რა არის „დიდი ბაბილონი“?
ბიბლია გვპასუხობს:
წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებულ ქალს, ანუ „დიდ მეძავს“, აწერია საიდუმლო სახელი „დიდი ბაბილონი“ (გამოცხადება 17:1, 3, 5). ეს ქალი წარმოადგენს ცრურელიგიურ სამყაროს – ყველა ცრუ რელიგიას, რომლებმაც „ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე გაცვალეს“a (რომაელები 1:25). მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგიები მრავალმხრივ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისინი ადამიანებს ხელს უშლიან, თაყვანი სცენ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას (კანონი 4:35).
რა გვეხმარება „დიდი ბაბილონის“ ვინაობის დადგენაში
1) „დიდ ბაბილონს“ სიმბოლური გაგება აქვს. ვინაიდან „გამოცხადებაში“ ბევრი რამე სიმბოლურად არის აღწერილი და „ნიშნებითაა“ ნაჩვენები, გონივრულია, დავასკვნათ, რომ „დიდ ბაბილონში“ პირდაპირი მნიშვნელობით ქალი არ იგულისხმება (გამოცხადება 1:1). მასზე აგრეთვე ნათქვამია, რომ „მრავალ წყალზე“ ზის, რაც „ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს განასახიერებს“ (გამოცხადება 17:1, 15). ცხადია, ამას პირდაპირი გაგებით ქალი ვერ გააკეთებს.
2) „დიდი ბაბილონის“ საზღვრები მთელ მსოფლიოს მოიცავს. ბიბლიაში „დიდ ბაბილონს“ აგრეთვე ეწოდება „დიდი ქალაქი“, „რომელიც დედამიწის მეფეებზე ბატონობს“ (გამოცხადება 17:18). ამგვარად, ის მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას.
3) „დიდი ბაბილონი“ რელიგიური გაერთიანებაა და არა პოლიტიკური ან კომერციული. ძველ დროში არსებული ბაბილონი რელიგიური ქალაქი იყო. ის სპირიტიზმით და ჯადოქრობით იყო ცნობილი (ესაია 47:1, 12, 13; იერემია 50:1, 2, 38). ამ ქალაქში ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული ცრუ რელიგიას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფდა იეჰოვა ღმერთს (დაბადება 10:8, 9; 11:2–4, 8). მისი ქედმაღალი მმართველები საკუთარ თავს იეჰოვაზე მეტად განადიდებდნენ (ესაია 14:4, 13, 14; დანიელი 5:2–4, 23). მსგავსად, „დიდი ბაბილონიც“ სპირიტიზმითაა გაჟღენთილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის რელიგიური გაერთიანებაა (გამოცხადება 18:23).
„დიდი ბაბილონი“ ვერ იქნება პოლიტიკური გაერთიანება, რადგან, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „დედამიწის მეფეები“ იგლოვებენ „დიდი ბაბილონის“ განადგურებას (გამოცხადება 17:1, 2; 18:9). ის არც კომერციულ სამყაროს ასიმბოლოებს, რადგან ბიბლია განასხვავებს მას „დედამიწის დიდვაჭრებისგან“ (გამოცხადება 18:11, 15).
Photograph taken by courtesy of the British Museum
ბაბილონის მეფის, ნაბონიდის სტელა, რომელზეც გამოსახულია ღმერთების ტრიადა – სინი, იშთარი და შამაში.
4) „დიდი ბაბილონი“ მართებულად განასახიერებს ცრუ რელიგიებს. იმის ნაცვლად, რომ ჭეშმარიტ ღმერთთან, იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმაროს, ცრურელიგიური სამყარო ხალხს გამოგონილი ღმერთების თაყვანისცემისკენ უბიძგებს, რასაც ბიბლია გარყვნილებას უწოდებს (ლევიანები 20:6; გამოსვლა 34:15, 16). ბევრ რელიგიაში დღემდე ასწავლიან ისეთ ცრუ მოძღვრებებს, რომლებიც ძველ ბაბილონში იყო გავრცელებული, მაგალითად, სამება, სულის უკვდავება და აგრეთვე თაყვანისცემის დროს ხატების გამოყენება. ამ რელიგიების წარმომადგენლები თავიანთი საქციელით აჩვენებენ, რომ ქვეყნიერებაც უყვართ. ბიბლია ასეთ საქციელს სულიერ მრუშობასთან აიგივებს (იაკობი 4:4).
ცრუ რელიგიების მიერ დაგროვილი სიმდიდრე და ამ სიმდიდრით ტრაბახი ზუსტად შეეფერება „დიდი ბაბილონის“ აღწერილობას, რომელზეც ბიბლია ამბობს, რომ ის „შემოსილი იყო იისფერი და ალისფერი სამოსით და შემკული იყო ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით“ (გამოცხადება 17:4). „დიდი ბაბილონი“ „მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედაა“, ანუ ისეთ სწავლებებს ავრცელებს და ისეთი მოქმედებებისკენ უბიძგებს ადამიანებს, რაც შეურაცხყოფს ღმერთს (გამოცხადება 17:5). ცრუ რელიგიის მიმდევრები წარმოადგენენ „ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს“, რომლებიც „დიდ ბაბილონს“ უჭერენ მხარს (გამოცხადება 17:15).
„დიდ ბაბილონს“ „დედამიწაზე … ყველა მოკლულის სისხლში“ აქვს გასვრილი ხელი (გამოცხადება 18:24). ისტორია ცხადყოფს, რომ სისხლისმღვრელი ომებისა და ტერორისტული აქტების მიღმა ხშირად ცრუ რელიგია დგას. გარდა ამისა, ის ხალხს არ ასწავლის სიმართლეს იეჰოვას შესახებ, რომელიც სიყვარულის ღმერთია (1 იოანე 4:8). სწორედ ამის გამო დაიღვარა ამდენი სისხლი.
რა დამოკიდებულება აქვს ღმერთს „დიდი ბაბილონის“ მიმართ?
„დიდი ბაბილონის“ შესახებ ბიბლიაში წერია, რომ ღვთის თვალში მისი „ცოდვები ცას მისწვდა“ (გამოცხადება 18:4, 5). ღმერთი განრისხებულია, რადგან ცრუ რელიგიები მის რეპუტაციას ლახავენ და თავიანთ მიმდევრებს უსამართლოდ ექცევიან.
რა დაემართება „დიდ ბაბილონს“?
„დიდ ბაბილონზე“ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთმა … სასჯელი გამოუტანა მას“ (გამოცხადება 18:20). ბიბლიაში სიმბოლური ენითაა აღწერილი, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს ცრუ რელიგიებს (გამოცხადება 18:8). ის გულში ჩაუდებს ალისფერ მხეცს ანუ ძალაუფლების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებებს, იერიში მიიტანონ ცრუ რელიგიებზე და ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ ისინი (გამოცხადება 17:16, 17). „ასე სწრაფად დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იარსებებს“ (გამოცხადება 18:21). ისინი კი, ვისაც სურთ, ღმერთის მოსაწონად მოიქცნენ, უნდა გამოეყონ „დიდ ბაბილონს“ ანუ ცრუ რელიგიას (2 კორინთელები 6:14–17).
a იხილეთ სტატია „როგორ განვსაზღვრო, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?“.