საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უნდა მოვინათლო? — ნაწილი 1: რას ნიშნავს ნათლობა?
    ახალგაზრდების შეკითხვები
    • ახალგაზრდა ინათლება აუზში იეჰოვას მოწმეების კონგრესზე.

      ახალგაზრდების შეკითხვები

      უნდა მოვინათლო? — ნაწილი 1: რას ნიშნავს ნათლობა?

      ყოველ წელს ინათლება უამრავი ახალგაზრდა, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ოჯახებში აღიზარდნენ. შენც ხომ არ ფიქრობ ამ ნაბიჯის გადადგმას? თუ დიახ, პირველ რიგში, კარგად უნდა გესმოდეს, რას ნიშნავს მიძღვნა და ნათლობა.

      • რას ნიშნავს ნათლობა?

      • რას ნიშნავს მიძღვნა?

      • რატომ არის ნათლობა მნიშვნელოვანი?

      • რას ამბობენ შენი თანატოლები?

      • მცდარი შეხედულებები და ფაქტები

      რას ნიშნავს ნათლობა?

      ბიბლიაში მოხსენიებული ნათლობა ნიშნავს წყალში სრულად ჩაძირვას და არა წყლის მისხურებას. მას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

      • წყალში სრული ჩაძირვით სახალხოდ ადასტურებ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის აღარ იცხოვრებ.

      • წყლიდან ამოსვლა იმის სიმბოლოა, რომ ახალი ცხოვრება დაიწყე, და რომ ამიერიდან შენთვის ყველაზე მთავარი ღვთის ნების შესრულება იქნება.

      წყალში ნათლობით საჯაროდ აღიარებ, რომ მხოლოდ იეჰოვას აქვს უფლებამოსილება, დაადგინოს, რა არის სწორი და რა — არასწორი. ამასთანავე, ნათლობით ასაჯაროებ იეჰოვასთვის მიცემულ დაპირებას, რომ მზად ხარ, ყოველთვის შეასრულო იეჰოვას ნება.

      დაფიქრდი: რატომ არის საჭირო საჯაროდ იმის გაცხადება, რომ მზად ხარ, მთელი ცხოვრება იეჰოვას დაემორჩილო? წაიკითხე 1 იოანეს 4:19 და გამოცხადების 4:11.

      რას ნიშნავს მიძღვნა?

      მონათვლამდე თავი უნდა მიუძღვნა იეჰოვას. როგორ?

      პირად ლოცვაში იეჰოვას პირობას აძლევ, რომ მას მარადიულად ემსახურები, და რომ მის ნებას შეასრულებ ნებისმიერ სიტუაციაში იმისდა მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვები.

      ნათლობით სახალხოდ ცხადყოფ, რომ იეჰოვას მიუძღვენი თავი. ნათლობა იმის დასტურია, რომ შენ საკუთარი თავისთვის აღარ ცხოვრობ და მთლიანად იეჰოვას ეკუთვნი (მათე 16:24).

      დაფიქრდი: რატომ უმჯობესდება ადამიანის ცხოვრება იეჰოვასადმი თავის მიძღვნის შემდეგ? წაიკითხე ესაიას 48:17, 18 და ებრაელების 11:6.

      რატომ არის ნათლობა მნიშვნელოვანი?

      იესოს სიტყვების თანახმად, მისი მიმდევრობისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა ნათლობა იყო (მათე 28:19, 20). ნათლობა დღესაც აუცილებელი მოთხოვნაა ქრისტიანებისთვის. ბიბლიაში წერია, რომ ნათლობა საჭიროა გადარჩენისთვის (1 პეტრე 3:21).

      და მაინც, მონათვლისკენ უპირველესად იეჰოვასადმი სიყვარულმა და მადლიერების გრძნობამ უნდა აღგძრას. შენც ისეთივე დამოკიდებულება უნდა გქონდეს, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა. მან დაწერა: „რით გადავუხდი იეჰოვას მთელი იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია? ... მოვუხმობ იეჰოვას სახელს. აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას მთელი მისი ხალხის წინაშე“ (ფსალმუნი 116:12—14).

      : რა სიკეთე გაუკეთებია იეჰოვას შენთვის და როგორ შეგიძლია მადლიერების გამოხატვა? წაიკითხე კანონის 10:12, 13 და რომაელების 12:1.

      რას ამბობენ შენი თანატოლები

      მიჯინი

      „აღთქმა, რომელსაც იეჰოვას მიძღვნის დროს ვუდებთ, ძალიან სერიოზულია. როცა ამ ნაბიჯს ვდგამთ, იეჰოვა კურთხევებს არ გვაკლებს. მას შეუძლია ჩვენზე იმაზე უკეთ იზრუნოს, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე“ (მიჯინი).

      ემბერი

      „იეჰოვამ უკვე დაგიმტკიცა, რომ შენ მას ძალიან უყვარხარ. ნათლობით ცხადყოფ, რომ შენც ძალიან გიყვარს ის. დიდი პატივი და კურთხევაა, იყო იეჰოვას მონათლული მსახური!“ (ემბერი).

      ჯულიანი

      „ღვთისადმი მიძღვნა და ნათლობა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოს. თუ მზად ხარ ნათლობისთვის და სწორი მოტივები გაქვს, ეს შენს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება“ (ჯულიანი).

      მცდარი შეხედულებები და ფაქტები

      მცდარი შეხედულება: ნათლობისთვის სულიერი მოწიფულობაა საჭირო, რაც მხოლოდ სრულწლოვან ადამიანებს აქვთ.

      ფაქტი: სულიერ მოწიფულობას ასაკი კი არა იეჰოვასადმი სიყვარული და მორჩილების სურვილი განსაზღვრავს. იოსები, სამუელი და იოშია ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მაგრამ მოწიფული ადამიანებივით აზროვნებდნენ. დღეს ბევრ ახალგაზრდაზეც შეიძლება იმავეს თქმა.

      ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბავშვის საქციელიდანაც კი ჩანს, წრფელი და მართალია თუ არა იგი“ (იგავები 20:11).

      მცდარი შეხედულება: თუ შენი მეგობრები ინათლებიან, შენც უნდა მოინათლო.

      ფაქტი: ღვთისადმი მიძღვნა და ნათლობა პირადი გადაწყვეტილებაა, რაც გულიდან უნდა მომდინარეობდეს. ეს ნაბიჯი იმის საჩვენებლად არ უნდა გადადგა, რომ უკვე დიდი ხარ, ან იმიტომ, რომ შენს ასაკში სხვები მოინათლნენ და არც იმიტომ, რომ ამას სხვები ელიან.

      ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ღვთის] ხალხი მზადყოფნით გამოვა“ (ფსალმუნი 110:3).

      მცდარი შეხედულება: თუ მონათლული არ ხარ, შენი საქციელის გამო ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა არ გეკისრება.

      ფაქტი: ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა მონათვლის შემდეგ კი არ გეკისრება, არამედ იმ დღიდან, რაც გაიგე, ღვთის თვალში რა არის სწორი და რა — არასწორი.

      ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც იცის, რა არის სწორი და არ აკეთებს, ცოდვად ეთვლება“ (იაკობი 4:17).

      რჩევა: თუ შიშობ, რომ თავს ვერ გაართმევ პასუხისმგებლობას, რომელიც მიძღვნითა და ნათლობით დაგეკისრება, დაფიქრდი, რატომ გაქვს ასეთი გრძნობა და რა დაგეხმარება უარყოფითი გრძნობების დაძლევაში. ამ მხრივ კარგ დახმარებას გაგიწევს წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, 37-ე თავი.

      შეჯამება: რატომ არის ნათლობა მნიშვნელოვანი?

      • იესოს მოთხოვნის თანახმად, მისი მოწაფეები უნდა მოინათლონ.

      • ნათლობა საჭიროა გადასარჩენად.

      • უაღრესად დიდი პატივია, ემსახურო იეჰოვას, როგორც მიძღვნილმა და მონათლულმა ქრისტიანმა.

  • უნდა მოვინათლო? — ნაწილი 2: ნათლობისთვის მომზადება
    ახალგაზრდების შეკითხვები
    • გოგონა ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების მეშვეობით იკვლევს ნათლობის საკითხს.

      ახალგაზრდების შეკითხვები

      უნდა მოვინათლო? — ნაწილი 2: ნათლობისთვის მომზადება

      თუ ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობ და ღმერთთან პირად ურთიერთობას ავითარებ, ბუნებრივია, რომ მონათვლაზეც იფიქრო. როგორ უნდა გაიგო, მზად ხარ თუ არა ნათლობისთვის?a

      ამ სტატიაში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:

      • რამდენად კარგად უნდა ვიცოდე ბიბლია?

      • რა უნდა გავაკეთო?

      • რას ამბობენ შენი თანატოლები?

      რამდენად კარგად უნდა ვიცოდე ბიბლია?

      ნათლობისთვის მომზადებაში არ იგულისხმება მასალის დაზეპირება, როგორც სკოლის გამოცდებისთვის მომზადების დროს ხდება ხოლმე. თუმცა საჭიროა, გააზრებული გქონდეს, რომ, რასაც ბიბლია ასწავლის, ჭეშმარიტებაა (რომაელები 12:1). მაგალითად:

      • გჯერა, რომ ღმერთი არსებობს და ის იმსახურებს შენს თაყვანისცემას?

        ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).

        დაფიქრდი: რის საფუძველზე მწამს, რომ ღმერთი არსებობს? (ებრაელები 3:4). რატომ უნდა ვცე მას თაყვანი? (გამოცხადება 4:11).

        მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხე სტატია: „შემოქმედება თუ ევოლუცია? — ნაწილი 1: რატომ მწამს ღმერთი?“

      • გჯერა, რომ ბიბლიაში ნამდვილად ღვთის სიტყვები წერია?

        ბიბლიაში ვკითხულობთ: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და ღვთის სიმართლით აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16).

        დაფიქრდი: რატომ მჯერა, რომ ბიბლიაში ადამიანის აზრები არ არის ჩაწერილი? (ესაია 46:10; 1 თესალონიკელები 2:13).

        მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი სტატიას: „რა სიკეთეს მომიტანს ბიბლიის კითხვა? — ნაწილი 1: გამოიკვლიე ბიბლია“.

      • გჯერა, რომ იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად ქრისტიანულ კრებას იყენებს?

        ბიბლიაში ვკითხულობთ: „დიდება [ღმერთს] კრებისა და ქრისტე იესოს მეშვეობით ყველა თაობაში მარადიულად!“ (ეფესოელები 3:21).

        დაფიქრდი: ის, რასაც კრების შეხვედრებზე ბიბლიიდან ვსწავლობ, ადამიანისგან მომდინარეობს თუ იეჰოვასგან? (მათე 24:45). ვესწრები კრების შეხვედრებს მაშინაც კი, როცა ჩემი მშობლები ვერ ესწრებიან (თუ მშობლები ამის ნებას გრთავენ)? (ებრაელები 10:24, 25).

        მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია: „რატომ უნდა დავესწრო იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს?“.

      რა უნდა გავაკეთო?

      მოსანათლად სრულყოფილება არ გჭირდება. თუმცა შენ უნდა აჩვენებდე, რომ ნამდვილად გსურს, ზურგი აქციო ბოროტებას და სიკეთე აკეთო (ფსალმუნი 34:14). მაგალითად,

      • ცხოვრობ იეჰოვა ღმერთის მიერ დადგენილი ნორმებით?

        ბიბლია გვირჩევს: „შეინარჩუნეთ სუფთა სინდისი“ (1 პეტრე 3:16).

        დაფიქრდი: რით ვაჩვენებ, რომ გაწაფული მაქვს გონება კარგისა და ცუდის გასარჩევად? (ებრაელები 5:14). შემიძლია გავიხსენო კონკრეტული შემთხვევები, როცა თანატოლების მავნე ზეგავლენაში არ მოვექეცი? მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც კარგის კეთებისკენ მახალისებენ? (იგავები 13:20).

        მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია: „როგორ გავიწაფო სინდისი?“.

      • გესმის, რომ შენს საქციელზე თავად ხარ პასუხისმგებელი?

        ბიბლიაში ნათქვამია: „თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:12).

        დაფიქრდი: რამდენად გულწრფელი ვარ საკუთარ თავთან თუ სხვებთან? (ებრაელები 13:18). ვაღიარებ შეცდომებს თუ ვმალავ ან ვცდილობ მათი სხვებისთვის გადაბრალებას? (იგავები 28:13).

        მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია, სათაურით „როგორ მოვიქცე, როცა შეცდომას ვუშვებ?“.

      • ცდილობ, დაუმეგობრდე იეჰოვას?

        ბიბლიაში ნათქვამია: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

        დაფიქრდი: რას ვაკეთებ საიმისოდ, რომ უფრო დავუახლოვდე იეჰოვას? მაგალითად, რამდენად ხშირად ვკითხულობ ბიბლიას? (ფსალმუნი 1:1, 2). რეგულარულად ვლოცულობ? (1 თესალონიკელები 5:17). რამდენად კონკრეტულად ვლოცულობ? არიან ჩემი მეგობრები იეჰოვას მეგობრები? (ფსალმუნი 15:1, 4).

        მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატიები: „რა სიკეთეს მომიტანს ბიბლიის კითხვა? — ნაწილი 2: აქციე ბიბლიის კითხვა სასიამოვნო პროცესად“ და „რატომ უნდა ვილოცო?“.

      რჩევა: ნათლობისთვის მოსამზადებლად, გაეცანი 37-ე თავს წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე სამუშაო ფურცელს 308-ე და 309-ე გვერდებზე.

      a წაიკითხე სტატია, სათაურით „უნდა მოვინათლო? — ნაწილი 1“, სადაც განხილულია, რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი თავის მიძღვნა და მონათვლა.

      რას ამბობენ შენი თანატოლები

      გაბრიელა

      «წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები“ მოცემული სამუშაო ფურცელი დამეხმარა იმის დანახვაში, თუ რა სფეროებში მჭირდებოდა გაუმჯობესება, მოსანათლად რომ მოვმზადებულიყავი. მისი დახმარებით, აგრეთვე, დავისახე მიზნები, რომელთა მიღწევაც ნათლობის შემდეგ მსურდა. იეჰოვასადმი თავის მიძღვნა სერიოზული პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავე დროს ყველაზე დიდი პატივი, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს» (გაბრიელა).

      ქეილები

      «მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით ტიმოთეს ურჩია: „შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაც იწამე“ (2 ტიმოთე 3:14). დრო გამოყავი ღვთის სიტყვის შესასწავლად და ბოლომდე დარწმუნდი, რომ ბიბლიური სწავლებები ჭეშმარიტია. შენ თავს იეჰოვას უძღვნი და არა რომელიმე ადამიანს. ასე რომ, თუ მონათვლაზე ფიქრობ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვას აზრები და გრძნობები უნდა იყოს» (ქეილები).

      შეჯამება: როგორ მოვემზადო ნათლობისთვის?

      გამოიკვლიე, რა გწამს. დარწმუნებული ხარ ღმერთის არსებობაში? გჯერა, რომ ის იმსახურებს შენს თაყვანისცემას? დარწმუნებული ხარ, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნია და რომ ღმერთი ორგანიზაციას იყენებს თავისი ნების შესასრულებლად?

      დაფიქრდი: ცხოვრობ იეჰოვას მიერ დადგენილი ნორმებით? გესმის, რომ შენს საქციელზე თავად ხარ პასუხისმგებელი? ავითარებ მეგობრულ ურთიერთობას იეჰოვასთან?

  • უნდა მოვინათლო? — ნაწილი 3: რატომ ვიკავებ თავს ნათლობისგან?
    ახალგაზრდების შეკითხვები
    • მამაკაცი ტბაში ინათლება, სხვები კი უყურებენ.

      ახალგაზრდების შეკითხვები

      უნდა მოვინათლო? — ნაწილი 3: რატომ ვიკავებ თავს ნათლობისგან?

      ხომ არ გაშინებს იმაზე ფიქრი, რომ თავი უნდა მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლო? თუ ასეა, ეს სტატია დაგეხმარება, დაძლიო შიში.

      ამ სტატიაშია:

      • მეშინია, ნათლობის შემდეგ ცოდვა არ ჩავიდინო

      • მეშინია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება

      • თავს იეჰოვას მსახურების ღირსად არ ვთვლი

      • რას ამბობენ შენი თანატოლები

      მეშინია, ნათლობის შემდეგ ცოდვა არ ჩავიდინო

      რატომ ფიქრობ ასე: შესაძლოა იცნობ ვინმეს, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა და აღარ არის იეჰოვას მოწმე (1 კორინთელები 5:11—13). შეიძლება გაშინებს იმაზე ფიქრი, რომ ასეთი რამ შენც დაგემართება.

      „როცა პირველად დავფიქრდი ნათლობაზე, ძალიან შემაშინა იმ აზრმა, რომ ნათლობის შემდეგ შეიძლება ცოდვა ჩამედინა. წარმოვიდგინე, რა საშინლად იგრძნობდნენ ჩემი მშობლები თავს“ (რებეკა).

      ბიბლიაში ნათქვამია: „მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა,.. დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს, ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).

      დაფიქრდი: მართალია, მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან ირიცხება, მაგრამ ვინც ინანიებს და მზადაა, გამოსწორდეს, მის მიმართ იეჰოვა გულმოწყალებას ავლენს და პატიობს (ფსალმუნი 103:13, 14; 2 კორინთელები 7:11).

      ფაქტია, რომ არასრულყოფილების მიუხედავად, იეჰოვას დახმარებით მაინც შეგიძლია არ აჰყვე ცდუნებას (1 კორინთელები 10:13). საბოლოო გადაწყვეტილებას ხომ შენ იღებ და არა სხვა ვინმე!

      „მეშინოდა, ნათლობის შემდეგ სერიოზული ცოდვა არ ჩამედინა. თუმცა მერე მივხვდი, რომ, თუ არ მოვინათლებოდი, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. უკან არ უნდა დამეხია იმის შიშით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო ხვალ და ზეგ“ (კარენი).

      გახსოვდეს: თუ მტკიცედ გექნება გადაწყვეტილი, არ ჩაიდინო სერიოზული ცოდვა, ამას შეძლებ კიდეც. იეჰოვას მოწმეების უმეტესობამ თავისი ცხოვრებით ცხადყო, რომ ეს ასეა (ფილიპელები 2:12).

      მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია: „როგორ გავუძლო ცდუნებას?“.

      მეშინია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება

      რატომ ფიქრობ ასე: შესაძლოა იცნობ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც მეგობრებისგან და ოჯახისგან შორს გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა მეტი დრო დაეთმოთ მსახურებისთვის. ხომ არ ფიქრობ, რომ შენგანაც იმავეს მოელიან?

      „მონათლულ ქრისტიანს მეტის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა იეჰოვას მსახურებაში, მაგრამ ზოგი ამისთვის მზად არ არის ან მდგომარეობა არ უწყობს ხელს“ (მარია).

      ბიბლიაში ნათქვამია: „თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება“ (გალატელები 6:4).

      დაფიქრდი: ნაცვლად იმისა, რომ თავი სხვას შეადარო, ყურადღება მარკოზის 12:30-ში ჩაწერილ სიტყვებზე გადაიტანე: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით“.

      მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას მთელი გულით შენ უნდა ემსახურო და არა სხვა ვინმე. თუ ნამდვილად გიყვარს იეჰოვა, ყველაფერს გააკეთებ, რომ მსახურებაში შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენო.

      „მართალია, ნათლობა სერიოზული ნაბიჯია, მაგრამ მძიმე ტვირთი არ არის. თუ კარგი მეგობრები გეყოლება, ისინი მზად იქნებიან შენ დასახმარებლად. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შენივე ბედნიერებას შეუწყობს ხელს. მაგრამ თუ არ მოინათლები, პირიქით მოხდება — საკუთარ თავს ავნებ“ (ჯულია).

      გახსოვდეს: დააფასე ის სიყვარული, რომელსაც იეჰოვა შენ მიმართ ავლენს. ეს აღგძრავს, მისთვის საუკეთესო გაიღო (1 იოანე 4:19).

      მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია: „რამდენად განვითარებული მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა?“.

      თავს იეჰოვას მსახურების ღირსად არ ვთვლი

      რატომ ფიქრობ ასე: იეჰოვა სამყაროს უზენაესი შემოქმედია. მასთან შედარებით ადამიანი უსუსურია. ამიტომ შეიძლება გაფიქრებს: „საერთოდ იცის იეჰოვამ, რომ ვარსებობ?“.

      „ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები არიან. ჭეშმარიტება, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით გადმომეცა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ იეჰოვას პირადად მე არ მივუზიდივარ“ (ნატალი).

      ბიბლიაში ნათქვამია: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოანე 6:44).

      დაფიქრდი: ნათლობაზე რომ ფიქრობ, შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ იეჰოვა კიდევ უფრო ახლო ურთიერთობას გთავაზობს. გინდა, გამოეხმაურო ამ შემოთავაზებას?

      გახსოვდეს, რომ იეჰოვას გადასაწყვეტია და არა ჩვენი, როგორ ადამიანებს მიიზიდავს თავისკენ. მისი სიტყვა გვარწმუნებს, რომ, თუ დავუახლოვდებით ღმერთს, ისიც დაგვიახლოვდება (იაკობი 4:8).

      „თუ იცნობ იეჰოვას და მასთან სიახლოვეს გრძნობ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მას უყვარხარ. ამიტომ, თუ ისეთი გრძნობა გაგიჩნდება, რომ იეჰოვას მსახურების ღირსი არ ხარ, გაიხსენე, რომ ის არ იზიარებს ამ აზრს. იეჰოვა კი ყოველთვის მართალია“ (სელინა).

      გახსოვდეს: თუ ნათლობისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებ, ესე იგი, მიზეზი აღარ გაქვს, რომ იეჰოვას მსახურებისთვის უღირსად მიიჩნიო თავი. თანაც არც ის დაგავიწყდეს, რომ იეჰოვა იმსახურებს შენგან თაყვანისცემას (გამოცხადება 4:11).

      მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილე სტატია: „რატომ უნდა ვილოცო?“.

      რას ამბობენ შენი თანატოლები

      სკაი

      „იმის შიშით, რომ შეცდომას დაუშვებ, უარი არ უნდა თქვა ნათლობაზე. ქრისტიანული ცხოვრება რბოლას ჰგავს. შეიძლება დაცემის შიშით არ შეუდგე ამ რბოლას. მაგრამ რომც დაეცე, ხომ შეგიძლია წამოდგე?! თანაც ფინიშის ხაზს ვერასდროს გადაკვეთ, თუ რბოლას არ დაიწყებ“ (სკაი).

      ვინისიო

      „ავარიის შიშით ადამიანი უარს არ ამბობს მართვის მოწმობის აღებაზე. იმავეს თქმა შეიძლება ნათლობაზეც. იმაზე დარდის ნაცვლად, რა შეიძლება მოხდეს, ჯობს, მთელი აქცენტი იეჰოვასთან ურთიერთობაზე გადაიტანო“ (ვინისიო).

      შეჯამება: რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?

      • ცოდვის ჩადენის შიში. თუ მტკიცედ გექნება გადაწყვეტილი, არ ჩაიდინო სერიოზული ცოდვა, ამას შეძლებ კიდეც. იეჰოვას მოწმეების უმეტესობამ თავისი ცხოვრებით ცხადყო, რომ ეს ასეა.

      • პასუხისმგებლობის აღების შიში. დააფასე ის სიყვარული, რომელსაც იეჰოვა შენ მიმართ ავლენს. ეს აღგძრავს, მისთვის საუკეთესო გაიღო.

      • უღირსობის გრძნობა. თუ ნათლობისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებ, ესე იგი, მიზეზი აღარ გაქვს, რომ იეჰოვას მსახურებისთვის უღირსად მიიჩნიო თავი. თანაც არც ის დაგავიწყდეს, რომ იეჰოვა იმსახურებს შენგან თაყვანისცემას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება