო და მისი მოციქულები ყოველდღე დადიოდნენ ბეთანიიდან იერუსალიმში, გზად ხშირად ჩერდებოდნენ გეთსემანეს ბაღში. მაგრამ როგორ იცნობენ ჯარისკაცები ღამის წყვდიადში, ზეთისხილის ხეებს შორის, იესოს, რომელიც შესაძლოა არც არასდროს უნახავთ? იუდა ეუბნება, რომ ნიშანს მისცემს: „ვისაც ვაკოცებ, ის არის, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ“ (მარკოზი 14:44).

      როდესაც იუდას ბრბო ბაღში შეჰყავს, იქ მოციქულებთან ერთად მყოფ იესოს ხედავს და პირდაპირ მისკენ მიემართება. იგი ეუბნება: „გამარჯობა, რაბი!“. ამის მერე კოცნის. იესო ეკითხება: „მეგობარო, რისთვის მოსულხარ?“ (მათე 26:49, 50). შემდეგ კი თავადვე პასუხობს დასმულ კითხვას: „იუდა, კოცნით გასცემ კაცის ძეს?“ (ლუკა 22:48). იესო ამით ასრულებს თავის გამცემთან, იუდასთან საუბარს.

      შემდეგ იესო ჩირაღდნებისა და ლამპრების სინათლეზე გამოდის და იქ შეკრებილთ ეკითხება: „ვის ეძებთ?“. ერთი პასუხობს: „იესო ნაზარეთელს“. იგი გაბედულად აცხადებს: „მე ვარ“ (იოანე 18:4, 5). ამაზე ხალხი მიწაზე ეცემა, რადგან არ იციან, რა შეიძლება მოხდეს.

      ნაცვლად იმისა, რომ ისარგებლოს ამ მომენტით და ღამის სიბნელეში მიიმალოს, იესო უმეორებს კითხვას მის შესაპყრობად მისულთ, რაზეც ისინი კიდევ ერთხელ პასუხობენ: „იესო ნაზარეთელს“. ის კვლავ აუღელვებლად ამბობს: „გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით“. ასეთ მძიმე წუთებშიც კი იესოს არ ავიწყდება თავისი დანაპირები, რომ მათგან, ვინც მამამ მისცა, არავის დაკარგავდა (იოანე 6:39; 17:12). მან მართლაც დაიცვა თავისი ერთგული მოციქულები და „არავინ დაღუპულა დაღუპვის ძის“ ანუ იუდას გარდა (იოანე 18:7—9). ახლა იესო სთხოვს გახელებულ ბრბოს, რომ გაუშვან მისი ერთგული მიმდევრები.

      როცა ჯარიკაცები იესოსკენ მიდიან, მოციქულები მაშინღა ხვდებიან, რა ხდება. ისინი ეკითხებიან იესოს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“ (ლუკა 22:49). იესოს ჯერ სიტყვაც არა აქვს ნათქვამი, რომ პეტრე იმ ორი მახვილიდან, რომელიც თან აქვთ, ერთს იღებს და მღვდელმთავრის მონას, მალქეს, მარჯვენა ყურს ათლის.

      იესო მალქეს ჭრილობაზე ეხება და ყურს უმთელებს, რის შემდეგაც მეტად მნიშვნელოვან გაკვეთილს ასწავლის მოციქულებს. ის პეტრეს მიმართავს: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“. იესოს შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ მზად არის იმისთვის, რაც წინ ელის: „როგორღა შესრულდება წმინდა წერილები, რომ ასე უნდა მოხდეს?“ (მათე 26:52, 54). იგი აგრძელებს: „განა არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?“ (იოანე 18:11). ის არ ეწინააღმდეგება მამის ნებას და სიკვდილისთვისაც კი მზადაა.

      იესო ეკითხება ბრბოს: „ყაჩაღი ვარ, მახვილებითა და ხელკეტებით რომ გამოხვედით ჩემ შესაპყრობად? ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი და არ შეგიპყრივართ, მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილის შესასრულებლად მოხდა“ (მათე 26:55, 56).

      ჯარისკაცთა რაზმი, ათასისთავი და იუდეველთა მცველები იპყრობენ იესოს და ბოჭავენ. ამის დანახვაზე მოციქულები გარბიან. ერთი ახალგაზრდა კი, როგორც ჩანს, მარკოზი, იქ რჩება, რომ გაჰყვეს თავის მოძღვარს (მარკოზი 14:51). იქ მყოფნი ცნობენ ამ ახალგაზრდას და მის შეპყრობას ცდილობენ. მაგრამ ამ დროს ის სელის ტანსაცმელს შეატოვებს მათ ხელში და გარბის.

      • რატომ ეძებს იუდა იესოს გეთსემანეს ბაღში?

      • რას აკეთებს პეტრე იესოს დასაცავად და რას ამბობს იესო ამაზე?

      • როგორ აჩვენებს იესო, რომ მზად არის ღვთის ნების შესასრულებლად?

      • ვინ რჩება ბაღში, როცა მოციქულები იფანტებიან, და რა ხდება შემდეგ?

  • იესო ჯერ ანასთან მიჰყავთ, შემდეგ კი კაიაფასთან
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • კაიაფა მოსასხამს იხევს ტანზე; ზოგი სახეში სილას აწნავს იესოს, დასცინის და მუშტებს ურტყამს

      თავი 125

      იესო ჯერ ანასთან მიჰყავთ, შემდეგ კი კაიაფასთან

      მათე 26:57—68; მარკოზი 14:53—65; ლუკა 22:54, 63—65; იოანე 18:13, 14, 19—24

      • იესო ყოფილ მღვდელმთავართან, ანასთან მიჰყავთ

      • სინედრიონი უკანონოდ ასამართლებს იესოს

      იესოს შესაპყრობად მისულნი, ბოჭავენ მას, თითქოს ბოროტმოქმედი იყოს, და ანასთან მიჰყავთ. ანა მღვდელმთავარი იყო მაშინ, როცა პატარა იესომ ტაძარში მასწავლებლები განაცვიფრა (ლუკა 2:42, 47). მოგვიანებით მღვდელმთავრებად მისი ვაჟებიც მსახურობდნენ. ამჯერად მღვდელმთავარი ანას სიძე, კაიაფაა.

      სანამ იესოს ანა უწყობს დაკითხვას, კაიაფა სინედრიონის წევრებს იწვევს. სინედრიონი უზენაესი სასამართლო იყო და 71 წევრისგან შედგებოდა; მის წევრებს შორის იყვნენ, როგორც ამჟამინდელი, ისე მისი წინამორბედი მღვდელმთავრებიც.

      ახლა ანა იესოს „მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ“ ეკითხება. იგი პასუხობს: „მე ცხადად ველაპარაკებოდი ქვეყნიერებას. ყოველთვის სინაგოგასა და ტაძარში ვასწავლიდი, სადაც იუდეველები იკრიბებიან. ფარულად არაფერი მილაპარაკია. მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მათ, ვინც ისმენდა, რასაც ველაპარაკებოდი“ (იოანე 18:19—21).

      ამის გაგონებაზე იქვე ახლოს მდგომი ერთი მცველი იესოს სილას აწნავს და მკაცრად ეუბნება: „ასე პასუხობ უფროს მღვდელს?“. მაგრამ იესო, რომელსაც არაფერი დაუშავებია, ამბობს: „თუ არასწორად ვთქვი, დაამოწმე, რა არის არასწორი, და თუ სწორად ვთქვი, რატომ მცემ?“ (იოანე 18:22, 23). შემდეგ ანა იესოს თავის სიძესთან, კაიაფასთან გზავნის.

      ამასობაში მთელი სინედრიონი იკრიბება — ამჟამინდელი მღვდელმთავარი, ხალხის უხუცესები და მწიგნობრები. ისინი კაიაფას სახლში იყრიან თავს. სასამართლოს მოწყობა პასექის ღამეს უკანონოდ ითვლება, მაგრამ ეს არ აკავებს სინედრიონის წევრებს იმისგან, რომ თავიანთი ბოროტი ჩანაფიქრი განახორციელონ.

      ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სინედრიონის წევრები მიუკერძოებლები არიან. როდესაც იესომ ლაზარე აღადგინა, სინედრიონმა გადაწყვიტა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო (იოანე 11:47—53). იესოს შეპყრობამდე რამდენიმე დღით ადრე სასულიერო პირები მის მოსაკლავად შეითქვნენ (მათე 26:3, 4). დიახ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მას გაასამართლებდნენ, ის უკვე სიკვდილმისჯილად ითვლებოდა.

      უფროსი მღვდლები და სინედრიონის სხვა წევრები მხოლოდ ამ უკანონო შეკრებას არ სჯერდებიან. ისინი იმასაც ცდილობენ, ცრუ მოწმეები იპოვონ, რომლებიც იესოს ბრალს დასდებენ რამეში. ეს მამაკაცები ბევრ ცრუმოწმეს პოულობენ, მაგრამ მათი ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ბოლოს ორი მოწმე გამოჰყვათ, რომლებიც აცხადებენ: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ამბობდა, დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ხელთუქმნელს ავაშენებო“ (მარკოზი 14:58). თუმცა არც ამ უკანასკნელთა ბრალდებები ემთხვევა ყველაფერში ერთმანეთს.

      კაიაფა ეკითხება იესოს: „არაფერს უპასუხებ? გესმის, რას მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“ (მარკოზი 14:60). იესო დუმს და არაფერს პასუხობს ცრუმოწმეებს, რომელთა მონაყოლიც არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ მღვდელმთავარი სხვაგვარ ტაქტიკას მიმართავს.

      კაიაფამ იცის, რა მტკივნეულად რეაგირებენ იუდეველები იმაზე, როცა ვინმეს თავი ღვთის ძედ მოაქვს. ადრე, როცა იესომ ღმერთს თავისი მამა უწოდა, იუდეველებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს, რადგან მათი აზრით, ის „თავს ღმერთს უტოლებდა“ (იოანე 5:17, 18; 10:31—39). ვინაიდან კაიაფასთვის კარგადაა ცნობილი ამ საკითხისადმი იუდეველთა დამოკიდებულება, ის ეშმაკობას მიმართავს და იესოსგან ასეთ რამეს ითხოვს: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, რომ შენა ხარ ქრისტე, ღვთის ძე“ (მათე 26:63). იესომ ადრე უკვე აღიარა, რომ ღვთის ძეა (იოანე 3:18; 5:25; 11:4). მაგრამ თუ ახლაც იგივეს არ გააკეთებს, შეიძლება გარშემომყოფებმა ჩათვალონ, რომ უარყოფს, ღვთის ძე და ქრისტე რომ არის. ამიტომ იესო ამბობს: „მე ვარ. თქვენ კაცის ძეს იხილავთ ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა და ცის ღრუბლებზე მომავალს“ (მარკოზი 14:62).

      ამის გაგონებაზე კაიაფა ყველას თვალწინ დრამატულ სცენას გაითამაშებს — შემოიხევს მოსასხამს და ხმამაღლა ამბობს: „მკრეხელობს! რაღად გვინდა მოწმეები? აი, ახლა მოისმინეთ მკრეხელობა! რას იტყვით?“. სინედრიონს უსამართლო განაჩენი გამოაქვს იესოსთვის. ისინი ერთხმად აცხადებენ: „სიკვდილს იმსახურებს“ (მათე 26:65, 66).

      ყველა იესოს დაცინვას იწყებს, ზოგი მუშტებს ურტყამს, ზოგი კი სახეში სილას აწნავს და აფურთხებს. მას სახეს უფარავენ, ურტყამენ და სარკაზმით ეკითხებიან: „იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა“ (ლუკა 22:64). აი, ასე შეურაცხყოფენ ღამით გამართულ ამ უკანონო სასამართლოზე ღვთის ძეს!

      • ვისთან მიჰყავთ თავიდან იესო და რა ხდება იქ?

      • სად მიჰყავთ იესო შემდეგ, და რას აკეთებს კაიაფა იმისთვის, რომ სინედრიონის წევრებმა იესოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ?

      • როგორ შეურაცხყოფენ იესოს სასამართლოს მსვლელობისას?

  • პეტრე უარყოფს იესოს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო აივნიდან უყურებს პეტრეს, რომელმაც ეს-ესაა უარყო იგი. უკან მოჩანს მამალი

      თავი 126

      პეტრე უარყოფს იესოს

      მათე 26:69—75; მარკოზი 14:66—72; ლუკა 22:54—62; იოანე 18:15—18, 25—27

      • პეტრე უარყოფს იესოს კაიაფას სახლის ეზოში

      მას შემდეგ, რაც იესო გეთსემანეს ბაღში შეიპყრეს, შეშინებული მოციქულები გაიქცნენ და მიატოვეს თავიანთი მოძღვარი. მაგრამ ორი მათგანი უკან ბრუნდება. ესენი არიან პეტრე და კიდევ „ერთი სხვა მოწაფე“, როგორც ჩანს, მოციქული იოანე (იოანე 18:15; 19:35; 21:24). შესაძლოა ისინი იესოს იმ დროს ეწევიან, როცა ის ანასთან სახლში მიჰყავთ. როდესაც ანა იესოს მღვდელმთავარ კაიაფასთან გზავნის, პეტრე და იოანე მოშორებით მიჰყვებიან. ალბათ, ისინი ორ ცეცხლს შუა არიან — თან ეშინიათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს და თან აინტერესებთ, რა ელის წინ მათ უფალს.

      იოანე მღვდელმთავრის ნაცნობია, ამიტომ ადვილად ახერხებს მისი სახლის ეზოში შესვლას. პეტრე გარეთ რჩება, მაგრამ იოანე ბრუნდება და კართან მსახურ გოგონას სთხოვს, რომ პეტრეც შეუშვას. ასე რომ, ეზოში პეტრეც შედის.

      ღამეა, ძალიან ცივა, ამიტომ იქ შეკრებილებს ნახშირით ცეცხლი აქვთ დანთებული და თბებიან. პეტრეც მათ შორის ჯდება და ელოდება, რით დამთავრდება იესოს გასამართლება (მათე 26:58). ამ დროს კართან მსახური გოგონა, რომელმაც პეტრე შემოუშვა, ცეცხლის შუქზე აკვირდება მას და ეკითხება: „შენც ამ კაცის მოწაფე არა ხარ?“ (იოანე 18:17). პეტრეს სხვებიც ცნობენ და ამხელენ, რომ ისიც იესოსთან ერთად იყო (მათე 26:69, 71—73; მარკოზი 14:70).

      პეტრე ძალიან ცუდად გრძნობს თავს. მას არ სურს, რომ ვინმემ შეამჩნიოს და ამიტომ გასასვლელისკენ მიდის. სწორედ ამ დროს იგი უარყოფს, რომ იესოსთან ერთად იყო: „არც მაგას ვიცნობ და არც ის მესმის, რას ლაპარაკობ“ (მარკოზი 14:67, 68). ის „წყევლასა და ფიცილს“ იწყებს, რითაც აჩვენებს, რომ თავს დებს, თითქოს სიმართლეს ამბობს და თუ ეს ასე არაა, მზადაა, უბედურებაც კი დაატყდეს (მათე 26:74).

      ამასობაში კი სასამართლო გრძელდება, როგორც ჩანს, კაიაფას სახლის იმ ნაწილში, რომელიც ეზოს გადმოჰყურებს. ეზოში პეტრე და სხვები, ალბათ, ხედავენ, როგორ შედიან და გამოდიან ჩვენების მისაცემად მოყვანილი მოწმეები.

      პეტრეს გალილეური აქცენტი გასცემს; ხალხი ხვდება, რომ ის ტყუის. შეკრებილთა შორის ერთი კაცი იმყოფება. ის მალქეს ნათესავია, რომელსაც პეტრემ ყური ჩამოათალა. იგი პირდაპირ ბრალდებაზე გადადის: „შენ არ იყავი, ბაღში რომ გნახე მასთან ერთად?“. ამჯერად პეტრე უკვე მესამედ უარყოფს იესოს და, როგორც მოძღვარმა უთხრა კიდეც, მამალიც ყივის (იოანე 13:38; 18:26, 27).

      როგორც ჩანს, ამ დროს იესო აივანზეა, რომელიც ეზოს გადაჰყურებს. იესო ტრიალდება და პეტრეს თვალს თვალში უყრის, რაც ამ უკანასკნელს, უეჭველად, გულს უკლავს. მას ახსენდება, თუ რა თქვა იესომ, სულ რამდენიმე საათის წინ ზემოთა ოთახში ყოფნისას. წარმოიდგინეთ, რა განადგურებულად გრძნობს პეტრე თავს, როცა აცნობიერებს, თუ როგორ მოიქცა! იგი გარეთ გადის და მწარედ ქვითინებს (ლუკა 22:61, 62).

      როგორ დაემართა პეტრეს ასეთი რამ?! როგორ უარყო თავისი მოძღვარი კაცმა, რომელსაც თავი მოჰქონდა, რომ ერთგული და სულიერად ძლიერი იყო?! სამართალი გამრუდებულია — იესო საშიშ ბოროტმოქმედადაა შერაცხული! და ნაცვლად იმისა, რომ ამ დროს პეტრემ ეს სრულიად უდანაშაულო კაცი დაიცვას, კაცი, რომელსაც „მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ აქვს, ზურგს აქცევს მას (იოანე 6:68).

      პეტრეს ცხოვრების ამ მეტად სევდიანი ეპიზოდიდან ჩანს, რომ თვით ღვთისმოშიში და ძლიერი რწმენის მქონე ადამიანიც კი შეიძლება გატყდეს, თუ მომზადებული არ არის იმ გამოცდებისა და განსაცდელებისთვის, რომელთა წინაშეც შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდეს. ის, რაც პეტრეს დაემართა, თითოეული ღვთის მსახურისთვის გამაფრთხილებელია!

      • როგორ შედიან პეტრე და იოანე კაიაფას სახლის ეზოში?

      • როგორ ვითარდება მოვლენები კაიაფას სახლში მაშინ, როცა პეტრე და იოანე ეზოში არიან?

      • რატომ იწყებს პეტრე წყევლასა და ფიცილს?

      • რატომ არის პეტრეს შემთხვევა ქრისტიანებისთვის გამაფრთხილებელი?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება